პეტრე კროპოტკინი – რევოლუციური უმცირესობა

Peter_Kropotkin_circa_1900

ტექსტი წარმოადგენს 1906 წელს გამოცემული წიგნის ელექტრონულ ვერსიას

  „ყველაფერი, რასაც თქვენ ამბობთ, სრულიად სამართლიანია“, ხშირად გვიპასუხებენ ხოლმე ჩვენი მოწინააღმდეგენი. “თქვენი იდეალი ანარქიულ კომუნიზმისა მშვენიერია და იმის განხორციელება მართლაც ბედნიერებასა და მშვიდობიანობას დაამყარებდა ქვეყნად. მაგრამ როგორ ცოტაა ამის მსურველთა რიცხვი! როგორ ცოტაა ამის შემგნებთა რიცხვი, როგორ ცოტაა ისეთნი, რომელთაც ჰყოფნიდეთ საქმის ერთგულება, რომ იმუშაონ ამის მისაღწევად! თქვენ, – არც მეტი, არც ნაკლები, უმნიშვნელო რიცხვი, უგრძნობელ მასაში აქა–იქ გაფანტული სუსტი ჯგუფი ხართ, თქვენს წინ–კი ძლიერი მტერი სდგას, კარგად მოწყობილი, არმიის მყოლე, შეიარაღებული კაპიტალით, განათლებით. თქვენ საძნელო საქმეს შეუდექით“. ყოველთვის გვესმის ეს პასუხი ზოგიერთ მოწინააღმდეგეთაგან, და ხშირად მეგობართაგანაც. ვნახოთ რამდენად სამართლიანია ესა.

რომ ანარქისტების ჯგუფი–მხოლოდ უმნიშვნელო უმცირესობაა შედარებით ათ მილიონთან, რომლითაც დასახლებულია საფრანგეთი, ისპანია, იტალია და გერმანია, ეს სრული სიმართლეა. ჯგუფები, რომელნიც რაიმე ახალ იდეას წარმოადგენენ, დასაწყისში ყოველთვის ცოტანი იყვნენ. ადვილად შესაძლებელია, რომ ფუტკრის გროვასავით ჩვენც ცოტა უმცირესობად დავრჩეთ თვით რევოლიუციის წამამდე, მაგრამ განა ეს საბუთია ჩვენს წინააღმდეგ? ამ წამში უმეტესობა ოპორტიუნისტები არიან, თანდათანობის მიმდევარნი და ნუ თუ ჩვენც უნდა ოპორტიუნისტები გავხდეთ? 1790 წლამდე საფრანგეთში უმრავლესობა მეფის მთავრობის მომხრე, ან და კონსტიტუციონალისტები იყვნენ. მერე აქედან ის გამოდის, რომ იმ დროის რესპუბლიკელებს უარი უნდა ეთქვათ თავიანთ რესპუბლიკანურ იდეებისაგან და როიალისტები (მეფის მომხრეები) უნდა გამხდარიყვნენ იმ დროს, როცა საფრანგეთი ჩქარის ნაბიჯით მიდიოდა მეფის მთავრობის გასაუქმებლად.

რომ რიცხვით ჩვენ უმცირესობას შევადგენთ, ამას დიდი მნიშვნელობა არ აქვს. საკითხი ეს არ არის! საკითხი ის არის, ეთანხმება თუ არა ანარქისტულ კომუნიზმის იდეა რომელსაც ჩვენ ვაღიარებთ, იმ ევოლიუციის განვითარებას, რაც ამჟამად ხდება ადამიანთა გონებაში, განსაკუთრებით ლათინთა რასაში? ამაში კი ეჭვი არ შეიძლება იყოს. გონების განვითარება სწარმოებს არა სახელმწიფოს უფლების გაძლიერების მიმართულებაში, არამედ უფრო თავისუფალ პიროვნებასა, მწარმოებელ და მომხმარებელ თავისუფალ თემებსა და ფედერაციებში. განვითარება მიმდინარეობს არა პირად მიმართულების კერძო საკუთრების განკერძოებაში, არამედ საერთო წარმოებისა და გონიერების მიმართულებაში დიდ ქალაქებში კომუნიზმს – სწორედ ანარქიულ კომუნიზმს – უკვე არც ერთი შეგნებული მუშა არ ებრძვის. ესევე იწყება სოფლებშიაც. საფრანგეთის რამდენისამე ადგილის გარდა, რომელნიც განსაკუთრებულს მდგომარეობაში იმყოფებიან, გლეხი ზოგგან იმ გზას დაადგა, რომ შრომის იარაღი საზოგადო საკუთრება იყოს. აი რისთვისაა, რომ ყოველთვის, როცა ჩვენ მდაბიო და გასაგების ენით გამოცდილებაზე დამყარებულის საბუთებით ველაპარაკებით იმათ, რასაც ჩვენ რევოლიუციაში ვგულისხმობთ, თანაგრძნობით გვეგებებიან, როგორც მსხვილ საწარმოო ცენტრებსა, ისე სოფლებში.

სწორედ ესევე შეგვიძლია ვთქვათ ისპანიასა, აგრეთვე იტალიისა, გერმანიისა და ავსტრიის შესახებაც, იქ, სადაც მუშათათვის სრულიად ყალბი წარმოდგენა არ ჩაუგონებიათ ანარქიზმზე.

ესევე იქნება რუსეთშიაც, როდესაც ანარქისტ–კომუნისტის სიტყვა გლეხთა და ქალაქის მუშათა შორის გავრცელდება.

და განა შესაძლებელია, სხვაგვარად? ანარქია და კომუნიზმი რომ ფილოსოფიურ გონების ნაყოფი იყოს, მსწავლულთაგან კაბინეტში შექმნილი, რასაკვირველია, ესენი თანაგრძნობას ვერ მოიპოვებდნენ, მაგრამ ეს იდეები თვით ხალხის გულში ჩაისახა. ესენი იმის გამომხატველნი არიან, რასაც ფიქრობს და ამბობს მუშა და გლეხი, როგორც კი ყოველ დღიურ ცხოვრებიდან მოიცლიან და უკეთეს ცხოვრებაზე დაიწყებენ ხოლმე ფიქრსა. ისინი არიან გამომხატველნი ხანდაზმით განვითარებისა, რაც მეცნიერთა გონებაში ხდებოდა მთელის მეცხრამეტე საუკუნის განმავლობაში. ისინი ჰხატავენ ხალხის აზრს იმ ცვლილების შესახებ, რომელიც ახლო მომავალში მოხდება და რომელიც ჩვენს ქალაქებსა და სოფლებში მართლმსაჯულებასა, თანასწორობასა და ძმობას მოიტანს, ისინი ხალხში ჩაისახნენ და ხალხიც ეგებება მას ყოველთვის, როდესაც კი გასაგებად  უხსნიან ამას.

სწორედ ამაშია ნამდვილი ძალა ანარქიზმისა და არა მოქმედთა, ჯგუფთა და მოკავშირეთა მომხრეობაში, – საკმაოდ  გაბედულებში მოქმედებისთვის, თავგანწირულ და ყოველ იმის მოლოდინში, რაც რევოლიუციას მოსდევს ხოლმე იმის მუშაკთათვის. ამათი რიცხვი, რასაკვირველია, ყოველდღე მატულობს, და კიდევ იმატებს, მაგრამ მხოლოდ ამბოხების წინად შეიქმნებიან უმრავლესობად, რაც ეხლა უმცირესობას წარმოადგენს.

* * *

  ისტორია გვიჩვენებს, რომ ისინი, ვინც რევოლიუციის წინად უმცირესობაში იყვნენ რევოლიუციის დღეს უმთავრეს ძალას წარმოადგენენ, თუ ისინი არიან ნამდვილი გამომხატველნი ხალხის მისწრაფებათა, და თუ – ეს მეორე აუცილებელი პირობაა – რევოლიუცია გრძელდება დიდხანს რომ რევოლიუციონურ იდეას შეეძლოს გავრცელდეს, და თვისი ნაყოფი მოიტანოს, მართლაც არ უნდა დავივიწყოთ, რომ ამბოხებას რომელიც ერთ ან ორ დღეს გრძელდება, არ შეუძლია გარდაქმნას საზოგადოება ანარქიულ კომუნიზმის მიმართულების მომხრედ. ხან–მოკლე ამბოხებას შეუძლია მხოლოდ დაამხოს ერთი მთავრობა და იმის ადგილას სხვა დააყენოს. იმას შეუძლია ბურჟუაზიული იმპერატორი ნაპოლეონი ბურჟუაზიულ რესპუბლიკანელ ჟულფავრით შესცვალოს, მაგრამ არ შეუძლია შეიტანოს რაიმე ცვლილება საზოგადო ძირითად დაწესებულებაში. რომ მოვახდინოთ რევოლიუცია საკუთრებისა და საზოგადოებრივ ცხოვრების ფორმაში, ჩვენ უნდა გავიაროთ მთელი სარევოლიუციო ხანა 3–4 წლის ან მეტის განმავლობაში. თუ საფრანგეთში ფეოდალურ წეს–წყობილებისა და მიწის მოწყობის მოსპობასა და სამეფო მთავრობის ძლიერების დამხობას ხუთს წელს განუწყვეტელი ამბოხება მოუნდა, 1788–დან 1793–მდე, ბურჟუაზიის ფეოდალიზმის და პლუტოკრატიის ძლიერების დამხობას, თუ მეტი არა ამდენი ხანი მაინც უნდა.

და  აი, სწორედ ასეთ საზოგადო მღელვარების დროს როდესაც გონება უფრო მსწრაფლად მუშაობს, როდესაც ყველას ბრწყინვალე ქალაქისა და მიყრუებულ სოფლის გლეხის ქოხში საზოგადო საქმე აინტერესებთ, დაობენ, ლაპარაკობენ, ცდილობენ ერთმანეთი დაარწმუნონ, სწორედ მაშინ ანარქიული  იდეა, უკვე არსებულ ჯგუფთაგან დათესილი, შეიძლება ამოვიდეს, ნაყოფი მოიტანოს და გამოირკვეს უმეტესთათვის, მაშინ ისინი, ვინც ეხლა გულგრილად უყურებენ ამას, ნამდვილი მომხრეები შეიქმნებიან ახალ იდეისა.

ასეთი იყო ყოველთვის განვითარების მსვლელობა და საფრანგეთის დიდი რევოლიუცია გამოდგება ამის მაგალითად.

* * *

რასაკვირველია, ამ რევოლიუციას (საფრანგეთისას) არ მოუხდენია ისეთი ღრმა  ცვლილებანი, რომელზედაც ჩვენ ვოცნებობთ; იგი დაკმაყოფილდა იმით, რომ დაამხო არისტოკრატია და იმის ადგილზე ბურჟუაზია დააყენა. იგი არ შეჰხებია კერძო საკუთრებას, პირიქით, გააძლიერა კიდეც იგი: სწორედ ამ რევოლიუციამ გაუხსნა საბრძანებელი ბურჟუაზიულ ექსპლოატაციას. მაგრამ ამან მოიტანა დიდი შედეგი მით რომ სამუდამოდ გააუქმა ბატონყმობა და იმისი წესი – გააუქმა ძალით, საქმით, რაც უნამდვილესია იმაზე, კანონით რომ გაეუქმებინათ ესა. ამან გაუხსნა მთელი ხანა რევოლიუციას, რომელიც იქიდან დაწყებული ერთი მეორეს მოსდევს და თანდათანობით უახლოვდება სოციალურ რევოლიუციას. ამან მისცა საფრანგეთის ხალხს ის სარევოლიუციო ძალა, ურომლისოდაც ხალხთ შეუძლიათ  მთელის საუკუნეების განმავლობაში ყოვლად საზიზღარ უღლის ქვეშ იხრჩობოდნენ. ამან უანდერძა ქვეყანას მთელი იდეური მსვლელობა, მდიდარ მომავლისათვის შედეგებით; ამან გააღვიძა სული მთავრობის საწინააღმდეგო მოქმედებისა; ამან მისცა საფრანგეთის ხალხს სარევოლიუციო აღზრდა. თუ საფრანგეთში 1871 წ. კომუნა იყო, თუ საფრანგეთის მუშა ეხლა სიამოვნებით ითვისებს ანარქისტულ კომუნიზმის იდეას, მაშინ, როდესაც სხვა ხალხები, როგორც გერმანია, კიდევ სახელმწიფოებრივობისა ანუ კონსტიტუციონალიზმის ხანაში არიან, იმ ხანაში, რაც საფრანგეთმა 1848 წლამდე გამოსცადა (ასეთს მდგომარეობაშია ეხლა გერმანია), ან და უფრო ადრე (ასეთ მდგომარეობაშია რუსთი), ეს იმიტომ, რომ წარსულ საუკუნის ბოლოს საფრანგეთმა გამოსცადა ოთხის წლის დიდი რევოლიუცია.

აბა მოვიგონოთ, როგორ სამწუხარო სურათს წარმოადგენდა საფრანგეთი ამ რევოლიუციამდე რამდენისამე წლის წინად და არა უმნიშვნელო რიცხვს წარმოადგენადა მეფის მთავრობის და ფეოდალური წყობილების გაუქმების მოოცნებენი!

გლეხი ისეთ სიღარიბეში და უვიცობაში იყო მაშინ, რომ ეხლა ძნელია წარმოვიდგინოთ, სოფლებში გაფანტული უგზო–უკვლო, მოწყვეტილი იმას, თუ რა ხდებოდა ასი ვერსის მოშორებით, სახნის-საკვეთზე დახრილნი, ჭირიან ქოხში ჩამწყვდეულნი, ისინი სამუდამოდ მონად შექმნილსა ჰგავდნენ. თანხმობა იმათ შორის შეუძლებელი იყო, ხოლო ყოველ მცირე ცდას აჯანყებისას მოჰყვებოდა ხოლმე ჯარი, სწყვეტდა აჯანყებულთ, ხოლო იმათ მფარველთ ახრჩობდა ჭასთან ორსაჟენ–ნახევრიან სახრჩობელაზე, როგორც ნათქვამი იყო მაშინ მოხსენებებში. ხანდახან აქა–იქ სოფლებში ძვირათ გაივლიდნენ ხოლმე ვიღაც უცნობი კაცები, მჩაგვრელთადმი სიძულვილს უღვიძებდნენ ხალხს, უღვიძებდნენ იმედს იმ იშვიათ ადამიანებს, რომელნიც გაჰბედავდნენ იმათ ყურის დაგდებას, მთავრობას გლეხი ძვლივძლივობით უბედავდა, ეთხოვნა პური და თუნდაც მცირე შემსუბუქება ხარკისა. საკმაოა, გადაათვალიეროთ სასოფლო „ნაკაზები“ იმათგან 1789 წელს წარდგენილი პალატის პირველ არჩევნების დროს, რომ დარწმუნდებით ამაში.

რაც შეეხება ბურჟუას, იმის დამახასიათებელ ნიშნად იმ დროს იყო განსაკუთრებით სიმხდალე, კერძო, ძალიან იშვითი პირები გაჰბედავდნენ ხოლმე მთავრობის გაკიცხვას და რაიმე გაბედული მოქმედებით აღვიძებდნენ საწინააღმდეგო სულს. მაგრამ ბურჟუაზიის უმეტესობამ ქედი მოიხარა მეფისა და იმის სასახლის წინაშე, გუბერნატორისა და ასე გასინჯეთ მეეზოვისა და მეეზოვის მსახურის წინაშეც კი. საკმაოა მხოლოდ წაიკითხოთ აქტი იმდროინდელი ქალაქის საბჭოსი, რომ ნახოთ როგორ საზიზღრად მლიქვნელური იყო ბურჟუაზიის ენა 1789 წლამდე. იმის სიტყვებში გამოსჭვივის თვით უმდაბლესი სიმხდალე, – რაც უნდა სთქვან ლუი ბლანმა და სხვა იმისმა პატივისცემლებმა. იმ დროის რევოლიუციონერთა მცირე რიცხვი – ძალიან ცოტა – უყურებდა გარშემო მყოფთ ღრმა სასოწარკვეთილებით და, მაგალითად, გამბედავი კამილ დემულენი სრულიად მართალი იყო, როდესაც შესანიშნავი ფრაზა წარმოსთქვა: “1789 წლამდე ჩვენ, რევოლიუციონერები, პარიზში სულ დიდი თორმეტამდე თუ ვიქნებოდითო“.

მერე როგორ ცვლილებას ვხედავთ სამისა თუ ოთხის წლის შემდეგ! როგორც კი მეფის მთავრობა ცოტ–ცოტად შესუსტდა სხვა და სხვა მდგომარეობის მეოხებით, ხალხმა მაშინვე დაიწყო მღელვარება. მთელი 1789 წელი სავსეა გლეხთა წვრილი და ხშირი ამბოხებებით. როგორც ჩვენს დროში იფეთქებს ხოლმე წვრილი ადგილობრივი შეტაკებები, აჯანყებაც ასე იფეთქებდა ხან აქ, ხან იქ, საფრანგეთის ზოგიერთ ნაწილებში. მაგრამ აჯანყება ცოტ–ცოტად ვრცელდება, უფრო საზოგადო, უფრო გაბედული ხდება და ამის დამარცხება უფრო და უფრო ძნელდება.

ორის წლის წინად გლეხები ძლივს ჰბედავდნენ მოეთხოვათ ხარკის რამდენადმე შემცირება (როგორც ეხლა ქალაქის მუშები თხოულობენ შრომის ხელფასის მომატებას) ეხლა კი, 1789 წელს გლეხი უკვე შორს მიდის. იბადება ზოგიერთი საერთო იდეა, სახელდობრ ის, რომ სამუდამოდ გადაიგდონ კისრიდან მძიმე ტვირთი აზნაურისა, მღვდლისა და ბურჟუა–მესაკუთრისა… როგორც კი შენიშნა გლეხმა რომ მთავრობა უძლური იყო, წინააღმდეგობა გაეწია ამბოხებისათვის, იგი ამხედრდა თავის მტრების წინააღმდეგ. რამდენიმე გაბედულმა კაცმა უკვე დასწვა პირველი ციხეები. უმეტესობა,  ჯერ კიდევ დაჩაგრული და მშიშარა, უცდიდა, ვიდრე ცეცხლის ალი ფართოდ მოედებოდა, რომ ხარკის ამკრეფი ერთ–ერთ იმ ბოძთაგანზე ჩამოეხრჩო, რომელზედაც ოდესმე ამბოხების წინამორბედნი იღუპებოდნენ.

წინად მხედრობა საჩქაროდ გამოცხადებოდა ხოლმე ამბოხების ადგილზე, ეხლა, (1789 წელს) იგი ისე მოუცლელია ერთსა და იმავე დროს, სხვა და სხვა ადგილებში, რომ აჯანყების ჩასაქრობად არ მოდის. – აჯანყება ერთის სოფლიდან მეორეზე გადადის და ჩქარა მთელის საფრანგეთის ნახევარს იპყრობს.

იმ დროს, როდესაც ბურჟუაზიიდან გამოსული მომავალი რავოლიუციონერები კიდევ თაყვანს სცემდნენ მეფეს; იმ დროს, როდესაც მომავალ რევოლიუციის თვალსაჩინო მოღვაწეები კიდევ სცდილობდნენ, ჩაექროთ ამბოხება ცოტაოდენის დათმობით.  სოფლები და ქალაქები უკვე დიდი ხნის წინად აჯანყდებიან გენერალურ შტატების შეკრებამდე და მირაბოს სიტყვების თქმამდე. ასობით ამბოხებანი (ტენი სამასად იხსენებს ამათ) იფეთქებს სოფლებში მანამდე, ვიდრე პარიზელები, შუბებით და რამდენისამე საცოდავი ზარბაზნებით შეიარაღებულნი, ეცემიან ბასტილიას 14 ივლისს 1789 წელს.

აქედან მოკიდებული რევოლიუციის ჩაქრობა შეუძლებელი ხდება. რომ ამას მარტო პარიზში ეფეთქნა, რომ ეს მარტო საპარლამენტო რევოლიუცია ყოფილიყო, იგი სისხლში ჩამხრჩვალი იქნებოდა, და კონტ–რევოლიუციონური ავაზაკები თეთრის ბაირაღებით ივლიდნენ სოფლითი სოფლად, ქალაქითი ქალაქად და ხოცვას დაუწყებდნენ გლეხებსა და “პატრიოტებს“. (ასე უწოდებდნენ თვის თავს ყველა ისინი ვინც მომხრე იყო კონსტიტუციისა და ხალხის განთავისუფლებისა). მაგრამ, საბედნიეროდ, რევოლიუციამ დასაწყისიდანვე სხვა ხასიათი მიიღო. იგი ჩქარა მოედო ასობით სოფელს, ყოველ სოფელში, ყოველს დაბაში, ყოველს ქალაქში, აჯანყებულ პროვინციისა სარევოლიუციო უმცირესობა, მძლავრი თავის გაბედულებითა და აგრეთვე იმ მდუმარე დახმარებით, რასაც იგი ხალხის მისწრაფებაში ხდებოდა, იერიშით მიდიოდა მემამულეთა კოშკისა,  ქალაქის სამმართველოსა ან და ბასტილიის ასაღებათ, შიშის ზარს სცემდა არისტოკრატიას და უმაღლეს ბურჟუაზიას და სპობდა უპირატესობას. უმცირესობა იწყებდა რევოლიუციას და იმხრობდა დანარჩენ მასსას. ყოველი რევოლიუცია უმცირესობისაგან ხდება.

Facebook Comments

Leave a Reply

Your email address will not be published.