ნესტორ მახნო – ბრძოლა სახელმწიფოს წინააღმდეგ

1921._Нестор_Махно_в_лагере_для_перемещенных_лиц_в_Румынии

(ნაწყვეტი ესსედან)

ფაქტია, რომ სახელმწიფო არის კარგად ორგანიზებული სტრუქტურა, რომელიც თვითნებურად, ხშირად
ძალადობის გამოყენებით მართავს საზოგადოების უდიდეს ნაწილს. უფრო გასაგებად რომ ვთქვათ, სახელმწიფო არის იარაღი, რომლის საშუალებითაც უმცირესობა მართავს უმრავლესობას. იმისთვის, რომ სახელმწიფომ შეინარჩუნოს ძალაუფლება, მართველი ელიტა იყენებს არა მხოლოდ იარაღს და ფულს, არამედ ახდენს ფსიქოლოგიურ ზეწოლას მოსახლეობაზე. ამ რეპრესიული აპარატის დახმარებით მართველი კლასი ყველანაირად ცდილობს, საზოგადოების ყურადღება გადაიტანოს მონური სისტემიდან სხვა, შედარებით მცირე დეტალებზე. ცხადია, თუ ჩვენ გვსურს ვიბრძოლოთ ამ კარგად ორგანიზებული დანაშაულებრივი სისტემის წინააღმდეგ, უნდა შევქმნათ ამ ამოცანის შესაბამისი სიძლიერის იარაღი. ის მეთოდები, რომლებსაც მთავარი მტრების – სახელმწიფოს და კაპიტალის წინააღმდეგ – დღემდე იყენებდა რევოლუციონერთა კლასი, არ აღმოჩნდა საკმარისი გამარჯვებისთვის. ისტორიამ შემოგვინახა მომენტები, როდესაც ხალხმა შეძლო სახელმწიფოს დამარცხება, მაგრამ სამწუხაროდ, მათ ვერ შეძლეს ამ მონაპოვარის შენარჩუნება: სახელმწიფომ მაინც შეძლო ძალების მოკრება და კაპიტალისტთა გაერთიანება, რასაც ხალხზე გამარჯვება მოჰყვა. რუსეთის რევოლუციამ გამოააშკარავა ჩვენი ნაკლოვანებები, რაც არ უნდა დავივიწყოთ. პირიქით, უნდა ვიზრუნოთ იმაზე, რომ მსგავსი შეცდომები აღარ დავუშვათ. ერთი მხრივ, რუსეთის რევოლუციის დროს სახელმწიფოს წინააღმდეგ შესანიშნავ წარმატებას მივაღწიეთ, მაგრამ მეორე მხრივ თითქმის არაფერი გაგვიკეთებია იმისთვის, რომ აგვეშენებინა პროლეტარიატთა თავისუფალი საზოგადოება, თავისი სოციალური სტრუქტურებით, რომლებიც სახელმწიფოს რეპრესიული მანქანის ზედამხედველობის გარეშე განვითარდებოდნენ. იმ ფაქტმა , რომ ლიბერტარიანელმა კომუნისტებმა და ანარქო-სინდიკალისტებმა ვერ შევძელით რუსეთის რევოლუციის შედეგების წინასწარგანჭვრეტა და საზოგადოების აქტივობისთვის საჭირო მიმართულების მიცემა, რევოლუციურ ფრონტზე დაქსაქსულობა გამოიწვია.

თუ ჩვენ გვსურს, რომ მსგავსი შეცდომები მომავალში აღარ განმეორდეს და რევოლუციის დროს შევინარჩუნოთ ერთიანობა, ამისთვის უნდა შევძლოთ მთელი ჩვენი ძალების გაერთიანება, შემდეგ კი, ზედმეტი ხმაურის გარეშე ჩამოვაყალიბოთ ჩვენი ხედვა ეკონომიკური, სოციალური, ადგილობრივი და ტერიტორიული სტრუქტურების შესახებ, და შემდეგ ყოველ ჩამოყალიბებულ სტრუქტურას დავაკისროთ თავისი მისია სახელმწიფოს წინააღმდეგ ბრძოლაში. ისინი, ვინც ამ ბრძოლას შემოუერთდებიან, უნდა დაგვეთანხმონ ერთ რამეში – სახელმწიფოს წინააღმდეგ ბრძოლა გაგრძელდება იქამდე, სანამ ამ დანაშაულებრივ სისტემას ძირფესვიანად არ გავანადგურებთ. უნდა შევთანხმდეთ იმაზეც, რომ მთავარი ძალა ამ ბრძოლაში – რევოლუციური შეიარაღებული ძალებია. ასევე, აუცილებელია, რომ რევოლუციონერთა შეიარაღებულმა ძალებმა ითანამშრომლონ სოციალურ და ეკონომიკურ სტრუქტურებთან. ეს სტრუქტურები უნდა ჩამოყალიბდნენ რევოლუციის გარიჟრაჟზე, რათა საზოგადოება მიეჩვიოს თავისი ცხოვრების თვითორგანიზებულად წარმართვას, ყოველგვარი მაკონტროლებელი სტრუქტურის გარეშე. გასათვალისწინებელია ისიც, რომ რევოლუციურმა არმიამ სახელმწიფოს ძალებისთვის წინააღმდეგობის გაწევის გარდა უბრალო მოსახლეობის რევოლუციაში ჩართვაზეც უნდა იზრუნოს, უნდა შეამზადოს საზოგადოება ახალი სოციალურ-ეკონომიკური სისტემისთვის.

ნესტორ მახნო 1926 წ.

სიდის თარგმანებიდან

Facebook Comments

Leave a Reply

Your email address will not be published.