პეტრე მღებავი და შტურმი სიდნის ქუჩაზე

2003 წლის ოქტომბერში ლატვიურმა პრესამ გამოაქვეყნა სტატიების მთელი სერია ლატვიელი ანარქისტის, იანის ჟაკლისის, შესახებ. მათი უმეტესობა ეყრდნობოდა ფილიპ რუფის ნაშრომს, რომელმაც სიდნის ქუჩის შტურმის 20 წლიანი გამოკვლევის შემდეგ დაადგინა, რომ ჟაკლისი იყო ყველაზე ცნობილი ლატვიელი ლონდონში: პეტრე მღებავის ფსევდონიმით. ქვემოთ მოყვანილი ტექსტის ავტორი პოლ ბანკოვსკი, ცნობილი ჟურნალისტი და ნოველისტია. მისი 2002 წლის ნოველა, „მისტერ ლატვია“ ეხება სიდნის ქუჩაზე მომხდარი ამბის მონაწილეებს.

Melnais Peteris (შავი პეტრე)

საიუველირო მაღაზიის ძარცვის წარუმატებელი მცდელობიდან თითქმის 100 წლის შემდეგ ინგლისელი ისტორიკოსი ახლაც მიჰყვება მთავარი ეჭვმიტანილის კვალს. ამ დროის განმავლობაში, კაცი, ზედმეტსახელად „პეტრე მღებავი“ ნამდვილ ლეგენდად იქცა.. იგი გახლავთ ყველაზე ცნობილი ლატვიელი ლონდონში.

როდესაც დავამთავრე „მისტერ ლატვიის“ წერა და დავაპირე მისი გაგზავნა ლატვიურ ჟურნალ Karogs-ში, გადავწყვიტე, რომ რედაქციაში ჩემი მისვლა და ხელნაწერის მიტანა ჭკვიანური არ იქნებოდა. ასე ყველასთვის ნათელი გახდებოდა, რომ „მისტერ ლატვია“ ჩემი შემოქმედება იყო. კონსპირაციისთვის, ხელნაწერი გავატანე მძღოლს. მან ის პირდაპირ რედაქტორის ოფისში მიიტანა. სიუჟეტი მიიღეს და ეჭვიც არავის აუღია. თან, ასეთი ეშმაკობა უხდებოდა კიდეც წიგნს, რომელშიც ყველა პიროვნება გაყალბებულია. ასევე წიგნს, რომელიც დაწერილია ლეგენდარული „პეტრე მღებავზე“ (ან პეტრე მსახიობზე, რადგან სახლების მღებავობასთან ერთად, იგი მსახიობიც იყო), ლატვიელ ანარქისტზე, რომელიც რუსეთის იმპერიას გაექცა და გამოიწვია უპრენცენდენტო აურზაური 1910 წლის ლონდონში. იმ დროს მე არც კი ვიცოდი, რომ პეტრე მღებავი დაბრუნდებოდა, არა როგორც უცნაური ლეგენდა, არამედ როგორც ნამდვილი კაცი, თავისი სახელით, გვარით და ცხოვრების ისტორიით.

წიგნის გამოქვეყნების შემდეგ, ხშირად მეკითხებოდნენ, ეს ამბავი სინამდვილეა თუ ფიქცია. ლონდონისგან განსხვავებით, ლატვიაში პეტრე მღებავი არასოდეს ქცეულა დიდ ლეგენდად, რომლის შესახებ მიუზიკლებშიც კი მღერიან. ლონდონში იგი ისეთივე ცნობილია, როგორც ჯეკ მფატრავი. „იგი იყო თავისი დროის ბინ ლადენი“ – ცოტათი გაზვიადებულად შეამკო იგი აღმოსავლეთ ლონდონის ისტორიკოსმა, ბილ ფიშერმენმა, ლონდონის საიდუმლოებისთვის მიძღვნილ ერთ-ერთ დოკუმენტურ ფილმში. ამათან ერთად, ლონდონში არსებობს პეტრე მღებავის სახელობის ბარები და დეკორაციის კომპანიები.

„მისტერ ლატვიის“ წერისას მე მაინტერესებდა ლატვიელების მოღვაწეობა საზღვარგარეთ, მაგრამ არა ყველა ქმედება, არამედ მხოლოდ ისეთები, რომელბმაც გამოიწვია დიდი ხმაური, კვალი დატოვა ხალხის მეხსიერებაში და იქცა ლეგენდად. ამიტომაც გადავიწვიტე, დამეწერა წიგნი პეტრე მღებავის შესახებ, რომელიც, როგორც მე მითხრეს, „სინამდვილეში უნდა ყოფილიყო მსახიობი გედერტ ელიასი“. ანდრის მელაკაუსმა, რომელიც ლონდონში ცხოვრების დროს აგროვებდა ინფორმაციას განთქმულ თანამემამულეზე, მათხოვა რამდენიმე სხვადასხვა წიგნი პეტრეს შესახებ (მათი სახელწოდებები ჩამოთვლილია „მისტერ ლატვიის“ ბოლოს, ბიბლიოგრაფიაში). პეტრე მღებავის და ელიასის სურათებისა და ბიოგრაფიების შედარების შემდეგ, შეუძლებელია იმის დაჯერება, რომ ეს ერთი და იგივე ადამიანია, – მაგრამ იმ დროს მე ეს არ მივიჩნიე მნიშვნელოვნად. მე მაინტერესებდა თვითონ ისტორია, გაყალბებული პიროვნებები და მეტსახელები. კაცი, რომელიც გაჩნდა ისტორიის გარკვეულ პერიოდში, შემდეგ კი უკვალოდ გაუჩინარდა და დატოვა უამრავი ჰიპოთეზა და თეორია თავისი პიროვნების შესახებ.

გედერტ ელიასის ვერსია

შემოდგომის ერთ მზიან დღეს მე და ფილიპ რუფი გავემგზავრეთ კურლანდიაში. ჩვენი მგზავრობის საბოლოო დანიშნულება იყო ტალსის მუნიციპალიტეტი, ქალაქები კულდიგა და საბილე – ადგილები, სადაც, შეიძლება, ჯერ კიდევ შესაძლებელი იყო პეტრეს ცხოვრების კვალის პოვნა…
ინგლისელი, რომელიც გამოიყურება, როგორც სათვალიანი სკოლის მასწავლებელი, წლების განმავლობაში თავის თავისუფალ დროს უთმობდა ლატვიელი ანარქისტებისა და რევოლუციური მოძრაობის ისტორიის შესწავლას. თანდათან მისი კვლევა გადაიზარდა ერთგვარ აკვიატებაში. მისი ისტორიების, ვერსიებისა და ჰიპოთეზების მოსმენა, მისი ენთუზიაზმი, რომლითაც იგი ცდილობს კვლევისთვის ინფორმაციის მოძიებას, ძალაუნებურად მაგონებს ფილმ „Possession“-ს, რომელიც მოგვითხრობს ბიბლიოთეკაში შემთხვევით ნაპოვნი წერილით გამოწვეულ რომანტიკულ აკვიატებაზე… ადგილობრივი მუზეუმის მტვრით დაფარულ არქივებში ქექვისა და ტოპოგრაფიული რუკების შესწავლის შემდეგ, სულ მალე მეც გამიჩნდა ვერსიები იმის შესახებ, თუ რისი აღმოჩენა შემეძლო…

ბ-ნი რუფი ლატვიაში პირველად ჩამოვიდა 80-იანების დასასრულს და მრავალი ადამიანი გააოცა თავისი გულუბრყვილო სურვილით, შესულიყო კგბ-ს შტაბში და დაეთვალიერებინა. შემდეგ აღმოჩნდა, რომ ზუსტად იმ დღეებში, ორი ბიოგრაფიის შედარების შემდეგ, ფილიპმა წამოაყენა მცდარი ჰიპოთეზა იმის შესახებ, რომ პეტრე მღებავი და გედერტ ელიასი, სავარაუდოდ, ერთი პიროვნებაა.
1988 წელს ბრიტანულმა გაზეთმა „The Observer“ გამოაქვეყნა სტატია, რომელშიც იტყობინებოდა, რომ ცნობილი გახდა 1911 წლიდან დიდ ბრიტანეთში Most Wanted კაცის პიროვნება. პოსტერის გვერდით, სადაც ლონდონის პოლიცია სთავაზობს 500 ფუნტს ყველას, ვინც მიაწვდის მათ ინფორმაციას სამი პოლიციელის მკველეობაში ბრალდებულ კაცზე, პეტრე მღებავზე, დაბეჭდილი იყო მსახიობ გედერტს ელიასის სურათი წარწერით: „ელიასი – პეტრე მღებავი.“

ამის მიუხედავად, ბ-ნი რუფი მალევე იძულებული გახდა, აეღიარებინა საკუთარი შეცდომა, რადგან რიგაში მან აღმოაჩინა პეტრე მღებავის პორტრეტი. იგივე პორტრეტი, რომელიც დაბეჭდილი იყო პოლიციის პოსტერზე ლონდონში. ახლა უკვე დანამდვილებით შეიძლებოდა იმის თქმა, რომ პოსტერზე გამოსახული ადამიანი არ იყო ელიასი. მალევე აღმოაჩინეს პეტრეს სხვა ფოტოებიც, რომლებიც გადაღებული იყო უფრო მოგვიანებით, საფრანგეთსა და ამერიკაში.

1905 წლის გაკვეთილები

1905 იყო წელი, როდესაც დაიწყო პეტრე მღებავის ლეგენდა. ამ მოვლენის ასწლეულის მოახლოებამ გაზარდა ინტერესი მისი პერსონის და მის შესახებ საბჭოთა ისტორიული წიგნების განზოგადებისა და მიკერძოებულობის გარეშე შესწავლის მცდელობა.

1910 წელს ლონდონში განვითარებული მოვლენები მჭიდროდ არის კავშირში 1905 წლის რევოლუციასთან ლატვიაში. ადამიანებმა, რომლებიც გაექცნენ რუსეთის იმპერიის რეპრესიებს, თავშესაფარი ჰპოვეს ლონდონში. ისტორიკოსები, რომლებიც შეისწავლიდნენ მათ მოქმედებებს ლონდონში, ერთსულოვნად ეთანხმებიან მოსაზრებას, რომ 1905 წლის გამოცდილებებმა – დაკითხვებმა და წამებამ, ყოველგვარი სასამართლოს გარეშე სიკვდილით დასჯამ – საფუძველი ჩაუყარა უცხოელი ანარქისტების (იმ დროისთვის გაუგონარ) სისასტიკესა და გაბედულებას.

1910 წლის 16 დეკემბერს ლონდონში მოხდა საიუველირო მაღაზიის გაძარცვის წარუმატებელი მცდელობა. მძარცველებმა დაიქირავეს სახლი მაღაზიის მეზობლად და აპირებდნენ მაღაზიის კედელში პატარა გვირაბისამოთხრას. თუმცა ისინი ფაქტზე დაიჭირა პოლიციამ. . მძარცველებს არც კი უფიქრიათ დანებება. 3 პოლიციელი იქვე მოკლეს, 2 კი დაჭრეს. ეს იყო უპრენცენდენტო სისასტიკე იმის გათვალისწინებით, რომ იმ დროს ლონდონის პოლიცია არ იყო აღჭურვილი ცეცხლსასროლი იარაღებით.
შესაძლებელია, რომ ეს ინციდენტი არასოდეს გამხდარიყო ცნობილი, ბრძოლის დროს ერთ-ერთ მძარცველს შემთხვევით რომ არ ესროლა თავისი ამხანაგისთვის. ჰარტმანისის, ან „პუიკას“ ცხედარი შემდეგ დღეს აღმოაჩინეს აღმოსავლეთ ლონდონის ერთ-ერთ ბინაში. ამ ბინაში აღმოჩენილმა დოკუმენტებმა პოლიციელები დაარწმუნა, რომ მოკლული მიეკუთვნებოდა ლატვიელი ანარქისტების მებრძოლ ჯგუფ „Liesma“-ს [„ალი“]. იდუმალური პეტრე მღებავი, ასევე ცნობილი, როგორც პეტრე პიაკოვი, სავარაუდოდ იყო „Liesma“-ს ლიდერი და ფრიცის სვარსთან (სახელგანთქმული ჩეკისტის, იეკაბს პეტერსსის, ბიძაშვილთან) ერთან ცხოვრობდა ამ ბინაში.
ამ ტრაგედიის ბოლო აქტი განვითარდა რამდენიმე დღის შემდეგ. პოლიციას შეატყობინეს, რომ ამ ანარქისტებიდან ორი – ფრიცის სვარსი და იაზეპს სოკოლოვსი – იმალებოდნენ სიდნის ქუჩის 100 ნომერში. ამჯერად პოლიციამ წინასწარვე სიფრთხილე გამოიჩინა.მთლიან კვარტალს გარს შემოერტყა თოფებით შეიარაღებული 750 კაცი – პოლიციელები და ირლანდიელი მცველები. მათ ზარბაზანიც კი ჰქონდათ თან, რადგან ამ ანარქისტებთან ბრძოლის სხვა გზა არ არსებობდა! ამის მიუხედავად, პოლიციას არ გააჩნდა ტერორისტებთან ბრძოლის გამოცდილება. ამასთან ერთად, მათი იარაღი ვერ შეედრებოდა ორი მებრძოლის ავტომატურ მაუზერებს.

შტურმი სიდნის ქუჩაზე ნამდვილ სანახაობად იქცა – ლონდონელებმა, რომლებსაც აქამდე ასეთი რამ არ ენახათ, გაავსეს მეზობელი ქუჩები. საყურებლად მოსახერხებელიადგილის ძებნაში, ისინი ადიოდნენ შორიახლოს მდებარე სახლების სახურავებზე. იმ დროსჯერ კიდევ არ არსებობდა უამრავი ინსტრუქციული ფილმი, რომლებმაც ჩვენი დროის ყოველ ბავშვსაც კი გააგებინა, რომ პირველივე გასროლის ხმაზე უნდა გაიქცე და დაიმალო, და არ გადაიხედო ფანჯრიდან სანახაობისთვის საყურებლად…
ალყა გაგრძელდა 7 დღე, ადგილზე მაშინდელი შინაგან საქმეთა მინისტრი , უინსტონ ჩერჩილიც კი მისულა სიტუაციის შესამოწმებლად. სავარაუდოდ ერთ-ერთი ტყვია შემთხვევით მოხვდა გაზის მილს. შენობიდან გამოვიდა კვამლი. სახლი მთლიანად დაიწვა პოლიციისა და ბრბოს წინაშე, სახლიდან კი არავინ გამოსულა.

და მაინც, პეტრე მღებავი უკვალოდ გაუჩინარდა. თითქმის ისე, როგორც დღევანდელი ტერორისტების ლიდერები აკეთებენ ხოლმე. პოლიციამ მალევე დააპატიმრა იეკებს პეტერსსი, რომელიც მოგვიანებით გამოუშვეს მის წინააღმდეგ მტკიცებულებების არქონის გამო. ბრაზმა შეიპყრო საზოგადოება და პრესა: ნახეთ, სადამდე მიიყვანა ლონდონელები მათ სტუმართმოყვარეობამ… აღმოჩნდა, რომ ქალაქი სავსე იყო აღმოსავლეთ ევროპიდან ჩამოსული, კბილებამდე შეიარაღებული ანარქისტებით, რომლებსაც არაფერი წმინდა არ გააჩნდათ.

პოლიციის ისტორიკოსი დონალდ რამბელოვი აბსოლუტურად დარწმუნებულია, რომ პეტერსსი იყო სამივე პოლიციელის მკვლელი. ჩანს, რომ მან თავი ვერ დააღწია მსჯელობას, რომ მხოლოდ მომავალ ჩეკისტს შეეძლო ასეთი საშინელი დანაშაულის ჩადენა. და, რა თქმა უნდა, იმის ცოდნა, რომ პეტერსმა მიიღო თავისი სასჯელი-იგი გახდა სტალინისტური ტერორის მსხვერპლი 30-იანების ბოლოს. ფილიპ რუფს კი რამბლოვის ეს ვერსია ფიქციად მიაჩნდა.

იმის მიუხედავად, რომ პეტრე მღებავის შესახებ ნებისმიერი ინფორმაციისთვის დანიშნული იყო დიდი ჯილდო, პოლიციამ მალევე დაანება თავი მის ძებნას: რომც ეპოვათ იგი სხვა ქვეყანაში, ბრიტანულ პოლიციას მაინც არ ექნებოდა მიზეზი მის გადმოსაგზავნად, რადგან არ ჰქონდა პირდაპირი მტკიცებულებები მის წინააღმდეგ. ასე რომ, მისი იდენტობა უნცობი დარჩა…

კაცი სურათიდან

ფილიპ რუფის მიერ რიგაში აღმოჩენილ ფოტოზე გამოსახულია კაცი, სახელად იანის ჟაკლისი, ან ჟაკლე ( ძველ ხელნაწერში შააკლე). იგი დაიბადა 1883 წლის 19 ივლისს ფერმაში, რომელსაც პოლიციის არქივებში მოიხსენიებენ Kounen-ად, ტალსის ოლქში. ერთი ჟანდარმის დოკუმენტებში, დაბადების ადგილად დასახელებულია ვოლმარი, ან ვალმიერა. ზედმეტსახელ მერნიეკსით ცნობილი, იგი იყო LSD-ის (Latvijas Sociāl demokrātiskā – ლატვიის სოციალ-დემოკრატიული პარტიის) ლიდერი ტუკუმსში. 1905 წელს იგი მონაწილეობას ღებულობდა ეგრედწოდებულ „საეკლესიო დემონსტრაციების“ უმეტესობაში. იგი იყო პატივცემული კაცი და კარგი ორატორი. შემდეგ კი გახდა LSD-ის საბრძოლო ორგანიზაციის ლიდერი რიგაში. იგი გეგმავდა და მონაწილეობას იღებდა ყველა მნიშვნელოვან ოპერაციაში, მათ შორის 52 კაცის მიერ რიგის ცენტრალურ ციხეზე განხორციელებულ თავდასხმაში, 1905 წლის ოქტომბერში. ასევე, იგი მონაწილეობდა რიგაში საიდუმლო პოლიციის დეპარტამენტზე თავდასხმაში, რომლის დროსაც განთავისუფლებული იქნა ფრიცის სვარსი. ამის შემდეგ, ჟაკლისი წავიდა ფინეთში, სადაც, მან გედერტ ელიასსთან, რომელიც მომავლაში გახდა ცნობილი მსახიობი, იმ დროს კი იყო ისეთივე ცნობილი მებრძოლი, და სხვა რამდენიმე კაცთან ერთად, დაგეგმა და მოახდინა ჰელსინკის ბანკის ექსპროპრიაცია. თანხის დიდი ნაწილი ერგო ვლადიმირ ულიანოვს, ლენინს.

უკვე 1906 წელს იანის ჟაკლისსა და სოციალ დემოკრატებს შორის ჩამოვარდა უთანხმოება. LSD-ს სურვილი, მიეტოვებინა შეიარაღებული ბრძოლა (პარლამენტარულ დისკურსში მონაწილეობის მისაღებად) ჟაკლისისთვის მიუღებელი იყო. მან და ათმა სხვა ყოფილმა სოციალ-დემოკრატმა ჩამოაყალიბეს ანარქო-კომუნისტური ჯგუფი „ერთნი- სიტყვაშიც და საქმეშიც!“ (“Pats – vards un darbs!”). მისი „დეზერტირობა“ და გადასვლა „მენშევიკებისა და ანარქისტების“ ბანაკში შეიძლება იყოს მიზეზი იმისა, თუ რატომ არ უთმობდნენ ყურადღებას და არ შეისწავლიდნენ მის ქმედებებს საბჭოთა ეპოქაში. იმის შემდეგ, რაც ამ ჯგუფის ორი წევრი, ანა კაუნე და კარლის კრიევინში, დახოცა პოლიციამ სტაბუს ქუჩის შტურმის დროს, იანის ჟაკლისი, სვარსი, ჰარტმანისი და სხვები გაიქცნენ საზღვარგარეთ.

რა თქმა უნდა, ჰელსინკის ბანკის ექსპროპრიაცია და შემდგომი ექსპროპრიაციები ამერიკასა და დიდ ბრიტანეთში შეიძლება ჩაითვალოს ჩვეულებრივ ძარცვად – და მაინც, პირადი გამდიდრება არასდროს იყო მებრძოლთა მიზანი. თითქმის ყველა მათგანმა დატოვა თავიანთი ოჯახები ლატვიაში, მრავალი ოჯახი დარჩა მარჩენალის გარეშე 1905 წლის მოვლენების შემდეგ. 1908-დან 1913 წლამდე ნიუ-იორკში გამოიცემოდა ანარქისტული ჟურნალი „Briviba“ („თავისუფლება“), პარიზში კი 1911-1914 წლებში გამოიცემოდა „Melnais Karogs“ („შავი დროშა“).

სოციალური სამართლიანობისკენ, პოლიტიკოსებისა და მმართველების გადაყენებისკენ მოწოდებებთან ერთად, „Melnais Karogs“, ასევე, აქვეყნებდა სტატიებს ერთა დამოუკიდებლობის შესახებ.

„ჩვენ ვაცხადებთ უკომპრომისო ომს ექსპლუატაციის, მისი ქვაკუთხედის – კერძო საკუთრებისა და მისი მცველის – სახელმწიფოს წინააღმდეგ. ამავდროულად, ჩვენ მხარს ვუჭერთ ჩვენი ხალხის თავისუფალ განვითარებასა და დამოუკიდებლობას. არ არსებობს და ვერც იარსებებს ეროვნული საკითხის გადაჭრის სხვა გზა“, წერს ვინმე „Sampo“ Melnais Karogs“-ში 1913 წელს.

ლონდონში წარუმატებელი ძარცვა რომ არა, შესაძლებელია, ლეგენდა პეტრე მღებავისა და მისი ამხანაგების შესახებ არასოდეს დაბადებულიყო. ამის ძალიან ცოტა მტკიცებულება თუ მოიპოვება, მაგრამ შესაძლებელია, რომ მათი ადრეული ექსპროპრიაციის აქტები წარმატებით სრულდებოდა და ამიტომაც მათ ბრალს არ უყენებდნენ. სოკოლოვს უმუშავია ბევრ სხვადასხვა საიუველირო მაღაზიაში, და ყოველთვის, როცა იგი ტოვებდა ერთ სამუშაო ადგილს და სხვაგან გადადიოდა, წინა მაღაზიას ძარცვავდნენ. პოლიცია აწარმოებდა მის დაკითხვას, მაგრამ ბრალეულობა ვერასდროს დაუმტკიცეს.

მიუხედავად იმისა, რომ ფილიპ რუფმა გამოამჟღავნა პეტრე მღებავის ვინაობა, ამ ლეგენდარული პერსონის ბედი მაინც უცნობი რჩება. არსებობს ჭორები, რომ იგი წარმატებით ემიგრირდა ავსტრალიაში. ზოგი ამბობს, რომ მოგვიანებით იგი მუშაობდა საბჭოთა საიდუმლო სამსახურებში (დაზვერვაში) და გახდა რეპრესიების მსხვერპლი. ასევე არსებობს ისტორია ციმბირის ბანაკის ერთ-ერთ პატიმარზე, რომელიც აცხადებდა, რომ იგი იყო პეტრე მღებავი და შეეძლო ლონდონში დატრიალებული ამბის მოყოლა უწვრილმანესი დეტალებით…

ფილიპ რუფს გადაწყვეტილი აქვს, მოიპოვოს მეტი ინფორმაცია პეტრე მღებავის/იანის ჟაკლისის ცხოვრების შესახებ. არც მისი და არც მისი ნათესავებისა ან ამხანაგების სახელები არ არის ჩამოთვლილი 1905 წლის რევოლუციის მონაწილეთა ცხრილში, რომელიც ინახება ტალსისა და კულდიგას მუზეუმებში. ჩვენს მონაპოვარს ლატვიაში წარმოადგენდა მხოლოდ ადრეული შემოდგომის ოქროსფერი შუქი, მუქი ლურჯი ღრუბლები ჰორიზონტზე, ვაშლის სურნელი მანქანაში, ღამის ყინვისგან გაწითლებული ნეკერჩხლის ხეები, დამწვარი ბალახის სურნელი და კულდიგაში გზის პირას მომუშავე რამდენიმე კარტოფილის ამომთხრელი… მეტი არაფერი.

ავტორი: პაულს ბანკოვსკისი

მთარგმნელი / წყარო: ავტონომიური კოლექტივი (საქართველო)

Facebook Comments