ომის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი რესურსებისა და ბაზრისათვის ბრძოლა წარსულს ჩაბარდა. თანამედროვე ომის უპირველესი მიზანია წარმოებული პროდუქტების გახრჯვა ცხოვრების საერთო დონის აუწევლად. უკვე 19 საუკუნის ბოლოდან ინდუსტრიულ საზოგადოებაში ფარულად არსებობდა პრობლემა, რა ექნათ ჭარბად წარმოებული საქონლისათვის.
პრობლემა მდგომარეობდა იმაში, თუ როგორ შეენარჩუნებინათ ინდუსტრია მსოფლიო დოვლათის გაზრდის გარეშე. საქონელი უნდა შექმნილიყო, მაგრამ არ უნდა განაწილებულიყო. პრაქტიკულად, ამის მიღწევის ერთადერთ საშალებას წარმოადგენდა ყოფნა მუდმივი ომის მდგომარეობაში.
ომის დანიშნულება ნგრევაა, – არა მაინცდამაინც ადამიანთა სიცოცხლის, არამედ ადამიანური შრომის ნაყოფის. ომში ნადგურდება, სტრატოსფეროში იფანტება თუ ზღვაში იძირება მთელი ის მასალა, რომელიც მასებს მეტისმეტ კომფორტს მოუტანდა და, საბოლოოდ, მეტისმეტად ჩააგდებდა ჭკუაში. მაშინაც კი, როცა შექმნილი იარაღი ბოლოს არ ნადგურდება, მისი დამზადებით მაინც მიიღწევა მიზანი: სამუშაო ძალა იხარჯება რაიმე ისეთის წარმოების გარეშე, რასაც ბოლოს რაღაცნაირად მაინც გამოიყენებდნენ… ომი სწორედ იმისკენ არის მიმართული, რომ შთანთქას ყოველგვარი ზედმეტი დოვლათი, რომელსაც შეეძლო ეარსება ადამიანთა უშუალო საჭიროებების შესატყვისად… ომი არა მხოლოდ აუცილებელ ნგრევას იწვევს ძალაუფლების მქონე ადამიანთა სასარგებლოდ, არამედ ფსიქოლოგიური თვალსაზრისით, ამას სავსებით მისაღებად აკეთებს. არსებითად, ზედმეტი შრომა სრულებით მარტივად დაიხარჯებოდა ტაძრებისა და პირამიდების შენებაში, ორმოების თხრასა და ისევ ავსებაში, პროდუქციის ჯერ გამოშვებასა და შემდეგ კი დაწვაში… მაგრამ იერარქიული საზოგადოებისათვის ეს უზრუნველყოფდა მხოლოდ ეკონომიკურ საფუძველს, და არა ემოციურს… სხვა სიტყვებით: მას აუცილებლად უნდა ჰქონდეს ომის მდგომარეობაში მყოფი ადამიანის შესატვისი მენტალიტეტი. მნიშვნელობა არა აქვს, მიმდინარეობს თუ არა ომი სინამდვილეში და, რაკი საბოლოო გამარჯვება შეუძლებელია, არც იმას აქვს მნიშვნელობა, როგორია ომის მსვლეობა – კარგი თუ ცუდი. მხოლოდ ისაა აუცილებელი, რომ არსებობდეს საომარი მდგომარეობა.
* * *
მთელი ისტორიის მანძილზე – ალბათ, ნეოლითის დასასრულიდან – არსებობდა სამი კატეგორიის ადამიანი: მაღალი, საშუალო და დაბალი. ისინი მრავალნაირად იყოფოდნენ, უთვალავ განსხვავებულ სახელს ატარებდნენ და მათი შეფარდება, ისევე, როგორც მათი ურთიერთმიმართება საუკუნიდან საუკუნემდე იცვლებოდა, მაგრამ საზოგადოების ზოგადი სტრუქტურა ყოველთვის იგივე რჩებოდა. თვით უზარმაზარი ძვრებისა და თითქოსდა შეუქცევადი ცვლილებების შემდეგ საზოგადოება ისევ იმავე სქემით კომპლექტდებოდა.
ამ სამ დაჯგუფებას ყოველთვის ამოძრავებდა ერთმანეთთან სრულებით შეუთავსებელი მიზნები. მაღლების მიზანია იქვე დარჩენა, სადაც არიან. საშუალოების მიზანია, შეენაცვლონ მაღლებს. დაბლების მიზანი კი – როცა მათ საერთოდ უჩნდებათ მიზანი(გავრცელებული დახასიათების მიხედვით ხომ დაბლები მეტისმეტად გასრესილნი არიან მძიმე შრომით და, თავიანთი ყოველდღიური ცხოვრების გარდა, ვერაფერს აცნობიერებენ) – ის არის, რომ გააუქმონ ყოველგვარი განსხვავება და შექმნან ისეთი საზოგადოება, რომელშიც ყველა თანასწორი იქნება. ამგვარად, მთელი ისტორიის მანძილზე კიდევ და კიდევ მეორდება არსობრივად ერთი და იგივე ბრძოლა. ხანგრძლივ პერიოდებში მაღლები თითქოს ურყევად ინარჩუნებენ ძალაუფლებას. მაგრამ ადრე თუ გვიან, ყოველთვის დგება მომენტი, როცა ისინი ან საკუთარი თავის რწმენას კარგავენ, ან ქმედითი მართვის უნარს, ან ორივეს. ასეთ მომენტებში მათ ამხობენ საშუალოები, რომლებიც გვერდით იყენებენ დაბლებს, რაკი მოაჩვენებენ, ვითომც ეს უკანასკნელნი საკუთარი თავისუფლებისა და სამართლიანობისთვის იბრძვიან. როგორც კი საშუალოები თავიანთ მიზანს აღწევენ, დაბლებს კვლავ თავის მონურ მდგომარეობაში აბრუნებენ, თვითონ კი მაღლების ადგილს იკავებენ. ამჟამად საშუალოთა ახალი დაჯგუფება კიდევ ერთხელ იწყებს თავის ოდინდელ ბრძოლას. სამი დაჯგუფებიდან მხოლოდ დაბლები ვერ აღწევენ თავიანთ მიზნებს თუნდაც ნაწილობრივ და დროებით. გაზვიადება იქნებოდა იმის თქმა, რომ კაცობრიობის ისტორიის მანძილზე არ მოხდა არანაირი მატერიალური პროგრესი. დღესაც კი, საყოველთაო რეგრესის პერიოდში, საშუალო ადამიანი ფიზიკურად უკეთ გრძნობს თავს, ვიდრე რამდენიმე საუკუნის წინ. მაგრამ ვერც დოვლათის ზრდამ, ვერც მანერების შერბილებამ, ვერავითარმა რეფორმამ თუ რევოლუციამ მილიმეტრიც კი ვერ მოაკლო ადამიანურ უთანასწორობას. დაბლების ხედვის წერტილიდან, არც ერთი ისტორიული ცვლილება არ ყოფილა მათი ბატონების სახელის შეცვლაზე ბევრით მეტი.
მეცხრამეტე საუკუნის მიწურულს მრავალი დამკვირვებლისათვის ცხადი შეიქნა ამ სქმის განმეორებადობა. აღმოცენდა ისეთ მოაზროვნეთა სკოლები, რომლებიც ისტორიას განმარტავდნენ, როგორც ციკლურ პროცესს და ამტკიცებდნენ, რომ უთანასწორობა ადამიანური ცხოვრების შეუცვლელი წესია. რასაკვირველია, ამ მოძღვრებას ყოველთვის ჰყოლია თავისი მიმდევრები, მაგრამ ამჯერად მასში არსებითი ცვლილება შეიტანეს. საზოგადოების იერარქიული წყობის საჭიროება წარსულში სპეციფიკურად მხოლოდ მაღლების მოძღვრების ნაწილს შეადგენდა. მას ქადაგებდნენ მეფეები და არისტოკრატები, ისევე როგორც მღვდლები, იურისტები და სხვა მსგავსი პარაზიტები. ამ მოძღვრებას ნაწილობრივ არბილებდა იმ კომპენსაციის დაპირება, რომელიც ადამიანებს ვითომც საიქიოში ელოდათ. საშუალოები, რაკი ძალაუფლებისთვის იბრძოდნენ, მუდამ მიმართავდნენ ისეთ გამოთქმებს, როგორიცაა თავისუფლება, თანასწორობა და სამართლიანობა. მაგრამ ამჟამად ადამიანთა თავისუფლების კონცეფციას მგზნებარედ იყენებენ ისინი, რომლებსაც მართვის სადავეები ჯერ არ სჭერიათ, თუმცა დიდი ხანია ამ იმედს ატარებენ. წარსულში რევოლუციებს საშუალოები ახდენდნენ თანასწორობის სახელით და მაშინვე ახალ ტირანიას ამყარებდნენ, როგორც კი ძველს დაამხობდნენ, ახალი საშუალოები, ფაქტობრივად, წინასწარ აცხადებენ თავის ტირანიას. სოციალიზმს – მეცხრამეტე საუკუნის დასაწყისში წარმოქმნილ თეორიას და ანტიკურობის დროინდელ მონათა აჯანყებებიდან დაწყებული, ჯაჭვის უკანასკნელ რგოლს – წარსული საუკუნეების უტოპიანიზმის ბეჭედი აზის. თუმცა ყველა იმ სოციალიზმში, რომლებიც 1900 წლის შემდეგ შეიქმნა, თავისუფლება-თანასწორობისკენ- როგორც თავისთავადი მიზნისკენ – სწრაფვა უფრო და უფრო დაუფარავად იქნა უკუგდებული. თანამედროვე პერიოდში წარმოქმნილ ახალ მოძრაოებებს შეგნებულ მიზნად ჰქონდა არათავისუფლება და არათანასწორობა. ეს ახალი მოძრაობები, რა თქმა უნდა, ძველებისგან იშვა. სცადეს კიდეც, შეენარჩუნებინათ ძველი სახელები და ყასიდად ედიდებინათ ძველების იდეოლოგია. არსებითად კი, ყოველი მათგანის მიზანი იყო პროგრესის შეჩერება და ისტორიის გაყინვა მოცემულ მომენტში. ქანქარის ნაცნობი რხევა კიდევ ერთხელ უნდა განმეორებულიყო და შემდეგ საბოლოოდ შეჩერებულიყო. როგორც ადრე ხდებოდა, საშუალოებს მაღლები უნდა დაემხოთ და მათი ადგილი დაეკავებინათ, ოღონდ ამჯერად – ერთხელ და სამუდამოდ.
ახალი მოძღვრებები იშვა, ნაწილობრივ, ისტორიული ცოდნის დაგროვების გამო, ნაწილობრივ კი – ისტორიის შეგრძნების ზრდის მიზეზით. ეს შეგრძნება, შეიძლება ითქვას, მეცხრამეტე საუკუნემდე არც კი არსებობდა. ისტორიის ციკლური მოძრაობა ამჯერად მოხელთაბადი გახდა ან, ყოველ შემთხვევაში, ასეთად გამოჩნდა. და რაკი ასეა, მაშინ შესაძლებელი შეიქნა მისი შეცვლაც. მაგრამ ამ მოძღვრებათა წარმოქმნის არსებითი და სიღრმეში მყოფ მიზეზს მაინც ის წარმოადგენდა, რომ მეოცე საუკუნის დასაწყისში ადამიანური თანასწორობა ტექნიკურად შესაძლებელი გახდა. მართალია, ადამიანები თავ-თავიანთი ბუნებრივი ნიჭიერებით ერთმანეთს ჩამოუვარდებოდნენ და, ამდენად, მათი ფუნქციებიც ისეთნაირად უნდა განაწილებულიყო, რომ ერთი მეორეს აღმატებოდა, მაგრამ ამასთან ერთად აღარ არსებობდა რაიმე რეალური საჭიროება კლასობრივი თუ დიდი ქონებრივი განსახვავებისთვის. ადრეულ საუკუნეებში კლასობრივი განსხვავებები არა მხოლოდ გადრაუვალი იყო, არამედ სასურველიც. უთანასწორობა თან სდევდა ცივილიზაციის ნაკლებობას. მაგრამ მანქანური პროდუქციის შექმნასთან ერთდ ვითარება შეიცვალა. მართალია, ადამიანებს მაინც უნდა შეესრულებინათ სხვადასხვა სამუშაო, მაგრამ აღარ არსებობდა აუცილებლობა იმისა, რომ მათ განსხვავებულ სოციალურ და ეკონომიკურ პირობებში ეცხოვრათ. ამიტომაც იმ დაჯგუფებებისთვის, რომლებსაც სულ მალე ხელში უნდა ჩაეგდოთ ძალაუფლება, ადამიანური თანასწორობა მისწრაფების კი არა, სწორედ თავიდან აცილების საგანს წარმოადგენდა. უფრო პრიმიტიულ საუკუნეებში, როცა სამართლიანი და თავისუფალი საზოგადოება პრაქტიკულად ვერ იარსებებდა, სავსებით შესაძლებელი იყო თანასწორობის ამ იდეალის დაჯერება. ხალხთა წარმოსახვას ათასწლეულების განმავლობაში აღაგზნებდა იდეა მიწიერი სამოთხისა, სადაც ადამიანები ძმური თანაარსებობით იცხოვრებდნენ, ყოველგვარი კანონისა თუ მონური შრომის გარეშე. ეს აზრი გარკვეულწილად ჭკუაში უდებოდათ იმ დაჯგუფებსაც კი, რომლებიც სათვისო სარგებელს ყოველ ისტორიულ ცვლილებაში პოულობდნენ. საფრანგეთის, ინგლისისა და ამერიკის რევოლუციების მემკვიდრეებს, ნაწილობრივ, სჯეროდათ კიდეც საკუთრი ლოზუნგები ადამიანის უფლებების, სიტყვის თავისუფლების, კანონის წინაშე თანასწორობის შესახებ და თავისი მმართველობა რამდენადმე ამ გეზითაც მიჰყავდათ. მაგრამ მეოცე საუკუნის მეოთხე ათწლეულში პოლიტიკური აზრის ყველა ძირითადი ნაკადი უკვე ავტორიტარული გახდა. მიწიერი სამოთხე დისკრედიტირებულ იქნა სწორედ მაშინ, როდესაც თითქოს დამკვიდრებამდე აღარაფერი უკლდა. ყველა ახალი პოლიტიკური თეორია, რა სახელიც უნდა ეტარებინა, უკან მიუბრუნდა იერარქიას და დაქვემდებარებას. და ადამიანური მსოფლმხედვის ამ საერთო გახევებაში, ანუ დაახლოებით 1930 წელს, არათუ ახალი სიცოცხლით აღორძინდა ზოგ შემთხვევაში, უკვე საუკუნეების წინ უარყოფილი ისეთი ქმედებები, როგორიცაა გაუსამართლებლად დაპატიმრება, სამხედრო ტყვეთა მონური გამოყენება, სიკვდილით დასჯა საჯაროდ, გამოსატეხი წამება, მძევლების აყვანა და მთელი მოსახლეობის დეპორტაცია, არამედ ამ ყველაფერს ტოლერანტული თვალით შეხედეს და დამცველებადაც კი დაუდგნენ ადამიანები, თავიანთ თავს განსწავლულად და პროგრესულად რომ მიიჩნევდნენ.
სამამულო და სამოქალაქო ომების რევოლუციებისა და კონტრევოლუციების ათწლეულის შემდეგ მთელ მსოფლიოში ერთდროულად გამოჩნდა მთლიანად დამუშვებული პოლიტიკური თეორიები. თუმცა ეს თეორიები დაჩრდილა საუკუნის დასაწყისში ამოტივტივებულმა „ტოტალიტარულად“ წოდებულმა სხვადასხვა სისტემამ და უკვე კარგა ხნით ადრე გამოჩნდა იმ მსოფლიოს მთავარი მონახაზიც, საყოველთაო ქაოსიდან რომ უნდა აღმოცენებულიყო. ისიც ნათელია, თუ რა კატეგორიის ადამიანები გააკონტროლებდნენ ამ მსოფლიოს. ახალი არისტოკრატია შეიქმნა ბიუროკრატიის დიდი ნაწილის, მეცნიერების, ტექნოკრატების, სავაჭრო კავშირების ორგანიზატორების, სახალხო ექსპერტების, სოციოლოგების, მასწავლებლების , ჟურნალისტებისა და პროფესიონალი პოლიტიკოსებისგან. ხელფასით უზრუნველყოფილი საშუალო ფენიდან წარმოშობილი ეს ხალხი გამოძერწა და ერთად შეყარა მონოპოლიური ინდუსტრიისა და ცენტრალიზებული მმართველობის მწირმა სამყარომ. წინა საუკუნეებში მოღვაწე მათი მეტოქეებისგან განსხვავებით, ისინი ნაკლებად ხარბები და ფუფუნებით ნაკლებად ცდუნებულნიც იყვნენ, წმინდა ძალაუფლებას უფრო დანატრულნიც და, უწინარეს ყოვლისა, თავის წინამორბედებზე უფრო მეტად გამცნობიერებელნი იმისა, რას აკეთებდნენ, და უფრო მეტად შემართულნი მოწინააღმდეგეთა დასამხობად. ეს უკანასკნელი განსხვავება მართლაც კარდინალური იყო. დღევანდელ ტირანიასთან შედარებით წარსულის ყველა ტირანია სანახევრო და არაქმედითი ჩანდა. მმართველი ჯგუფები, მუდამ რამდენადმე ატანილნი ლიბერალური იდეებით და იმით კმაყოფილნი, რომ ყველგან თავისი აზრების თავისუფალ ბოლოებს ტოვებდნენ, მხოლოდ ღია ქმედებას უყურებდნენ და არ აინტერესებდათ, რას ფიქრობდნენ მათი სუბიექტები. თვით შუა საუკუნეების დროინდელი კათოლიკური ეკლესიაც კი ტოლერანტულად უყურებდა ცხოვრების თანამედროვე სტანდარტებს. ამის მიზეზი, ნაწილობრივ, ის იყო, რომ წარსულში არც ერთ ხელისუფლებას არ ძალუძდა თავისი ქვეყნის მოქალაქეთა ყოლა მუდმივი ზედამხედველობის ქვეშ. ბეჭდვის გამოგონებამ უფრო ადვილი გახადა მანიპულირება საზოგადოებრივ აზრზე, ფილმმა და რადიომ კი, ამ მხრივ, საქმე უფრო წინაც წასწია. ტელევიზიისა და ტექნიკის საერთო განვითარებასთან ერთად, როცა შესაძლებელი გახდა ინფორმაციის მიღება და გადაცემა ერთი და იმავე ინსტრუმეტის მეშვეობით, ბოლო მოეღო ადამიანის პირად ცხოვრებასაც. შესაძლებელი გახდა ოცდაოთხსაათიანი პოლიციური კონტროლი, ისევე, როგორც სამუდამო მოხვედრა ოფიციალური პროპაგანდის ყბაში (თანაც – კომუნიკაციის ყველა სხვა არხის გადაკეტვით) თითოეული მოქალაქისა ან, ყოველ შემთხვევაში, ყველა ისეთი მოქალაქისა, რომელიც რამდენადმე მაინც მნიშვნელოვანი იყო სათვალთვალოდ. პირველად განხორციელდა არათუ მხოლოდ სრული დაქვემდებარება სახელმწიფოს ნებისადმი, არამედ ყველა საკითხებში მოქალაქეთა შეხედულებების სრული ერთნაირობის დამკვიდრებაც.
ორმოცდაათიან-სამოციანი წლების რევოლუციური პერიოდის შემდეგ საზოგადოება უწინდებურად დაჯგუფდა მაღალ, საშუალო და დაბალ კატეგორიებად. მაგრამ, თავის წინამორბედთგან განსხვავებით, მაღლები ინსტიქტურად კი არ მოქმედებდნენ, არამედ სრული შეგნებით იმისა, თუ რა იყო საჭირო ახლად მოპოვებული პოზიციის განსამტკიცებლად. ჯერ კიდევ დიდი ხნის წინ გაირკვა, რომ ერთადერთ მკვიდრ საყრდენს ოლიგარქიისთვის წარომადგენს კოლექტივიზმი. სიმდიდრე და პრივილეგია ყველაზე კარგად მაშინ არის დაცული, როცა მათ გაერთიანებული ძალებით ფლობენ. ეგრეთ წოდებული „კერძო საკუთრების მოსპობა“ , რასაც ადგილი ჰქონდა ამ საუკუნის შუა წლებში, არსებითად, არსებითად, ნიშნავდა ქონების მოხვედრას უწინდელზე გაცილებით უფრო ნაკლები ინდივიდ ხელში, ოღონდ იმ განსხვავებით, რომ ახალი მფლობელები წარმოადგენდნენ ადამიანთ ერთ ჯგუფს და არა მთელ მასას. ინდივიდუალურად, სისტემის არც ერთი წევრი არ ფლობს არაფერს, უმნიშვნელო პირადი ნივთების გარდა. კოლექტიურად, სისტემას ეკუთვნის ყველაფერი, რადგან ყველაფერს აკონტროლებს და ისე განკარგავს ქვეყანაში შექმნილ დოვლათს, როგორც თავად მიიჩნევს საჭიროდ. რევოლუციის შემდგომ წლებში შესაძლებელი გახდა ამ მმართველ პოზიციაში მოხვედრა, რადგანა მთელი პროცესი წარმოდგენილ იქნა კოლექტივიზაციის აქტად. ყოველთვის ითვლებოდა, რომ კაპიტალიზმის გაუქმებას უთუოდ სოციალიზმი მოჰყვებოდა. და კაპიტალისტებს ულაპარაკოდ ჩამოერთვათ ქონება – ქარხნები, მაღაროები, მიწა, სახლები, ტრანსპორტი. და რადგან ეს ყველაფერი აღარ წარმოადგენდა კერძო საკუთრებას, ესე იგი, უკვე ხალხის ქონება იყო. ფაქტობრივად, განხორციელდა პროგრამის მთავარი დებულება წინასწარ გათვალისწინებულ-დაგეგმილი შედეგით: მუდმივი ეკონომიკური უთანასწორობით.
მაგრამ საზოგადოების იერარქიული წყობის გამუდმივებასთან დაკავშირებული პრობლემები უფრო ღრმად მიდის. არსებობს მმართველი ჯგუფის დამხობის ოთხი გზა: ის ან გარედან მარცხდება, ან ისე არაეფექტურად მართავს, რომ მასები ჯანყდებიან, ან დაუშვებს იმას, რომ შეცვლილ იქნას ძლიერი და უკმაყოფილო საშუალო ჯგუფით, ან თვითონვე კარგავს თვითრწმენას და მართვის შინაგან ნებას. ეს ოთხი მიზეზი არა ცალ-ცალკე, არამედ, როგორც წესი, ერთდროულად მოქმედებს, ოღონდ სხვადასხვა შემთხვევაში – განსხვავებული შეფარდებით. ოთხივე მხრიდან დაცული მმართველი კლასი მუდმივად დარჩება სათავეში. საბოლოოდ, განმსაზღვრელი ფაქტორი თვით მმართველი კლასის გონებრივი პოზიციაა.
მიმდინარე საუკუნის შუა პერიოდის შემდეგ პირველი საფრთხე, არსებითად, აღარ არსებობს. მსოფლიოს გამნაწილებელი რამდენიმე ძალაუფლებიდან თითოეული, პრაქტიკულად, დაუმარცხებელია (დამარცხდებოდა მხოლოდ ნელი დემოგრაფიული დაპყრობით, რასაც დიდი რესურსებით აღჭურვილი მთავრობა იოლდა უსხლტება). მასები არასოდეს ჯანყდებიან თვითშეთანხმებით და არც, უბრალოდ, თავისი დაჩაგრულობის მიზეზით. მათ ხომ არასოდეს ჰქონიათ უფლება, ჰქონოდათ საზომები შესადარებლად, და ისიც კი არ იციან, რომ დაჩაგრულები არიან. გარდასული ხანების განმეორებადი ეკონომიკური კრიზისები სრულებით არასაჭიროა და უკვე დაუშვებელიც. თუმცა შესაძლებელია და ხდება კიდეც სხვა, არანაკლებ ფართომასშტაბიანი აშლილობები პოლიტიკური ცვლილებების გარეშე, რადგან არ არსებობს უკმაყოფილების მკაფიოდ ჩამოყალილება-გამოთქმის რაიმე გზა. რაც შეეხება ჭარბ პროდუქციას, ფარულად რომ გაჩნდა ჩვენს საზოგადოებში მანქანური ტექნიკის განვითარებასთან ერთად, – ამ პრობლემის გადაწყვეტა ხდება განუწყვეტელი საომარი მოქმედებებით, რომლებიც გამოიყენება, აგრეთვე, საზოგადოებრივი მორალის სასურველ წეტილამდე აღსაგზნებად. ამდენად, ჩვენს ამჟამინდელ მმართველთა თვალთახედვით, ერთადერთ ნამდვილ საშიშროებას წარმოადგენს ცუდად გამოყენებულ ძალაუფლებას მოწყურებული უნარიანი ადამიანების ახალი ჯგუფის ჩამოყალიბება, ისევე, როგორც ლიბერალიზმისა და სკეპტიციზმის ზრდა თვით მმართველ წრეებში. პრობლემა, ასე ვთქვათ განათლების სფეროს ეკუთვნის და მდგომარეობს მმართველი ჯგუფისა და უშუალოდ მის დაქვემდებარებაში მყოფ აღმასრულებელთა უფრო მრავალრიცხოვანი ჯგუფის ცნობიერებათა „გაფხვიერებაში“. რაც შეეხება მასების ცნობიერებას, ის მხოლოდ უარყოფთ ზემოქმედაბას საჭიროებს.
სისტემა კლასი არ არის, ამ სიტყვის ძველი გაგებით, და არ აპირებს ძალაუფლების გადაცემას თავისი შვილების, როგორც ასეთების ხელში(თუმცა მათ შვილებს აქვთ უკეთესი პირობები და საშუალება რომ მიიღონ განათლება და მოექცნენ ძალაუფლების სათავეებში). და თუ აღარ იარსებებს არანაირი საშუალება იმისა, რომ ქვეყნის სათავეში ყველაზე უნარიანი ადამიანები დარჩნენ, სასწრაფოდ მომზადდება მთელი ახალი თაობა პროლეტარიატის ფენიდან. იმ ამბავმა, რომ გადამწყვეტ წლებში სისტემა არ იყო მემკვიდრეობით წარმოქმნილი სხეული, დიდად შეუწყო ხელი ოპოზიციის განეიტრალებას. მოძველებული ყაიდის სოციალისტი რომელიც გაწვრთნილი იყო იმისთვის, რომ ეგრეთ წოდებული „კლასობრივი პრივილეგიის“ წინააღმდეგ ებრძოლა, ვარაუდობდა: ის, რაც მემკვიდრეობითი არ არის, ვერც პერმანენტული იქნებაო. ის ვერც ხედავდა რომ ოლიგარქიის დღეგრძელობა არ საჭიროებს მის ფიზიკურ არსებობას. ის ვერც იმას იაზრებდა, რომ მემკვიდრეობითი არისტოკრატია მუდამ დღემოკლე იყო, მაშინ, როცა ისეთი „ნაშვილები“ ორგანიზაცია-ორგანიზმები, როგორიც არის, ვთქვათ, ქრისტიანული ეკლესია, ასეულობით და ზოგჯერ ათასეულობით წლების განმავლობაში ცოცხლობდა. ოლიგარქიული კანონის არსი მამაშვილურ მემკვიდრეობითობაში კი არ მდგომარეობს, არამედ გარკვეული მსოფლხედვის მუდმივობასა და გარკვეული წესით ცხოვრებაში, – ისეთით, რომელსაც მკვდრები კარნახობენ ცოცხლებს. მმართველი ჯგუფი მმართველია მანამდე, სანამ შეუძლია თავის მემკვიდრეთა დასახელება-დანიშვნა. სისტემის მიზანი საკუთარი სისხლის გამარადიულება კი არ არის, არამედ საკუთარი თავის, როგორც ასეთის. მნიშვნელობა არა აქვს, ვინ ფლობს ძალაუფლებას, მთავარია, მუდმივად შენარჩუნდეს იერარქიული სტრუქტურა.