პეტრე კროპოტკინი – მართლმსაჯულება

წიგნის გამომცემლობა ”თანასწორობა”
____________________________

პეტრე კროპოტკინი

მართლმსაჯულება

თარგმანი ა.ფ-ვასი.

თფილისი

სტამბა ”იდეალი” (მ.დ. კიკნაძისა), ნიკოლოზის ქუჩა № 6

1906

 მართლმსაჯულება

კროპოტკინი

ადოლფ ბლანკიმ [1], სენ-სიმონის მიმდევარმა, თავის პოლიტიკური ეკონომიის ისტორიაში, რომელიც გამოსცა 1837 წელს, სრულის სისწორით აღნიშნა  ეკონომიკური ფაქტორის მნიშვნელობა კაცობრიობის ცხოვრებაში. მან აღნიშნა, რომ ეკონომიკური ფაქტორები განსაზღვრავენ საზოგადოების პოლიტიკურ ფორმებს და ძლიერი გავლენა აქვთ, როგორც უფლებისა და ზნეობის ცნებაზე, აგრეთვე ფილოსოფიაზედაც საერთოდ. იმ დროში საზოგადოებრივი ყურადღება მიპყრობილი იყო უმთავრესად ცხოვრების პოლიტიკურ ფორმებზე; სამეურნეო პირობებს კი ჯეროვან ყურადღებას არ აქცევდნენ; ამის გამო შესაფერის ანგარიშს არ უწევდნენ ბურჟუაზიული მეურნეობის შედეგებს, რომელიც საფრანგეთში დამყარდა პირველი რესპუბლიკის ნანგრევებზე.

სრულიად ბუნებრივია, რომ ბლანკიმ, წამოაყენა რა ცხოვრების ეკონომიკურ პირობათა მნიშვნელობა და სურდა რა მოაზრე ხალხის ყურადღება მიექცია ამ საკითხისათვის, რომელსაც მცირე მნიშვნელობას აძლევდნენ, და აგრეთვე სოციალისტური მოძრაობისთვის, რომელიც ის-ის იყო იბადებოდა ამ წლებში, – რამდენადმე გაადიდა ეკონომიკურ პირობათა მნიშვნელობა და ამტკიცებდა, რომ შეიძლება  მთელი ისტორია განხილულ იქნას, როგორც ეკონომიკურ ურთიერთობათა ზედნაშენიო. ეს საჭირო იყო, ყოველ შემთხვევაში კი – აუცილებელი. მეცნიერებათა ისტორიაში ეს მუდმივ გვხვდება. ხოლმე “დაე სხვებმა, ფიქრობდა იგი, წამოაყენონ საზოგადოებრივი ცხოვრების სხვა ფაქტორები: მართველობის პოლიტიკური ფორმები, სამართლიანობისა და სასამართლოს ცნებანი, სარწმუნოებრივი და ზნეობრივი შეხედულებანი. ჩემთვის კი, აუცილებელია ჩემი მსოფლმხედველობის სიდიადე წამოვაყენო,  ცხოვრების სხვა ფაქტორებს უჩემოდაც უკვე დიდი მნიშვნელობა მისცესო”.

ცნობილია, თუ როგორ განადიდეს ბლანკისა და სენ-სიმონისტების საფუძვლები გერმანიის სოციალ-დემოკრატებმა [2]. ანარქისტები, თავის ყურადღებას აქცევენ, მეორე მძლავრ ფაქტორს საზოგადოების ცხოვრებაში – სახელმწიფოებრივი იდეის განვითარებას და მის ფუნქციათა გამრავლებას.

მაგრამ, უნდა გამოვტყდეთ, რომ იერარქიულ, ცენტრალისტურ, იაკობინურ და თავისუფლების წინააღმდეგ მიმართული დაწესებულების – სახელმწიფოს წინააღმდეგ ბრძოლაში, ჩვენ საკმაოდ ძლიერი კრიტიკის ბრძმედში არ გაგვიტარებია სასამართლოს დაწესებულება. ჩვენ ხშირად გვილაპარაკნია ამ საგანზე; ჩვენი გაზეთები მუდმივ უბრუნდებიან ამ საკითხს, მაგრამ საკმაოდ მაინც ვერ გამოვარკვიეთ ამ დაწესებულების შინაარსი.

ამ წერილს აზრათა აქვს: საყოველთაო ყურადღება მიაქციოს ამ საგანს და რაც შეიძლება სავსებით განიხილოს იგი.

დაწესებულებათა განვითარების შესწავლას აუცილებლათ მივყევართ იმ დასკვნამდი, რომ სახელმწიფო და სასამართლო, – ესე იგი მოსამართლეთა ინსტიტუტი, სპეციალურად იმისთვის დანიშნული, რომ საზოგადოებაში მართლმსაჯულება დაიცვას, – წარმოადგენენ ორს დაწესებულებას, რომელნიც არამც თუ ერთი მეორის გვერდით არსებობენ, არამედ მჭიდროთ არიან შეკავშირებულნი, როგორც მიზეზი და შედეგი.

მოსამართლეთა განაჩენს, რომლის დანიშნულებაც სპეციალურად იმაში მდგომარეობს, რომ სხვადასხვა სასჯელი დასდოს კანონის დარღვევისათვის, აუცლიებლად სახელმწიფო უფლობის შექმნა მოსდევს. ის, ვინც აღიარებს სპეციალური მოსამართლეებისა და სასამართლოს აუცილებლობას, მთელი თანხლებული სისტემით კანონებისა და სასჯელებისა, იმავ დროს, სწორედ ამითი სცნობს იგი სახემწიფოს აუცილებლობას. მას სჭირია მთავრობა, რომელიც კანონებს გამოსცემს; მას სჭირია კანონების გაერთიანება; მას სჭირია სატუსაღოების, ჯალათების, პოლიციის და ჯარის სისტემა, რომელნიც ცენტრალისტურ მთავრობას ექვემდებარებიან.

მოსამართლეთა დაწესებულებას, როგორც საზოგადოებრივი ცხოვრების სპეციალურ ორგანოს, აუცილებლად მოსდევს სახელმწიფოებრივი უფლობის და თვით სახელმწიფოს შექმნა. სახელმწიფოს კი, თავის მხრივ, აუცილებლად მოსდევს სპეციალურად მართლმსაჯულების აღსასრულებლად დანიშნულ სასამართლოს დაწესება.

მართლაც, გვარ-ტომობრივი წყობილების დროს, არ ყოფილა სპეციალური მოსამართლე. პირველყოფილ ტომებში ქურდობა და კაცის კვლა ერთსა და იმავე ტომის წევრთა შორის არ არსებობდა [3]. ამას უმთავრესად ხელს უწყობდნენ ერთხელვე შეთვისებული ზნე-ჩვეულებანი. მაგრამ თუ ვინმე დაარღვევდა გვარ-ტომობრივ წმინდა ადათებს, მაშინ ტომი დამნაშავეს ან ჩაქოლავდა, ან დასწვავდა. განაჩენის აღსრულებაში ტომის ყველა წევრი იღებდა მონაწილეობას, რომელიც გამოიხატებოდა ან ქვის სროლაში, ან კონა ფიჩხის მოტანაში კოცონის შესანთებად, რომ ამგვარად დასასჯელი ადამიანის სიკვდილი კერძოდ არავის დაბრალებოდა, არამედ მთელი გვარეულობა ყოფილიყო პასუხის მგებელი [4].

და თუ გარეშე ვინმე მოკლავდა, ან დასჭრიდა ვისმეს, ვნებულის მთელი გვარ-ტომი ვალდებული იყო მოეკლა ვინმე იმ გვარეულობის წევრი, რომელსაც მკვლელი ეკუთვნოდა; ან არა და დაეჭრა სწორედ იმდენად და იმ სიღრმემდი, როგორც თვითონ დაჭრილი იყო – არც ერთი პურის მარცვლით (მაშინდელი საზომი) არც მეტი და არც ნაკლები. ამგვარად ქონდა გვარ-ტომს წარმოდგენილი სიმართლე. უფრო გვიან კი, ჩვენი ქორონიკონის პირველ საუკუნეთა განმავლობაში, თემებში სიმართლის ცნება შეიცვალა. საგვარეულო შურისძიება თანდათან ქრება, რა თქმა უნდა ძალიან ნელა: ჯერ-ჯერობით მიწათ-მოქმედ ხალხში. სამხედრო წოდებასა და თავად-აზნაურობაში (ყოფილ მეომრებში), იგი კიდევ არსებობს. გვარ–ტომობრივი შურისძიების მაგივრად დამყარდა დაჯილდოება, ჯარიმა, რომელიც დაზარალებულის ოჯახს ეძლეოდა.

გაჩნდნენ თუ არა კერძო ოჯახები, რომელნიც ოჯახის უფროსს ემორჩილებოდნენ და რომელთაც ქონდათ ცალკე ქოენაბა (საქონელი, ან სხვა ტომებისათვის წანართმევი მონები) დაჯილდოება ან ჯარიმა თანდათან შეფასების ხასიათს ღებულობდა – ე.ი. შეაფასებდნენ თუ რამდენათ “ღირდა”  ადამიანი, რომელიც დასჭრეს, ან ავნეს რამე, ან მოკლეს. მონის, მხვნელის, მეომრის, თავადის, ე.ი. რაზმის უფროსის მოკვლისათვის, ან დასახიჩრებისათვის, განსაზღვრული გადასახადი იყო დადებული, რომელიც დამნაშავეს უნდა გადაეხადა. სხვადასხვა ჯურის ხალხთა დაფასება შეადგენს კანონის უმთავრეს შინაარს, ეგრეთ წოდებულ ბარბაროსულ პერიოდში. (“რუსული სიმართლე”, ლანგობარდელი კანონი და სხვა).

მაშინდელ დროში დამნაშავეთ სასოფლო თემი ასამართლებდა. მას შემდეგ, რაც ორივე მხარე შესთახნდმებოდა საზიზღარ შურისძიებისთვის არ მიემართათ, და ამის მაგივრად ჯარიმა გადაეხადათ, თემი იკრიბებოდა დანიშნულ ადგილას და თვით დანაშაულობის ფაქტს ამოწმებდა. ამას თითოეული მხრიდან ექვსი,  ან თორმეტი ნაფიცი კაცი ფიცს ქვეშ ამტკიცებდა. მაშინ მოხუცებულები, ან განსაკუთრებული მგოსნები, რომელნიც თავიანთ ლექსებში ან სიმღერებში იმახსოვრებდნენ კანონებს (ე.ი. თუ რად ფასობს თითო ადამიანი) ან კიდევ თემისმიერ მოწვეული მოსამართლეები, (რომელნიც ჩაუწერელ კანონების ცოდნით განთქმულ გვარეულობიდან იყვნენ) განსაზღვრავდნენ ჯარიმის რაოდენობას: ამდენი პირუტყვი, ადგენდნენ ისინი, უნდა გადაიხადოს ამ და ამ ჭრილობისათვის, ან ამა და ამ კაცის მოკვლისთვისო, რაც შეეხება: უბრალო ქურდობას, ქურდი მოვალე იყო, რომ მოპარული საქონელი უკანვე დაებრუნებინა  და მშვიდობიანობის დარღვევისთვის განსაზღვრული ჯარიმა გადაეხადა. ამ ჯარიმას პირველად ადგილობრივ ღმერთებს სწირავდნენ, ხოლო შემდეგში კი – თემის  წმინდანებს. “ღვთაებრივ სამართალს” ე.ი. ცეცხლით ან წყლით გამოცდას, ან და ორთაშუა ბრძოლას, მხოლოდ იმ შემთხვევაში მიმართავდნენ, თუ ორივე მხრის ნაფიცნი  ვერ შესთანხმდებოდნენ თვით ჩადენილ ფაქტის შესახებ –  როდესაც ერთნი ამტკიცებდნენ, ხოლო მეორენი კი უარყოფდნენ მას.

მაგრამ, თადნათან ხალხთა გადასახლებისა და შემოსევათა დროს, ბევრი თავისუფალი თემი ჩავარდა სხვის უღელს ქვეშ, სხვადასხვა ტომები და ტომთა სხვადასხვა კავშირები, თავიანთი მრავალგვარი ჩვეულებებით, ერთსა და იმავე ადგილზე ესახლებოდნენ. ამგვარად გაჩნდნენ დაპყრობილნი. გარდა ამისა გამოჩნდნენ ქრისტიანების მღვდლები და ეპისკოპოსები, რომელთაც ხალხი ისე უყურებდა, როგორც საშიშ ჯადოქრებს (ციმბირის ერები აქამდისაც ასე უყურებენ მათ). ცოტ-ცოტათი კანონის დამცველ მგოსნის, მოწვეულ მსაჯულებისა და თვითონ ყრილობის მაგივრათ, რომელნიც უწინ განსაზღვრავდნენ ჯარიმის რაოდენობას, ახლა ჯარიმის დადგენა ეპისკოპოსის მიერ დანიშნულმა მსაჯულმა დაიწყო, ან და მეომართა წინამძღოლმა თავადმა ან მისმა მოადგილემ, რომელიც გასაზღვრულ ოლქს ფლობდა.

ეს მოსამართლეები პირველად განსაზღვრავდნენ მხოლოდ იმას, თუ რამდენი ჯარიმა უნდა გადაეხადათ ყოველ ახალ შემთხვევაში, ძველი ჩვეულებისამებრ, მაგრამ შეისწავლეს თუ არა ცოტაოდენი რამ მონასტრებსა და თავადთა რაზმებში, ძველი ჩვეულებისა და ძველი კანონის ცნებებს, თანდათან შეურიეს ცნებანი, რომელნიც ამოიღეს ძველი აღთქმიდან, ბიზანტიის საეკლესიო კანონებიდან, ხოლო შემდეგ, რომის, ესე იგი, ბიზანტიის სისხლის სამართლის კანონებიდან  და ნელ-ნელა გადაიქცნენ მსაჯულებათ, ამ სიტყვის ახლანდელი მნიშვნელობით.

მშვიდობიანობის დარღვევისათვის შეწერილ ჯარიმას, რომელსაც უწინ ადგილობრივ ღმერთებს სწირავნდნენ, ხოლო შემდეგ ყრილობას აძლევდნენ, ახლა ეპისკოპოსი, თავადი ან მისი მოადგილე დიდებული იღებდა. ამგვარად დაჯარიმება უფრო მაღლა დააყენეს, ვიდრე დაზარალებულთა დაჯილდოება. ამ ჯარიმაში უკვე ჩასახულია სახელმწიფო, რომელიც სჯის ადამიანებს თავისი კანონების ყოვლეგვარი დარღვევისათვის.

სასჯელის აზრი მტკიცდება და თანდათან სასამართლოს უმთავრეს მოვალეობათ ხდება. უწინ, მკვლელობის ან დასახიჩრების დროს უმთავრესი საკითხი ის იყო, თუ როგორ დაეჯილდოვებინათ ის ოჯახი, რომლის მარჩენალი და მუშაც მოკლეს ან დაასახიჩრეს. ეხლანდელ სასამართლოს ასეთი წარმოშობა ავიწყდებათ და პირველ საკითხად იმას აყენებენ, –  თუ როგორ დასჯის უმაღლესი მთავრობა მისი კანონების ურჩს. საქრისტიანო ეკლესია, განსაკუთრებით ხელს უწყობდა ამგვარი შეხედულების დამყარებას. ნივთიერ ჯილდოს ის ნაკლებ მნიშვნელობას აძლევდა; მას ყველაზე უწინარეს დასჯა ესაჭიროებოდა. ღმერთი სჯის ადამიანებს; მაშასადამე ეკლესიაც აგრე უნდა მოიქცეს: ტყუილდ კი არ არის იგი ქვეყნად ღვთის მადგილე. ამას გარდა მას ესაჭირებოდა დაემყარებინა თავისი უფლობა, დაეშინებია ხალხი ძველი ებრაული ეკლესიის დაგვარად. მის თვალში ადამიანის დაჭრა – სრულიადაც არ არის უბრალო ჭრილობა, რომელიც დაუშლის დაჭრილს ლუკმა-პურის შოვნას; იგი წარმოადგენს ღვთის კანონის დარღვევას, ღვთაების შეურაცხყოფას, მაშასადამე ჯილდო – მეორე ხარისხოვანი საქმეა. უმთავრესი კი – სასჯელია. თანდათან ეკლესიისგან დაწესებული სასჯელი, განსაკუთრებით აღმოსავლეთის გავლენით, უფრო და უფრო სასტიკი ხდება.

ჩვენი ქორონიკონის მეათე და მეთერთმეტე საუკუნეებში იწყება ქალაქების დიდი რევოლუცია. მთელ ევროპაში ქალაქები იწყებენ ეპისკოპოსთა, მებატონეთა და თავადთა, ან მეფეთაგან დანიშნულ მოსამართლეების განდევნას. ქალაქების მცხოვრებნი ერთმანეთს შორის ფიცსა სდებენ (conjuratio) დაივიწყონ ყოველ გვარი დავა, რომელიც კიდევ არსებობს თემობრივი შურისძიების [5] გამო. და თუ ატყდებოდა ახალი უთანხმოება, ისინი პირობას სდებდნენ არამც და არამც არ მიემართათ ეპისკოპოსის, ბატონის ან თავადის სამართველოსათვის, არამედ თავისივე გილდიის, თავისი ქუჩის, თავისი თემის სამსჯავროს საშუალებით გაეთავებიათ საქმე ან არადა ქალაქის სასამართლოსთვის – ესე იგი ყრილობისათვის მიემართათ. სინდიკები (მსაჯულები) არჩეულნი გილდიისაგან, ქუჩისაგან ან ქალაქისაგან, – უფრო მნიშვნელოვან შემთხვევებში კი თვითონ გილდიები, თვითონ ქუჩა და თვითონ ყრილობა – არჩევდნენ ამ საქმეებს და სწყვეტდნენ, თუ ვის რა ჯილდო ეკუთვნოდა დაზარალების, დაჭრის, დასახიჩრების, ან მკვლელობის დროს.

შემდეგ შემოდის თავისუფალი სამედიატორო სასამართლო ცალკე პირებს, გილდიებს და ქალაქებს შორის; ეს სამედიატორო სასამართლო საოცარის სისწრაფვით ვრცელდება.

ამავე დროს კი საქრისტიანო მოძღვრება და რომის უფლება, თავიანთ საქმეებს აკეთებენ. მღვდელი მუდამ მრისხანე ღვთის შურის ძიებაზე გაიძახის. მის ქადაგებათა საყვარელ შინაარს (დღემდისაც აგრე დარჩენილა) შეადგენდა საუბარი, იმ საუკუნო შურისძიებაზე, რომელიც თავს ატყდება ადამიანს სამღვდელოების ბრძანების დარღვევისათვის. ეკლესია, სახარების სიტყვებზე დამყარებული, თითეულ “დამნაშავეში” “ეშმაკეულს” ხედავს; იგი იგონებს ყოველგვარ წარმოუდგენელ წამებებს, რათა დამნაშავეს სხეულიდან “განდევნოს ეშმაკი”. იგი აწამებს მას, სწვავს კოცონზე. და რადგანაც ჩვენი ქორონიკონის პირველ საუკუნეოებიდან დაწყებული, მღვდელი საერო მებატონეთ და პაპი – მეფედ გადაიქცა, ცხადია, რომ სასულიერო უფლობა ქუხს და სდევნის თავის შურისძიებით აგრეთვე იმათაც, ვინც არღვევს მხედრობის უფროსის, ბატონის, მეფის, ეპისკოპოს-მემამულის, მეფე-პაპის, ან პატრიარქის მიერ გამოცემულ კანონებს. საერო უფლობა ღვთაებრივ ჩამომავლობას ღებულობს. თვითონ პაპი, რომელსაც მუდმივ მიმართავდნენ როგორც საჩივართა უმაღლესს გადამწყვეტს, მალე გარს იხვევს კანონის მცოდნეთ, რომელთაც შესწავლილი აქვთ რომის საიმპერატორო და საბატონო უფლება, ამისთვის სპეციალური უნივერსიტეტებიც კი არსდება.

საღი გონება, ადგილობრივ ჩვეულებათა და სამართლიანობის შესახებ ხალხის ცნებათა ცოდნა, ცნობა ადამიანისა თავისივე მეზობლებისა და საზოგადოების წევრთაგან, – რითაც ძველათ ხალხური სამსჯავროები განირჩეოდნენ, – ახლა უსარგებლოთა და მავნებლათ მიაჩნიათ. მათში “ ცუდ ვნებათა”, ”მშფოთვარე სულის” და ”თვით ეშმაკის ხრიკთა” წაქეზებას ხედავენ, “პრეცედენტი”  – ე.ი. ოდესმე რომელიმე მსაჯულისაგან მიღებული გადაწყვეტილება კანონათ ხდება; ამ პრეცედენტებს რათა მეტი მნიშვნელობა მიეცათ მათთვის, ეძებდნენ ძველს, შორეულ ხანებში – საიმპერატორო რომისა და ებრაელების მეფეთა სამსჯავროების განაჩენებში.

სამედიატორო სასამართლო თან და თან ქრება,  იმისდაგვარად, რამდენადაც ბატონებს, თავადებს, ეპისკოპოსებს, მეფეებს და პაპებს უფლობა და ძალა ემატებათ და რამდენათაც სასულიერო და საერო მთავრობათა შორის კავშირი მტკიცდება. ერთიცა და მეორე მთავრობაც პროტესტს აცხადებენ სამედიატორო სასამართლოსთვის მიმართვის წინააღმდეგ, რადგანაც ეგ შემოსავალს უსპობს მათ. ისინი თხოულობენ, რომ ყველა მოჩივარნი უკლებლივ მათი მოადგილეების წინაშე გამოცხადდენ. დაჯილდოება სისხლის სამართლის საქმეებში თითქმის სრულიად ქრება და იმის ადგილს შურისძიება  იჭერს, საქრისტიანო ღმერთის სახელით, ან და რომის მაგალითისამებრ სახელმწიფოს სახელით. აღმოსავლეთის გავლენით სასჯელი თანდათან სასტიკი ხდება. ეკლესია და მას შემდეგ საერობო მთავრობა ისე, იწვრთნებიან სისასტიკეში, რომ ახლანდელი მკითხველისათვის პირდაპირ აუტანელი ხდება იმდროინდელ სასჯელთა და წამებათა შესახებ რისამე წაკითხვა.

ამგვარად მეთერთმეტესა და მეთექვსმეტე საუკონოებს შორის ძირითადი შეხედულება ამ ყოველ კაცობრიულ საზოგადოებისათვის ძირითად საკითხზედ, სრულებით შეიცვალა და როდესაც იმ მიზეზთა ძალით, რომელნიც მეორე ადგილას გავარჩიე (“სახელმწიფო და მისი როლი ისტორიაში” პ.კ), – სახელმწიფო შეუდგა დამოუკიდებელი ქალაქების დაპყრობას, რომელთაც მეთექვსმეტე საუკუნეში თეორიულადაც დავიწყებას მისცეს, თავისუფალი ყრილობიანი წესწყობილებისა და შეთანხმებითი ფედერატიული ხელშეკრულების ძირითადი პრინციპები.  ამიტომაც მათი დაპყრობა შედარებით ადვილი გამოდგა. ოდესღაც თავისუფალი ქალაქები, ქრისტიანობისა და რომის უფლების გავლენით, მეთხუთმეტე საუკუნის ბოლოში, პატარა სახელმწიფოებად გადაიქცნენ არა თუ დაწესებულებებში, არამედ მოარულ ცნებებშიაც, რომელნიც ამ ქალაქების  მცხოვრებთა შორის განვითარდენ, მაშასადამე დიდ სახელმწიფოსთვის ძნელი არ იყო მათი ჩაყლაპვა.

რასაკვირველია, მეტად საინტერესო იყო, თვალი გადაგვევლო, თუ რა გავლენა იქონიეს ამ ხუთასი წლის განმავლობაში მომხდარმა ეკონომიკურ პირობათა ცვლილებებმა, სამოქალაქო წესწყობილებაზე. მეტად საყურადღებო იქნებოდა გაგვერჩია, თუ როგორი გავლენა იქონიეს შორეულ ქვეყნებთან ვაჭრობამ, საქონლის გატანამ, ბანკების დაარსებამ და საშუალო საუკუნეების ქალაქთა სესხებმა, შემდეგ ომებამა, შორეულ ქვეყნებში კოლონიზაციამ და წარმოების ჩანასახმა კაპიტალისტის გამგეობის ქვეშ, რომელნიც  გაჩნდნენ სათემო- საქალაქო წარმოების, მოხმარებისა და ვაჭრობის მაგივრად, – ყველა ამ სამეურნეო პირობებმა შეხედულებისა და აზრთა გამოცვლაზე. ამისი საუცხოო მაგალითები გაბნეულია საშვალო საუკუნეთა რესპუბლიკების ისტორიკოსთა ნაწერებში. იქვე შეგხვდებათ საყურადღებო შენიშვნები საქრისტიანო და სახელმწიფოებრივ იდეათა ცხოვრების წესწყობილებაზე გავლენის შესახებ. მაგრამ ეკონომიური ფაქტორისათვის განსაკუთრებული მნიშვნელობის მიწერა ისეთივე შეცდომა იქნება, როგორც ის, რომ ბოტანიკმა მტკიცება დაიწყოს მცენარის ზრდა, მარტო სითბოს რაოდენობაზეა დამოკიდებულიო და რა თქმა უნდა უარესი შეცდომა იქნება დავკმაყოფილდეთ მხოლოდ ამ ერთი ფაქტორით მცენარის განვითარებისა და სხვადასხვა სახეთა მიღების პირობათა გამორკვევის დროს.

ჩვენგან მოყვანილი მოკლე ისტორიული მიმოხილვა გვიჩვენებს, თუ როგორ არიან დაკავშირებულნი საზოგადოებრივი შურისძიების დაწესებულება ეგრეთ წოდებულ სასამართლო  და სახელმწიფო,  თუ როგორ წარმოშვა ერთმა მეორე და როგორ ძნელია ისტორიაში მათი ერთმანეთისგან განცალკევება.

სწორედ აგრეთვე, საღი მსჯელობა გვიჩვენებს, თუ რამდენად განუყოფელნი არიან ლოღიკურად სასამართლო და სახელმწიფო.  ორივე ისინი გამომდინარეობენ მთავრობის საჭიროების შეგნების ერთგვარ ცნებათაგან; ეს მთავრობა ზრუნავს საზოგადოების დაცვისათვის და შურს იძიებს მათზე, ვინც გაბედა და დაარღვია დადგენილი პრეცედენტები – კანონი.

მოიწვიეთ მსაჯულები, სპეციალურად დანიშნულნი თქვენს მართველთ მიერ, ან თვითონ თქვენთაგან არჩეულნი, რომ შური იძიონ თქვენთვის მათზე, ვინც კანონთა კრებულში თავმოყრილ პრეცედენტებს დაარღვევს – ან მარტო იმისთვის, რომ შური იძიონ საზოგადოების და კანონის სახელით საზოგადოებრივ ჩვეულებების დამრღვევთა წინააღმდეგ, – და თქვენ დაინახავთ რომ სახელმწიფო აუცილებელი ლოღიკური შედეგია ამ დაწესებულებისა. მეორე მხრით – დასტოვეთ პირამიდისებური, ცენტრალისტური დაწესებულება, რომელიც ცხოვრების ყოველგვარ მოვლენაში ჩაერევა, თქვენგან სახელმწიფოდ წოდებული – და მალე გაჩნდებიან სახელმწიფოს მიერ დანიშნული მსაჯულები, რომელთაც მხარს დაუჭერენ სახელმწიფოს ყველა აღმასრულებელი ორგანოები და რომელთაც ის დანიშნულება ექნებათ, რომ სახელმწიფოს სახელით შური იძიონ იმათზე, ვინც გაბედავს და სახელმწიფოს ბრძანებას დაარღვევს.

ახლა, ჩვენ ისეთ დროში ვცხოვრობთ, რომ გვიხდება ყველა თანამედროვე საზოგადოებრივ საფუძველთა განხილვა. ჩვენ, მიწის, საზოგადოებრივ კაპიტალის და სხვაგვარ საქონელზე საკუთრების უფლებას, მტაცებლობას და დაკანონებულ ძარცვა-გლეჯას ვუწოდებთ. ჩვენ ვამბობთ, რომ სააქციონერო ამხანაგობათა მონოპოლია წყლისა, გაზისა, რკინის გზებისა ან მადნების დამუშავებისა, –  ნეაპოლიტანელი მაფიის და კამმორის მაგვარი ავაზაკობაა და სხვა არაფერი. ჩვენ ვუწოდებთ მთავრობას უზურპატორს, რომელსაც ხელში ვყევართ დაჭერილი და ავაზაკებს ვეძახით იმ სახელმწიფოებს, რომელნიც დაპყრობის მიზნით ერთმანეთს ეომებიან.

და აი ახლა თვთონ ჩვენგანვეა დამოკიდებული შევჩერდეთ შუა გზაზე ამ გაბედულ კრიტიკის დროს, თუ ბოლომდის მივიყვანოთ იგი. ვაძლევთ რა ხარკს საეკლესიო და რომის შურისძიების იდეათა თანახმად აღზრდაში, ჩვენ შეგვიძლია რასაკვირველია ქედი მოვიხაროთ იმ ბუშის წინაშე, რომელიც ეკლესიისა და საიმპერატორო რომის კავშირისაგან იშვა და რომელსაც – სამართლიანი სამსჯავრო  ეწოდება. მაგრამ ჩვენ შეგვიძლია ჩვენს კრიტიკაში გავატაროთ ეგ დაწესებულებაც, რომელიც კაპიტალიზმისა და სახელმწიფოს მეტად  საიმედო ბურჯს შეადგენს.

მრისხანე ღვთის შურისძიების იდეებით გამსჭვალულნი, რომლის მოვალეობათა შემსუბუქებას ჩვენ ვკისრულობთ და შეპყრობილნი სახელმწიფოს იდეებით, რომელსაც ჩვენ ვამღერებთ, იქამდი, რომ ვსთვლით მას სიმართლის განხორციელებად, ჩვენ რა თქმა უნდა შეგვიძლია დავსტოვოთ ეგ დაწესებულება – სამსჯავრო – და წარმოვიდგინოთ იგი, როგორც ღვთაებრივი სამართლიანობის ქვეყნიური  განხორციელება.

ამ შემთხვევაში ჩვენ დავიტოვებთ ჩვენგან ამორჩეულს ან მთავრობისაგან დანიშნულ მსაჯულებს  და დაუწყებთ ხვეწნას: – “ბატონებო, დაიცავით ჩვენი ჩვეულებანი და სასამართლოს განაჩენთა ყოველგვარი  პრეცედენტები, რომელნიც ჩვენს კანონებშია შეკრებილი, რათა ყველასაგან პატივცემული იყოს იგი. თქვენ, სამართლიანობის გამომსახველნო, განგმირეთ ვინც ჩვეულებათა  და კანონების წინაშე დააშავებს რასმე, ჩვენ მოგცემთ ყოველგვარ საჭირო საშვალებებს ძალმომრეობისთვის; ჩვენ ზნეობრივ დახმარებას გაგიწევთ ოღონდ კი მოსპეთ, დახოცეთ!”

და ასე, ამნაირად სახელმწიფო, როგორც ძალა ყველაზე და საზაოგადოებაზე მაღლა დაყენებული, რომელიც საუბედუროდ მიილტვის გააფართოვოს თავისი უფლებები და ყველაფერი თავის ხელებში ჩაიბღუჯოს, – მტკიცედ დამყარდება იქამდი სანამ ახალი რევოლუცია არ დაამხობს მას.

მართლაც, როდესაც ჩხუბისა და საჩივრის დროს მოჩხუბარნი და მოჩივარნი ყოველი ახალი შემთხვევისათვის, მათგანვე საგანგებოდ არჩეულ სამედიატორო სასამართლოს მიმართავდნენ ხოლმე, – ეს სამსჯავრო საქმის განხილვის დროს ხელმძღვანელობდა სამართლიანობისა, ადამიანთა ურთიერთობებისა და აგრეთვე პირადი და საზოგადოებრივი სინდისის თავისებური შეგნებით, ხოლო მსაჯულები კი რომელნიც სპეციალურად იმისთვის არიან დაყენებულნი, რომ გაასამართლონ და დასაჯონ ბრალდებული, კანონთა კრებულით უნდა ხელმძღვანელებდნენ. რა კი საჭირო შეიქმნა კანონთა კრებული, აუცილებელია საკანონმდებლო მანქანაც კანონთა კრებულის შესადგენად. ამ კრებულში უნდა მოთავსდნენ ის პრეცედენტები, რომელნიც ნაკლებ ეწინააღდეგებიან ერთამენთს. ამასთანავე ამათგან ისეთები უნდა ამოირჩეს, რომლებსაც მომავლისთვისაც გამოსადეგად სცნობენ. იმის თქმა, რომ კანონების შედგენა შეიძლება მივანიჭოთ ეგრეთ წოდებულ მთელი ხალხის “პირდაპირი კანონმდებლობას”, რომელიც დაეკითხება ხალხს, თუ როგორ გამოსახოს მომავლისათვის სავალდებულო პრეცენდეტები და შემდეგ ხალხიც თავისი კენჭის ყრით კანონად აქცევდეს მათ – ეს ნამდვილი ოცნებაა, რომელიც თვით “პირდაპირი კანონმდებლობის” დამცველებსაც კი არა სწამთ. კანონების შესადგენათ აუცილებელია, სწორეთ არაპირდაპირი კანონმდებლობა; აუცილებელია, სახელდობრ “უმაღლესი ადამიანები” ნიცშეს “ზესთა ადამიანნი” რომელთა მოვალეობასაც უნდა შეადგენდეს კანონის წინდაწინვე გამოსახვა, ვიდრე ხალხი “ჰო”-ს ან “არა”-ს იტყვის, ახალი კანონების შესახებ; და ვინ არ იცის, რომ კანონის გამოსახვისაგანაა დამოკიდებული ყველა მისი დამატებანი?

შემდეგ საჭირო შეიქნება კანონის მცოდნე ადამიანები, რომელთა სპეციალური საგანიც კანონების ახსნა-განმარტება იქნება. საჭირო იქნება უნივერსტეტები, კანონის და მათი ახსნა-განმარტების შესასწავლად. და ეს ადამიანები, თვით თავიანთი სპეციალობის წყალობით სიტყვისა და ასოს მანიაკებად გადაიქცევიან. ისინი ძალას დაატანენ საზოგადოებას მამა-პაპათა დროიდან დარჩენილ ნაშთთა ჩაგვრა გამოიაროს. ისინი უკან დაახევინებენ საზოგადოებას, როგორც კი წინსვლას მოინდომებს.

კანონის გასამარჯვებლად საჭიროა ლიკტორი, ე.ი. უბრალოთ რომ ვსთქვათ, ჯალათი, ცელითა და ჯოხებით შეიარაღებული. საჭიროა „აღმასრულებელი უფლობა“, საჭიროა „ძალა, უფლების მსახურად დაყენებული“, როგორც თავისავე უპირატესობის მადიდებელნი ამბობენ, საჭიროა პოლიცია, ჯაშუში, აგენტი-პროვოკატორი, და მათი დამხმარე მეძავი ქალი, საჭიროა ჯალათი; საჭიროა საპყრობილე, საპყრობილის დარაჯი; საჭიროა მუშაობა საპყრობილეებში და ყველა აქედან აუცილებლივ გამომდინარე საუბედურო შედეგები. (იხ. ჩემი წიგნი „რუსეთისა და საფრანგეთის საპყრობილეებში“, სადაც აღწერილია ერთი საუკეთესო თანამედროვე სატუსაღოს – “კლერვო“-ს შინაური ცხოვრება). ერთი სიტყვით საჭიროა მთელი ის ტლაპო, წარმოუდგენელი წუმპე, რომელიც ერბოსავით ითხიპნება და გროვდება ბოროტ-მოქმედების უნივერსტეტების, ყოველგვარ არა საზოგადოებრივი საქციელის გამავრცელებელ დაწესებულებათა გარშემო, როგორიცაა საუბედუროთ ყველა სატუსაღო. ნამდვილათ კი, მხოლოდ ბატონ სახელკმწიფოს მომხრეთა სახაზინო უტოპიაა ადვილი და ისიც მხოლოდ ქაღალდზე სატუსაღოების ზნეობის გამავრცელებელ დაწესებულებათ გადაქცევა.

და, ბოლოს რათა თვალი ადევნოს ყველა ამ დამსჯელთა ჯარს, მოაწესრიგოს, სასტიკათ მოეპყროს ან დაასაჩუქროს მთელი ეს არმია ზედამხედველთა, სატუსაღოთა უფროსებისა, პოლიციელებისა, ჯაშუშებისა და მსაჯულებისა საჭიროა მთავრობა, საჭიროა სამართლიანობის მინისტრები და აუარებელი გადასახადები. საჭიროა ახალი კანონმდებლობა, რომ ხელი შეუწყონ ამ მანქანის მსვლელობას, საჭიროა კიდევ ახალი მსაჯულები, ახალი პოლიციელები, ახალი აგენტები და ახალი საპყრობილეები, რომ თვით საპატიმროს კანონმდებლობა სისრულეში მოიყვანონ.

გაიჩინეთ მსაჯულები და თქვენ ნახავთ, რომ მთელი სახლმწიფოებრივი მანქანის შექმნა დაგჭირდებათ. ეს არამც თუ ცხადია თავისთავად, არამედ ყველა, ვინც სერიოზულად ხელს მოკიდებს სახემწიფოებრივ მთავრობის უფლობის წარმოშობის და გაძლიერების ისტორიას, – ადვილათ დაინახავს რა დიდს, ძირითად, პირველ-ხარისხოვან როლს ასრულებდა მსაჯული და სამსჯავრო თანამედროვე ცენრალისტური სახელმწიფოს შემუშავებაში.

აი აუცილებლათ სად მივყავართ პირველ გზას.

მაგრამ, ჩვენ შეგვიძლია მეორე გზითაც წავიდეთ. ბევრს ჩვენს ძირითად ცნებებში უკვე მოგვიხდა სრული სარევოლუციო დამხობის მოხდენა. უწინ, ჩვენ ვფიქრობდით, მაგალითად, რომ წმინდა საკუთრების რწმენა, მონარქიული მთავრობის საღვთო დანიშნულება და სხვა ამგვარი მოარული ცნებანი შეადგენდნენ საზოგადოებრივი ცხოვრების უუმკვიდრეს საძირკველს… აქამდისაც ასე ქადაგებს უწმინდესი სინოდის პროკურორი, მაგრამ, ამას ნელ-ნელა ნიადაგს ვაცლიდით. ვსთქვათ, რომ ადამიანები აღარ ჩერდებიან თავის სარევოლუციო კრიტიკის პირველ ცდაზე; ისინი პოულობენ ყოველგვარ დაბეჩავებათა ფესვებს. მაშინ, იმათ ეჭვი ებადებათ, რომ დარღვეული სამართლიანობის აღდგენა შეიძლებოდეს მიენდოს მსაჯულთა განსაკუთრებულ კასტას, რომელიც კანონთა კრებულით იქნება შეიარაღებული; ვსთქვათ, რომ ხალხი განადგურებას დაუპირებს ამ აყროლებულ სანაგვე გოდორს, რომელსაც კანონთა კრებულს უწოდებენ.

მაშინ, ძნელი არ იქნება დავრწმუნდეთ, რომ ყველა ეს კანონები უკლებლივ, ეკონომიკურ და გონებრივ მონობის დროთაგან ნასესხებ ფორმულებისა და ცნებათა კრებულია და სხვა არაფერი; რომ ეს ცნებანი ეწინააღმდეგებიან, ყველა სკოლის სოციალისტთა შორის შემუშავებულ ცნებებს, კრებულში გამოთქმული ცნებანი წარმოადგენენ გასპეტაკებულ „ნარჩომს“, რომელიც ცთილობს ჩვენი მონური წარსულის უღელში შეგვაბას, რომ ხელი შეუშალოს ჩვენს განთავისუფლებას და ჩვენს განვითარებას ცივილიზაციის უმაღლეს ხარისხამდი.

ამგვარათ, ჩვენ მივალთ კანონების – ყველა კანონთა კრებულის სრულ უარყოფამდის. რა ჩვენი საქმეა, რომ დაწერილ კანონებში აგრეთვე რაოდენათმე გამოისახება, ის ზნეობრივი ცნებანი, რომელნიც ჩვენცა გვწამს, მაშინ როდესაც ეს ზნეობრივი ცნებანი გაქარწყლებულია კანონებში ყოველგვარ აღმაშფოთებელ დადგენილებაათა შორის! წარსულ საუკუნეთა მთელი მონობა, ისე მჭიდროთ ჩახლართულა კანონებში, იმ მცირე-რიცხვოვან ზნეობრივ ცნებებთან ერთათ, რომელნიც ყოველ ადამიანს სწამს, – ეს წარსულის სისხლი, სიმკაცრე, შურისძიება, რომელიც ჩვენთვის გადმოუციათ ძველი წარსულიდან, ფერს უკარგავენ და უნაყოფოთ ხდიან იმასაც, რაც კანონს, საკაცობრიო ზნეობრივ ცნებათაგან გადაუღია. თვითონ ეს ზნეობრივი ცნებანი კანონის მიერ ირყვნებიან, რაკი მათის დარღვევისათვის ულმობელი და მავნე სასჯელია დაწესებული, რაიც ზნეობის დარღვევისათვის ახალ წყაროს და მიზეზს წარმოადგენს. ყველა კანონთა კრებული არის – დაბრძმედილი წარსული, დაწერილი, იმისთვის, რომ მომავლის განვითარებას ხელი შეუშალოს. ნუ თუ ჩვენ უნდა დავიცვათ ეგ ძველ-ძვული, იმ რამდენიმე პატიოსნურ ცნებათა გულისათვის, რომელნიც გაბნეულია მათში? ნუ თუ საშველი არ არის განვამტკიცოთ ეს, ჩვენთვის ძვირფასი ზნეობრივი ცნებანი, იმპერატორთა სისხლიანი ტოგების, მათრახებისა და შპიცრუტენების ყოველგვარი ნაშთების მიუღებლათ რომლებითაც შებილწულია ეს ცნებანი.

თუ უფრო ღრმათ განვაგრძობთ ჩვენს კრიტიკას დავინახავთ, რომ ყოველგვარი, კანონით დასჯა არის მხოლოდ სავალდებულოთ შემოღებული დაკანონებული შურისძიება, და სხვა არაფერი: ეს არის მხოლოდ სავალდებულო შურისძიება. მაშინ ჩვენ აუცილებლად დაგვებადება კითხვა: ნუ თუ მართლა საჭიროა ეგ შურისძიება? ხელს უწყობს თუ არა ის მშვიდობიანურ საზოგადოებრივ ჩვეულების არსებობას საზოგადოებაში? მართლა ხელს უშლის თუ არა იგი ადამიანთა პატარა უმცირესობას, რომელიც მუდამ მზად არის დაარღვიოს ეგ ჩვეულებები? სავალდებულო შურისძიების აღიარებით ხელს უწყობს თუ არა კანონი საზოგადოების საწინააღმდეგო მიდრეკილებათა განვითარებას? უკანასკნელათ, კანონიერ სასჯელთა სისტემა, თავის აუცილებელ თანამგზავრებთა, პოლიციისა, სატუსაღოს დარაჯებისა, ცრუმოწმეებისა და ჯაშუშების თანხლებით და საპატიმროებში ანტი-სოციალურ მიდრეკილებათა ჩანერგვით – განა ხელს არ უწყობს იგი გონებრივი და ზნეობრივი წუმპის წარმოშობასა და გავრცელებას, რომელიც ბევრათ უფრო საშიშია საზოგადოებისთვის, ვიდრე თვით „დამნაშავენი“, – მაგრამ თუ ასეთ კითხვას მივცემთ ჩვენს თავს და პასუხს სინამდვილის შესწავლაში, და არა უფლებათა ფიქციებში მოვსძებნით – ნამდვილად შევიგნებთ, რომ ამ კითხვის გადაწყვეტას არავითარი ყოყმანი არ სჭირია. დიახ, ეს ყოველს ეჭვს გარეშეა. სასამართლოს და ყველა იმას, რაც მას გარშემო არტყია, გაცილებით მეტი ბოროტება მოაქვთ საზოგადოებისთვის, ვიდრე ყველა დამნაშავეებს ერთად.

მაშინ, როდესაც გავათავისუფლებთ ჩვენს გონებას ამ „ნარჩომთაგან“, რომელიც ყველაზე უარესია, მაგრამ ჯერ კიდევ მაგრათ მოუკალათებია უმრავლესობის ჭკუა-გონებაში, – მაშინ ჩვენ შეგვეძლება შევუდგეთ (იმის გამოუძიებლათ, თუ რას აკეთებდნენ უწინ ეკლესია და სახელმწიფო) პრაქტიკულ, სასარგებლო და არა მეტაფიზიკურ და უტოპიურ საშვალებათა შესწავლას, რომელნიც ხელს უწყობდნენ ადამიანებში (როგორებიც ახლანდელ დროში არიან) საზოგადოებრივ მიდრეკილებათა განვითარებას და ანტი-სოციალურ გრძნობათა დაჩლუნდგებას.

ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ის, ვინც განთავისუფლდება რა კანონიერობის წინასწარი გრძნობისაგან და სერიოზულად ხელს მოკიდებს ამ საკითხს. არასოდეს არ მივა იმ დასკვნამდი, რომ სასამართლოები და სატუსაღოები აუცილებელი იყოს. იგი თავის კვლევა-ძიებას სხვა მხარეს მოანდომებს.

მაგალითათ ის დაინახავს, რომ სამედიატორო სასამართლო, რომელიც ორივე, მხარეებიდან აირჩევა, უმეტეს შემთხვევაში სრულიად საკმაო იქნება.

იგი შეიგნებს, რომ ჩვენი, მომხდარ ან მოსახდენ ჩხუბში ჩაურევლობის ჩვეულება, ჩვენი ცხოვრების სიბრძნე: „სხვებს კისერიც მოუტეხიათ, ოღონდ ჩვენ არა გვევნოს რაო“, საძაგელ ჩვეულებას წარმოადგენს, რომელიც მხოლოდ მას შემდეგ განვითარდა, რაც ჩვენში, სასამართლო, პოლიცია, ხუცესი და სახელმწიფო გაჩნდა. ტომობრივი ცხოვრების დროს, ის ვინც ჩხუბს დაესწრებოდა და ერთისგან მეორის დაჭრას არ დაუშლიდა, იგეთივე დამნაშავედ ითვლებოდა , როგორც დამჭრელი.

მართლაც, ერთ უბრალო, თავის დროზე მეგობრებისა და მეზობლებისაგან გაზავებას შეეძლო მოჩხუბარნი ბევრ ჩემთხვევაში ძალმომრეობისაგან გადაერჩინა.

ძნელი არ არის დავრწმუნდეთ იმაში, რომ სასამართლოს მფარველობითი ზნეობრივი ძალის რწმენა მხოლოდ  ცოტათი სდგას მაღლა, იმ რწმენაზე, ვითომ ხატებს ხოლერისა და ჭირის დროს ადამიანის დახსნა შეეძლოთ აგრეთვე ძნელი არ არის დავრწმუნდეთ იმაშიაც, რომ მეტის-მეტი სისულელე და არა-ეკონომიურობაა პოლიციისა, ჟანდარმებისა, ჯალათებისა, სატუსაღოების დარაჯთა და მოსამართლეთა შენახვა, საგანგებოთ იმისთვის, რომ შური ვიძიოთ მათზე, ვინც დადგენილ ჩვეულებათა წინააღმდეგ მიდის, ან საზოგადოების მოწინააღმდეგე ხდება – იმის მაგივრათ, რომ ყველამ და თითეოულმა ყური უგდოს, რომ საქმე ძალმომრეობასა და დასახიჩრებამდის არ მივიდეს და გამოასწორონ მომხდარი სიავე, თუ კი ასეთი მოხდება; ეს ისეთივე სისულელე და უეკონომიობაა როგორც მრეწველობის სახელმძღვანელოთ ბატონის დაყენება, იმის მაგივრათ, რომ თვითონ შენვე აწარმოო იგი. და თუ კი ჩვენ შესაძლებლად ვცნობთ, რომ დროთა ვითარების მეოხებით ადამიანები შეძლებენ უბატონოთ ყოფას, მაშინ მხოლოდ ჩვეულებათა და აზროვნების სიზარმაცის წყალობით შეგვიძლია ვიფიქროთ კიდევ უწინდებურათ, რომ ადამიანებს ზნეობრივადაც უპატრონოთ ყოფნა არ შეუძლიათ. განა უფრო მართალი არ იქნება ვიფიქროთ, რომ ადამიანები, რომელნიც შეძლებენ დაიკმაყოფილონ თავიანთი მოთხოვნილებები, ისე რომ ბატონს არ დაემონონ, გამონახავენ საშვალებას (ისედაც დიდი ხნის ნაჩვენებს) გააძლიერონ ყველას საზოგადოებრივი ინსტინქტები და ხელი შეუშალონ იმათ, ვინც ბუნებით მეტის-მეტი ფიცხია, ან ბუნებითვე საზოგადოების წინააღმდეგ არის ამხედრებული (განა კი არ არსებობენ ასეთები?). უკვე ჩვენს თვალს წინ ბავშვების უკეთ აღზრადამ, ცოტად თუ ბევრად უზრუნველ ყოფილ არსებობამ, უფრო ხშირმა მისვლა–მოსვლამ ხალხში, განსაკუთრებით კი, სასჯელის სისასტიკის შემცირებამ, რომელიც მიღებული იყო ჩვენი საუკუნის პირველ ნახევარში, გასაკვირველი გაუმჯობესება მოახდინეს.

ნუ თუ კოლექტივისტურ, კომუნისტურ, სოციალისტურ, ან ანარქიულ საზოგადოებაში, ჩვენ უძლურნი აღმოვჩნდებით განვაგრძოთ ეგ გაუმჯობესებანი უფრო დაჩქარებით? ნუ თუ მართლა ჩვენ ისეთი გლახები ვართ ჩვენს ახლანდელ მართველებთან შედარებით?

განა ის უფრო მართალი არ არის, რომ ჩვენ აზროვნების უკუღმართობის გამო შრომა არ მივეცით ჩვენს თავს დამოუკიდებლათ გვეფიქრა ამ ძირითად საკითხზე და მხოლოდ იმას ვიმეორებთ, რაც ჩვენს მბრძანებელთა ჯოხის ქვეშ შეგვისწავლია.

დასკვნა

1. – საზოგადოებრივი შურისძიების ორგანიაზცია, სასამართლო და სამართლიანობად წოდებული, ჩვენი მონური წარსულისაგან მემკვიდრეობით გადმოცემული ნარჩომია. იგი განვითარდა, ერთის მხრივ, პრივილეგიებით აღჭურვილ კლასების ინტერესთა მეოხებით, მეორეს მხრივ კი – რომის უფლებისა და საეკლესიო ქრისტიანობის გავლენით, რომელშიაც ღვთაებრივ შურისძიების იდეას, ისეთივე ადგილი უჭირავს, როგორც ყოვლად პატივებისა და კაცთა შორის შურისძიების უარყოფის იდეას.

2. – საზოგადოებრივი შურისძიების განვითარება სამართლიანობის სახელით, ისტორიაში სახელმწიფოს განვითარებასთან ერთად ხდება, ორივე ხელ-ჩაკიდებულნი მოქმედებდენ; და მათი ერთმანეთისაგან განშორება ლოგიკურადაც შეუძლებელია.მსაჯულის გაჩენას მოსდევს ცენტრალისტური, ყოვლად ძლიერი სახელმწიფოს შექმნაც; მას თანვე მოსდევს არსებობა სასამართლოსა და კანონისა, რომელიც სპეციალურად იმისთვისაა შექმნილი, რომ შური იძიოს მათზე ვინც სახელმწიფოს ბრძანებას ეურჩება, ან საზოგადოების საწინააღმდეგო კანონს ჩადის. საზოგადოებისთვის სასარგებლო ჩვეულებათა დაცვა ხელსაყრელი საფარია უმცირესობისათვის, თავის ბატონობის საზოგადოებაზე განსამტკიცებლად.

3. – ბატონ-ყმობისა და მონობის დროს შობილი, სასამართლოს ინსტიტუტი მსახურებს მისთვის, რომ ბატონ-ყმობა და მონობა დაარჩინოს და მათი არსებობა გააგრძელოს. იგი მხარს უჭერს საზოგადოებაში შრისძიების საჭიროების იდეას, რომელიც სათნოებად დაუსახავს. ის არის საზოგადოებაში ანტი-სოციალურ ჩვეულებათა და მიდრეკილებათა აღმზრდელი სკოლა. მას შეაქვს საზოგადოებრივ ცხოვრებაში გარყვნილების აშმორებული წუმპე და ტალახი, რომელიც სასამართლოებსა და საპყრობილეებს გარშემო გროვდება. მათი ცხოვრებაში გამტარებელნი არიან პოლიციელი, ჯალათი, ჯაშუში, პროვოკატორი, ჯაშუშთა კერძო სააგენტო, რომელიც ამ ბოლო დროს ასე სწრაფათ ვრცელდება და სხვა ბევრი ამგვარი. ეს ტალახის წუმპე ყოველწლიურად იზრდება.

სასამართლოს ინსტიტუტისგან წარმომდგარი ბოროტება, ყოველ შემთხვევაში, ბევრად მეტია, ვიდრე ის სარგებლობა, რომელსაც ხედავენ სასამართლოში, რომლის დანიშნულებაც სასჯელის საშვალებით ზნეობრივი პრინციპების დამყარებაა.

4. – ის საზოგადოება, რომელიც უსარგებლოდ და საზოგადოებისათვის მავნედ ჩასთვლის მრეწველობის ახლანდელ ორგანიზაციას, რომელიც კაპიტალისტ-პატრონ-ბატონის სრულ განკარგულებაშია, – აუცილებლად იმასაც მიხვდება, რომ საზოგადოებრივ ჩვეულებათა და მიდრეკილებათა დამყარების მინდობა საზოგადოებრივ შურისძიების ინსტიტუტისთვის, მეტი რომ არა ვსთქვათ, სრულიად არაეკონომიურობა და თავისუფლების განვითარების წინააღმდეგია. საზოგადოება მიხვდება, რომ კანონი არის გაკრისტალება და იმ ჩვეულებათა და ცნებათა გაღმერთება, რომელიც წარსულს ეკუთვნიან; ამ უკანასკნელს კი უარყოფენ ყველა სოციალისტები. ის გასძლებს სამოსამართლო ინსტიტუტის გარეშეც.

5. – საზოგადოება იპოვის საშუალებას უმისოდაც გასძლოს და ყოველი ახალი შემთხვევისათვის, თავისუფლად არჩეულ სამედიატორო სასამართლოს მიმართავს; ის დაინახავს ხსნას უფრო მჭიდრო დამოკიდებულებაში, რომელიც დამყარდება ყველა მოქალაქეთა შორის, ისე როგორც შრომისა და საზოგადოებრივობის ჩვეულებათა აღზრდაში, ყველა იმ ძლიერ საშვალებათა დახმარებით, რომელიც არ შეიძლება არ აღმოაჩინოს საზოგადოებამ, რომელიც თავის ზნეობრივ ჰიგიენას პოლიციელს და ჟანდარმს არ გადასცემს.

შენიშვნები

[1] ცნობილი რევოლუციონერის ძმა

[2] გერმანელ სოციალ-დემოკრატებში კროპოტკინი გულისხმობს მარქსაც, და სავსებით სამართლიანად.

[3] მსურველთ შეუძლიანთ იხილონ ამის დამტკიცება ჩემს წიგნში “საურთიერთო დახმარება ცხოველთა და კაცთა შორის”

[4] ერთმა ჩემმა ნაცნობმა იურისტმა შემდეგი საგულისხმიერო ფაქტი გადმომცა:  ევროპაში, ჯერ კიდევ მეცხრამეტე საუკუნის დასაწყისში არსებობდა თურმე ამგვარი ჩვეულება: დამნაშავის დასახვრეტად გაწვეულ სალდათებს ერთ მარტო წამლით გატენილ პატრონას აძლევდნენ, რათა გონებოდათ, რომ ბრმა ბედისწერა გადაწყვეტს, ვისი ტყვია მოუღებს ბოლოს დამნაშავესო.

[5] თემობრივ შურისძიებას აუცილებლად დაუსრულებელი განხეთქილება მოსდევდა. ვთქვათ, ორი კაცი წაეკიდა ერთმანეთს, ერთმა მეორეს კბილი ჩაუმტვრია. მაშინ, მეორეს ნათესავს უფლება აქვს ასევე მოექცეს პირველის რომელიმე ნათეავს. მაგრამ ვთქვათ, ამ დროს მეორის ნათესავს ნამეტანი მოუვიდა, ერთი კბილის მაგივრად ორი ჩაუმტვრია. ახლა კი პირველის ნათესავს უფლება ეძლევა მეორის რომელიმე ნათესავს – ჩაამტვრიოს ერთი კბილი, მაგრამ მეტი კი არა, და ამგვარად გრძელდებოდა დაუსრულებლივ.

Facebook Comments

Leave a Reply

Your email address will not be published.