დემოკრატიის ილუზია

რამდენადაც შორეული არ უნდა გვეჩვენებოდეს სოციალური ცვლილებების შესაძლებლობა, მათი ხორცშესხმა უფრო რეალურია ვიდრე ეს იქნება 20 წლის შემდეგ, ვინაიდან ჯერ-ჯერობით ხალხსა და პრივილეგირებულ ელიტას შორის არ არსებობს ინტელექტუალური უფსკრული, რომელსაც გამალებით თხრიან.

თუ დღეს შეგვიძლია ვთქვათ რომ ფორმულა ღარიბი = შტერს, ჭკვიანი = მდიდარს, მცდარია, 20 წლის შემდეგ ეს ფორმულა ჩვენი სამწუხარო რეალობის ამსახველი იქნება. შტერი ღარიბი იქნება არა იმიტომ რომ შტერია, არამედ იმიტომ, რომ ღარიბია. ადამიანის ეკონომიკური მდგომარეობა იქნება, მისი გონებრივი განვითარების განმსაზღვრელი.

მოსწავლეთაშეფასების საერთაშორისო პროგრამის (PISA-ს) უახლესი კვლევით(2018 წელი), წაკითხულის გააზრებაში, მათემატიკასა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში 15 წლის ქართველ მოსწავლეებს კვლევაში მონაწილე ქვეყნების (77) საშუალო მაჩვენებელზე დაბალი შედეგი აქვთ. გარდა ამისა, საქართველომ წინა კვლევასთან (2015 წლის) შედარებით სამივე კატეგორიაში გაუარესებულ შედეგები აჩვენა.

ამ ტენდენციას შესანიშნავად გრძნობენ ჩვენი მმართველები. მასმედია ფოკუსირებულია პოლიტიკური ელიტის შვილებზე. ფეოდალიზმისაგან განსხვავებით, როდესაც შვილებს მშობლების ტიტულები ერგებოდათ, ესენი მშობლებისაგან უფრო მნიშვნელოვან მემკვიდრეობას, ფულსა და ცოდნას ღებულობენ. რომელთა წინააღმდეგაც, უცოდინრობაში, პოლიტიკურ კარნვალებსა და თურქულ სერიალებში ჩაფლულ თაობას, არგუმენტი არ ექნება.

ჩვენს ხელთ არის მხოლოდ აწმყო, რომელში უმოქმედებაც, სპობს უკანასკნელ იმედებს, მითიურ ნათელ მომავალზე, არა მხოლოდ ჩვენთვის, არამედ მომავალი თაობებისთვისაც. ვინაიდან ჩვენ ვახვედრებთ მათ საზოგადოებას, რომელშიც ღარიბი აუცილებლად შტერია.

მაშინ როდესაც განათლების სისტემა დღითიდღე დეგრადირებს (ისე რომ მალე ამომრჩეველი ბიულეტენში კანდიდატის სახელის ამოკითხვასაც კი ვერ შეძლებს), როდესაც მშობლები შვილებს ჰყიდიან, მასწავლებლები მოსწავლეებს, ბერები ნარკოტიკებს, ხოლო ოპერაციისათვის საჭირო ფული ქუჩაში მათხოვრობით გროვდება, გვეუბნებიან რომ საზოგადოებაში არსებული მთავარი პრობლემა პარლამენტის დაკომპლექტების სისტემაა და მისი ცვლილებით ყველა ეს პრობლემა წარსულის კოშმარად გადაიქცევა.

სანამ ჯერ კიდევ შეგვიძლია წაკითხულის გააზრება, ერთად მოვინდომოთ და გავერკვიოთ რა მაგიური მოვლენაა დემოკრატია, რომელშიც ერთი შეხედვით ასეთი უმნიშვნელო ცვლილებით, როგორიცაა დეპუტატების არჩევის სისტემის მცირე რეფორმირება, შესაძლებელია მთელი საზოგადოების ასეთი გრანდიოზული ტრანსფორმაცია.

რა არის წარმომადგენლობითი დემოკრატია ?

მეოცე საუკუნიდან დაწყებული, დემოკრატია გარდაიქმნა იმ წმინდა ხატებად, რომლისადმი მიკუთვნებასაც ცდილობდა ყველა, მათ შორის ყველაზე დესპოტური რიჟიმებიც. ჩაანაცვლა რა ღვთის განგება ერის ნებით (გამონაკლისს რამოდენიმე არქაული საზოგადოება წარმოადგენს), ის წარმატებით ირგებს და ამართლებს მმართველობის ნებისმიერ ფორმას. ხშირად მმართველობის ეს ფორმები რადიკალურად განსხვავდება ერთმანეთისაგან მაგრამ ერთნაირი თავდაჯერებით უწოდებენ საკუთარ თავს „ნამდვილ დემოკრატიას“. ჩვენი პირველი ნაბიჯიც სწორედ ეს იქნება, გავერკვიოთ, თუ რა არის წარმომადგენლობითი დემოკრატია? რა არ არის წარმომადგენლობითი დემოკრატია? რითი განსხვავდება წარმომადგენლობითი დემოკრატია საზოგადოების პოლიტიკური სისტემის მოწყობის სხვა ფორმებისაგან?

საყოველთაოდ ცნობილია რომ დემოკრატია არის ხალხის მმართველობა, ხალხის ძალაუფლება. მაგრამ ასეთ შემთხვევაში ვდგებით ფაქტის წინაშე, რომ დღეისათვის არსებული ორას რაღაცა სახელმწიფოდან არცერთში დემოკრატიული მმართველობის სისტემა არ არსებობს. მართალია ხალხს შეუძლია აირჩიოს თავისი წარმომადგენლები, რომლებიც განახორციელებენ მათ მმართველობას, მაგრამ მმართველის არჩევა და მმართველობა დიდი სურვილის მიუხედავადაც გაიგივებული ვერ იქნება. მაგალითად მოსკოვის სამთავროში წელიწადში ერთხელ (უფრო ხშირად ვიდრე დღევანდელ ამომრჩეველს) ყმა გლეხს ბატონის არჩევის უფლება ჰქონდა, მაგრამ ყმის ეს უფლება არ გვაძლევს საშუალებას ის ბატონის მმართველად განვიხილოთ. შესაბამისად გვჭირდება დემოკრატიის ისეთი განსაზღვრება, რომელიც უკეთ მოერგება თანამედროვეობას, გაბატონებული წარმომადგენლობითი დემოკრატიით.

რობერტ დალის მტკიცებით „დემოკრატიის საყოველთაოდ აღიარებული მაჩვენებელია – უმრავლესობის ძალაუფლება. მმართველობის ნებისმიერი ორგანო, რომელიც ღებულობს გადაწყვეტილებას ხმების ფარდობითი უმრავლესობით, დემოკრატიულია“.

დემოკრატიის ასეთი განმარტება, ბევრად უფრო ახლოსაა დღევანდელობასთან, თუმცა ეს თეზისიც სადავოა. ჩვენი კონტრთეზისი მდგომარეობს შემდეგში – წარმომადგენლობითი დემოკრატია არის – უმცირესობის ძალაუფლება, რომლის დროსაც გადაწყვეტილება მიიღება, უმცირესობაში უმრავლესობის გამოვლენით.

უმცირესობის, ვინაიდან სახელმწიფოს რეალურ მართვაში მონაწილეობას იღებს საზოგადოების მხოლოდ ძალიან მცირე ნაწილი (პროფესიონალი პოლიტიკოსები და ბიზნესმენები, რომელთა ინტერესებსაც ისინი ლობირებენ) . მართალია, მიიჩნევა რომ მოქალაქე არჩევნებში აქტივობით ირჩევს თავის წარმომადგენელს და ამ გზით მონაწილეობს სახელმწიფოს მართვა გამგეობაში, მაგრამ ამ გზით ის ახდენს მხოლოდ ხელისუფლების ლეგიტიმირებას, რაც დამახასიათებელია მმართველობის ნებისმიერი სისტემისათვის. რათქმაუნდა დეპუტატები უფლებამოსილებებს ამომრჩევლებისაგან იღებენ, თუმცა გადაწყვეტილებებს ისინი მაინც ინდივიდუალურად ან რაც უფრო ხშირად ხდება შიდაპარტიული კონსესუსით იღებენ. ამასთანავე ამომრჩევლისათვის შეუძლებელიც კი არის საკითხთა იმ მრავალფეროვნების წარმოდგენა რომლებიც 4 წლის განმავლობაში ამოტივტივდება დღის წესრიგში, იდეა რომ ამომჩეველი რომელიმე კანდიდატისათვის ხმის მიცემით აფიქსირებს თავის პოზიციას იმ საკითხებზე, რომელთა არსებობის შესახებ არჩევანის გაკეთების მომენტში არც კი იცის, თავისთავად აბსურდია.

შეუძლებელია მოიძებნოს ორი ადამიანი, რომელთა პოზიციები სრულიად დაემთხვევა ერთმანეთს, საკითხების ისეთ ფართე სპექტრში, რომლებიც წამოიჭრება 4 წლის განმავლობაში ამ ორ ადამიანს შორისაც კი. სამაგიეროდ გვარწმუნებენ რომ შესაძლებელია მოიძებნოს ორას რამოდენიმე დეპუტატი რომლებიც სრულიად გამოხატავენ 4 მილიონი ადამიანის პოზიციას. მაშინ როდესაც შეგიძლია რამოდენიმე წუთში დააფიქსირო შენი პოზიცია და გავლენა მოახდინო იმაზე თუ რომელ ადგილს დაიკავებენ უნგრელი და ისლანდიელი მომღერლები ევროვიზიაზე, გვარწმუნებენ რომ წარმომადგენლობითი დემოკრატია უალტერნატივოა, რომ შეუძლებელია ასეთივე გავლენა მოვახდინოთ საკითხებზე რომლებიც იმ გარემოს ფორმირებას ახდენენ , რომლის ზემოქმედებითაც ფორმირდება ჩვენი პიროვნება.

უმრავლესობის მიერ ხელისუფლების ლეგიტიმირების აღიარება არ არის ის მაჩვენებელი რომლითაც შეიძლება დემოკრატიის მართველობის სხვა სისტემებისაგან დიფერენცირება, ვინაიდან ის დამახასიათებელია ნებისმიერი სისტემისათვის და ასეთ შემთხვევაში შეგვიძლია ვთქვათ რომ, მმართველობის ნებისმიერი სისტემა დემოკრატიულია. მაგალითად გლეხთა ომში მონაწილე გერმანელი გლეხისათვის მისი ვალდებულებები ბატონის წინაშე ისეთივე ლეგიტიმური იყო, როგორც დღევანდელი ამომრჩევლისათვის პარლამენტში არსებული მისი წარმომადგენლის უფლება მისი სახელით მიიღოს კანონები და სარგებელი (დასარწმუნებლად შეგიძლიათ გაეცნოთ 1525 წ. შედგენილ საერო ანათემას).

წარმომადგენლობით დემოკრატიაში უბრალოდ გადანაცვლებულია ცნებები, ხალხის ძალაუფლება და ლეგიტიმაცია. ლეგიტიმაცია, როგორც ფორმალურიასევე რეალური. მაგრამ რეალური ლეგიტიმაცია საზოგადოების მოწყობის ნებისმიერი ფორმაზე გამომდინარეობს ხალხიდან, სხვაობა მხოლოდ ფორმალურ მხარეშია. მხოლოდ ამით განსხვავდება წარმომადგენლობითი დემოკრატია თავისი „ნტიპოდის“, მონარქიისაგან. პირველი ლეგიტიმაციას ეძებს ხალხში, ხოლო მეორე ღმერთთან, მაგრამ პირველის მსგავსად ის მას ხალხში პოულობს.

შრომითმა დიფერენციაციამ წარმოქმნა სოციალური უთანასწორობა, რომლიდანაც იშვა უფლება, მათ შორის ხმის მიცემის უფლება, რომელსაც როგორც გავარკვიეთ უფრო მეტი საერთო აქვს მაგიურ რიტუალებთან, ვიდრე ქვეყნის რეალურ მართვასთან. თავის მხრივ უფლება არის გაცვლის შედეგი. როდესაც პიროვნებამ თავისი ბუნებრივი მოთხოვნილებების, როგორიცაა თავდაცვა, შრომა (რომელიც თავის მხრივ განუყრელია შემოქმედებისაგან), საკუთარი და საზოგადო ცხოვრების მართვის მცდელობა, ამ საზოგადოების მცირე ნაწილისათვის დელეგირება მოახდინა, რათა შეეძინა – უფლება.

უფლება აუცილებლად წარმოქმნის მოვალეობას, მაგრამ მოვალეობა თავისთავად არ წარმოქმნის უფლებას. მონას უამრავი მოვალეობა ჰქონდა ყოველგვარი უფლების გარეშე. მისგან განსხვავებით მუშას აქვს უფლება გაწეულ შრომაში აიღოს გასამრჯელო და აქვს შესაბამისი მოვალეობა მისცეს კაპიტალისტს ჭარბი ღირებულება. კაპიტალისტს აქვს შესაძლებლობა მიიღოს კარგი განათლება, საუკეთესო სამედიცინო დახმარება და იღებს კიდეც, ყოველგვარი ვალდებულების გარეშე. ხოლო მუშას ჩამოთვლილის მიღების უფლება აქვს და ამიტომ ვერაფერს ვერ იღებს. ვინაიდან შესაძლებლობა არის ადამიანის ძალასა და გარე წინაღობებს შორის არსებული ბუნებრივი შეფარდება.ხოლო უფლება თავს მოხვეული აბსტრაქციაა, საზოგადოებრივი შეთანხმება, შედგენილი მმართველი კლასის ინტერესებში, რომელიც ამყარებს მის მმართველობას.

საზოგადოებრივ ფუნქციათა დელეგირება არის, სიმსივნე რომელსაც შეუძლია მოსპოს ყველაზე სამართლიანი საზოგადოებაც კი. მაგრამ ვინაიდან კაპიტალისტურ საზოგადოებას არ სურს (და რაც უფრო მნიშვნელოვანია არ შეუძლია) მასთან გამკლავება, ის აღიარეს ამ საზოგადოებრივი ორგანიზმის ყველაზე მნიშვნელოვან ნაწილად, რომელიც განსაზღვრავს მის ფუნქციონირებას. რაც მდგომარეობს უსამართლობის გამყარებაში.

ეხლა შეგვიძლია დასაწყისში დასმულ შეკითხვებს გავცეთ პასუხები.

რა არის წარმომადგენლობითი დემოკრატია?

წარმომადგენლობითი დემოკრატია არის – უმცირესობის (გაბატონებული კლასის) ძალაუფლება, რომლის დროსაც გადაწყვეტილება მიიღება, უმცირესობაში უმრავლესობის გამოვლენით.

რა არ არის წარმომადგენლობითი დემოკრატია ?

წარმომადგენლობითი დემოკრატია არ არის ხალხის ძალაუფლება. ის ლეგიტიმაციას, რომლის მთავარი მატარებელიც ხალხია, უწოდებს ამ ხალხის ძალაუფლებას, თუმცა როგორც გავერკვიეთ მოვლენისათვის სახელის გადარქმევა არ ცვლის ამ მოვლენის არსს.

რითი განსხვავდება წარმომადგენლობითი დემოკრატია საზოგადოების პოლიტიკური სისტემის მოწყობის სხვა ფორმებისაგან?

მისი მთავარი განმასხვავებელი გარე ატრიბუტებშია, მთავრობის მიერ ლიგიტიმაციის მიღების ფორმალიზებულ მხარეში, რომელიც მმართველობის სხვა სისტემებში, განსხვავებულ სახეს იღებს.

შესაბამისად თავისი არსით წარმომადგენლობითი დემოკრატია არის ხალხის სახელით შენიღბული, მმართველი კლასის დიქტატურა.

იმის კითხვა, შეუძლია თუ არა პარლამენტის დაკომპლექტების ამერიკულ ან გერმანულ მოდელს, ანუ ამერიკული ან გერმანული ნიღაბის ქართული კაპიტალიზმის ძველ სახეზე მორგებას, მოსახლეობის უდიდესი ნაწილის უმოწყალო ექსპლუატაციის შემსუბუქება ალბათ ზედმეტია. მაშინ როდესაც პრობლემა ნიღბის მატარებელშია და არა ნიღაბში.

თუ დაიბადება შენიშვნა, რომ წარმომადგენლობითი დემოკრატია არ არის დემოკრატიის ერთადერთი ვარიანტი, რომ ის დაფუძნებულია დემოკრატიის რომაულ გააზრებაზე და დიდად განსხვავდება პირდაპირი დემოკრატიიდან, რომელმაც განვითარებული სახე ანტიკურ საბერძნეთში მიიღო. ჩვენ მას ამ შენიშვნაში სიამოვნებით დავეთანხმებით და ვინაიდან პირდაპირი დემოკრატია მისი განვითარების ისტორიითაც და არსითაც ასე ძლიერ განსხვავდება ჩვენი მსჯელობის საგნისაგან, მასზე შევეცდებით ცალკე ვისაუბროთ.