მიხეილ ბაკუნინი – სახელმწიფოსა და ეკლესიის წინააღმდეგ

 

ეკლესია და სახელმწიფო: მუშაობენ ერთობლივად
ეკლესია და სახელმწიფო: მუშაობენ ერთობლივად

ნათელია, რომ თავისუფლება არასდროს მიეცემა კაცობრიობას, და რომ საზოგადოება, ადგილობრივი გაერთიანებები და ცალკეული პიროვნებები, რომლებიც საზოგადოებას შეადგენენ, მხოლოდ მაშინ შეძლებს იპოვოს ჭეშმარიტი კმაყოფილება, როცა აღარ იარსებებენ სახელმწიფოები. ნათელია, რომ ე.წ. საზოგადოების საერთო ინტერესი, რომელსაც სახელმწიფო წარმოადგენს მოჩვენებითად და რომელიც სინამდვილეში არაფერია თუ არა მუდმივი უარყოფა სახელმწიფოს დაქვემდებარებული რეგიონების, კომუნების, ასოციაციების და ინდივიდუალთა დიდი ჯგუფის პოზიტიური ინტერესებისა, და რომ სახელმწიფო ერთი დიდი სასაკლაოა, უზარმაზარი სასაფლაო, სადაც აბსტრაქტული მიზნების ჩრდილ ქვეშ იმალება მისი ყველა ჭეშმარიტი მისწრაფება.

და რადგან არ არსებობს აბსტრაქცია თავისით ან თავისთვის, რადგან მას არ აქვს ფეხები, რომ წავიდეს, არც ხელები, რომ შექმნას, არც კუჭი, რომ მოინელოს მსხვერპლთა დიდი მასა, ცხადია, რომ ზუსტად იგივე გზით, რომლითაც რელიგიური, ან ზეციური აბსტრაქცია, ღმერთი, წარმოადგენს სინამდვილეში ძალიან დადებით და ძალიან აშკარა ინტერესს პრივილეგირებული კასტის, სამღვდელოებისა, ასევე პოლიტიკური აბსტრაქცია – სახელმწიფო, წარმოადგენს არანაკლებ რეალურ და პოზიტიურ ინტერესებს იმ კლასისა, რომელიც პრინციპულად ახდენს ადამიანთა ექსპლუატაციას დღეს და რომელიც აპირებს გადაყლაპოს ყველა დანარჩენი. და როგორც სამღვდელოებაა ყოველთვის დაყოფილი და კიდევ აპირებს რომ დაიყოს გაცილებით მეტი ძალაუფლების მქონე, უფრო მდიდარ უმცირესობად და მასზე დაქვემდებარებულ ღარიბ უმრავლესობად, ასევე ბურჟუაზიას, თავისი პოლიტიკური ორგანიზაციებით, განზრახული აქვს გამოჭედოს საკუთარი თავი ჭეშმარიტ დომინანტ ოლიგარქიად და უთვალავი მასა ადამიანების, რომლებიც მეტნაკლებად პატივმოყვარე და მეტნაკლებად დაცემულნი არიან, ცხოვრობენ მუდმივ ილუზიაში და ნელ-ნელა იქცევიან  პროლეტარიატად, წარმოადგენენ ყოვლისშემძლე ოლიგარქიის ბრმა ინსტრუმენტებს.

ეკლესიისა და სახელმწიფოს გაქრობა აუცილებელი მდგომარეობაა საზოგადოების ნამდვილი ემანსიპაციისთვის, რომლის შემდეგაც მას შეეძლება, და უნდა შეძლოს, ორგანიზება გაუკეთოს საკუთარ თავს სხვაგვარად, მაგრამ არა ნოლიდან და არა რომელიმე იდეალური გეგმის მიხედვით, როგორც რამდენიმე ბრძენი ან მეცნიერი ოცნებობდა, არც რომელიმე დიქტატორული ძალის ან ხალხის მიერ არჩეული ეროვნული ასამბლეის ბრძანებით. ასეთი სისტემა აუცილებლად გამოიწვევს ახალი სახელმწიფოს, და შესაბამისად სამთავრობო არისტოკრატიის შექმნას. რათქმაუნდა ამ კლასს საერთო არაფერი ექნება საზოგადოების დანარჩენ ნაწილთან და ეს კლასი თავიდან დაიწყებს ხალხის ექსპლუატაციას და დაიქვემდებარებს მათ „საერთო სარგებლის“ მიზნით, რათა გადაარჩინოს სახელმწიფო.

სოციალური ორგანიზების მომავალი უნდა შეიქმნას მხოლოდ ქვევიდან ზევით, თავისუფალი ასოციაციების ან მუშათა ფედერაციების მიერ, პირველად თავიანთ გაერთიანებებში, შემდეგ კომუნებში, რეგიონებში, შემდეგ ქვეყნებში და ბოლოს ერთ დიდ საერთაშორისო ფედერაციაში. ასე ჩამოყალიბდება ჭეშმარიტი და სიცოცხლის მომცემი ფორმა საერთო სარგებლისა და თავისუფლების, რომელიც ყოველგვარი აკრძალვების გარეშე ჰარმონიაში მოიყვანს ინდივიდუალთა და მთლიანი საზოგადოების ინტერესებს.

ამბობენ, რომ საზოგადოებისა და ცალკეულ პიროვნებათა ინტერესები ვერასოდეს იარსებებენ ჰარმონიულად პრაქტიკაში, რადგან ისინი ვერასდროს იქნება ისეთ მდგომარეობაში რომ ერთმანეთი დააბალანსონ, ან რაიმე სახის შეთანხმებამდე მივიდნენ. მსგავს არგუმენტს ასე ვუპასუხებ: თუ კი დღემდე ინტერესები არასდროს და არსად ყოფილან ჰარმონიაში, ეს სახელმწიფოს ბრალია, რომელიც უმრავლესობის ინტერესებს სწირავდა პრივილეგირებულ უმცირესობას. სწორედ ამიტომაა, რომ აშკარა შეუთავსებლობა და ინტერესთა კომფლიქტი სხვა არაფერია თუ არა პოლიტიკური თვალთმაქცობა და ტყუილი, დაბადებული თეოლოგიური ტყუილიდან, რომელიც წარმოადგენდა „პირველი ცოდვის“ დოგმას, რომ წარმოეჩინა ადამიანი როგორც უღირსი არსება და მასში თვითშეფასების გრძნობა მოესპო.

იგივე მცდარი აზრი ინტერესთა კომფლიქტის შესახებ გავრცელებული იყო მეტაფიზიკაში, რომელიც როგორც უკვე ცნობილია თეოლოგიის ახლო ნათესავია. მეტაფიზიკა საზოგადოებას აღიქვამს ინდივიდთა ხელოვნურ ჯგუფად, რომელიც გაერთიანებულია რაღაც ოფიციალური ან საიდუმლო კავშირით, დამოუკიდებლად ან უზენაესი ძალის გავლენით. და სანამ ისინი ამ საზოგადოებაში გაერთიანდებოდნენ მათი „უკვდავი სულები“ თავისუფლებით ტკბებოდნენ.

მაგრამ თუ მეტაფიზიკოსები ამტკიცებენ, რომ ადამიანი საზოგადოების გარეთ თავისუფლები არიან, მაშინ აუცილებლად მივდივართ შემდეგ დასკვნამდე: პიროვნებები ვერ გაერთიანდებიან საზოგადოებაში თუ უარი არ თქვეს საკუთარ თავისუფლებაზე, ბუნებრივ დამოუკიდებლობაზე და არ შესწირეს საკუთარი ინტერესები. ასეთი მსხვერპლის გაღება გაცილებით უფრო რთული ხდება, როდესაც საზოგადოება უფრო მრავალრიცხოვანი, ხოლო ორგანიზება უფრო კომპლექსური ხდება. ამ შემთხვევაში სახელმწიფო არის ინდივიდუალურ მსხვერპლშეწირვათა გამოხატულება. ის წარმოჩნდება როგორც გარდაუვალი უარყოფა და მოსპობა ყველანაირი თავისუფლების, ინტერესების, როგორც პიროვნულად, ისე საზოგადოდ.

ჩვენი თეოლოგი და მეტაფიზიკოსი იდეალისტი ოპონენტები თავისუფლების პრინციპებს იღებენ თავიანთი თეორიების ბაზისად, რომ ძალიან მარტივად დაასკვნან ადამიანის მონობის აუცილებლობა. ჩვენ, მატერიალისტები, პრაქტიკაში ვმუშაობთ იმისათვის, რომ შევქმნათ რაციონალური და კეთილშობილური იდეალიზმი. ჩვენი მტრები, რელიგიური და ტრანსცენდენტული იდეალისტები, მიდიან სასტიკ და სისხლიან მატერიალიზმამდე იგივე ლოგიკით, რომლის მიხედვითაც განვითარება საბაზისო პრინციპების უარყოფაა.

ჩვენ გვჯერა, რომ ადამიანის განვითარების ინტელექტუალური, მორალური და მატერიალური სიმდიდრე, ისევე როგორც მისი აშკარა დამოუკიდებლობა – ყველაფერი ეს, სიცოცხლის პროდუქტია საზოგადოებაში. საზოგადოების გარეთ ადამიანი არათუ თავისუფალი იქნება, არამედ საერთოდ დაკარგავს ადამიანობას. ინტელექტისა და კოლექტიური მუშაობის კომბინაციას შეუძლია აიძულოს ადამიანი დატოვოს ველურობისა და სისასტიკის მდგომარეობა, რომელიც მიიჩნევა მის ნამდვილ ბუნებად ან მისი განვითარების საწყის ეტაპად.

ბუნებაში ეს საუცხოო ურთიერთკავშირი და მოვლენათა ქსელი ვერ მოიპოვება ბრძოლის გარეშე. ამის საწინააღმდეგოდ, ბუნებრივ ძალთა ჰარმონია მხოლოდ უწყვეტი ბრძოლის შედეგად იჩენს თავს. ბუნებაში, ისევე როგორც საზოგადოებაში, წესრიგი ბრძოლის გარეშე სიკვდილს უდრის. თუ წესრიგი ბუნებრივად არის შესაძლებელი სამყაროში, ესეც მხოლოდ იმიტომ, რომ სამყარო არ არის მართული რომელიღაც ადრე დაგეგმილი სისტემით და არც უზენაესი არსების სურვილი აქვს თავსმოხვეული. თეოლოგიურ ჰიპოთეზას, კანონთა წინასწარმეტყველური სისტემის შესახებ, მივყავართ აშკარა აბსურდულობამდე და არამარტო ყველანაირი წესრიგის, არამედ თვით ბუნების უარყოფამდეც.

მაგრამ ბუნება თვითონ არ სცნობს არანაირ კანონებს. ის მოქმედებს შეუგნებლად, თავის თავში განუსაზღვრელი ვარიანტის მოვლენათა წარმოდგენით, და მათი გარდაუვალი გზით გამეორებით. ამიტომაცაა, რომ უნივერსალური წესრიგი ჭეშმარიტად არსებობს.

ასეთი წესრიგი არსებობს ადამიანთა საზოგადოებაშიც, რომელიც თავის თავში მოიცავს შესაძლო არაბუნებრივ ქმედებას, მაგრამ ემორჩილება ბუნებრივ მოვლენათა გარდაუვალ კურსს. მხოლოდ ადამიანის უზენაესობამ ცხოველებზე და აზროვნების ნიჭმა მიიყვანა ის ინდივიდუალური მახასიათებლების განვითარებამდე. სწორედ ეს მახასიათებლებია დასაბამი განსჯის, განზოგადებისა და აბსტრაქციის უნარის, რომლის დახმარებითაც ადამიანს შეუძლია დააკვირდეს საკუთარ თავს და გამოიკვლიოს ის როგორც უცხო ობიექტი. საკუთარი თავის გარესამყაროზე ამაღლებით, ადამიანი მიდის უნაკლო აბსტრაქციამდე, აბსოლუტურ არარაობამდე, რომელიც აბუჩად იგდებს ყველაფერს რაც არსებობს. ეს უკვე ზედა ზღვარია გონების უმაღლესი აბსტრაქციის: აბსოლიტური არარაობა არის ღმერთი.

ეს არის ისტორიული ბაზისი ყველა თეოლოგიური სწავლების. ისინი არად აგდებდნენ მათი ფიქრების მატერიალურ მიზეზებს, არ ითვალისწინებდნენ არც ბუნების კანონებს, რომელიც ასეთი დამახასიათებელია მათთვის, ისინი არც კი ეჭვობდნენ, რომ მათი წარმოდგენები მხოლოდ მათივე აბსტრაქტული იდეების ნაყოფი იყო. სწორედ ამიტომ მიიჩნევდნენ ამ იდეებს ბუნებისგან აღებულად, თითქოს ნამდვილი საგნები ყოფილიყოს. თავში ჩაიბეჭდეს, რომ თავიანთი წარმოსახვისთვის უნდა ეცათ თაყვანი, რომ შემდეგ სამაგიერო პატივი მიეღოთ. მაგრამ მათ სჭირდებოდათ წარმოედგინათ და ხელშესახები გაეხადათ არარაობის, იგივე ღმერთის იდეა. ბოლოს, ღვთაებრიობის კონცეპტი გაბერეს და მას მიაწერეს ყველაფერი, რასაც ბუნებაში და საზოგადოებაში წააწყდნენ.

ასეთი იყო წარმოშობა და განვითარება ყველა რელიგიის, ფეტიშიზმიდან დაწყებული და ქრისტიანობით დამთავრებული.

ყველამ იცის, რომ ცრურწმენაა საფუძველი საშინელი ტანჯვისა და მიზეზი სისხლისა და ცრემლების ნიაღვრის. მოდით ვთქვათ, რომ კაცობრიობის ეს ავადმყოფური გადახრები ისტორიული მოვლენები იყო, გარდაუვალი საზოგადოების ნორმალური ზრდისა და ევოლუციის გამო. ამ გადახრებმა წარმოშვა საზოგადოებაში ფატალური აზრი, რომ სამყარო მართული იყო ზებუნებრივი არსების ძალისგან. საუკუნეები გავიდა და საზოგადოებამ გაითავისა ეს აზრი იმდენად, რომ თავის თავში მოსპეს ტენდეცია შემდგომი პროგრესის და ყველა უნარი მის მისაღწევად.

პირველად ინდივიდთა, შემდეგ კი სოციალურ კლასთა ამბიციამ აქცია მონობა და მორჩილება სასიცოცხლო პრინციპად და დანერგა ეს საშინელი იდეა ღვთაებრიობისა. რის შემდეგაც საზოგადოება წარმოუდგენელი გახდა ორი ინსტიტუტის, სახელმწიფოსა და ეკლესიის გარეშე.

ამ ინსტიტუტების გამოჩენისთანავე ორი კასტა ჩამოყალიბდა: მღვდლების და არისტოკრატების, რომლებიც დროის დაკარგვის გარეშე არწმუნებდნენ დამონებულ ხალხს სახელმწიფოსა და ეკლესიის აუცილებლობასა და სარგებლიანობაში.

ეს ემსახურებოდა მიზანს, რომ სასტიკი მონობა ლეგალური მონობით შეცვლილიყო, რაც „უზენაესი ძალის სურვილს ემსახურებოდა.“

მაგრამ ნამდვილად სჯერათ მღვდლებს და არისტოკრატებს იმ ინსტიტუტების, რომლებსაც მთელი ძალით ინარჩუნებენ? უბრალო მატყუარები იყვნენ ისინი? არა, მე მჯერა რომ ისინი ერთდროულად იყვნენ მორწმუნეებიც და თვითმარქვიების.

მათაც სჯეროდათ, რადგან მათ ბუნებრივი ადგილი დაიკავეს მასების შეცდენაში, და მხოლოდ მოგვიანებით, ანტიკურ მსოფლიოს დაცემის ხანაში გახდნენ სკეპტიკოსები და მატყუარები. კიდევ ერთი მიზეზი გვაძლევს უფლებას, რომ სახელმწიფოს შემქმნელები გულწრფელ ადამიანებად მივიჩნიოთ. ადამიანი ყოველთვის ადვილად იჯერებს იმას რაც სურს და რაც მის ინტერესებს არ ეწინააღმდეგება. მაშინაც კი თუ ის ინტელიგენტი და ინფორმირებულია: საკუთარი თავის სიყვარულით და სურვილით მოიპოვოს მეზობლების პატივისცემა, ადამიანი ყოველთვის დაიჯერებს იმას რაც მისთვის სასიამოვნო და სასარგებლოა. დარწმუნებული ვარ, მაგალითად, ტიერსებს და ვერსალის მთავრობას დიდი ძალისხმევა დასჭირდათ დაეჯერებინათ, რომ ათასობით კაცის, ქალის და ბავშვის მოკვლით საფრანგეთს გადაარჩენდნენ.

მაგრამ თუ ძველი და თანამედროვე ხანის მღვდლებს, არისტოკრატებს და საშუალო კლასის მოქალაქეებს შეეძლოთ დაეჯერებინათ, მაშინ ისინი აღარ იქნებოდნენ თვითმარქვიები. არავის შეუძლია აღიაროს, რომ მათ სჯეროდათ ყველა აბსურდის რაც რწმენას და პოლიტიკას შეეხებოდა. მე არც კი ვსაუბრობ იმ დროზე, როცა ციცერონი ამბობდა, „ორ წინასწარმეტყველს არ შეეძლო თვალებში შეეხედა ერთმანეთისთვის სიცილის გარეშე“. ასე რომ უცოდინრობისა და ცრურწმენების ხანაშიც კი, ძნელი დასაჯერებელია, რომ „სასწაულების“ გამომგონებლები დარწმუნებულნი იყვნენ მათივე ქმედებების სინამდვილეში. იგივე შეიძლება ითქვას პოლიტიკოსებზე, რაც შეიძლება შევაჯამოთ შემდეგნაირად: „საჭიროა ხალხის დამორჩილება ისე, რომ არ გააპროტესტონ თავიანთი ბედი და არც დრო ჰქონდეთ წინააღმდეგობაზე და აჯანყებაზე ფიქრისთვის.“

ამის შემდეგ, როგორ შეიძლება ვიფიქროთ, რომ ადამიანებს, რომლებმაც პოლიტიკა პროფესიად გადააქციეს და მისი მიზანი იცოდნენ – უსამართლობა, ძალადობა, ტყუილი და მკვლელობა, მასობრივად ან იზოლირებულად – შეეძლოთ ერწმუნათ, რომ პოლიტიკა და სახელმწიფო სოციალური კმაყოფილების შემქმნელი იყო? ისინი ვერ მივიდოდნენ გონებაჩლუნგობის ასეთ დონემდე მიუხედავად მათი ბოროტებისა. სახელმწიფო და ეკლესია მანკიერების კარგი სკოლა იყო ყოველთვის. ისტორია მათი დანაშაულის მოწმეა. ყველგან და ყოველთვის, სასულიერო პირები და სახელმწიფო მოხელეები იყვნენ შეგნებული, სისტემატიური, შეუბრალებელი და სისხლისმსმელი ჯალათები.

მაგრამ როგორ შევძლებთ შევარიგოთ ორი მხარე, რომლებიც ასე შეუთავსებელნი არიან: თაღლითები და მოტყუებულნი, მატყუარები და მორწმუნეები? ლოგიკურად, ეს რთული ჩანს. მაგრამ სინამდვილეში, პრაქტიკაში ასეთი რამ ძალიან ხშირად ხდება.

უმეტეს შემთხვევაში ადამიანები საკუთარ თავთან წინააღმდეგობაში ცხოვრობენ, მუდმივად მცდარი შეხედულებებით. ისინი საერთოდ ვერ ამჩნევენ ამას, სანამ რაიმე განსაკუთრებული შემთხვევა არ დააბრუნებს მათ რეალობაში და არ აიძულებს, რომ კარგად დააკვირდნენ საკუთარ თავს და გარშემომყოფებს.

პოლიტიკაში, როგორც რელიგიაში, ადამიანები არიან მანქანები ექსპლოატატორთა ხელში. მაგრამ მძარცველები და გაძარცულები, მჩაგვრელები და ჩაგრულები, ყველანი ერთმანეთის გვერდიგვერდ ცხოვრობენ და იმართებიან ერთი მუჭა ინდივიდების მიერ. ესენი არიან ის ადამიანები, თავისუფლები რელიგიისა და პოლიტიკისგან, რომლებიც მუდმივად ჩაგრავენ სხვებს.

როცა ლიდერები თვალთმაქცობენ და შეცდომაში შეგნებულად შეყავთ ხალხი, მათი მსახურები, ეკლესიისა და სახელმწიფოს მინიონები, გულმოდგინებით იღწვიან, რომ სიწმინდე და ერთობა შეუნარჩუნონ ამ საძაგელ ინსტიტუტებს. თუ ეკლესია, როგორც მღვდლები ამბობენ, სულის გადასარჩენადაა საჭირო, სახელმწიფო მშვიდობის, წესრიგის და სამართლიანობის დასაცავადაა აუცილებელი, და დემაგოგები უნდა ყვიროდნენ – „ეკლესიისა და სახელმწიფოს გარეშე არ არსებობს არც ცივილიზაცია, არც პროგრესი“.

არ გვჭირდება ვიმსჯელოთ საუკუნო ხსნის პრობლემებზე, რადგან არ გვჯერა სულის უკვდავების. დარწმუნებულნი ვართ, რომ ყველაზე საზიანო რამ კაცობრიობისთვის, ჭეშმარიტებისა და პროგრესისთვის არის ეკლესია. და სხვაგვარად როგორ შეიძლება იყოს? ეკლესია არაა, რომელიც დოგმატიკითა და ტყუილებით ცდილობს მეცნიერული დებულებების განადგურებას? განა ეკლესია არ ებრძვის ადამიანის კეთილშობილებას, მასში სიკეთის ცნებისა და სამართლიანობის მოსპობით? ეკლესია არ აქცევს ცოცხალ არსებას გვამად თავისუფლების წართმევით? ის არ ქადაგებს საუკუნო მონობას ექსპოატატორთა და ტირანთა სასარგებლოდ? განა ის არ აბატონებს სიბნელეს, უცოდინრობას, სიღარიბეს და დანაშაულს?

და თუ ჩვენი საუკუნის პროგრესი მხოლოდ ტყუილი ოცნება არაა, მაშინ თავიდან უნდა მოვიცილოთ ეკლესია.

1871

Facebook Comments