ბურჟუაზიული გაზეთები აშკარა შოკით იტყობინებიან, რომ ქურთების რევოლუციური მოძრაობა ამერიკელი ანარქისტის, მურეი ბუკჩინის იდეებით საზრდოობს. თუმცა ჩვენ არ ვაპირებთ ამის განხილვას ახლა. ჩვენი მიზანი არაა იმაზე მსჯელობა, თუ როგორ მიესადაგება მისი პოლიტიკური ფილოსოფია როჟავას ქურთებს.
ბუკჩინმა უდიდესი წვლილი შეიტანა ანარქიზმის, განსაკუთრებით – და არა მხოლოდ – ეკო-ანარქიზმის განვითარებაში. ამასთანავე უნდა ავღნიშნოთ, რომ მის ნაშრომებში განვითარებული იდეა – მუშათა კლასის წამყვანი როლის უარყოფა კაპიტალიზმიდან ანტი-ავტორიტარულ სოციალიზმში გადასვლისაკენ, ღრმად მცდარია. როგორც მეორე მსოფლიო ომის შემდგომი პერიოდის სხვა რადიკალები, ისიც შეძრული იყო მსოფლიოს მუშათა კლასის მოძრაობების მიერ, ოცდაათიან და ორმოციან წლებში განცდილი მარცხებით და მოხიბლული იყო დასავლური სამყაროს ომის შემდგომი აყვავებით და სტაბილურობით. წინათ კომუნისტი და შემდეგ ტროცკისტი, ახლა ანარქიზმის ახალ მიმდინარეობაზე მოექცა, რომელიც უარყოფდა მუშათა კლასის რევოლუციას.
ეს ხედვა არასდროს ყოფილა დომინანტი ანარქისტებში. ბაკუნინი, კროპოტკინი, მალატესტა, მახნო, გოლდმანი, დურუტი, სხვა ანარქო-სინდიკალისტები და ანარქო-კომუნისტები მიიჩნევდნენ, რომ “ანარქიზმი არის ლიბერტარიანული სოციალიზმის რევოლუციური, ინტერნაციონალური კლასობრივი ბრძოლა. ”
ბუკჩინის მიერ 1969 წელს გამოქვეყნებულ ბროშურაში – “Listen, Marxist!”, მან გააკრიტიკა “მითი პროლეტარიატის შესახებ”. ის წერდა – “ჩვენ ვნახეთ, რომ მუშათა კლასი, როგორც “რევოლუციური ცვლილებების აგენტი”, განეიტრალდა, თუმცა მაინც იბრძვის ბურჟუაზიულ ჩარჩოებში მეტი ხელფასებისა და მოკლე სამუშაო საათებისთვის. კლასობრივი ბრძოლა კაპიტალიზმმა ჩაყლაპა”. მისი ნაშრომების უკანასკნელი კოლექცია იმეორებს ამ მოსაზრებას. “. . . მეორე მსოფლიო ომმა ბოლო მოუღო რევოლუციური პროლეტარიატის სოციალიზმის მთლიან ერას, რომელიც 1848 წლის ივნისში დაიწყო. ”
“რევოლუციური პროლეტარიატის ერაში” ის გულისხმობდა არა წარმატებულ რევოლუციებს, არამედ მუშათა კლასის მასობრივ მოძრაობებს.
“მუშა დომინაციას განიცდის ქარხნის იერარქიის, ინდუსტრიული რუტინის და სამუშაო ეთიკისგან. კაპიტალისტური წარმოება არამხოლოდ კაპიტალიზმის სოციალურ კავშირებს აახლებს, არამედ მის სულს, ღირებულებებს და იდეოლოგიას. ” (რატომ არ იმოქმედა ინდუსტრიული კაპიტალიზმის წარმოების ამ მომაკვდინებელბა ეფექტებმა “რევოლუციური პროლეტარიატის სოციალიზმზე” “მთელი ამ ხნის” განმავბლობაში 1848 წლიდან მეორე მსოფლიო ომამდე ის არ ხსნის. )
ბუკჩინი არ უარყოფდა, რომ ისევ არსებობს ბრძოლა უკეთესი ხელფასებისა და მოკლე სამუშაო განაკვეთისთვის, თუმცა ამ დაბალი დონის კლასობრივ კონფლიქტში რევოლუციის პოტენციალს ვერ ხედავდა. არც იმას უარყოფდა, რომ მუშა შეიძლება რევოლუციურ ძალად ქცეულიყო, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საკუთარ თავზე, როგორც მუშაზე, ფიქრს შეწყვეტდა, ფოკუსირდებოდა პრობლემებზე, რომლებიც მის ყოველდღიურ საქმესთან დაკავშირებული არ იყო და თავს ჩათვლიდა უკლასო “მოქალაქედ”.
კომუნალიზმი vs ანარქიზმი & მარქსიზმი
სანამ იმაზე გადავიდოდეთ, თუ რატომ უარყო ბუკჩინმა კლასობრივი რევოლუცია – და რატომ ვფიქრობთ, რომ ეს არასწორია – ამ თეორიის სხვა განვითარებაც ვახსენოთ. დაახლოებით ორმოცი წლის შემდეგ, რაც ის საკუთარ თავს ანარქისტად მოიხსენიებდა, ბუკჩინმა ამ ტერმინზე ხელის აღება გადაწყვიტა და საკუთარ “პროგრამას” “კომუნალიზმი” უწოდა. 2002 წელს გამოქვეყნებულ მის უკანასკნელ ნაშრომში არის ესეები, რომლებიც განმარტავს ამ შეხედულებას.
“კომუნალიზმში” ის გულისხმობდა ეკოლოგიურად ბალანსირებული სამეზობლოებისა და საზოგადოებრივი გაერთიანებების კონფედერაციას, სადაც ეკონომიკა და პოლიტიკური მოწყობა მართული იქნებოდა პირდაპირი დემოკრატიული წესით შექმნილი მოქალაქეთა საკრებულოებით, თვით-ორგანიზებული ჯგუფებით. რაც არ უნდა ვთქვათ ამ წყობაზე, ის ანარქიზმის ერთ-ერთი სახეობაა.
ბუკჩინი ადარებდა კომუნალიზმს ანარქიზმსა და მარქსიზმს და ამბობდა, რომ კომუნალიზმი მოიცავდა საუკეთესოს ორივედან, თუმცა უფრო შორს მიდიოდა. შედარების დროს ანარქიზმს ყოფდა ორ კატეგორიად, კერძოდ “ანარქიზმად” და “რევოლუციურ სინდიკალიზმად”. ხოლო ამ უკანასკნელში ის გულისხმობდა ნებისმიერი ტიპის ანარქიზმს, რომელიც მოიცავდა კლასობრივ ბრძოლას. მაგრამ თუ ჩვენ მოვაცილებთ მუშათა კლასის ასპექტებს ანარქიზმიდან (აღმოვფხვრით ფართოდ გავრცელებულ ანარქისტულ ტრადიციას), მივიღებთ “ანარქიზმს”, რომელიც ინდივიდუალისტური, არარევოლუციურად ექსტრემისტული და უპასუხისმგებლოა – ზუსტად იმას, რასაც თვითონვე აკრიტიკებდა ანარქიზმში!
ასევე მარქსიზმშიც. თუ ჩვენ მოვაცილებთ პროლეტარიატს მარქსიზმს – თუ ჩვენ უარვყოფთ, რომ “მუშათა კლასის ემანსიპაცია თავად მუშათა კლასმა უნდა მოახდინოს” – მაშინ მარქსიზმისგან დარჩება მხოლოდ ცენტრალიზმი, დეტერმინიზმი და სტეიტიზმი – ის, რაც სტალინისტური ტოტალიტარიზმის საფუძველია.
მთავარი კონცეპტი, რომელიც ბუკჩინმა მარქსიზმისგან აიღო იყო კაპიტალიზმის ანალიზი, როგორც დოვლათის მწარმოებელი სისტემა, რომელიც ან უნდა გაფართოებულიყო, ან მომკვდარიყო. კონკურენციის ზეწოლის ქვეშ ყველა ფირმამ უნდა აწარმოოს მეტი, გაყიდოს მეტი, გააკეთოს მეტი ფული, გაიზარდოს და დააგროვოს რაც შეიძლება მეტი. ბუკჩინი ხედავდა, რომ კაპიტალიზმის მამოძრავებელი ძალა აუცილებლად შეუქმნიდა საფრთხეს ეკოლოგიას მსოფლიოში. (ის მანამდე წერდა ამაზე, სანამ პრო-ეკოლოგიურად მოაზროვნე მარქსისტი სწავლულები დაიწყებდნენ თავიანთი თეორიების შემოშავებას)
სამწუხაროდ მას არ ესმოდა, რომ კაპიტალიზმის დაგროვების სწრაფვაზე საუბარი იგივეა, რაც მის მიერ მუშების ექპლოატაციის საჭიროებაზე საუბარი. არსობრივად კაპიტალიზმი არაფერია, თუ არა კაპიტალისა და შრომის ურთიერთობა – რის დროსაც ბუნება ღირებულებად არ მიიჩნევა. დოვლათის და ფულის დაგროვება ხდება ადამიანური შრომით და მუშებისთვის მათსავე წარმოებული პროდუქტის ღირებულებაზე ნაკლების გადახდით. ადამიანების შრომის უნარიც ასევე საქონელია, რომელსაც კაპიტალისტი ყიდულობს იმაზე ნაკლებ ფასად ვიდრე ამ უნარს შეუძლია რომ აწარმოოს.
სწორედ მოგებაა ის, რასაც მუშები არ იღებენ, რისი დაგროვებაც ხდება და რაც უზრუნველყოფს ზრდის უწყვეტ ციკლს. ბუკჩინს რაც არ უნდა ეფიქრა, მუშათა კლასი რჩებოდა კაპიტალის ძირითად და ცენტრალურ მამოძრავებელ ძალად. რაც მას ასევე ცენტრალურ და მამოძრავებელ ძალად ხდიდა კაპიტალიზმის დასამხობად.
როდესაც ფულის აკუმულაცია მცირდება (მონოპოლიის, გადაჭარბებული წარმოების ბუნებრივ რესურსებზე გაზრდილი ფასების და სხვათა გამო), კომპანიები ცდილობენ ყველანაირი გზით გაზარდონ მოგება. რაც პირდაპირ აისახება მუშებზე, წარმოებული პროდუქციიდან მათი წილის შემცირებით. ასეც მოხდა, როცა მეორე მსოფლიო ომიდან 30 წლის შემდეგ მათი კეთილდღეობის ხანა დასრულდა – დაახლოებით 1970 წლისთვის. ბუკჩინი (და ‘50-’60 წლების მემარცხენე თეორეტიკოსების უმეტესობა) არ ელოდა ომის შემდგომი “გაფურჩქვნის” დასრულებას იმაზე მეტად, ვიდრე ლიბერალები და კონსერვატორები. ის წერდა კიდეც: “მსოფლიო კაპიტალიზმი WW II-ის შემდეგ უფრო გაძლიერდა ვიდრე მთელი ისტორიის მანძილზე ყოფილა. არ არსებობს კაპიტალიზმის კრიზისი. ”
ის უარყოფდა ლუქსემბურგის და ლენინის შეხედულებებს, რომ “პირველი მსოფლიო ომის შემდეგ კაპიტალიზმი პროგრესული პერიოდიდან გადავიდა ფართოდ რეაქციონერულ ფაზაში. ” ამის მაგივრად მას სწამდა – “გასულმა ორმოცდაათმა წელმა გვაჩვენა, რომ უნიკალურად მეამბოხე პერიოდი 1917-1939 წლებს შორის, არ ყოფილა კაპიტალიზმის არაჯანსაღობის და დაცემის მტკიცებულება, როგორც ამას ლენინი(და არამარტო! – ავტ. ) ვარაუდობდა. ეს იყო სოციალური მოძრაობის პერიოდი, როცა გამოჩნდა ახალი საკითხები, რომლებიც ცდებოდა კლასიკური მემარცხენეობის მუშებზე ფართოდ ორიენტირებულ ანალიზებს. ” უარყოფდა რა კაპიტალიზმის შესვლას მის რეაქციულ, უკუქმედებით ეპოქაში, ბუკჩინი არ მიიჩნევდა, რომ კაპიტალიზმის ომის შემდგომი აყვავება მხოლოდ დროებითი იყო და კრიზისი ხელახლა გამოჩნდებოდა. ის არ ელოდა მუშებზე ახალ შეტევას და კლასობრივ ომს ზევიდან ქვევით.
ბუკჩინის მიერ მუშათა კლასის უარყოფის მიზეზები
“მარქსის მოლოდინების საპირისპიროდ, ინდუსტრიული მუშათა კლასი პატარავდება და მტკიცედ კარგავს თავის ტრადიციულ იდენტობას როგორც კლასი. თანამედროვე კულტურამ და წარმოების მეთოდებმა პროლეტარიატი აქცია წვრილ-ბურჟუა ფენად. პროლეტარიატი მთლიანად შეიცვლება წარმოების ავტომატიზირებული საშუალებებით. კლასობრივი კატეგორიები გადახლართულია რასაზე, გენდერზე, სექსუალობაზე და ნაციონალურ ან გეოგრაფიულ განსხვავებებზე დაფუძნებულ იერარქიულ კატეგორიებთან. ”
აქ ჩანს რამდენიმე გაუგებრობა მუშათა კლასის განსაზღვრებაში. არც მარქსიზმი და მითუმეტეს არც ანარქო სინდიკალიზმი არ განსაზღვრავს “პროლეტარიატს” ისე შეზღუდულად როგორც “ინდუსტრიული მუშათა კლასი”. ადამიანები, რომლები თავიანთ შრომას ყიდიან და საერთო მოგების შექმნაში იღებენ მონაწილეობას, კაპიტალიზმის მუშები არიან (“მუშათა კლასი” გაცილებით ფართო გაგებისაა ვიდრე მხოლოდ დასაქმებული ადამიანების ერთობლიობა. ის ასევე მოიცავს ადამიანებს რომლებიც დასაქმებულებზე არიან დამოკიდებულნი – მათ ოჯახის წევრებს, პენსიონერებს, დროებით უმუშევრებს, სტუდენტებს და ა. შ. )
“ამერიკელების დიდი უმრავლესობა წარმოადგენს მუშათა კლასს. ისინი არიან კვალიფიციურები და არაკვალიფიციურები, წარმოებაში და მომსახურების სფეროში, ქალები და კაცები ნებისმიერი რასის. ისინი ატარებენ სატვირთო მანქანებს, წერენ რუტინულ კომპიუტერულ კოდს, ამუშავებენ ხელსაწყოებს, ემსახურებიან მაგიდებს, ალაგებენ და არიგებენ წერილებს, დგანან ბანკის კონსულტანტებად, ასრულებენ ათასობით სამუშაოს ეკონომიკის ყველა სფეროში. მათი განსხვავებულობის მიუხედავად მუშათა კლასის წარმომადგენლები წარმოებაში ერთი და იგივე ადგილს იზიარებენ, სადაც ძალიან მცირე კონტროლი აქვთ თავიანთ შექმნილ კონტენტზე და არ არიან არავის ბოსები. ისინი ქმნიან ერების სიმდიდრეს, თუმცა იღებენ მხოლოდ იმას რისი ყიდვაც შეუძლიათ თავიანთი ხელფასით”.
(Michael Zweig. 2000 წ. )
ერთ ერთი მიზეზი ა. შ. შ-ში მძიმე ინდისტრიული მუშახელის შემცირებისა იყო კომპანიების მიერ პროდუქციის წარმოების გაფართოება ოკეანის გადაღმა, რამაც გამოიწვია საერთაშორისო დონეზე მუშათა კლასის გაფართოება, განსაკუთრებით აზიაში და სხვა ღარიბ – ე. წ. “მესამე მსოფლიოს” რეგიონებში. ბუკჩინს ასევე მაგალითად მოყავდა რუსული და ესპანეთის 1930 წლის რევოლუცია. ის ამბობდა, რომ მუშათა კლასში ყველაზე რევოლუციურები არიან ადამიანები, რომლებიც უშუალოდ გლეხობიდან იღებენ ფესვებს. სავარაუდოდ ეს იყო კიდევ ერთი მიზეზი რის გამოც ამერიკელი მუშები იყვნენ კონსერვატორები. მაგრამ ამ დებულების სისწორიდან გამომდინარეობს ისიც, რომ ჩაგრულ ერებში ახალი მუშათა მოძრაობების მეტად რადიკალურობა და მილიტანტურობაა მოსალოდნელი. .
ბუკჩინის მთავარი ანტი-პროლეტარული ხედვა დაფუძნებული იყო იმ ემპირიულ მოცემულობაზე, რომ ამერიკელი მუშები ანარქიზმის, სოციალიზმის კომუნიზმის ან ზოგადად რევოლუციის მხარდამჭერები არ არიან და არც კი თვლიან თავს ამ სოციალური კლასის წარმომადგენლებად. რეალურად თეთრკანიანი მუშების უმეტესობა საკმაოდ კონსერვატორია.
თუმცა კლასობრივი ორიენტაცია არ გულისხმობს, რომ მუშათა რომელიმე ნაწილს ჩამოუყალიბდება კლასობრივი აზროვნება და გახდება რევოლუციონერი. არსებობს ძალები, რომლებიც მათ უბიძგებენ რადიკალიზმისკენ: ექსპლოატაცია, გაუცხოება, სიღარიბე, არასათანადო მოქცევა, უმუშევრობა, დომინაცია, ასევე კაპიტალიზმის სხვა “უკლასო” სიბოროტეები, როგორიცაა ომი და ეკოლოგიური კატასტროფები. მაგრამ ასევე არსებობს ძალები, რომლებიც მათ რადიკალიზმს აშორებს: რასიზმი, სექსიზმი, პატრიოტიზმი, რელიგიები, არასწორი განათლება და სხვა. შედარებით უკეთეს პირობებში მომუშავეებს, რომლებიც მეტ-ნაკლებად კომფორტის ზონაში არიან არ სურთ თავიანთი მდგომარეობის გარისკვა. უარეს პირობებში მომუშავენი კი დემორალიზებულნი და გატეხილნი არიან.
დროთა განმავლობაში, კლასობრივი ცნობიერებისკენ მიდრეკილი ძალები გაიმარჯვებენ, მაგრამ ეს გარანტირებული შედეგი არაა – და მითუმეტეს არაა გარანტირებული, რომ ეს მოხდება მანამდე, სანამ მსოფლიო ეკონომიკურ კოლაფსის, ახალ მსოფლიო ომების ან კლიმატური კატასტროფების პრევენციაა შესაძლებელი. ეს ხომ ადამიანების არჩევანია და არა მექანიკური პროცესი. “პროლეტარიატისთვის რევოლუციური კლასის დაძახება ნიშნავს კლასს, რევოლუციების მოწყობის ისტორიული პოტენციალით. ეს არის იარლიყი სოციალური სწრაფვის და არა განმარტება მიმდინარე მოვლენების. ” (ჰალ დრაპერი, 1978).
ბუკჩინი მართალია როცა ამბობს: “კლასობრივი კატეგორიები გადახლართულია რასაზე, გენდერზე, სექსუალობაზე… დაფუძნებულ იერარქიულ კატეგორიებთან”. ეს მუდამ ასე იყო. რათქმაუნდა ყოველთვის არსებობდნენ ვულგარული მარქსისტები და სინდიკალისტები, რომლებიც არასწორად მიიჩნევდნენ სოციალურ კლასს ერთადერთ მნიშვნელოვან საკითხად. არაფერია მასში ისეთი, რაც საჭიროებს ჩამოთვლილი უმნიშვნელოვანესი თემების იგნორირებას. კლასობრივი საკითხი ურთიერთქმედებს და ნაწილობრივ მოიცავს რასის, გენდერის, სექსუალური ორიენტაციის, ეროვნული ჩაგვრის, ეკოლოგიის, იმპერიალიზმის თემებს. (როგორც უვკე ავღნიშნეთ, მაგალითად, ეკოლოგიური კრიზისი წარმოჩნდება, როგორც ქროს-კლასობრივი პრობლემა რადგან ეხება ყველას, თუმცა გამოწვეულია კაპიტალიზმის სწრაფვით მოახდინოს ფულის აკომულაცია, რაც სათავეს იღებს მშრომელთა ექპლოატაციიდან. )
ბუკჩინი არსად განიხილავს მთავარ მიზეზს თუ რატომ არ აქვს მუშათა კლასის იმედი. ხალხს, როგორც მშრომელებს, აქვთ უდიდესი პოტენციური ძალაუფლება. მრავარიცხოვნობის გარდა, მათ აქვთ წვდომა წარმოების საშუალებებზე, ტრანსპორტზე, კომუნიკაციაზე, სოციალურ სერვისებზე და კომერციულ გადარიცხვებზე. მათ შეუძლიათ “გათიშონ” მთელი ქვეყანა და შემდეგ ისევ აამუშაონ სრულიად ახლებურად, თუ მოისურვებენ. ერთადერთი ძალა რაც კაპიტალისტებს გააჩნიათ მათ წინააღმდეგ, არის სახელმწიფოს კონტროლირებადი პოლიცია და სამხედროები. როგორც უბრალო “მოქალაქეებს”, ხალხს არ აქვს ამის პოტენციური ძალა.
ბუკჩინის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კონტრიბუცია იყო რევოლუციების ისტორიული შესწავლა, რაც ასე შეაჯამა: “შუასაუკუნეების გლეხების ომებიდან დღევანდელ ინდუსტრიულ მუშათა და გლეხთა მოძრაობების აღზევებამდე, ჩაგრული ხალხი ქმნიდა საკუთარ საზოგადოებრივი ასოციაციების ფორმებს. რევოლუციების მსვლელობების დროს, ეს ასოციაციები იღებდა ადგილობრივი საკრებულოების ან მანდატიან წარმომადგენლებისგან დაკომპლექტებულ საბჭოების ფორმებს”. ეს არის ბაზისი ნებისმიერი ანარქისტული რევოლუციის პროგრამის. ბუკჩინის ყურადღება მიპყრობილი იყო ქალაქებისა და სამეზობლოების საკრებულოებსა თუ საბჭოებზე. მეოცე საუკუნის დასაწყისიდან ასეთი გაერთიანებების ძირითად ფორმას წარმოადგენდა ქარხნებისა და სამუშაო ადგილების კომიტეტები. მუშები ქმნიდნენ თვით-ორგანიზებად დემოკრატიულ, ჰორიზონტალურ პრინციპზე დაფუძნებულ საკრებულოებს. ბუკჩინი ამბობდა, რომ ის არ იყო მსგავსი დროებითი გაერთიანებების წინააღმდეგი, თუ მოხდებოდა მათი შერწყმა უფრო გლობალურ სახალხო საბჭოებში.
ბუკჩინის სტრატეგია
მუშათა კლასზე უარის თქმით, ბუკჩინს ცვლილებებისთვის საჭირო სოციალური ძალები სხვაგან უნდა მოეძებნა. 1970 წელს ის იმედებს ამყარებდა კონტრკულტურასა და ახალგაზრდების წინააღმდეგობაზე, ჰიპებზე და ტრაიბალიზმზე. “ცხოვრების სტილი აუცილებელია რევოლუციის ერთიანობის შესანახად” – ამბობდა ის. მოგვიანებით(1985) გული აუცრუვდა კონტრკულტურაზე და დაიწყო იმ მიმართულებით სვლა, რომელსაც თავად სდებდა ბრალს ლაიფსტაილიზმში (lifestyle anarchism – ამ ტერმინით ბუკჩინი აღწერდა და აკრიტიკებდა ანარქისტებს, რომლებიც კონკრეტული ცხოვრების წესით ცხოვრობდნენ და არ მოქმედებდნენ საბაზისო ანარქისტული პრინციპების მიხედვით).
ბოლო ნაშრომებში, ბუკჩინმა შეაჯამა თავისი ხედვა, რომ ხალხს მოთხოვნილებები უნდა ჰქონოდა როგორც უკლასო “მოქალაქეებს” და არა მათი პირადი ინტერესებიდან გამომდინარე. სხვადასხვა სფეროში მომუშავეები საკრებულოებში დაიკავებდნენ ადგილებს არა როგორც მშრომელები – მბეჭდავები, ხელოსნები, დამლაგებლები და ა. შ. – არამედ როგორც მოქალაქეები, რომელთა მთავარი საზრუნავი იქნებოდა იმ საზოგადოების ძირითადი ინტერესები, რომელშიც იცხოვრებდნენ. მოქალაქეები იქნებოდნენ თავისუფალნი რომელიმე ერთი კონკრეტული იდენტობისგან და ინტერესებისგან. “ეს არის მშრომელთა ტრანსფორმაცია კლასობრივი არსებებისგან მოქალაქეებში. ” რათქმაუნდა ეს “ტრანსკლასობრივი” ტრანსფორმაცია არ არის შეზღუდული მხოლოდ მუშებზე და ასევე მოიცავს მენეჯერებს, კაპიტალისტებს, პოლიტიკოსებს და ყველას. სავარაუდოდ მათაც მოუწევდაც გადაქცევა “კლასობრივი არსებებისგან მოქალაქეებში. ”
ოთხმოციან წლებში ელენ მეიკსინს ვუდსმა დაწერა შესანიშნავი კრიტიკა ბრიტანელი და ფრანგი მარქსისტებისა, რომლებიც ბუკჩინის მსგავსი მიზეზებით ამბობდნენ უარს მუშათა კლასზე. ის წერდა:
“ეს თეორიები უნდა ნიშნავდეს, რომ კაპიტალისტური ექპლოატაცია ვერ განაპირობებს მშრომელთა ცხოვრებისეულ მდგომარეობას იმაზე მეტად, ვიდრე სხვა ნებისმიერი გარემოება, რომელსაც მათ ცხოვრებასთან აქვს შეხება. გამოდის, რომ მშრომელებზე ისევე მოქმედებს ექპლოატაცია, როგორც სხვა ადამიანებზე, რომლებიც საერთოდ არ არიან პირდაპირი ექპლოატაციის ქვეშ მყოფი ობიექტები. ეს გულისხმობს იმასაც, რომ კაპიტალისტები არანაირ სარგებელს არ იღებენ მუშათა ექსპლოატაციით, რომ მუშები არანაირ ზიანს არ განიცდიან ექპლოატირებულობით, რომ ექპლოატაციის შეწყვეტით მათთვის არაფერი შეიცვლება, რომ კაპიტალისა და შრომის ურთიერთობას არანაირი ფუნდამენტური გავლენა არ აქვს სოციალური და პოლიტიკური ძალაუფლების სტრუქტურაზე, და რომ კაპიტალისტებსა და მშრომელებს შორის არსებული ინტერესთა კონფლიქტი მხოლოდ მოჩვენებითია. ”
აქედან გამომდინარე ბუკჩინის “მოქალაქეებს” არ აქვთ არანაირი მიზეზი, რომ კაპიტალიზმს აღუდგნენ წინ, გარდა იმისა, რომ ეს მორალურად სწორია. არც არანაირი სტრატეგიული ძალაუფლება არ აქვთ კაპიტალიზმის საბოტაჟისთვის, როგორც ეს გააჩნიათ გაფიცულ მუშებს. აფრო-ამერიკელი მშრომელ ქალს არ აქვს იმაზე მეტი მიზეზი, რომ იყოს ბუკჩინის მოქალაქეთა საკრებულოს წევრი, ვიდრე დიდი კორპორაციის ტოპ მენეჯერს ან პოლიციელს.
ბუკჩინის კომუნალიზმის მიღწევის სტრატეგია დაფუძნებული იყო მის ანალიზებზე, რომ კაპიტალისტური საზოგადოების ფუნდამენტური კონფლიქტი მიმდინარეობდა არა კაპიტალსა და მუშათა კლასს შორის, არამედ ადგილობრივ გაერთიანებებსა და ცენტრალიზებულ, მჩაგვრელ სახელმწიფოს შორის. ის არ იყო ისეთი აჯანყებების მომხრე, რომლის დროსაც რევოლუციური საკრებულოები იქმნებოდა. ნაცვლად ამისა, ამბობდა, რომ მოქალაქეებს მშვიდობიანად და კანონის ფარგლებში უნდა შეექმნათ მასობრივი გაერთიანებები, სოფლების ქალაქების და გარეუბნების დონეზე. იმ მიზნით, რომ ეს გაერთიანებები ოფიციალური გამხდარიყო, “ბუკჩინისტები” კენჭს იყრიდნენ ადგილობრივ არჩევნებში. ისინი დაიკავებდნენ ქალაქის საბჭოებს და მსგავს დაწესებულებებს. ისინი ეცდებოდნენ, რომ შეეცვალათ ქალაქის გამგებლობის ქარტიები და მმართველი ორგანოები ჩაენაცვლებინათ სახალხო თვითმმართველობებით. რამდენადაც შესაძლებელი იქნებოდა ისინი ეცდებოდნენ ხელში ჩაეგდოთ ადგილობრივი ბიზნესები და ინდუსტრიები, რათა ეკონომიკის “მუნიციპალიზება” მოეხდინათ. და ეს იქნებოდა ბაზისი ლიბერტარიანული კომუნიზმისა.
შემდეგ ლოკალური გაერთიანებები დაიწყებდნენ ერთმანეთთან დაკავშირებას კონფედერაციის ჩამოსაყალიბებლად. (მათ არ უნდა ეცადათ ქვეყნის მთავრობა არჩევნების ძალით დაემარცხებინათ; ბუკჩინი ამას სახელმწიფო რეფორმად მიიჩნევდა). მოვლენების განვითარების რაღაც ეტაპზე, სახელმწიფო და მმართველი კლასი ეცდებოდა პროცესის შეჩერებას. იქნებოდა დაპირისპირება, ძალადობრივი ან არაძალადობრივი, გარემოებებიდან გამომდინარე. თუ კონფედერაცია გაიმარჯვებდა მივიღებდით რევოლუციას!
ბუკჩინის მიღწევების ღრმა პატივისცემის მიუხედავად, ეს არის გიჟური ფანტაზია. ლოკალური თვითმმართველობების შექმნა საზოგადოებრივი ორგანიზების მაგალითია. მაგრამ მუნიციპალური მთავრობა სახელმწიფოს ნაწილია და მცდელობა, რომ არჩევნებში გაიმარჯვო იგივე პრობლემებს წარმოქმნის, რაზეც ანარქისტები ყოველთვის მიუთითებდნენ მარქსისტებსა და სხვებს, როცა ისინი მთავრობის ნებისმიერ საფეხურზე მოხვედრას ცდილობდნენ.
მართალია ადვილი ჩანს ამბოხებულთა მიერ ადგილობრივი მთავრობების დაკავება, მაგრამ მათ თითქმის არანაირი ძალაუფლება არ გააჩნიათ სახელმწიფოს მთავრობასთან შედარებით. თუ ქალაქი ანტი-კაპიტალისტური პროგრამით დაიწყებს მუშაობას, ცენტრალურ მთავრობას და ბიზნესს არ გაუჭირდება მათ ეკონომიკას საბოტაჟი მოუწყოს. ქალაქების და სოფლების ადგილობრივი თვითმმართველობებიც სახელმწიფოს შემადგენლობაში შედის. თუ ლოკალური რეჟიმი გახდება საკმარისად რადიკალური, სახელმწიფო მთავრობა მას არალეგიტიმურად ცნობს და ძალის გამოყენებით ეცდება დამხობას. იყო შემთხვევები, როცა ნიუ იორკ სითის ბიუჯეტი გადავიდა სახელმწიფოს სპეციალური სამსახურის კონტროლის ქვეშ ფინანსური პრობლემების გამო. იდეა, რომ ხალხს შეუძლია არჩევნებში ხმა მისცეს ლიბერტარიანულ მუნიციპალიზმს ლოკალურ დონეზე, ისეთივე რეფორმისტული და უაზროა, როგორც ეროვნულ დონეზე სოციალიზმისთვის ხმის მიცემა(შეგვიძლია ავიღოთ სირიზას მაგალითი საბერძნეთში).
ბუკჩინისა და მისი მიმდევრების მიერ ამ სტრატეგიის გამოყენების მცდელობები კრახით დასრულდა. არც ანარქისტულმა გარემომ აითვისა რაიმე ლიბერტარიანული მუნიციპალიზმისგან. შეიძლება ეს გახდა მიზეზი, რატომაც ბუკჩინმა საბოლოოდ განაცხადა, რომ ანარქისტი აღარ იყო. სიმართლეს თუ ვიტყვით, ანარქიზმის რევოლუციურ კლასობრივ ბრძოლასაც არ ჰქონია წარმატება უკანასკნელ პერიოდებში. თუმცა კი უდიდესი ისტორია აქვს.
შეჯამება
მურეი ბუკჩინი იყო ნაყოფიერი და გავლენიანი თეორეტიკოსი. მან მოახდინა ანარქიზმისა და ეკოლოგიის მნიშვნელოვანი ინტეგრაცია. მან გვაჩვენა, რომ კაპიტალიზმის სწრაფვა აკუმულაციისკენ არის საფუძველი ეკოლოგიური კრიზისისა. შექმნა მოდელი პოსტ კაპიტალისტური საზოგადოებისა, რომელიც უნდა იქნეს კარგად შესწავლილი და გაანალიზებული.
ბუკჩინმა დაუშვა ფუნდამენტური შეცდომა მუშათა კლასის, როგორც რევოლუციის ერთ-ერთი ძირითადი ძალის უარყოფით. მას არ ესმოდა მშრომელთა მნიშვნელობა კაპიტალიზმში, შესაბამისად არც მათი ინტერესი კაპიტალიზმის დასრულების. ვერ აცნობიერებდა მათ ძალაუფლებას ამის გასაკეთებლად. მეორე მსოფლიო ომის შემდგომი პერიოდს ხედავდა, როგორც კაპიტალისტური განვითარების ახალ ეტაპად, და არა როგორც ღრმად კრიზისული სისტემის დროებით სტაბილურობად, რაც ეკოლოგიური კრიზისის მისსავე ანალიზებში უნდა დაენახა. პროლეტარიატის უარყოფით დაიწყო ალტერნატივების ძიება უკლასო, მულტიკლასობრივ ძალებში – წარმოსახვით “მოქალაქეებში”, რომლებიც მხოლოდ აბსტრაქტული და მორალური საზრუნავით იყვნენ მოტივირებულნი. თავიანთი სტრატეგიით, ისინი შეცვლიდნენ კაპიტალიზმს ლოკალურ არჩევნებში გამარჯვებით.
ასეთ ხედვას არ შეუძლია მოძრაობის წამოწყება, არათუ რევოლუციის.
გამოყენებული მასალები
Biehl, Janet, with Bookchin, Murray (1998). The Politics of Social Ecology: Libertarian Municipalism. Montreal/NY: Black Rose Books.
Bookchin, Murray (1986). Post-Scarcity Anarchism (2nd rev. ed. ). Montreal/Buffalo: Black Rose Books.
Bookchin, Murray (1996). The Third Revolution; Vol. 1: Popular Movements in the Revolutionary Era. London/NY: Cassell.
Bookchin, Murray (2015). The Next Revolution: Popular Assemblies and the Promise of Direct Democracy; Essays by Murray Bookchin (Ed. : Debbie Bookchin & Blair Taylor). London/NY: Verso Books.
Brinton, Maurice (2004). “The Bolsheviks and Workers’ Control, 1917—1921: The State and Counter-Revolution. ” In For Workers’ Power; The Selected Writings of Maurice Brinton (ed. : David Goodway). Oakland CA/Edinburgh UK: AK Press. Pp. 293—378.
Draper, Hal (1978). Karl Marx’s Theory of Revolution; Vol. II: The Politics of Social Classes. NY/London: Monthly Review Press.
Enzinna, Wes (12/29/2015). “The Rojava Experiment. ” The New York Times Magazine. Pp. 38—45.
Kropotkin, Peter (2002). Anarchism: A Collection of Revolutionary Writings (ed. Roger Baldwin). Mineola NY: Dover Publications.
Price, Wayne (2013). The Value of Radical Theory; An Anarchist Introduction to Marx’s Critique of Political Economy. Oakland CA: AK Press.
Schmidt, Michael & van der Walt, Lucien (2009). Black Flame: The Revolutionary Class Politics of Anarchism and Syndicalism; Vol. 1. Oakland: AK Press.
White, Damien F. (2008). Bookchin: A Critical Appraisal. London: Pluto Press.
Wood, Ellen Meiksins (1998). The Retreat from Class; A New ‘True’ Socialism. London/NY: Verso.
Zweig, Michael (2000). The Working Class Majority: America’s Best Kept Secret. Ithaca NY/London UK: Cornell University Press/ILR Press.
წყარო: http://www.anarkismo.net/article/28832