დიდი დრო გავიდა მას შემდეგ, რაც მომაკვდავი პირველყოფილი ადამიანი თავის შვილებს კაჟის ქვისაგან გამოკვეთილ რამდენიმე “იარაღს”, რაიმე თავშესაფარს, რამდენიმე მოუხერხებელ ჭურჭელს და უსაზღვრო, საშინელ, შეუცნოებელ ბუნებას უტოვებდა, რომელთანაც მათ ყოველდღიურად სასტიკი ბრძოლა უნდა გაემართათ, საკუთარი უმწეო არსებობის შესანარჩუნებლად.
თუმცა, ადამიანმა ამის შემდეგ ათასობით წლის განმავლობაში, დიდი განძის დაგროვება მოახერხა. მან ამოავსო ჭაობები, დააგო გზები და გაჩეხა ტყეები. ის აშენებდა, იგონებდა, აკვირდებოდა, აანალიზებდა. მან შექმნა მრავალი რთული მექანიზმის იარაღი, ამოხსნა ბუნების ბევრი საიდუმლო – და ახლა, თანემედროვე დროში, ცივილიზებულ ქვეყანაში დაბადებული ბავშვი, შეიძლება დაბადებისთანავე იყოს უზარმაზარი კაპიტალის მფლობელი, შექმნილის და დაგროვებულის მათ მიერ, ვინც ცხოვრობდა და მუშაობდა მის დაბადებამდე. ეს კაპიტალი მას აძლევს შანსს, რომ თავისი მცირედი შრომის სხვების შრომასთან გაერთიანებით, შექმნას წარმოუდგენელი სიმდიდრე, რომელთან შედარებითაც “ათას ერთ ღამეში” აღწერილი ყველა განძი, მცირედ მოგვეჩვენება.
გასუფთავებული ნიადაგი მხოლოდ ელოდება, როდის გამოიყენებენ მას გონივრულად, დათესავენ კარგ თესლს, უხვი მოსავლის ასაღებად, რომელიც ბევრად მეტია, ვიდრე ადამიანების მოთხოვნილების სრულიად დაკმაყოფილებას სჭირდება.
ამერიკული სტეპების ნიადაგზე, ასი ადამიანი, მანქანების დახმარებით, რამდენიმე თვეში აწარმოებს იმ რაოდენობის პურს, რომელიც საკმარისია ათი ათასი ადამიანის ერთი წლის განმავლობაში გამოსაკვებად. ადამიანი, რომელსაც სურს რომ გაზარდოს თავისი შემოსავალი, თავად ამუშავებს საჭირო ნიადაგს და უვლის თითოეულ მცენარეს, შესაბამისად ის იღებს უხვ მოსავალს. ის ნაკლები რისკისა და შრომის ხარჯზე იღებს მეტ შემოსავალს, ვიდრე მონადირე, რომელსაც სჭირდება ასობით კვადრატული მეტრის შემოვლა ოჯახისათვის საკმარისი საკვების მოსაპოვებლად.
კლიმატი მისთვის შემაფერხებელი არ არის. თუ მზის სითბო არ კმარა, ის მას ხელოვნური სითბოთი ჩაანაცვლებს, შემდეგ კი ხელოვნურ განათებასაც გამოიყენებს მცენარეთა ზრდის დასაჩქარებლად. მინის კონსტრუქციისა და თუჯის მილების საშუალებით, რომლებშიც ცხელი წყალი გადის, ის მიწის მცირე ნაწილზე, იმაზე ათჯერ მეტ მოსავალს მიიღებს, ვიდრე ადრე ბუნებრივ ჰაერზე იღებდა.
კიდევ უფრო გასაოცარია მიღწევები, რომლებიც ადამიანებს მრეწველობაში აქვთ. თანამედროვე მანქანათა დახმარებით – გონიერი ქმნილებები, რომლებიც სამი თუ ოთხი თაობის უცნობი გამომგონებლების შრომის წყალობითაა შექმნილი – ახლა ასი ადამიანი აწარმოებს ტანსაცმლის ისეთ რაოდენობას, რომელიც საკმარისია ათი ათასი ადამიანისათვის ორი-სამი წლის განმავლობაში. კარგად მოწყობილ საბადოებში ასი ადამიანი მოიპოვებს იმდენ ნავთობს, რამდენიც საკმარისია ათი ათასი ოჯახისათვის, დაბალი ტემპერატურის პირობებშიც. ცოტა ხნის წინ კი, 1889 წლის დასაწყისში, ჩვენ მომსწრენი გავხდით, როგორ შეიქმნა მთელი გასაოცარი ქალაქი პარიზის ახლოს, სულ რამოდენიმე თვეში.
ყოველივე აქედან გამომდინარე, ჩვენ ახლა დარწმუნებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩვენი ფოლადის მტკიცე დამხმარეების საშუალებით, შეგვიძლია შევქმნათ სამყარო, რომელშიც ყველას ექნება საშუალება იცხოვროს მდიდრულად. დიახ, ჩვენ მდიდრები ვართ, ბევრად უფრო მდიდრები, ვიდრე წარმოგვიდგენია. მდიდრები ვართ იმით, რაც უკვე გვაქვს, და კიდევ უფრო მდიდრები იმით, რისი შექმნაც შეგვიძლია თანამედროვე მეცნიერებისა და ტექნიკის დახმარებით. და შეუფასებლად მდიდრები იმით, რასაც ჩვენ შევქმნიდით, თუ მიწა, მეცნიერება და ტექნიკა (ტექნიკური ცოდნა) იქნებოდა ყველას საკუთრება და ყველასათვის ხელმისაწვდომი.
II
უდაოა, რომ ჩვენი განათლებული საზოგადოება ძალიან მდიდარია, მაგრამ რატომ არის ჩვენს ირგვლივ ამდენი სიღარიბე?
საიდან გაჩნდა ეს “მძიმე შრომა”, რომელიც აბრიყვებს მასებს? რატომ უყურებს ნორმალურად ანაზღაურებადი მუშაც ასეთი შიშით ხვალინდელ დღეს, როდესაც ირგვლივ ამდენი სიმდიდრეა, წარსულისაგან მემკვიდრეობით მიღებული, რომ აღარაფერი ვთქვათ წარმოების იარაღებზე რომელთაც შეუძლიათ ადამიანური შრომა მინიმუმამდე დაიყვანონ?
სოციალისტებმა დიდი ხნის წინ გამოააშკარავეს და ახსნეს ეს წინააღმდეგობა, და ყოველდღე იმეორებენ თავიანთ ახსნას, რომელიც მეცნიერულ მტკიცებულებებზეა დამყარებული. ეს უცნაური წინააღმდეგობა, გამოწვეულია იქედან, რომ ყველაფერი, რაც საჭიროა წარმოებისთვის – მიწა, მაღაროები, მანქანები, საკომუნიკაციო საშუალებები, საკვები პროდუქტები, უძრავი ქონება, განათლება, ცოდნა – მოქცეული იყო ერთი მუჭა ხალხის ხელში, მთელი ხანგრძლივი ისტორიის მანძილზე, რომელიც შედგებოდა ძარცვებისგან, გადასახლებებისგან, ომებისგან, წამებისა და ძალადობისგან, რომლებიც ადამიანმა გადაიტანა მას შემდეგ, რაც ისწავლა როგორ უნდა გაემარჯვებინა ბუნების ძალებზე. გამოწვეულია იქედან, რომ თითქოსდა წარსულში შეძენილი უფლებების გათვალისწინებით, ეს ერთი მუჭა ხალხი ადამიანური შრომის პროდუქტთა ერთ მესამედ ნაწილს ისაკუთრებს. შემდეგ კი ამ პროდუქტს ყველაზე უაზრო, ყველაზე აღმაშფოთებელი გზით ანაწილებს. ამ რჩეულმა ელიტამ ხალხი მიიყვანა ისეთ მდგომარეობამდე, რომელშიც მუშებსა და გლეხებს არ შეუძლიათ გასტანონ ერთი თვე, ზოგჯერ ერთი კვირაც, თუ ეს ბატონები არ მისცემენ უფლებას იმუშავონ მათსავე მიწაზე, მათსავე მაღაროებში და ქარხნებში და გამომუშავებული პროდუქტის უმეტესი ნაწილი მიიღონ თავად. ბატონები არ აძლევენ უფლებას მუშებს, აწარმოონ ის რაც სჭირდება ყველას, და აიძულებენ აწარმოონ ის, რაც მეტ მოგებას მოუტანთ. სწორედ ფაქტების ამ ახსნაში მდგომარეობს მთელი სოციალიზმი.
დღეს, ცივილიზებულ ქვეყანაში ტყეები გასუფთავებულია, ჭაობები ამომშრალი და ამოვსებული, კლიმატი უფრო ჯანმრთელია, და ცხოვრება შესაძლებელია.
მიწა, რომელზეც ადრე მხოლოდ ველური მცენარეები იზრდებოდნენ, ახლა უხვ მოსავალს იძლევა, სამხრეთ კალთებზე კლდეები დაყოფილია ტერასებად, რომლებზეც ვაზი იზრდება, თავისი ოქროს ნაყოფით. ველური მცენარეები, რომლებიც ადრე საკვებად უვარგის ნაყოფს გვაძლევდნენ, ბოტანიკოსთა უწყვეტი მუშაობის წყალობით გემრიელ ბოსტნეულს გვაძლევენ.
ათასობით სამანქანო გზა თუ ლიანდაგი კვეთს ქვეყანას. ალპების, კავკასიისა და ჰიმალაის ველურ ხეობებშიც კი უკვე გაყვანილია გზები ლოკომოტივთათვის. ზღვების ნაპირები შესწავლილია და რუკების საშუალებით მეზღვაურებისთვის ადვილად მისაგნები. ხელოვნური ნავსადგომები, დიდი შრომის წყალობით შექმნილნი გემებს აღელვებული ოკეანისგან იცავს. ქანები ღრმადაა გათხრილი, გაყვანილია უზარმაზარი მიწისქვეშა ლაბირინთები, ყველგან, სადაც შეიძლება ქვანახშირის ან სხვა სახის მადნის მოპოვება. ყველგან, სადაც ორი გზა ერთმანეთს კვეთს წარმოიქმნენ და განვითარდნენ ქალაქები, რომლებიც მოიცავენ უამრავ სამრეწველო, მეცნიერულ თუ ხელოვნების საგანძურს.
ეს ყველაფერი მეცხრამეტე საუკუნეს უანდერძეს ადამიანებმა, რომლებიც დაიბადნენ და მოკვდნენ სიღარიბეში, ცხოვრება კი გაატარეს გაბატონებული კლასის დამცირებისა და შეურაცხყოფის ქვეშ, დამღლელ შრომაში. ყოველი კვადრატული მეტრი მიწისა, რომელსაც ჩვენ ვამუშავებთ ევროპაში, უკვე არაერთხელ არის დამუშავებული რამდენიმე თაობის მიერ. ყველა გზას აქვს უზარმაზარი შრომის ისტორია, ხალხთა წამების ისტორია. ლიანდაგისა და გვირაბების ყოველმა მეტრმა ადამიანთა სისხლის თავისი წილი მიიღო.
იმ შახტების კედლები, რომლებსაც ჩვენ ვხედავთ, ბევრი მეშახტისათვის საფლავად ქცეულა. მადნეულის გაზის აფეთქების ან მეწყერის წყალობით, სულ ახალგაზრდებს დაულევიათ აქ სული. და ჩვენ ვიცით, რამდენ ცრემლად და ტანჯვად უჯდებოდათ ეს უბედურება დაღუპულ მეშახტეთა ოჯახებს, ისინი ხომ მხოლოდ მათი მწირი ხელფასებით სულდგმულობდნენ.
ქალაქები, რომლებიც ლიანდაგებითა და ელმავლებით არიან დაკავშირებულნი, წარმოადგენენ ცოცხალ ორგანიზმებს, მრავალსაუკუნოვანი წარსულით. დაათვალიერეთ ის და თქვენ ნახავთ უამრავ ქუჩას, სახლებს, თეატრებს, არენებს და საზოგადოებრივ დაწესებულებებს. შეისწავლეთ მათი ისტორია და თქვენ ნახავთ როგორ ვითარდებოდა თითოეული მათგანის ცივილიზაცია და წარმოება, ქალაქის ყველა მცხოვრების თანამშრომლობით, სანამ ისინი არ გახდნენ ისეთები, როგორებიც არიან ახლა.
მილიარდობით ადამიანი თაობების მანძილზე შრომობდა იმ ცივილიზაციის მისაღწევად, რომლითაც ჩვენ ახლა ასე ვამაყობთ. დედამიწაზე გაბნეული მილიონობით ადამიანი კი ახლაც შრომობს მის შესანარჩუნებლად. მათ გარეშე, ამ ყველაფრისაგან ორმოცდაათი წლის შემდეგ, მხოლოდ ნაგვის გორები დარჩებოდა. აზრი, შემოქმედის გენიაც კი წარმოადგენს წარსულისა და აწმყოს კოლექტიურ ნაყოფს.
ათასობით მწერალი, პოეტი და სწავლული მუშაობდა საუკუნეების განმავლობაში რომ გამოემუშავებინათ ცოდნა ბუნდოვანების გასაფანტად, მეცნიერული აზრის ისეთი ატმოსფეროს შესაქმნელად, რომლის გარეშეც ვერ იარსებებდა ჩვენი საუკუნის ვერც ერთი საოცრება. ხოლო ეს ათასობით ფილოსოფოსი, მწერალი და სწავლული, თავის მხრივ წარმოადგენდნენ მათი წინამორბედების პროდუქტს. განა მთელი თავიანთი ცხოვრების განმავლობაში მათ არ კვებავდნენ როგორც ფიზიკურად ისე მორალურად, მთელი ლეგიონები ყოვლისშემძლე მუშებისა და ოსტატებისა?
გენიოსებმა, სეგენმა, მაიერმა და ჯოულმა, სითბოს მექანიკური ექვივალენტის ამოხსნით, გააკეთეს ბევრად უფრო მეტი მრეწველობისათვის, ვიდრე ყველა კაპიტალისტმა ერთად. ხოლო თავად ეს გენიები, წარმოადგენენ როგორც წარმოების ისე მეცნიერების პროდუქტს: სინამდვილეში, საჭირო იყო, რომ ათასობით ორთქლის მანქანას წლიდან წლამდე, ყველას თვალწინ, სითბო ექცია მექანიკურ ძალად, ეს უკანასკნელი კი ბგერად, სინათლედ ან ელექტროენერგიად, იმისათვის რომ, გენიალურ გონებებს შეძლებოდათ დაემტკიცებინათ სითბოს მექანიკური წარმომავლობა და ფიზიკურ ძალათა ერთობა. და თუ ჩვენ, მეცხრამეტე საუკუნის შვილებმა, მოვახერხეთ და გავაანალიზეთ ეს იდეა, ეს ისევ ჩვენი ყოველდღიური გამოცდილების დამსახურებაა, რომელმაც ამისათვის მოგვამზადა.
დაფიქრდით, კიდევ რამდენი ათწლეული ვერ აღმოვაჩენდით კანონს, რომელმაც მოგვცა საშუალება გადაგვეტრიალებინა მთელი თანამედროვე წარმოება, თუ ჯეიმზ ვატი ვერ იპოვნიდა იმ ერთგულ თანამშრომლებს, რომლებმაც მისი თეორიული იდეები განახორციელეს და მისი მანქანა სრულყვეს და შექმნეს თანამედროვე მრეწველობის საფუძველი. ყველა მანქანა თუ ხელსაწყო მსგავსი ისტორიის მქონეა. ისინი მეცნიერთა და უცნობ პრაქტიკოს მუშაკთა თაობების უძილო ღამეებმა მოგვცეს.
მეცნიერება და წარმოება, ცოდნა და მისი გამოყენება, გონებრივი შრომა და ფიზიკური შრომა, აზრი და მატერიალური შრომის პროდუქტი – ყველაფერი ეს ერთანეთთან მჭიდრო კავშირშია. ყველა აღმოჩენა, ყველა წინ გადადგმული ნაბიჯი, ადამიანთა სიმდიდრის ყოველი ზრდა, კოლექტიურად არის მიღწეული წარსულისა და და აწმყოს, ფიზიკური და გონებრივი შრომის საშუალებით.
მაშინ, რა უფლება აქვს ვინმეს, მიითვისოს თუნდაც უმცირესი ნაწილი ამ უზარმაზარი სიმდიდრისა და თქვას რომ ის მას ეკუთვნის?
III
ადამიანის მიერ განვლილი საუკუნეების განმავლობაში, მოხდა ისე, რომ ყველაფერი, რაც ადამიანს აძლევს შესაძლებლობას შექმნას ახალი და გაზარდოს საკუთარი საწარმოო ძალა, მიისაკუთრა მცირერიცხვოვანმა ჯგუფმა. სხვა დროს ჩვენ განვიხილავთ თუ როგორ მოხდა ეს, ახლა კი საკმარისია ამ ფაქტის აღნიშვნა და მის მიერ გამოწვეული შედეგების გაანალიზება.
თანამედროვე დროში, მიწას, რომელიც ფასდება სწორედ მუდმივად ზრდადი მოსახლეობის მოთხოვნილებათა პროპორციულად, ფლობს უმცირესობა, რომელიც ხელს უშლის ხალხს მის დამუშავებაში, ან არ აძლევს საშუალებას, რომ დაამუშავონ ხალხის მოთხოვნილებათა შესაბამისად. მაღაროებიც, რომლებშიც რამდენიმე თაობა მუშაობდა, ეკუთვნის რამდენიმე ადამიანს, რომლებიც განსაზღვრავენ მოსაპოვებელი ქვანახშირის რაოდენობას და ზოგჯერ საერთოდაც წყვეტენ მის მოპოვებას, თუ საჭიროდ ჩათვლიან ფასის აწევას, ან კაპიტალის დასაბანდებლად უკეთეს საქმეს იპოვიან. მანქანებიც ასევე ეკუთვნის უმცირესობას. მაშინაც კი, თუ მანქანის სრულყოფაზე მშრომელთა არაერთი თაობა მუშაობდა, ის რამდენიმე ბატონის კუთვნილებაა. თუკი რომელიმე გამომგონებლის შვილიშვილი ასი წლის შემდეგ ბაზელში ან ნოტინგემში გამოჩნდება და მანქანაზე საკუთარ უფლებებს მოითხოვს, მას უპასუხებენ: გაეთრიე, ეს მანქანა შენ არ გეკუთვნის!
ლიანდაგები, რომლებიც რომ არა ევროპის მოსახლეობის სიმჭიდროვე, ვაჭრობა და წარმოება, უბრალოდ უსარგებლო ფოლადის მასა იქნებოდნენ, ასევე რამოდენიმე აქციონერს ეკუთვნის, რომლებმაც ალბათ არც იციან სად გადის ეს გზები, ხშირად შუა საუკუნეების რომელიმე მონარქის ქონებაზე მეტ შემოსავალს რომ აძლევთ. თუ იმ ადამიანების შვილები, რომლებიც ამ გზებისა და გვირაბების კეთებისას იღუპებოდნენ, აქციონერებთან თავიანთი წილი პურის თხოვნით მივლენ, მათ იარაღის მუქარით განდევნიან, “საკუთრების უფლების” დარღვევისა და უპატივცემულობისთვის.
ამ საშინლად მოწყობილ საზოგადოებაში, მშრომელის შვილს არ აქვს მინდორი, რომელსაც დაამუშავებდა, ქარხანა, რომელშიც წინაპრების მიერ შექმნილი მანქანების დახმარებით იმუშავებდა და ამიტომ, ის იძულებულია იმუშაოს რომელიმე ბატონთან და მიჰყიდოს საკუთარი სამუშაო ძალა მწირ და არასამართლიან ფასად. მისმა მამამ და ბაბუამ გასასუფთავეს ეს მინდორი (სადრენაჟო სისტემა მოაწყვეს), ააშენეს ეს ქარხანა და ააგეს მისი დანადგარები, ისინი თხრიდნენ ამ მაღაროებს. ახლა კი, თუკი მას დართავენ ნებას დაამუშავოს მინდორი, მხოლოდ იმ პირობით, თუ შემოსავლის მეოთხედს მისცემს მესაკუთრეს, მეორე მეოთხედს მთავრობასა და შუამავლებს, და ეს გადასახადი კაპიტალისტების, მთავრობისა და მესაკუთრეებისათვის გაიზრდება წლიდან წლამდე, და მხოლოდ უიშვიათეს შემთხვევაში მშრომელი შეძლებს ცოტათი გაიუმჯობესოს ცხოვრება.
თუ ის დაკავდება წარმოებით, მას მისცემენ მუშაობის უფლებას – იმ პირობით, რომ ის მიიღებს მხოლოდ მესამდეს ან მეოთხედს პროდუქტის რეალური ფასისა, რადგან დანარჩენი ეკუთვნის მას, ვისაც კანონი დანადგარის, ქარხნის ან მაღაზიის მესაკუთრედ სცნობს.
ჩვენ ვგმობთ შუა საუკუნეების ბარონთა საქციელს, როდესაც ისინი არ აძლევდნენ გლეხს უფლებას დაემუშავებინა მიწა მათთვის მოსავლის სამი მეოთხედის მიცემის გარეშე. ჩვენ მძარცველურს ვუწოდებთ ფეოდალურ ეპოქას, მაგრამ თუ ფორმები შეიცვალა, დამოკიდებულება მშრომელებისადმი დარჩა ზუსტად ისეთივე. მშრომელები გაუსაძლისი მდგომარეობის გამო თანხმდებიან ნამდვილად ფეოდალურ პირობებს, რომელთაც ჩვენ ხშირად “თავისუფალ შეთანხმებას” ვუწოდებთ, იმიტომ რომ მას არაფერი აქვს, რითაც შეიძლება იცხოვროს, უკეთეს პირობებს კი ვერსად იპოვის. ყველაფერი გახდა სხვადასხვა ბატონთა საკუთრება, და მშრომელმა ან უნდა მიიღოს მათი პირობები, ან დაიღუპოს შიმშილით.
მაგრამ ეს ყველაფერი არაა. სისტემის ასეთი მოწყობა იწვევს მთელი წარმოების არასწორი მიმართულებით განვითარებას. წარმოება არ არის ორიენტირებული საზოგადოების საჭიროებათა დაკმაყოფილებაზე. მისი ერთადერთი მიზანია, რაც შეიძლება მეტი მოგების მიღება. სწორედ ეს არის იმ სისტემატიურ კრიზისთა გამომწვევი, რომელთა გამოც ასობით ათასი მუშა სამსახურის, და შესაბამისად საკვების გარეშე რჩება.
ვინაიდან მუშებს თავიანთი სასაცილო ანაზღაურებით არ შეუძლიათ შეიძინონ მათივე წარმოებული სიმდიდრე, მეწარმეებს უწევთ იპოვონ ახალი ბაზრები სხვა ქვეყნების ექსპლოატირებულ ხალხთა შორის. ამის გამო ევროპელები ცდილობენ გაზარდონ თავიანთ მონათა რიცხვი ყველგან -ჩრდილოეთში, სამხრეთ აფრიკაში, ეგვიპტეში, კონგოში და ა.შ. მაგრამ ისინი ყველგან ხვდებიან კონკურენტებს, რადგან ყველა ქვეყნის წარმოება ერთი მიმართულებით მუშაობს, და იწყება ომები ბაზარზე ლიდერობისთვის, ჩრდილოეთში უპირატესობისთვის, ზღვებზე ბატონობისთვის. ისინი ცდილობენ ხელში ჩაიგდონ იმპორტისთვის ხელსაყრელი ტერიტორიები და ებრძვიან ყველას, ვინც პროტესტს გამოთქვამს. ევროპაში აფეთქებული ტყვიის სურნელი ვრცელდება, მთელი თაობები ნადგურდებიან. ევროპული სახელმწიფოები ბიუჯეტის ერთ მესამედს ხარჯავენ შეიარაღებაზე, ჩვენ კი ვიცით რას წარმოადგენს გადასახადები და რად უჯდებათ ისინი ღარიბ ხალხს.
განათლება გახდა უმნიშვნელო უმცირესობის პრივილეგია. და საერთოდ შეიძლება ვისაუბროთ საყოველთაო განათლებაზე მაშინ, როდესაც მუშის შვილი იძულებულია ცამეტი წლიდან ჩავიდეს მაღაროში ან დაეხმაროს მამას მინდვრის სამუშაოებზე. შეიძლება ვესაუბროთ განათლებაზე მუშას, რომელიც კატორღული დღის შემდეგ საღამოს დაქანცული ბრუნდება სახლში?
ამგვარად, საზოგადოება იყოფა ორ დაპირისპიერებულ ბანაკად, რომელთათვისაც თავისუფლება ცარიელი, საცვლელი ღირებულება ხდება. პოლიტიკოსი, რომელსაც სჭირდება საკუთარი პოლიტიკური გავლენის გაფართოება, მალე ამჩნევს, რომ თავისუფლების გზა გადის მუშათა კლასის გამოღვიძებაზე, ამიტომ ის ყველა ძალით ებრძვის მუშებს და ითხოვს ყველას უმკაცრეს დასჯას, ვინც პროტესტს გამოთქვამს – ითხოვს სამხედრო დიქტატურას.
არსებული პრივილეგიების შესანარჩუნებლად პოლიტიკოსს სჭირდება მთელი არმია მოსამართლეების, პროკურორების, ჟანდარმებისა და ბადრაგების, და ისინი ერთად, დასმენების, ტყუილების, მოსყიდვებისა და უღირსობების მთელ სისტემას ქმნიან.
მეტიც: ეს წესრიგი ხელს უშლის ადამიანთა შორის თავისუფალი ურთიერთობების ჩამოყალიბებას და საზოგადოებრივი გრძნობების განვითარებას. ყველას ესმის, რომ თავისუფალი, პირდაპირი ურთიერთობებისა და ადამიანებს შორის არსებული ურთიერთთანაგრძნობის გარეშე, ადამიანი, როგორც სახეობა გადაშენდება, ისევე როგორც უკვე გადაშენდენ, ან გადაშენების პირას არიან ცხოველები, რომლებიც არიან მტაცებლები და ამავდროულად ებრძვიან ერთმანეთს.
სხვადასხვა პერიოდში, ბევრი კარგი სიტყვა თქმულა იმაზე, რომ ჩვენ უნდა გავუნაწილოთ ჩვენი საკუთრება მათ, ვისაც არ აქვთ ის, ღარიბებს. მაგრამ ყველა, ვისაც უცდია ეს გაეკეთებინა, მალევე იხევდა უკან და აცხადებდა, რომ მსგავსი მაღალფარდოვანი, გულუხვი გრძნობები კარგია პოეზიის ნიმუშში, მაგრამ რეალურ ცხოვრებაში – არა. ტყუილის თქმა – ეს საკუთარი თავის უპატივცემულობა და დამცირებაა. მთელი ჩვენი ცივილიზაცია კი წარმოადგენს დიდ, უწყვეტ ტყუილს. ჩვენ მივეჩვიეთ ამას, და თავად ვასწავლით საკუთარ შვილებს ორპირობასა და თვალთმაქცობას. ჩვენი გონება ნელ-ნელა ეჩვევა ამას და ჩვენ ვიწყებთ თავის დამშვიდებას მცდარი თეზიესბით – სოფიზმით. თვალთმაქცობა და სოფიზმი ხდება ცივილიზებული ადამიანის მეორე სახე.
მაგრამ საზოგადოებას ასე არ შეუძლია: ის ან დაუბრუნდება სწორ გზას, ან დაიღუპება.
ყველაფერი ზემოთთქმულიდან გამომდინარე, ჩვენ ვხედავთ, რომ უბრალო ფაქტი, ადამიანთა მცირე ჯგუფის მიერ სიმდიდრის მითვისება, უარყოფით გავლენას ახდენს საზოგადოებრივი ცხოვრების ფაქტიურად ყველა ასპექტზე. საზოგადოება ნებისმიერ ფასად (თუნდაც სიკვდილის საფრთხის) უნდა დაუბრუნდეს იმ ფუნდამენტურ პრინციპს – ვინაიდან საწარმოო იარაღები წარმოადგენს ყველა ადამიანის საერთო შრომის პროდუქტს, ის უნდა ეკუთვნოდეს ყველა ადამიანს. მისი კერძო მისაკუთრება, არასამართლიანი და არაფრისმომცემია. ყველაფერი ეკუთვნის ყველას, რადგან ყველას სჭირდება, ყველამ შეძლებისდაგვარად იმუშავა და არ არსებობს არანაირი ფიზიკური შესაძლებლობა იმის განსაზღვრისა, თუ რა ნაწილი ეკუთვნის თითოეულს მათ მიერ წარმოებულ სიმდიდრეთაგან.
ყველაფერი ეკუთვნის ყველას! აი ჩვენ გვაქვს წარმოუდგენელი რაოდენობა იარაღისა მხოლოდ მეცხრამეტე საუკუნეში ნაწარმოები, გაგვაჩნია მილიონობით “ლითონის მონა”, რომლებსაც ჩვენ მანქანებს ვუწოდებთ და ისინი კერავენ, რთავენ, ჭრიან, ჭედავენ ჩვენს მაგივრად, შლიან და ისევ აღადგენენ ნედლ მატერიალს – ერთი სიტყვით, ქმნიან ჩვენი დროის ყველა საოცრებას. არავის აქვს უფლება დაეპატრონოს თუნდაც ერთ-ერთ მსგავს მანქანას და თქვას: ”ის მეკუთვნის მე, და თუ თქვენ გინდათ მისი გამოყენება, უნდა მომცეთ წილი თქვენს მიერ წარმოებული ყველა პროდუქტიდან”. ისევე როგორც შუასაუკუნეების ბატონს არ ჰქონდა უფლება ეთქვა: ”ეს კლდე და მდელო მეკუთვნის მე, და შენ უნდა მომცე წილი შენი მოსავალიდან”.
დიახ, ყველაფერი ეკუთვნის ყველას! საკმარისია არასრული ფორმულები, როგორებიცაა “შრომის უფლება”, ან “თავისი შრომის პროდუქტი ყველას!” ის, რაც ჩვენ გვჭირდება არის – უფლება საჭიროებათა დაკმაყოფილებისა, კმაყოფილება ყველასათვის.
თავი II. კმაყოფილებას ყველასათვის.
I.
კმაყოფილება ყველასათვის – ეს არ არის ოცნება. მას შემდეგ, რაც ჩვენმა წინაპრებმა ამდენი იმუშავეს, რომ შრომა უფრო მარტივი და ნაყოფიერი გამხდარიყო, ის განხორციელებადი გახდა.
ჩვენ ვიცით, რომ ახლა მუშები, რომლებიც ქმნიან პროდუქტს, შეადგენენ ქვეყნის მოსახლეობის მხოლოდ ერთ მესამედს, და ისინი აწარმოებენ ისეთი რაოდენობის პროდუქციას, რომელიც ასე თუ ისე, აკმაყოფილებს ყველა ოჯახის მოთხოვნილებებს. ჩვენ ვიცით, რომ თუ ყველა ვინც ცხოვრობს სხვისი შრომის ხარჯზე, ვალდებული იქნებოდა თავად ემუშავა, შრომის პროდუქტი გაიზრდებოდა რამდენჯერმე, ბევრად უფრო მეტჯერ, ვიდრე თავად მუშახელი. ჩვენ ისიც ვიცით, რომ ბურჟუაზიული მეცნიერების მატყუარის, მალთუსის თეორიის საპირისპიროდ, ადამიანის საწარმოო ძალა იზრდება უფრო სწრაფად, ვიდრე ის მრავლდება, როგორც სახეობა. რაც უფრო მეტი ჯანღონით სავსე ადამიანია რომელიმე ქვეყანაში მით უფრო სწრაფად იზრდება მათი საწარმოო ძალა.
რეალურად, როდესაც ინგლისის მოსახლეობა 1844 წლიდან გაიზარდა 62%-ით, მისი წარმოება გაიზარდა დაახლოებით 130%-ით. საფრანგეთში, სადაც მოსახლეობა გაიზარდა შედარებით ნაკლებად, საწარმოო ძალის ზრდა თითქმის იგივე იყო. მიუხედავად მძიმე სასოფლო-სამეურნეო კრიზისისა, სახელმწიფოს, მიწათმფლობელების, ბანკირების და საწარმოთა მფლობელების ზეწოლისა, ბოლო ოცდახუთი წლის განმავლობაში ხორბლის მოსავალი საფრანგეთში გაოთხმაგდა, ხოლო წარმოება გაიზარდა ათჯერ. შეერთებულ შტატებში, კიდევ უფრო გასაოცარი პროგრესია: მიუხედავად ემიგრაციისა, – უფრო ზუსტად კი, სწორედ ევროპიდან შემოდინებული მუშახელის წყალობით – შეერთებულმა შტატებმა თავისი წარმოება გაზარდა რამდენიმე ათეულჯერ.
მაგრამ ეს რიცხვები მხოლოდ სუსტ წარმოდგენას გვიქმნის იმის შესახებ, თუ რისი მიღწევა შეგვიძლია, ცხოვრების უფრო გონივრულ პირობებში. დღეს, საწარმოო შესაძლებლობებთან ერთად, საშინლად იზრდება პარაზიტების და “შუამავლების” არმიაც. პირველი სოციალისტების აზრის საწინააღმდეგოდ, რომ თითქოს კაპიტალი თანდათანობით კონცენტრირდება კიდევ უფრო მცირე ჯგუფების ხელში, აღმოჩნდა რომ რიცხვი ადამიანებისა, რომლებიც ცხოვრობენ სხვისი შრომით, ყოველდღიურად იზრდება.
საფრანგეთში ოცდაათ მოქალაქეზე ათი მწარმოებელიც (იგულისხმება მუშა, ვინც რეალურად აწარმოებს) კი არ მოდის. ქვეყნის მთელი სასოფლო-სამეურნეო სიმდიდრე შექმნილია შვიდი მილიონი მშრომელის მიერ. ხოლო საფრანგეთის წარმოების ორ უმნიშვნელოვანეს სფეროში, მაღაროებსა და ქსოვილების წარმოებაში, მუშაობს მხოლოდ 2,5 მილიონი ადამიანი. და რამდენი გამოდის ამ შემთხვევაში სხვისი შრომის ექსპლოატატორი? დიდ ბრიტანეთში ყველა შესაძლო ქსოვილის ფაბრიკაციაზე – აბრეშუმის, ჩითის, თექის, მაქმანის და ა.შ.- დასაქმებულია მხოლოდ 1030000 ადამიანი და მათგან მხოლოდ 300000-ია მამაკაცი, დანარჩენები კი ქალები, ბავშვები ან მოზარდები. დაახლოებით ნახევარი მილიონი მუშაობს მაღაროებში. ინგლისსა და შოტლანდიაში მიწაზე მუშაობს მხოლოდ მილიონი ადამიანი და სტატისტიკოსებს ხშირად რიცხვების გაზრდა უწევთ ჯამში 8 მილიონი მუშის მისაღებად. და ეს მაშინ, როდესაც მათი მოსახლეობა 26-27 მილიონია.
რეალურად კი, მხოლოდ 6 ან 7 მილიონი ადამიანი ქმნის მთელ იმ სიმდიდრეს, რომლის წყალობითაც ინგლისს მსოფლიოს ერთ-ერთი უძლიერესი ქვეყნის სახელი აქვს. მაშინ, რამდენია ვაჭართა და შრომის სხვა ექსპლოატატორთა რაოდენობა, რომლებიც კაპიტალის წყალობით შემოსავალს იღებენ მთელი მსოფლიოდან და აიძულებენ მომხმარებელს გადაიხადოს რამდენჯერმე იმაზე მეტი (5-20ჯერ) მეტი, რაც თავად გადაიხადეს?
გარდა ამისა, ადამიანები, რომლებიც ფლობენ კაპიტალს, განუწყვეტლივ შეგნებულად წყვეტენ წარმოებას რათა გაზარდონ ფასები, რომ აღარაფერი ვთქვათ ზღვაში გადაყრილ ტონობით თევზსა და ხამანწკაზე, მხოლოდ იმიტომ რომ ის არ იქცეს ღარიბი ხალხის საკვებად და არ დაკარგოს დელიკატესის ფუნქცია. აღარაფერს ვამბობთ მდიდართათვის განკუთვნილ სხვა ფუფუნების საგნებზე, ტანსაცმელზე და საკვებზე რომლებიც მხოლოდ მდიდართათვისაა ხელმისაწვდომი. შეგახსენებთ მხოლოდ იმას, როგორ ზღუდავენ ეს ადამიანები იმ საგნების წარმოებას, რომელიც ბევრს ასე სჭირდება. მეშახტეთა მთელი არმიები სიამოვნებით დანათანხმდებოდნენ ქვანახშირის ყოველდღიურად მოპოვებასა და მის იმ ადამიანებთან განაწილებაზე, ვინც სიცივისაგან კანკალებს, მაგრამ ხშირად ამ არმიის ორ მესამედ ნაწილს არ აძლევენ უფლებას იმუშავონ კვირაში სამ დღეზე მეტხანს, რადგან ბატონებს მაღალი ფასი სჭირდებათ.
1892 წლიდან რიცხვები შეიცვალა, თუმცა საერთო მდგომარეობა ფაქტიურად იგივეა.
ათასობით ფეიქარს არ აქვს საშუალება იმუშავონ თავიანთ მანქანებთან, მათი ცოლები და შვილები კი ამ მიზეზით ძონძებში ჩაცმულნი დადიან. ევროპის მოსახლეობის სამ მეოთხედს არ აქვს ნორმალური ტანსაცმელი.
ათასობით მანქანა-დანადგარი დგას გამოუყენებლად, ან მუშაობს მხოლოდ ნახევარი დროის განმავლობაში, ისევ და ისევ ფასების შესანარჩუნებლად, და ყველა ერში ჩვენ მუდმივად ვხვდებით მილიონ ან უფრო მეტ სამსახურის გარეშე დარჩენილ ადამიანს: რომლებიც ეძებენ სამუშაოს, თუმცა არ იციან რომ მუშაობის უფლება გაურკვეველი ვადით აქვთ წართმეული.
მილიონობით ადამიანი სიამოვნებით დათანხმდებოდა, რომ დაუმუშავებელი ან ცუდად დამუშავებული მინდვრები მდიდარ, უხვი მოსავლის მომცემ მიწებად ექციათ. მხოლოდ ერთ წლიანი გონივრული შრომაა საჭირო იმისათვის, რომ მიწიდან, რომელიც ახლა მხოლოდ მწირ მოსავალს იძლევა, მივიღოთ ხუთჯერ უფრო მეტი. მაგრამ მამაც ადამიანებს, რომლებიც მზად იქნებიან ამ საქმის დასაწყებად, ბრალს დადებენ უსაქმურობაში, ვინაიდან, მათ ვისაც მიწები, მაღაროები და საბადოები ეკუთვნით, ურჩევნიათ თავიანთი კაპიტალი, რომელიც მოპარეს საზოგადოებას – დააბანდონ თურქეთისა და ეგვიპტის ბანკებში, ან პატაგონიის ოქროს მაღაროებში, რადგან მათთვის უფრო მომგებიანია ამუშავოს არაბი გლეხები და ჩინელი თუ ინდოელი მუშები.
ყველაფერი ამიდან ჩანს, თუ როგორ შეგნებულად და პირდაპირ ხდება წარმოების შეზღუდვა. მაგრამ არსებობს ირიბი და უგონო შეზღუდვაც, რომელიც ხარჯავს ადამიანთა შრომას აბსოლიტურად გამოუსადეგარი ნივთების შექმნაში, რომლებიც იქმნებიან მხოლოდ და მხოლოდ მდიდართა უაზრო პატივმოყვარეობის დასაკმაყოფილებლად.
ამ ირიბი შეზღუდვის შედეგების დაახლოებით აღწერაც კი რთულია. მაგრამ ჩვენ ყველანი პირადად ვხედავთ, რამდენი ადამიანის ძალა იხარჯება სრულიად უსარგებლოდ, მაშინ როდესაც ის შეიძლება მოხმარდეს აუცილებელ საქმეს- ახალი სამუშაო იარაღებისა და დანადგარების შექმნას, რომლებიც შრომის შემდგომი გამარტივებისთვისაა აუცილებელი. ამ შედეგების დაახლოებით წარმოასადგენად ევროპის მიერ გაფლანგული იმ მილიარდების გახსენებაც საკმარისია, რომლებიც დაიხარჯა შეიარაღებაზე, რომლის ერთადერთი მიზანიც ახალი ბაზრების ხელში ჩაგდება, მეზობელი ქვეყნების საკუთარი ეკონომიკური გავლენის ქვეშ მოქცევა და ქვეყნის შიგნით ექსპლოატაციის გამარტივებაა.
საკმარისია გავიხსენოთ ის მილიონები, რომელსაც ყოველწლიურად ვუხდით ყოვლისშემძლე ჩინოვნიკებს. რომელთა როლიც მდგომარეობს იმაში, რომ მცირე ჯგუფებს შეუნარჩუნონ უსამართლო ბატონობის უფლება მთელი საზოგადოების ეკონომიკურ ცხოვრებაზე. მილიონები იხარჯება სასამართლოებზე, ციხეებზე, ჟანდარმებზე, მთელ მექანიზმზე რომელსაც მართლმსაჯულებას ვუწოდებთ, მაშინ, როდესაც ცნობილია, რომ საჭიროა მხოლოდ ცოტათი მაინც შეუმსუბუქდეთ მდგომარეობა დიდ ქალაქებში მცხოვრებ ღარიბებს და დანაშაულთა რაოდენობაც საგრძნობლად მოიკლებს. ბოლოსდაბოლოს, მილიონები იხარჯება სხვადასხვა პარტიათა ყალბი დაპირებებისა და იდეების ბეჭდვაში, რომლებიც რეალურად ექსპლოატატორთა ახალ ჯგუფს წარმოადგენს, რომელმაც ძველი უნდა ჩაანაცვლოს.
ეს კიდევ არ არის ყველაფერი. წარმოიდგინეთ რამდენი მსახურის ენერგია იხარჯება უსარგებლოდ, ბატონთა ძაღლებისა და ცხენების მოვლაში, მაღალი ფენისაკენ მისწრაფული ქალბატონების ახირებათა დაკმაყოფილებაში. ან დაფიქრებულხართ რეკლამებზე, რომლებიც ფაქტიურად გაიძულებენ შეიძინოთ თქვენთვის აბსოლიტურად უსარგებლო ნივთები? ასე დახარჯული შრომა უეჭველად საკმარისი იქნება იმისათვის რომ გავზარდოთ წარმოება ორჯერ, ან გავავსოთ არსებული ქარხნები თუ ფაბრიკები მანქანებით, რომლებიც მხოლოდ მცირედი ჩარევით, შექმნიან პროდუქტს-პროდუქტს რომელიც დღეს ასე სჭირდება მოსახლეობის ორ მესამედ ნაწილს.
ამგვარად, თუ ერთის მხრივ ჩვენ გავითვალისწინებთ, იმ სისწრაფეს, რომლითაც ცივილიზებული ქვეყნები ზრდიან თავიანთ წარმოებას, ხოლო მეორე მხრივ წარმოებისათვის ირიბ თუ პირდაპირ ხელის შემშლელ ფაქტორებს, ჩვენ დავასკვნით, რომ უფრო შრომის უფრო ორგანიზებული და გონივრული გადანაწილება, მოგვცემდა შესაძლებლობას დაგვეგროვებინა იმდენი სასარგებლო რესურსი, რომ გვეთქვა: ”საკმარისია! ჩვენ გვაქვს საკმარისი ქვანახშირი, საკმარისი პური, საკმარისი ტანსაცმელი! დავისვენოთ და დავფიქრდეთ, კიდევ რა გავაკეთოთ და როგორ გამოვიყენოთ გამომუშავებული თავისუფალი დრო.” არა, კმაყოფილება ყველასთვის – არ არის ოცნება. ის შეიძლება იყო ოცნება მაშინ, როდესაც ადამიანს უწევდა დიდი რისკის ფასად მოეპოვებინა ძლივს სამყოფი საკვები და ხელით შეექმნა მიწის დასამუშავებელი პრიმიტიული იარაღები, მაგრამ ის აღარ არის ოცნება მას შემდეგ, რაც ადამიანმა შექმნა ძრავა, რომელიც რამდენიმე ფუნტი ქვანახშირის დახმარებით აძლევს მას მორჩილ და სასარგებლო ძალას, რომელსაც შეუძლია აამოქმედოს ურთულესი მექანიზმის დანადგარები.
მაგრამ ამის განსახორციელებლად საჭიროა რომ მთელი კაპიტალი- ქალაქები, შენობები, მინდვრები, ფაბრიკა-ქარხნები, მანქანები, შრომის იარაღები – აღარ ჩაითვალოს კერძო საკუთრებად.
საჭიროა, რომ მთელი ეს სიმდიდრე გახდეს საზოგადო საკუთრება, რათა კოლექტიური აზროვნებისა და შრომის საშულებით საზოგადოებამ ის გარდაქმნას უფრო სასარგებლოდ მისი თითოეული წევრისთვის.
ამისათვის საჭიროა ექსპროპრიაცია. ყველას დაკმაყოფილება-ჩვენი მიზანია, ექსპროპრიაცია- საშუალება.
II
ექსპროპრიაცია, ანუ იმის დაბრუნება ხალხისათვის რაც რეალურად ეკუთვნით- ეს არის მიზანი, რომელიც ჩვენს წინაშე ისტორიამ დააყენა. ყველაფერი რაც ემსახურება ადამიანთა კეთილდღეობის უზრუნველყოფას, უნდა ეკუთვნოდეს ხალხს.
მაგრამ ამ მიზნის მიღწევა კანონიერი გზით შეუძლებელია. ყველას ესმის, რომ ვერცერთი ხელისუფლება ვერ იპოვის ამ მიზნის მისაღწევ გზებს. ყველა გრძნობს რომ სოციალური რევოლუცია გარდაუვალია, მდიდრებიც და ღარიბებიც ხვდებიან, რომ რევოლუცია ახლოა და ის შეიძლება დაიწყოს ნებისმიერ დროს.
ბოლო ნახევარ საუკუნეში ეს იდეა გონებაში უკვე მომწიფდა, თუმცა მის განხორციელებას ხელს უშლის უმცირესობა – შეძლებული კლასი. ამიტომ, საჭირო ხდება დაბრკოლებების ძალისმიერად გადალახვა-რევოლუცია.
როდის მოვა რევოლუცია? როგორ შევამჩნევთ მის დასაწყისს? ამ კითხვებზე პასუხის გაცემა არავის შეუძლია. მაგრამ ყველა ვინც სიტუაციას აკვირდება და აანალიზებს, ყველა- როგორც მუშები, ასევე ექსპლოატატორები და თავად რევოლუციონერებიც, – გრძნობენ რომ ეს რევოლუცია ახლოსაა.
და რას გავაკეთებთ როდესაც ის მოხდება?
ჩვენ ბევრი წაგვიკითხავს ძველი რევოლუციების დრამატულ მხარეებზე, თუმცა იმდენად ცოტა ვიცით მის არსზე, რომ ზოგი ჩვენგანი რევოლუციას ხედავს მხოლოდ როგორც არეულობას, პირველი დღეების ბრძოლას, ბარიკადებს. მაგრამ ეს ქუჩის ბრძოლა და პირველი დღეები, მალე მთავრდება ხალხის გამარჯვებით ან დამარცხებით. ხოლო რეალური რევოლუციური მუშაობა, იწყება სწორედ წინა მმართველთა დამარცხების შემდეგ.
დაუძლურებული, ყველა მხრიდან ალყაში მყოფი მმართველები უძლურნი ხდებიან თუ აჯანყება ნამდვილად სახალხო ხასიათისაა. 1848 წელს საფრანგეთის ბურჟუაზიული მონარქია რამდენიმე დღეში დაიღუპა და ლუი-ფილიპი იძულებული გახდა პარიზი დაეტოვებინა. ამასთან, 1848 წლის აჯანყება მხოლოდ საქალაქო ხასიათის იყო. ხოლო ნამდვილი სახალხო აჯანყებისას ხდება მთელი სახელმწიფო აპარატის რღვევა წარმოუდგენელი სისწრაფით.
მმართველები, თავდაპირველად გარბიან, შემდეგ კი ცდილობენ აწარმოონ მოლაპარაკებები, რათა როგორმე დაიბრუნონ ძალაუფლება.
როგორც კი მმართველები ძალაუფლებას კარგავენ და მარცხდებიან, ჯარი მაშინვე წყვეტს ხალხთან ბრძოლასა და ყოფილ ბელადებზე დამორჩილებას. უნდა ითქვას, რომ ეს უკანასკნელნი შემდეგ კეთილგონიერებას იჩენენ და უჩინარდებიან. პოლიციამ არ იცის რა გააკეთოს- ებრძოლოს აჯანყებულებს თუ თქვას: “გაუმარჯოს კომუნას!”- და ისინიც სახლებში მიდიან, “ახალ წესრიგს” შეგუებულნი.
მსხვილი ბურჟუები იმარაგებენ პროდუქტებს და სადმე დაცულ ადგილას მიემგზავრებიან. რჩება უბრალო ხალხი. ასეთია ყველა რევოლუციის დასაწყისი.
და აი, მაგალითად კომუნა განთავსებულია რამოდენიმე დიდ ქალაქში. ათასობით ადამიანი მოძრაობს ქუჩებში და ემზადება რათა საღამოს მონაწილეობა მიიღონ საზოგადოებრივ საქმეებზე ცხარე კამათში და უპასოხონ მთავარ შეკითხვას, “რა ვქნათ?”. ამ კითხვით ახლა ყველა ინტერესდება- ისინიც, ვინც ჯერ კიდევ გუშინ, სრულიად გულგრილი იყო. ყველგან ჩანს დიდი შრომისმოყვარეობა და სურვილი საკუთარი გამარჯვებით ტკბობისა.
ყველაფერი ეს მშვენიერია, თუმცა ჯერ კიდევ არ არის რევოლუცია. მეტიც, რევოლუციონერის საქმიანობა მხოლოდ ახლა იწყება.
სახელმწიფოებრიობის მომხრე სოციალისტები, სხვადასხვა დაჯგუფებათა წევრი რადიკალები, ჟურნალისტიკის თვითგამოცხადებული გენიები, “ნიჭიერი ორატორები”, ბურჟუებიც და მშრომელებიც- რა თქმა უნდა, შეეცდებიან საქალაქო “დუმაში” გათავისუფლებული ადგილების დაკავებას. ისინი გამოეწყობიან ოფიციალურად, დაიწყებენ თავის თვალიერებას ყოფილ მინისტრთა სარკეებში და შეეცდებიან ისწავლონ ბრძანებების გაცემა ისე, როგორც ეს შეეფერება მათ ახალ სტატუსს, თანამდებობას. ისინი გაიკეთებენ წითელ ქამრებს, მოირგებენ საომარ ქუდებს და დაიწყებენ არისტოკრატიული მანერების შესწავლას, რათა თავიანთი აღმატებულობით შთაბეჭდილება მოახდინონ ყოფილ ამხანაგებზე. ზოგი კი დაიწყებს ფურცლებში ქექვას, კეთილშობილური მიზნებით- შეადგინონ ახალი კანონები და მყვირალა ბრძანებები-რომელსაც აღარავინ დაემორჩილება, სწორედ იმიტომ, რომ ახლა რევოლუციის დროა.
პრივილეგიების მისაკუთრების მიზნით, ისინი მოძებნიან შესაბამის წოდებებსა და სახელმწიფო ინსტიტუტებს და საკუთარ თავს “ დროებით ხელისუფლებას” ან “საზოგადოებრივი უსაფრთხოების კომიტეტს” უწოდებენ.
სხვებს არჩევნების გარეშე დანიშნავენ პარლამენტის ან საქალაქო საბჭოს წევრებად, და როდესაც ისინი შეიკრიბებიან პალატაში ან დუმაში, აღმოჩნდება, რომ თავი მოიყარა სრულიად განსხვავებული იდეებისა და პოლიტიკური პოზიციების ხალხმა, რომლებიც რეალურად ვერც კი თანხმდებიან რევოლუციის მიზანზე. პოსიბილისტები, კოლექტივისტები, რადიკალები, იაკობინელები, ბლანკისტები იძულებულნი იქნებიან იკამათონ უშედეგოდ და დაუსრულებლად. პატიოსანი ხალხი იქცევა ძალაუფლების მოყვარედ და შეიძულებს იმ ადამიანებს (მშრომელებს, ნამდვილ რევოლუციონერებს). რომელთა ნაწილიც ადრე თავად იყო. ყოველი კამათის შემდეგ ისინი მივლენ ურთიუერთსაწინააღმდეგო დასკვნებამდე, ვერ შეძლებენ დასახონ მოქმედების გეგმა, ვერ შეძლებენ ვერაფრის შექმნას გარდა ტყუილი დაპირებებისა და პროკლამაციებისა. და მიუხედავად ყველაფრისა, ისინი თავს მნიშვნელოვნებათ ჩათვლიან, მაშინ როდესაც ერთადერთი მნიშვნელოვანი ძალა ქუჩაშია.
ზემოთ აღწერილი პროცესები შეიძლება საინტერესო იყოს თეატრალურ წარმოდგენათა მოყვარულთათვის, თუმცა ეს ჯერ კიდევ არ არის რევოლუცია. ამით ჯერ არაფერი გაკეთებულა!
თანაც, უმოქმედობა ხალხზე აისახება. ფაბრიკების დანადგარები არ მუშაობს, კაპიტალისტები თავიანთ კომფორტულ სოროებში იმალებიან. მშრომელები კარგავენ იმ მწირ ანაზღაურებასაც რომელიც მანამდე ჰქონდათ, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან პროდუქტებზე ფასები კი, განუწყვეტლივ იზრდება…
ხალხი, როგორც ყოველთვის ელოდება ვინმეს, ვინც მათთვის გმირულად თავს გაწირავს, მაშინ როდესაც “ხალხის წარმომადგენლები” და დროებითი მთავრობის წევრები თავიანთ ხელფასებს ზუსტად იღებენ. ხალხი წვალობს, იტანჯება. მაგრამ თავისი ბავშვური მიმნდობლობისა და გულისხმიერების წყალობით, ის ელოდება მხსნელს- რომელიც გამოჩნდება “ზემოთ”- პალატაში, დუმაში ან “საზოგადოებრივი უსაფრთხოების კომიტეტში”.
“ზემოთ” კი ფიქრობენ ყველაფერზე გარდა ხალხის რეალური პრობლემებისა. 1793 წელს, როდესაც საფრანგეთში შიმშილი მძვინვარებდა, რობესპიერი “იაკობინელთა კლუბს” აიძულებდა განეხილა მისი მემუარები ინგლისურ კონსტიტუციაზე! 1848 წელს როდესაც მშრომელებს პურის ნამცეცებიც არ ჰქონდათ, დროებითი მთავრობა განიხილავდა ოფიცერთა პენსიებისა და ციხის სამუშაოების საკითხს, ისე რომ, არავის უფიქრია როგორ ცხოვრობდა ხალხი საყოველთაო უმუშევრობის პირობებში! იგივე საყვედურით შეიძლება მივმართოთ პარიზის კომუნასაც, რომელიც გაჩნდა მსგავს პირობებში, და იარსება სულ სამოცდაათი დღე, რომ გამარჯვება მაშინ როდესაც ირგვლივ მტერია, შეუძლებელია მებრძოლების გარეშე, ხოლო მშრომელს არ შეუძლია იბრძოლოს და ამავდროულად ოჯახი გამოკვებოს.
ხალხი სვამს კითხვას: როგორ გამოვიდეთ არსებული სიტუაციიდან?
III
ჩვენი აზრით ამ კითხვაზე ერთადერთი პასუხის გაცემა შეიძლება.
არსებული სიტუაციიდან გამოსასვლელად, უნდა ვაღიაროთ, რომ ყველა, მიუხედავად იმისა, როგორი სტატუსი, მატერიალური შესაძლებლობა თუ ავტორიტეტი ჰქონდა ადრე, იმსახურებს სიცოცხლეს, და საზოგადოება ვალდებულია გაანაწილოს ის საარსებო საშუალებები, რომელიც მის საკუთრებაშია. ეს უნდა ვაღიაროთ, გავიაზროთ და ვიმოქმედოთ ამ იდეაზე დაყრდნობით.
საჭიროა, რევოლუციის პირველსავე დღეებში ხალხმა გაიგოს, რომ დადგა ახალი ეპოქა. საჭიროა, ხალხმა გაიგოს რომ აღარავის უნდა მოუწიოს ხიდის ქვეშ დაძინება, მაშინ, როდესაც ირგვლივ თითქმის ცარიელი სასახლეებია. უნდა გაიგოს, რომ არავინ უნდა იშიმშილოს, რადგან არსებობს საკვების უზარმაზარი მარაგი. უნდა გაიგოს, რომ არავინ უნდა კანკალებდეს სიცივისაგან, მაშინ როდესაც მაღაზიები სავსეა ბეწვეულითა და მატყლით. დროა ყველაფერი ეკუთვნოდეს ყველას, დროა მოხდეს ერთი რევოლუცია მაინც, რომლის მიზანიც იქნება ხალხის გათავისუფლება და მის საჭიროებებზე ზრუნვა და არა მისი დამოძღვრა-დამორჩილება.
მაგრამ განკარგულებებით, ბრძანებებით, ამის გაკეთება ვერ მოხერხდება. ეს მიიღწევა მაშინ, თუ ხალხი შუამავლების გარეშე, პირდაპირ დაეპატრონება ყველაფერ იმას, რაც სასიცოცხლოდ აუცილებელია. ეს არის მოქმედების ერთადერთი მეცნიერული მეთოდი, რომელიც გასაგები და სასურველია ხალხისათვის.
ამბოხებული ხალხი უნდა დაეპატრონოს საკვებ პროდუქტთა საწყობებს, ტანსაცმლის მაღაზიებს, საცხოვრებელ სახლებს. არაფერი უნდა იხარჯებოდეს ტყუილად და იყრებოდეს ნაგავში, საჭიროა ორგანიზება და დანახარჯის შევსება. მოკლედ, დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს წარმოება, მაგრამ ამიერიდან, არა იმისათვის რომ რომელიმე ბატონი ან მმართველი იქნეს მომარაგებული, არამედ საზოგადოების ყველა წევრისათვის საჭიროებათა დასაკმაყოფილებლად.
არ გვჭირდება ორაზროვანი ფრაზები, როგორიცაა “შრომის უფლება ყველას” , რომლითაც გააბრიყვეს ხალხი 1948 წელს, და ახლაც სურთ იგივეს გაკეთება. დროა პირდაპირ განვაცხადოთ, რომ “კმაყოფილება ყველასათვის” რომელიც დღეს შესაძლებელია, მიღწეულ უნდა იქნას, ნებისმიერ ფასად.
როდესაც 1848 წელს ხალხი ითხოვდა “შრომის უფლებას”, მთავრობამ შექმნა ნაციონალური ფაბრიკები სადაც ხალხი მუშაობდა დღეში ორ ფრანკად! როდესაც ისინი ითხოვდნენ შრომის ორგანიზებას, მათ პასუხობდნენ: “მოიცადეთ ძვირფასო მეგობრებო, ხელისუფლება განიხილავს ამ საკითხს. მანამდე კი აი თქვენ ორი ფრანკი, ანაზღაურება მუშისთვის რომელიც მთელი ცხოვრება შრომობდა.” ხოლო შემდეგ ამზადებდნენ იარაღს, კრებდნენ ჯარს, და ერთ მშვენიერ დღეს მუშებსაც განუცხადეს: “წადით და მოახდინეთ აფრიკის კოლონიზირება, წინააღმდეგ შემთხვევაში დაგხვრეტთ!”
თუ მუშები მოითხოვენ არა შრომის, არამედ კმაყოფილების მოთხოვნას, რეზულტატები იქნება აბსოლიტურად განსხვავებული. მუშები დაეპატრონებიან ყველა სიმდიდრეს რომელიც საზოგადოებამ შექმნა, სახლებსა და ქარხნებს, რათა საბოლოოდ, ხანგრძლივი შიმშილობის შემდეგ იგრძნონ კმაყოფილება. ისინი დაეპატრონებიან სიმდიდრეს- რომელიც ერთად შექმნეს მათ და მათმა წინაპრებმა- და განკარგავენ მას გონივრულად, ისე, რომ ბოლოსდაბოლოს მათაც მიეცეთ საშუალება დატკბნენ ხელოვნების ნიმუშებით და დაინტერესდნენ მეცნიერები, რაც დიდხანს იყო ბურჟუების პრივილეგია.ამასთან, ისინი მიიღებენ უფლებას გადაწყვეტილებების თავად მიღებისა, რათა აწარმოონ ის რაც სჭირდებათ, და აწარმოონ იმდენი, რამდენიც სჭირდებათ.
“კმაყოფილების უფლება” ეს არის საშუალება ადამიანური ცხოვრებისა. მხოლოდ ამ გზით შეიძლება გავხდეთ საზოგადოების თანასწორი წევრები და საკუთარი შვილებიც გავზარდოთ ასეთებად.
კმაყოფილების უფლება- ეს არის სოციალური რევოლუცია. შრომის უფლება კი საწარმოო კატორღა.
თავი III. ანარქისტული კომუნიზმი (ანარქო-კომუნიზმი)
I.
ჩვენი აზრით, ყველა საზოგადოება, რომელიც ბოლოს მოუღებს კერძო საკუთრებას, უნდა იწყებდეს საზოგადოების ანარქო-კომუნისტურ საწყისებზე ორგანიზებას. ანარქიზმი თავისთავად არის კომუნიზმი, ისევე როგორც კომუნიზმი არის ანარქიზმი, რადგან ორივე მათგანი წარმოადგენს ერთი და იმავე სურვილის გამოხატულებას. ეს სურვილი არის თანასწორობა.
იყო დრო, როდესაც გლეხურ ოჯახს, მათ მიერ გამომცხვარი პური ან აშენებული სახლი შეეძლო ჩაეთვალა პირადი შრომის პროდუქტად. თუმცა მაშინაც, ასეთი თვალსაზრისი არ იყო ბოლომდე სწორი: უკვე არსებობდა ხიდები, გზები, მდელოები და საძოვრები, რომლებიც შექმნილი იყო ერთობლივი ძალისხმევითა და შრომით. ამიტომ, ოჯახს არ შეეძლო ეარსება, თუ საზოგადოებაში არ იქნებოდა ურთიერთდახმარება, ურთიერთთანადგომა.
მაგრამ ახლა, თანამედროვე დროში, როდესაც წარმოებაში ყველაფერი ერთმანეთთან დაკავშირებული და გადაკვეთილია, როდესაც მის არც ერთ ფილიალს თუ წარმონაქმნს არ შეუძლია იარსებოს დანარჩენთა დახმარების გარეშე- პროდუქტში თითოეული მათგანის წილის გამოყოფა, ფაქტიურად შეუძლებელია. თუ განვითარებულ ქვეყნებში ბოჭკოვანი ნივთიერებების დამუშავებამ და “ძვირფასი ლითონების” მოპოვებამ ასეთ საფეხურს მიაღწია, ამას უნდა უმადლოდენ იმ ლიანდაგებსა და ორთქლმავლებს, რომლებიც შეიქმნა მილიონობით მშრომელის მიერ, საერთო ჯამში კი ყველა ადამიანს, ვისაც როდესმე უმუშავია დედამიწაზე.
რა მეთოდით შეიძლება გამოვყოთ თითოეული მშრომელის წილი შექმნილ სიმდიდრეში?
იმ აზრზე დაყრდნობით, რომ ასეთი მეთოდი არ არსებობს, ჩვენ არ შეგვიძლია დავეთანხმოთ კოლექტივისტებს, რომ თითქოს პროპორციულად, მაქსიმალური სიზუსტით გათვლილი სამუშაო საათები, წარმოადგენს იდეალს, ან თუნდაც წინ გადადგმულ ნაბიჯს იდეალისაკენ. იმაზე მსჯელობის გარეშე, თანამედროვე საზოგადოებაში ასახავს თუ არა პროდუქტის ფასი მის საწარმოებლად აუცილებელ შრომას, როგორც ამას ამტკიცებდნენ ადამ სმიტი, რიკარდო და მარქსი (ამ უკანასკნელს ჩვენ კიდევ დავუბრუნდებით), შევნიშნავთ მხოლოდ იმას, რომ ისეთ საზოგადოებაში, სადაც წარმოების იარაღები წარმოადგენს საზოგადო საკუთრებას, კოლექტივისტთა იდეალი განუხორციელებელია. როგორც კი საზოგადოება გადაწყვეტს, რომ ფუნდამენტურ პრინციპად უნდა მიიღოს საზოგადოებრივი საკუთრება, მას აუცილებლად მოუწევს გათავისუფლდეს დაქირავებული შრომის ყველა სახისაგან.
ჩენ ღრმად ვართ დარწმუნებულნი, რომ კოლექტივისტთა შერბილებული ინდივიდუალიზმი ვერ იარსებებს თუნდაც არასრულ კომუნიზმთან ერთად, რომელიც გამოხატულია მიწისა და საწარმოო იარაღების საზოგადო საკუთრებაში ყოფნით. ქონების ფლობის ახალი ფორმა, აუცილებლად გამოიწვევს მისით შექმნილი სიმდიდრის ახლებურად გადანაწილებას. წარმოების ახალი ფორმის პირობებში, ვერ დარჩება უცვლელი პროდუქტის მოხმარების სახე, ისევე როგორც შეიცვლება პოლიტიკური ორგანიზაციები (პოლიტიკური ორგანიზება).
დაქირავებული (ანაზღაურებადი) შრომა წარმოადგენს მიწისა და იარაღების მისაკუთრების შედეგს. ის საჭიროა კაპიტალისტური წარმოების პირობებში, და უნდა მოკვდეს მასთან ერთად, იმ შემთხვევაშიც თუ მას შენიღბავენ “სამუშაო ჩეკების” სახელით. იარაღებისა და მიწის კოლექტიური ფლობა და კოლექტიური შრომა, აუცილებლად მიგვიყვანს პროდუქტების “კოლექტიურ გამოყენებამდე”.
ინდივიდუალიზმის განვითარება ბოლო სამი საუკუნის განმავლობაში- უფრო სწორად კი, ყოველი ინდივიდის გაძლიერებულად გამოხატული სურვილი, საკუთარი მოთხოვნილებების დამოუკიდებლად დაკმაყოფილებისა, იხსნება ადამიანის ქვეცნობიერი სურვილით, დაიცვას თავი სახელმწიფოსა და კაპიტალისაგან. ადამიანების უმეტესობა ფიქრობდა, ზოგი კი ქადაგებდა კიდეც, რომ საკუთარი თავის უზრუნველყოფის, ანუ ფულის შოვნის შემთხვევაში, შესაძლებელი იქნებოდა სახელმწიფოსაგან თავის სრულიად თავისუფლად გრძნობა. “ფული-ფიქრობდნენ ისინი, – მოგვცემს საშუალებას ვიყიდოთ ყველაფერი რაც გვჭირდება, მათ შორის- თავისუფლებაც.” მაგრამ აღმოჩნდა რომ ეს იყო დიდი შეცდომა. თანამედროვე ისტორიამ აჩვენა, რომ ფულით არა სრულყოფილ, არამედ მცირედ, პირად თავისუფლებასაც ვერ იყიდი. ისტორია გვარწმუნებს, რომ თანამშრომლობისა და ურთიერთდახმარების გარეშე უძლურნი ვართ, მიუხედავად ჩვენს ჯიბეებში ოქროს რაოდენობისა.
რეალურად, ამ ინდივიდუალისტურ საზოგადოებაში, ჩვენ ვხედავთ უამრავ მცდელობას კომუნიზმის ძველი სახეების შენარჩუნებისა და საზოგადოების შიგნით ახალ კომუნისტურ საწყისებზე ორგანიზებას.
როგორც კი მეათე, მეთერთმეტე და მეთორმეტე საუკუნეების საზოგადოებებს გაუჩნდათ შესაძლებლობა გათავისუფლებულიყვნენ სულიერი თუ ფიზიკური მმართველების მარწუხებისაგან, მათში მაშინვე იჩინა თავი კოლექტიურმა შრომამ და პროდუქტების საჭიროებათა მიხედვით გადანაწილებამ.
ქალაქი- სწორედ ქალაქი და არა კერძო პირები, ამზადებდა გემებსა და ქარავნებს სხვა ტერიტორიებზე ვაჭრობისათვის და მოგებაც ნაწილდებოდა მთელს ქალაქზე. ასეთი ქალაქების არსებობის კვალი დღემდეა შემორჩენილი (1848 წლამდე) და მაცხოვრებელი სათუთად ინახავენ მოგონებებს თავისუფლებაზე.
ყველაფერი ეს გაქრა. მხოლოდ სოფლის მოსახლეობა იბრძვის ამ კომუნიზმის ბოლო კვალის შესანარჩუნებლად, მაგრამ ეს მხოლოდ მანამ გამოუვათ სანამ სახელმწიფო ჩაერევა, თავისი მძიმე ხმლით.
მაგრამ მიუხედავად ამისა, ყველგან ჩნდება ახალი ორგანიზაციები, რომლებიც დაფუძნებულია იმავე პრინციპზე: ყველას საჭიროების მიხედვით- კომუნისტური მიდგომების გარეშე, თანამედროვე საზოგადოება ვერც კი შეძლებდა არსებობას. მიუხედავად საზოგადოებრივი წყობის გამოხატულად ეგოისტური ხასიათისა (რომელიც კაპიტალიზმის დამსახურებაა), კომუნისტური მიმართულებები თავს იჩენს ყველგან და აღწევს ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში.
არც ისე დიდი ხნის წინათ, როდესაც ხიდს აგებდნენ მასზე გადასასვლელად უნდა გადაგვეხადა, ე.წ. “ხიდის გადასახადი”. ახლა ხიდი – საზოგადოებრივი საკუთრებაა, ყველას შეუძლია გამოიყენოს იმდენჯერ, რამდენჯერაც დაჭირდება. მუზეუმები, საჯარო ბიბლიოთეკები, უსასყიდლო სკოლები, უფასო სადილი ბავშვებისათვის, პარკები და ბაღები რომელთა გამოყენებაც შეუძლია ყველას. ყველაფერი ეს დამყარებულია პრინციპზე : “აიღეთ იმდენი, რამდენიც გჭირდებათ”.
საბაგიროებსა და მატარებლებზე უკვე შემოიღეს ბილეთები წლიური ან თვიური მოქმედების ვადით, რომლითაც შეგიძლიათ თვეში ან წელიწადში იმდენჯერ ისარგებლოთ რამდენჯერაც დაგჭირდებათ. ცოტა ხნის წინ კი, უნგრეთში შემოიღეს “გადასახადი ზონების მიხედვით”, რომელიც საშუალებას გაძლევთ ერთ ფასად გაიაროთ 500 და 700 კმ. ამ და სხვა დაწესებულებებში (სასტუმროები, პანსიონები და ა.შ.) დომინანტურ მიმართულებას წარმოადგენს მოთხოვნების დაკმაყოფილება საჭიროებათა გაზომვის გარეშე.
ერთს სჭირდება 1000 კილომეტრის გავლა, მეორეს მხოლოდ 300-ის. ერთს სჭირდება 3 ფუნტი პური, მეორეს მხოლოდ 2. ეს არის წმინდა პირადი საჭიროება, და არ არსებობს არანაირი საფუძველი იმისათვის, რომ პირველს ვაიძულოთ გადაიხადოს 1,5-ჯერ მეტი მეორეზე. ზოგჯერ ამას ჩვენს “სუპერ-ინდივიდუალისტურ” საზოგადოებაშიც ხვდებიან.
ამას გარდა, იშვიათად თუმცა მაინც შეინიშნება მისწრაფება, დაყენდეს პიროვნების მოთხოვნილებები უფრო მაღლა, ვიდრე ის წვლილი, რომელიც მან საზოგადოების განვითარებაში შეიტანა. საზოგადოება განიხილება ერთ მთლიანად, რომლის თითოეული ნაწილიც ისე მჭიდროდაა დაკავშირებული ერთმანეთთან, რომ დახმარება ერთი მათგანისთვის, ნიშნავს მთელი საზოგადოების დახმარებას.
როდესაც თქვენ მიდიხართ საჯარო ბიბლიოთეკაში- მაგალითად, ლონდონის ან ბერლინის- ბიბლიოთეკარი ისე მოგცემთ თქვენს წიგნს, თუნდაც ორმოცდაათ წიგნს, რომ არ გკითხავთ რა დამსახურებები გაქვთ საზოგადოების წინაშე. ის უბრალოდ მოგცემთ საჭირო წიგნს, საჭიროების შემთხვევაში კი კატალოგშიც მოგაძებნინებთ. ზუსტად ასევე, ფიქსირებული “საწევრო თანხის” გადახდის შემდეგ, სამეცნიერო საზოგადოება უფლებას გაძლევთ შეხვიდეთ მუზეუმებში, ბაღებში, ბიბლიოთეკებში, ლაბორატორიებში, მიუხედავად იმისა დარვინი ხართ თუ უბრალოდ მოყვარული.
ზოგიერთ ქალაქში, თუ თქვენ მუშაობთ რაიმე გამოგონებაზე, თქვენ შეგიძლიათ მიხვიდეთ სპეციალურ სახელოსნოში, სადაც გამოგიყოფენ ადგილს, უზრუნველგყოფენ ყველა აუცილებელი ინსტრუმენტით, ყველა ხელსაწყოთი- საჭიროა მხოლოდ მათი გამოყენების ცოდნა- და მოგცემენ საშუალებას იმუშაოთ რამდენ ხანსაც ინებებთ. –“ინებეთ ინსტრუმენტები, მოიწვიეთ მეგობრები და ამხანაგები, თუ გჭირდებათ, ან იმუშავეთ მარტომ თუ თქვენთვის ასე უფრო კომფორტულია, შექმენით მფრინავი მანქანა, ან არ შექმნათ არაფერი- ეს თქვენი საქმეა. თქვენ გაქვთ თქვენი იდეები და ეს საკმარისია”.
მაშველები, რომელთა შორისაც ხშირად მოხალისეებიც არიან, არ ეკითხებიან დაღუპული გემის მგზავრებს მათ პროფესიებსა თუ დამსახურებებზე, ისინი უბრალოდ ეშვებიან ზღვაში ქარიშხლის დროს, რისკავენ თავიანთ სიცოცხლეს და ხშირად იღუპებიან კიდეც, აბსოლიტურად უცნობი ადამიანებისთვის. -“ჩვენი სამსახური სჭირდებათ. ცოცხალი ადამიანი დახმარებას ითხოვს-ეს უკვე საკმარისია-მას აქვს სიცოცხლის უფლება. წავიდეთ მათ გადასარჩენად!”
ყველაფერიში, რაზეც ზემოთ ვისაუბრეთ, ჩანს ჭეშმარიტად კომუნისტური მისწრაფებები, რომლებიც თავს იჩენენ ყველგან, ჩვენს ინდივიდუალიზმის მქადაგებელ საზოგადოებაში.
დავუშვათ ქალაქს თავს დაატყდა რაიმე უბედურება, ვთქვათ მტერმა ალყაში მოაქცია-ახლა, ჩვენს საშინლად ეგოისტურ დროში- უეცრად ქალაქი გადაწყვეტს რომ პირველ რიგში საჭიროა მოხუცებისა და ბავშვების გამოკვება, მიუხედავად მათი დამსახურებებისა ქალაქის წინაშე. გადაწყვეტენ რომ აუცილებელია სწორედ მათი გამოკვება, მიუხედავად მათი გონებრივი შესაძლებლობებისა თუ შრომისუნარიანობისა. შემდეგ კი ათასობით ქალი და კაცი დაუღლელად იზრუნებს დაჭრილებზე.
ასე რომ, ეს მისწრაფება არსებობს. ის უფრო და უფრო შესამჩნევი ხდება ადამიანების ყველაზე აუცილებელი საჭიროებების დაკმაყოფილებასთან ერთად, საწარმოო ძალის გაზრდასთან ერთად. ის კიდევ უფრო ნათელი და მკვეთრი ხდება მაშინ როდესაც საზოგადოება ყოველდღიური წვრილმანი პრობლემების მაგივრად, იწყებს ფიქრს რაიმე საერთო პრობლემასა თუ იდეაზე.
და აქედან გამომდინარე, ღირს კი კამათი იმაზე, -რომ როდესაც სამუშაო იარაღები გახდება საზოგადო საკუთრება, შრომა იქნება კოლექტიური, ხოლო პროდუქტი იქნება იმაზე მეტი ვიდრე საზოგოდოებას სჭირდება-ისედაც არსებული კომუნისტური მიდრეკილებები გაფართოვდება და საზოგადოებრივი ცხოვრების ფუნდამენტად იქცევა?
ყველაფერ ზემოთთქმულზე დაყრდნობით და ექსპროპრიაციასთან დაკავშირებული ფაქტების გათვალისწინებით (რომლებზეც მომდევნო თავებში ვისაუბრებთ), ჩვენ ვფიქრობთ, რომ როგორც კი რევოლუცია დაამარცხებს თანამედროვე წესრიგის დამცველ ძალებს, ჩვენი პირველი ვალდებულება იქნება კომუნისტური მეთოდების, კომუნიზმის სასწრაფო განხორციელება.
მაგრამ ჩვენი კომუნიზმი არ არის ფალანსტერის ან გერმანელი სტეიტისტი თეორიტიკოსების კომუნიზმი. ეს არის ანარქისტული კომუნიზმი, კომუნიზმი მმართველების გარეშე, კომუნიზმი თავისუფალი ხალხისა. ეს არის ორი უმთავრესი პრინციპის სინთეზი, გაერთიანება: ეკონომიკური და პოლიტიკური თავისუფლება.
II
ვიღებთ რა “ანარქიას”, როგორც პოლიტიკური ორგანიზების იდეალს, ჩვენ წარმოვადგენთ საზოგადოების კიდევ ერთ აშკარა მისწრაფებას. ყოველთვის, როდესაც ევროპულ საზოგადოებას საშუალება ეძლეოდა თავი გაეთავისუფლებინა ძალაუფლებისაგან, ის ასე იქცეოდა და ცდილობდა შეექმნა ისეთი სისტემა, რომელიც დამყარეული იქნებოდა თავისუფალ ურთიერთობებზე და ადამიანის პიროვნულ თავისუფლებაზე. და ისტორიაში ჩვენ ვხედავთ, რომ იმ პერიოდებში, როდესაც სახელმწიფოს გავლენა ან არ არსებობდა, ან დაყვანილი იყო უმცირეს დონემდე, საზოგადოება ვითარდებოდა უფრო სწრაფად.
ასეთი იყო მაგალითად, დამოუკიდებელი ქალაქები (ქალაქ-სახელმწიფოები), რომელთაც ორას-სამას წელიწადში უზარმაზარი წვლილი შეიტანეს მეცნიერებაში, ხელოვნებასა და არქიტექტურაში. ეს მისწრაფება იკვეთება გლეხთა აჯანყებებში, რომელთა მიზანიც იყო პაპის ძალაუფლების დამხობა ან შესუსტება და ატლანტის ოკეანის მეორე მხარეს, ამარიკის კონტინენტზე მოკლე ხნით დაარსებულ თავისუფალ საზოგადოებებში.
თუ ჩვენ ყურადღებით ვადევნებთ თვალს თანამედროვე საზოგადოების განვითარებას, ნათლად დავინახავთ, თუ როგორ იზრდება დღითი-დღე მთავრობის უფლებებისა და გავლენის სფეროს შეზღუდვის სურვილი, რათა ის ჩანაცვლებული იქნას უფრო და უფრო მეტი პირადი თავისუფლებით. სწორედ ამ სურვილის დამსახურებაა მთელი თანამედროვე განვითარება, მიუხედავად იმისა, რომ მას ხელს უშლის წარსულის მიერ ნამემკვიდრევი უამრავი ცრურწმენა და ცრუ იდეოლოგია. საზოგადოება ელის მხოლოდ და მხოლოდ რევოლუციას, რათა გაანადგუროს ყველა ეს ცრურწმენა და დაიბადოს ხელმეორედ.
ადამიანები დიდხანს ცდილობდნენ გადაეჭრათ გადაუჭრელი ამოცანა: “ეპოვნათ ისეთი მთავრობა, რომელიც დაიმორჩილებდა პიროვნებებს ისე, რომ თავად არ შეეწყვიტა საზოგადოების სამსახური” .
ახლა კი კაცობრიობა ცდილობს საერთოდ გათავისუფლდეს მმართველებისაგან და საკუთარიმოთხოვნილებები დაიკმაყოფილოს თავისუფალი შეთანხმებებით, პიროვნებებსა და ჯგუფებს შორის. აუცილებელი ხდება ყოველი ტერიტორიული ერთეულის, სოფლების, ქალაქების, დამოუკიდებლობა, სადაც თავისუფალი შეთანხმება ჩაანაცვლებს კანონმდებლობას და კერძო ინტერესებს მიმართავს ერთი საერთო მიზნისაკენ- ეს ყველაფერი მოხდება სახელმწიფო საზღვრებისაგან დამოუკიდებლად.
ნელა, თუმცა მაინც შესამჩნევად, ყველაფერი სახელმწიფოს საწინააღმდეგოდ ბრუნდება: მისი ჩარევის გარეშე, ხალხი თავს უფრო კომფორტულად გრძნობს. იმ წარმატებების გათვალისწინებით, რომლებიც ამ მიმართულებით უკვე მიღწეულია, ჩვენ აუცილებლად მივალთ იმ დასკვნამდე, რომ საზოგადოება მიისწრაფის სახელმწიფოს ძალაუფლების განულებისა და მისი განადგურებისაკენ, განადგურებისა ამ ხორცშესხმული უსამართლობის, შევიწროებისა და კაპიტალისტური მონოპოლიის დამცველისა.
ჩვენ უკვე შეგვიძლია შევქმნათ ისეთი საზოგადოება, რომელშიც პიროვნება, ყოველგვარი კანონების გარეშე, იხელმძღვანელებს მხოლოდ საზოგადოებრივი პრინციპებით, რომლებიც წარმოადგენენ იმ გრძნობათა მემკვიდრეობას, რომელიც თითოეულ ჩვენგანს არაერთხელ განუცდია: საჭიროება დახმარების, თანამშრომლობისა და თანაგრძნობის.
რა თქმა უნდა, საუბარი საზოგადოებაზე სახელმწიფოს გარეშე გამოიწვევს ისეთივე გაკვირვებას და “პროტესტს”, როგორსაც საუბარი ეკონომიკურ სისტემაზე, კერძო საკუთრების გარეშე. ჩვენ ყველანი გავიზარდეთ უამრავ ცრურწმენაზე სახელმწიფოსთან დაკავშირებით, რომელიც თითქოს უზრუნველყოფს ადამიანთა მშვიდობიან თანაცხოვრებას. მთელი ჩვენი განათლება,- დაწყებული რომაული ლეგენდების სწავლებით,რომელიც რომის ისტორიის სახელითაა ცნობილი და დამთავრებული იუსტინიანეს ბიზანტიური კანონებით, რომელიც შეისწავლება “რომის სამართალის” სახელით (აღარაფერს ვამბობთ რიგ მეცნიერებებზე “სამართლის” შესახებ, რომლებიც უნივერსიტეტებში შეისწავლება),- ყველაფერი ორიენტირებულია იმაზე, რომ გაგვიმტკიცონ რწმენა მმართველებისა და ყოვლისშემძლე სახელმწიფოსადმი.
შეიქმნა მთელი ფილოსოფიური სისტემები, რომლებიც ისწავლება ერთადერთი მიზნით- ამ ცრურწმენების მხარდასაჭერად. იგივე მიზნით ჩამოყალიბდა “სამართლის” განსხვავებული თეორიები. მთელი პოლიტიკა დამყარებულია ამ ცრურწმენებზე, და ყველა პოლიტიკური მოღვაწე, რომელი პარტიიდანაც არ უნდა იყოს, გვეუბნება: “ მოგვეცით ძალაუფლება, და გაგათავისუფლებთ ყველა უბედურებისაგან რომელიც თქვენ გაწუხებთ: ჩვენ შეგვიძლია ამის გაკეთება!”
აკვნიდან საფლავამდე ჩვენ გვაიძულებენ გვჯეროდეს სახელმწიფოსა და მმართველების კეთილსინდისიერების და დავემორჩილოთ მათ. გადაშალეთ ნებისმიერი წიგნი საზოგადოებრივი მეცნიერებების (სოციოლოგია) ან იურისპუდენციის შესახებ- და თქვენ ნახავთ, რომ მთავრობას, მის ორგანოებს და ქმედებებს იქ უჭირავს იმდენად მნიშვნელოვანი ადგილი, რომ ის ვინც ამ წიგნით სწავლობს, აუცილებლად იფიქრებს- “მმართველებისა და სახელმწიფოს გარეშე არაფერი იარსებებს”.
სწორედ იგივე ხდება ჟურნალებსა და გაზეთებში. მთელი სვეტები ეთმობა პოლიტიკურ დებატებსა და ინტრიგებს, მაშინ როდესაც მთელი საზოგადოების ყოველდღიური ცხოვრება, რომელიც სახელმწიფო მოხელეების ბორკილებს გარეთ მიმდინარეობს, ეტევა რამდენიმე ხაზში, სადაც საუბარია რაიმე ეკონომიკურ მოვლენაზე ან ახალ კანონებზე. და როდესაც თქვენ ამ გაზეთებს კითხულობთ, სრულიად გავიწყდებათ ადამიანების ის ურიცხვი რაოდენობა, უფრო სწორად კი მთელი მოსახლეობა, -რომლებიც იბადებიან და კვდებიან, იტანჯებიან, ქმნიან და მოიხმარენ იმ მუქთახორა ადამიანების გვერდით, რომლებიც ჩვენ იმდენად გავაღმერთეთ, რომ მათ დაჩრდილეს მთელი კაცობრიობა.
ხოლო როდესაც ჩვენ ქაღალდიდან რეალურ ცხოვრებაში გადავინაცვლებთ და დავაკვირდებით ირგვლივ მცხოვრებ საზოგადოებას, გაგვაკვირვებს ის ფაქტი, რომ სახელმწიფოს როლი საოცრად უმნიშვნელოა. ჯერ კიდევ ბალზაკმა შენიშნა, რომ მილიონობით გლეხი ცხოვრობს და კვდება ისე, რომ სახელმწიფოს შესახებ იცის მხოლოდ ერთი რამ- ის ვალდებულია მას სოლიდური გადასახადები უხადოს. მილიონობით სავაჭრო თუ სხვა სახის შეთანხმება წარმოებს ყოველდღიურად სახელმწიფოს ჩაურევლად, და მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვნები-კომერციული და საბირჟო- წარმოებს იმდენად არაფორმალურად, რომ სახელმწიფო, რომელიმე მხარის მიერ შეთანხმების პირობების დარღვევის შემთხვევაშიც ვერ ერევა. დაეკითხეთ ნებისმიერ ადამიანს, რომელსაც მსგავს საქმეში მონაწილეობა მიუღია და ის გეტყვით, რომ სავაჭრო ურთიერთობები წარმოუდგენელი იქნებოდა, რომ არა თავისუფალი შეთანხმება. უბრალო თვისება სიტყვის არ გატეხისა და კრედიტის დაკარგვის შიში, საკმარისია იმის შესანარჩუნებლად რასაც “კომერციულ პატიოსნებას” უწოდებენ. ისადამიანებიც კი, რომლებიც ყოველგვარი სინდისის ქენჯნის გარეშე მიყიდიან მომხმარებელს უვარგის საქონელს, აუცილებლად თვლიან ვალდებულებების შესრულებას სხვა ვაჭრებთან მიმართებაში. თუ ეს პატიოსნება არსებობს ჩვენს საზოგადოებაში, რომელშიც ერთადერთი მოტივატორი და მიზანი გამდიდრებაა, მაშინ ღირს კი დაეჭვება იმაში, რომ ის განვითარდება ბევრად უფრო სწრაფად, როდესაც სხვისი შრომის მითვისება აღარ იქნება ეკონომიკის პრინციპი?
კიდევ ერთი განსაცვიფრებელი ფაქტი, რომელიც საკმაოდ ხშირია თანამედროვე საზოგადოებაში, კიდევ უფრო ნათლად მიუთითებს იმავე მისწრაფებაზე. ეს არის მუდმივი ზრდა ისეთი საწარმოების თუ ორგანიზაციების რიცხვისა, რომლებიც დამყარებულია თვითმმართველობის პრინციპზე. ეს თავისუფალი ორგანიზაციები წარმოადგენენ რამდენადმე ბუნებრივ ფენომენს. ისინი სწრაფად იზრდებიან, მარტივად ჯგუფდებიან და გარდაუვლად აღწევენ განათლებული ადამიანის ყოველდღიურად ზრდადი საჭიროებების შესაბამის შედეგს. თუ ასეთი ორგანიზაციები ჯერ კიდევ არ გავრცელებულა საზოგადოებრივი ცხოვრების ყვეელა სფეროში, ეს გამოწვეულია მხოლოდ იმით, რომ ისინი ხვდებიან გადაულახავ დაბრკოლებებს, რომლებიც გამოწვეულია მუშათა სიღარიბით, საზოგადოების კასტებად დაყოფით, კერძო საკუთრებით, განსსაკუთრებით კი სახელმწიფოს, როგორც ასეთის, არსებობით.
ამ დაბრკოლებების განადგურების შემთხვევაში, ისინი დიდი სისწრაფით გავრცელდებიან და შეერწყმებიან განათლებული ადამიანების საქმიანობას.
ბოლო ნახევარი საუკუნის ისტორია, თვალსაჩინო მაგალითია იმისა, რომ ვერანაირი კონსტიტუციური მმართველობა, ვერ უზრუნველყოფს იმას, რომ სახელმწიფომ შეასრულოს თავისი დაპირებები და ვალდებულებები ხალხის წინაშე. როდესმე მეცხრამეტე საუკუნეზე ისაუბრებენ როგორც პარლამენტარიზმის დამარცხების ხანაზე.
პარლამენტარიზმის ეს უძლურება იმდენად ნათელია და მისი შეცდომები იმდენად თვალშისაცემი, რომ ის რამდენიმე მოაზროვნე, რომელებმაც ის გააკრიტიკეს (ჯონ სტიუარტ მილი, ლავერდე) ფაქტიურად გადმოსცემდა საზოგადოების სათქმელს. მართლაც აბსურდული არაა ამოარჩიო რამდენიმე ადამიანი და უთხრა მათ: “ დაგვიწერეთ კანონები, რომლებიც გააკონტროლებენ ჩვენს ცხოვრებას ყველა მიმართულებით, თუნდაც არაფერი იცოდეთ ამ მიმართულებებზე”? ხალხი იწყებს იმის გააზრებას, რომ ეგრეთ წოდებული “მმართველი უმრავლესობა” სხვა არაფერია თუ არა ჯგუფი “ჭაობის გომბეშოების” (როგორც მათ საფრანგეთის რევოლუციისას უწოდებდნენ), რომელთა მიზანიც, მიუხედავად იმისა ეკუთვნიან “მემარჯვენეებს” თუ “მემარცხენეებს”, არის მეტი სარგებლის მიღება.
მიუხედავად ამისა, კონსტიტუციური მმართველობა იყო წინ გადადგმული ნაბიჯი მონარქიასთან შედარებით, თუმცა კაცობრიობას არ შეუძლია მასზე გაჩერება. ის უკვე ეძებს ახალ გზებს-და პოულობს მათ.
მსოფლიო საფოსტო გაერთიანება, “რკინიგზელთა საზოგადობა”, -წარმოადგენენ თავისუფალი შეთანხმების მაგალითებს, რომელიც ჩაანაცვლებს კანონს.
თანამედროვე დროში, როდესაც დედამიწაზე მიმოფანტული სხვადასხვა ჯგუფები გაეთიანებას გადაწყვეტენ, ისინი ქმნიან “ინტერნაციონალურ პარლამენტს”, ირჩევენ დეპუტატებს და ეუბნებიან: “მოგვეცით კანონი და ჩვენ მას დავემორჩილებით”. თუ საკითხის პირდაპირ განხილვა ვერ ხერხდება, მაშინ ისინი კონგრესზე აგზავნიან ხალხს, რომელთაც ეს საკითხი სპეციალურად შეისწავლეს და ეუბნებიან: “შეეცადოთ ესაუბროთ მათ კონკრეტულ თემებზე-მიკიბ-მოკიბვის გარეშე და დაბრუნდით ჩვენთან არა კანონებით-ისინი ჩვენ არ გვჭირდება, არამედ “შეთანხმების პროექტით”, რომელსაც ჩვენ ან მივიღებთ-ან არა. “
ინგლისური მუშათა პროფკავშირები უკვე ორმოცდაათი წელია ასე მუშაობენ. ასევე იქცევიან მსხვილი საწარმოო კორპორაციები და ყველა სახის საზოგადოებრივი გაერთიანებები.
სწორედ ასევე მოიქცევა საზოგადოება, როდესაც ის გათავისუფლდება სახელმწიფო ძალაუფლებისაგან. როდესაც მიწებს, ფაბრიკებსა და ქარხნებს დაიბრუნებს ხალხი, პარლამენტი აღმოჩნდება აბსოლიტურად უსარგებლო-რადგან მისი ფაქტიურად ერთადერთი მიზანი,მათი დაცვაა.
ისტორიაში ყოველ ეკონომიკურ ფორმას შეესაბამება თავისი პოლიტიკური ფორმა. შეუძლებელია შევცვალოთ ერთი და უცვლელი დავტოვოთ მეორე.
თავი IV. ესქპროპრიაცია.
I
ყვებიან რომ 1848 წელს, თავისი მდგომარეობით შეშინებულმა როტშილდმა, ასეთი ხუმრობა მოიგონა- “კარგი, ვთქვათ ჩემი ქონება მართლაც სხვების ხარჯზე მოვიპოვე. მაგრამ თუ მას ევროპის ყველა მაცხოვრებელს თანაბრად გავუნაწილებთ, მაშინ თითოეულს შეხვდება არაუმეტეს ხუთი ფრანკისა (ორი რუბლი). რა გაეწყობა, მე მივცემ მსურველებს ხუთ ფრანკს.”
ამ განცხადების შემდეგ, როტშილდმა მშვიდად განაგრძო სეირნობა ფრანკფურტის ქუჩებში. ორჯერ ან სამჯერ, მივიდნენ კიდეც მასთან “კუთვნილი” ხუთი ფრანკის სათხოვნელად, და ისიც მოთხოვნას ამაყი ღიმილით ასრულებდა, შესაბამისად, ფოკუსმა გაამართლა, და მილიონერის შთამომავლობა დღესაც მეფურად ცხოვრობს, ხალხის ხარჯზე.
დაახლოებით ასევე მსჯელობს ბურჟუაზიის ბრძენი წარმომადგენლების უმეტესობა: “აჰ, ექსპროპრიაცია! გასაგებია! ეს ნიშნავს წავართვათ ვინმეს პალტო, დავანაწევროთ ის უამრავ ნაწილად და დავურიგოთ ხალხს!”- რეალურად, ეს ყბედობა, იმდენადვე უაზროა, რამდენადაც როტშილდის “ხუმრობა”.
ჩვენ სულაც არ გვსურს დავანაწევროთ პალტო და ხალხს დავურიგოთ(თუმცა თანამედროვე სისტემაში, როდესაც უამრავი ადამიანი ტანსაცმლის გარეშე, ღია ცისქვეშ კანკალებს- არც ესაა ურიგო). ასევე არ გვსურს როტშილდის ფულის განაწილება. ჩვენ გვსურს მოვაწყოთ საზოგადოება ისე, რომ მის ყოველ წევრს შეეძლოს პროდუქტიული სამოშაოს შესწავლა, მასში წვლილის შეტანა და თავისი შესაძლებლობების გამოყენება, ბატონის თუ მესაკუთრის ნებართვის გარეშე. ჩვენ გვსურს, რომ ადამიანებს არ უწევდეთ თავიანთი შრომის პროდუქტის უმეტესი ნაწილის იმ ადამიანებისათვის მიცემა, რომლებმაც უსამართლოდ მიითვისეს მიწა და დანადგარები.
რაც შეეხება როტშილდებისა თუ ვანდერბლიტების მრავალფეროვან სიმდიდრეს, ის ჩვენ მხოლოდ დაგვეხმარება ჩვენი საზოგადოებრივი წარმოების განვითარებაში.
როდესაც გლეხი შეძლება მოუაროს მიწას და მოიყვანოს მოსავალი მეფისთვის თუ ბატონისთვის წილის მიუცემლად, როდესაც ყველა მანქანა-დანადგარი, რომელიც საჭიროა მიწის გასაკეთილშობილებლად, იქნება გლეხის საკუთრება, როდესაც ქარხნის მუშები აწარმოებენ საზოგადოებისთვის და არა რომელიმე ბურჟუიზთვის, რომელიც მათი სიღარიბით სარგებლობს- მაშინ, ისინი აღარ იშიმშილებენ და არც როტშილდი და სხვა ექსპლოატატორები იარსებებენ. თუ აღარავინ იქნება იძულებული, გაყიდოს საკუთარი სამუშაო ძალა, ისეთ ანაზღაურებაზე, რომელიც მისი შრომის შედეგის მხოლოდ ნაწილს წარმოადგენს, ექსპლოატატორები ვერსაიდან გაჩნდებიან.
“გასაგებია- გვეტყვიან ჩვენ- მაგრამ ვფიქრობთ თქვენთან მაინც გაჩნდებიან როტშილდები…ხომ შეიძლება ადამიანმა დააგროვოს მილიონები, მაგალითად ჩინეთში, შემდეგ კი თქვენთან დასახლდეს?როგორ დაუშლით მათ დაქირავებული შრომის გამოყენებას, ხალხის ექსპლოატაციასა და მათ ხარჯზე ქონების გაზრდას?
ხომ ვერ მოახდენთ რევოლუციას მთელ დედამიწაზე ერთდროულად? მაშინ უნდა მოაწყოთ საბაჟოები და დაათვალიეროთ ყველა შემომსვლელის ნივთები, მოახდინოთ ფულის კონფესკაცია. ჟანდარმი-ანარქისტები, რომლებიც მოგზაურებს ესვრიან-აი სანახაობა!”
ამ მსჯელობის საფუძველშივე დიდი შეცდომაა დაშვებული. ადამიანები არ სვამენ კითხვას, საიდან, როგორ ჩნდებიან მდიდრები? სულ ცოტა დაფიქრებაა საჭირო იმის მისახვედრად, რომ ერთეულების სიმდიდრე, სრულიად დამოკიდებულია სხვების სიღარიბეზე. იქ, სადაც არ იქნებიან ღარიბები, არ იქნებიან ექსპლოატატორებიც. მხოლოდ და მხოლოდ სიღარიბის დამსახურებით არსებობენ მსხვილი ბურჟუები.
ავიღოთ მაგალითად შუასაუკუნეები, როდესაც გაძლიერდნენ მსხვილი მესაკუთრეები. რომელიმე ფეოდალი ბარონი მიისაკუთრებდა უზარმაზარ, დაუსახლებელ ტერიტორიას. თუმცა, სანამ ამ ტერიოტორიაზე ვინმე არ დასახლდებოდა, ბარონიც არ იყო მდიდარი. დაუსახლებელ მიწას მისთვის ისეთივე ფასი ჰქონდა, როგორიც მაგალითად, ნაკვეთს მთვარეზე. და რას აკეთებდა მაშინ ბარონი?-ის ეძებდა გლეხს, ღარიბს.
მაგრამ თუ ყველა გლეხს ექნებოდა თუნდაც მცირე ზომის დაუბეგრავი მიწა და მის დასამუშავებლად საჭირო იარაღები, ვინღა მივიდოდა ბარონთან სამუშაოდ? უეჭველია, რომ ყველა მათგანი სახლში მუშაობას ამჯობინებდა, ბარონს კი უზარმაზარი უსარგებლო მიწა შერჩებოდა ხელთ. რეალურად კი ბარონი პოულობდა უამრავ ღარიბს, -ომების, გადასახადების, დაავადებების თუ სხვა უბედურებებისაგან გაჩანაგებულთ- რომელთაც არ ჰყავდათ ცხენი და არ ჰქონდათ სამუშაო იარაღები.
ასეთი ადამიენები კი ყველგან იყვნენ და თანხმდებოდნენ ნებისმიერ შესაძლებლობას, ეცხოვრათ ცოტათი უფრო უკეთესად. და აი, სადმე გზაჯვარედინზე, ბრაონის საკუთრების საზღვართან, ისინი ხედავენ საინფორმაციო დაფას, რომელზეც ჯვრებით, ან მათთვის გასაგები სხვა ნიშნებით, აღნიშნულია, რომ გლეხს შეუძლია რამდენიმე წლით სრულიად უფასოდ დასახლდეს ამ მიწაზე, მიიღოს გუთანი და ქოხი საცხოვრებლად. ვთქვათ ამ წლების რაოდენობა იყო ცხრა, გლეხი მშვენივრად ხვდებოდა, სადამდე მიიყვანდა ეს წლები, თუმცა სხვა გზა არ ჰქონდა.
გლეხები მოდიოდნენ და სახლდებოდნენ ამ მიწაზე, გაჰყავდათ გზები, აკეთილშობილებდნენ ნიადაგს, აშენებდნენ სოფლებს, იძენდნენ პირუტყვებს. ცხრა წლის შემდეგ , ბარონი აიძულებდა გლეხებს დაედოთ მასთან საარენდო შეთანხმება,- ხოლო კიდევ ხუთი წლის შემდეგ იწყებდა გადასახადის გაზრდას მანამ, სანამ გლეხი შეძლებდა გადახდას. შესაბამისად, კანონების დახმარებით, რომლებიც ძირითადად ბარონების მიერ იწერება, გლეხი ხდება მიწის მიმთვისებლის გამდიდრების საშუალება. არა მარტო ერთი, კონკრეტული მესაკუთრის, არამედ მდიდართა მთელი თაობის, რომლებიც განურჩევლად განაგრძობენ გლეხის ექსპლოატაციას. ამასობაში კი, გლეხი, ისევე როგორც მიწა, გახდა ბარონის საკუთრება და ის ვეღარსად წავა.
ასე იყო შუასაუკუნეებში. მაგრამ, განა იგივე არ ხდება ახლაც? იმ შემთხვევაში, თუ იქნება თავისუფალი მიწები, რომელთა დამუშავებაც გლეხს შეეძლება სურვილისამებრ, დათანხმდება ის მუდმივად გადასახადების გადახდას? დათანხმდება საარენდო გადასახადის გადახდას, რომელიც მას მოსავლის მესამედს ართმევს? ნუთუ დათანხმდება მესაკუთრისათვის მოსავლის ნახევრის მიცემას?
მაგრამ მას არაფერი აქვს, ამიტომ ის თანახმაა ნებისმიერ რამეზე, რაც გამოკვების საშუალებას მისცემს. ამავე დროს, ის თავისი სისხლით ამდიდრებს მესაკუთრეს. დიახ, სწორედ გლეხის სიღარიბის ხარჯზე იზრდება ბატონთა, გრაფთა და დიდებულთა კაპიტალი. თითქმის იგივეა მდგომარეობა ჩვენს მეოცე საუკუნეშიც.
II
ფაბრიკებისა და ქარხნების მფლობელებიც, მიწის მესაკუთრეთა მსგავსად, ღარიბთა დამსახურებით მდიდრდებიან.
განვიხილოთ მაგალითად ბურჟუა, რომელიც რაღაც გზით ორასი ათასი რუბლის მფლობელი გახდა. რა თქმა უნდა, მას შეუძლია გამოიზოგოს ეს ფული და დახარჯოს წელიწადში ვთქვათ, ოცი ათასი რუბლი, რაც ბურჟუაზიული ფუფუნებისათვის არც ისე ბევრია. მაგრამ ამ შემთხვევაში, მას ათი წლის შემდეგ აღარაფერი დარჩება. ამიტომ, როგორც “პრაქტიკული” ადამიანი, ის შეინახავს მთლიან კაპიტალს და შეიქმნის ყოველდღიურ, სტაბილურ შემოსავალს.
ამის მიღწევა კი თანამედროვე საზოგადოებაში ძალიან მარტივია, სწორედ იმიტომ, რომ ქალაქები და სოფლები სავსეა სამუშაოს მთხოვნელი (ან უკვე “დასაქმებული”) ადამიანებით, რომლებსაც არ შეუძლიათ თავის გამოკვება. ჩვენი ბურჟუა პოულობს შესაბამის ინჟინერს და აშენებს ქარხანას. ბანკი მაცდუნებლად სთავაზობს მას კიდევ ორასი ათასი რუბლის სესხს, განსაკუთრებით მაშინ თუ მას “პატიოსანი” კაცის სახელი აქვს. ოთხასი ათასიანი კაპიტალით კი მას უკვე თავისუფლად შეუძლია დაიქირავოს ოთხასი მუშა.
მაგრამ თუ ყველა ქალაქსა და სოფელში ხალხს ექნებოდა “საარსებო მინიმუმი” მაინც, ვინ წავიდოდა ჩვენს ბურჟუასთან სამუშაოდ? არავინ დათანხმდებოდა მუშაობას დღეში ერთი რუბლის საფასურად, მაშინ როდესაც ყველას ეცოდინებოდა, რომ ერთ დღეში შექმნილი პროდუქტი შეიძლება გაყიდო სამ ან ხუთ რუბლადაც კი. სამწუხაროდ, როგორც ყველა ჩვენგანისთვის ცნობილია, სოფლები და ქალაქები სავსეა მშიერი ხალხით, ამიტომ ქარხნის აშენებისთანავე სამუშაოს მსურველები ყველა მხრიდან მოდიან. “ მიგვიღე ბატონო, ღვთის გულისათვის. შენთვის ბევრს ვიშრომებთ, მხოლოდ იმდენი გადაგვიხადეთ, რომ ბავშვები გამოვკვებოთ.” როცა ქარხანა მუშაობას დაიწყებს, მფლობელი, თუ ის სულელი არ არის, თითოეული მასთან მომუშავისაგან წელიწადში ორას-სამას რუბლ მოგებას ნახავს. ამგვარად, ბურჟუას უკვე აქვს სტაბილური შემოსავალი, ხოლო თუ ის ცოტა მოხერხებულობასაც გამოიჩენს, სულ ცოტა ხანში შეძლებს ქარხნის გაფართოებას, მუშახელის ორჯერ გაზრდას და შესაბამისად შემოსავლის გაორმაგებასაც.
ამ დროისათვის ის უკვე ქალაქის საპატიო წევრი გახდება და შეძლებს სტუმრად მიიღოს ასევე საპატიო მოქალაქეები: ჩინოვნიკები და გუბერნატორებიც კი. შემდეგ ის შეეცდება გააერთიანოს საკუთარი ძალები სხვა უფრო მსხვილ მწარმოებლებთან, გადაუფორმოს ქონების ნაწილი მეუღლეს და უზრუნველყოს შვილების ბედნიერი მომავალი, საბოლოოდ კი მიიღებს რაიმე დაკვეთას სახელმწიფოსაგან (უხარისხო ფეხსაცმელების, ჯარისკაცებისთვის ან უვარგისი ფქვილის, პატიმრებისათვის.), მისი დაცვის სანაცვლოდ. ამ დროს ის უკვე დაამრგვალებს თავის კაპიტალს და თუ მის საბედნიეროდ დაიწყება ომი, ან უბრალოდ ხმა გავარდება ომის შესახებ, რაიმე საბირჟო თაღლითობის საშულებით მისი ძალაუფლება წარმოუდგენლად გაიზრდება.
უდიდესი ნაწილი იმ მილიონებისა რომლებიც დააგროვეს ამერიკელმა ბურჟუებმა, მოპოვებულია სწორედ მსგავსი საბირჟო მაქინაციების წყალობით (როგორც აჩვენა ჰენრი ჯორჯმა ნაშრომში “სოციალური საკითხები”), სახელმწიფოს ხელშეწყობით, ევროპაშიც მდიდართა ცხრა მეათედი ნაწილის ქონება წარმოიქმნა იმავე საშუალებებით. მილიონერი მხოლოდ ასეთი საშუალებებით შეიძლება გახდე.
მთელი “მეცნიერება” გამდიდრებისა, დაიყვანება აქამდე: ვიპოვოთ ღარიბები, გადავუხადოთ მათ მესამედი ან მეოთხედი იმისა რასაც იმსახურებენ, ამგვარად დავაგროვოთ საწყისი კაპიტალი, შემდეგ კი მსხვილი ფინანსური ოპერაციის წყალობით, რომელშიც სახელმწიფოც ხელს შეგვიწყობს, გავზარდოთ ის.
ღირს კი აქედან გამომდინარე საუბარი იმაზე, რასაც “ეკონომისტები” უწოდებენ “დანაზოგს”, მაშინ როდესაც რეალურად “დანაზოგი”, როგორც ასეთი არ წარმოადგენს არაფერს, თუ ის არ გამოიყენება ხალხის ექსპლოატაციისათვის.
განვიხილოთ მაგალითად, მეწაღე. დავუშვათ, რომ მისი შრომის ანაზღაურება ნორმალურად ხდება, მას ყოველთვის აქვს მომგებიანი შეკვეთები და დღეში დაახლოებით ერთი რუბლის (ან თვეში ოცდახუთი რუბლის) შოვნას ახერხებს. დავუშვათ, რომ ის იშვიათად ავადმყოფობს, მიუხედავად დანაზოგზე ზრუნვისა, ნორმალურად იკვებება, არ ჰყავს ცოლი, ან შვილები, დავუშვათ, რომ არ მოკვდება ტუბერკულიოზისაგან!- დავუშვათ რაც გნებავთ-თუ ოცნებაა, ოცნება იყოს. მაგრამ ამ შემთხვევაშიც კი, ორმაცდაათი წლისათვის მან შეიძლება გაჭირვებით შეაგროვოს ათი ათასი რუბლი, რომელიც ვერანაირად ვერ ეყოფა, როდესაც დაბერდება და მუშაობა აღარ შეეძლება. არა, ფაქტია რომ ასეთი “დანაზოგი” მომავალს ვერ უზრუნველყოფს.
ახლა წარმოვიდგინოთ სხვა ვარიანტი. როგორც კი მეწაღე ცოტა ფულს დააგროვებს, შეიტანს მას ბანკში, შემნახველ სალაროში, რომელიც ამ ფულს დროებით ვინმე ბურჟუას მისცემს სესხად, ღარიბების ექსპლოატაციისთვის. შემდეგ ის თავისთვის აიყვანს მოსწავლეს- რომელიმე ღარიბის შვილს, რომელიც ბედნიერი იქნება იმით, რომ მისი შვილი ისწავლის ხელობას, რომელიც შემდგომში ცოტაოდენი საკვების მოსაპოვებლად გამოადგება.
მოსწავლე მეწაღეს მოუტანს შემოსავალს, და შეკვეთების სიმრავლის შემთხვევაში, ის აუცილებლად აიყვანს მეორე მოსწავლეს. მოგვიანებით მეწაღე დაიწირავებს ასევე ღარიბებს, რომლებიც ბედნიერნი იქნებიან დღეში რუბლით, იმ სამუშაოსათვის, რომელიც 3-4 რუბლი ღირს. თუ ჩვენს მეწაღეს გაუმართლებს, ანუ ის საკმარისად ცბიერი და მოხერხებული აღმოჩნდება, მოსწავლეები და მუშები მას დღეში ათ რუბლამდე შემოსავალს მისცემენ. მაშინ მას შეეძლება გააფართოვოს თავისი საქმე, და თანდათანობით დაიწყებს გამდიდრებას- ის უკვე აღარ იქნება იძულებული გამოიზოგოს აუცილებელი საკვები და “დაზოგოს” ფული.
აი, რა იგულისხმება “ეკონომიურობასა და დანაზოგის შექმნაში”. ჭეშმარიტად, ამაში იგულისხმება იმ ადამიანების შრომის ბოროტად გამოყენება, ვისაც არაფერი გააჩნია.
ვაჭრობა ერთი შეხედვით, თითქოს ამ წესის გამონაკლისია: “ აი მაგალითად- გვეტყვიან ჩვენ- ადამიანი ყიდულობს ჩაის ჩინეთში, ჩამოაქვს ის საფრანგეთში და ნახულობს 30%-იან მოგებას. ის არავის ექპლოატაციას არ ახდენს.”
თუმცა, ვაჭრობაც იმავე წესს ექვემდებარება. თუ ჩვენი ვაჭარი ჩაის თავისი ზურგით ჩამოიტანდა- მაშინ სხვა საქმეა! ადრე, შუა საუკუნეების დასაწყისში ეს ასეც ხდებოდა. ამიტომაც მსგავსი მასშტაბების ქონებას როგორსაც დღეს ჩვენთან ისაკუთრებენ, მაშინ ვერავინ დააგროვებდა. ვაჭარს რისკთან შედარებით საკმაოდ მცირე მოგებისათვის უწევდა სახიფათო და ხანგრძლივი მოგზაურობა. ზოგი ვაჭრობას სწორედ მოგზაურობისა და თავგადასავლების სიყვარულის გამოც არჩევდა.
ახლა ყველაფერი უფრო მარტივად ხდება. ვაჭარი, რომელიც საწყის კაპიტალს ფლობს, შეიძლება გამდიდრდეს ქალაქიდან გაუსვლელად. ტელეგრაფის საშუალებით ის უკვეთავს ას ტონა ჩაის, ატვირთინებს ხომალდზე და რამდენიმე კვირაში ან თვეში სრულიად გაურჯელად იღებს მას. ის არ რისკავს აბსოლიტურად არაფრით, არ აშინებს არანაირი უბედური შემთხვევა, რადგან პროდუქტიც და გემიც დაზღვეულია. თუ მან დახარჯა ორმოცდაათი ათასი რუბლი, ახლა მიიღებს სამოცდაათ ათასს. ხოლო მსგავსი ოპერაციის წელიწადში ორჯერ-სამჯერ გამეორების შემთხვევაში ის აბსოლიტურად უზრუნველად, ფუფუნებაში იცხოვრებს. რისკი და ხიფათი იქნება მხოლოდ მაშინ, თუ ის გადაწყვეტს სპეკულირებას ახალ პროდუქტზე- ის ან მალევე გაიორმაგებს შემოსავალს, ან მთლიანად დაკარგავს მას.
ისმის კითხვა, სად იპოვა მან ის ხალხი, რომლებიც სასაცილო ანაზღაურების ფასად დათანხმდნენ ხანგრძლივი დროით ზღვაში ყოფნას და ქანცისგამწყვეტ სამუშაოს? სად იპოვა ის ადამიანები, რომლებმაც ჯერ ატვირთეს ხომალდზე ეს აუარება საქონელი, შემდეგ კი ჩამოტვირთეს, საფასურად კი დათანხმდნენ ზუსტად იმდენის მიღებას, რომ შიმშილით არ მომკვდარიყვნენ? როგორ მოახერხა მან ეს?- პასუხი მარტივია. მხოლოდ იმის დამსახურებით, რომ სიღარიბე ყველგან მძვინვარებს! წადით ნებისმიერ ჰავანაზე ან ლონდონის ნებისმიერ ნავსადგურზე და ნახავთ ადამიანებს, რომლებიც მოდიან დილით ადრე, რათა როგორმე გემზე სამუშაო იშოვნონ. დააკვირდით მეზღვაურებს რომლებსაც თვეების ლოდინის შემდეგ მიეცათ შესაძლებლობა ხანგრძლივ მოგზაორობაში წასულიყვნენ. მთელი ცხოვრების განმავლობაში ისინი გადადიოდნენ გემიდან გემზე ლუკმა-პურის საშოვნელად და ასევე გააგრძელებენ, სანამ საბოლოოდ სადმე ზღვაში არ დაიღუპებიან.
ნახეთ მათი ქოხები, ძონძებში ჩაცმული და მოშიმშილე ცოლები და შვილები, რომლებიც მამის დაბრუნებას ელიან და თქვენ მიხვდებით როგორ და რა საშუალებით მდიდრდება ვაჭარი.
აიღეთ მაგალითები საიდანაც გნებავთ და რამდენიც გნებავთ. დაფიქრდით როგორ იქმნება მსხვილი ბურჟუა- იქნება ეს ბანკირი, ვაჭარი თუ მესაკუთრე, დაფიქრდით მათი ქონების წარმომავლობაზე და აუცილებლად დარწმუნდებით, რომ ერთეულების გამდიდრება აუცილებლად დამოკიდებულია უმრავლესობის სიღარიბეზე. და რადგან ეს ასეა, ანარქისტულ საზოგადოებას არ ექნება იმის შიში, რომ სხვა ქვეყანაში გამდიდრებული “როტშილდი” მოვა და დასახლდება მის შუაგულში. როდესაც ადამიანს ეცოდინება, რომ რამდენიმე საათიანი შრომის შემდეგ, მას ექნება უფლება დაიკმაყოფილოს ყველა საჭიროება, გამოსცადოს ყველა სიამოვნება, რის საშუალებასაც თანამედროვე ცივილიზაცია მოგვცემს, დატკბეს იმით რასაც მეცნიერება და ხელოვნება გვაძლევს- ის არ მოისურვებს გაყიდოს თავისი შრომა- სასაცილო ანაზღაურების ფასად. ასეთი როტშილდის გასამდიდრებლად საჭირო სიღარიბე, ვერ მოიძებნება. მისი ფული იქნება მხოლოდ მეტალის ნაწრები, რომლებიც მაქსიმუმ რაიმე წარმოებით საქმეში შეიძლება გამოიყენო.
* * *
ექსპროპრიაცია ნიშნავს დავაბრუნოთ ყველაფერი ის ადამიანების ხელში, რაც ბანკირს, მეწარმეს თუ მესაკუთრეს სჭირება მისი შრომის მითვისებისათვის. ეს მიზანი მარტივი და გასაგებია.
ჩვენ არ გვსურს წავართვათ ვინმეს პალტო და გავუნაწილოთ ხალხს, მაგრამ ჩვენ გვინდა მივცეთ ხალხს ყველაფერი- აბსოლიტურად ყველაფერი რაც შესაძლებელს ხდის მათ ექსპლოატაციას. და ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, იმისათვის რომ არავის სჭირდებოდეს საკუთარი სამუშაო ძალის გაყიდვა შიმშილისათვის თავის დასაღწევად და თავიანთი ბავშვების არსებობის უზრუნველსაყოფად.
აი რას ვგულისხმობთ ექსპროპრიაციაში და როგორ გვესახება ჩვენი როლი მომავალ რევოლუციაში- რევოლუციაში რომელიც გვინდა მოხდეს არა ასი ან მეტი წლის შემდეგ, არამედ ახლო მომავალში.
III
ექსპროპრიაციის იდეას და საერთოდ ანარქისტულ იდეებს, მოაზროვნე და დამოუკიდებელ ადამიანებში, რომელთა მთავარი მიზანიც გამდიდრება არაა, იმაზე ბევრად დიდი მხარდაჭერა აქვს, ვიდრე ფიქრობენ. “ფრთხილად იყავით,- ხშირად გვეუბნებიან ასეთი მეგობრები- ძალიან ღრმად ნუ შეტოპავთ. კაცობრიობა ერთ დღეში არ იცვლება, ამიტომ ნუ იჩქარებთ ექსპროპრიაციისა და ანარქიის შესახებ თქვენი გეგმების განხორციელებისას. წინააღმდეგ შემთხვევაში, შეიძლება ვერანაირ შედეგს ვერ მიაღწიოთ.”
ექსპროპრიაციასთან მიმართებაში, თუ რამის გვეშინია, ეს არ არის ღრმად შეტოპვა. პირიქით, ჩვენ გვეშინია იმის, რომ ექსპრორპიაცია შეიძლება მოხდეს ზედმეტად პატარა მასშტაბებით, გვეშინია რომ რევოლუციური ტალღა გაჩერდება შუა გზაზე, რომ ის დაიშლება ნაწილებად. ნაწილობრივი რევოლუცია კი, არავის დააკმაყოფილებს, ის ისედაც ტანჯულ საზოგადოებაში გამოიწვევს ძლიერ რყევებს, საბოლოოდ კი მიგვიყვანს საყოველთაო უკმაყოფილებამდე.
ამის გამომწვევი მიზეზი, ჩვენს საზოგადოებაში განვითარებული ურთიერთობები და დამოკიდებულებებია, რომელთა ნაწილობრივ ან თანდათანობით შეცვლაც, შეუძლებელია. არსებული იერარქიული მექანიზმის ყველა ნაწილი, იმდენად მჭიდროდაა დაკავშირებული ერთმანეთთან, შეუძლებელია ვიმოქმედოთ რომელიმე მათგანზე, ისე რომ, არ შევეხოთ ყველა სხვა დანარჩენსაც. რევოლუციონერები რისიმე ექსპრორპიაციის პირველივე მცდელობისას დარწმუნდებიან ამაში.
წარმოვიდგინოთ, რომ რომელიმე დასახლებაში მოხდა ასეთი ნაწილობრივი, შეზღუდული ექსპროპრიაცია; მაგალითად, მოახდინეს მსხვილი მიწათმფლობელების ქონების ეკსპროპრიაცია, ფაბრიკებისა და ქარხნებზე შეუხებლად, როგორც ოდესღაც ჰენრი ჯორჯი გვთავაზობდა. ან, წარმოვიდგინოთ, რომ რომელიმე ქალაქში მოახდინეს მხოლოდ სახლების ექსპროპრიაცია, საკვები პროდუქტების საწყობებისა კი-არა. ან პირიქით, მოხდეს ფაბრიკა-ქარხნების ექსპროპრიაცია, მიწებისა კი-არა. ნებისმიერ შემთხვევაში, შედეგი იქნება ერთი და იგივე: ძლიერი რყევები იერარქიული ცხოვრებისა, ახალ საზოგადოებრივ წყობაზე გადასვლის შესაძლებლობის გარეშე. წარმოების შეჩერება, სამართლიანობის პრინციპებით ცხოვრებასთან მიღწევის გარეშე. ჯამში კი, საზოგადოებრივი ჰარმონიის ვერ მიღწევა.
თარგმანი: ვლადიმერ ხურციძე