პეტრე კროპოტკინი – ციხე და მორალური გავლენა პატიმრებზე

ეკონომიკასთან და სახელმწიფო აპარატთან დაკავშირებული პრობლემების შემდეგ, აქტუალურობითა და მნიშვნელობით, შესაძლოა ყველაზე მწვავე იყოს ანტი-სოციალური ქმედებების კონტროლის მექანიზმის პრობლემა.

სამართლიანობის ცნება ყოველთვის წარმოადგენდა ძირითად ინსტრუმენტს უფლებებისა და სოციალური პრივილეგიების ჩამოყალიბებისას, იქიდან გამომდინარე, რომ ეს პრინციპი დაფუძნებული იყო უკვე განსაზღვრულ უფლებებზე.

პრობლემა – რა უნდა ვუყოთ ინდივიდს, რომელიც ანტი-სოციალურ ქმედებას სჩადის, თავად შეიცავს წინააღმდეგობას სახელმწიფოს ცნებასთან.

დროა დავსვათ შეკითხვა, რამდენად სამართლიანია სიკვდილით ან სამუდამო თავისუფლების აღკვეთით დასჯა? აქვს კი ციხეს ორმაგი ფუნქცია – ერთი მხრივ მსგავსი ტიპის დანაშაულის პრევენციის, მეორე მხრივ კი პატიმრის გამოსწორების?

ეს საყურადღებო კითხვებია. მათზე გაცემულ პასუხებზე არა მარტო ათასობით თავისუფლებააღკვეთილი პატიმრის, მათი მეუღლეების, შვილების, მშობლებისა და ნათესავების, არამედ მთლიანად, კაცობრიობის ბედია დამოკიდებული. ყოველი უსამართლობა, ჩადენილი ინდივიდის მიმართ, საბოლოო ანგარიშით კაცობრიობის წინაშე ჩადენილი უსამართლობაა.
მქონია ერთმანეთის მსგავსი სიტუაციები საფრანგეთისა ორ და რუსეთის რამდენიმე ციხეში. სხვადასხვა გარემოებებმა მაიძულეს დავუბრუნდე სამართლებრივი საკითხების შესწავლას და ვფიქრობ, ჩემი მოვალეობაა, მკაფიოდ ვაჩვენო ციხის ნამდვილი ბუნება და ამგვარად დაკვირვებათა შედეგები ჩემს ღირებულებებს დავუკავშირო.

ციხე – კრიმინალის სკოლა

თუკი ადამიანი ერთხელ უკვე იმყოფებოდა ციხეში, დიდი ალბათობით კვლავ იქ დაბრუნება მოუწევს. ეს თითქმის გარდაუვალია და სტატისტიკაც ამას ადასტურებს. საფრანგეთში სისხლის სამართლის დანაშაულის ყოველწლიური რაოდენობის აღმრიცხველ ანგარიშში დეპარტამენტი გვატყობინებს,რომ დამნაშავეთა ერთი მეორედი, რომელიც ნაფიც-მსაჯულთა სასამართლოს წინაშე სხვადასხვა სახის დანაშაულისათვის წარდგა და ორი მეხუთედი იმ დამნაშავეთაგან, რომლებიც თითქმის ყოველწლიურად ხვდებიან პოლიციის განყოფილებებში მსუბუქი კრიმინალისათვის, ერთხელ, ან მეტჯერ უკვე იყვნენ ნასამართლევი. აქედან ნახევარმა სცადა მკვლელობა, ხოლო სამი მეოთხედი რეციდივისტია. პატიმართაგან ერთი მესამედი, რომელიც გაათავისუფლეს ე.წ. „გამოსასწორებელი კოლონიიდან“, დაახლოებით 12 თვეში კვლავ ციხეში ბრუნდება.

კიდევ ერთი საყურადღებო ფაქტი ისაა, რომ შემდეგი დანაშაული, რომლის ჩადენის შემდეგ ადამიანი ციხეში ხვდება, უმეტესწილად უფრო მძიმეა, ვიდრე წინა. თუკი პირველ შემთხვევაში ის უბრალო ჯიბის ქურდი იყო, შემდგომში მძარცველი ხდება. თუკი ადრე ფიზიკური შეურაცხყოფისათვის დააპატიმრეს, ახლა მკვლელობისათვის ასამართლებენ. ამ ფაქტობრივ დაკვირვებაზე ყველა მკვლევარი თანხმდება. ე.წ. „ყოფილი დამნაშავეები“ ევროპისათვის დიდ პრობლემად იქცა.

ციხე – უსარგებლო ინსტრუმენტი

მიუხედავად აქამდე ჩატარებული რეფორმებისა, სხვადასხვა ექსპერიმენტებისა, რომლებიც სხვადასხვა სასჯელაღსრულებით სისტემებში ჩატარდა, შედეგი კვლავ იგივე რჩება, პრობლემა კი არ ქრება. ერთი მხრივ, კანონსაწინააღმდეგო ქმედებების რიცხვი არც იმატებს, თუმცა არც მნიშვნელოვნად მცირდება, არ აქვს მნიშვნელობა დამსჯელობით ფორმებსა და სიმკაცრის შკალას – დაწყებული გაშოლტვით, რომელიც რუსეთის ციხეებში დასჯის ფართოდ გავრცელებული ფორმაა, დამთავრებული სიკვდილით დასჯით იტალიაში. მაშასადამე იცვლება მხოლოდ სიმკაცრე, ხოლო კრიმინალური აქტი მუდმივი, უცვლელი მონაცემია. ეს სხვა მიზეზებითაა გამოწვეული, რომელთაც მე მოკლედ აღვნიშნავ. მეორე მხრივ, რა რეფორმებიც არ უნდა ადაპტირდეს ციხის რეჟიმთან, კრიმინალი კვლავ აქტუალური პრობლემაა. ეს გარდაუვალია – ასეც უნდა იყოს – ციხე კლავს ადამიანის განწყობებსა და ფასეულობებს, რომლებიც მან საზოგადოებრივი ცხოვრებიდან შეითვისა. ის გარდაქმნის ინდივიდს ობიექტად, რომელიც გარდაუვლად დაბრუნდება უკან – „იძულებითი გამოსწორების რეჟიმში“.
ასე რომ, კითხვაზე, “რა უნდა მოვიმოქმედოთ ამ სისტემის გასაუმჯობესებლად?“ პასუხი ერთია – არაფერი. ციხე ვერ „გაუმჯობესდება“. რამდენიმე უმნიშნვნელო დეტალის გარდა, რომლის გაუმჯობესება მოხდა, არ არსებობს ბაზისი, რომელზე დაყრდნობითაც გავამართლებთ ამ სისტემის არსებობას.
მე ვისურვებდი, რომ ყოველი ციხის უფროსი პესტალოცი იყოს, – ვგულისხმობ ბრწყინვალე შვეიცარიელ პედაგოგს, რომელიც უპატრონო ბავშვების ღირსეულ მოქალაქეებად ზრდიდა. ვისურვებდი, გუშაგებად ყოფილი ჯარისკაცებისა და ყოფილი პოლიციის მუშაკების ნაცვლად სამოცი პესტალოცი დაეყენებინათ.
– “სად უნდა ვიპოვოთ ასეთი ხალხი?” – სწორი და სათანადო კითხვაა. დიდი შვეიცარიელი მასწავლებელი ალბათ უარს იტყოდა ციხის უფროსობაზე სწორედ იმიტომ, რომ არსებითად ციხეების სისტემა მცდარი პრინციპით – ადამიანის თავისუფლებისაგან განცალკევებით მოქმედებს. რაც უფრო მეტად ვაშორებთ ინდივიდს მისივე თავისუფლებებისაგან, მით უფრო ძნელია მისი “გამოსწორება”. ამით მხოლოდ ნამდვილი კრიმინალის კულტივირებას ვახდენთ.

კრიმინალი ციხეში და მის გარეთ

დასაწყისისთვის უნდა აღინიშნოს, რომ პატიმართა აბსოლუტური უმეტესობა სასჯელს, რომელიც დანაშაულისათვის მიიღეს, უსამართლოდ მიიჩნევს. ეს თავისთავად მორალური განაჩენია მთლიანად სასამართლო სისტემისადმი. გაესაუბრეთ პატიმარს, ან თუნდაც გამოცდილ თაღლითს. ის იტყვის: “აქ მხოლოდ დამნაშავეთა მცირე ნაწილია, ნამდვილ კრიმინალთა დიდი ნაწილი კი თავისუფალია და საზოგადოების პატივისცემით სარგებლობს”. თან დასძენს, რომ საკმარისად ჭკვიანი არ აღმოჩნდა, რადგან დააპატიმრეს.

ვინ უარყოფს იმ ფაქტს რომ ელიტური კრიმინალი დაუსჯელი რჩება ფინანსებისა და კომერციის ეპოქაში? კაპიტალის ზრდა სხვისი კაპიტალის შემცირების ხარჯზე ყველა გზით გამართლებულია და სწორედ ეს არის ბურჟუაზიული საზოგადოების არსი. ზოგიერთ პატიმარს საკუთარი თვალით აქვს ნანახი საეჭვო რაოდენობის საქონელი, რომელზეც ორი “პატიოსანი ადამიანი” მორიგდა, შემდეგ კი წვრილმანი ქურდობისათვის თვითონ დააპატიმრეს.

შრომა ციხეში

ყველას უგრძვნია სიზარმაცის მავნე გავლენა. შრომა აცოცხლებს ადამიანს. თუმცა სამუშაოც არის და სამუშაოც. თავისუფალი ინდივიდის სამუშაო, რომელიც მისი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია და მონის სამუშაო, რომელიც შეურაცხმყოფელი და აუტანელია. მისჯილი შრომა უხალისოდ სრულდება, უარესი სასჯელის შიშის ქვეშ. ეს სამუშაოა, რომელთანაც პატიმარი ვერანაირ სიახლოვეს ვერ გრძნობს, იგი არც მუშის ფიზიკურ და გონებრივ შესაძლებლობებს ითვალისწინებს, არც სათანადო ანაზღაურებით უზრუნველყოფს მშრომელს.

სოციუმისაგან იზოლირების შედეგები

რა მოტივაცია უნდა ჰქონდეს პატიმარს, საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი შრომის შესრულებისას, თუკი იგი მთლიანად მოკლებულია სოციუმთან ურთიერთობას? სიმკაცრის რაფინირებით,ისინი,ვინც მხარს უჭერენ სასჯელაღსრულებითი დაწესებულების ამგვარად სისტემატიზირებას, პატიმარს სოციალური ურთიერთობებისაგან სრულიად აუცხოებენ. ინგლისში დამნაშავის ცოლ-შვილს მხოლოდ 3 თვეში ერთხელ აქვს პატიმრის ნახვის უფლება. საუკეთესო საშუალება, ინდივიდი სრულფასოვან წევრად დაუბრუნდეს საზოგადოებას, – მუდმივი ურთიერთობა ჰქონდეს ნათესავებთან და ოჯახის წევრებთან, ოფიციალურად აღკვეთილია.

ციხის ცხოვრება, რომელიც პატიმრისათვის დუნედ, ყველანაირი ემოციის გარეშე მიედინება, ძალას აცლის მას. ძლიერი მუშები, რომელთაც უყვარდათ საკუთარი სამუშაო, იძულებითი შრომისაგან უცხოვდებიან. ფიზიკური ენერგიაც ნელ-ნელა იცლება. გონებას აღარ აქვს საკმარისი ძალა, კონცენტრირდეს რაიმე კონკრეტულზე. მათი რუტინა საოცრად ერთფეროვანი და მოსაწყენია.

ჩემი დაკვირვებით, ამ ყველაფერს გარესამყაროსგან პატიმარზე შთაბეჭდილებების ნაკლებობა განაპირობებს.

ნებისყოფის საზღვრები

დემორალიზაციის ტენდენციებს ციხეში კიდევ ერთი საყურადღებო ფაქტორი განაპირობებს. განსაზღვრული მორალური სტანდარტებიდან ნებისმიერ გადახვევას ნებისყოფის ნაკლებობით ხსნიან. ამ განსაზღვრებით პატიმრები ის ხალხია, ვისაც არ ეყო თავშეკავება, ცდუნება თავიდან აეცილებინა. პატიმარს აღარ რჩება თავისუფალი არჩევანი. გარემოებები, რომელშიც საკუთარ ნებისყოფას გამოცდიდა, ციხეში უკიდურესაც მცირეა. მისი ყოველი ქცევა წინასწარ ნორმირებული და ისღა დარჩენია, დაემორჩილოს სასჯელის უმკაცრეს ფორმებსაც კი.

ამ კონდიციებში ყოველგვარი ნებისყოფა ქრება. პატიმარს ნიჰილიზმი იპყრობს. სადღა იპოვის ძალას, ცხოვრება ახლიდან დაიწყოს, თუკი წლების განმავლობაში ყველაფერს აკეთებდნენ მისი ნებისყოფა გარესამყაროსგან იზოლირებულ მდგომარეობაში ჩაეკლათ? ეს ფაქტი – ფსიქოლოგიური დემორალიზაცია – ჩემი აზრით, სასჯელაღსრულებითი სისტემის ყველაზე მძაფრად გაკრიტიკების საჭიროებას წარმოშობს, რამდენადაც ეხება ინდივიდის ისეთი ესენციალური მახასიათებელის წართმევის მცდელობას, როგორიცაა პირადი თავისუფლება.

ინდივიდუალური თავისუფლების ჩახშობა, რომელიც ციხეებში დამკვიდრებული ტენდენციაა, შეუიარაღებელი თვალითაც ადვილი დასანახია. ეს ტენდენცია წარმოიშობა სურვილით, მართო რაც შეიძლება ბევრი დამნაშავე რაც შეიძლება მცირე ზედამხედველის მეშვეობით. ამრიგად მათთვის საუკეთესო ციხე ათასობით ავტომატივით მომუშავე კრიმინალია, დღის განსაზღვრული რეჟიმით. გათავისუფლებულ პატიმარს გარეთ ძველი ამხანაგები ხვდებიან. მას ძმურად იღებენ და კიდევ ერთხელ აბრუნებენ დინების საწინააღმდეგოდ – ისევ ციხეში ჩასარეცხად. დამცველი ორგანიზაციები არაფერს აკეთებენ. ერთადერთი, რაც მათ შეუძლიათ, ებრძოლონ ციხის მავნე გავლენას, გათავისუფლებულ პატიმარს, როგორც ინდივიდს არ მიემართება.

რამხელა კონტრასტია ძველ კომპანიონებსა და ფილანტროპიული საქმით დაკავებულ ადამიანებს შორის, რომლებიც გათავისუფლებული პატიმარის ხელახლა სოციალიზაციით არიან “დაინტერესებულები”. რომელი მათგანი მიიპატიჟებს სახლში და მისცემს ოთახს, დაეხმარება იშოვოს სამსახური, მიიღებს ისე, როგორც ოჯახის ახალ წევრს? ციხიდან ახლად გამოსული პატიმარი მეგობრის გაწვდილ ხელს ელის. საზოგადოება კი, რომელმაც აქამდე ყველაფერი გააკეთა, რომ მისგან მტერი შეექმნა, თავისუფლებაზე გამოსული ყოფილი პატიმრის სტიგმით დაემძიმებინა, უარყოფს მას. და პატიმარიც დანაშაულის “გამმეორებელი” ხდება.

უნიფორმებისა და დისციპლინის გავლენა

ციხეში ყოფნისას პატიმარს აჩვევენ ისეთ ქცევას, რომელიც მისი ემოციური ბუნებისათვის დამამცირებელია. მას არ აღიქვამენ ინდივიდად. უნდა მიმართონ, როგორც დანომრილ ნივთს. ამხანაგებთან კომუნიკაციას დისციპლინურ ნორმებს ეწინააღმდეგება და შეზღუდულია. დაპატიმრებამდე, შესაძლოა პატიმარი სულაც არ იტყუებოდეს, ციხეში კი ეს ჩვევა მისი ბუნების განუყოფელ ნაწილად ჩამოყალიბდეს.
ვინც წესებს არ ემორჩილება, უარესი სასჯელი ელის. თუკი ციხეში საზიზღარ საკვებს აჭმევენ და ამის გამო პროტესტს გამოთქვამს, გუშაგის უკანონო ქმედებაზე რეაგირებს, პურის ნატეხს მეზობელს უნაწილებს, ციხე მისთვის ჯოჯოხეთად იქცევა. მას კატორღა, ან დამატებითი სავალდებულო სამუშაო ელის. დისციპლინის ნორმების დარღვევა უმკაცრესად ისჯება. პატიმარი მუდმივ დევნილობაშია.

ზედამხედველები

ადვილია გაზეთებსა და ჟურნალებში წერო, რომ ზედამხედველები ყურადღებით უნდა შეირჩნენ, მათზე კონტროლი უნდა დაწესდეს. არაფერია ადმინისტრაციული უტოპიის შექმნაზე მარტივი. მაგრამ თუკი გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ ზედამხედველები იძულებულნი არიან კვირაში რამდენიმე დღე მთლიანად ციხეებში გაატარონ, შედეგები თეორიულ განსაზღვრებებს უკვე აღარ შეესაბამება.
შეუძლებელია მისცე ინდივიდს განუსაზღვრელი ძალაუფლება და ამავდროულად არ გარყვნა იგი. ის ნაკლებად წესიერი ხდება და საკუთარ ძალაუფლებას უფრო მეტად იქ გრძნობს, სადაც მისი მოქმედების სფეროს ლიმიტებია განსაზღვრული. რამდენადაც ზედამხედველები იძულებულნი არიან ერთგვარ “მტრის ბანაკში” იცხოვრონ, შეუძლებელია სიკეთისა და თავაზიანობის ეტალონებად იქცნენ. ინსტიტუცია განსაზღვრავს მათ ფაქტობრივ როლსაც, – ისინი დამსჯელები ხდებიან. ჩასვით პესტალოცი მათ ადგილას და ის მაშინვე დამსჯელ-ზედამხედველად იქცევა.
უარყოფითი დამოკიდებულება საზოგადოებასთან მალევე ხდება პატიმრის აუცილებელი მახასიათებელი,ეჩვევა რა სიძულვილს მათ მიმართ, ვინც ჩაგრავს. მის ცნობიერებაში სამყარო ორ სფეროდ იყოფა: პირველი, ამხანაგები, რომლებიც ციხის გარეთ, ან შიგნით არიან, და უფროსები და ზედამხედველები – მარეპრესირებელი მანქანა. გათავისუფლების შემდეგაც, პატიმარი ამავე შეხედულებით განაგრძობს ცხოვრებას.
თუკი ერთად განვიხილავთ ინსტიტუციის ყველა განსხვავებულ გავლენას პატიმარზე, დავრწმუნდებით, რომ სისტემა ნაკლებად ცდილობს მსჯავრდებული გათავისუფლების შემდეგ საზოგადოებას სრულფასოვნ წევრად დაუბრუნოს. მეორე მხრივ, არც ერთი ასეთი გავლენა არ უზრუნველყოფს პატიმრის ინტელექტუალურ ან მორალურ გავლენას, არ უნერგავს ოპტიმიზმს, არ უმაღლებს წარმოდგენას გარესამყაროზე. გარდა ამისა არ ასრულებს არც პრევენტორის ფუნქციას – დაიცვას საზოგადოება სხვა ანტი-სოციალური აქტებისაგან.

რა უნდა ვუყოთ დამნაშავეებს?

ეს მნიშვნელოვანი კითხვაა, თუმცა გააჩნია ფორმულირებას. რა უნდა ვუყოთ ადამიანებს, რომლებიც კანონს არღვევენ, თუ რა უნდა ვუყოთ დამნაშავეებს, რომლებიც ანტი-საზოგადოებრივი ქმედებით საფრთხეს უქმნიან სოციუმსა თუ ცალკე აღებულ ფიზიკურ პირს?

უნდა განვასხვავოთ ინსტიტუციური სამართალი, რომელიც ძალაუფლებრივი ურთიერთმიმართებების შედეგია და მორალური პრინციპები, რომლებიც საზოგადოებრივი კონსენსუსითაა გამყარებული.

იყო დრო, როდესაც მედიცინა იყენებდა ნარკოტიკებს ექსპერიმენტებისათვის. დღეს პრობლემა სხვა კუთხით დგას. გარდა იმისა, რომ განკურნოს დაავადებები, მედიცინის პირველად ამოცანად მათი პრევენცირება იქცა.
ზუსტად ამავე პრობლემის წინაშე დგას საზოგადოება დღეს, როცა უმნიშვნელოვანესი სოციალური ფენომენის, კრიმინალის (რომელსაც ჩვენი შვილები “სოციალურ დაავადებებს” დაუძახებენ) ხელახლა განსაზღვრისა და მასთან დამოკიდებულების ჩამოყალიბების პროცესში ვართ. პრევენცია განკურნების საუკეთესო გზაა. ეს დევიზი უკვე იქცა თანამედროვე მოაზროვნეების ძირითად ლოზუნგად. ამ ინოვატორების ნაშრომებში ჩვენ ვხვდებით მოწოდებებს, შევიმუშავოთ სრულიად ახალი მიდგომა კრიმინალთან, რომელსაც ადრე თავის მოკვეთით, დაპატიმრებითა და ჩამოხრჩობით ვპასუხობდით.

კრიმინალის გამომწვევი მიზეზები

არსებობს მიზეზთა კატეგორიები, რომელთა მიხედვით შეგვიძლია ანტი-სოციალური აქტების დიფერენცირება. ეს კატეგორიებია სოციალური და ფიზიოლოგიური. ეს მიზეზები ნაკლებად ცნობილია, თუმცა მათი უდიდესი გავლენა უდავოა.

როდესაც წერილი ფოსტის მეშვეობით ადრესატამდე არ აღწევს, რადგან მისამართი მითითებული არაა, ეს მოულოდნელი შემთხვევითობაა. ასეთი შემთხვევები, მოულოდნელი ფაქტები იმავე სიხშირით ხდება, რა სიხშირითად ვხვდებით გათვალისწინებულს, მოსალოდნელს. უმისამართო წერილთა რიცხვი წლიდან წლამდე მეტნაკლები სიხშირით იზრდება ან მცირდება.

იგივე ხდება მკვლელობების შემთხვევაშიც. წინა წლის სტატისტიკით ნებისმიერი ჩვენგანი განზასღვრავს მკვლელობათა დაახლოებით რაოდენობას, რომლებიც მომავალ წელს შეიძლება მოხდეს ევროპის ნებისმიერ ქვეყანაში. ფიზიკური გარემო, ტემპერატურა, ჰავა ნაწილობრივ შეიძლება იყოს დანაშაულის მაპროვოცირებელი ფაქტორი.

ფიზიოლოგიური მიზეზები

ფიზიოლოგიური მიზეზები, ის, რაც დამოკიდებულია ტვინის სტრუქტურაზე, ნერვულ სისტემაზე, რა თქმა უნდა უფრო მნიშვნელოვანი ფაქტორია, ვიდრე ფიზიკური გარემო. გენეტიკური უნარების, ისევე როგორც ფიზიკური სტრუქტურის გავლენა მოქმედებებზე კვლევის ფართო საგანია და ჩვენც გვაქვს სრული უფლება ვისაუბროთ მის მნიშვნელობაზე. როცა ჩეზარე ლომბროზო (Cesare Lombroso)  აღნიშნავს, რომ პატიმართა უმრავლესობას დეფექტები აღენიშნება ტვინის სტრუქტურებში, ამ განცხადებას შეგვიძლია დავეთანხმოთ ექსპერიმენტით – თუკი შევადარებთ ციხეში დაღუპულ პატიმართა ტვინის სტრუქტურებს იმ ადამიანთა ტვინებთან, რომლებიც უკიდურეს გაჭირვებაში, თუმცა ციხის გარეთ გარდაიცვალნენ. ლომბროზო დაკვირვების საფუძველზე აცხადებს რომ ყველაზე მძიმე დანაშაული მათ მიერაა ჩადენილი, ვისაც დეფექტური ტვინი აქვს. თუმცა მოწოდებას, რომ საზოგადოებას აქვს უფლება, დეფექტიანთა საწინააღმდეგოდ მკაცრი ზომები მიიღოს, ძნელია დაეთანხმო. საზოგადოებას არ აქვს უფლება გაანადგუროს დაავადებული ადამიანები. თუნდაც ამ განცხადებით ჩვენ მათ იდიოტებთან ვათანაბრებთ, თუმცა ყველა იდიოტი ხომ მკვლელი არ ხდება..

მრავალ ოჯახსა თუ თავშესაფარში ნაპოვნია ადამიანები იმავე ნიშნებით, რასაც ლომბროზო “კრიმინალურ შეშლილობას” უწოდებს. ერთადერთი განსხვავება მათსა და იმ ადამიანებს შორის, ვინც სახრჩობელაზე ჩამოკიდეს ისაა, რომ ისინი სხვადასხვა გარემოში ცხოვრობდნენ. ცერებრალური დაავადებები შესაძლოა მართლა იყოს დანაშაულისაკენ მიდრეკილების ფსიქოლოგიური მასტიმულირებელი, თუმცა არა ყველა შემთხვევაში. ყველაფერი დამოკიდებულია გარემოებებსა და იმ სოციალურ სივრცეზე, რომელშიც მენტალური დაავადების მქონე ადამიანი ცხოვრობს.

ნებისმიერი განათლებული ადამიანი მიხვდება, რომ თუკი ფაქტები მნიშვნელოვანწილად კრიმინალის ავადმყოფურ ბუნებაზე მიგვანიშნებენ, იმის ნაცვლად რომ “დამნაშავეები” ციხეში გავგზავნოთ, საჭიროა მათი განკურნება.

ნებისმიერ ჩვენგანს ჰქონია აფექტური მდგომარეობა, როცა წუთიერი მიდრეკილება გასჩენია, ბოროტება ჩაედინა. თუკი აფექტური მდგომარეობას საპასუხოდ გარემო თანაგრძნობის, სიყვარულის და სოლიდარობის განცდით არ პასუხობს, დიდი შანსია ბუნებით ეგოისტ ინდივიდს დანაშაულისაკენ მიდრეკილება კიდევ უფრო გაუმძაფრდეს.

მოკლედ, ფიზიოლოგიური მიზეზები მნიშვნელოვან როლს თამაშობენ დანაშაულებრივობის ჩამოყალიბებაში, თუმცა ისინი “დამნაშავის” ფორმირებაში ნაკლებად ერევიან. გონების აფექტურობა, ცერებროსპინალური სისტემა და ა.შ კრიმინალის საკმარისი განმაპირობებელი ფაქტორი არ არის – ანტი-სოციალური ქმედების განსახორციელებლად შესაბამისი ექსტერნალური გარემოებებია საჭირო.

სოციალური მიზეზები

ფიზიკური მიზეზები რაღაცნაირად განსაზღვრავენ ჩვენს ქმედებებს, თუ ფიზიოლოგიური ფაქტორი ხშირად ხდება ანტი-სოციალური მოქმედების განმსაზღვრელი, რამხელა მნიშვნელობა აქვს სოციალურ გარემოსა და მის ზემოქმედებას?
ჩვენი დროის ყველაზე პროგრესული მოაზროვნეები თანხმდებიან პრინციპზე, რომ ყველა სახის კრიმინალზე საბოლოო ჯამში საზოგადოებაა პასუხისმგებელი. მართალია, ჩვენ ვუმზადებთ ნიადაგს ინდივიდს, გახდეს გმირი ან გენიოსი, მაგრამ აგრეთვე ვიყოფთ ჩვენს წილ პასუხისმგებლობას მათთან, ვინც დანაშაულს სჩადის.

წლიდან წლამდე ათასობით ბავშვი იზრდება მორალურ და მატერიალურ გაჭირვებაში. ამ ბავშვებმა არ იციან რას ნიშნავს სახლი. მათი სახლი დღეს სარდაფია, ხვალ ქუჩა. მათი ფიზიკური და ფსიქიკური ენერგია სოციალური აქტივობების ნაცვლად გადარჩენის მოტივით იხარჯება. როცა პირისპირ ვხვდებით ცხოვრების ასეთ წესს ქალაქებში, ალბათ უფრო უნდა გაგვიკვირდეს, რომ მათგან საკმაოდ მცირე ნაწილი ხდება დამნაშავე. ის, რაც მაკვირვებს მე, არის ღრმა სოციალური თანაგანცდა, თბილი მეგობრობა ყველაზე ცუდი მეზობლისგანაც კი. უამისოდ ალბათ ყველა მათგანი ღია ომს გამოუცხადებდა საზოგადოებას.

რას ხედავენ ეს ბავშვები ქუჩებში, სადაც დღის უმეტეს ნაწილს ატარებენ? გამოფენილ ფუფუნების საგნებს, გამატერიალიზებულ ფულის კულტს, ჟინს იცხოვრო სხვის ხარჯზე. ლოზუნგი ასეთია “გამდიდრდი! გაანადგურე ყველაფერი რაც გზაზე გადაგეღობება, თუმცა ნებისმიერ ფასად შეინარჩუნე მათი კეთილგანწყობა, ვისაც შენი დაპატიმრება შეუძლია”
ფიზიკური სამუშაო დაკნინებულია. კოჟრიანი ხელები დაბალი სოციალური მდგომარეობის, ხოლო აბრეშუმის კაბა პრივილეგირებულობის ინდიკატორია.

საზოგადოება ყოველდღიურად უქმნის წინააღმდეგობებს ინდივიდს, იცხოვროს პატიოსანი შრომით. თუმცა თუკი კრიმინალი ფინანსურ წარმატებებს მოიტანს, ინსტიტუციებმა თვალი უნდა დახუჭონ.

ადამიანი იმ გარემოს შედეგია, რომელშიც იზრდება და ცხოვრობს. თუკი ბავშვობიდან მუშაობასაა მიჩვეული, თუკი საზოგადოების, როგორც ერთი მთლიანი ორგანიზმის ნაწილადაა მიჩნეული, ესმის, რომ სხვისთვის მიყენებული ტრავმა საბოლოო ჯამში მასვე ავნებს, მას ნაკლები მიდრეკილება აქვს დაარღვიოს მორალური კანონები, რომელთა საზოგადოებრივ ხელშეკრულებად გადაქცევაში თვითონვე მიიღო მონაწილეობა.
დანაშაულის ორ-მესამედზე მეტი მოდის საკუთრების წინააღმდეგ დანაშაულზე.

კერძო საკუთრების გაქრობასთან ერთად ასეთი დანაშაული გაქრება.

როგორ უნდა “განიკურნონ” დამნაშავეები?

აქამდე დამსჯელი ინსტიტუციები წარმოადგენდნენ კომპრომისს შურისძიების ბიბლიური იდეის და შუა საუკუნეებში გაძლიერებული ბნელი ძალების რწმენისა. დღეს ეს ინსტიტუციები კომპრომისია ტერორისა და დანაშაულის პრევენციის იდეისა რომელიც აცრი სასჯელის მეშვეობით უნდა დარეგულირდეს.
რა თქმა უნდა, საგიჟეთები არ უნდა აშენდეს ციხეების ნაცვლად. ასევე შორს ვარ ფილანტროპების ინიციატივისაგან, რომლის მიხედვითაც ციხეები უნდა შევინარჩუნოთ, მაგრამ იქ ექიმები და მასწავლებლები უნდა დავასაქმოთ. ის, რაც პატიმრებს დღეს აკლიათ, საზოგადოების გამოწვდილი ხელია.
კერძო საკუთრება ეგოისტური ინდივიდუალიზმის ბზარებს აჩენს ორმხრივ ურთიერთობებში. ჩვენ ვიცნობთ ერთმანეთს, ოღონდ ძალზე ცუდად. გარემოებათა დახმარებით ჩვენ უნდა ვისწავლოთ ერთად ცხოვრება, გავიცნოთ ერთმანეთი, დავეხმაროთ ერთმანეთს მატერიალურად და მორალურად.

შეჯამება

ციხე თავიდან ვერ აგვარიდებს ანტი-სოციალურ ქმედებებს. პირიქით, ზრდის მათ რაოდენობას. როგორც არ უნდა რეფორმირდეს, იგი დარჩება შეზღუდულ, ხელოვნური გარემოდ, როგორც მონასტერი, სადაც პატიმარი უფრო და უფრო შორდება საზოგადოებას, საერთო სივრცეს, რაც საბოლოო ჯამში ინდივიდის დეგრადირებას, მის ფსიქიკურ დემორალიზაციას იწვევს. ციხეები უნდა გაქრნენ. ეს გადარჩენაა იეზუიტური ფილანტროფიის ბარბაროსული ბუნებისგან.

რევოლუციის პირველი მოვალეობაა, გააუქმოს ციხეები. ანტი-საზოგადოებრივი აქტები შემცირდება თანასწორ საზოგადოებაში, თავისუფალ ინდივიდთა საერთო სივრცეში, იქ სადაც ყველასთვის ხელმისაწვდომია განათლება. ასეთი ქმედებების დიდ ნაწილს აღარ ექნება მყარი საფუძველი. იმ ინდივიდებთან კი რომელთაც კრიმინალური ტენდენციები აღენიშნებათ, საზოგადოებამ განწყობა უნდა შეიცვალოს და აჩვენოს აქტიური სოლიდარობა – ერთადერთი პრაქტიკული კორექტივი თანაგანცდა და მორალური დახმარება.

Facebook Comments

Leave a Reply

Your email address will not be published.