პეტრე კროპოტკინი – ინდივიდუალური და კოლექტიური საპროტესტო აქტების შესახებ


ჩვენს ლიტერატურაში არაერთხელ იყო მითითებული თანამედროვე საზოგადოებრივი წყობის, სოციუმის სტრუქტურის წინააღმდეგ მიმართულ იმ ინდივიდუალური და კოლექტიური საპროტესტო აქტების გარდაუვალობაზე, რომლებიც ატარებენ ტერორის სახელწოდებას. არარევოლუციურ დროში ეს აქტები ხშირად გამოხატავს საზოგადოებრივი მღელვარების ნიშნებს და მაღლა წევს დამოუკიდებლობის სულს მასაში. ისინი აძლევენ მაგალითს პიროვნულ გმირობას საზოგადოებრივი საქმის სამსახურში და თვითონვე აღვიძებენ უმრავლესობის ერთსულოვნებას; ამასთანავე ისინი არყევენ რწმენას პოლიტიკური და ეკონომიკური მჩაგვრელების ძლევამოსილებაზე. რევოლუციურ ეპოქაშივე ისინი იქცევიან ჩვეულებრივ მოვლენებად და არა მხოლოდ ერთეული გმირული პიროვნებები პასუხობენ შეიარაღებული წინააღმდეგობით ჩაგვრაზე. ასეთ დროს არ არის აუცილებელი თუნდაც იყო პრინციპული რევოლუციონერი, იმისათვის რომ თანაუგრძნო ასეთი ტიპის აქტებს. ამის საერთო მდგომარეობად აღიარებისას, აუცილებელია ერთი რამის ხსოვნა, რომ ყოველი ტერორისტული აქტის მნიშვნელობა განიზომება მისი შედეგითა და მოხდენილი შთაბეჭდილებით.

ეს მოსაზრება არის საზომი იმისა, თუ რა გვარის აქტები შეესაბამება რევოლუციას და როგორი შეიძლება აღმოჩნდეს სიცოცხლისა და ძალის ტყუილუბრალო ფლანგვა. პირველი პირობა თავგანწირვისათვის არის ის, რომ მოცემული ტერორისტული აქტის მოტივი ყველასათვის უნდა იყოს გასაგები ზედმეტი ახსნის გარეშე. არიან პირები, იმდენად ცნობილნი თავიანთ საქმიანობაში [სისასტიკე, სადიზმი], სულ ერთია მთელ ქვეყნაში თუ ადგილობრივ მოსახლეობას შორის მათზე თავდასხმის გახმაურებისას, ყველას მაშინვე, რევოლუციური გამოცემის დახმარების გარეშე, ახსენდებათ მათი წარსული და ტერორისტული აქტი წარმოდგინდება სრულიად გასაგები. თუ მოცემული აქტის გაგებისათვის ჩვეულებრივ, არარევოლუციონერ ადამიანს უწევს მთელი თავბრუსდამხვევი სამუშაოს ჩატარება, მაშინ მასზე ტერორის გავლენა ნულს უტოლდება, ან შეიძლება უარყოფითადაც იმოქმედოს; მაშინ პროტესტის აქტი ხალხის თვალში გადაიქცევა გაურკვეველ მკვლელობად.

ჩვენ ხელოვნურ განსხვავებად მიგვაჩნია ტერორის დაყოფა პოლიტიკურ და ეკონომიკურ ტერორად, რადგან ჩვენ ერთნაირად ვიბრძვით ეკონომიკური და პოლიტიკური ჩაგვრის, ცენტრალური მმართველობის, ისევე როგორც ადგილობრივი ხელისუფლების მჩაგვრელობის წინააღმდეგ.

ტერორის შესახებ კითხვაზე არსებობს მეორე, ორგანიზაციური მხარე. ჩვენ ვთვლით, რომ ტერორისტული აქტი არის ინდივიდულური გადაწყვეტილების სფერო ან მისი დამხმარე ამხანაგების წრის. ამიტომ ცენტრალიზებული ტერორი, სადაც მოქმედი პირი სხვისი გადაწყვეტილების შემსრულებელ როლს თამაშობს ეწინააღმდეგება ჩვენს გაგებას. როგორც ჩვენ არ ვთვლით საჭიროდ ამხანაგების შეკავებას რევოლუციური აქტებისაგან პარტიის დისციპლინის სახელით, სწორედ ასევე არ მოვუწოდებთ შეწირონ სოცოცხლე საქმეს, რომელიც მათ მიერ არ არის გადაწყვეტილი და მიღებული.

მთავარი განსხვავება ჩვენსა და პოლიტიკური პარტიების ტერორს შორის მდგომარეობს იმაში, რომ ჩვენ სავსებით არ ვფიქრობთ, რომ ტერორი შეიძლება იყოს არსებული წესრიგის შესაცვლელი საშუალება. ჩვენ მასში ვხედავთ მხოლოდ აღშფოთებული სინდისის სრულიად ბუნებრივი გრძნობის გამოვლინებას, ან და თავდაცვისათვის, რომელსაც სწორედ ამის კვალობაზე გააჩნია აგიტაციური მნიშვნელობა, შესაძლებლობა განავითაროს ასეთივე გრძნობა ხალხს შორის.

Facebook Comments