პეტრე კროპოტკინი – თანამედროვე მეცნიერება და ანარქიზმი

წინასიტყვაობა პირველი ქართული გამოცემისათვის
1908 წელი

ქართველებს ფილოსოფიურ-მეცნიერული წიგნები ბევრი არა გვაქვს და ამ უკანასკნელს დროში კი მათი საჭიროება დღითიდღე მატულობს. ადამიანისათვის არაა საკმარისი, რომ ნაგლეჯ-ნაგლეჯად ყური მოჰკრას რამეს მეცნიერება-ფილოსოფიაზე. იმისათვის, რომ ადამიანს გარკვეული მსოფლმხედველობა ჰქონდეს აუცილებლად საჭიროა თავადაც იშრომოს: იკითხოს, იფიქროს; ამისათვის კი აუცილებელი საჭიროა სახელმძღვანელო წიგნები. სწორედ იმ მიზნით, რომ ხელი შევუწყოთ ჩვენში ჭეშმარიტ მსოფლმხედველობის გავრცელებას გამოვცემთ ამ პატარა წიგნს. ნურავინ იფიქრებს, რომ ეს წიგნაკი მხოლოდ მათთვის იყოს საჭირო ვისაც სურს გაეცნოს ანარქისტულ მსოფლმხეველობას. ეს წიგნაკი ძლიერ საჭირო და სასარგებლოა, ვისაც კი აინტერესებს მართალი მსოფლმხედველობის ქონა. თუმცა წიგნაკი წარმოადგენს მოკლე სისტემას ანარქიზმის მსოფლმხედველობისას, მაგრამ იგი შეიცავს ძლიერ საფუძვლიან კრიტიკას მეცნიერებისას და ფილოსოფოსებისას, როგორიცაა მაგალითად დარვინიზმი, ფილოსოფია კონტისა, კანტის, სპენსერისა და სხვ. ამ კრიტიკასთან ერთად წიგნში არის მოყვანლი ის ჭეშმარიტებანი დამატებანი, რომელსაც მიაღწია დღეს მეცნიერებამ და რომლის გარეშედაც არ იქნებოდა მართალი არც ერთი მსოფლმხედველობა.

IMG_9189

I. ანარქიის წარმოშობა

ანარქიზმი, როგორც სოციალიზმი ზოგადად და როგორც  ყველა სხვა  საზოგადოებრივი მოძრაობა, განვითარდა რასაკვირველია არა  მეცნიერებისა და ფილოსოფიისაგან. საზოგადოებრივი მეცნიერებები ჯერ კიდევ შორს არიან იმ მომენტისაგან, როცა ისინი იქნებიან სიზუსტის ისეთ საფეხურზე, როგორზეც ფიზიკა ან ქიმიაა. და თუ ჩვენ კლიმატისა და ამინდის შესწავლაშიც (მეტეოროლოგია) კი ვერ მიგვიღწევია იქამდე, რომ ვიწინასწარმეტყველოთ ამინდი ერთი თვით ან თუნდაც ერთი კვირით ადრე, მაშინ უადგილოა გვქონდეს პრეტენზია ახალგაზრდა საზოგადოებრივ მეცნიერებებთან, რომელთაც გაცილებით რთულ მოვლენებთან აქვთ საქმე, ვიდრე ქარი და წვიმაა, რომ მათ ზუსტად იწინასწარმეტყველონ მომავალი საზოგადოებრივი მოვლენები. ამასთანავე არ უნდა დავივიწყოთ, რომ მეცნიერები ისეთივე ადამიანებია, როგორიც სხვა დანარჩენი და რომ მათი უმრავლესობა ეკუთვნის მდიდარ კლასებს და გაჟღენთილნი არიან თავისი კლასის ცრურწმნებით. უფრო მეტიც, ბევრი მათგანი პირდაპირ იმყოფება სახელმწიფოს სამსახურში. აქედან გამომდინარე ცხადია, რომ ანარქიზმი უნივერსიტეტებიდან არ მოდის.

როგორც სოციალიზმი ზოგადად, ანარქიზმი დაიბადა ხალხში, და ის შეინარჩუნებს თავის სიცოცხლისუნარიან და შემოქმედებით ძალას მანამ, სანამ ის დარჩება ხალხური.

საზოგადოებრივი ურთიერთობის ყოველ დროში ერთმანეთს ებრძოდა ორი მიმდინარეობა. ერთი მხრივ, ხალხის მასები ჩვეულებათა სახით შეიმუშავებდნენ დაწესებულებებს, რომლებიც საჭირო იყო იმისთვის, რომ შესაძლო ყოფილიყო საზოგადოებრივი ცხოვრება, რომ უზრუნველყოთ მშვიდობა, დაეწყნარებინათ ამტყდარი აყალმაყალი და დახმარება აღმოეჩინათ ერთი მეორისათვის ყველაფერში, რაც კი შეერთებულ ძალღონეს მოითხოვს. ველურების ტომობრივი ყოფაცხოვრება, მოგვიანებით სასოფლო თემი, უფრო მოგვიანებით შუასაუკუნეების თავისუფალი ქალაქები, დაფუძნებული საკრებულო წყობაზე, აღმოცენებული საერთაშორისო უფლების ჩანასახები და მრავალი სხვა დაწესებულებანი შემუშავდენ არა კანონმდებლების მიერ, არამედ თვით ხალხური შემოქმედებითი სულით.

მეორე მხრივ კი ყოველთვის არსებობდნენ ჯადოქრები, წვიმის გამომწვევები, შამანები, ქურუმები. ისინი იყვნენ პირველი ბუნებისმეტყველები და სხვადასხვა რელიგიური კულტების დამფუძნებლები (მზის კულტის, ბუნების ძალების, წინაპრების და ა.შ.) და აგრეთვე წესჩვეულებების, რომლებიც მათ სხვადასხვა ტომთა კავშირის ერთობაში ეხმარებოდა.

იმ დროში ბუნების შესწავლის პირველი ჩანასახები ( ასტრონომია, ამინდის წინასწარმეტყველება, ავადმყოფობების შესწავლა) მჭიდროდ იყო დაკავშირებული სხვადასხვა ცრურწმენებთან, რომლებიც გამოხატული იყო სხვადასხვა წესჩვეულებებში და კულტებში. ყველა ხელობას და საქმიანობას ჰქონდა ასეთივე წარმოშობა და გამომდინარეობდნენ შესწავლისაგან და ცრურწმენებისაგან. თითოეულ მათგანს ჰქონდა თავისი მისტიკური ფორმულა, რომლებიც დაფარული რჩებოდა ხალხისაგან და მხოლოდ „რჩეულებს“ გადაეცემოდათ.

მეცნიერების და რელიგიის ამ პირველ წარმომადგენლებთან ერთად ჩვენ აგრეთვე გვხვდებიან ადამიანები, რომლებიც როგორც მგოსნები, სკანდინავიურ ხალხთა კანონთა მთქმელები და ა.შ. განიხილებოდნენ როგორც ძველი წესჩვეულებების და თქმულებების მცოდნეები და მცველები, რომელთათვისაც უნდა მიემართათ უთანხმოებებისა და ჩხუბის დროს. ისინი იცავდნენ კანონებს თავიანთ მეხსიერებაში (ზოგჯერ ნიშნების მეშვეობით, რაც დამწერლობის ჩანასახს წარმოადგენდა) და უთანხმოების შემთხვევაში მათ მიმართავდნენ როგორც შუამავლებს.

და ბოლოს, იყვნენ აგრეთვე საბრძოლო რაზმების დროებითი მეთაურები, რომლებიც ფლობდნენ, როგორც მიჩნეული იყო, გრძნეულ ჯადოს, რომლის მეშვეობითაც მათ შეეძლოთ უზრუნველყოთ გამარჯვება; ისინი აგრეთვე ფლობდნენ იარაღების მოწამვლის საიდუმლოს და სხვა საომარ საიდუმლოებებს.

ადამიანთა ეს სამი კატეგორია უხსოვარი დროიდან ქმნიდნენ საიდუმლო კავშირებს, რომ დაეცვათ და გადაეცათ მომავალი თაობებისათვის (ზიარების, გამოცდების ხანგრძლივი და რთული პერიოდის შემდეგ) თავიანთი სპეციალობების საიდუმლოებები; და თუ დრო და დრო ისინი ერთმანეთს ებრძოდნენ, ყოველთვის იმით ასრულებდნენ, რომ აღწევდნენ ურთიერთშეთანხმებას. მაშინ ისინი ერთიანდნებოდნენ, ქმნიდნენ კავშირს და მხარს უჭერდნენ ერთმანეთს, რათა ებატონათ ხალხზე, ყოლოდათ ისინი მორჩილებაში, ემართათ და ემუშავებინათ თავის სასარგებლოდ.

ცხადია, რომ ანარქიზმი წარმოადგენს პირველს ამ ორი მიმდინარეობისაგან –  ე.ი. თვით ხალხის შემოქმედებითი, აღმშენებელი ძალისა, ხალხისა, რომელიც შეიმუშავებდა ჩვეულებრივი უფლების დაწესებულებებს, რომლებსაც უნდა დაეცვა ის ბატონობის მოსურნე უმცირესობისაგან. სწორედ ხალხის შემოქმედებითი ძალითა და აღმშენებლობითი მოქმედებით, რომელიც დამყარებულია თანამედროვე ცოდნაზე და ტექნიკაზე, ანარქიზმი ახლაც მიისწრაფვის შეიმუშავოს ისეთი დაწესებულებები, რომლებიც უზრუნველჰყოფენ საზოგადოების თავისუფალ განვითარებას იმათ საპირწონედ, ვინც ამყარებს ყველა თავის იმედს  კანონმდებლობაზე, შემუშავებულს უმცირესობის მიერ და მკაცრი დისციპლინით ხალხის  დამორჩილებაზე.

ამ აზრით ანარქისტები და სახელმწიფოს მომხრეები არსებობდნენ ისტორიის ყოველ დროში.

აგრეთვე ყოველ დროს ხდებოდა ის, რომ ყველა დაწესებულება, საუკეთესოებიც კი, რომლებიც შეუმუშავებიათ ადამიანებს თანასწორობის, მშვიდობისა და ურთიერთდახმარების უზრუნველსაყოფად, დროთა განმავლობაში ქვავდებოდნენ, როგორც კი ჰკარგავდნენ თავის პირვანდელ აზრს, ვარდებოდნენ ბატონობის მოყვარული უმცირესობის უღელს ქვეშ, და ბოლოს, გარდაიქმნებოდნენ საზოგადოების განვითარების ხელისშემშლელ და პიროვნების შემავიწროებელ ფაქტორად. მაშინ ცალკეული პირები აჯანყდებოდნენ ხოლმე ამ დაწესებულებათა წინააღმდეგ. მაგრამ ზოგი უკმაყოფილოთაგანი ცდილობდნენ ამ უკვე მოძველებული, გაუცხოებული დაწესებულებების დამხობას და განსაკუთრებით მის მოდიფიკაციას ყველას სასარგებლოდ, რომელიც საბოლოო ჯამში თვით დაეუფლებოდა ამ დაწესებულებებს. სხვები კი ცდილობდნენ განთავისუფლებულიყვნენ არსებული ხელისუფლებისაგან ან საზოგადოებრივი დადგენილებისაგან (გვარი, ტომი, თემი და ა.შ.) იმისთვის, რომ თვით გაბატონებულიყვნენ საზოგადოების დანარჩენ წევრებზე  და გამდიდრებულიყვნენ მათ ხარჯზე.

ყველა რეფორმატორი, პოლიტიკური, სარწმუნოებრივი თუ ეკონომიკური, ეკუთვნოდნენ პირველს ამ ორი კატეგორიიდან. და მათ შორის ყოველთვის მოიპოვებოდნენ ისეთი პირები, რომლებიც არ ელოდებოდნენ იმას, რომ ყველა მათი თანამემამულე ან უმრავლესობა, გაიჟღნთებოდა მათი შეხედულებებით, მიდიოდნენ  წინ, ჩაგვრის წინააღმდეგ საბრძოლველად, სადაც კი შესაძლებელი იყო, ჯგუფ-ჯგუფად თუ თითო-თითოდ. ასეთი პირები ხდებოდნენ რევოლუციონერები და მათ ვხვდებით ჩვენ ისტორიის ყველა ეპოქაში.

მაგრამ თვით რევოლუციონერები იყვნენ აგრეთვე ორი, სრულიად სხვადასხვაგვარის. ზოგი მათგანი, აღსდგებოდნენ თუ არა მთავრობის წინააღმდეგ, საერთოდ არ ცდილობდნენ მის მოსპობას, არამედ მხოლოდ იმას, რომ თვით  ჩაეგდოთ ხელში მართვა-გამგეობის სადავეები. ძველი მთავრობის ადგილას ისინი ცდილობდნენ შეექმნათ ახალი და პირდებოდნენ ხალხს, რომ ახალი მთავრობა გულთან ახლოს მიიტანდა ხალხის ინტერესებს და გახდებოდა თვით ხალხის წარმომადგენელი, მაგრამ ეს დაპირებები მოგვიანებით ყოველთვის დავიწყებას მიეცემოდა და ირღვეოდა. სხვათა შორის ამგვარად შენდებოდა კეისრის იმპერიული ძალაუფლება რომში, საეკლესიო ძალაუფლება ქრისტიანობის პირველ საუკუნეებში რომის იმპერიის დამხობის შემდეგ, დიქტატურები შუა საუკუნის ქალაქ-რესპუბლიკების დაცემის ეპოქაში და ა.შ. რწმენა სახალხო იმპერატორისა, ცეზარისა (მესიანიზმი) არ გამქრალა დღემდეც.

მაგრამ ამ სახელმწიფოებრივი მიმდინარეობების გვერდით აგრეთვე ყოველთვის თავს იჩენდა სხვა მიმდინარეობაც. ყველა დროში, ძველი საბერძნეთიდან დაწყებული დღემდე, ჩნდებოდნენ ისეთი პირები და ისეთი მიმართულებები, რომელთაც სურდათ ერთი ხელისუფლების მეორეთი ჩანაცვლება კი არა, არამედ საერთოდ მოსპობა ყოველგვარი ბატონობისა და ძალაუფლებისა, რომელიც დაუფლებულიყო საზოგადოებრივ დაწესებულებებს. ისინი აღიარებდენ პიროვნების და ხალხის უმაღლეს უფლებებს და ცდილობდენ გაენთავისუფლებინათ ხალხური დაწესებულებები სახელმწიფოებრივი ძალებისაგან, რომ ხალხის შემოქმედებას თავისუფლად შესძლებოდა განეახლებინა ეს დაწესებულებები ურთიერთდახმარებისა და დაცვის, ახალი მოთხოვნილებებისა და არსებობის ახალი პირობების შესაბამისად. ძველი საბერძნეთის ქალაქების და განსაკუთრებით შუა საუკუნეების ქალაქების (ფლორენცია, პსკოვი და ა.შ.) ისტორიაში  ჩვენ  ვხედავთ ამ ბრძოლის შესანიშნავ მაგალითებს.

ამ მხრივ ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ყოველთვის არსებობდნენ იაკობინელები და ანარქისტები რეფორმატორთა და რევოლუციონერთა შორის.

წარსულ საუკუნეებში ხდებოდა კიდევაც უზარმაზარი ანარქისტული ხასიათის ხალხური მოძრაობები. აღიარებდნენ რა ადამიანის უმაღლეს უფლებებს, როგორც დაწერილი კანონის უარმყოფნი, მრავალათასობით ადამიანი სოფლად თუ ქალაქად ჯანყდებოდა მაშინ სახელმწიფოებრივი პრინციპებისა და მისი იარაღების –  სასამართლოსა და კანონის წინააღმდეგ. ამგვარად ისინი ცდილობდნენ შეექმნათ ახალი საზოგადოება დამყარებული თანასწორობის, სრული თავისუფლების და შრომის, თითეულისაგან თავისი სინდისის საფუძველზე. ქრისტიანულ მოძრაობას, რომელიც დაიწყო იუდეაში ავგუსტუსის მართველობის დროს და რომელიც მიმართული იყო რომის კანონის, რომის სახელმწიფოსა და რომის ზნეობის (უკეთ რომ ვთქვათ, რომის უზნეობის) წინააღმდეგ, ეჭვსგარეშეა  რომ საფუძვლად ედო ბევრი რამ სერიოზული ანარქისტული ელემენტი. მაგრამ ნელ-ნელა გადაიქცა ის საეკლესიო მოძრაობად, ძველებრაული ეკლესიისა და თვით რომის იმპერიის მიხედვით, რომელმაც ჩაჰკლა და ჩაახრჩო ანარქისტული სული, მიიღო რომაული სახელმწიფო ფორმები და დროთა განმავლობაში შეიქმნა ძალაუფლების, სახელმწიფოს, მონობისა და ჩაგვრის მთავარ ბურჯად. ოპორტუნიზმის პირველი ჩანასახები, რომლებიც შეტანილ იქნა ქრისტიანობაში შესამჩნევი ხდება სახარებებში და მოციქულების გამოცხადებებში ან შემდგომში უკვე ამ ნაწერების რედაქციებში, რომლებიც შეადგენენ ახალ აღთქმას.

ანაბაპტისტების მოძრაობაში, რომელმაც არსებითად საფუძველი ჩაუყარა რეფორმაციას, სწორედ ამგვარად ბევრი რამ იყო ანარქისტული. მაგრამ გაჭყლეტილი თვით რეფორმატორების მიერ, რომლებიც შეუერთდნენ მარტინ ლუთერის ხელმძღვანელობით თავადებს აჯანყებულ გლეხთა წინააღმდეგ, ეს მოძრაობა ჩახშობილ იქნა გლეხთა სისხლის მორევში. მაშინ რეფორმატორთა მარჯვენა ფრთა ჩამოისხა სახელმწიფოსთან იმ კომპრომისით, რომელიც არსებობს ახლა პროტესტანტიზმის სახელით.

მაშასადამე, მოკლედ რომ გავიმეოროთ ნათქვამი, ანარქიზმი დაიბადა იმავე კრიტიკული და რევოლუციური პროტესტისაგან, რომლისგანაც დაიბადა საერთოდ მთელი სოციალიზმი.  მხოლოდ ზოგიერთი სოციალისტი, მისული კაპიტალისა და კაპიტალისტის მიერ მუშის ექსპლოატაციაზე დამყარებული საზოგადოებრივი წყობის უარყოფამდე, შეჩერდა ამაზედ. ისინი არ ამხედრდნენ, ჩვენი აზრით, კაპიტალის მთავარი საყრდენის წინააღმდეგ – სახელმწიფოს და მის მთავარი ბოძების: ცენტრალიზებული მართველობის, კანონის (უმცირესობის მიერ დაწერილი უმცირესობისათვის სასარგებლოდ) და სასამართლოს, რომელიც დაწესებულია უმთავრესად ხელისუფლებისა და კაპიტალის დასაცავად.

რაც შეეხება ანარქიზმს, ის არ შეჩერებულა მხოლოდ კაპიტალის კრიტიკაში. მან აღმართა წმინდის შეურაცმყოფელი თავისი ხელი არა მარტო კაპიტალის წინააღმდეგ, არამედ კაპიტალიზმის ბურჯების: სახელმწიფოს, მისი კანონებისა და სასამართლოს წინააღმდეგაც.

II. გონებრივი მოძრაობა XVIII საუკუნეში

მაშ თუ ანარქიზმი, როგორც ყოველი სხვა რევოლუციური მიმართულება დაიბადა ხალხში, ბრძოლაში და არა მეცნიერთა კაბინეტში, საჭიროა ვიცოდეთ, თუ როგორი ადგილი უკავია მას ეხლანდელ სხვადასხვა მეცნიერულ და ფილოსოფიურ მიმდინარეობათა შორის; რა დამოკიდებულება აქვს ანარქიზმს ამ სხვადასხვა მიმდინარეობებთან? კვლევის რომელი მეთოდით სარგებლობს ის, რომ დააფუძნოს და დაასაბუთოს თავისი დასკვნები? სხვანაირად რომ ვთქვათ – უფლების ფილოსოფიის რომელ სკოლას ეკუთვნის ის და რომელ მიმართულებასთან აქვს უფრო მეტი ნათესაობა თანამედროვე მეცნიერებაში?

ბოლოდროინდელი ეკონომიკური მეტაფიზიკით გატაცების გათვალისწინებით, რომელსაც ჩვენ ვხედავთ სოციალისტურ წრეებში, ასეთ კითხვას, ალბათ ექნება რაიმე ინტერესი. ამიტომ მე ვეცდები პასუხი გავცე ამ კითხვებს რაც შეიძლება მოკლედ და ნათლად, მეცნიერული ტერმნილოგიის თავის არიდებით იქ, სადაც მათი თავიდან აცილება შესაძლებელია.

ჩვენი საუკუნის გონებრივი მოძრაობა მომდინარეობს მეთვრამეტე საუკუნის შუა და უკანასკნელ ხანებში მოღვაწე შოტლანდიელი და ფრანგი ფილოსოფოსების შრომებისაგან.

მაშინ დაწყებულმა აზრის საყოველთაო აღფრთოვანებამ ჩაუნერგა ამ მოაზროვნეთ სურვილი, რომ კაცობრიობის ყოველი ცოდნა ჩამოესხათ ერთ საზოგადო სისტემაში. რაკი უკუაგდეს მანამდე გამეფებული შუა საუკუნეების სქოლასტიკა და მეტაფიზიკა, მათ გადაწყვიტეს ისე შეეხედათ ბუნებისათვის, სამყაროსათვის, ვარსკვლავებისათვის, ჩვენი მზის სისტემისა და ჩვენი პლანეტისათვის, დედამიწის ზურგზე მცენარეთა, ცხოველთა და ადამიანთა განვითარებისათვის, – როგორც მოვლენებისათვის, რომლებიც შესაძლებელია შესწავლილი და გამოკვლეული  იქნას იმავე ბუნებრივ-მეცნიერული მეთოდით.

ვინაიდან ფართოდ სარგებლობდნენ ჭეშმარიტ მეცნიერული, ინდუქციურ-დედუქციური მეთოდით, მათ ხელი მიჰყვეს მოვლენათა ყოველგვარ ჯგუფთა შესწავლას, დაწყებული ვარსკვლავთა სამყაროდან, ფლორა და ფაუნით, თუ ადამიანის რწმენებითა და დაწესებულებებით დამთავრებული, ისე, როგორც სწავლობს ნატურალისტი რაიმე ფიზიკურ საკითხს.

თავიდან ისინი გულმოდგინედ აგროვებდნენ და სწავლობდნენ ფაქტებს,შემდეგ ისინი აგებდნენ თავიანთ განზოგადოებებს ინდუქციის მეოხებით. ისინი მიდიოდნენ ზოგიერთ მოსაზრებამდე (ჰიპოთეზა), მაგრამ ამ ჰიპოთეზებს ისინი უყურებდნენ, როგორც უყურებდა მაგალითად დარვინი თავის მოსაზრებას ახალი ჯიშების წარმოშობაზე არსებობისათვის ბრძოლის გზით ან როგორც მენდელეევი თავის ”პერიოდულ სისტემას”. ისინი მათში ხედავდნენ მხოლოდ მოსაზრებებს, რომლებიც  ვარგოდნენ  ფაქტების ასახსნელად, კლასიფიკაციისათვის და მათი შემდგომი შესწავლისათვის, მაგრამ მათ არ ავიწყდებოდათ, რომ ისინი შემოწმებული უნდა ყოფილიყვნენ მრავალი ფაქტით (დედუქციური მეთოდით) და კანონებად ე.ი. დამტკიცებულ განზოგადოებად შეიქმნებოდნენ მხოლოდ მაშინ, როცა ისინი გაუძლებდნენ ამ შემოწმებას და მას შემდეგ, როცა გამორკვეული იქნებოდნენ კანონის მწყობრი მსვლელობის მიზეზები.

როცა ფილოსოფიური მოძრაობის ცენტრი გადავიდა შოტლანდიიდან და ინგლისიდან საფრანგეთში, ფრანგი ფილოსოფოსები, მათთვის ჩვეული წესრიგის გრძნობით შეუდგნენ შენებას, რომ აეგოთ განზოგადოებული ცოდნა – ფილოსოფია მსოფლიოსი და მთელი მისი ცხოვრებისა მწყობრი მეცნიერული ფორმით, ყოველგვარი მეტაფიზიკური მინაშენის მოშორებით და აეხსნათ ყველა მოვლენა იმავე ფიზიკური ე.ი. მექანიკურ ძალთა მოქმედებით, რომელიც საკმარისი აღმოჩნდა დედამიწის წარმოშობისა და განვითარების ასახსნელად.

ამბობენ, როცა ნაპოლეონ I შენიშნა ლაპლასს, რატომ მის ”სამყაროს სისტემაში” არსად არ არის ღმერთი ნახსენებიო, ლაპლასმა უპასუხა: ”მე არ მესაჭიროებოდა ასეთი ჰიპოთეზაო”. ლაპლასს არ სჭირდებოდა არა მარტო ეს მოსაზრება, მას არ უგრძვნია საჭიროება აგრეთვე იმისა, რომ სადმე ეხმარა ბრძნული მეტაფიზიკური სიტყვები, რომლებს უკან იმალება მოვლენათა ბუნდოვანი გაუგებრობა და უუნარობა წარმოადგინონ ისინი კონკრეტულ, გაზომვად სიდიდეთა სახით. მას არ დასჭირვებია მეტაფიზიკა და არც ჰიპოთეზა სამყაროს შემოქმედზე, თუმცა მისი ”სამყაროს სისტემა” არ შეიცავს მათემატიკურ ენას და დაწერილია ის ისე მარტივად, რომ ხელმისაწვდომია ყოველი განათლებული მკითხველისათვის, მათემატიკოსებმა შემდეგში შეძლეს ამ წიგნის თითოეული აზრის ზუსტი მათემატიკური ფორმულირება. ასე ზუსტად და  ნათლად აზროვნებდა და გამოთქვამდა თავის აზრებს ლაპლასი.

სწორედ ასე მოეპყრნენ მეთვრამეტე საუკუნის ფრანგი ფილოსოფოსები, იმდროინდელი მეცნიერული ცოდნის ფარგლებში, სიცოცხლის შესწავლას (ფიზიოლოგია), ასევე ადამიანისეულ შემეცნებასა და გრძნობებს (ფსიქოლოგია). მათ ნაწერებში ვერსად ვერ შეხვდებით ისეთ მეტაფიზიკურ მტკიცებას, რომელსაც ჩვენ ვხვდებით მოგვიანებით გერმანელი ფილოსოფოსის კანტის თხზულებებში. კანტი, როგორც ვიცით, ხსნიდა ადამიანის ზნეობრივ გრძნობას ”კატეგორიული იმპერატივით” და რომ ცნობილი ქცევის წესი აუცილებელია ”თუ ჩვენ მივიღებთ მას, როგორც საყოველთაო კანონად”. მაგრამ ამ წინადადებაში ყოველი სიტყვა შეიცავს რაღაც ბუნდოვან, გაუგებარ წარმოდგენას (“იმპერატივი”, “კატეგორიული”, “კანონი”, “საყოველთაო”) იმ ნივთიერი, ყველა ჩვენთაგანისათვის ნაცნობი ფაქტის მაგივრად, რომლის ახსნაც იყო საჭირო.

ფრანგ ენციკლოპედისტებს არ შეეძლოთ დაკმაყოფილებულიყვნენ მსგავსი ”ახსნებით” ”მაღალფარდოვანი სიტყვების” დახმარებით. ინგლისელი და შოტლანდიელი წინამორბედების მსგავსად, მათ არ შეეძლოთ ახსნისთვის, თუ საიდან გაჩნდა ადამიანში წარმოდგენა კეთილისა და ბოროტის შესახებ, გამოეყენებინათ, როგორც გოეთემ თქვა ”სიტყვები იქ, სადაც ფაქტები დუმან”. ისინი იკვლევდნენ ადამიანს, ცოცხალს, როგორც არის ის და ნახულობდნენ იმას, როგორც ეს ქნა ჰეტჩესონმა 1725 წელს და შემდეგ ადამ სმიტმა თავის საუკეთესო თხზულებაში ”ზნეობის წარმოშობაზე”, რომ ზნეობრივი წარმოდგენები ადამიანში განვითარდა  სიბრალულისა და სიმპათიის გრძნობისაგან, რომელსაც ჩვენ ვგრძნობთ იმის მიმართ ვინც იტანჯება. იმიტომ, რომ ჩვენ გვაქვს უნარი წარმოვიდგინოთ თავი სხვის მდგომარეობაში ისე მძაფრადაც, რომ ჩვენ თითქმის ფიზიკურ ტკივილებს ვგრძნობთ, როცა ჩვენს თვალწინ სცემენ ბავშვს და აღგვაშფოთებს ეს.

ამგვარი დაკვირვებადი და ყველასათვის ცნობილი ფაქტებისაგან გამომდინარე, ენციკლოპედისტები თანდათან უახლოვდებოდნენ თვით უფართოეს ზოგად აზრებს. ამნაირად მათ მართლა ახსნეს რთული გამოვლინების ზნეობრივი წარმოდგენები უფრო მარტივი ფაქტებით ისე, რომ ამ გასაგები და ცნობილი ფაქტების ნაცვლად არ უხმარიათ გაუგებარი, ბუნდოვანი და არაფრის არ ამხსნელი სიტყვები, როგორიცაა მაგალითად “კატეგორიული იმპერატივი” ან “საყოველთაო კანონი”.

ენციკლოპედისტების მიერ გამოყენებული ამ მეთოდის უპირატესობა ცხადია. ნაცვლად “ზეშთაგონებით” ზნეობრივი გრძნობის ახსნისა, ისინი ეუბნებოდნენ ხალხს, რომ ადამიანს, წარმოშობის დროიდან აქვს სიბრალულის, სიმპათიის გრძნობა, რომელსაც ის მემკვიდრეობით ღებულობდა და თანდათან ანვითარებდა საზოგადოებრივი ცხოვრების გამოცდილებისა და დაკვირვების წყალობით. ამ გრძნობისგან წარმოდგება ჩვენი დღევანდელი ზნეობრივი წარმოდგენები.

როგორც დავინახეთ, XVIII საუკუნის მოაზროვნეები არ იცვლიდნენ კვლევა-ძიების მეთოდს, როცა გადადიოდნენ ვარსკვლავთა სამყაროდან ქიმიურ რეაქციებზე ან თუნდაც ფიზიკური მოვლენებიდან მცენარეთა და ცხოველთა განვითარებაზე ან კიდევ საზოგადოების ეკონომიკური და პოლიტიკური ფორმების განვითარებიდან რელიგიის ევოლუციამდე და ა.შ. მეთოდი რჩებოდა ყოველთვის იგივე. და ასე, არც რელიგიის, არც ზნეობრივი წარმოდგენების  შესწავლაში და საერთოდ არც აზროვნების ანალიზში ისინი არ შეხვედრილან არც ერთ პუნქტს, სადაც ეს მეთოდი არასაკმარისი და საჭირო ყოფილიყო მისი სხვა მეთოდით შეცლა. ისინი არსად არ ყოფილან იძულებულნი მიემართათ არც მეტაფიზიკური წარმოდგენებისათვის (ღმერთი, უკვდავი სული, სასიცოცხლო ძალა, კატეგორიული იმპერატივი და ა.შ.), არც დიალექტიკური მეთოდისათვის ან სხვა რომელიმე სქოლასტიკური მეთოდისათვის. ისინი მიისწრაფოდნენ აეხსნათ სამყარო მთელი თავისი მოვლენებით ამავე ბუნებრივ-მეცნიერული მეთოდით.

ამ ღირშესანიშნავი გონებრივი განვითარების წლების განმავლობაში ენციკლოპედისტებმა შეადგინეს თავიანთი მონუმენტალური ენციკლოპედია, ლაპლასმა გამოაქვეყნა თავისი ”სამყაროს სისტემა” და ჰოლბახმა კი ”ბუნების სისტემა”, ლავუაზიე ამტკიცებდა მატერიისა და ენერგიის მოუსპობლობას. ლომონოსოვი რუსეთში სითბოს მექანიკურ თეორიას არკვევდა; ლამარკი (მან პირველმა წამოაყენა იდეა ცოცხალი ბუნების ევოლუციის შესახებ) ხსნიდა გარემო პირობების ზეგავლენით შეგუებლობის წარმოშობის მიზეზებს; დიდრო იძლეოდა ზნეობის, ჩვეულებების, პირველყოფილ ადამიანთა დაწესებულებებისა  და რელიგიების ახსნას ზებუნებრივი ძალების ჩარევის გარეშე; რუსო ცდილობდა აეხსნა პოლიტიკურ დაწესებულებათა ჩასახვა ხელშეკრულების საშუალებით ე.ი. ადამიანის ნების აქტით… ერთი სიტყვით, არ ყოფილა ისეთი დარგი, რომელთა შესწვლა არ დაეწყოთ მათ ფაქტთა ნიადაგზე, იმავე ინდუქცია და დედუქციის ბუნებრივ-მეცნიერული მეთოდის საშუალებით, რომელიც შემოწმებულია დაკვირვებადი ფაქტებითა და გამოცდილებით.

რასაკვირველია, ამ გაბედულ ცდაში შეცდომებიც იქნა დაშვებული. იქ, სადაც იმ დროს არ ყოფნიდათ ცოდნა, გამოსთქვამდნენ ხანდახან ძალიან ნაჩქარევ, ხან კი სრულიად მცდარ მოსაზრებებს. მაგრამ მათ გამოიყენეს ახალი მეთოდი ცოდნის ყველა დარგში და მისი წყალობით შემდგომ ადვილად აღმოაჩინეს და გამოასწორეს ეს შეცდომები. ამით კი მეცხრამეტე საუკუნეს ეანდერძა კვლევა-ძიების იარაღი, რომელმაც მოგვცა ჩვენ შესაძლებლობა აგვეშენებინა მთელი ჩვენი მსოფლმხედველობა მეცნიერულ საფუძვლებზე და ბოლოსდაბოლოს გავანთავისუფლოთ იგი ცრურწმენებისაგან, ბუნდოვანებისაგან, არაფრისმთქმელი სიტყვებისაგან, იმ სულელური ჩვეულებებისაგან, რომლითაც თავიდან ვიშორებთ რთულ კითხვებს ბნელი სიტყვებით.

III. რეაქცია XIX საუკუნის დასაწყისში

საფრანგეთის რევოლუციის დამარცხების შემდეგ, როგორც ვიცით ევროპაში დაიწყო საყოველთაო რეაქცია ყველა სფეროში: პოლიტიკაში, მეცნიერებაში, ფილოსოფიაში. ბურბონების თეთრი ტერორი, 1815 წელს ავსტრიის, პრუსიისა და რუსეთის მონარქიებს შორის დადებული წმნინდა კავშირი ლიბერალური იდეების წინააღმდეგ და ა.შ. მოკლედ მთელი ევროპა მისტიციზმა მოიცვა.

რასაკვირველია, დიდი რევოლუციის ძირითადი პრინციპები არ დაღუპულან. რევოლუციის მიერ გამოცხადებულმა გლეხთა და მოქალაქეთა ბატონ-ყმობისაგან განთავისუფლებამ, კანონის წინაშე ყველას თანასწორობამ და წარმომადგენლობით (კონსტიტუციურმა) მართველობამ ნელ-ნელა იწყეს გზის გაკაფვა ცხოვრებაში, რევოლუციური არმიების წყალობით ეს სამი პრინციპი გავიდა საფრანგეთს გარეთ და მოედო მთელს ევროპას პოლონეთის ჩათვლით. შემდეგ, რევოლუციისა, რომელმაც გამოაცხადა თავისუფლების, თანასწორობის და სოლიდარობის დიადი საფუძვლები, დაიწყო ნელი ევოლუცია, ე.ი. საზოგადოებრივი ურთიერთობების გარდაქმნა, რომელიც გაჰყავდა ცხოვრებაში 1789-1793 წლებში გამოცხადებულ პრინციპებს. აქვე ავღნიშნოთ, რომ რევოლუციის მიერ განხორციელებული ევოლუციის საწყისები შეიძლება მიჩნეულ იქნას, როგორც საზოგადოებათა განვითარების საერთო კანონად.

თუმცა ეკლესიამ, სახელმწიფომ და მეცნიერებამაც კი გათელეს და ტალახში ამოსვარეს ის დროშა, რომელზედაც რევოლუციამ ამოქარგა ”თავისუფლება, თანასწორობა და სოლიდარობა”, და თუმცა არსებულ წესწყობილებასთან შერიგება გადაიქცა საყოველთაო ლოზუნგად ფილოსოფიაშიც კი, მაგრამ თავისუფლების უნივერსალური პრინციპები მაინც გადიოდნენ ცოტ-ცოტად ცხოვრებაში. მართალია რევოლუციური არმიების მიერ განადგურებული ბატონყმური ურთიერთობები და ინკვიზიციაც აღდგენილ იქნა იტალიაში და ესპანეთში, მაგრამ მათ უკვე მიაყენეს სასიკვდილო დარტყმა, რომლისგანაც მერე არასოდეს არ გამთელებულა.

ბატონყმური უღლისაგან განმანთავისუფლებელი ტალღები პირველად სწვდა დასავლეთ გერმანიას, შემდეგ მოედო ნახევარკუნძულებს – ესპნეთს, იტალიას და საბერძნეთს; მიდიოდა რა აღმოსავლეთისაკენ რუსეთს მიაღწია 1861 წელს და ბალკანეთს 1878 წელს. მონობა გაქრა ამერიკაში 1863 წელს. ამავე დროს ყველა მოქალაქეთა კანონის წინაშე თანასწორობისა და წარმომადგენლობითი მართველობის იდეები ტალღებივით მოეფინა დასავლეთიდან აღმოსავლეთს და მეცხრამეტე საუკუნის მიწურულს მხოლოდ რუსეთი და თურქეთი რჩებოდა დანჯღრეული ბატონყმობის ქვეშ (იხ. ჩემს წიგნში ”საფრანგეთის დიდი რევოლუცია” დასკვნითი ნაწილი).

ამრიგად, ბოლო ორი ასწლეულის განმავლობაში, მეთვრამეტე და მეცხრამეტე საუკუნეში, უკვე გამოცხადებული იყო ეკონომიკური განთავისუფლების იდეები. ეხლა უკვე ვხედავთ კომუნისტური განწყობილებების აღორძინებას და ყველა დიდ ქალაქში არსებული რევოლუციური ”სექციები” მოქმედებენ ამ მიმართულებით. ყველა ლაპარაკობს იმაზე, რომ თანასწორობა არ უნდა დარჩეს მხოლოდ ცარიელ სიტყვად, დროა რომ ის გარდაიქმნას  ფაქტად. როცა რევოლუციით გამოწვეული ომის სიმძიმე დააწვა მოსახლეობას, მაშინ ხალხმა აიძულა კონვენტის კომისარები რომ მიეღოთ კომუნისტური ზომები ყველა მოქალაქის გათანაბრების აზრით.

თვით კონვენტი იძულებული იყო ემოქმედა კომუნისტური მიმართულებით და რამოდენიმე გადაწყვეტილებაც მიიღო ”სიღარიბის მოსპობის” მიზნით. ამის გარდა, როცა ჟირონდისტები განდევნეს მართველობიდან 1793 წლის 31 მაისიდან 2 ივნისის აჯანყებით, კონვენტი იძულებული გახდა ისეთი კანონებიც კი მიეღო, რომელიც ითვალისწინებდა არა მარტო მიწის ნაციონალიზაციას, არამედ ვაჭრობისას, ყოველშემთხვევაში პირველადი საჭიროების საგნებზე.

ეს მოძრაობა გაგრძელდა 1793 წლის ივლისამდე, სანამ მონარქისტებთან შეკავშირებულმა ჟირონდისტების ბურჟუაზიულმა რეაქციამ არ გაიმარჯვა. მიუხედავად ასეთი მოკლე ხანისა, მან XIX საუკუნეს დაასვა აშკარა ანაბეჭდი – კომუნისტური და სოციალისტური მიმართულების ძირითადი ელემენტები.

სანამ მოძრაობა გრძელდებოდა 1793-94 წლებში, ის პოულობდა თავის გამოხატულებას სახალხო ორატორებში, მაგრამ იმ დროის საფრანგეთის მწერლებს შორის არ აღმოჩნდა არავინ, რომელიც მისცემდა ამ იდეებს ლიტერატურულ გამოხატულებას (რომელსაც უწოდებდნენ ”მარატზე მეტს”) და მოახდენდა გონებაზე ღრმა შთაბეჭდილებას.

და მხოლოდ 1793 წელს, ინგლისს მოევლინა გოდვინი თავისი ფრიად შესანიშნავი თხზულებით, –  ”გამოკვლევა პოლიტიკური სამართლიანობისა და მისი გავლენა საერთო ზნეობაზე და ბედნიერებაზე” (Enquiry concerning political Justice and its influence on general virtue and happiness), სადაც ის გამოვიდა უსახელმწიფოებრივი სოციალიზმის, ე.ი. ანარქიზმის პირველ თეორიტიკოსად; მეორე მხრივ კი ბაბეფი გამოვიდა 1795 წელს  ცენტრალიზებული სოციალიზმის ე.ი. სახელმწიფოებრივი კომუნიზმის პირველ თეორიტიკოსად, რასაც ეხლა გერმანიასა და რუსეთში რატომღაც მარქსს მიაწერენ.

შემდეგ ჩნდებიან ფურიე, სენსიმონი და რობერტ ოვენი, სამი დამაარსებელი თანამედროვე სოციალიზმისა და მისი სამი მთავარი სკოლისა, რომლებმაც შეიმუშავეს წარსულ საუკუნის მიერ უკვე აღნიშნული პრინციპები; ხოლო მოგვიანებით 40-იან წლებში კი გამოჩნდა პრუდონი, რომელიც არ იცნობდა რა გოდვინის შრომებს, ხელახლა ჩაუყარა ანარქიზმს საფუძვლები.

როგორც სახელმწიფოებრივ ისევე უსახელმწიფო სოციალიზმის მეცნიერული საფუძვლები დაედო მეცხრამეტე საუკუნის დასაწყისში, თუმცა ეს არ არის დაფასებული თანამედროვეთაგან. თანამედროვე სოციალიზმმა, რომლის არსებობა ითვლება ინტერნაციონალიდან, დიდი ნაბიჯი გადადგა წინ მხოლოდ ორ, თუმცა ძალიან მნიშვნელოვან პუნქტში: ის გახდა რევოლუციური და გაწყვიტა კავშირი ”სოციალისტ და რევოლუციონერ ქრისტეს” იდეასთან, რომელიც პოპულარული იყო 1848 წლამდე.

თანამედროვე სოციალიზმი მიხვდა, რომ მისი იდეალების განსახორციელებლად საჭიროა სოციალური რევოლუცია, არა იმ აზრით, რომლითაც ხანდახან ხმარობენ სიტყვა ”რევოლუციას”, მაგალითად როცა ამბობენ ”სამრეწველო რევოლუციაზე” ან  ”რევოლუცია მეცნიერებაში”, არამედ ამ სიტყვის ნამდვილი, ცხადი მნიშვნელობით ე. ი. თანამედროვე საზოგადოების საფუძველთა ძირფესვიანად და დაუყონებლივი გარდაქმნის აზრით. მეორე მხრივ, თანამედროვე სოციალიზმმა შეწყვიტა თავისი შეხედულებების აღრევა სენტიმენტალურ რეფორმატორებთან, რომლებიც ქრისტიანი რეფორმატორების დარად ქადაგებდნენ. მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ ეს უკანასკნელი უკვე შესრულებული იყო გოდვინის, ფურიესა და რობერტ ოვენის მიერ. რაც შეეხება ცენტრალისტური მთავრობის კულტს და მორჩილებისა და დისციპლინის თაყვანისცემასა და ქება-დიდებას, რომელშიაც ბრალი უდევს ყველაზე უფრო მეტად შუა საუკუნეების ეკლესიას და რომის იმპერიის კანონებს, ეს ბნელი წარსულის გადმონაშთები და დრომოჭმული რწმენები აქამდეც კი შერჩათ მრავალ სოციალისტს და ამით ჯერ კიდევ ვერ მიახლოებულან თავიანთი ფრნაგი და ინგლისელი წინამორბედების დონეს.

იმაზე, თუ რა გავლენა იქონია მეცნიერებათა განვითარებაზე დიდი რევოლუციის შემდეგ დაწყებულმა რეაქციამ, რთული იქნებოდა მელაპარაკა ამ წერილში [ცოტა რამ ამის შესახებ ნათქვამია ჩემს ინგლისურ ლექციებში ”XIX საუკუნის მეცნიერულ განვითარებაზე”]. საკმარისი იქნება ვთქვა, რომ უმეტესი ნაწილი იმისი, რითაც ამაყობს თანამედროვე მეცნიერება უკვე აღნიშნული იყო და ვიტყვი უფრო მეტს, გამოთქმული იყო ხანდახან გარკვეულ მეცნიერულ ფორმაში ჯერ კიდევ მეთვრამეტე საუკუნის ბოლო პერიოდში. სითბოს მექანიკური თეორია და ენერგიის მუდმივობის (შენახვის) კანონი; გარემო პირობების გავლენით სახეობის ცვალებადობა, ფიზიოლოგია, ფსიქოლოგია, ისტორიის, რელიგიათა და კანონმდებლობათა ანთროპოლოგიური გაგება, აზროვნების განვითარების კანონები, – ერთი სიტყვით ყველა მეცნიერული მსოფლმხედველობა და სინთეზური ფილოსოფია (ფილოსოფია, რომელიც შეიცავს ყველა: ფიზიკურ, ქიმიურ, სასიცოცხლო და საზოგადოებრივ მოვლენებს, როგორც ერთი მთელს) უკვე იყვნენ აღნიშნული და ზოგ წილად შემუშავებულიც მეთვრამეტე საუკუნეში.

მაგრამ დიდი რევოლუციის შემდეგ გამეფებული რეაქცია მთელი ნახევარი საუკუნის განმავლობაში ამ აღმოჩენებს არ აძლევდა გასაქანს. რეაქციონერი მეცნიერები დუმდნენ მათ შესახებ ან აცხადებენ მათ არამეცნიერულად. ფაქტების შესწავლისა და ”მეცნიერული მასალის მოგროვების” მომიზეზებით მეცნიერთა კავშირი უარყოფდა ისეთი სწორ გაზომვებსაც კი, როგორიც იყო სეგენ უფროსის (Séguin) და შემდეგ ჯოულის (Joule) განმარტება მექანიკური ძალისა, რომელიც საჭიროა სითბოს ამა თუ იმ რაოდენობის მისაღებად (სითბოს მექანიკური ექვივალენტის განსაზღვრა). ინგლისის მეცნიერებათა აკადემიამ უარი თქვა დაებეჭდა ჯოულის გამოკვლევა მხოლოდ იმიტომ, რომ ის არ იყო ”მეცნიერული”. გროვეს (Grove) შესანიშნავი ნამუშევარი ფიზიკური ძალების ერთიანობის შესახებ, დაწერილი 1843 წელს, 1856 წლამდე სრულიად უყურადღებოდ დარჩა.

მხოლოდ თუ გავეცნობით მეცხრამეტე საუკუნის პირველი ნახევრის მეცნიერებათა განვითარების ისტორიას, შეგვიძლია წარმოვიდგინოთ ის წყვდიადი, რომელმაც დაისადგურა მაშინ მთელ ევროპაში სფრანგეთის რევოლუციის დამარცხების შემდეგ…

ფარდა ჩამოიხა ერთბაშად 50-იანი წლების ბოლოს, როცა დასავლეთ ევროპაში დაიწყო ის ლიბერალური მოძრაობა, რომელსაც მოჰყვა გარიბალდის აჯანყება და იტალიის განთავისუფლება, ამერიკაში მონობის მოსპობა, ლიბერალური რეფორმები ინგლისში, რუსეთში ბატონყმობის გაუქმება, გაშოლტვის და გატყეპა-გამათრახების მოსპობა, რომელმაც ფილოსოფიაში დაამხო შელინგი და ჰეგელი, ცხოვრებაში კი დაბადა გაბედული უარყოფა გონებრივი მონობისა, ავტორიტეტებისა და ყველა მონური ზნე-ჩვეულებებისა, ეს იყო მოძრაობა, რომელიც ცნობილია ნიჰილიზმის სახელით.

როცა უკვე ჩვენ შეგვიძლია გავეცნოთ ამ წლების გონებრივი განვითარების ისტორიას, ჩვენთვის ნათელი ხდება, რომ სწორედ რესპუბლიკური და სოციალისტური იდეების პროპაგანდა, რომელიც მიმდინარეობდა 30-40-იან წლებში, და 1848 წლის რევოლუცია დაეხმარა მეცნიერებას მოეშორებინა ის ბორკილები, რომლებიც დაადო მას რეაქციამ.

რომ არ შევუდგეთ დეტალების განხილვას საკმარისია ვთქვათ, რომ ზემოთ ხსენებული სეგენი და ოგიუსტენ ტიერი (ისტორიკოსი, რომელმაც საფუძველი დაუდო შუა საუკუნეების კომუნების საკრებულო წესწყობილების და ფედერალიზმის შესწავლას) და სისმონდი (იტალიის თავისუფალი ქალაქების ისტორიკოსი) იყვნენ სენ-სიმონის მოსწავლეები, რომელიც იყო სოციალიზმის ერთ-ერთი დამაარსებელი XIX საუკუნის პირველ ნახევარში.  დარვინის თანამოღვაწე ალფრედ რასელ უოლესი ახალგაზრდობაშიც იყო რობერტ ოვენის მხურვალე მიმდევარი; ოგიუსტ კონტი სენ-სიმონისტი იყო; რიკარდო და ბენტამიც ოვენისტები ყვნენ აგრეთვე; მატერიალისტები კარლ ფოხტი და დ. ლუისი, აგრეთვე გროვე, მილლი, ჰერბერტ სპენსერი და მრავალი სხვა რადიკალ-სოციალისტური მოძრაობის გავლენის ქვეშ იყვნენ. ინგლისის 30-40-იანი წლების ამ მოძრაობის გავლენისაგან მოიკრიბეს მათ გამბედაობა თავიანთი მეცნიერული მოღვაწეობისათვის.

1856 წლიდან 1862 წლამდე გამოქვეყნდა გროვეს, ჯოულის, ბერტელოს, ჰელმჰოლცის და მენდელეევის შრომები ფიზიკურ მეცნიერებებში; დარვინის, კლოდ ბერნარის, სპენსერის, მოლეშოტის და ფოხტის თეორიები ბუნებისმეტყველურ დარგებში, ლაიელი ადამიანის წარმოშობაზე, ბენის და მილლის პოლიტიკურ მეცნიერებებში; და ბიურნუფის რელიგიების წარმოშობაზე, დროის მცირე მონაკვეთში ამ ნაშრომების ერთდროულმა გამოჩენამ ნამდვილი გადადტრიალება მოახდინა იმ დროინდელი მეცნიერებების ძირეულ შეხედულებებზე და მეცნიერება ერთბაშად დაადგა ახალ გზას. გამოკვლევათა სულ ახალი დარგები გაჩნდნენ გასაოცარი სისწრაფით.

მეცნიერება სიცოცხლეზე (ბიოლოგია), ადამიანთა დაწესებულებებზე (ანთროპოლოგია), გონებაზე, ნებაზე და ვნება-სურვილზე (ფსიქოლოგია), უფლებისა და რელიგიის ისტორიაზე და სხვა, რომლებიც გვაოცებენ თავისი ზოგადი აზრებისა და დასკვნების გამბედაობით, აღმოცენდნენ ჩვენს თვალწინ და ის რაც წარსულ საუკუნეებში იყო გამოცანა, ეხლა უკვე დამტკიცებული იყო საწონითა და მიკროსკოპით და შემოწმებული ათას შემთხვევებში დაკვირვებებითა და პრაქტიკული გამოცდით. თვით წერის მანერაც შეიცვალა და მეცნიერება დაუბრუნდა სიცხადით, სიმარტივით, სიზუსტითა და ლამაზი თხრობის სტილს, რომლებიც ასე სახასიათოა ინდუქციური მეთოდისათვის და რომლითაც ისარგებლეს მეთვრამეტე საუკუნის მოაზროვნეებმა და გაწყვიტეს კავშირი მეტაფიზიკასთან.

იმის წინასწარმეტყველება, თუ რა მიმართულებით წავა მეცნიერება თავის მომავალ განვითარებაში, რასაკვირველია შეუძლებელია. სანამ მეცნიერები დამოკიდებული იქნებიან მდიდარ ფენაზე და მთავრობაზე, მანამდე ისინი იძულებული იქნებიან ანგარიში გაუწიონ მათ ე.ი. დროებით შეაფერხონ ცოდნის გაღრმავება, როგორც ეს მოხდა მეცხრამეტე საუკუნის პირველ ნახევარში. მაგრამ ერთი რამ ცხადია: მეცნიერებას, როგორც ის ფორმირდება უკვე აღარ ჭირდება არც ჰიპოთეზა, რომელიც არ ჭირდებოდა ლაპლასს, და არც მეტაფიზიკური სიტყვები, რომელთაც დასცინოდა გოეთე. ჩვენ უკვე შეგვიძლია წავიკითხოთ ბუნების წიგნი და გავიგოთ ორგანული განვითარება სიცოცხლისა და კაცობრიობისა ისე, რომ არ მოვიშველიოთ არც შემოქმედი, არც მისტიკური ”სასიცოცხლო ძალა”, არც უკვდავი სული, არც ჰეგელის ტრილოგია და არც განყენებული სიმბოლოები, რომელთაც ჩვენი უცოდინრობის დაფარვის მიზნით რეალურ არსებობას მივაწერდით. მექანიკური მოვლენები თავისი განუწყვეტლივ მზარდი სირთულით საკმარისი აღმოჩნდა ბუნებისა და მთელი ორგანული და საზოგადოებრივი ცხოვრების ასახსნელად.

რათქმაუნდა, ძალიან ბევრია ქვეყანაზე ჯერ ჩვენთვის უცნობი, ბუნდოვანი და გაუგებარი; ბუნებრივია კიდევ ბევრი ასეთი გამოურკვეველი ადგილი  გამოჩნდება იმისდა მიხედვით, თუ როგორ იქნება შევსებული ძველი სიცარიელები. მაგრამ ჩვენ ვერ ვხედავთ იმისთანა დარგს, რომელშიც ჩვენთვის შეუძლებელი იქნება მოვლენის ახსნა იმ უბრალო ფიზიკური ფაქტების დახმარებით, რომლებსაც ჩვენს გარშემო ვაკვირდებით, როგორსაც მაგალითად, ვხედავთ ქვის ვარდნის დროს, ბილიარდის ორი ბურთის დაჯახების დროს, ან და ქიმიურ რეაქციებში. ეს მექანიკური ფაქტები დღესდღეისობით საკმარისია ყველა სასიცოცხლო მოვლენის ასახსნელად. არსად არ გამოვლენილა მისი მცდარობა, უფრო მეტიც, ჩვენ ვერ ვხედავთ ისეთი ადგილის შესაძლო აღმოჩენას, სადაც მქანიკური ფაქტები უძლურნი აღმოჩნდებიან. და დღემდე არაფერი არ გავძლევს იმის საბაბს, რომ ეჭვი შევიტანოთ ამგვარი ადგილების არსებობაში.

IV. პოზიტივიზმი, კონტის ფილოსოფია

ცხადია, როცა მეცნიერება მივიდა ასეთ ზოგად აზრებამდე, მასში ბუნებრივად უნდა დაბადებულიყო აზრი სინთეზურ ფილოსოფიაზე, ე.ი. ისეთ ფილოსოფიაზე, რომელსაც უნდა უკუეგდო მსჯელობა „არსზე“, „მსოფლიო იდეაზე“, „ცხოვრების დანიშნულებაზე“  და სხვა ამგვარ სიმბოლოებზე, ასევე ანთროპომორფიზმი, ე.ი. ბუნებისათვის და ფიზიკური ძალებისათვის ადამიანური თვისებებისა და მიზნების მიწერა. ისეთი ფილოსოფია უნდა წარმოადგენდეს მთელი ჩვენი ცოდნის სისტემურ კრებულს; ერთი სიტყვით, ისეთ ფილოსოფიას, რომელიც მარტივიდან რთულისაკენ სვლით მოგვცემს გასაღებს ბუნების მთელი ცხოვრების გაგებისათვის და ამით კი მოგვცემდა კვლევის მძლავრ იარაღს, რომელიც დაგვეხმარებოდა სხვადასხვა მოვლენებს შორის ახალი დამოკიდებულებების ე.ი. ბუნების კანონების აღმოჩენაში, რაც აგრეთვე საშუალებას მოგვცემდა ჩვენი დასკვნების ჭეშმარიტებაში დარწმუნებისათვის, როგორც არ უნდა ეწინააღმდეგებოდნენ ისინი მოარულ შეხედულებებს.

მეცხრამეტე საუკუნეში რამოდენიმეჯერ სცადეს აეგოთ ასეთი სინთეზური ფილოსოფია. მათგან ჩვენს განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს ოგიუსტ კონტის და ჰერბერტ სპენსერის შრომები.

სინთეზური ფილოსოფიის საჭიროება იგრძნეს ჯერ კიდევ მეთვრამეტე საუკუნეში ენციკლოპედისტებმა, ვოლტერის შესანიშნავი „ფილოსოფიური ლექსიკონი“ დღემდე რჩება მონუმენტურ ნაშრომად, აგრეთვე ეკონომისტმა ტიურგომ, და შემდეგში კიდევ უფრო ცხადად სენ-სიმონმა. მაგრამ მეცხრმეტე საუკუნის პირველ ნახევარში მას მოჰკიდა ხელი ოგიუსტ კონტმა, უფრო მკაცრი მეცნიერული ფორმით, რომელიც პასუხობდა იმდროინდელი მეცნიერების უკანასკნელ მიღწევებს.

ცნობილია, რომ კონტმა წარმატებით შეასრულა თავისი ამოცანა, რამდენადაც საქმე ეხებოდა მათემატიკას და ზუსტ მეცნიერებებს საერთოდ. ყველა აღიარებს მის სიმართლეს იმაში, რომ მან მეცნიერება სიცოცხლეზე (ბიოლოგია) და ადამიანთა საზოგადოებებზე (სოციოლოგია) შეიყვანა პოზიტიურ მეცნიერებათა წრეში; და ბოლოს, ყველამ კარგად ვიცით, თუ რა დიდი გავლენა იქონია კონტის პოზიტივისტურ ფილოსოფიამ მეცხრამეტე საუკუნის მეცნიერებაზე და მოაზროვნე ადამიანებზე საერთოდ.

მაგრამ რატომ, ეკითხებიან საკუთარ თავს დიდი ფილოსოფოსის თაყვანისმცემლები, რატომ აღმოჩნდა კონტი უძლური თავის „პოზიტიურ პოლიტიკაში“, როგორც კი შეუდგა ადამიანის დაწესებულებების და განსაკუთრებით ეთიკის შესწავლას, ე.ი. მეცნიერებას ზნეობრივ წარმოდგენებზე?

როგორ მოხდა, რომ ასეთი ღრმა გონების პატრონი მივიდა იმ რელიგიამდე, რომელსაც კონტი ქადაგებდა თავისი სიცოცხლის უკანასკნელ ხანებში?

ჯ. ს. მილი და ლიტრე, როგორც ვიცით არ ცნობდნენ კონტის „პოზიტიურ პოლიტიკას“ მისი ფილოსოფიის ნაწილად და მას თვლიდნენ უკვე დაუძლურებული გონების ნაყოფად; სხვები კი ტყუილად ცდილობენ მონახონ მეთოდის იგივეობა ორივე თხზულებაში: „პოზიტიურ ფილოსოფიაში“ და „პოზიტიურ პოლიტიკაში“.

და მაინც, წინააღმდეგობა ორივე თხზულებას შორის ძალიან სახასიათოა და ნათელყოფს ჩვენი დროის მნიშვნელოვან შეკითხვებს.

როცა კონტმა დაამთავრა თავისი „პოზიტივისტური ფილოსოფიის კურსი“, მას უეჭველად უნდა შეენიშნა, რომ მისი ფილოსოფია ჯერ არ შეხებია უმთავრესს, – სახელდობრ, ადამიანში ზნეობრივი გრძნობის წარმოშობას და ამ გრძნობის გავლენას ადამიანის ცხოვრებაზე და საზოგადოებაზე. მას უნდა გამოერკვია ამ გრძნობის დასაბამი და უნდა ეჩვენებინა, თუ რატომ გრძნობს ადამიანი მოთხოვნილებას დაემორჩილოს და ანგარიში გაუწიოს მაინც თავის ზნეობრივ გრძნობას.

თავიდან კონტი სწორ გზაზე იდგა, ამავე გზით მიდიოდა დარვინი, როცა ეს დიდი ინგლისელი ნატურალისტი ცდილობდა თავის შრომაში „ადამიანის წარმოშობა“ აეხსნა ზნეობრივი გრძნობის წარმოშობა. რათქმაუნდა, კონტმა „პოზიტიურ პოლიტიკაში“ ბევრი შესანიშნავი გვერდი დაწერა, სადაც აჩვენა საზოგადობრიობა და ურთიერთდახმარება ცხოველებში, აგრეთვე მას ამ მოვლენის ეთიკური მნიშვნელობაც არ გამოპარვია მხედველობიდან*.

____________________
* მე ყურადღება არ მიმიქცევია ამ ადგილებისთვის, როცა ვწერდი ამ წიგნს პირველი გამოცემისათვის. მე დავალებული ვარ ერთი ბრაზილიელი პოზიტივისტი მეგობრისაგან, რომელმაც მიმითითა ამაზე და ამავე დროს გამომიგზავნა კონტის „პოზიტიური პოლიტიკის“ მშვენიერი გამოცემა. ვსარგებლობ ამ შემთხვევით და უღრმეს მადლობას ვუხდი მას ამისთვის. კონტის ამ ნაწარმოებში, როგორც მის „პოზიტიურ ფილოსოფიაში“ არის გენიალურად დაწერილი გვერდები და მთელი თანამედროვე ცოდნის ფონზე მისი გადაკითხვა, – მეგობრის დამსახურებით – იყო დიდი სიამოვნება.

მაგრამ მას არ შესწევდა არც ცოდნა (იმ დროს, როც ის წერდა ეს ისედაც გასაგებია, რადგან მაშინ ბიოლოგიაში არც ისე საკმარისი ფაქტები იყო ცნობილი) და არც გამბედაობა, რომ ამ ფაქტებისაგან გამოეტანა პოზიტიური დასკვნა. მაშინ ის მიუბრუნდა ღმერთს, როცა მის ადგილას დააყენაკაცობრიობა და როგორც ღმერთს, მას ადამიანი თაყვანს უნდა ცემდეს და ევედრებოდეს, რომ იყოს ზნეობრივი. გვიბრძანა მან მივმართოთ ლოცვით ამ ახალ კერპს, რომ განვავითაროთ ჩვენში ზნეობრივი გრძნობები.

მაგრამ რაკი ეს ნაბიჯი გადადგმულ იქნა, როცა უკვე ცნობილ იქნა აუცილებლობა რაიმეს მორჩილების, რომელიც იდგა პიროვნულზე მაღლა იმისთვის, რომ ადამიანში შეკავებულიყო მხეცი, რომ ადამიანმა არ გადაუხვიოს ზნეობრივ გზას, ამის შემდეგ ყველა დანარჩენი გამომდინარეობდა თავისთავად. კონტის რელიგია სტრუქტურულადაც კი ესადაგებოდა აღმოსავლეთიდან მოსულ ძველ რელიგიებს.

სინამდვილეში, კონტი ამ დასკვნებამდე მივიდა უნებლიედ, რაკი არ აღიარა, რომ ადამიანში ზნეობრივი გრძნობა, ისევე როგორც თვით საზოგადოება იყო ადამიანებამდე წარმომავლობის მოვლენა მთელი შემდგომი განვითარებით, რომელიც დაკვირვებადია ცხოველებზე და რომელიც განმტკიცდა ადამიანში.

კონტმა ვერ გაიგო, რომ ადამიანის ზნეობრივი გრძნობა დამოკიდებულია მის ბუნებაზე, როგორც მისი ფიზიკური ორგანიზმი; რომ ეს და სხვა მრავალი ძალიან ხანგრძლივი ევოლუციის პროცესის შედეგს წარმოადგენს, რომელიც ათი ათასობით წლის განმავლობაში მიმდინარეობდა. კონტი განიცდიდა ზოოლოგ კიუვეს (Кювье) გავლენას, რომელიც იმ დროს ავტორიტეტად ითვლებოდა ამ დარგში და არ აღიარა სახეობათა ცვლილება, რომელსაც ბიუფონმა და ლამარკმა უკვე მოჰფინეს შუქი. კონტმა არ ცნო ევოლუცია, ადამიანის წარმოშობა ცხოველებისაგან, ამიტომ ის ვერ ხედავდა იმას, რასაც მიხვდა დარვინი, რომ ზნეობრივი გრძნობა სხვა არაფერია თუ არა ინსტინქტების განვითარება, რომ ურთიერთდახმარება არსებობდა ცხოველთა საზოგადოებებში ბევრად უფრო ადრე, ვიდრე დედამიწაზე გაჩნდებოდა ადამიანის მსგავსი არსებები.

ამის შედეგად კონტი ვერ ხედავდა იმას, რისი ნახვაც უკვე დღეს შეგვიძლია, რომ, როგორიც არ უნდა იყოს კერძო პირების უზნეო ქმედებები, ზნეობრივი დასაბამი აუცილებლად დარჩება ადამიანებში როგორც ინსტინქტი, სანამ კაცობრიობა ფეხს არ შედგამს გადაშენების გზაზე; და ამიტომ ეს ანტიზნეობრივი მოქმედებები აუცილებლად გამოიწვევს სხვა პირების რეაქციას, როგორც მექანიკური მოქმედება იწვევს რეაქციას ფიზიკურ სამყაროში. და მან ვერ შეამჩნია, რომ ცალკეული პირების ანტისოციალურ ქმედებებზე რეაგირების უნარით კონცენტრირდება ბუნებრივი ძალა, რომელიც აუცილებლად გაამაგრებს ზნეობრივ გრძნობებს და ადამიანური ურთიერთობების ჩვევებს საზოგადოებაში, ზუსტად ისე, როგორც ის ეხმარება ცხოველთა საზოგადოებებს ყოველგვარი ზემოდან ჩარევის გარეშე, რომ ეს ძალა ბევრად უფრო მძლავრია, ვიდრე ნებისმიერი რელიგიის ან კანონმდებელის მბრძანებლობა. მაგრამ რაკი კონტმა ვერ გაიგო ეს, ის იძულებული გახდა გამოეგონა ახალი ღვთაება – კაცობრიობა, რომ ამ კერპს დაეყენებინა ყოველთვის ადამიანი ზნეობრივ გზაზე.

ამგვარად ისე, როგორც სენ-სიმონმა, ფურიემ და თითქმის ყველა მათმა თანამედროვეებმა, კონტმაც გადაუხადა ხარკი თავის ქრისტიანულ აღზრდას. ქრისტინობის არსებობა წარმოუდგეელია: თუ არ იქმნა ბრძოლა კეთილსა და ბოროტს შორის – ამასთანავე არც ერთი არ უნდა ჭარბობდეს ძალ-ღონით ერთმანეთს, თუ ადამიანმა არ მიმართა კეთილ დასაბამს ლოცვით დარიგებისათვის და მის ქვეყნიურ მოციქულებს კეთილ საქმეში განსამტკიცებლად. და კონტიც, ბავშვობიდან განმსჭვალული ამ ქრისტიანული იდეით, დაუბრუნდა მასვე, როგორც კი შეხვდა პირისპირ კითხვას ზნეობაზე და ამ გრძნობის განმტკიცების საშუალებებზე. კონტისთვის კაცობრიობაზე მორჩილება უნდა ყოფილიყო იარაღი ადამიანზე ბოროტების დამღუპველი გავლენისაგან განთავისუფლებისათვის.

V. გამოღვიძება 1856-1862 წლებში

თუ ოგიუსტ კონტს არ გამოუვიდა გამოკვლევა ადამიანთა დაწესებულებებისა და განაკუთრებით ზნეობრივი წარმოდგენებისა, არ უნდა დავივიწყოთ, რომ ის წერდა თავის “პოზიტივისტურ ფილოსოფიას” და “პოზიტივისტურ პოლიტიკას” ჯერ კიდევ კაი ხნით ადრე იმ წლებისა (1856-1862), რომლებმაც, როგორც ზემოთ იყო ნათქვამი, სწრაფად გააფართოვეს მეცნიერების ჰორიზონტი და აამაღლეს დონე ყოველი განათლებული ადამიანის მსოფლმხედველობისა.

ამ ხუთი-ექვსი წლის განმავლობაში გამოსულმა თხზულებებმა ისეთი ღრმა ცვლილება მოახდინეს სამყაროს შეხედულებაზე, ადამიანთა საზოგადოებრივ ურთიერთობებზე და ცხოვრებაზე ზოგადად, რომლის მსგავსი არ ყოფილა მეცნიერებათა მთელ ისტორიაში.

აგერ ორი ათასი და ცოტა მეტი წელია, რასაც ბუნდოვნად გებულობდნენ, ხან კი გრძნობდნენ წინდაწინვე ენციკლოპედისტები; ის რასაც ნელ-ნელა ატარებდნენ რამოდენიმე „რჩეული“ პირები მეცხრამეტე საუკუნის პირველ ნახევარში და ეხლა ისე მოევლინა კაცობრიობას ცოდნის საჭურველით აღჭურვილი და მოევლინა ის ისეთის სისრულით, რომ ინდუქციურ-დედუქციური მეთოდის გარდა, კვლევა-ძიების ყოველი სხვა მეთოდი აღმოჩნდა არასრული, ყალბი და უსარგებლო.

შევჩერდეთ ერთი წუთით ამ წლებში მიღწეულ შედეგებზე, რომ უფრო სწორად შევაფასოთ შემდგომი მცდელობა ჰერბერტ სპენსერის მიერ სინთეზური ფილოსოფიის აგებისა.

ამ ექვსი წლის განმავლობაში გროვემ (უილიამ რობერტ გროუვი, გროვი), კლაუზიუსმა, ჰელმჰოლცმა, ჯოულმა, ფიზიკოსებისა და ასტრონომების მთელმა პლეადამ, აგრეთვე კირხგოფმა, რომელმაც აღმოაჩინა სპექტრალური ანალიზი და მოგვცა შესაძლებლობა გაგვეგო თვით უშორესი ვარსკვლავების ქიმიური შემადგენლობა, ერთბაშად დაამსხვრიეს ის ჩარჩოები, რომლებიც არ აძლევდა მეცნიერებს დაეშვათ გაბედული და ფართო განზოგადოებანი ფიზიკურ სფეროში. ამ წლებში მათ დაამტკიცეს ერთიანობა მთელი არაორგანული ბუნებისა. მას შემდეგ შეუძლებელი შეიქმნა ლაპარაკი რაღაც საიდუმლო სითხეებზე, რომლებითაც მეცნიერები ადრე ხსნიდნენ  სხვადასხვა ფიზიკურ ძალებს.

აღმოჩნდა, რომ მექანიკური მოძრაობანი ნაწილაკებისა, მსგავსად იმისა, რომლებსაც ვხედავთ ზღვის აგორებულ ტალღებში, ან ზარისა და კამერტონის რხევის დროს, საკმარისი იყო სითბოს, სინათლის, ბგერის, ელექტროობის, მაგნეტიზმისა და ყველა ფიზიკური მოვლენის ასახსნელად.

უფრო მეტიც, ჩვენ ვისწავლეთ ამ უხილავი რხევების გაზომვა, ისე როგორც ვზომავთ ქვის ვარდნის ან მოძრავი მატარებლის ენერგიას.

ამის გარდა, ამ წლებში იქნა ნაჩვენები, რომ ყველაზე უშორეს ციურ მნათობებშიაც, რომელთაც ჩვენ ვხედავთ ირმის ნახტომში, დაკვირვებადია აბსოლუტურად იგივე ფიზიკური და ქიმიური რეაქციები, რომლებიც ცნობილია ჩვენთვის დედამიწაზე. მოძრაობა თვით მასიურ ვარსკვლავთა, რომლებიც დაჰქრიან თვალუწვდენელ სივრცეში მსოფლიო მიზიდულობის კანონით, არიან ალბათ შედეგი ამ რხევებისა, რომლებიც გადადის მილიონ, ბილიონ და ტრილიონ ვერსს იქით სამყაროს ვარსკვლავთშორისო სივრცეში.

იგივე სითბური და ელექტრული ვიბრაციები საკმარისი აღმოჩნდა ქიმიური მოვლენების ასახსნელად. ქიმია მხოლოდ ნაწილია მოლეკულური მექანიკის. თვით სიცოცხლეც კი თავისი უთვალავი სახეობებით, აღმოჩნდა რომ ყოფილა იმგვარ ქიმიურ შენაერთთა ვრცელი რიგი, რომელსაც რთული მოლეკულური აგებულებით შეუძლია კვლავწარმომქნა.

აგრეთვე, ამავე წლებში გაიგეს და დაამტკიცეს თუ როგორ იძლევა მექანიკურ ახსნას ნერვული სისტემა და უჯრედების თვისება, რომლითაც მათ შეუძლიათ გადასცენ გაღიზიანება ერთი უჯრედიდან მეორეს. ამ გამოკვლევების წყალობით ჩვენ შეგვიძლია, რომ არ გავცილდეთ წმინდა ფიზიკურ მოვლენათა საზღვრებს და გავიგოთ თუ როგორ აღიბეჭდება ჩვენს ტვინში სახეები და შთაბეჭდილებანი, მათი ურთიერთგავლენა და როგორ გამომდინარეობს მათგან გაგება და იდეები.

ასევე ჩვენ უკვე შეგვიძლია გავიგოთ „იდეათა ასოციაცია“ -თუ როგორ იწვევს ყოველი შთაბეჭდილება წინათ დაგროვებულ შთაბეჭდილებებს. ამგვარდ ჩვენ ვწვდებით თვით აზროვნების მექანიზმს.

რათქმაუნდა, ჩვენ ჯერ კიდევ შორს ვართ „ყველაფრის“ ასახსნელად და ბევრი რჩება აღმოსაჩენი ამ მიმართულებით; ჩვენ მხოლოდ პირველი ნაბიჯები გადავდგით, მაგრამ უკვე ჩაყრილია მტკიცე საძირკველი მომავალი გამოკველებისათვის. მეცნიერება, რომელიც ძლივს განთავისუფლდა მეტაფიზიკის ბრჭყალებისაგან, მხოლოდ ეხლა იწყებს ფსიქოლოგიის ფართო დარგის დამუშავებას. ძველი შეხედულება მოვლენათა ორ, სრულიად განსხვავებულ სფეროებად დაყოფისა, რომლის განმტკიცებას ცდილობდა გერმანელი ფილოსოფოსი კანტი, რომელთაგანაც ერთი უნდა ყოფილიყი გამოკვლეული „დროსა და სივრცეში“ (ფიზიკური სფერო) და მეორე კი  მხოლოდ დროში (სულიერი მოვლენების სფერო) – ეხლა ეს დაყოფა თავისთავად ირღვევა. და იმ კითხვაზე, რომელიც დასვა ოდესღაც რუსმა მატერიალისტმა სეჩენოვმა: ”ვინ და როგორ უნდა შეიწავლოს ფსიქოლოგიაო?” მეცნიერებამ უკვე გასცა პასუხი: ”ფიზიოლოგებმა ფიზიოლოგიური მეთოდით”. და მართლაც, ფიზიოლოგთა უკანასკნელი ხანის შრომებმა აზროვნების მექანიზმს, შთაბეჭდილებების წარმოშობას, მათ შენახვას მეხსიერებაში, აღგზნებას და გადაცემას, ერთი სიტყვით, ყველა ფსიქოლოგიურ პროცესებს ბევრად მეტი ნათელი მოჰფინა, ვიდრე მთელი საუკუნეების განმავლობაში მეტაფიზიკოსების მსჯელობამ.

ამგვარად მეტაფიზიკა ამ თავის მთავარ ციხესიმაგრეში დამარცხდა და ფსიქოლოგიაში, რომელშიაც მას თავისი თავი უძლეველი ეგონა, დაეპატრონა საბუნებისმეტყველო მეცნიერება და მატერიალისტური ფილოსოფია.

* * *

ამ ხუთი-ექვსი წლის განმავლობაში გამოქვეყნებულ შრომებს შორის ერთმა დაჩრდილა ყველა დანარჩენი. ეს იყო ჩარლზ დარვინის წიგნი – ”სახეობათა წარმოშობა”.

ჯერ კიდევ წარსულ საუკუნეში ბიუფონმა, და შემდგომ კი ლამარკმა გამოთქვეს აზრი, რომ მცენარეთა და ცხოველთა ჯიშები არ წარმოადგენენ უცვლელ ფორმებს: ისინი ცვალებადნი არიან და განუწყვეტლივ იცვლებიან გარემო პირობების გავლენით. განა თვით ოჯახური მსგავსება სხვადასხვა ჯიშების ჯგუფთა შორის არ მეტყველებს იმაზე, რომ ისინი წარმოშობილი არიან საერთო წინაპრებისაგან? ასე უნდა წარმოშობილიყვნენ ოდესღაც გარემო პირობების გავლენით, მაგალითად მგლების, ძაღლების, ტურების და მელიების ეხლნდელი ჯიშები, რომლებიც იმ უხსოვარ დროში არც კი არსებობდნენ. მათ მაგივრად კი არსებობდა ისეთი ცხოველთა ჯიში, რომლისგანაც ჟამთა ვითარების გამო, თანდათან წარმოსდგა მგლები, ძაღლები, ტურები და მელიებიც. უძველეს გეოლოგიურ ქანებში აღმოჩენილი ჩონჩხით უკვე ვიცით ცხენების, ვირების, ზებრების საერთო წინაპარის შესახებ.

მაგრამ XVIII საუკუნეში ასეთი ერეტიკული აზრების გამოთქმა ძალიან სახიფათო იყო. ბიუფონი ეკლესიის ტრიბუნალის წინაშე იყო წარდგენილი. ეკლესია იმ დროს ჯერ კიდევ ძლიერი იყო და ბუნებისმეტყველს ასეთი ერეტიკული აზრებისათვის ელოდა საპყრობილე, ტანჯვა-წამება, ან საგიჟეთი. აი რატომ გამოთქვამდნენ „ერეტიკოსები“ ფრთხილად თავის აზრებს.

მაგრამ ეხლა, 1848 წლის რევოლუციის შემდეგ, დარვინმა და უოლესმა გაბედულად იწყეს ამ ერესის გავრცელება; დარვინმა კი პირდაპირ და ხმამაღლა განაცხადა, რომ ადამიანიც იმავე ნელი ფიზიოლოგიური ევოლუციის გზით წარმოიშვა მაიმუნის მსგავსი ცხოველების ჯიშისაგან; რომ მისი „უკვდავი სული“ შემუშავდა იმავე გზით, როგორც ჭიანჭველის ან შიმპანზეს გონება და საზოგადოებრივი ჩვეულებანი.

ყველამ ვიცით, თუ რა რისხვა და უბედურება დაატეხეს მაშინ თავზე დარვინს და განსაკუთრებით მის მამაც, ჭკვიანსა და მცოდნე მოწაფეს, „დარვინის მოძღვრების პავლე მოციქულს“ თომას ჰ. ჰექსლის, რომელიც ხაზს უსვამდა განსაკუთრებით იმ დასკვნებს დარვინის შრომისას, რომლებიც ყველაზე უფრო აშინებდნენ ყველა სარწმუნოების სამღვდელოებას.

ბრძოლა სასტიკი იყო, მაგრამ გამარჯვებული მაინც დარვინისტები დარჩნენ. შედეგად ამას კი ის მოჰყვა, რომ ჩვენ თვალწინ აღმოცენდა სრულიად ახალი, ფართო მეცნიერება ბიოლოგია – მეცნიერება სიცოცხლის შესახებ ყველა მისი მოვლენით.

ამასთანავე დარვინის თხზულებებმა მოგვცა კვლევის ახალი მეთოდი მატერიის, ორგანიზმებისა და საზოგადოების განვითარების გასაგებად.  „უწყვეტი განვითარების“ იდეამ, ე.ი. ევოლუცია და თანდათანობითი შემგუებლობა შეცვლილი გარემოს ახალ პირობებზე, – ამ აზრმა მოიპოვა ვრცელი ასპარეზი, ვიდრე მარტო ახალი სახეობების წარმოშობის ახსნა იყო. როცა ევოლუციის თეორია გამოყენებულ იქნა საერთოდ ბუნების და აგრეთვე ადმიანისა და მის საზოგადოებრივ დაწესებულებათა შესწალისათვის; მან გაგვიხსნა სრულიად ახალი ჰორიზონტები და მოგვცა შესაძლებლობა აგვეხსნა ცოდნის ყოველ დარგში თვით ყველაზე გაუგებარი ფაქტებიც კი. ამ საწყისზე დაფუძნებით შესაძლებელი გახდა არა მხოლოდ ცოცხალი ორგანიზმების ისტორიის აგება, არამედ აგრეთვე ადამიანთა დაწესებულებების ისტორიისაც.

სპენსერის წყალობით ბიოლოგიამ გვიჩვენა, თუ როგორ განვითარდნენ დედამიწაზე მობინადრე ცოცხალ არსებათა უთვალავი ფორმები დასაწყისში არსებული მარტივი ორგანიზმებისაგან. შემდეგ ჰეკელის პირველი მცდელობა გამოეკვლია გენეალოგია ყველა ცხოველისა, მათ შორის ადამიანისაც. ამავე გზით დაედო პირველი მეცნიერული საფუძველი ზნე-ჩვეულებების, რელიგიებისა და დაწესებულებების  განვითარების ოსტორიისათვის, რომელიც ასე აკლდა მეთვრამეტე საუკუნეს და კონტსაც. ამ ისტორიის დაწერა შეგვიძლია ეხლა ისე, რომ არ მოვიშველიოთ არც ჰეგელის მეტაფიზიკური ფორმულები, არც კანტის „სუბსტანცია“, ერთი სიტყვით შესწავლის დამხშველი არც ერთი ფორმულა, რომლის სიტყვებს უკან იმალება, როგორც ღრუბლებში, იგივე ძველი ცრურწმენა და უვიცობა.

ნატურალისტების შრომის მეოხებით ერთის მხრივ, და მეორეს მხრივ ჰენრი მენისა და მის მიმდევართა წყალობით, რომლებმაც გამოიყენეს ინდუქციური მეთოდი პირველყოფილ ზნე-ჩვეულებათა და მათგან გამომდინარე კანონების შესასწავლად, ადამიანის დაწესებულებათა აღმოცენებისა და განვითარების ისტორია შესაძლებელი გახდა დამყარებულიყო ისეთსავე მტკიცე საფუძველზე, როგორც ნებისმიერი სახეობის მცენარეთა ან ცხოველთა განვითარების ისტორია.

* * *

რასაკვირველია, დიდი უსამართლობა იქნება დავივიწყოთ ის უზარმაზარი მუშაობა, რომელიც შეასრულეს ჯერ კიდევ მეცხრამეტე საუკუნის 30-იან წლებში საფრანგეთში ოგიუსტენ ტიერის სკოლამ, მაურერისა და „გერმანისტების“ სკოლამ გერმანიაში და რუსეთში კი ცოტა უფრო გვიან კოსტომაროვმა, ბელიაევმა და სხვებმა. მართალია „ევოლუციის მეთოდს“ იყენებდნენ ზნე-ჩვეულებათა და დაწესებულებათა, აგრეთვე ენების შესასწავლად უკვე ენციკლოპედისტების დროიდან, მაგრამ უტყუარი, მეცნიერული დასკვნების მიღება მხოლოდ მაშინ გახდა შესაძლებელი, როცა მეცნიერებმა შეხედეს ისტორიული ფაქტების გროვას ისე, როგორც უყურებს ბუნებისმეტყველი მცენარის ან ახალი ჯიშის ორგანოების თანდათანობით განვითარებას.

მეტაფიზიკური ფორმულები ხელს უწყობდნენ ერთ დროს გამოეყვანათ ზოგიერთი მიახლოებითი განზოგადებანი. ისინი აღვიძებდნენ მძინარე აზროვნებას ბუნების ერთიანობისა და ცხოვრების მარადიულობაზე. რეაქციის ეპოქაში, რომელიც მეფობდა XIX საუკუნის პირველ ათეულ წლებში, როდესაც ენციკლოპედისტების და მათი ინგლისელი და შოტლანდიელი წინამორბედის ინდუქციური დასკვნების დავიწყება იწყეს,  საჭირო იყო განსაკუთრებული ზნეობრივი სიმამაცე, რომ ხმა ამოეღო ვინმეს მისტიციზმის პირისპირ ფიზიკური და ფსიქიკური ბუნების ერთიანობაზე (ასეთი გამბედაობა არ აღმოაჩნდათ ფილოსოფოსებს), გერმანელების ბურუსიანი მეტაფიზიკა კი მაინც ხელს უწყობდა ზოგადი აზრების გამოყვანის მისწრაფებას.

მაგრამ იმ დროს ზოგადი აზრები გამოჰყავდათ ან დიალექტიკური, ან გაუცნობიერებელი ინდუქციური მეთოდით, ამიტომ როგორც პირველ, ისე მეორე შემთხვევაში, მათ გაურკვევლობის ბეჭედი ესვათ. პირველ შემთხვევაში ისინი ისეთ გულუბრყვილო დასკვნებს აკეთებდნენ, როგორც მაგალითად ძველი ბერძნები ამტკიცებდნენ, რომ პლანეტები უნდა მოძრაობდნენ წრიულ ტრაექტორიებზე, რადგან წრე არის სრულყოფილი მრუდე ხაზიო. მტკიცებულებების არ ქონას ფარავდნენ გაურკვეველი მსჯელობებით, ბურუსიანი სიტყვებით და სასაცილომდე გართულებული ენით. მეორე შემთხვევაში კი თეორიას აგებდნენ დაკვირვებათა მეტად შეზღუდულ რაოდენობაზე, როგორიც იყო ვეისმანის ფართო, მაგრამ დაუსაბუთებელი დასკვნები, რომლებმაც ამას წინათ გამოიწვიეს ერთი მითქმა-მოთქმა. ვინაიდან ამ შემთხვევაში ინდუქცია იყო შეუგნებელი, დასკვნებს ხშირად აზვიადებდნენ და მათ უდრეკ კანონებად აცხადებდნენ, როცა ისინი იყვნენ უბრალო მოსაზრებანი, ჰიპოთეზები, ზოგადი აზრების ჩანასახები, რომლებსაც პირველ ყოვლისა სჭირდებოდა შემოწმება, ფაქტებით მიღებულ შედეგებთან და დაკვირვებებთან შედარება.

და ბოლოს, ყველა ეს ზოგადი აზრები, რომლებიც გამოხატულნი იყო უკიდურესად განყენებულ ფორმებში, როგორიცაა მაგალითად ჰეგელის „თეზისი, ანტითეზა და სინთეზისი“, სრულ ჩავარდნას იწვევდა, როცა მოაზროვნეები ცდილობდნენ პრაქტიკული დასკვნების გამოტანას. ასე რომ მათგან შეიძლებოდა გამოეყვანათ და გამოჰყავდათ კიდევაც ბაკუნინის რევოლუციური სული დრეზდენის რევოლუციასთან და მარქსის რევოლუციურ იაკობინიზმთან ერთად. ჩვენს დროშიც კი, საკმარისია გავიხსენოთ ის ბოლოდროინდელი ეკონომიკური შეცდომები, ის კრახი, რომელიც ჩვენ თვალწინ განიცადეს სოციალისტებმა მათი დიალექტიკური მეთოდის თაყვანისცემისა და ეკონომიკურ მეცნიერებაში მეტაფიზიკით გატაცების გამო, ნაცვლად იმისა, რომ შეესწავლათ ხალხთა ეკონომიკური ცხოვრების რეალური ფაქტები.

VI. სპენსერის სინთეზური ფილოსოფია

მას შემდეგ, რაც ანთროპოლოგიის, ე.ი. ადამიანის ფიზიოლოგიური განვითარების ისტორიის, მის რელიგიათა და დაწესებულებათა განვითარების ისტორიის შესწავლა დაიწყეს სწორედ ისე, როგორც სწავლობდნენ ყველა სხვა საბუნებისმეტყველო მეცნიერებას, ბოლოს და ბოლოს შესაძლებელი გახდა არა მარტო ამ ისტორიის არსის გაგება, არამედ მეტაფიზიკის სამუდამოდ თავიდან მოშორებაც, რომელიც სწორედ ისე უშლიდა ხელს კაცობრიობის ისტორიის შესწავლას, როგორც ბიბლიური თქმულებები ხელს უშლიდნენ ოდესღაც პლანეტა დედამიწის ისტორიის, ანუ გეოლოგიის შესწავლას.

ვინმეს შეიძლება ეგონოს რომ, როცა ჰერბერტ სპენსერი, მეცნიერების ახალი აღმოჩენებით აღჭურვილი, თავის მხრივ შეუდგა „სინთეზური ფილოსოფიის“ შენებას მეცხრამეტე საუკუნის მეორე ნახევარში, მას შეეძლო აეშენებინა თავისი ფილოსოფია და არ ჩავარდნილიყო იმ შეცდომებში, რომლებსაც შეხვდებით კონტის ”პოზიტიურ პოლიტიკაში“. და, თუმცა სპენსერის „სინთეზური ფილოსოფია“ წარმოადგენს წინ გადადგმულ დიდ ნაბიჯს (მასში უკვე აღარ არის ადგილი რელიგიური წეს-ჩვეულებებისთვის), ის მაინც სავსეა მსხვილი შეცდომებით თავის სოციოლოგიურ ნაწილში, ისე როგორც კონტის ნაშრომი.

საქმე იმაშია, რომ სპენსერმა, მივიდა თუ არა საზოგადოებათა ფსიქოლოგიამდე, ვერ დაიცვა  მეცნიერული მიდგომა ცოდნის ამ სფეროში და ვერ გაბედა დასტური ეთქვა ყველა იმ დასკვნაზე, რომლებამდეც ის მიიყვანა მეცნიერულმა მეთოდმა. ასე, მაგალითად, სპენსერი აღიარებდა, რომ მიწა არ უნდა ყოფილიყო კერძო საკუთრებაში, რადგან მიწის მესაკუთრეები, რომლებიც სარგებლობენ რა ამ უფლებით, უმატებენ საიჯარო ქირას და ამით კი ისინი ხელს უშლიან მშრომელებს, რომ იმუშაონ ეფექტურად და მიიღონ მაქსიმალური მოსავალი ამ მიწიდან. მესაკუთრეებს ასევე შეუძლიათ ტყუილუბრალოდ დაუმუშავებელი დატოვონ მიწა და იცდიან თუ როდის აიწევა საბაზრო ფასი. ასეთი სისტემა, სპენსერის აზრით, არ არის სასარგებლო და მეტიც, ის მავნეა საზოგადოებისათვის. მაგრამ მან ვერ გაბედა მიწის საკუთრებაზე გამოტანილი დასკვნა გაევრცელებინა ყველა სხვა დაგროვებულ სიმდიდრეზე – სახელოსნოებზე, ქარხნებზე, მადნებზე და სხვა რესურსებზე.

ან კიდევ, მან ხმა აიმაღლა სახელმწიფოს მიერ საზოგადოების ცხოვრებაში ჩარევის წინააღმდეგ და ერთ თავის წიგნში თავიც კი მიუძღვნა სათაურით „პიროვნება სახელმწიფოს წინააღმდეგ”, რომელიც ეთანასწორება რევოლუციურ პროგრამას. მაგრამ ნელ-ნელა იმით დაასრულა, რომ სახელმწიფოს მფარველობითი ფუნქციის საბაბით აღადგინა მთლიანად სახელმწიფო, როგორც ის არის დღეს, მხოლოდ კი შემოფარგლა ცოტათი იგი.

ეს და კიდევ სხვა წინააღმდეგობანი აიხსნება ალბათ იმით, რომ სპემსერმა თავისი ფილოსოფიის სოციოლოგიური ნაწილი  დაწერა ინგლისელი რადიკალების ზეგავლენით ბევრად უფრო ადრე, ვიდრე მეცნიერული ნაწილი, სახელდობრ მან „სტატიკა“ გამოაქვეყნა 1851 წელს, როცა ადამიანის დაწესებულებათა  ანთროპოლოგიური გამოკვლევა ჯერ კიდევ ნორჩი იყო. ამის გამო სპენსერი, ისევე როგორც კონტი, თვით ამ დაწესებულებათა გამოკვლევას შეუდგა წინდაწინვე გამზადებული დასკვნებით. ეს კიდევ ცოტაა, მივიდა თუ არა ის საზოგადოებრივ ფილოსოფიამდე, ანუ სოციოლოგიამდე, მან გამოიყენა მეტად არასაიმედო, ანალოგიის მეთოდი, რითაც მან გაამართლა ეს წინდაწინვე გამოტანილი დასკვნები. ამრიგად, ჩვენ, დღემდე არ გაგვაჩნია ნამდვილი სინთეზური ფილოსოფია აგებული მეცნიერული მეთოდით, როგორც ბუნებისმეტყველურ, ისე სოციოლოგიურ ნაწილში.

უნდა ითქვას, რომ სპენსერი არ იყო შესაფერისი ადამიანი პირველყოფილი ადამიანების  დაწესებულებათა შესასწავლად. ამ მხრივ მან გადააჭარბა ბრიტანელების უმრავლესობას, რომელთაც სხვა ხალხის წეს-ჩვეულებებისა და ყოფა-ცხოვრების ძალიან ცოტა რამ გაეგებათ. ”ჩვენ ვართ რომაული სამართლის ადამიანები, ირლანდიელები კი ჩვეულებრივი უფლების; აი რატომ არ გვესმის ჩვენ ერთმანეთის“, მითხრა ერთხელ ერთმა ინგლისელმა. სხვა ცივილიზაციის გაგების ეს უუნარობა კიდევ უფრო ცხადი ხდება მაშინ, როცა საქმე მიდის მათზე, რომელთაც ინგლისელები „დაბალ რასებს“ უწოდებენ. ეს დამოკიდებულება ჩანს მის თითქმის ყოველ ნაწერში. სპენსერს არ ესმოდა პირველყოფილი ადამიანის, მის მიერ ტომის პატივისცემის, თავისი „სისხლის აღების“ ტრადიციით, რომელიც ითვლებოდა გმირის ვალად და ასახულია ისლანდიურ საგებში, ან კიდევ შუა საუკუნეების მღელვარე და ბრძოლით სავსე ქალაქების ცხოვრებაზე, რომელიც თანამედროვე გარემოსთან უფრო ახლოსაა. ამ ეპოქების უფლებრივი წარმოდგენები მისთვის სრულიად უცხოა და ის ხედავს მათში მხოლოდ ველურობას, ბარბაროსობას და სისასტიკეს.

ეს იყო სპენსერის ყველაზე დიდი შეცდომა, ჰაქსლის და მრავალი სხვას მსგავსად. მან სრულიად შეცდომით გაიგო ”არსებობისათვის ბრძოლის” აზრი. მასში მან დაინახა არა მარტო ბრძოლა ცხოველების სხვადასხვა ჯიშებს შორის (მგლები კურდღლებს ჭამენ, ბევრი ფრინველი მწერებით იკვებება და ა.შ.), არამედ თავგანწირული ბრძოლა საჭმლის გულისათვის და მიწის ალაგისათვის ყოველი ჯიშის შიგნით, ერთი სახეობის შიგნით, მის სხვადასხვა ინდივიდებს შორის, რომელიც ნამდვილად არ არსებობს იმ მასშტაბებში, როგორადაც მას წარმოიდგენდნენ სპენსერი და სხვა დარვინისტები.

რამდენადაც თვით დარვინია დამნაშავე “არსებობისათვის ბრძოლის” ასეთ არასწორ გაგებაში, აქ ადგილი არ არის შევუდგე ამის გარჩევას [ამაზე იხ. ჩემი შრომა „ურთირეთდახმარება, როგორც ევოლუციის ფაქტორი“, სადაც ნაჩვენები მაქვს თუ როგორ მივიდა დარვინი ამ საკითხთან დაკავშირებით თავისი შეხედულების ცვლილებაზე და უფრო და უფრო უშვებდა ახალი სახეობების განვითარებაში გარემო ფაქტორების პირდაპირ გავლენას]. მაგრამ ეჭვსგარეშეა, რომ დარვინს, „სახეობათა წარმოშობის“ გამოცემის თხუთმეტი წლის შემდეგ, როცა  გამოაქვეყნა „ადამიანის წარმოშობა”, უკვე სულ სხვანაირად, უფრო ფართოდ და მეტაფორულად ესმოდა არსებობისათვის ბრძოლა, ვიდრე საშინელი ბრძოლა სახეობის შიგნით. „ცხოველთა იმ ჯიშებს, წერდა ის თავის ამ უკანასკნელ თხზულებაში, რომელთაც უფრო განვითარებული აქვთ ურთიერთსიმპათიის და კოლექტიურობის გრძნობა, მეტი შანსი აქვთ განაგრძონ არსებობა და დატოვონ მრავალრიცხოვანი შთამომავლობა”. ის ანვითარებდა ისეთ იდეასაც კი, რომ სოციალური ინსტინქტი უფრო აქტიურია, ვიდრე თვითშენახვის. და ეს უკვე სრულიად არ არის ის, რასაც ჩვენ ზოგიერთი „დარვინისტი“ გვეუბნება.

თავები, რომლებიც მიუძღვნა დარვინმა ამ საკითხებს „ადამიანის წარმოშობაში“, შეიძლებოდა საფუძველი ყოფილიყო სრულიად ახალი და მეტად ნაყოფიერი შეხედულებების შემუშავებისათვის ბუნებაზე და ადამიანის საზოგადოებათა განვითარებაზე, მაგრამ ეს თავები შეუმჩნეველი დარჩა და მხოლოდ 1879 წელს ვპოულობთ ჩვენ რუსი ზოოლოგის კარლ კესლერის ერთ საუბარში ურთიერთდახმარებისა და არსებობისათვის ბრძოლის ნათელ გაგებას. რამოდენიმე მაგალითის ჩვენებით მან მიგვითითა, რომ „სახეობის პროგრესული განვითარებისათვის ურთიერთდახმარების კანონს ბევრად უფრო მეტი მნიშვნელობა აქვს, ვიდრე ურთიერთბრძოლის კანონს”.

ცოტა ხნის შემდეგ ლუდვიგ ბიუხნერმა თავისი წიგნით „სიყვარული“, გვიჩვენა სიმპათიის მნიშვნელობა ცხოველთა შორის ზნეობრივი წარმოდგენების განსავითარებლად; მაგრამ უმთავრესად ის დაეყრდნო ოჯახურ სიყვარულსა და ურთიერთთანაგრძნობას, რომლითაც შეზღუდა თავისივე გამოკვლევათა წრე.

1890 წელს ჩემთვის ადვილი აღმოჩნდა დამემტკიცებინა და განმევითარებინა კესლერის იდეა  წიგნში „ურთიერთდახმარება“ [Mutual Aid], და განმეზოგადებინა ადამიანებზეც ბუნებაზე ზუსტი დაკვირვებისა და ადამიანთა დაწესებულებების ისტორიის უკანასკნელ გამოკვლვებზე დაყდნობით. ურთიერთდახმარება არა მარტო მძლავრი იარაღია ყოველი ცხოველის სახეობისათვის ბუნების მტრული ძალებისა და სხვა მტრების წინააღმდეგ არსებობისათვის ბრძოლის დროს, არამედ ის არის მთავარი იარაღი პროგრესული განვითარებისათვის. ყველაზე სუსტ ცხოველებსაც კი ის აძლევს სიცოცხლის ხანგრძლივობის და მაშასადამე გამოცდილების დაგროვების საშუალებას, ის უაზრუნველყოფს გამრავლებას და გონებრივ განვითარებას. შედეგად, ის ცხოველთა სახეობები, რომლებიც უფრო იყენებენ ურთიერთდახმარებას, არა თუ უკეთ გადარჩებიან, არამედ ფიზიკური და გონებრივი განვითარების უპირატესობით პირველ ადგილს იკავებენ თავის კლასში (მწერების, ფრინველების, ძუძუმწოვრების).

ბუნების ეს ძირეული ფაქტი ვერ შეამჩნია სპენსერმა. არსებობისათვის ბრძოლა ყოველი ჯიშის შიგნით, ერთმანეთში ყოველი ლუკმისათვის ბრძოლა „კლანჭებითა და ეშვებით“, ინგლისელი პოეტის ტენისონის ბუნება „გლადიატორთა სისხლით მორწყული“, მან მიიჩნია ისეთ პრინციპად, რომელსაც არ სჭირდება დამტკიცება, როგორც აქსიომას. მხოლოდ 1890 წელს  ჟურნალ “Nineteenth Century” დაბეჭდილ სტატიაში ჩანს გარკვეულ დონემდე მისი შეგნება ცხოველთა შორის ურთიერთდახმარების მნიშვნელობაზე. მან დაიწყო ამის შესახებ დაკვირვებათა და გამოცდილებათა შეკრება ამ მიმართულებით, მაგრამ სიკვდილამდე მისთვის პირველყოფილი ადამიანი დარჩა როგორც  მხეცი, რომელიც მხოლოდ იმით გადარჩა და ცხოვრობდა, რომ აგლეჯდა თავისივე მსგავსს უკანასკნელ ლუკმას პირიდან.

ცხადია, რომ რაკი ასეთი ყალბი სარჩული დაუდო სპენსერმა თავისი ფილოსოფიის სოციოლოგიურ ნაწილს საფუძვლად, უკვე აღარ შეეძლო აეგო თავისი სინთეზური ფილოსოფია ისე, რომ არ შეეტოპა შეცდომების მორევში.

VII. კანონის როლი საზოგადოებაში

სპენსერი არ ყოფილა ერთადერთი ვინც ამგვარი შეცდომები დაუშვა. ჰობსიდან მოყოლებული მეცხრამეტე საუკუნის მთელი ფილოსოფია პირველყოფილ ადამიანებს განიხილავდა, როგორც განცალკევებულად მცხოვრები ველური მხეცების ჯგუფებს, რომელთა შორის გაჩაღებული იყო დაუცხრომელი ბრძოლა საჭმლისა და ცოლებისათვის მანადე, სანამ მათ არ მოევლინა კეთილისმყოფელი მთავრობა. ისეთი ბუნებისმეტყველიც კი, როგორიც იყო ჰექსლი, ანვითარებდა ჰობსის ფანტასტიკურ მტკიცებას და 1885 წელს განაცხადა, რომ თავდაპირველად ადმიანების ცხოვრება წარმოადგენდა ”ყველას ბრძოლას ყველას წინააღმდეგ”, სანამ იმ დროის ზოგიერთი მოწინავე ადამიანების წყალობით არ დამყარდა ”პირველი საზოგადოება” (იხ. მისი სტატია ”ბრძოლა არსებობისათვის – ბუნების კანონი”). ამგვარად სწავლული დარვინისტი ჰექსლიც კი ვერ ამჩნევდა, რომ ადამიანს არ შეუქმნია საზოგადოება და რომ საზოგადოებრივი ცხოვრება ჰქონდათ ცხოველებს ბევრად უფრო ადრე, სანამ ადამიანი გაჩნდებოდა ქვეყანაზე. სამწუხაროა, მაგრამ ასეთია ფესვგადგმული ცრურწმენების ძალა.

თვალი რომ გადავავლოთ ამ ცრურწმენათა ისტორიას ადვილად დავინახავთ, რომ მისი ჩამომავლობა ეკლესიურ-სარწმუნოებრივია. გრძნეულთა და შამანების საიდუმლო კავშირები პირველყოფილ ადამიანებს შორის, შემდეგში კი ეგვიპტელი ქურუმები და უფრო მოგვიანებით ქრისტიანების მღვდლები ყოველთვის ცდილობდნენ დაერწმუნებინათ ადამიანები, რომ ისინი ”სიბოროტესა შინა არიან”; რომ მხოლოდ შამანის, ქურუმის და მღვდლის მოსარჩლეობას შეუძლია დათრგუნოს ბოროტი ძალა და არ მისცეს მას უფლება დაეპატრონოს ადამიანს; რომ მხოლოდ მათ შეუძლიათ თხოვონ შურისმაძიებელ ღმერთს, რომ მან არ მოუვლინოს კაცობრიობას სასჯელი ცოდვებისათვის.

ეჭვსგარეშეა, რომ თავიდან ქრისტიანობა ცდილობდა შეესუსტებინა ეს ცრურწმენები განსაკუთრებით მღვდლებთან დაკავშირებით, მაგრამ შემდეგ ქრისტიანულმა ეკლესიამ, რომელმაც დაიმოწმა სახარების სიტყვები ”ცეცხლის გეენაზე” და ”ღვთის რისხვაზე”, კიდევ უფრო გააძლიერა იგი. თვით წარმოდგენა ძე ღვთისაზე, რომელიც მოვიდა დედამიწაზე, რომ მომკვდარიყო ”ცოდვების გამოსახსნელად”, მხოლოდ ამყარებს ამ შეხედულებას. სწორედ ამან მისცა შესაძლებლობა ”წმინდა ინკვიზიციას” სასტიკად ეწამებინა და დაუყონებლივ კოცონზე დაეწვა ადამიანები, რომ ამით შანსი მიეცა მათთვის მოენანიებინათ ცოდვები და გადარჩენილიყვნენ საუკუნო ტანჯვისაგან. ამის გარდა, არა მარტო კათოლიკური ეკლესია მოქმედებდა ამგვარად, არამედ ყველა სხვა ქრისტიანული ეკლესიები ეჯიბრებოდა ერთმანეთს ახალი სატანჯველების გამოგონებაში, რომ მოექციათ ”სიბოროტესა შინა ჩაფლული ადამიანები”. დღემდე, ათასიდან 999 ადამიანს ჯერ კიდევ სწამს, რომ ბუნებრივი უბედურებები, როგორიცაა მაგალითად გვალვა, მიწისძვრა, ეპიდემიები და სხვა ღვთისაგან მოვლენილი სასჯელია, რომ ცოდვილი კაცობრიობა დაუბრუნდეს ჭეშმარიტ გზას. დღესაც ასეთ რწმენაში იზრდება ჩვენი ბავშვების დიდი უმრავლესობა.

ამასთან, სახელმწიფო თავის სკოლებსა და უნივერსიტეტებში ხელს უწყობს ასეთი რწმენის განმტკიცებას, რომ ადამიანი სულ ერთიანად წამხდარი და გაფუჭებულია, რათა დამტკიცებულ იქნას საჭიროება რაღაც ძალისა, რომელიც საზოგადოებაზე მაღლა დგას და ანვთარებს მასში ზნეობრივ ელემენტს სასჯელის წყალობით ”ზნეობრივი კანონის” დარღვევისათვის (რომელსაც ადარებენ მოხერხებული ხრიკებით დაწერილ კანონს); რათა დაარწმუნონ ხალხი, რომ ეს ძალაუფლება აუცილებელია და ადამიანები განმსჭვალულნი იქნან ამ რწმენით – აი საჭირბოროტო კითხვა სახელმწიფოსათვის, იმიტომ რომ, თუ ადამიანები ეჭვს შეიტანენ ხელისუფლების ძალით ზნეობის დანერგვის საჭიროებაში, ისინი ეჭვს შეიტანენ აგრეთვე თავისი მმართველების უზენაეს დანიშნულებაში.

ამგვარად, ყველანაირი აღზრდა, იქნება ეს სარწმუნოებრივი, ისტორიული, იურიდიული თუ სოციალური, გაჟღენთილია იმ აზრით, რომ თუ ადამიანი თავის ნებაზე მიუშვი, ის უსათუოდ შეიქმნება მხეცად; ადამიანებს რომ არ ჰყავდეთ მთავრობა, ისინი უეჭველად ერთიმეორეს დასჭამდნენ; მხეცობისა და თითოეულის ყველას წინააღმდეგ ბრძოლის გარდა, სხვას არაფერს არ უნდა მოველოდეთ ”ბრბოსაგან”. საზოგადოება დაიღუპებოდა, რომ მას არ ლიდერობდნენ რჩეულები – მღვდელი, კანონმდებელი და მოსამართლე თავიანთი დამხმარეებით: პოლიციელებითა და ჯალათებით, რომლებიც ხელს უშლიან ამ საერთო წეწვა-გლეჯვას ყველას წინააღმდეგ, სწორედ ისინი ასწავლიან ადამიანებს კანონის სიწმინდის პატივისცემას, წვრთნიან მათ დისციპლინითა და მკაცრი ხელით მიერეკებიან მათ იმ დროისაკენ, როცა საუკეთესო აზრები დაიბუდებენ ადამიანთა უხეშ გულში და მათრახი, საპყრობილე და სახრჩობელა ნაკლებად საჭირო იქნება, ვიდრე ეხლა.

ჩვენ გვეცინება 1848 წელს გაძევებულ მეფეზე, რომელიც ამბობდა: ”საბრალო ჩემი ქვეშევრდომნი, დაიღუპებიან ისინი უჩემოდ”. ჩვენ აბუჩად ვიგდებთ იმ ინგლისელ თავადს, რომელსაც სწამს, რომ ინგლისელები გაბნეული ტომია ისრაელისა, რომლებიც თვით ღვთისაგან არიან დანიშნული, რომ მისცენ კარგი მთავრობა ”ყველა სხვა დაბალ რასებს”.

მაგრამ განა ამავე აზრის არ არის თავიანთ დიად დანიშნულებაზე უმრავლესობა ადამიანებისა ყველა ეროვნებათა შორის?

* * *

ადამიანის საზოგადოებათა და დაწესებულებათა განვითარების მენიერულ შესწავლას კი მივყავართ სრულიად სხვა დასკვნებამდე. ის გვიჩვენებს, რომ ჩვეულებანი, რომლებიც დამყარდნენ ურთიერთდახმარებისათვის და მშვიდობის დაცვისათვის, ჩვეულებანი, რომლებმაც შეაძლებინეს კაცობრიობას გაეტანა თავი ძალიან მძიმე ბუნებრივ პირობებში არსებობისათვის ბრძოლაში, შემუშავდნენ სწორედ აი ამ უსახელო ”ბრბოს” მიერ. მეცნიერება ასევე გვაჩვენებს, რომ ე.წ. კაცობრიობის ხელმძღვანელებს, გმირებს და კანონმდებლებს არ შეუტანიათ ისტორიაში არაფერი ისეთი რამ, რაც არ ყოფილიყოს მანამდე შემუშავებული ჩვეულებრივი უფლებით; და რომ ისინი ყოველთვის მიისწრაფვოდნენ ერთი რამისკენ – ან დაენგრიათ ეს ჩვეულებრივი უფლებების დაწესებულებანი, იმიტომ რომ ხელს უშლიდათ ძალაუფლების ჩამოყალიბებისათვის ან მოეხდინათ ამ დაწესებულებების მოდიფიკაცია თავიანთი პირადი ინტერესების ან მათი კასტის სასარგებლოდ.

უკვე ძველისძველ დროში, რომელიც იკარგება გამყინვარების პერიოდის წყვდიადში ადამიანები ცხოვრობდნენ საზოგადოებებად და ამ საზოგადოებაში შემუშავდა მთელი ქსელი დაწესებულებათა, რომ ცხოვრება ყოფილიყო შესაძლებელი. კაცობრიობის შემდგომი განვითარებას უზრუნველყოფდა იმავე უსახელო ბრბოს შემოქმედებითი ძალა, რომელიც შეიმუშავებდა საზოგადობრივი ცხოვრების ახალ ფორმებს ახალი გარემო პირობების შესაბამისად.

მეორე მხრივ თანამედროვე მეცნიერებამ ცხადად დაამტკიცა, რომ კანონს, სულერთია ნაუწყებია ის, როგორც ხმა ღვთაებისა თუ ნაყოფია ბრძენთაბრძენი კანონმდებლის, – არასოდეს არ გაუკეთებია კარგი რამ გარდა იმისა, რომ უკვე არსებულ ჩვეულებებს აყალიბებდა უცვლელ ფორმაში. ყველა ძველი ხანის კანონი იყო მხოლოდ ჩვეულებების კრებული ზეპირსიტყვიერი, ჩაწერილი ან ქვებზე ამოკაწრული, რომ შეენახათ მომდევნო თაობებისათვის. მაგრამ როცა ეს კეთდებოდა, ამ ყველასათვის სასარგებლო და ყველას მიერ მიღებულ ჩვეულებებს რამოდენიმე ახალი წესი შეერეოდა ხოლმე მდიდრებისა და შეიარაღებული ადამიანების ინტერესების დასაცავად. ამ უმცირესობის სასარგებლო წესებით წარმოიშვა და განმტკიცდა უთანასწორობა.

”არა კაც კლა, არა ცილი სწამო მოყვასსა შენსა” – და ამ შესანიშნავ დარიგებას იქვე უმატებდა: ”არა გული გითქმიდეს ცოლისათვის მოყვასისა შენისა, არცა მონისა მისისა, არცა ვირისა მისისა” და ამით სამუდამოდ აკანონებდა მონობას, ქალს კი ათანასწორებდა მონასთან და ტვირთმზიდავ პირუტყვთან. ”გიყვარდეს მოყვასი შენიო”, ამბობდა შემდეგ ქრისტიანობა და იქვე უმატებდა ბაგითა პავლე მოციქულისა: ”დაე ემორჩილებოდნენ მონანი უფალსა თვისთა” და ”არა არს მთავრობა, თუ არა ღვთისგანაო”, ამით აკანონებდა საზოგადოების ბატონებად და მონებად დაყოფას და აკურთხებდა იმ გარეწართა ძალაუფლებას, რომლებიც რომში მბრძანებლობდნენ.

თვით სახარება, რომელიც მიტევების, პატიების უმაღლეს იდეას ქადაგებს და რაც წარმოადგენს ქრისტიანობის მთავარ არსს, მეორეს მხრივ ქადაგებს შურისმაძიებელ ღმერთზე და მთელი ბიბლია გამსჭვალულია ამ შურისძიებით.

ამასვე ვხედავთ ჩვენ რომის უღლისაგან განთავისუფლებული ე.წ. ”ბარბაროსების” – გალების, ლონგბარდების, გოთების და საქსების კანონთა კრებულებში. ისინი აკანონებდნენ რათქმაუნდა კარგ ჩვეულებას, რომელიც მაშინ მყარდებოდა: ჩვეულება, რომელიც გულისხმობდა დაზარალებულისათვის მატერიალურ დახმარებას, იმის ნაცვლად რომ სისხლი აეღოთ (თვალი თვალის წილ, კბილი კბილის წილ, წყლული წყლულის წილ, სიკვდილი სიკვდილის წილ). ბარბაროსების კანონები პროგრესული იყო წინა გვართა შორის შურისძიების ტრადიციებთან შედარებით, მაგრამ ამავე დროს ისინი აკანონებდნენ და სამუდამოდ ამტკიცებდნენ თავისუფალ ადამიანების კლასებად დაყოფას, რომელიც ის ის იყო ისახებოდა.

ამდენი საფასური, ამბობდა კანონი, მონასათვის (რომელსაც უხდიდნენ მის პატრონს), ამდენი თავისუფალი კაცისთვის, ამდენი მეომრისთვის, ასეთი თავადისათვის და უკანასკნელის საფასური იმდენად ძვირი იყო, რომ მკვლელს სიკვდილამდე მონობაში უნდა გაეტარებინა თავისი სიცოცხლე. პირვანდელი აზრით ეს განსხვავება, რასაკვირველია ის იყო, რომ თავადის ოჯახს, რომელიც ბევრად უფრო მეტად ზარალდებოდა, როცა ჰკარგავდა უფროსს, ვიდრე ჩვეულებრივი თავისუფალი ადამიანის ოჯახი, მაშინდელი შეხედულებით უნდა მიეღო მეტი ჯილდო, ვიდრე უკანასკნელს. მაგრამ კანონი, რომელმაც გამოჰხატა ეს ჩვეულება, აკანონებდა ადამიანთა დაყოფას კლასებად და აკნონებდა ისე მტკიცედ, რომ დღემდე ვერ მოგვიშორებია თავიდან.

ასე მოდიოდა კანონი დღემდე: წინა ეპოქის უსამართლობა და ძალმომრეობა კანონის საშუალებით გადმოდიოდა მომდევნო ეპოქებზე. სპარსეთის იმპერიის უსამართლობა გადაეცა საბერძნეთს; მაკედონიის ძალმომრეობა გადმოეცა რომს; რომის იმპერიის ძალადობა და სისასტიკე აღმოსავლეთის ტირანიებთან შერწყმული გადაეცა შუა საუკუნეებში აღმოცენებულ ევროპის სახელმწიფოებსა და ქრისტიანულ ეკლესიას. ასე, კანონის ძალით, ადებდა წარსული ბორკილებს მომავალს.

ყოველგვარი პირობა არსებობისათვის, ყველა ფორმა საზოგადოებრივი ცხოვრებისა ტომის, სოფლის თემის და შუა საუკუნეების ქალაქ-რესპუბლიკების, ყველა ფორმა ადრინდელი ხალხური თვითმართველობის და შემდეგ ქალაქთაშორისი ურთიერთობანი, რომელთაგანაც მერე შემუშავდა ადამიანთა საერთაშორისო უფლებები, – ერთი სიტყვით, ყველა ფორმა ურთიერთდახმარებისა და მშვიდობის დაცვისთვის, სამედიატორო სასამართლოს ჩათვლით, შემუშავებულ იქნა უსახელო ხალხური შემოქმედებით. მაშინ როდესაც ყოველნაირი კანონი, რაც კი დაწერილა ოდესმე დღემდე, ყოველთვის შედგებოდა შემდეგი ორი ელემენტისაგან: ერთი ამტკიცებდა და ამაგრებდა ყველასათვის ცნობილ, მიღებულ, სასარგებლო, ჩვეულებრივი ცხოვრების ფორმებს; ხოლო მეორე კი იყო დამატება, ერთი შეხედვით უმნიშვნელოც კი, მაგრამ ცბიერი თვისების ფორმალიზმი, რომელსაც მიზნად ჰქონდა დაემყარებინა ბატონის, მხედრის, თავადის და მღვდლის ძალაუფლება, გაემაგრებინა და ეკურთხებინა მათი ბატონობა, მათი ავტორიტეტი.

სწორედ ამ დასკვნამდე მივყავართ ჩვენ საზოგადოების განვითარების მეცნიერულ შესწავლას, რაზედაც მუშაობდა უკანასკნელი ორმოცი წლის განმავლობაში მრავალი კეთილსინდისიერი მეცნიერი. მართალია, ძალიან ხშირად ისინი ვერ ბედავდნენ გამოეთქვათ ასეთი ერეტიკული აზრები, როგორიც ზემოთ მოყვანილია, მაგრამ ამ დასკვნებამდე მივა ყოველი დაკვირვებული მკითხველი, როცა ეცნობა მათ თხზულებებს.

VIII. ანარქიზმის მდგომარეობა თანამედროვე მეცნიერებაში

როგორი ადგილი უჭირავს ანარქიზმს XIX საუკუნის დიად გონებრივ მოძრაობაში?

პასუხი ამ კითხვაზე რამოდენიმედ უკვე აღნიშნულია წინა თავებში. ანარქიზმი არის მსოფლმხედველობა, რომელიც ემყარება მოვლენების თანამედროვე, მექანიკურ (უფრო სწორი იქნებოდა, რომ გვეთქვა სიტყვა ”კინეტიკური”, რომლითაც აღნიშნავენ ნაწილაკთა მოძრაობას, მაგრამ ეს ტერმინი არ არის ყველასათვის ცნობილი) გაგებას და მოიცავს მთელ ბუნებას, ადამიანის საზოგადოებათა ცხოვრების ჩათვლით. გამოკვლევათა მისი მეთოდი – ეს უტყუარი ბუნებრივ-მეცნიერული (ინდუქცია) მეთოდია, რომლითაც შემოწმებულ უნდა იქნას ყოველი მეცნიერული დასკვნა. მისი ტენდენციაა – აგებულ იქნას სინთეზური ფილოსოფია, რომელიც უნდა შეიცავდეს სამყაროს ყველა მოვლენას, მათ შორის ადამიანთა საზოგადოების ეკონომიკურ, პოლიტიკურსა და ზნეობრივ ცხოვრებასაც, ისე რომ არ ჩავარდეს იმ შეცდომებში, რომლებშიაც ჩაეფლნენ კონტი და სპენსერი ზემოთხსენებულ მიზეზთა გამო.

ამიტომ ბუნებრივია, რომ თანამედროვე ცხოვრების დასმულ კითხვებზე ანარქიზმი იძლევა სხვაგვარ პასუხებს და უჭირავს სულ სხვა პოზიცია, ვიდრე ყველა პოლიტიკურ და აგრეთვე ზოგ სოციალისტურ პარტიას, რომელთაც ჯერ კიდევ ვერ უღალატნიათ წარსულის მეტაფიზიკური ფიქციებისათვის.

რასაკვირველია, მთელი მექანიკური მსოფლმხედველობის შემუშავება ეხლახან არის დაწყებული მის სოციოლოგიურ ნაწილში, რომელიც სწავლობს საზოგადოებათა ცხოვრებას და განვითარებას. მაგრამ იმასაც, რაც უკვე გაკეთებულია აჩნია ხანდახან, თუმცა არა შეგნებულად ზემოთ ნაჩვენები ხასიათის ბეჭედი. უფლების ფილოსოფიის დარგში, ზნეობის თეორიაში, პოლიტიკურ ეკონომიაში, ხალხთა და საზოგადოებრივ დაწესებულებათა ისტორიაში ანარქისტებმა უკვე დაამტკიცეს, რომ ვერ დაკმაყოფილდებიან მეტაფიზიკური დასკვნებით და ისინი განაგრძობენ ბუნებრივ-მეცნიერული საფუძვლების ძიებას თავიანთი დასკვნებისათვის.

ანარქისტები უარყოფენ ჰეგელის, შელინგისა და კანტის მეტაფიზიკას, რომისა და ეკლესიური უფლების კომენტატორებს, სახელმწიფოს სწავლულ პროფესორებსა და პოლიტიკური ეკონომიის მეტაფიზიკოსებს. ისინი ცდილობენ ბუნებისმეტყველის თვალთახედვით ნათელი მოჰფინონ ყველა იმ კითხვებს, რომლებიც წამოყენებულია ცოდნის ამ დარგში იმ მრავალი შრომით, რაც შეიქმნა ამ უკანასკნელი ოცდაათი თუ ორმოცდაათი წლის განმავლობაში.

ისევე როგორც მეტაფიზკური წარმოდგენები “მსოფლიო სულზე”, “ბუნების შემოქმედებით ძალაზე”, “მატერიის სიყვარულით მიზიდილობაზე”, “ბუნების მიზანზე და ცხოვრების არსზე”, “კაცობრიობაზე”, რომელიც შეგნებულია, როგორც სულიერი არსება და სხვები უკუგდებულია ეხლა მატერიალისტური ფილოსოფიის მიერ, ხოლო ის ჩანასახები ზოგადი აზრებისა, რომლებიც იმალება ამ სიტყვების უკან ითარგმნებიან ფაქტების კონკრეტულ ენაზე, – სწორედ ამგვარად ვიქცევით ჩვენ, როდესაც განვიხილავთ საზოგადოებრივი ცხოვრების მოვლენებს.

როცა მეტაფიზიკოსები ცდილობენ დაარწმუნონ ბუნებისმეტყველი, რომ ადამიანის ცნობიერება ვითარდება “სულის იმანენტური კანონების” თანახმად, ის მხოლოდ მხრებს იჩეჩავს და განაგრძობს ცხოვრებითი, გონებითი და გრძნობითი მოვლენების შესწავლას, იმ მიზნით, რომ დაგვანახოს, რომ ისინი წარმოადგენენ ქიმიურ და ფიზიკურ პროცესებს. ის ცდილობს აღმოაჩინოს მათი ბუნების კანონები.

სწორედ ასე, როცა ანარქისტს ეუბნებიან, რომ მაგალითად ჰეგელის თანახმად ყველანაირი განვითარება შედგება “თეზისის, ანტითეზისა და სინთეზისაგან”, ან რომ “უფლების მიზანია გამეფებულ იქნას სამართლიანობა, რომელიც არის უზენაესი იდეის მატერიალური განხორციელება”, ან კიდევ როცა მას ეკითხებიან, რა არის, მისი აზრით “ცხოვრების მიზანი” – ანარქისტიც მხრებს წევს მაღლა და საკუთარ თავს ეკითხება: “ნუთუ შესაძლებელია, რომ მიუხედავად მეცნიერების თანამედროვე განვითარებისა, მოძებნა ისეთი ადამიანებისა, რომლებიც ჯერ კიდევ თავის აზრს გამოთქვამენ პირველყოფილი ანთროპომორფიზმის ენაზე ( ანთროპომორფიზმი არის ისეთი წარმოდგენა, თითქოს ბუნებას განაგებს ადამიანის მსგავსი არსება)”?

მაღალფარდოვანი სიტყვები ანარქისტებს არ აბნევთ, რადგან იციან, რომ ასეთი სიტყვებით მხოლოდ უვიცობას მალავენ, დაუმთავრებელ გამოკვლევას, ან კიდევ უარესს, უბრალო ცრურწმენებს. ამიტომ, ისინი გვერდს უვლიან, როცა ასეთ სიტყვებს ეუბნებიან და განაგრძობენ თანამედროვე და წარსულ საზოგადოებრივ დაწესებულებათა მეცნიერულ შესწავლას. და რათქმაუნდა ისინი ხედავენ, რომ საზოგადოებრივი ცხოვრების განვითარება ბევრად უფრო რთულია და ბევრად უფრო საინტერესო პრაქტიკული მიზნებისათვის, ვიდრე ფიქრი ამ ფორმულების განსჯაზე.

ჩვენ ბევრი გვესმოდა უკანასკნელ ხანებში ”დიალექტიკური მეთოდის”  შესახებ, რომელსაც გვირჩევენ სოციალ-დემოკრატები სოციალისტური იდეალის შესამუშავებლად. ჩვენ საერთოდ არ ვცნობთ ამ მეთოდს, რომელსაც ასევე არ აღიარებს თანამედროვე მეცნიერება. თანამედროვე ბუნებისმეტყველს ეს ”დიალექტიკური მეთოდი” მოაგონებს რაღაც წარსულს, დიდიხნის გარდასულსა და დავიწყებულს. მეცხრამეტე საუკუნის აღმოჩენები მექანიკაში, ფიზიკაში, ქიმიაში, ბიოლოგიაში, ფსიქოლოგიაში, ანთროპოლოგიაში და სხვა, ნაყოფია არა დიალექტიკური მეთოდისა, არამედ ნამდვილი მეცნიერული ინდუქციური მეთოდისა და რადგან ადამიანიც ბუნების ნაწილია და მისი პირადი და საზოგადოებრივი ცხოვრება ისეთივე ბუნებრივი მოვლენაა, როგორც ყვავილის ზრდა ან ჭიანჭველებისა და ფუტკრების საზოგადოებრივი ცხოვრების განვითარება, მაშასადამე არავითარი საფუძველი არ გვაქვს, როცა ჩვენ გადავდივართ ყვავილიდან ადამიანზე ან წავების საბინადროდან ადამიანის მიერ აშენებულ ქალაქებზე, გამოვიცვალოთ კვლევა-ძიების მეთოდი, რომელიც დღემდე ასე წარმატებით გვემსახურება და ვეძებოთ სხვა მეტაფიზიკის არსენალში.

ინდუქციურ მეთოდმა ძალიან კარგად აჩვენა თავისი ძალა იმით, რომ მეცხრამეტე საუკუნეში, როცა ის გამოიყენეს, მეცნიერებამ ბევრად უფრო წაიწია წინ ამ ას წელში, ვიდრე წინა ორი ათასწლეულის განმავლობაში. და როცა ის გამოიყენეს ადამიანის საზოგადოებათა შესწავლის დროს, არსად არ აღმოჩენილა წერტილი, სადაც სისუსტე გამოევლინოს და აეძულებინოს მეცნიერები დაბრუნებოდნენ შუა საუკუნეების სქოლასტიკას, რომელიც მხოლოდ აბრკოლებდა მეცნიერების განვითარებას. უფრო მეტიც, როცა ბურჟუაზიულმა ბუნებისმეტყველებმა, რომლებიც თითქოს ემყარებოდნენ დარვინიზმს, იწყეს ქადაგება: ”დაჰკა ყველას, ვინც შენზე სუსტია: ასეთია ბუნების კანონიო”, ჩვენთვის ადვილი აღმოჩნდა დაგვემტკიცებინა იმავე მეცნიერული მეთოდით, რომ არ არსებობს არავითარი ასეთი კანონი; რომ ბუნება ჩვენ სულ სხვას გვასწავლის და რომ ამგვარი დასკვნა, სხვა რომ არა იყოს რა, მეცნიერული არ არის; იგივეს თქმა შეიძლება იმის მტკიცებაზე, რომ თითქოს ქონებრივი უთანასწორობა ბუნების კანონი იყოს და რომ კაპიტალიზმი და მასთან დაკავშირებული ექსპლოატაცია ადამიანთა საზოგადოებრივი ორგანიზაციის საუკეთესო ფორმაა. სწორედ ბუნებრივ-მეცნიერული მეთოდი ეკონომიკურ ფაქტებთან მიმართებაში გვაძლევს საშუალებას დავამტკიცოთ, რომ ბურჟუაზიულ საზოგადოებრივ მეცნიერებათა, მათ შორის პოლიტიკური ეკონომიის ე.წ. ”კანონები”, სრულიად არ არიან კანონები, არამედ უბრალო მოსაზრებანი და სრულიად შეუმოწმებელი პრაქტიკაში.

მეცნიერული კვლევა მხოლოდ მაშინ არის ნაყოფიერი, როცა მას აქვს გარკვეული მიზანი და მხოლოდ მაშინ, როცა უნდათ მიიღონ პასუხი განსაზღვრულ, სწორად დასმულ კითხვაზე. ყოველი კვლევა მით უფრო ნაყოფიერია, რაც უფრო ცხადია კავშირი შესასწავლ საკითხსა და მის მდგომარეობას მსოფლმხედველობასთან შორის. რაც უკეთ მიესადაგება ეს საკითხი ჩვენს მსოფლმხედველობას, მით უფრო ადვილია მისი გადაწყვეტა.

და აი კითხვა, რომელსაც სვამს ანარქიზმი, შეიძლება გამოითქვას შემდეგნაირად: ”რომელი საზოგადოებრივი ფორმები უზრუნველყოფენ უკეთ მოცემულ სზოგადოებაში და საერთოდ ადამიანებში ბედნიერებას და მაშასადამე სიცოცხლის უმეტეს ჯამს?” – ”საერთო ცხოვრების რა და რა ფორმები არის საჭირო, რომ ბედნიერების ეს ჯამი გაიზარდოს და განვითარდეს, როგორც რაოდენობითად, ისე ხარისხობრივად, – ე.ი. გახდეს სულ უფრო სრული და ხელმისაწვდომი ყველასათვის?” სხვათა შორის ეს გვაძლევს პროგრესის ფორმულას. სურვილი ევოლუციის ამ მიმართულებით ხელის შეწყობისა განსაზღვრავს კიდეც ანარქისტების საზოგადოებრივ, მეცნიერულ, არტისტულ მოღვაწეობას.

IX. ანარქისტული იდეალი

ანარქია, როგორც ავღნიშნეთ, დაიბადა პრაქტიკული ცხოვრებიდან გამომდინარე.

გოდვინი, თანამედროვე საფრანგეთის რევოლუციისა 1789-1793 წლებში, საკუთარი თვალებით ხედავდა, თუ როგორ გადაიქცა რევოლუციის დროს შემდგარი სახელმწიფო მთავრობა რევოლუციური მოძრაობის შემაფერხებელ მუხრუჭად. მან იცოდა აგრეთვე, თუ რა ხდებოდა მაშინ ინგლისში პარლამენტის მფარველობით: ძარცვავდნენ სათემო მიწებს, სოციალური აგენტები იტაცებდნენ ღარიბ ბავშვებს მუშათა სახლებიდან და გზავნიდნენ მათ საფეიქრო ქარხნებში, სადაც ისინი დაღუპვისათვის იყვნენ განწირულნი  და ა.შ. ის მიხვდა, რომ  ”ერთიან და განუყოფელ” იაკობინური რესპუბლიკის მთავრობასაც არ შეუძლია მოახდინოს საჭირო გარდაქმნა, რომ რევოლუციური მთავრობა, რომელიც იცავს სახელმწიფოს და პრივილეგიებს, აფერხებს განთავისუფლებას. გოდვინმა გააცნობიერა ეს და გამოთქვა ძირითადი ანარქისტული იდეა, რომ სოციალური რევოლუციის გასამარჯვებლად ადამიანებმა პირველ ყოვლისა უნდა უარყონ რწმენა კანონისა, ხელისუფლებისა, საკუთრებისა და სხვა ცრურწმენებისაც, რომლებიც გვიანდერძა ჩვენმა მონურმა წარსულმა.

ანარქიზმის მეორე თეორიტიკოსმა პრუდონმა, გოდვინის შემდეგ, თვითონ გამოსცადა თავის მხრებზე 1848 წლის რევოლუციის კრახი. ისიც თავისი თვალით ხედავდა იმ დანაშაულს, რომელიც ჩაიდინა რევოლუციურ რესპუბლიკურმა მთავრობამ, აგრეთვე ის დარწმუნდა ლუი ბლანის სახელმწიფოებრივი სოციალიზმის უძლურებაში. მომხდარზე შთაბეჭდილების შედეგად მან დაწერა თავისი შესანიშნავი თხზულება ”საზოგადო წარმოდგენა სოციალურ რევოლუციაზე”, სადაც აღიარა სახელმწიფოს განადგურება და აამაღლა ანარქია.

ბოლოს, მუშების ხალხთაშორისო კავშირში (ინტერნაციონალში) წარმოდგენამ ანარქიის შესახებ უფრო წინ წამოიწია, აგრეთვე რევოლუციის შემდეგ, ე.ი. 1871 წლის პარიზის კომუნის შემდეგ. კომუნის ამორჩეული საბჭოს სრულმა რევოლუციურმა უძლურებამ, რომელშიდაც შედიოდნენ პროპორციულად ყველა მაშინდელი რევოლუციურ ფრაქციათა წარმომადგენლები (იაკობინელები, ბლანკისტები და ინტერნციონალის წევრები), აგრეთვე ლონდონის ინტერნაციონალის გენერალური საბჭოს უძლურებამ და მისმა ნამდვილმა სულელურმა და საზიანო პრეტენზიამ ემართა პარიზის აჯანყება ინგლისიდან გამოგზავნილი ბრძანებებით თვალი აუხილა ბევრს. ამ გაკვეთილებმა დააფიქრეს ინტერნაციონალის მრავალი წევრი, მათ შორის ბაკუნინიც იმ მავნებლობაზე, რომელიც მოაქვს მთავრობას ზოგადად, იმისთანა მთავრობასაც კი, როგორიც იყო თავისუფლად არჩეული კომუნაში და მუშათა ინტერნაციონალში.

ლონდონის გენერალური საბჭოს გადაწყვეტლებას კი 1871 წლის ფარულ კონფერენციაზე, ყოველწლიური საჯარო კონგრესის ნაცვლად, უნდოდა მთელი მუშათა მოძრაობა შეეტრიალებინა სხვა მიმართულებით და გადაექცია ის ეკონომიკურ-რევოლუციური მოძრაობიდან (მუშათა კავშირების პირდაპირი ბრძოლა კაპიტალისტების წინააღმდეგ) პლიტიკურ, საარჩევნო პარლამენტარულ მოძრაობად, სადაც ეს მოძრაობა დაიღუპებოდა.

ამ გადაწყვეტილებას მოჰყვა იტალიის, ესპანეთის და ბელგიის მუშათა კავშირების (ფედერაციების) აჯანყება ლონდონის გენერალური საბჭოს წინააღმდეგ (საფრანგეთში ინტერნაციონალი სასტიკად იყო აკრძალული); ამ აჯანყებიდან იწყება ანარქისტული მოძრაობა, რომელიც დღემდე გრძელდება.

მაშასადამე, ანარქისტული მოძრაობა ყოველთვის იწყებოდა პრაქტიკული გაკვეთილების გავლენის ქვეშ. ის იბადებოდა თვით ცხოვრების გაკვეთილებისაგან. მაგრამ ერთხელ დაწყებული, ის დაუყონებლივ ეძებდა თავის თეორიულ, მეცნიერულ გამოხატულებას და დასაბუთებას. მეცნიერულს, არა უმრავლესობისავის გაუგებარი მნიშვნელობით, ის არ დაბრუნებულა უკვე მოცილებულ მეტაფიზიკას, არამედ იმ აზრით, რომ ის შენდებოდა იმ დროინდელ მეცნიერულ საფუძვლებზე და თვითონ ხდებოდა მეცნიერების ერთ-ერთი მიმართულება.

აგრეთვე იმ დროს ანარქისტები მუშაობდნენ თავიანთი იდეალის განვითარებისათვის: მომავალი საზოგადოებრივი წყობის ხედვაზე.

არავითარ ბრძოლას არ ექნება წარმატება, თუ ის დარჩება შეუგნებელი და თუ ის არ მისცემს თავს კონკრეტულ, რეალურ ანგარიშს თავის მიზანში. არსებულის არავითარი დანგრევა არ არის შესაძლებელი თუ თვით დანგრევის ან დანგრევისათვის ბრძოლის დროს ხალხს არა აქვს გონებაში წარმოდგენილი ის, თუ რამ უნდა დაიკავოს იმის ადგილი, რომლის დანგრევაც სურთ. არსებულის თეორიული კრიტიკაც კი არ არის შესაძლებელი, თუ კრიტიკოსს მეტ-ნაკლებად ნათლად არა აქვს წარმოდგენილი, თუ რა სურს მას არსებულის მაგიერ. საზოგადოებრივ დაწესებულებათა ყოველ კრიტიკოსის გონებაში შეგნებულად თუ შეუგნებლად ყოველთვის დახატულია რაღაც უკეთესის იდეალი.

მითუმეტეს, როცა საქმე მებრძოლ ადამიანს ეხება. ელაპარაკო ხალხს იმაზე, რომ ”მოდით, პირველად სახელმწიფო ან კაპიტალიზმი დავანგრიოთ და მერე დავინახავთ თუ რა უნდა დავამყაროთ მათ ადგილას” ნიშნავს უბრალოდ თავისა და სხვის მოტყუებას. მაგრამ მოტყუებით ძალის შექმნა შეუძლებელია. თვით იმასაც, ვინც ასე მსჯელობს აუცილებლად აქვს ასე თუ ისე წარმოდგენა იმაზე, თუ რას ისურვებდა იმის ასდგილას, რასაც თავს ესხმის. მაგალითად, მუშაობენ რა რუსეთის იმპერიის დასანგრევად, ერთნი ინგლისის ან გერმანიის კონსტიტუციაზე ფიქრობს, მეორენი რესპუბლიკაზე ოცნებობენ, რომელიც შეიძლება იყოს დაქვემდებარებული თავიანთი პარტიის დიქტატორს, ან ფედერაციულ რესპუბლიკაზე ამერიკის შეერთებული შტატების მსგავსად, მესამენი კი ცდილობენ სახელმწიფოებრივ ძალთა რაც შეიძლება მეტ შეზღუდვას და ქალაქთა, თემთა, მუშათა კავშირთა და ყოველგვარ სხვა ჯგუფთა მეტ თავისუფლების დამყარებას, რომლებიც ერთმანეთთან ფედერაციული ხელშეკრულებით იქნებიან შეერთებულნი.

ამგვარად ყოველ პარტიას, რომელიც კი ოპონირებას უწევს დღეს არსებულ ბურჟუაზიულ კაპიტლიზმის, ამგვარად გააჩნია საკუთარი ასე თუ ისე გარკვეული წარმოდგენა მომავლზე: იქნება ეს საელმწიფო კაპიტალიზმი ან ბაბეფის სახელმწიფოებრივი კომუნიზმი, თუ კომუნისტურ ასოციაიათა ფედერაცია წარმოებისათვის, გაცვლისა და იმის მოხმარებისთვის, რომელიც მათ მოჰყავთ მიწიდან ან აწარმოებენ საწარმოებში.

ყოველ პარტიას აქვს თავისი იდეალი, რომელიც მას ეხმარება შეაფასოს  პოლიტიკური და ეკონომიკური ცხოვრების მოვლენები, აგრეთვე რომ შეიმუშავოს მოქმედების საშუალებები, რომლებიც მიესადაგებიან მის იდეალს, რათა უკეთ მიაღწიონ თავიანთ მიზანს.

სრულიად ბუნებრივია, რომ ანარქიზმსაც, რომელიც დაიბადა ყოველდღიურ ბრძოლაში, ასევე უმუშავდებოდა თავისი იდეალი და ამ იდეალით, ამ მიზნით, ამ მისწრაფებებით, ამ მოქმედების საშუალებებით ანარქიზმი მალევე გამოეყო  ყველა სხვა პოლიტიკურ პარტიათ, აგრეთვე სოციალისტურ პარტიათა უმრავლესობას, რომლებმაც შეინარჩუნეს ძველი რომაული და საეკლესიო იდეალები სახელმწიფოებრივი წყობილებისა.

XIV. ანარქიზმის რამოდენიმე დასკვნა

აქ ადგილი არ არის შევუდგეთ ანარქიზმის წარმოშობისა და მისი პრინციპების თანმიმდევრულ განხილვას. ამ ნარკვევს თავისი, გარკვეული მიზანი აქვს. ანარქიზმის ძირითად აღნუსხვას მკითხველი სხვა შრომებში ნახავს, მაგრამ ორი-სამი მაგალითი დაგვეხმარება უკეთ განვმარტოთ ჩვენი შეხედულებათა ადგილი თანამედროვე მეცნიერებაში და თანამედროვე საზოგადოებრივ მოძრაობაში.

მაგალითად, როდესაც ჩვენ გველაპარაკებიან უფლებაზე და გვიმტკიცებენ, რომ თითქოს ”უფლება სიმართლის გაობიექტებაა”, ან ”უფლების განვითარების კანონები ადამიანის სულის განვითარების კანონებია”, ან კიდევ, რომ ”უფლებისა და ზნეობის არსი ერთიდაიგივეა და მხოლოდ ფორმალურად განირჩევიან”. ჩვენ ასეთ მტკიცებას ისეთივე უპატივცემლოდ ვეპყრობით, როგორც მეფისტოფელი გოეთეს ”ფაუსტში”. ჩვენ გვესმის, რომ ამ ფრაზათა ავტორებს ბევრი აზროვნება დაუხარჯავთ ამ საკითხებზედ, მაგრამ ჩვენ ვიცით აგრეთვე ისიც, რომ ისინი მცდარ გზაზე იდგნენ და მათ ასეთ აზრებში ჩვენ მხოლოდ შეუგნებელ განზოგადოებათა უბრალო ცდებს ვხედავთ, რომლებიც არ არიან მტკიცე საფუძველზე აშენებულნი და ამასთანავე ”საიდუმლო სიტყვებით” არიან ბურუსში გახვეულნი ადამიანთა ჰიპნოზირებისათვის.

წარსულში უფლებას ღვთაებრივი წარმომავლობა  მიეწერებოდა; შემდეგ მეტაფიზიკური საფუძველის ჩხრეკა იწყეს; ეხლა კი უკვე ჩვენ შეგვიძლია უფლებრივი წარმოდგენების წარმოშობისა და განვითარების შესწავლა ზუსტად ისე, როგორც სწავლობენ ფუტკრის მიერ თაფლის დამზადების შესაძლებლობის განვითარებას. მეცხრამეტე საუკუნის ანთროპოლოგიური სკოლის შრომების გამოყენებით ჩვენ ვიკვლევთ საზოგადოებრივ ჩვეულებებსა და უფლებრივ წარმოდგენებს პირველყოფილი ველურებიდან, შემდეგ უფლებების თავმოყრას წერილობით კანონთა კრებულში სხვადასხვა ისტორიულ ეპოქებში დღემდე.

ამგვარად ჩვენ მივდივართ იმ დასკვნამდე, რომელიც უკვე ერთ-ერთ წინა გვერდზე იყო გამოთქმული: ყველა კანონი, ვამბობთ ჩვენ, ორგვარი წარმოშობის არის და სწორედ ამით განსხვავდება ის ამა თუ იმ საზოგადოებაში ზნეობის საყოველთაოდ მიღებულ დებულებათა ჩვეულებების გზით განმტკიცებისაგან. კანონი ამ ჩვეულებების კრისტალიზაციას ახდენს, ამავე დროს სარგებლობს მათით, რომ დაამყაროს და განამტკიცოს, ჩვეულებრივ ფარული, შეუმჩნეველი ფორმით ახლად ჩასახული მონობა, კლასებად დაყოფა, ოჯახის უფროსის ძალაუფლება, ქურუმთა და მხედართა უფლება, ბატონ-ყმობა და ყველა სხვა დაწესებულებები შეიარაღებული და მართველი უმცირესობის სასარგებლოდ. ამ გზით კაცობრიობა შეუმჩნევლად ებმებოდა მძიმე უღელში, რომლისაგან განთავისუფლება შემდგომში მხოლოდ რევოლუციის საშუალებით უხდებოდა ხოლმე.

და ეს ასე მოდის ყველა დროში დღევანდელ წუთამდე. ასე მეორდება თანამედროვე ე.წ. მუშათა კანონმდებლობაში, რომელსაც ”შრომის მფარველობასთან” ერთად ჩუმად შემოაქვს სავალდებულო სახელმწიფო შუამდგომლობის იდეა გაფიცვებში (!), მუშათათვის რვა საათიანი სავალდებულო სამუშაო დღე. სწორედ ამ ”შრომის კოდექსით” ეძლევათ შესაძლებლობა გაფიცვების დროს რკინიგზის სამხედრო ექსპლოატაციის შესახებ, ირლანდიელ გლეხთა მიწა-წყლის გარეშე დატოვების დაკანონება და ბევრი სხვა ამგვარი. ან მაგალითად, აკანონებენ რა ჯანმრთელობის დაზღვევას, დაზღვევას უმუშევრობისგანაც კი და ამით აძლევენ სახელმწიფოს უფლებას და ვალდებულებას აკონტროლოს მუშის ყოველი დღე, ამით ეძლევა სახელმწიფოს შესაძლებლობა შეუზღუდოს მუშას დასვენების უფლება, რომლის ნებას უკვე ვერ მისცემს მშრომელი ადამიანი თავის თავს თუ არ მიიღებს ჩინოვნიკის ნებართვას.

და ეს ასეც გაგრძელდება, სანამ საზოგადოების ერთი ნაწილი გამოსცემს კანონებს მთელი საზოგადოებისათვის და ამით მუდმივად გაიზრდება სახელმწიფო ძალაუფლება, რომელიც კაპიტალიზმის უმთავრეს ბურჯს წარმოადგენს. ეს გაგრძელდება მანამ, სანამ გაგრძელდება საერთოდ კანონების გამოცემა.

აქედან გამომდინარე ადვილი გასაგებია, თუ რატომ უარყოფენ ანარქისტები ყველა წერილობით კანონს გოდვინიდან მოყოლებული და მიუხედავად ამისა, ყოველი ანარქისტი უფრო მეტად მიისწრაფვის სამართლიანობისაკენ, რომელიც თანასწორობის გარეშე შეუძლებელიცაა, ვიდრე ყველა კანონმდებელი ერთად აღებული.

როდესაც ჩვენ გვსაყვედურობენ, რომ თითქოს კანონის უარყოფით ყოველგვარ ზნეობასაც ვუარყოფთ, იმიტომ რომ ჩვენ უარვყოფთ ”კატეგორიულ იმპერატივს”, რომელზედაც კანტი წერდა, ჩვენ ვპასუხობთ, რომ თვით ენა ასეთი საყვედურისა ჩვენთვის გაუგებერია და უცხოა, ისევე უცხო და გაუგებარი, როგორც უცხოა იგი ყოველი ბუნებისმეტყველისათვის, რომელიც ზნეობათა მოვლენებს სწავლობს. და ამიტომ, სანამ დისკუსიაში შევიდოდეთ, ჩვენ მხოლოდ შემდეგს ვეკითხებით: ”გვითხარით ბოლოსდაბოლოს რა გსურთ რომ თქვათ ამ თქვენი კატეგორიული იმპერატივებით? არ შეგიძლიათ თქვენი აზრები გასაგებ ენაზე გადმოთარგმნოთ, აი ისე, როგორც მაგალითად ლაპლასი, რომელმაც უმაღლესი მათემატიკის ფორმულები ყველასათვის გასაგებ ენაზე გამოხატა? ყველა დიდი მეცნიერი გამოთქვამდა და გამოთქვამს თავის აზრებს გასაგებად და რატომ არ უნდა მოიქცეთ ასე თქვენ?”

მართლაც, რა უნდა თქვას იმ ადამიანმა, რომელიც საყოველთაო კანონს ან და კანტის ”კატეგორიულ იმპერატივს” ეყრდნობა? ყველა ადამიანს აქვს იმის წარმოდგენა, რომ არ უნდა გაუკეთოს სხვას ის, რაც თვით არა სურს რომ გაუკეთონ. თუ ეს ასეა, შევისწავლოთ (როგორც უკვე მოიქცნენ ამ შემთხვევაში ადამ სმიტი და მასზე ადრე ჰეტჩესონი), საიდან ჩაისახნენ ადამიანში და განვითარდნენ ეს ზნეობრივი წარმოდგენანი.

შემდეგ გავარჩიოთ თუ რამდენად ემთხვევა სამართლიანობის წარმოდგენას თანასწორობის იდეა. კითხვა ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან მხოლოდ მას, ვინც სხვას თავის თანასწორად თვლის შეუძლია მიიღოს ეს წესი; ”ნუ იქმ სხვისთვის იმას, რაც თვით შენთვის არა გსურს”. არც მებატონეს, არც მონათმფლობელს, რომლებიც არც ყმას და არც ზანგს თავის  თანასწორად არ თვლიდნენ, ცხადია არ სწამდათ ”საყოველთაო კანონის” და ”კატეგორიული იმპერატივის”. თუ კი ეს ჩვენი შენიშვნა მართალია, მაშინ ვნახოთ, შესაძლებელი თუ არა ზნეობის დანერგვა, როდესაც ამავდროულად უთანასწორობის იდეებს ნერგავენ?

ბოლოს დავფიქრდეთ, როგორც ეს ქნა გუიომ, თუ რა უწყობა ხელს ისტორიაში ზნეობრივ გრძნობათა განვითარებას ადამიანში, თუნდაც მხოლოდ იმათ შევეხოთ, რომლებიც თანასწორობის წარმოდგენასთან არიან დაკავშირებულნი და ამ გარჩევისაგან დავასკვნათ, თუ როგორ საზოგადოებრივ პირობებს და როგორ დაწესებულებებს შეუძლიათ უკეთ უზრუნველყონ მომავალში ამ გრძნობათა გაღრმავება და განვითარება? მაშინ ჩვენ გავიგებთ რამდენად ეხმარება ამას რელიგია, ეკონომიკური და პოლიტიკური უთანასწორობა, ასევე კანონი, სასჯელი, ციხე, სასამართლო, მეციხოვნე და ჯალათი.

შევისწავლოთ ყველაფერი ეს დეტალურად და მაშინ ვიწყოთ ბაასი ზნეობის საფუძვლებზე და მათზე კანონის, სასამართლოსა და პოლიციის გავლენაზე. მაგრამ უკეთესია თავი გავანებოთ ისეთ სიტყვებს, რომლებიც მხოლოდ მალავენ ჩვენს უცოდინრობას. შეიძლება ისინი წარსულ ეპოქაში გარდაუვალიც კი იყო, მაგრამ სასარგებლო საეჭვოა რომ ოდესმე ყოფილიყო. ეხლა უკვე შეგვიძლია საზოგადოებრივ საკითხთა შესწავლა ისე, როგორც მებაღე და ბოტანიკოსი სწავლობენ ოპტიმლურ პირობებს მცენარის ზრდისათვის.

სწორედ ასე არ მივიჩნევთ ჩვენ აბსოლიტურ ჭეშმარიტებად იმის მტკიცებას, თითქოს ”თავისუფალ ბაზარზე საქონელთა ღირებულება იზომება შრომის იმ რაოდენობით, რომელიც საჭიროა მათი წარმოებისათვის” (იხ. რიკარდოს, პრუდონის, მარქსის და მრავალი სხვას შრომები), იმიტომ რომ ისინი ამა თუ იმ ავტორიტეტის მიერ არის წარმოთქმული ან და იმიტომ, რომ ჩვენ ”ჭეშმარიტ სოციალისტურად” გვეჩვენება იმის თქმა, რომ შრომა არის საქონლის ღირებულების საზომი. შეიძლება ეს ასეც იყოს, – ვამბობთ ჩვენ, მაგრამ ვერ ამჩნევთ, რომ ამით თქვენ ამტკიცებთ ღირებულებისა და შრომის რაოდენობის პროპორციულობას, სწორედ ისე, როგორც სხეულის ვარდნის სიჩქარე პროპორციულია იმ დროისა, რომლის განმავლობაშიც ვარდებოდა სხეული? სწორედ ამით თქვენ ამტკიცებთ ორ სიდიდეთა შორის რიცხვით შედარებას, მაგრამ ყოველგვარი რიცხვითი შედარება რიცხვითი გაზომვით შეიძლება იქნას დამტკიცებული და ჩაატარეთ ასეთი გამოთვლები, რომ დაგემტკიცებინათ თქვენი მოსაზრებები?

თქვენ შეგიძლიათ თქვათ, რომ საქონლის საცვლელი ღირებულება მატულობს თუ მასზე მეტი შრომის დახარჯვაა საჭირო, ეს დასკვნა უკვე გაკეთებული აქვს ადამ სმიტს, მაგრამ შემდეგ კი იმის მტკიცება, რომ ეს ორივე სიდიდე ურთიერთპროპორციული არის, რომ ერთი წარმოადგენს მეორეს საზომს, იგივე შეცდომაა, როგორც იმის მტკიცება, თითქოს მოსული წვიმის რაოდენობა პროპორციულია იმ მილიმეტრის რაოდენობის, რომელსაც ბარომეტრი აჩვენებს მოცემულ ადგილას და წელიწადის კონკრეტულ დროს. ადამიანმა, რომელმაც პირველად შენიშნა, რომ ბარომეტრის ისრის დაწევის დროს უფრო მეტი წვიმა მოდის, ვიდრე მისი აწევის დროს, ან ვინც პირველი მიხვდა, რომ დიდი სიმაღლიდან ჩამოვარდნილი ქვა უფრო მეტ სიჩქარეს ავითარებს, ვიდრე ქვა რომელიც ერთი მეტრი სიმაღლიდან ვარდება – ამ ადამიანებმა მეცნიერული აღმოჩენა მოახდინეს (როგორც ადამ სმიტმა ღირებულებასთან დაკავშირებით), მაგრამ ის, ვინც ამის შემდეგ იწყებს იმის მტკიცებას, რომ წვიმის რაოდენობა ბარომეტრის მიერ ნაჩვენები მილიმეტრებით იზომებაო, ან, რომ ჩამოვარდნილი ქვის მიერ განვლილი მანძილი ვარდნის დროის პროპორციულია და ამით იზომებაო, არა თუ სისულელეს იტყოდა, არამედ კიდევ დაამტკიცებდა, რომ გამოკვლევის ნამდვილი მეთოდი მისთვის სრულიად უცხოა, რომ მისი შრომა არამეცნიერულია, იმის მიუხედავად, თუნდაც იგი სულ მეცნიერული სიტყვებით იყოს სავსე.

შეიძლება ამ მოსაზრებების გამართლებისთვის გვითხრან, რომ ზუსტი ციფრები საქონლის ღირებულებისა და მისი წარმოებისათვის საჭირო შრომის რაოდენობის დასადგენად არ არისო, მაგრამ ეს არგუმენტი არასაკმარისი იქნებოდა. მეცნიერებაში ცნობილია ათასი ისეთი ურთიერთმიმართება, რომლებშიაც ჩვენ ვხედვთ, რომ ორი სიდიდე დამოკიდებულია ერთმანეთზე და თუ ერთ-ერთი მათგანი გაიზრდება, გაიზრდება მეორეც. მაგალითად, მცენარის სწრაფი ზრდა დამოკიდებულია აგრეთვე მიღებულ სითბოსა და სინათლეზე; ან ზარბაზნის უკან გაგორების დამოკიდებულება დენთის რაოდენობისაგან.

მაგრამ არც ერთ მეცნიერს აზრადაც არ მოუვა ამ სიდიდეთა პროპორციულობის მტკიცება, სანამ არ გამოიკვლევს მათ რიცხვით დამოკიდებულებას და მით უმეტეს ამ პროპორციულობის მეცნიერულ კანონად გამოცხადება. მხოლოდ ეკონომისტებს ან იურისტებს ე.ი. იმ ადამიანებს შეუძლიათ მსგავსი განცხადებების კეთება, რომელთაც მცირეოდენი წარმოდგენაც კი არა აქვთ თუ რა იგულისხმება მეცნიერებაში სიტყვა “კანონის” ქვეშ.

საერთოდ ორ სიდიდეს შორის ურთიერთდამოკიდებულება ძალიან რთული თემაა და ეს ეხება ღირებულების თეორიასაც. საცვლელი ღირებულება და შრომა სწორედ რომ არ არიან ურთიერთპროპორციულნი: ერთი არასოდეს არ განაპირობებს მეორეს. ზუსტად ეს შენიშნა ადამ სმიტმა, როცა თქვა რომ ყოველი საგნის საცვლელი ღირებულება ისაზღვრება მის საწარმოებლად აუცილებელი შრომის რაოდენობით, მაგრამ საქონლის ღირებულების გამოკვლევის შემდეგ ის იძულებული გახდა დაემატებინა, რომ თუ ეს იყო პირველოფილ საზოგადოებაში პროდუქტების მოთხოვნილებების მიხედვით გაცვლის დროს, ეს შეწყდებოდა კაპიტალისტურ წყობაში, რადგან კაპიტალიზმა იძულებითი შრომითა და მოგებაზე ორიენტირებული გაცვლით დაანგრია ეს მარტივი დამოკიდებულებები და მრავალი ახალი მიზეზის შემოღებით შეცვალა დამოკიდებულება შრომასა და საცვლელ ღირებულებას შორის. ამაზე იგნორი ნიშნავს უარს პოლიტიკური ეკონომიის შემუშავებაზე და მხოლოდ იდეების უბრალო დაშვებით ეონომიკიური მეცნიერების განვითარების ხელისშეშლას.

იგივე ითქმის ყველა ეკონომიკურ დებულებათა შესახებ, რომლებიც დღეს საერთო შეხედულებად იქცნენ და შეუდარებელი გულჩვილობით უდრეკ კანონებად იქნენ გამოცხადებულნი ზოგიერთ სოციალისტს შორის, რომელთაც უყვართ თავიანთი თავისთვის მეცნიერი სოციალისტების წოდება. ჩვენ არა თუ ვნახულობთ, რომ ამ კანონების უმრავლესობა მცდარია, არამედ კიდეც ვამტკიცებთ, რომ თვით ისინი, ვისაც ეს დებულებანი სწამთ დარწმუნდებიან მათ სიყალბეში, როგორც კი შეიგნებენ თავიანთ რიცხვით დებულებათა აუცილებელ შემოწმებას რიცხვითივე გამოკვლევით.

მაგრამ ჩვენ, ანარქისტებს თვით პოლიტიკური ეკონომია გვაქვს სულ სხვაგვარად წარმოდგენილი, ვიდრე იგი ესმის თანამედროვე ეკონომისტებს, როგორც ბურჟუაზიულ, აგრეთვე სოციალ-დემოკრატიული ბანაკებიდანაც. ეს ორივენი, როგორც მოკლებულნი მეცნიერულ მეთოდს (ინდუქციურ-დედუქციურს), არ აძლევენ თავის თავს გარკვეულ პასუხს იმის შესახებ, თუ რა არის ”ბუნების კანონები”, თუმცა განუწყვეტლივ ბოროტად ხმარობენ ამ სიტყვას. ისინი ვერ ამჩნევენ, რომ ბუნების ყოველ კანონს პირობითი ხასიათი აქვს. იგი ყოველთვის შემდეგნაირად გამოიხატება: თუ დაკვირვებისას ბუნებაში ესა თუ ის პირობებია, ესა და ეს მოხდება; თუ ერთი ხაზი მეორეს კვეთს და მასთან ერთად ორივე მხარეზე თანასწორ კუთხეებს ქმნის, მაშინ შედეგები ესეთი და ესეთი იქნება; თუ ვარსკვლავთა შორის არსებულ სივცეში მოძრაობს ორი სხეული და მათზე არ მოქმედებს სხვა სხეული მაშინ ეს სხეულები ერთმანეთს მიიზიდავენ ამა და ამ სიჩქარით და ა.შ.

ბურჟუაზიული პოლიტიკური ეკონომიის თეორია და მისი ეგრედ წოდებული კანონები შემდეგნაირად გამოხატება: ”თუ დავუშვებთ, რომ მოცემულ ქვეყანაში მცხოვრები მოსახლეობის მნიშვნელოვან ნაწილს არ შეუძლია არსებობა თუ არ მიიღებს სახელმწიფოს სასურველ სამუშაო პირობებს ან სახელმწიფოს მიერ აღიარებული მიწების, ფაბრიკების, ტრანსპორტის და ა.შ. მფლობელების შეთავაზებას, მაშინ ამის შედეგი იქნება ესა და ეს”

დღემდე ბურჟუაზიული პოლიტიკური ეკონომია იყო კიდეც იმის გამოთვლა, თუ რა მოხდებოდა სხვადასხვა პირობებში; ის მხოლოდ ამ პირობების შედეგად მომხდარ ფაქტებს წარმოაჩენდა, როგორც ფატალურსა და ულმობელ კანონებს.

რაც შეეხება სოციალისტურ პოლიტიკური ეკონომიას, რომელიც მართალია უწევს კრიტიკას ზოგიერთ ამ დებულებათ, ან რამოდენიმედ სხვაგვარად ხსნის სხვებს, მაგრამ მას კიდევ არ შეუქმნია თავისი გზა. იგი ისევ ძველ ჩარჩოებში რჩება და იმავე გზას მიუყვება. ყველაზე დიდი, რაც მან გააკეთა (მარქსთან) ისაა რომ, მან აიღო პოლიტიკური ეკონომიის მეტაფიზიკური და ბურჟუაზიული განსაზღვრება და თქვა: ”თქვენ ძალიან კარგად ხედავთ, რომ კაპიტალისტი მშრომელი ადამიანის ექსპლოატაციას ეწევა!” ეს შეიძლება კარგად ჟღერდეს პამფლეტში, მაგრამ არაფერი საერთო არა აქვს მეცნიერებასთან [პირველი მცდელობა ამ მიმართულებით გაკეთებულ იქნა ფრანსუა ვიდალის მიერ თავის შრომაში ”სიმდიდრის გაყოფაზე ანუ განაწილების სამართლიანობის შესახებ”. პარიზი, 1846 წ. მაგრამ რატომღაც სწორედ ამ წიგნს არავინ არ ახსენებს და იციან მხოლოდ მათზე, ვინც სარგებლობდა ამ შრომით].

პოლიტიკურ ეკონომიამ კი ჩვენი აზრით სულ სხვა მიზანი უნდა დაისახოს. ის ისე უნდა მოეკიდოს ადამიანთა საზოგადოებას, როგორც ბიოლოგია მცენარეთა და ცხოველებს. იგი საზოგადოების ფიზიოლოგიად უნდა იქცეს. მან უნდა დაისახოს მიზნად საზოგადოების მზარდ მოთხოვნილებათა და მათ დასაკმაყოფილებლად საჭირო სხვადასხვა საშუალებების შესწავლა; გარჩევა იმისი, თუ რამდენად ადეკვატურია ისინი ამ მიზნისათვის; და ბოლოს, რადგან ყოველი მეცნიერების მიზანია ცხოვრებაში მისი პრაქტიკული გამოყენება (ეს უკვე ბეკონმა მიუთითა) – გამონახვა ამ თანამედროვე მოთხოვნილებათა საუკეთესოდ დასაკმაყოფილებელ საშუალებებისა, რომლებიც უმცირესი შრომის დახარჯვით (მისი უმეტესი ეკონომიით) კაცობრიობას უმეტეს სარგებელს მისცემენ.

ნათქვამიდან უკვე აშკარაა, თუ რატომ მივდივართ სულ სხვა დასკვნებამდე განსხვავებით ეკონომისტთა უმრავლესობისა, როგორც ბურჟუაზიული, ისე სოციალ-დემოკრატიული სკოლისა; რატომ არ გვწამს ”კანონებად” ზოგიერთი მათ მიერ ნაჩვენები განსაზღვრებანი; რატომ განვმარტავთ ჩვენ სულ სხვაგვარად სოციალიზმს და ბოლოს რატომ ვაღწევთ სხვა დასკვნებს სასურველისა და შესაძლებელის შესახებ, როდესაც ვსწავლობთ და ვიკვლევთ ხალხთა ეკონომიკურ ცხოვრებაში შემჩნეულ მიმართულებებს და მიმდინარეობებს (ტენდენციებს); სხვაგვარად რომ ვთქვათ რატომ მივდივართ თავისუფალ კომუნიზმამდე, როდესაც სოციალისტთა უმრავლესობა მხოლოდ სახელმწიფოებრივ კაპიტალიზმამდე და კოლექტივისტურ დაქირვებულ შრომამდე მიდის.

შეიძლება ჩვენ ვცდებით და ისინი მართლები არიან, მაგრამ იმის შემოწმება თუ ვინაა მართალი ან მტყუანი არ არის შესაძლებელი არც ავტორიტეტით და არც ჰეგელის ტრიადით, არც დიალექტიკური მეთოდით; იგი შესაძლებელია მხოლოდ ეკონომიკურ, როგორც ბუნებისმეტყველურ ფაქტთა შესწავლით *.
_______________
შემდეგი სტრიქონები ერთ-ერთი ცნობილი ბელგიელი ბიოლოგის მიერ მოწერილი წერილიდან დამეხმარება ნათქვამის უფრო ცხადად წარმოჩენაში: ”რაც უფრო ვუღრმავდები თქვენს ნაშრომს ”მინდვრები, ფაბრიკები და სახელოსნოები” – მწერს პროფესორი, –  მით უფრო ვრწმუნდები, რომ ეკონომიკურ და სოციალურ კითხვათა შესწავლა ამიერიდან მხოლოდ მათ შეუძლიათ, ვისაც საბუნებისმეტყველო მეცნიერებანი შეუსწავლიათ და მათი სულით გაიჟღინთნენ. მათ, ვისაც მხოლოდ ე.წ. კლასიკური განათლება მიუღიათ არ ძალუძთ მეტი გაიგონ თანამედროვე იდეების მოძრაობაზე და ასევე არ შეუძლიათ სპეციალურ საკითხთა შესწავლა. აზრი შრომის ინტეგრაციის და დროში შრომის განაწილების შესახებ (აზრი, რომ საზოგადოებისათვის სასარგებლო იქნებოდა, რომ თითოეულ ადამიანს შეეძლოს მუშაობა მიწათმოქმედების, მრეწველობისა და გონებრივ დარგებში და ამით სხვადასხვა დროს გაამრავლფეროვნოს თავისი შრომა და შეიქმნეს მრავალმხრივ განვითარებულ პიროვნებად), ახლო მომავალში შეიქმნება ეკონომიკურ მეცნიერების ერთ ქვაკუთხედთაგან, მრავალი ბიოლოგიური ფაქტია, რომლებიც სრულიად ეთანხმებიან ეხლახან გამოთქმულ აზრს და ამგვარად გვიჩვენებენ, რომ ჩვენ აქ ბუნების კანონთან გვაქვს საქმე, სხვაგვარად რომ ვთქვათ ბუნებაში ძალის ეკონომია ხშირად მიიღწევა ამ გზით. ვიკვლევთ რა რომელიმე არსების სასიცოცხლო ფუნქციებს მისი ცხოვრების სხვადასხვა პირობებში და წლის სხვადასხვა დროშიც კი, ხანდახან დღის სხვადასხვა მომენტებშიაც, ჩვენ ვნახულობთ შრომის განაწილების განხორციელებას დროში, რაც განუყრელად დაკავშირებულია შრომის განაწილებასთან სხვადასხვა ორგანოთა შორის (ადამ სმიტის კანონი).

მეცნიერები, რომლებიც არ იცნობენ საბუნებისმეტყველო მეცნიერებებს, უუნარო არიან შეიგნონ ნამდვილი არსი ბუნების კანონისა; მათ აბრმავებს სიტყვა ”კანონი” და ჰგონიათ რომ კანონს, – როგორც მაგალითად ადამ სმიტის კანონი, – ფატალური ძალა აქვს, რომლისგანაც განთავისუფლება შეუძლებელია. როდესაც კი მათ ამ კანონის მეორე მხარეს უჩვენებენ, სამწუხარო შედეგებს განვითარების და პირადი ბედნიერების თვალთახედვის კუთხიდან, ისინი გვიპასუხებენ: ”ასეთია შეუბრალებელი კანონიო”, ხანდახან კი ისე მკაცრად იძლევიან ამ პასუხს, რომ ამით ამტკიცებენ თავის რწმენას უცოდველობაში. ბუნებისმეტყველმა კი იცის, რომ მეცნიერებას ძალუძს მოსპოს კანონის მავნე შედეგები; რომ ხშირად ადამიანი იმარჯვებს თვით ბუნების წინააღმდეგ.

სიმძიმის ძალა აიძულებს სხეულებს დავარდნენ; მაგრამ იგივე ძალა აიძულებს საჰაერო ბურთს აიწიოს მაღლა. ჩვენ ეს ძალიან მარტივ გასაგებად მიგვაჩნია; კლასიკური სკოლის ეკონომისტებს, როგორც ჩანს, მხოლოდ დიდი ძალისხმევით თუ  ესმით ამ შენიშვნის მთელი მნიშვნელობა.

დროში შრომის განაწილების კანონი იქნება ადამ სმიტის კანონის საპირწონე და შესაძლებელს გახდის ინდივიდუალური შრომის ინტეგრაციას”.

ამავე მეთოდის საშუალებით მიდის ანარქიზმი იმ დასკვნებამდე, რომელიც ეხება საზოგადოების პოლიტიკური ფორმებს და განსაკუთრებით სახელმწიფოს. ანარქისტი არ დაემორჩილა ისეთ მეტაფიზიკურ დებულებებს, როგორიცაა: ”სახელმწიფო საზოგადოებაში უმაღლესი სამართლიანობის იდეის განმტკიცებაა”, ან ”სახელმწიფო არის პროგრესის იარაღი და მატარებელი”, ან კიდევ: ”სახელმწიფოს გარეშე საზოგადოება არც არსებობს”. დარწმუნებული თავის მეთოდში, ანარქისტმა ხელი მიჰყო სახელმწიფოს შესწავლას სწორედ ისე, როგორც ბუნებისმეტყველი იკვლევს ფუტკართა ან ჭიანჭველათა საზოგადოებას, ან გადამფრენ ფრინველებს, რომლებიც თავის ბარტყებს სამხრეთის ქვეყნების ტბების ნაპირებზე ჩეკავენ. მე არ ვიტყვი აქ, თუ რა დასკვნებამდე მიგვიყვანა ამ შესწავლამ სხვადასხვა, წარსულის ან სასურველი მომავლის პოლიტიკურ ფორმათა შესახებ.

ვიტყვი მხოლოდ იმას, რომ სახელმწიფო საერთო ცხოვრების ფორმაა, რომელიც ჩვენს თანამეროვე ცივილიზაციაში მეთექვსმეტე საუკუნის ბოლოს განვითარდა იმ მიზეზთა გავლენით, რომელთა გარჩევის ნახვა შეიძლება ჩემს ესეში ”სახელმწიფო და მისი როლი ისტორიაში”, ამაზე ადრე, რომის იმპერიის დაცემის შემდეგ, სახელმწიფო თავისი რომაული ფორმით არ არსებობდა. მიუხედავად ამისა, ის მხოლოდ ისტორიის სახელმძღვანელოებში არსებობს, როგორც ისტორიკოსთა წარმოსახვის ნაყოფი, რომლებიც მიუყვებოდნენ საფრანგეთის მეროვინგების, რუსეთის რიურიკთა და სხვა მეფეთა გენეალოგიურ ხეს. რეალური ისტორიის  შუქზე ნათელია, რომ სახელმწიფო აღმოცენდა მხოლოდ შუა საუკუნეების ქალაქების ნანგრევებზე.

მეორე მხრივ სახელმწიფო, როგორც პოლიტიკური და სამხედრო ძალაუფლება, აგრეთვე თანამედროვე სახელმწიფოებრივი სასამართლო, ეკლესია და კაპიტალიზმი ჩვენ განუყოფელ ცნებებად გვევლინებიან. ისტორიაში ეს ოთხი დაწესებულება ვითარდებოდნენ მხარდამხარ, ნერგავდნენ და ამაგრედბდნენ ერთმანეთს. ისინი დაკავშირებულნი არიან არა უბრალო შემთხვევითობით, არამედ ისინი დაკავშირებულნი არიან მიზეზ-შედეგობრივად.

ამრიგად სახელმწიფო არის მიწათმფლობელის, სამხედროს, სასამართლოსა და მღვდელის ურთიერთდამზღვევი საზოგადოება, რომ ერთმანეთისთვის უზრუნველყონ ძალაუფლება და ბატონობა ხალხზე, სიღარიბე და ექსპლოატაცია.

ასეთი იყო სახელმწიფოს წარმომავლობა, ასეთი იყო მისი ისტორია და ასეთია მისი არსებობა ჩვენს დროშიც.

ოცნება კაპიტალიზმის განადგურებაზე სახელმწიფოს შენარჩუნებით, რომელიც შექმნილ იქნა იმისთვის, რომ ხელი შეეწყო კაპიტალიზმის განვითარებისათვის და იზრდებოდა და მყარდებოდა მასთან ერთად, ისეთივე შეცდომაა ჩვენი აზრით, როგორც ოცნება ეკლესიის ან ნაპოლეონის ცეზარიზმის საშუალებით მუშათა კლასის განთავისუფლებაზე. XIX საუკუნის ოცდაათიან, ორმოციან და ორმოცდაათიან წლებში იყო ბევრი ფანტაზიორი, რომლებიც ოცნებობდნენ სახელმწიფოებრივ სოციალიზმზე: ამის ტრადიცია მომდინარეობს ბაბეფის დროიდან დღემდე, მაგრამ ამგვარი ილუზიებით კვება XX საუკუნის განთიადზე რბილად რომ ვთქვათ გულუბრყვილობაა.

ეკონომიკური ორგნიზაციის ახალი ფორმა აუცილებლად უნდა შეესაბამებოდეს პოლიტიკური ორგანიზაციის ახალ ფორმას; და როცა მოხდება ცვლილება ან სწრაფად, რევოლუციის საშუალებით, ან ნელა, თანმიმდევრული ევოლუციით, – ორივე სახის ცვლილება, ეკონომიკური და პოლიტიკური იქნება ხელიხელჩაკიდებული მიმავალი. ყოველი ნაბიჯი ეკონომიკური განთავისუფლებისაკენ, ყოველი ჭეშმარიტი გამარჯვება კაპიტალზე იქნება ასევე გამარჯვება სახელმწიფოზე, ნაბიჯი პოლიტიკური განთავისუფლების მიმართულებით; ეს იქნება განთავისუფლება სახელმწიფოს ჩაგვრისაგან თავისუფალი ტერიტორიული და პროფესიული კავშირით, და საზოგადოებრივ ცხოვრებაში ყველა დაინტერესებული ადამიანის მონაწილეობის საშუალებით.

XV. მოქმედების საშუალებები

აშკარაა, რომ თუ ანარქიზმი ასე განსხვავდება კვლევის მეთოდშიაც და თავის ძირეულ პრინციპებშიც, როგორც აკადემიური მეცნიერებებისაგან, ისე თავის სოციალ-დემოკრატი მოძმეთაგან, იგი აუცილებლად უნდა გამოირჩეოდეს მათგან ასევე მოქმედების საშუალებებითაც.

ჩვენ ვერ ვხედავთ კანონს და სახელმწიფოს, როგორც პროგრესის მამოძრავებელს და მით უმეტეს სოციალური რევოლუციასთან მიახლოებას სახელმწიფოს მიერ პიროვნების დამორჩილებით. ჩვენ არ შეგვიძლია იმის გამეორება, როგორც ამას საზოგადოებრივ მოვლენათა ზერელე კრიტიკოსები ამბობენ, თითქოს თანამედროვე კაპიტალიზმი ”წარმოების ანარქიისაგან” იღებდეს სათავეს ან ”სახელმწიფოს ჩაურევლობის თეორიისაგან” გამოიჩეკა, რადგან იგი ვითომ შემდეგ ფორმულას ატარებდა: ”რაც სურთ, ის ქნან” (laisser faire, laisser passer), რადგან ვიცით, რომ ეს სიცრუეა. ჩვენ მშვენივრად ვიცით, რომ ხელისუფლება აძლევდა სრულ უფლებას კაპიტალისტს გასუქებულიყო გაღარიბებული მუშის შრომით, მაგრამ მას არასოდეს და არსად არ მიუცია თავისუფლებას მუშისთვის, რომ ”მოქცეულიყვნენ ისე, როგორც მათ სურდათ”. ფორმულა ”laisser faire, laisser passer” არასდროს და არსად არ გამოყენებულა პრაქტიკაში. მაშ რატომ უნდა ამბობდნენ პირიქით?

საფრანგეთში მკაცრი ”რევოლუციური”, ანუ იაკობინური კონვენტი სიკვდილით სჯიდა გაფიცვისათვის, პროფკავშირისათვის – ”სახელმწიფოში სახელმწიფოს დაარსებისათვის”! ლაპარაკიც ზედმეტია მას შემდეგ იმპერიაზე, აღდგენილ სამეფო ხელისუფლებაზე და ბურჟუაზიულ რესპუბლიკაზე.

ინგლისში 1813 წელს გაფიცვისათვის ახრჩობდნენ, ხოლო 1831 წელს ავსტრალიაში ასახლებდნენ მუშებს იმისთვის, რომ მათ გაბედეს რობერტ ოუენისებური პროფესიონალთა კავშირის შექმნა. 60-იან წლებში კიდევ აგზავნიდნენ მშრომელებს კატორღაში “თავისუფალი შრომის დაცვის” სახელით. და დღესაც კი, 1903 წელს, ინგლისში ერთმა კომპანიამ მიაღწია სასამართლო შეთქმულებით დადგენილებას, რომლის ძალით პროფკავშირს უნდა გადაეხადა გარკვეული თანხა გაფიცვების დროს განცდილი ზარალის ასანაზღაურებლად. რა უნდა ვთქვათ საფრანგეთზე, სადაც პროფკავშირის დაარსების უფლება მხოლოდ 1884 წელს იქნა გაცემული მუშების ანარქისტული მოძრაობების ბრძოლის შედეგად ლიონში და მონსოში (Monceau le Mines). რა უნდა ვთქვათ ბელგიაზე, შვეიცარიაზე (გაიხსენეთ ჟლეტვა აიროლოში!) და განსაკუთრებით გერმანიზე და რუსეთზე?

საჭირო არაა შეხსენება იმისა, თუ როგორ აღარიბებს სახელმწიფო თავისი გადასახადების საშუალებით სოფლებასა და ქალაქებს! თუ როგორ დაანგრიეს და ანგრევენ ინგლისში მიწების საერთო ფლობას (თემებს), რომ შემოღობოს ადგილობრივმა ლორდმა (ოდესღაც ის იყო მხოლოდ მოსამართლე, მაგრამ არასდროს არ ყოფილა მიწათმფლობელი) და მიისაკუთროს თავის სასარგებლოდ. თუ როგორ ართმევდნენ გლეხებს მიწას რუსეთში ნიკოლოზ II მართველობის დროს. საჭიროა კი, ბოლოსდაბოლოს, საუბარი, რომ დღესაც, ყველა სახელმწიფო, გამონაკლისის გარეშე, ქმნის მონოპოლიებს ყველა დარგზე, რომ არაფერი ვთქვათ დაპყრობილ ქვეყნებში შექმნილ მონოპოლიებზე, როგორიცაა ეგვიპტე, ალჟირი ან ინდოეთი? ლაპარაკიც კი ზედმეტია “პირვანდელ დაგროვებაზე”, რომელზეც მარქსი გველაპარაკებოდა, როგორც წარსულის ფაქტზე, როცა ყოველწლიურად პარლამენტის მიერ იქმნება ახალი მონოპოლიები ყველა სფეროში, როგორებიცაა რკინიგზის, ტრანსპორტის, კომუნიკაციის, გაზის, წყალგაყვანილობის, ელექტროენერიგიის, სკოლის და ა.შ.

ერთი სიტყვით, არასოდეს, არც ერთ სახელმწიფოში არ არსებობდა “laisser faire” სისტემა. სახელმწიფო ყოველთვის იყო და არის კაპიტალის საყრდენი და პირდაპირ თუ ირიბად მისი შემქნელი. თუ ბურჟუაზიულ ეკონომისტებს შეუძლიათ იმის მტკიცება, რომ ”ჩაურევლობის” სისტემა არსებობს, რომ სიღარიბე ბუნების კანონია, ამით როგორ უნდა ცდილობდნენ სოციალისტები მშრომელების დარწმუნებას? წინააღმდეგობის თავისუფლება ექსპლოატაციის წინააღმდეგ ჯერ არასოდეს და არსად არ არსებულა. მას მხოლოდ ბრძოლით, ნაბიჯ-ნაბიჯ, უთვალავი მსხვერპლის შემწეობით იძენდნენ. “ჩაურევლობა” ყოველთვის არსებობდა, როგორც ექსპლოატატორთა სასარგებლო დახმარება და მფარველობა.

სხვაგვარად არც შეიძლება რომ ყოფილიყო. ჩვენ უკვე ვთქვით, რომ როგორიც არ უნდა იყოს ფორმა, რომლითაც სოციალიზმი გამოჩნდება ისტორიაში, რომ მიუახლოვდეს კომუნიზმს, მან უნდა მოძებნოს თავისი ფორა პოლიტიკურ ურთიერთობებში. მაშინ ის ვერ ისარგებლებს ძველი პოლიტიკური ფორმებით, ისევე როგორც რელიგიური იერარქიითა და მისი სწავლებით ან მართვის იმპერიული და დიქტატორული თეორიით. ასე თუ ისე სოციალიზმი უნდა იქცეს უფრო ხალხურად, უფრო უნდა მიუახლოვდეს ფორუმს, ვიდრე წარმომადგენლობით მართველობას. არჩეულთა მართვა-გამგეობა უნდა ჩაანაცვლდეს თვითმართველობით. სწორედ ამის განხორციელებას ცდილობდა პარიზის პროლეტარიატი 1871 წელში; ამისთვის მიისწრაფვოდნენ 1793-1794 წლებში პარიზის კომუნის სექციები და მრავალი სხვა.

როცა ჩვენ ვაკვირდებით საფრანგეთის, ინგლისის, შეერთებული შტატების თანამედროვე პოლიტიკურ ცხოვრებას, ჩვენ ვხედავთ ძალიან ცხად ტენდენციას კომუნიზმისკენ, დასახლებულ პუნქტთა დამოუკიდებლობა, მაგრამ შეკავშირებულთ ათასი განსხვავებული მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად, ფედერაციული მოლაპარაკებით, კავშირით, გარიგებით გარკვეული ეკონომიკური მიზნებისათვის. და ამ კომუნებს გააჩნიათ მისწრაფება გაზარდონ აუცილებელი პროდუქტების წარმოება თავისი მოსახლეობის ყველა მოთხოვნილებების დაკმაყოფილებისათვის. კომუნალურ ტრამვაის და სხვა საზოგადოებრივ ტრანსპორტს დაემატა კომუნალური წყალი, ხშირად გაყვანილი შორიდან ამისთვის შეკავშირებულ რამოდენიმე ქალაქს შორის, გაზი, ფერმები ნატურალური რძისათვის, კომუნალური ბოსტნები და ა.შ.

რათქმაუნდა ამ მიზნამდე ვერ მიგვიყვანს, ვერც იაკობინელები და ვერც დემოკრატები. ისინი პირიქით, ცდილობენ რა ყველაფრის კონცენტრაციას სახელმწიფოს ხელში ანადგურებენ ტერიტორიულ და ინდივიდუალურ დამოუკიდებლობას და მის მონაწილეობას ქვეყნის საზოგადო ცხოვრებაში.

ჩვენ უნდა მივუბრუნდეთ დასავლეთ ევროპისა და ამერიკის საზოგადოების იმ პროგრესულ ნაწილს, სადაც ჩვენ ვპოულობთ ნათელ გამოხატულებას ორგანიზების არასახელმწიფოებრივი ფორმების მიმართულებით.

ეკლესიას თავის მიზნად აქვს დასახული ხალხის გონებრივ მონობაში დატყვევება, ხოლო სახელმწიფოს მისიაა ხალხი ნახევრად მშიერ მდგომარეობაში ამყოფოს – ეკონომიკურ მონობაში. ეხლა ჩვენ მივისწრაფვით მოვიშოროთ ეს ორი მავნე ელემენტი.

ვიცით რა ეს, ჩვენ არ შეგვიძლია ჩავთვალოთ სახელმწიფოში ზრდადი მორჩილება პროგრესის გარანტად. ამიტომაც ჩვენ ვხედავთ პროგრესს სახელმწიფოსაგან პიროვნების სრულ განთავისუფლებაში, საზოგადოებაში პირადი ინიციატივის უმაღლეს განვითარებაში და ამავე დროს სახელმწიფოს ფუნქციათა შეზღუდვაში და არა ამ უკანასკნელის გაფართოებაში.

შემდგომი განვითარება ჩვენ წარმოდგენილი გვაქვს უპირველეს ყოვლისა, როგორც სახელმწიფოს მოსპობა, რომელიც დააწვა საზოგადოებას, განსაკუთრებით XVI საუკუნიდან და მას შემდეგ არ შეუწყვეტია თავისი ფუნქციების ტოტალური გაფართოება. მეორედ, რაც შეიძლება ღრმა განვითარება ურთიერთშეთანხმებითი ელემენტების, დროებითი ხელშეკრულებების და ამავე დროს ყველა ჯგუფთა დამოუკიდებლობის, რომლებიც წარმოიშობიან გარკვეული მიზნებითა და თავიანთი კავშირებით მოედებიან მთელ საზოგადოებას. ამასთანავე, საზოგადოების წყობა ჩვენ წარმოგვიდგენია არა როგორც დასრულებული ფორმა, არამედ ცოცხალი და ამით თავისი ფორმებით მუდამ ცვალებადი დროის მოთხოვნილებების დაგვარად.

პროგრესის ამგავრი გაგება, აგრეთვე ჩვენი შეხედულება იმაზე, თუ რა არის მომავალში სასურველი (ყველაფერი, რაც საშუალებას იძლევა საზოგადო ბედნიერების გაზრდას), აუცილებლად მივყავართ ბრძოლის თავისებური ტაქტიკის შემუშავებამდე, რომელიც მდგომარეობს ყოველი ჯგუფისა და პირადი ინიციატივის განვითარებაში, რითაც მოქმედებათა ერთიანობა მიიღწევა მიზანთა ერთიანობით და იმ სიბეჯითით, რომელიც გააჩნია ყოველ თავისუფლად გამოხატულ, სერიოზულად განხილულ და სამართლიან იდეას.

ასეთი მისწრაფება აღბეჭდილია ყოველი ანარქისტული ჯგუფის ტაქტიკაში და მათ მთელს შინაგან ცხოვრებაში.

ჩვენ ვამტკიცებთ, რომ სახელმწიფოებრივი და ცენტრალიზებული კაპიტალიზმის დამყარებისათვის მუშაობა ნიშნავს უკვე ჩასახული თანამედროვე პროგრესის მიმართულების, რომელიც ეძებს ახალ არასახელმწიფოებრივ ფორმებს საზოგადოების ორგანიზაციისათვის, წინააღმდეგ მუშაობას. ჩვენ ამაში სოციალიზმის ისტორიული ამოცანის გაუგებრობას და უხეშ შეცდომას ვხედავთ და ვიბრძვით მის წინააღმდეგ. მუშათა რწმუნება, რომ ისინი შეძლებენ, არ ვლაპარაკობ სოციალიზმის დამყარებას, არამედ პირველი ნაბიჯის გადადგმას სოციალიზმისაკენ მთელი სახელმწიფო მანქანის შენარჩუნებით და მხოლოდ ხელისუფლებაში სახეების გამოცვლით, არა თუ დახმარება, არამედ ხელის შეშლაა მშრომელთა აზროვნებაში, რომ მათვის შესაფერისი ცხოვრების ახალი ფორმები გამონახონ, ჩვენი აზრით არის ისტორიული შეცდომა, დანაშაულს გათანაბრებული.

და ბოლოს, წარმოვადგენთ რა რევოლუციურ ორგანიზაციას, ჩვენ განსაკუთრებული ყურადრებით ვსწავლობთ ისტორიაში რევოლუციის წარმოშობასა და განვითარებას, ასევე ჩვენ ვცდილობთ  დღემდე დაწერილი რევოლუციების ისტორიები გავწმინდოთ ცრუ სახელმწიფოებრივი ელფერისაგან, რომელშიც  ჩვენ ვერ ვხედავთ ხალხს და ვერ ვიგებთ რევოლუციის წარმოშობის შესახებ. ფრაზებს, რომლებსაც ჩვეულებრივ იმეორებენ რევოლუციის წინაპირობად ხალხის აუტანელ მდგომარეობაზე, კიდევ ვერ გვიხსნიან იმას, თუ საიდან დაიბადა ამ სასოწარკვეთილებაში იმედი რაღაც უკეთესის შესაძლებლობაზე, საიდან გაჩნდა რევოლუციური სული.

ამიტომ, ამ ისტორიათა გადაკითხვით, ჩვენ გვრედზე ვდებთ მათ და ვიწყებთ პირველწყაროთა შესწავლას ხალხის გამოღვიძებისა და რევოლუციაში მათი როლის შესახებ.

ასე გვესმის, მაგალითად საფრანგეთის დიდი რევოლუცია, განსხვავებით ლუი ბლანისაგან, რომელსაც იგი წარმოედგინა როგორც დიდი პოლიტიკური მოძრაობა იაკობინელთა კლუბის წინამძღოლობით. ჩვენ კი მასში უპირველეს ყოვლისა ვხედავთ დიდ ხალხურ მოძრაობას და განსაკუთრებით გლეხთა აჯანყებებს (“ყოველ სოფელს ყავდა საკუთარი რობესპიერი”, როგორც შენიშნა შლოსერს გლეხთა აჯანყების მცოდნე აბატმა გრეგუარმა), რომელსაც თავის მთავარ მიზნად ჰქონდა დასახული ფეოდალური ნაშთების მოსპობა და მებატონეთათვის გლეხთა მიწების ჩამორთმევა, რასაც მიაღწიეს კიდევაც, განსაკუთრებით აღმოსავლეთ საფრანგეთში.

გლეხთა აჯანყებებით შექმნილი რევოლუციური სიტუაციის წყალობით, რომელიც გრძელდებოდა ოთხი წლის განმავლობაში, ერთის მხრივ ქალაქებში, მუშათა შორის განვითარდა მისწრაფება ბუნდოვნად წარმოდგენილი სოციალური თანასწორობისაკენ, მეორე მხრივ გაიზარდა ბურჟუაზიული ძალები, რომლებიც ცდილობდნენ თვიანთი ძალაუფლების დამყარებას სამეფო ხელისუფლების ადგილას. ამისათვის ბურჟუაზია შეუპოვრად იბრძოდა, რომ შეექმნა ძლიერი, ყოვლისმშთანთქავი, ცენტრალისტური სახელმწიფო, რომელიც უვნებელს ხდიდა მათ კერძო საკუთრებას (რომელიც ძირითადად რევოლუციის დროს იყო ნაყაჩაღები) და აძლევდა მათ ადამიანთა ექსპლოატაციის სრულ თავისუფლებას.

ეს ძალაუფლება, ეს უფლება ექსპლოატაციაზე, ეს ცალსახა “laisser faire” ნამდვილად მიიღო ბურჟუაზიამ და მის შენარჩუნებისათვის შექმნა მან თავისი პოლიტიკური ფორმა – წარმომადგენლობითი მართველობა ცენტრალიზებულ სახელმწიფოში.

იაკობინელების მიერ შექმნილ ამ სახელმწიფოებრივ ცენტრალიზაციაში ჰპოვა უკვე ნაპოლეონ I გაფხვიერებული ნიადაგი იმპერიისათვის.

სწორედ ასე, ორმოცდაათი წლის შემდეგ ნაპოლეონ III ნახა თავისი რიგი 1848 წელს, სრულიად გამზადებული ელემენტები მეორე იმპერიისათვის. ამ ცენტრალიზებული ძალების, რომლებიც ანადგურებდნენ სამოცდაათი წლის განმავლობაში ყველა ადგილობრივ წესჩვეულებას, ყველა ინიციატივას სოფლებში თუ ქალაქებში, რომელიც არ იყო სახელმწიფოებრივ ჩარჩოებში (პროფესიონალთა კავშირები, თემები და ა.შ.), ნეგატიურ შედეგებს იმკის საფრანგეთი დღესაც. პირველი მცდელობა სახელმწიფოებრივი ზღუდეების გარღვევისა განხორციელებული იქნა პარიზელი პროლეტარების მიერ მხოლოდ 1871 წელს, რომელიც იყო გამოჩენა ახალი ისტორიული ეპოქის ჰორიზონტისა.

ჩვენ უფრო შორს მივდივართ და ვამტკიცებთ, რომ სანამ სახელმწიფო სოციალისტები არ უკუაგდებენ თავის იდეალს ყველა სამუშაო იარაღის ცენტრალიზაციას სახელმწიფო ხელში, გარდაუვალი შედეგი მათი ცდისა სახელმწიფოებრივი კაპიტალიზმისა და სოცილისტური სახელმწიფოს მიმართულებით იქნება სრული ჩავარდნა მათი ოცნებებისა.

რომ არ შევუდგეთ ჩვენ სხვადასხვა რევოლუციურ მოძრაობების განხილვას, საკმარისია ვთქვათ, რომ ჩვენ მომავალი სოციალური რევოლუცია გვესმის არა როგორც იაკობინური დიქტატურა, არა როგორც კონვენტის, პარლამენტის ან დიქტატორის მიერ საზოგადოებრივი დაწესებულებების შეცვლა. ასე არასოდეს არ გაკეთებულა რევოლუცია და თუ მშრომელთა აჯანყება მიიღებს ამ ფორმას, მაშინ ის იქნება განწირული დაღუპვისათვის, არავითარი დადებითი შედეგის გარეშე.

ჩვენ პირიქით, რევოლუცია გვესმის როგორც ყოვლისმომცველი ხალხური მოძრაობა, რომელიც მიიღებს დიდ მასშტაბებს და რომლის დროს, აჯანყებებით მოცულ ყოველ ქალაქში და სოფელში, ხალხთა მასები თვითონ შეუდგება საზოგადოების გარდაქმნის საქმეს, აშენებას კომუნისტურ საფუძვლებზედ, ისე რომ არ დაელოდებიან ბრძანებებსა და მითითებებს ზემოდან. უპირველეს ყოვლისა ისე უნდა მოეწყოს წარმოება, რომ უზრუნველყოფილ იქნას ყველას გამოკვება, დაბინავება და შემდგომ აწარმოოს სწორედ ის, რაც იქნება აუცილებელი კვებისათვის, ბინისათვის და ტანსაცმლის მიწოდება ყველასათვის.

რაც შეეხება მთავრობას, შექმნილს ძალით ან არჩევით, იქნება ეს ”პროლეტარიატის დიქტატურა”, რომელზეც 40-იან წლების საფრანგეთში და ახლა უკვე გერმანიაში ლაპარაკობენ, თუ ”დროებითი მთავრობა”, ან კონვენტი – ჩვენ მათზე არავითარ იმედს არ ვამყარებთ და ვამბობთ, რომ ის ვერ შეძლებს შექმნას რაიმე ღირებული.

არა იმიტომ, რომ ასეთია ჩვენი სიმპათია, არამედ იმიტომ, რომ მთელი ისტორია გვეუბნება ჩვენ, რომ არასოდეს, მართველობის სათავეში მყოფ ადამიანებს არ შეუნარჩუნებიათ პატიოსნება, როგორი ჭკვიანიც არ უნდა იყოს ცალკეული ადამიანი ახალ საფუძვლებზედ საზოგადოების გარდაქმნის  საქმეში  უძლური არის, რადგან ამისთვის საჭიროა კონკრეტულ საკითხებზე (მიწათმოქმედებით, მშენებლობით, მრეწველობით, სატრანსპორტო და ა.შ.)  მომუშავე ხალხის კოლექტიური ცნობიერება.

ცალკეულ ადამიანებს შეუძლიათ მხოლოდ მოძებნონ კანონიერი გამოხატულება ან ფორმულა ძველი ცხოვრების ფორმების ნგრევაზე, როცა ეს ნგრევა უკვე დასასრულს უახლოვდება. ყველაზე დიდი, რაც მათ შეუძლიათ არის მეტნაკლებად გააფართოვონ ეს ნგრევითი სამუშაოები  და გაავრცელონ მთელს ტერიტორიაზე ის, რაც მიმდინარეობს ქვეყნის მხოლოდ  ერთ ნაწილში. მისი ხალხზე კანონით თავსმოხვევა შეუძლებელია, რომელიც სხვათა შორის დაამტკიცა 1789-1794 წლების რევოლუციებმა.

რაც შეეხება ცხოვრების ახალი ფორმებს, რომლებიც რევოლუციის შემდეგ დაიწყებენ დამკვიდრებას  ძველი ფორმების ნანგრევებზედ: არც ერთ ხელისუფლებას არ შეუძლია მოძებნოს მათი გამოხატულება, სანამ ეს ფორმები თვითონ არ განისზღვრებიან ხალხის აღმშენებლობით სამუშაოებში, მის შემოქმედებით პროცესში, ერთბაშად ათას პუნქტში. ვინ იწინასწარმეტყველებდა რა როლს ითამაშებდა 1794 წელს მუნიციპალიტეტი, პარიზის კომუნა და მისი სექციები 1789-1793 წლების რევოლუციურ მოვლენებში? მომავლის ადგილი არ არის კანონმდებლობაში. ის რაც შეიძლება დაინახო ხალხის მისწრაფებაში არის  მთავარი ტენდენციები და გაუწმინდო მათ გზა. სწორედ ამის გაკეთებას ვცდილობთ ჩვენ.

სოციალური რევოლუციის ამოცანათა ამგვარი გაგების გამო აშკარაა, რომ ანარქიზმს არ შეუძლია თანაგრძნობით მოეკიდოს პროგრამას, რომლის მიზანია “თანამედროვე საზოგადოებაში სახელმწიფო ძალის ხელში ჩაგდება”.

ჩვენ ვიცით, რო მშვიდობიანი გზით ამის გაკეთება შეუძლებელია. ბურჟუაზია არ დათმობს თავის ძალაუფლებას უბრძოლველად. მაგრამ, როგორც კი სოციალიტები გახდებიან ხელისუფლების ნაწილი და გაიყოფენ ძალაუფლებას ბურჟუაზიასთან, მაშინ მათი სოციალიზმი სულ უფრო გაუფერულდება. ამის გარეშეც, ბურჟუაზიას, რომელიც გაცილებით უფრო ძლიერია რიცხობრივად და ინტელექტუალურად, ვიდრე ამას სოციალისტურ პრესაში ამბობენ, არ დაუშვებს მათთან ძალაუფლების გაყოფას.

მეორე მხრივ, ჩვენ ასევე ვიცით, რომ თუ რევოლუციურმა ტალღამ საფრანგეთს, ინგლისს ან გერმანიას დროებითი სოციალისტური მართველობა მისცა, ესეც თვით ხალხის აღმშენებლობითი მოქმედებით, რომლის გარეშეც ის იქნებოდა სრულიად უძლური და მალევე გადაიქცეოდა რევოლუციის მუხრუჭად. ის იქნებოდა საფეხური რეაქციის წარმომადგენელი დიქტატორისთვის.

რევოლუციების მომზადებითი პერიოდების შესწავლით ჩვენ მივდივართ დასკვნამდე, რომ არც ერთი რევოლუცია არ დაბადებულა პარლამენტისაგან ან სხვა წარმომადგენლობითი კრებისაგან. ყველა რევოლუცია იწყებოდა ხალხში. არასოდეს, არც ერთი რევოლუცია არ გაჩენილა სრული შეიარაღებით, როგორც მინერვა იუპიტერის თავიდან. ყველას მათ, მოსამზადებელი პერიოდის გარდა, ევოლუციის თავისი პერიოდი ჰქონდა, რომლის განმავლობაში ხალხი ახდენდა თავის, დასაწყისისათვის მოკრძალებული მოთხოვნების ფორმულირებას, რომლებიც ნელ-ნელა იჟღინთებოდა რევოლუციური სულით. თავს ანებებდნენ სასოწარკვეთას და იწყებდნენ იმედოვნებას, იკრებდნენ გამბედაობას, ისინი რწმუდებოდნენ საკუთარ ძალების სიძლიერეში, გამოსულნი ლეთარგიული ძილიდან, უფრო და უფრო აფართოებდნენ თავიანთ პროგრამას. ამ რევოლუციური სულის გაღვიძება კი ყოველთვის იწყებოდა თავიდან ცალკეული პიროვნებებისაგან, რომლებიც არსებულით ღრმად აღშფოთებულნი ჯანყდებოდნენ ცალ-ცალკე. მრავალი მათგანი იღუპებოდნენ “უსარგებლოდ”, როგორც ამას ამბობენ სმოკინგში გამოწყობილი კაბინეტის თეორიტიკოსები, მაგრამ საზოგადოების გულგრილობა უკვე ირღვეოდა ამ ცალკეული გმირების წყალობით.

ყველაზე თვითკმაყოფილი და გონებაშეზღუდული ბატონებიც კი იძულებუნი იყვნენ საკუთარი თავისთვის ეკითხათ, რის გულისათვის წირავდნენ თავიანთ სიცოცხლეს ეს ახალგაზრდა, პატიოსანი, ძალ-ღონით სავსე ადამიანები? უკვე გულგრილი ვერავინ რჩებოდა – საჭირო იყო აზრის გამოთქმა მის სასარგებლოდ ან საწინააღმდეგოდ. იდეები მუშაობდნენ.

შემდეგ, თანდათან, მცირერიცხოვანი ჯგუფები იჟღინთებოდნენ რევოლუციური სულით. ისინი ჯანყდებოდნენ ზოგჯერ ადგილობრივი გამარჯვების იმედით, მაგალითად გაფიცვით, რომ მიეღოთ პური თავიანთი შვილებისათვის, ან რომ განთავისუფლებულიყვნენ დესპოტი ჩინოვნიკისაგან, – მაგრამ ასევე ხშირდ წარმატების იმედიც კი არ არსებობდა, მხოლოდ აღშფოთება, იმიტომ რომ შეუძლებელი იყო მეტის მოთმენა. არა ერთი, ორი და არც ათი ასეთი ამბოხება, არამედ ასეულობით ასეთი აჯანყება უძღოდა წინ ყოველ რევოლუციას.

ხშირად მიუთითებენ რუსეთში ბატონყმობის მშვიდობიანი გზით მოსპობაზე. მაგრამ მათ ავიწყდებათ ან არც იცინ, რომ გლეხების განთავისუფლებას წინ უსწრებდა გრძელი რიგი გლეხთა აჯანყებისა, რომელთაც აიძულეს ბატონყმობის გაუქმება. რუსეთში ღელვა დაიწყო ჯერ კიდევ 50-იან წლებში, რომელიც შეიძლება ითქვას იყო როგორც გამოძახილი 1848 წლის რევოლუციის ან გალიციაში 1846 წლის გლეხთა აჯანყების, და ყოველ წელს ის უფრო და უფრო ფართოვდებოდა და იღებდა სერიუზულ მკაცრ სახეს1857 წლამდე, როცა ალექსანდრე II ბოლოს და ბოლოს გამოსცა თავისი წერილი გლეხთა განთავისუფლების დაპირების შესახებ. გერცენის ფრაზა “უმჯობესია განთავისუფლება ზემოდან მოვახდინოთ, ვიდრე ველოდოთ, სანამ იგი ქვემოდან ამოვა” გამეორებული ალექსანდრე II მიერ მოსკოვის თავადების წინაშე იყო არა უბრალო ცარიელი სიტყვები, არამედ რეალობიდან გამომდინარე მიღებული გადაწყვეტილება.

ასე ხდებოდა ყოველი რევოლუციის მიმდინარეობისას. შეიძლება მიღებულ იქნას როგორც საერთო წესად, რომ ყოველი რევოლუციის ხასიათი განისაზღვრება მის წინამორბედ აჯანყებათა ხასიათითა და მიზნით. უფრო მეტიც, შეიძლება დადგენა როგორც ისტორიული ფაქტის, რომ არასოდეს, არც ერთი სერიოზული პოლიტიკური რევოლუცია ვერ განხორციელდებოდა, თუ – რევოლუციის დასაწყისის შემდეგ – ის არ გაგრძელებულიყო მეთელი ადგილობრივი აჯანყებების მწკრივით და თუ ღელვა არ მიიღებდა სწორედ აჯანყების სახეს, ნაცვლად ინდივიდუალური შურისძიების ხასიათისა, როგორც ეს მოხდა რუსეთში 1906-07 წლებში.

ლოდინი იმისთვის, რომ სოციალური რევოლუცია ლანგრით მოგვერთმევა ინდივიდუალური საპროტესტო აქტების, წინმსწრები აჯანყებების გარეშე, რომლებითაც განისაზღვრება თვით რევოლუციის ხასიათი, ბევრი რომ არ ვთქვათ – გულუბრყვილობაა.  ამ აჯანყებების ხელისშეშლის მცდელობა იმის თქმით, რომ მომზადებულ იქნას საყოველთაო აჯანყება – დანაშაულია. მუშათა რწმუნება კი იმაში, რომ ისინი მიიღებენ სოციალური რევოლუციის ყველა სიკეთეს არჩევნების აგიტაციით, ერთეული აჯანყებების პირზე ქაფით ლანძღვით ნიშნავს რევოლუციის და ყოველი პროგრესის დამაბრკოლებლად გადაქცევას, როგორიც იყო და არის ქრისტიანული ეკლესია.

XVI. დასკვნა

ანარქიზმის პრინციპებისა და მოქმედების ანარქისტული პროგრამის შემდგომი განხილვის გარეშე, ნათქვამი უკვე საკმარისია იმისათვის, რომ განვსაზღვროთ თუ რა ადგილი უკავია ანარქიას კაცობრიობის თანამედროვე ცოდნის მწკრივში.

ანარქიზმი წარმოადგენს ცდას ინდუქციურ-დედუქციური მეთოდით მიღებული განზოგადებები დაურთოს ადამიანის დაწესებულებათა შეფასებას და ამ შეფასების საფუძველზე იწინასწარმეტყველოს თუ რა გზით წავა კაცობრიობა თავისუფლების, თანასწორობისა და სოლიდარობისაკენ იმ მიზნით, რომ განახორციელოს პირობა ყოველი ადამიანის პიროვნული განვითარებისათვის.

ანარქია არის გარდაუვალი შედეგი იმ გონებრივი მოძრაობის, რომელიც დაიწყო მეთვრამეტე საუკუნეში, მერე შეფერხებულ იქნა საფრანგეთის რევოლუციის კრახით გამოწვეული რეაქციით და შემდგომ კვლავ განახლებული მთელი თავისი ძალით XIX საუკუნის ორმოცდაათიან წლებში. ანარქიზმის ფესვები მეთვრამეტე საუკუნის ბუნებისმეტყველურ ფილოსოფიაშია. თუმცა თავისი სრული მეცნიერული დასაბუთება კი მან მიიღო მხოლოდ ბუნებისმეტყველების აღორძინების შემდეგ, რომელსაც ადგილი ქონდა XIX საუკუნის მეორე ნახევარში და რომელმაც ახალი ბიძგი მისცა ადამიანის საზოგადოებრივ დაწესებულებათა მეცნიერულ შესწავლას.

ვითომ მეცნიერულ კანონებს, რომლებითაც კმაყოფილდებოდნენ გერმანელი მეტაფიზიკოსები 1820-30 წლებში, ადგილი არა აქვს ანარქისტულ მსოფლმხედველობაში, რომელიც არ ცნობს სხვა მეთოდს, გარდა მეცნიერულისა. ამ მეთოდს უფარდებს იგი ყველა მეცნიერებას, რომლებიც კი ცნობილია ჰუმანიტარული მეცნიერებების სახელით.

სარგებლობს რა ამ მეთოდით და აგრეთვე ყველა გამოკვლევებით, რომლებიც გაკეთებულ იქნა ამ მეთოდის გამოყენებით, ანარქიზმი ცდილობს ააგოს ყველა მეცნიერების ერთობლიობა, რომლებიც ეხება ადამიანს, და გადასინჯოს ყველა გავრცელებული წარმოდგენა უფლებაზე, სამართლიანობაზე და ა.შ. იმ მონაცემების საფუძვლებზე, რომლებიც მიღებულ იქნა ანთროპოლოგიის უკნასკნელი გამოკვლევებიდან. მისი მიზანია შექმნას მეცნიერული მსოფლმხედველობა, რომელიც შეიცავს მთელ ბუნებას და მათ შორის ადამიანსაც.

ამ მსოფლმხედველობით განისაზღვრება ის მდგომარეობა, რომელიც უკავია ანარქიზმს პრაქტიკულ ცხოვრებაში. პიროვნებისა და სახელმწიფოს შორის ატეხილ ბრძოლაში ანარქიზმმა მეთვრამეტე საუკუნის თავის წინამორბედთაგვარად დაიჭირა პიროვნების მხარე სახელმწიფოს წინააღმდეგ, საზოგადოების მხარე – ძალაუფლების წინააღმდეგ. ისტორიული დოკუმენტაციის წყალობით, რომელიც შეაგროვა თანამედროვე მეცნიერებამ, ანარქიზმმა აჩვენა, რომ სახელმწიფოებრიობა, რომლის მჩაგვრელი ძალა დღეს უფრო და უფრო იზრდება, რბილად რომ ვთქვათ, არასასარგებლო და მავნეა ჩვენთვის. სახელმწიფო თანამედროვე ევროპელთათვის წარმოადგენს შედარებით ახალ წარსულში, XV-XVI საუკუნეში შექმნილ ზედნაშენს კაპიტალიზმის სასარგებლოდ და რომელმაც [სახელმწიფო ცენტრალიზაციამ] უკვე დაღუპა ძველ ისტორიაში პოლიტიკურად თავისუფალი რომი და საბერძნეთი; რომელიც იყო ცივილიზაციის ყველა სხვა ცენტრის დაცემის  მიზეზი აღმოსავლეთსა და ეგვიპტეში.

ძალაუფლებას, რომელიც იქმნებოდა მიწათმფლობელის, მსაჯულის, მხედრისა და ქურუმის საერთო ინტერესების შესაერთებლად და რომელიც მთელი ისტორიის განმავლობაში წინ ეღობებოდა კაცობრიობის ცდას, შეექმნა თავისთვის უფრო მეტად უზრუნველყოფილი და თავისუფალი ცხოვრება, არ შეუძლია გახდეს განთავისუფლების იარაღად, სწორედ ისე, როგორც ცეზარიზმს, იმპერიალიზმს ან ეკლესიას არ შეუძლია გახდეს სოციალური რევოლუციის იარაღი.

ეკონომიკურ ნიადაგზე ანარქიზმი შემდეგ დასკვნამდე მივიდა: თანამედროვე ბოროტებას თავისი ძირი აქვს არა იმაში, რომ კაპიტალისტი მოგებას ისაკუთრებს, არამედ თვით ამ მოგების შესაძლებლობის ფაქტში, რომელიც მხოლოდ იმიტომ არის შესაძლებელი, რომ ადამიანთა მილიონებს არ გააჩნიათ რა რით გამოიკვებონ, თუ არ გაყიდეს თავისი სამუშაო და შემოქმედებითი ძალა იმ ფასად, რომლის დროსაც შესაძლებელი ხდება მოგება და ”ზედმეტი ღირებულების” შექმნა. აი რატომ ვფიქრობთ ჩვენ, რომ პოლიტიკურ ეკონომიაში თავდაპირველად ყურადღება ე.წ. ”მოხმარებას” უნდა მიექცეს, რომ რევოლუციის პირველ საქმედ მისი იმგვარად გარდაქმნა უნდა მოხდეს, რომ საჭმელით, ბინითა და ტანსაცმელით უზრუნველყოფილი იყოს ყველა.

„წარმოება“ კი ისე უნდა იყოს ორგანიზებული, რომ უპირველეს ყოვლისა დააკმაყოფილოს საზოგადოების ეს პირველი, აუცილებელი მოთხოვნილებები. ამისათვის ანარქიზმს არ ძალუძს მოახლოებულ რევოლუციაში შეეცადოს მხოლოდ ფულად ნიშანთა „შრომის ქვითარით“ ჩანაცვლებას ან თანამედროვე სისტემის კაპიტალისტურ სახელმწიფოდ შეცვლაში. იგი რევოლუციაში ხედავს პირველს ნაბიჯს თავისუფალი, უსახელმწიფოებრივი კომუნიზმისაკენ.

მართალია თუ არა ანარქიზმი  თავის დასკვნებში?  ამას გვიჩვენებს ერთის მხრივ მის საფუძველთა მეცნიერული კრიტიკა და მეორეს მხრივ პრაქტიკული ცხოვრება. მაგრამ ერთ პუნქტში ის რასაკვირველია მართალია, იმაში, რომ მან საზოგადოებრივ დაწესებულებათა შესწავლა საბუნებისმეტყველო-მეცნიერულ გამოკვლევების „სამფლობელოში“ ჩარია და სამუდამოდ გამოემშვიდობა მეტაფიზიკას და სარგებლობს აზროვნების იმ მეთოდით, რომლითაც შეიქმნა მთელი თანამედროვე ბუნებისმეტყველება და თანამედროვე მატერიალისტური ფილოსოფია. აქედან გამომდინარე, თვით შეცდომები, რომელთა დაშვებაც შეეძლოთ ანარქისტებს თავის გამოცდილებაში უფრო ადვილად იქნებიან აღმოჩენილნი, მაგრამ იმათ, ვისაც სურს შეამოწმოს ჩვენი დასკვნები, უნდა ახსოვდეთ, რომ ეს შესაძლებელია მხოლოდ ამ მეცნიერული, ინდუქციურ-დედუქციური მეთოდით, რომლითაც იქმნება ყოველი მეცნიერება და ვითარდება ყოველი მეცნიერული მსოფლმხედველობა.

Facebook Comments