ფრანცისკო ფერერი

ფრანცისკო ფერერი, შეიძლება ითქვას თანამედროვე დროის ერეტიკოსია აღსრულებული ერეტიკოსობისთვის. მისი ნაშრომი თანამედროვე სკოლის წარმოშობაზე და იდეაზე იყო კრიტიკულ აზროვნებაზე დაფუძნებული და ძალიან ინსპირაციული[*] წიგნი. სწორედ ამ წიგნში ამტკიცებდა ფერერი ქალ-ვაჟების ერთად სწავლების აუცილებლობაზე.

მეხუთე თავში, ის აღნიშნავს, “ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტი, ჩვენს რაციონალურ პროგრამაში, ინტელექტუალურ კონდინციაზე და მომავალზე, იქნებოდა თანამედროვე ცრურწმენების დაძლევა და ქალებისა და ვაჟებისთვის ერთად სწავლების საშუალება.” ის აგრეთვე აცხადებდა რომ ღარიბებისა და მდიდრების შვილებიც ერთად უნდა სწავლობდნენ საჯარო სკოლაში. მეექვსე თავში ის ამბობს: “განსხვავებულ სქესთან ერთად განსხვავებული სოციალური ფენების ბავშვებიც ერთად უნდა სწავლობდნენ. შესაძლოა მე დამეარსებინა სკოლა, სადაც საგნებს უფასოდ შევასწავლიდი ბავშვებს, მაგრამ სკოლა მხოლოდ ღარიბებისთვის იქნებოდა არარაციონალური, ხოლო მას მერე, რაც უკუგდებული იქნებოდა მორჩილებისა და ბრმა ნდობის სწავლება, როგორც ეს ძველი ყაიდის სკოლებშია, მაშინ ისინი იქნებოდნენ მიდრეკილები ამბოხისაკენ და გაუღვივდებოდათ სიძულვილის გრძნობა”.

ფერერის მოღვაწეობის დროს ესპანეთში წერაკითხვის მცოდნეთა რიცხვი 50 პროცენტსაც კი არ შეადგენდა, ხოლო ყველა მოქმედი სკოლა იყო ეკლესიის მიერ რეგულირებული. განათლება, რომელსაც იმ დროინდელ სკოლაში იღებდნენ ახალგაზრდები იყო რელიგური დოგმებითა და შეუწყნარებლობით გაჟღენთილი. როცა ფერერი ასწავლიდა ესპანურ ენას პარიზში, ერთმა მისმა მდიდარმა მოსწავლემ მილიონი ფრანკის ოქრო გადასცა, რათა ესპანეთში არარელიგიური სკოლები დაეარსებინა. კათოლიციზმი იმ ეპოქაშიც ქალის მტერი იყო და სავსებით სამართლიანად შეიძლება ითქვას – ახლაც ასეა. ის გამძაფრდა მას შემდეგ, რაც ქრისტიანებმა დაჩაგრეს სუფრაჟისტები, სიუზან ბ. ენტონი და ელიზაბეთ კედი სტენტონი მათი მოძღვრებისა და ხმის ჩახშობით. ფერერის წიგნის მეხუთე თავს, რომ დავესესხოთ და ციტატა მოვიშველიოთ: „ეს დარბაისლური ინსტიტუცია, მოწიწებას რომ აღუძრავს ადამიანს, ბატონობს ჩვენი ხალხის გონებაზე, იურვებს მის აზრებსა და ფიქრებს; თან აცხადებს, რომ ადამიანის ცხოვრების ყველაზე დიდებული, საზეიმო წუთია კაცისა და ქალის შეერთება ქორწინების წმინდა კავშირით თავისი ცერემონიული ზარ-ზეიმით, გადაჭარბებული და ამაო მედიდურობითა რომ გამოირჩევა; აცხადებს, რომ ქალი კაცის თანამგზავრია. ეს მხოლოდ ცარიელი სიტყვებია, ფუყე, ყოველგვარ აზრს მოკლებული; რომელსაც სულაც არ გააჩნია სასიცოცხლოდ აუცილებელი და რაციონალური მნიშვნელობა რეალურ ცხოვრებაში, რამეთუ ის, რასაც ვხედავთ და რისი მოწმენიც შევიქმენით ქრისტიანული ეკლესიისა და მეტადრე, კათოლიციზმის პრაქტიკაში, სრულებით ეწინააღმდეგება მათგანვე ნაქადაგებ იდეებს. არცთუ ისე დიდი ხნის წინ, კეთილგონიერებითა და დიდი გულწრფელობით გამორჩეული ერთი ქრისტიანი ქალი მწარედ ჩიოდა, რამეთუ თავისი სქესის წარმომადგენლები უკიდურესი მორალური დამცირების, უკიდურესი დამდაბლებისა და დაკნინების მსხვერპლნი არიან ეკლესიის წიაღში: „თუკი ქალი ესწრაფვის თვით ყველაზე დაბალ თანამდებობას ეკლესიაში და მოლარედ გახდომა სწადია, მკრეხელურ და ღვთისმგმობლურ სიმამაცეს სწამებენ“. რობერტ გრინ ინგერსოლმა თქვა სქესთა თანასწორობის თაობაზე: „მღვდელი ქალის პარაზიტია“ (ელენ ჰ. გარდნერის ნაშრომის, „კაცები, ქალები და ღმერთები“, შესავალში).



1902 წელს გაიხსნა ფერერის პირველი თანამედროვე სკოლა, სადაც ნებადართული იყო ერთად ესწავლათ როგორც მდედრობითი და მამრობითი სქესის წარმომადგენლებს, ასევე მდიდრებს და ღარიბებს. სასკოლო სახელმძღვანელოებიდან ამოღებული იყო რელიგიური წიგნები, სკოლა სრულიად სეკულარულ განათლებას იძლეოდა. შედეგად, მალე ორმოცამდე ამგვარი სკოლა იყო ხელმისაწვდომი ბარსელონაში და მისი სახელმძღვანელოები აღიარებული და ადაპტირებულ იქნა ორჯერ უფრო მეტ სხვა სკოლაში. ფერერმა რელიგია შეაფასა როგორც “ანტიკური დროის ცთომილება” და წინ გაუძღვა ხალხს მაღალი დონის განათლებისკენ. ის მათ ასწავლიდა რეალურ სამყაროზე, თანასწორობას, ცხოვრებაზე და სიყვარულზე. ცოდნა, რომელთაც ეზიარა ბავშვების გონება, ძალიან ამაღელვებელი და შთამაგონებელი იყო. ბავშვები, რომელთაც თავი დააღწიეს კათოლიკურ სკოლებს, იმის გამო რომ შესაძლოა არასწორი გენდერის წარმომადგენლები ან სოციალური ფენიდან ყოფილიყვნენ, ეხლა შეეძლოთ გაცნობილიყვნენ საოცარ სამყაროს და წინ წასულიყვნენ პიროვნულ განვითარებაში. რომის კათოლიკურმა ეკლესიამ აითვალწუნა ფერერი. ბუნებრივია, ეკლესიას ხომ ძალიან დიდი ისტორია აქვს ცოდნის სიძულვილზე, რამდენიმე საუკუნის განმავლობაში კითხვა და წერა მხოლოდ სამღვდელოებით იყო შემოფარგლული. 1906 წელს ერთმა ანარქისტმა სცადა ესპანეთის მეფის, ალფონსო XIII მვკლელობა ბომბით. ამ მოვლენაზე პასუხისმგებლობა ფერერის დააკისრეს და მისი სკოლები დახურეს. ფერერი დააპატიმრეს, ციხის კედელზე ფერერმა წააწერა:

“როცა შეწყვეტილი იქნება ღმერთების თაყვანისცემა და ექსპლუატატორების მსახურება, მაშინ ვიცხოვრებთ ამხანაგურად ურთიერთდახმარებით და ურთიერთპატივისცემით”.

ფერერი ამჯერად გაამართლეს.

პოლიციასა და სასამართლოსთან ამ ინციდენტის მერევე, ფერერმა დაიწყო სკოლების აღორძინება და დაარსა რაციონალური განათლების ინტერნაციონალური ლიგა. შედეგი, რაც უნდა მოჰყოლოდა, იყო აჯანყება. მას მერე, რაც ესპანეთმა დაკარგა თავისი იმპერიალიზმის რესურსების წყაროები: პუერტო რიკო, კუბა და ფილიპინები. ამ ტენდენციას მაროკოც უერთდებოდა.

1909 წლის 11 ივლისს ესპანეთის მთავრობამ დაიწყო მოსახლეობიდან რეზერვისტების ჯარში გაწვევა, რომ შეენარჩუნებინა მაროკოზე კონტროლი, რათა დაეკმაყოფილა თავისი გაუმაძღარი იმპერიალისტური ზრახვები. ათასობით კაცი და ქალი გაეშურა ნავმისადგომებისა და რკინიგზის სადგურებისკენ ომში წასასვლელად. თუმცა, სახელმწიფოს გეგმები ჩაიშალა. ქალებმა დაიწყეს რკინიგზის ბლოკირება და საერთო გაფიცვის კომიტეტმა, რომელსაც ხელმძღვანელობდნენ ხოსე რომერო და მიგელ მორენო, მოუწოდეს ათასობით მუშას ბარსელონის ქარხნებში გაფიცვებისაკენ. რომის კათოლიკური ეკლესიის მხარდაჭერილმა ესპანეთის ტირანიულ მთავრობამ შედეგად მიიღო რადიკალური პროტესტი, რომელელიც გადაიზარდა ძალადობაში ესპანეთის რეგულარულ არმიასთან დაპირისპირებით. აღნიშნული მოვლენები ისტორიაში ცნობილია სახელწოდებით “ტრაგიკული კვირა”.

ამ დროის განმავლობაში ქალებმა და კაცებმა გაიბრძოლეს ჩაგვრის წინააღმდეგ, მათ გადაწვეს და დაანგრიეს ათეულობით ეკლესია, აყარეს ლიანდაგები და თავს დაესხნენ სამხედრო ყაზარმებს. მშრომელებმა ააგეს ბარიკადები რათა დაეცვათ ქალაქი ჯარისკაცების შემოსვლისაგან. ბევრმა ჯარისკაცმა დეზერტირობა დაიწყო და უარი განაცხადა ღიად შეკრებილი ხალხისთვის ცეცხლის გახსნაზე. ერთმა სასულიერო პირმა განაცხადა, “უღმერთო სკოლების პარტიზანები აღკვეთილნი უნდა იყვნენ თუ გვინდა რომ მშვიდობა აღდგეს და ესპანეთი ღვთის გზას დაუბრუნდეს”. საბოლოოდ არტილერიამ და ძალოვანებმა აიღეს ქალაქი ბარსელონა, მოკლეს რა 600-ზე მეტი მუშა.

“ტრაგიკული კვირის” დროს ფერერი არც კი იმყოფებოდა ბარსელონასა და მის შემოგარენში. თუმცა, ის იქნა ბრალდებული ამ ბუნტის ლიდერობაში. სასამართლო პროცესი და განაჩენიც ღვარძლიანად სასტიკი იყო. როცა ფერერმა მოისურვა მოწმეებისთვის ჩამოერთვათ ჩვენება, რათა დაემტკიცებინა საკუთარი სიმართლე, მოსამართლემ უარი განუცხადა საერთოდ სიტყვის უფლებაზე. ამბოხში ეჭვმიტანილი რამდენიმე ადამიანი გაანთავისუფლეს ფერერის წინააღმდეგ მიცემული ცრუჩვენების სანაცვლოდ. ამრიგად, სასამართლომ ადვილად ცნო ის დამნაშავედ და სიკვდილი მიუსაჯა .

1909 წლის 13 ოქტომბერს ფერერმა თავისი საკნის კედელზე წარწერა დატოვა:

“დაე არავინ ემსახუროს ღმერთს და ექსპლუატატორს, რათა მეტად გვიყვარდეს ერთმანეთი”

სასიკვდილო ვერდიქტიდან მალევე, ის გადაყვანილ იქნა მონჯუიკის (Montjuïc) ციხესიმაგრეში, სადაც ის დახვრიტეს. მბრალდებელ სამხედრო პროკურორს, რომლის მსროლელთა რაზმმა ესროლა ფერერს, რომის პაპმა პიუს X მოოქროვილი ხანჯალი გაუგზავნა, რომელზეც გრავირებული იყო მისი მილოცვა პროკურორისადმი. ეს დიდებული ადამიანი, ფრანცისკო ფერერი, იყო მიზეზი იმ თაობის ცნობიერებაში მომხდარი რევოლუციისა. ის წინ აღუდგა ახალგაზრდების გონებაში ქრისტიანობის ყველაზე საზიზღარი იდეების ჩანერგვას, თაყვანისცემას ღმერთისა, რომელიც ითხოვს განსხვავებულის დასჯას და მარადიულ ტანჯვას. ის მედგრად იდგა დარწმუნებული თავის პოზიციებში ტყვიის წინაშეც. ფერერი მუდამ იცოცხლებს თავისუფალი მოაზროვნეებისა და ჰუმანისტების გულებში.

_________________________________

*ფერერის პედაგოგიკურ შეხედულებებზე დიდი გავლენა იქონია უილიამ გოდვინის და ჟან-ჟაკ რუსოს შრომებმა, ორივე მათგანი უარყოფდა ძალდატანებით სწავლებას. ფერერმა თავის ცხოვრებაშივე გამოიწვია დიდი ყურადღება ინტერნაციონალური საზოგადოებიდან, როგორებიც იყვნენ ბერნარდ შოუ, ჰერბერტ უელსი, არტურ კონან დოილი და ლევ ტოლსტოი. ტოლსტოიმ დაარსა სკოლა იასნაია პოლიანაში. მართალია, სკოლამ მეფის რუსეთის პოლიციური რეჟიმის გამო დიდი ხანი ვერ იარსება, მაგრამ თავის მხრივ მან გავლენა იქონია ა.ს. ნილის სამერჰილის სკოლის ორგანიზებაში. ლიბერტარული პედაგოგიკის ტრადიციაზე, სწორედ ანარქისტები იყვნენ განათლების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფილოსოფოსები: პოლ გუდმანი, ივან ილიჩი, კოლინ ვარდი.