პეტრე კროპოტკინი – მეამბოხის წერილები

garekanik

I. დღევანდელი ვითარება

ეჭვი არ არის, რომ ჩვენ დიდი ნაბიჯებით მივექანებით რევოლუციისაკენ. ის ჯერ ერთ ქვეყანაში იფეთქებს და შემდეგ, როგორც ეს 1848 წელს იყო, გადავა მეზობელ მხარეებში, მოედება მთელ ქვეყანას და გარდაქმნის თანამედროვე საზოგადოებას, რომელსაც დაუმკვიდრებს ცხოვრების ახალ საფუძვლებს.

შესანიშნავია, რომ ეს ნაწინასწარმეტყველევი აქვთ განთქმულ გერმანელ ისტორიკოს გერვენუსს და იტალიელ ფილოსოფოს ფერარს. მათ პირდაპირ აქვთ ნათქვამი, რომ მეცხრამეტე საუკუნის დასასრულს აუცილებელია დიდი რევოლუციაო.

გადაჰხედეთ იმას, რაც ბოლო ოც წელიწადში ხდებოდა თქვენს გარშემო და დარწმუნდებით, რომ თანამედროვე ცხოვრების ათასგვარ მოვლენათა შორის ორი რამ ჩანს ძალიან ცხადად:

1) ხალხის გამოღვიძება და

2) სრული ზნეობრივი, გონებრივი და ეკონომიკური გაკოტრება მართველი კლასისა და სულთმობრძავი, ამაო ცდა ქონების პატრონების მიერ ხელი შეუშალონ ხალხის ამ გამოღვიძებას… დიახ, ხალხის გამოღვიძებას!

____

ქარხნების სულმხუთავ დარბაზებში, ბნელსა და ნესტიან სარდაფებში, მტვრიან ჩარდახებში და მადანთა შავ-ბნელ მაღაროებში, აი სად იჭედება დღეს ის ახალი ძალა, ის ახალი ხალხი, რომლის ერთი გახსენება თმას ყალყზე უყენებს ყოვლისშემძლე ბურჟუა-ბიუროკრატებს, მაშინ როდესაც მთელი ქვეყნის საუკეთესო რეფორმატორნი მხოლოდ ამ ბნელ ხალხში ეძებდნენ და პოულობდნენ კიდეც თავიანთი მაღალი სულის საუკეთესო მისწრაფებათა აღფრთოვანებას… არავისთვის არის დღეს საეჭვო, რომ სწორედ ამ შავ ბრბოში იბადება და ინასკვება ის ძირითადი კითხვები სოციალურის, ეკონომიკისა და პოლიტიკური წეს-წყობილებისა, რომლებიც აუცილებლად უნდა გადაწყდეს და განხორციელდეს კიდეც ახლო მომავალში სრული თავისი სიმართლითა და სიდიადით…

____

მოურიდებლად და დაუნდობლად მიაქვთ იერიში ამ ახალი ქვეყნის ძეთ თანამედროვე საზოგადოებს ყოველ იარაზე. ირკვევა და იბადება ახალი აზრები, ახალი მისწრაფებანი, ახალი გეგმები, ახალი შეგნებანი; მჟღავნდება ათასნაირი, ერთიმეორის წინააღმდეგი აზრები, მაგრამ გონიერი თავი ადვილად გაარჩევს მათში ორ უმთავრეს ძირითად აზრს:

1) მოსპობა კერძო საკუთრებისა, რომლის ადგილი უნდა დაიკავოს კომუნიზმმა და

2) მოსპობა სახელმწიფოსი, რომლის ადგილი უნდა დაიკავოს თავისუფლამა კომუნამ, მშრომელი ხალხის საერთაშორისო კავშირმა.

გზა ორია, მაგრამ მიზანი კი ერთი – თანასწორობა. ”მიწა, კაპიტალი და შრომა ყველასი და ყველასათვის” – აი რას ღაღადებს ეს თანასწორობა.

მართალია, ბურჟუა-ბიუროკრატებიც გაიახიან ”თანასწორობა ყველგან და ყველასათვისო”, – მაგრამ ვინ არ ვიცით, რომ მიზანი მათი თანასწორობის ნიღაბია მარტო ერთადერთია: ხალხის ძარცვა და დამონება!..

ტყუილად ცდილობს მმართველი კლასები და ქონების პატრონები შეაფერხონ ეს მისწრაფებანი გამოღვიძებული ხალხისა, ტყუილად ამწყვდევენ საპატიმროებში, წვავენ და ანადგურებენ ყველაფერს, რაც კი დაწერილა და იწერება მათ წინააღმდეგ… ახალი აზრები დღითიდღე იდგამს ფესვებს ხალხის გონებაში და ერთიანად ამხედრებს მათ გაბატონებულ კლასთა წინააღმდეგ. აზრი შეიძლება მიაძინოთ, მაგრამ მარტო დროებით; გაივლის ხანი და აზრი კვლავ გამოჩნდება, კვლავ გამოცოცხლდება, რომ უფრო მძვინვარედ და მტკიცედ დაეუფლოს ქვეყანას… შეხედეთ სოციალიზმის ვითარებას საფრანგეთში, მის მეორედ აღორძინებას იქ ამ თხუთმეტიოდე წელიწადში. საკმაოა სულ უბრალო გამარჯვება ან სხვა რამ ხელშემწყობი შემთხვევა, რომ მიძინებული და მიყუჩებული ხალხსი კვლავ გამოვიდეს საგმირო საქმის შემოქმედად. შეჯახების ხანა მოახლოებულია. ყველაფერი ხელს უწყობს ამას: სიღატაკე, შიმშილი და უმთავრესად კი უმუშევრობა, რომელსაც ძალაუნებურად ქუჩაში გამოჰყავს ბრბო და აქ სავსებით ცხადად აგებინებს მას მართველი კლასებისა და ქონებათა პატრონთა სრულ უძლურებას და სიბილწეს…

ხალხი დაიღალა. ტვირთდამძიმებული იგი ყოველ წამს ეკითხება თავის თავს თუ სანამდე მიიყვანა იგი ბიუროკრატიამ და ბურჟუაზიამ? დიახ, ეკითხება და ხედავს, რომ ბურჟუა-ბიუროკრატთა სოციალური მეცნიერება კვლავინდებურად ძველ ულუფას იღეჭება: იცავს ეგოისტურ ინდივიდუალობას, ადამიანის ადამიანთან და ერის ერთან ქიშპობას, ცენტრალისტური სახელმწიფოს ყოვლისშემძლეობას და სხვა ათას ამისთანა სისულელეს.

მართველი კლასები და ქონებათა პატრონები გადადიან მფარველობითი ვაჭრობა-მრეწველობიდან თავისუფალ ვაჭრობა-მრეწველობაზე და თავისუფალი ვაჭრობა-მრეწველობიდან მფარველობით ვაჭრობა-მრეწველობაზე, რეაქციიდან ლიბერალობაზე და ლიბერალობიდან რეაქციაზე, ღვთის უარყოფიდან ფარისევლობაზე და ფარისევლობიდან ღვთის უარყოფამდე. მარად დაშინებულნი, ესენი გაფაციცებით იყურებიან მომავლისაკენ და სრულიად მოკლებულნი არიან უნარს შექმნან რაიმე ახალი და მტკიცე…

ყველა მათი ქმედება არის სრულიად წინააღმდეგობრივი ყოველ მათ დაპირებაზე. დაგვპირდნენ უზრუნველყონ შრომის თავისუფლება და ქარხნებისა და მიწა-წყლის პატრონთ კი მიგვაბარეს სრულ ტყვეებად; იკისრეს მრეწველობის მოწყობა, გვპირდებოდნენ კეთილდღეობას და დაუსრულებელი სიღატაკე და კრიზისები კი გაგვიმრავლეს; დაგვპირდნენ განათლებას და ყოველი საშუალება კი მოგვისპეს მის მისაღებად; დაგვპირდნენ პოლიტიკურ თავისუფლებას და რეაქციიდან რეაქციაზე კი გვათრევენ მთელი საუკუნეებია; დაგვპირდნენ მშვიდობიანობას და გაუთავებელ ომებამდე და ქიშპობამდე კი მიგვიყვანეს… აი, რა გააკეთეს ბურჟუა-ბიუროკრატებმა ჩვენთვის!…

კრიზისები ყველგან და ყველა საქმეში ჩვეულებრივ, გაუთავებელ მოვლენებად იქცა. ერთი წარმოების კრიზისი ცვლის მეორეს. დღეს მილიონობით მუშა, რომლებიც მოკლებულნი არიან სამუშაოს და მთელი ბრბოებით დაძრწიან ქალაქებიდან ქალაქებში, სადაც თხოულობენ სამუშაოს და პურს. ასე იყო საფრანგეთშიაც 1787 წელს: უმიწა-წყლო გლეხობა ათასობით დაყიალობდა საფრანგეთის გზებზედ და დასამუშავებელ მიწას ვერ შოულობდა ამ ნაყოფიერ ქვეყანაში, იმიტომ რომ მიწა-წყალი სულ ერთ მუჭა მუქთახორებს ჩაეგდოთ ხელში…

უმდიდრესი წარმოებანი იღუპება ანაზდეულად; ხალხით გამოჭედილი უამრავი ქალაქი ცარიელდება; სიღატაკე ინგლისში, სიღატაკე ელზასში; შიმშილი რუსეთში, შიმშილი ესპანეთში; უმუშევრობა ყველგან და როგორც მისი აუცილებელი შედეგი – გაჭირვება, უფრო სწორედ რომ ვთქვათ ენით გამოუთქმელი სიღატაკე; დაოსებული ბავშვები და ქალები, რომლებიც ერთ ზამთარში ბერდებიან ხუთი წლით; ავადმყოფობანი, რომლებიც ასობით და ათასობით სცელავენ მუშათა რაზმებს, აი სურათი, რომელსაც წარმოადგენს დღეს ყველა ქვეყნის სახელმწიფოთა ვითარება… ეს ყველაფერი კი ბრწყინვალე ბებრუცანა ბურჟუა-ბიუროკრატების წყალობით!..

____

კაპიტალი არის ადამიანის შრომის ნაყოფი და როგორც ასეთი, უწინარესყოვლისა ადამიანისათვის ყველაზე საჭირო საგნების საწარმოებლად უნდა იქნას მოხმარებული, მაგრამ ასე არ მსჯელობენ ბურჟუა-ბიუროკრატები. სოფლის მეურნეობა სარფიანი საქმე არ არისო, იგი მცირე სარგებელს იძლევაო და ამიტომ არც უნდა დავხარჯოთ მასზე დიდი ფულებიო. მაშ რაზედ უნდა დაიხარჯოს? – რაზედ და სულთნების, მეფეებისა და მდიდრების პალატებისა და ჰარამხანების მორთვა-მოკაზმვაზე, ომების მოსაწყობად, რუსების წაქეზებაზედ ოსმალთა წინააღმდეგ და ოსმალების რუსთა წინააღმდეგ; არავისთვის საჭირო რკინიგზის გაყვანაზე სადღაც მანჯურიაში თუ სახალინზე, ოღონდ კი გამდიდრდნენ როტშილდები და ბეზობრაზოვები და უმთავრესად კი ბირჟაზე ყომარბაზობაზე, სადაც გაიძვერა კაპიტალისტები და თვით სახელმწიფოს აგენტები ათასნაირი ხრიკებითა და ოინბაზობით წევენ მაღლა ან ძირს ქაღალდების, პურის, ბამბისა თუ ნავთობის ფასებს და ამ ყველაფრით ძირს უთხრიან მეურნეობა-მრეწველობას…

ეკონომიკურმა უთავბოლოობამ და არევ-დარევამ უმაღლეს წერტილს მიაღწია. ხალხი დაიღალა დაუსრულებელი კრიზისებით და გაიძვერა ბურჟუა-ბიუროკრატების გაუმაძღრობით. ხალხს სურს იცხოვროს თავისი შრომით და არა დაუსრულებლად ზიდოს უღელი  ტანჯვასა და სიღატაკეში…

ხალხი დარწმუნდა, რომ მართველ კლასებს და ქონებათა პატრონებს არ ძალუძთ მისი გაბედნიერება, მისი განთავისუფლება უკუნეთა ჭირთაგან; მან შეიგნო, რომ ამ ბრწყინვალე ბებრუცანებს არ შეუძლიათ გაიგონ მისწრაფებანი ახალი ცხოვრებისა, არ შეუძლიათ მოაწესრიგონ მრეწველობა, სწავლა-განათლება და სხვა… შურისძიების დღე მოახლოებულია. სადაცაა ხალხი გამოუცხადებს ბურჟუა-ბიუროკრატებს თავის განაჩენს, ჩამოართმევს მათ საუკუნეების განმავლობაში ამოჩემებულ უფლებას და თვით გაუძღვება ახალი ცხოვრების მოწესრიგებას. გაჩერება შეუძლებელია. ცხადი ნიშნები თვალწინ გვაქვს: სახელმწიფონი შესანიშნავი სისწრაფით იხრწნებიან და ირღვევიან ყველგან და შეუკავებლად!..

II. სახელმწიფოთა გახრწნა-დარღვევა

უკეთუ ევროპის ეკონომიკური მდგომარეობა შეიძლება გამოვხატოთ სიტყვებით: სამრეწველო და კომერციული არევ-დარევა და გაკოტრება კაპიტალისტური წარმოებისა, – პოლიტიკური მდგომარეობა უნდა დავახასიათოთ: დაცქარებული გახრწნა-დარღვევა სახელმწიფოთა.

მართლაც, დაწყებული თვითმოყრობელური, ჟანდარმული რუსეთიდან ბურჟუაზიული შვეიცარიამდე, ყველა ესენი დიდი ნაბიჯებით მიექანებიან გახრწნა-დარღვევისაკენ და მაშასადამე რევოლუციისაკენ. დასუსტებულთ კონსტიტუციური სნეულებებით არ ძალუძთ ახლის შეთვისება და უაზროდ ფლანგავენ თავის საცოდავ უკანასკნელ ძალბეს ურთერთმტრობაზე, დრომოჭმულ ცრურწმენების დაცვაზე და მით საკუთარი თავის დაღუპვაზე…

უკურნებელი სენი – სენი სიბერისა და გახრწნა-დარღვევისა ულმობლად ღრღნის მათ. XVIII საუკუნეში ევროპის ძველმა სახელმწიფოებმა მიაღწიეს თავის უმაღლეს განვითარებას და ახლა სრული დაცემის გზას დაადგნენ. სახელმწიფომ, სადაც ყველაფერს და ყველას ბედს განაგებს რამოდენიმე კაცი, უკვე მოჭამა თავისი დრო… კაცობრიობას ვეღარ აკმაყოფილებს იგი და ამიტომ არკვევს და ადგენს საზოგადოებრივი ცხოვრების სრულიად ახალ ფორმებს. ხალხი შეუჩერებლად მიისწრაფვის დაამხოს სახელმწიფო, რომელიც ხელს უშლის მის თავისუფალ განვითარებას. ხალხს სურს პროვინციათა ავტონომია, კომუნები და მუშათა კავშირები, დაფუძნებულნი ერთმანეთთან თავისუფალ შეთანხმებაზე და არა სახელმწიფოსაგან გამოცემულ კანონებზე. აი ისტორიული ხანა, რომელშიაც ჩვენ უკვე შევადგით ფეხი.

____

მართველ კლასებს რომ შეეძლოთ გაგება საზოგადოების დღევანდელი ვითარებისა, მაშინ, რათქმაუნდა დაუყონებლივ თვითონ ჩადგებოდნენ ამ მისწრაფებათა სათავეში, მაგრამ აღზრდილნი ძველ აზრებზე, შეჩვეულნი დახავსებულ ცხოვრებას, ესენი ყოველი საშუალებით ხელს უშლიან ახალ იდეათა გავრცელებას და ამით საშინელი ქარტეხილისაკენ მივყავართ მათ… ზარბაზნების გრიალმა, ყუმბარების ტყორცნამ და ცეცხლის ალმა, აი რამ უნდა დაამთავროს აღსასრული ძველი ცხოვრებისა, რომლის შემდეგ სამუდამოდ უნდა დამკვიდრდეს ხალხის სამართლიანი უფლებანი…

როდესაც შუა საუკუნეების დაწესებულებათა დაცემის შემდეგ, ევროპაში დაარსდა ახალი სახელმწიფოები, ესენი განაგებდნენ საზოგადოების  მხოლოდ მცირეოდენ საქმეებს. ახლა კი სახელმწიფო ერევა ცხოვრების ყველა დარგში, მის უკანასკნელ წვრილმანებიაც კი. დაწყებული აკვნიდან საფლავამდე, ჩვენ შეკავებულნი ვართ მის აუტანელ მუხრუჭში. როგორიც არ უნდა იყოს სახელმწიფოს აგებულება – ცენტრალისტური თუ დეცენტრალისტური, ფედერაციული თუ ავტონომიური, იგი მარად ბოჭავს ყველას და ყველაფერს თავისი კანონებითა და ბრძანებებით, მარად ახრჩობს და ჰკლავს ყოველ ჩვენს თავისუფალ მისწრაფებათ… იგი ისე უხვად გამოსცემს ამ კანონებსა და ბრძანებებს, რომ თვით უნიჭიერეს ადვოკატებსაც არ ძალუძთ მათი გაკვლევა. ყოველდღე იგი ერთგულად ანახლებს ძველ მანქანას რაიმე ახალი ჭანჭიკით და ამით ქმნის ისეთ რთულ, ველურსა და შეუსაბამო შენობას, რომ უკმაყოფილებას იწვევს თვით საკუთარ მართველებშიაც კი. იგი ინახავს მთელს ჯოგს მოხელეთა, ამ ობობა-მექრთამეთა, რომლებიც თხუნელებისავით თვალდახუჭულნი გამოიყურებიან თავის კანცელარიათა დამურული ფანჯრებიდან და ისე სულელდებიან იქ საკანცელარიო უთავბოლო მიწერ-მოწერით, რომ სრულიად არაფერი გაეგებათ თუ რა ხდება მათ გარშემო. ეს არის ბრბო ავაზაკთა, რომლის რჯული მარტო შავი გროშებია და მზად არიან იმათ მიემხრონ, ვინც მეტს გადაუხდის და ნაკლებ სამუშაოს აღუთქვამს.

შედეგები ყველამ ვიცით: მაჩვენეთ თუნდაც ერთი დარგი გამგეობისა, რომელშიაც სახელმწიფოს არ გამოეჩინოს სრული უვიცობა, უთავბოლობა, გათახსირება, გაკოტრება; მას რომ მართლაც სამართლიანი და წესიერი აგებულება ჰქონოდა, ამდენი საუკუნის განმავლობაში იგი, ეჭვი არ არის, შეძლებდა რაიმე სრულყოფილის შექმნას…

____

უამრავი ფული, რომელსაც ახდევინებენ სახელმწიფოები ხალხს, ვეღარ აუდის მათი საჭიროებების დაკმაყოფილებას და იძულებულნი არიან იცხოვრონ მომავალი თაობათა ხარჯით. ევროპის სახლმწიფოთა ვალები დღეს უკვე ას მილიარდზე მეტია. ეს ჯამი ისე დიდია, რომ მთელი ევროპის სახელმწიფოების შემოსავალი მარტო ამ ვალების გასტუმრებას რომ მოვხმაროთ, თხუთმეტ წელიწადშიაც ვერ გადავიხდით… საქმე ამით არ მთავრდება: რაც დრო მიდის, ვალები და ხარჯები ისე ემატება სახელმწიფოებს, როგორც გაზაფხულობით ჭაობებს კოღო და ქინქლა, მაგალითი წინ გვიდევს: რუსეთმა ამ ცოტა ხანში ორ მილიარდამდის ფული ისესხა, მაგრამ ხალხის ცხოვრებას ნატამალი შეღავათიც არ დაეტყო, პირიქით, გაჭირვება-სიღატაკე და აქედან გამომდინარე აშკარა ძარცვა-გლეჯვა მოარულსავით ვრცელდება…

____

ასეა საქმე ხოლმე მშვიდობიან დროს. რაღა უნდა ვთქვათ ომიანობის ჟამზე? სახელმწიფო ვალები და დეფიციტები წარმოუდგენლად იზრდებიან და უფრო შესანიშნავი ის არის, რომ საქმის ასეთ ვითარებას დასასრული არ უჩანს. სახელმწიფო ვალები ისე მრავლდება, რომ სრულიად შეუძლებელი ხდება მათგან თავის დაღწევა და სახელმწიფონიც შეუკავებელი სისწრაფით მიექანებიან აოხრება-გაკოტრებისაკენ. შორს აღარ არის ის დღე, როდესაც დაძონძილი ხალხი უარს ეტყვის ბანკირებს ოთხი მილიარდი სარგებელის მიცემაზე და მათ გაგზავნას შავი მიწის დასამუშავებლად, რომ ამით მაინც როგორმე დააღწიონ თავი შიმშილით სიკვდილს…

____

სახელმწიფოს არსებობასთან მჭიდროდაა დაკავშირებული ომების აუცილებლობა. სახელმწიფო უნდა ძლიერი იყოს, თუ არ უნდა, რომ სათამაშო კუკი იყოს სხვა სახლმწიფოთათვის. იგი ყველა ძალ-ღონეს უნდა ხმარობდეს სხვა სახელმწიფოთა დაცემისათვის, რათა დაუმორჩილოს იგი თავის კანონ-ბრძანებებს, შემოიღოს თავისთვის სარფიანი სავაჭრო ხელშეკრულებანი და გამდიდრდეს სხვისი ნაოფლარით. დიახ, ბრძოლა უპრატესობისავის, რომელიც არის საფუძველი ბურჟუაზიული ეკონომიკის აგებულებისა, იმავდროულად არის საფუძველი პოლიტიკური აგებულებისაც. აი რატომ გახდა ომი ბუნებრივ საჭიროებად ევროპის სახელმწიფოთათვის. ომები – პრუსია-დანიის, პრუსია-ავსტრიის, პრუსია-საფრანგეთის, იაპონია-რუსეთის და სხვები, რომლებიც ქარავანივით მოჰყვებიან ერთმანეთს. რუსეთი, ინგლისი, პრუსია, ავსტრია, დანია, საფრანგეთი, ოსმალეთი და სხვანი მზად არიან მიუსიონ ერთმანეთს თავისი ჯარები. მიზეზები ომებისათვის ჯერ ოცდაათი წლისათვის კიდევ არის. ომებს კი, როგორც ვიცით, მოსდევს უმუშევრობა, კრიზისები; მოსდევს ხარჯების, ბაჟებისა და ვალების მომატება. გარდა ამისა ომი უდიდესი ზნეობრივი მუჯლუგუნია სახელმწიფოთათვის: ყოველი ომის შემდეგ ხალხი თვალნათლივ რწმუნდება სახელმწიფოს სიყალბეში, რწმუნდება, რომ სახელმწიფო არ ყოფილა უკანასკნელი ფორმა ცხოვრების სისრულისა, რწმუნდება, რომ არის სხვა ფორმა, სახელმწიფოზე უფრო მაღალი, წმინდა და უებარი, რომელსაც გაცილებით უკეთ და მალე შეუძლია მიანიჭოს კაცობრიობას საყოველთაო ბედნიერება… გაიხსენეთ დრტვინვა, რომელიც გამოიწვია საფრანგეთში და გერმანიაში 1871 წლის ომმა; გაიხსენეთ უკმაყოფილება, რომელიც გამოიწვია აღმოსავლეთის ომმა (იაპონიასთან) რუსეთში და დარწმუნდებით ნათქვამის სიმართლეში.

ომებსა და შეიარაღებას შუკავებელი სისწრაფით მიჰყავს სახელმწიფოები უეჭველ დაღუპვამდე: ომები აჩქარებენ მათ ზნეობრივსა და ეკონომიკურ გაკოტრებას. კიდევ ერთი-ორი დიდი ომი და აღსასრული აუცილებელია ამ მოშლილ მანქანათათვის…

____

სხვა სახელმწიფოებთან ომების გვერდით დგას შინა ომები. ოდესღაც ხლხმა აღიარა სახელმწიფოს უზენაესი უფლება, რათა დაეცვა სუსტი ძლიერისაგან და ახლა კი რას ვხედავთ? უშლის კი სახელმწიფო კაპიტალისტებს მუშებისა და გლეხების ძარცვას? ცდილობს იგი უზრუნველყოს შრომის თავისუფლება? გვიფარავს იგი მევახშეთაგან? აძლევს იგი პურს ბავშვის დედას, როდესაც მშიერი და რძეს მოკლებული, საცოდავი სცდილობს წყლის სმით მაინც დაუყუჩოს ბედრკულ შვილს შიმშილი და კუჭის წვა?..

არა და არა, ათასჯერ არა! სახელმწიფო მფარველობს მხოლოდ ექსპლუატაციას, სპეკულაციას, კერძო საკუთრებას – ამ ნაყოფს დაკანონებული ძარცვა-გლეჯვისას… პროლეტარიატი არაფერ სიკეთეს არ უნდა ელოდოს სახელმწიფოსაგან; ეს მას მხოლოდ წინსვლასა და განთავისუფლებასში უშლის ხელს. მას ყველაფერი მხოლოდ მუშისა და გლეხის წინააღმდეგ აქვს მომართული: აღზრდა ხომ წმინდა რამ არის, იგი ხომ მიუდგომლად უნდა ზრდიდეს უმანკო ბავშვებს სრულ ადამიანებად მათი ბუნებრივი ნიჭისდაკვალად; მაგრამ აბა უყურეთ ბურჟუაზიულ სკოლებსა და აღზრდას: დაწყებული აკვნიდან და სკოლიდან, ყველგან და ყოველთვის მარტო იმას ჩასჩიჩინებენ და უნერგავენ მოზარდ თაობათ, პატარა ბურჟუებსა და არაბურჟუებს, რაც კი წინააღმდეგი და დამამცირებელია თანასწორობისა… ეკლესიაც ხომ წმინდა დაწესებულებაა, მაგრამ, აბა ნახეთ, როგორ შავ ყორნად დასჩხავის იგი დაბეჩავებულ ხალხს, როგორ უნუგეშოთ უბნელებს მათ ისედაც განუვითარებელ ჭკუა-გონებას… ფულიც ხომ დიდი საქმეა, რა გინდა, სულო და გულო რომ ფულით არ გაკეთდეს, რა სიკეთე გინდა რომ ფულით არ აყვავდეს – სწავლა, მეცნიერება, წარმოება, ცხოვრება, მაგრამ აბა ნახეთ რაგვარ უწმინდურ საქმეებზე ხმარობენ მას, როგორც ყვრნიან და ისყიდებენ მარად მოძულებულ პროლეტარიატის მოციქულებსა და მოუსყიდველთ კი საპატიმროებში და კატორღებში ალპობენ… აი რა არის სახელმწიფო, ეს წმიდათაწმიდა ბურჟუა-ბიუროკრატთა და მემარჯვენე-მემარცხენეთა!..

____

ნათქვამის მერე შეიძლება განა კიდევ ვიფიქროთ დარჩეს სახელმწიფო ასეთ ვითარებაში? რასაკვირველია არა. ხალხს არ ეუძლია საუკუნოდ დაიცვას ის წეს-წყობილება, რომელიც მთლიანად მომართულია მის წინააღმდეგ. ყველგან, სადაც კი გაიხედავთ, დესპოტურ რუსეთში თუ ფარისევლურ საფრანგეთში, ხალხი ღელავს და დრტვინავს. ისტორია ჩვენი დღეებისა არის ისტორია გაბატონებული კლასების ბრძოლისა დამონებულ ხალხთან, რომელიც დაჟინებით ითხოვს თავის უფლებებს..

მთელი ზრუნვა დღევანდელ მთავრობათა და სახელმწიფოთა იმისკენ კი არ არის მიმართული, რომ როგორმე ხელი შეუწყონ რაც დღეს თუ ხვალ უეჭველად განსახორციელებელია, არამედ იმაზედ, რომ როგორმე დაიცვან თავისი პრივილეგიები… მაგრამ ყველაფერი გვარწმუნებს, რომ სახელმწიფოს უკვე წაგებული აქვს ბრძოლა და იგი შეუკავებელი სისწრაფით მიექანება მისთვის ისტორიულად გამზადებულ დარღვევა-დაცემისაკენ. აღსასრულის დღე შორს არ არის: სახელმწიფოთა მოსპობა და განადგურება არ იცდის. უწყინარ ფილოსოფოსსაც კი არ შეუძლია არ დაინახოს განთიადი უდიდესი რევოლუციისა…

http://vepkhviamania.wordpress.com/

Facebook Comments

Leave a Reply

Your email address will not be published.