პიერ-ჟოზეფ პრუდონი – რა არის საკუთრება?

პიერ-ჟოზეფ პრუდონი შვილებთან. მხატვარი გუსტავ კურბე 1865

 

1840 წელს გამოქვეყნებული პრუდონის წიგნი “რა არის საკუთრება” იქცა დასავლურ საზოგადოებაში დაფუძნებული კერძო საკუთრების კრიტიკის კლასიკად.  პრუდონი თავისი გამოკვლევით აჩვენებს კერძო საკუთრებას, როგორც მიზეზს, ამ საზოგადოებასთან დაკავშირებული სენებისა:  სიხარბე, კორუფცია, პოლიტიკური ტირანია, სოციალური ატომიზაცია და ადამიანის ბუნებრივი უფლებების უხეში დარღვევები.  წიგნში დეკლარირებული ყველაზე ცნობილი თეზისია “საკუთრება – ქურდობაა”. წინამდებარე ტექსტი არის ნაწილი ამ წიგნის პირველი თავიდან  “ნაშრომში გამოყენებული მეთოდი. რევოლუციის იდეა”

მე რომ დამჭირვებოდა მეპასუხა კითხვაზე: “რა არის მონობა?”- მე ვუპასუხებდი:”ეს არის მკვლელობა”, და ჩემი აზრი მაშინვე გასაგები გახდებოდა. მე არ დამჭირდებოდა ხანგრძლივი მსჯელობის გაშლა, რათა მეჩვენებინა, რომ წაართვა ადამიანს აზრი, ნება, პიროვნულობა, არის უფლება მის სიცოცხლესა და სიკვდილზე და დაიმონო ადამიანი – ნიშნავს მოკლა ის. მაშ კითხვაზე, თუ “რა არის საკუთრება?” რატომ არ შემიძლია ვუპასუხო უბრალოდ და არ შემეშინდეს რომ ვერ გამიგებენ თუ ვუპასუხებ “ეს არის ძარცვა” მითუმეტეს, რომ ეს მეორე წინადადება არის უბრალოდ პირველის პერეფრაზი.

მე ეჭვქვეშ ვაყენებ ჩვენი მთავრობისა და დაწესებულებების მთავარ პრინციპს – საკუთრებას. მე მაქვს ამის უფლება. მე შეიძლება ვცდებოდე დასკვნებში, რომლებიც გამომდინარეობენ ჩემი კვლევებიდან: მე მაქვს უფლება; მე მომწონს, როდესაც ჩემი წიგნის საბოლოო დასკვნა გადმომაქვს წიგნის დასაწყისში, ყოველ შემთხვევაში მე მაქვს ამის უფლება.

არაერთი ავტორი გვასწავლის, რომ საკუთრება არის სამოქალაქო უფლება, რომელიც წარმოადგენს მითვისებულის კანონით კურთხევის შედეგს. ასევე ბევრი ამტკიცებს, რომ ეს არის უფლება, რომლის წყაროსაც წარმოადგენს შრომა. და ეს დოქტრინები რომლებიც როგორც ჩანს სრულიად ეწინააღმდეგებიან ერთმანეთს, საყოველთაო თანხმობითა და წახალისებით სარგებლობენ. მე კი ჩემი მხრიდან ვამტკიცებ რომ არც შრომას, არც მითვისებას და არც კანონს არ შეუძლია შექმნას საკუთრება: რომ არსობრივად მას არ გააჩნია საფუძველი – შეიძლება კი ჩემი გაკიცხვა ამისათვის?

როგორი ხმაური აღიზვირთება!

საკუთრება არის ძარცვა! ეს არის 1793 წლის ნაბათი! ეს არის რევოლუციის ლოზუნგი!…

დაწყნარდი, მკითხველო, მე არ ვარ განხეთქილების მატარებელი ან აჯანყების გამჩაღებელი. მე რამოდენიმე დღით წინ ვუძღვი ისტორიას – ვაცხადებ ჭეშმარიტებას, რომლის აღმოჩენასაც სრულიად უშედეგოდ ვცდილობთ შევუშალოთ ხელი: მე ვწერ შესავალს მომავალი კონსტიტუციისათვის. ჩვენი ცრუწმენების მიუხედავად, რომ შეგვძლებოდა მიგვეღო მცნება, რომელიც თქვენ გეჩვენებათ მკრეხელობად – საკუთრება არის ძარცვა, მაშინ ამას შეეძლო შეესრულებინა ჩვენთვის მეხამსხლეტის ფუნქცია, მაგრამ რამდენი ანგარებიანი ინტერესები, რამდენი მცდარი ჭეშმარიტებები უშლიან ამას ხელს!… ფილოსოფიას, სამწუხაროდ არ ძალუძს შეცვალოს მოვლენათა სვლა; ის რაც უნდა მოხდეს, მოხდება წინასწარმეტყველებების მიუხედავად. თუმცა ყოვლად შესაძლებელია და სამართლიანობა დამკვიდრდება, ხოლო ჩვენი აღზრდა დასრულდება…

საკუთრება არის ძარცვა!… როგორი გადატრიალებაა ადამიანების შეხედულებების სფეროში! მესაკუთრე და ქურდი ყველა დროს წარმოადგენდნენ ერთმანეთის სრულ საწინააღმდეგოს. სწორედ ისევე როგორც ის მცნებები რომელსაც ისინი განასახიერებებდნენ: ყველა ენამ დაუშვა ამ წინააღმდეგობის სანქციონირება. რა გზით შეგიძლიათ თქვენ მოიხვეჭოთ საყოველთაო თანაგრძნობა და ამხილოთ კაცობრიობა ტყუილში! ვინ ხართ თქვენ რომელიც უარყოფს საუკუნეებისა და ერების საღ აზრს?

რა საქმე გაქვს შენ მკითხველო ჩემ თავმდაბალ პერსონამდე ? მე როგორც თქვენ ვარ იმ საუკუნის შვილი, რომელიც აღიარებს მხოლოდ ფაქტებსა და დოკუმენტურ მტკიცებულებებს: ჩემი სახელია, ისევე როგორც თქვენი -ჭეშმარიტების მაძიებელი (სკეპტიკოსი), ჩემი მიზანი გამოიხატება შემდეგი სიტყვებით: “ ილაპარაკე ბოროტი განზრახვისა და შიშის გარეშე, თქვი ყველაფერი რაც იცი” ჩვენი თაობის საქმეა – მეცნიერების ტაძრის შექმნა და ეს მეცნიერება მოიცავს ადამიანსა და ბუნებას. ვინაიდან ჭეშმარიტება ცხადყობს თავის თავს ყველასათვის: დღეს მას ეზიარება ნიუტონი და პასკალი. ხვალ კი სოფლელი მწყემსი, მუშა. ყველას მოაქვს მშენებლობაზე თავისი ქვა და შეასრულებს რა თავის ფუნქციას ქრება უკვალოდ. მარადიულობა ჩვენი წინამორბედია და ის განაგრძობს სვლას ჩვენს შემდეგ. ადგილი, რომელიც უკავია მოკვდავს ამ ორ უსასრულობას შორის იმდენად უმნიშვნელოა, რომ ჩვენი საუკუნე არ შეიძლება ინტერესდებოდეს ამით.

ასე რომ, მკითხველო, დაანებეთ თავი ჩემს სახელს, ჩემს პირად თვისებებს და დაკავდით მხოლოდ ჩემი არგუმნტებით. მთელი ქვეყნის თანხმობით ვბედავ გამოვააშკარაო საყოველთაოდ დამკვიდრებული შეცდომა. მე ვაპელირებ კაცობრიობის რწმენისადმი, მისი გონების წინააღმდეგ. იქონიეთ სიმამაცე რათა გამომყვეთ, თუ თქვენი ნება და გონება თავისუფალია, თუ თქვენ გონებას შეუძლია ორი წინადადების შეერთებით მესამის გამოყვანა, მაშინ უეჭველად ჩემი აზრები ასევე თქვენხ აზრებადაც გადაიქცევა. მე თქვენ გთავაზობთ დასაწყისშივე ჩემს საბოლოო დასკვნას, მე არ მსურდა თქვენი გამოწვევა, მსურდა მხოლოდ გამეფრთხილებინეთ, ვინაიდან დარწმუნებული ვარ რომ ჩემი შრომის წაკითხვის შემდეგ აუცილებად გაიზიარებთ ჩემ აზრს. ის რაზეც მსურს გელაპარაკოთ იმდენად მარტივია, იმდენად ცხადია, რომ თქვენ გაოცდებით თუ როგორ ვერ შეამჩნიეთ მანამადე. და ეტყვით თქვენს თავს: ”მე არასდროს არ მიფიქრია ამაზე”. სხვები წარმოგიდგენენ გენიოსის ხატს, რომელიც გამოსტაცებს ბუნებას მის საიდუმლოებას და შეჰღაღადებს ამაღლებულ გამონათქვამებს. აქ თვენ იპოვით მხოლოთ რიგ კვლევებს მიძღვნილს სამართლიანობასა და უფლებებზე. ასე ვთქვათ, სასწორისა და თქვენი სინდისის ერთეულების შემოწმებას. ყველა ოპერაცია შესრულდება თქვენ თვალწინ და შეძლებთ თქვენით შეამოწმოთ მათი შედეგები.

თუმცა მე არ გთავაზობთ არანაირ ალტერნატიულ სისტემას. მე მოვითხოვ პრივილეგიებისა და მონობის მოსპობას, მე მსურს თანასწორობა, მსურს რომ გაბატონდეს სამართლიანობა. სამართლიანობა და მხოლოდ სამართლიანობა. აი ეს არის ჩემი ნაწარმოების არსი. ქვეყნის დისციპლინირება სხვებისთვის მიმინდია.

ერთხელ ვკითხე ჩემს თავს; რატომ არსებობს საზოგადოებაში ამდენი ტანჯვა და სიღატაკე? ნუთუ კაცობრიობა განწირულია მარადიული უბედურებისათვის? არ გავჩერდი რა ყველა სახის რეფორმატორებზე, რომლებიც ყველა უბედურების მიზეზს ხედავდნენ მთავრობის სიმხდალესა და უუნარობაში, ან შეთქმულებსა და აჯანყებებში, ანაც საყოველთაო უგუნურებასა და გაფუჭებულობაში. დაღლილი გაუთავებელი კამათებით, როლებიც იფრქვევა ტრიბუნებიდან და პრესიდან, მე მოვისურვე ჩემით გამომეკვლია ეს საკითხი. რჩევისათვის მივმართე გამოჩენილ მეცნიერებს, წავიკითხე ასობით ტომი ფილოსოფიაში, სამართალში, პოლიტიკურ ეკონომიაში, ისტორიაში, და ჭეშმარიტად ბედნიერი ვიქნებოდი იმ ეპოქაში რომ მეცხოვრა, როდესაც მსგავს კითხვას შეეძლო ჩემთვის სარგებელის მოტანა. მივმართე ყველა ღონეს, რათა მიმეღო ზუსტი ცნობები, ვადარებდი სხვადასხვა სწავლებებს, შენიშვნებს ვუპირისპირებდი პასუხებს, დაუღალავად ვაჯერებდი არგუმენტებს, უმკაცრესი ლოგიკის გადასახედიდან ვწონიდი ათასობით სილოგიზმებს. ამ რთულ გზაზე შევაგროვე რამოდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტი, რომლებსაც შევატყობინებ ჩემს მეგობრებსა და პუბლიკას, როგორც კი გამომიჩნდება სათანადო დრო. უნდა გამოგიტყდეთ; მე უპირველეს ყოვლისა მომეჩვენა, რომ ვერასოდეს ვერ ვხვდებოდით ისეთი მარტივი სიტყვების მნიშვნელობას, როგორებიცაა სამართლიანობა, თანასწორობა, თავისუფლება. რომ ჩვენ სრულიად ბნელი წარმოდგენა გვქონდა მათზე. და სწორედ ეს უცოდინრობა იყო ერთადერთი მიზეზი გაბატონებული პაუპერიზმისა და ყველა იმ უბედურებისა, რომლებიც თრგუნავენ კაცობრიობას.

ამ უცნაური დასკვნის გამოყვანის შემდეგ ჩემი გონება შედრკა. ეჭვი შემეპარა ჩემი გონების ცხადად აზროვნების უნარში. ჩემს თავს ვეკითხებოდი, ნუთუ მართლა ფიქრობ რომ აღმოაჩინე ის, რასაც ვერავინ ვერ ხედავდა, რაც არავის არ ესმოდა, რაც ვერავის გონებამ ვერ მოიცვა. ფრთხილად, საცოდავო, და ნუ მიიღებ შენი ავადმყოფი გონების პირმშოს მეცნიერების ნათელ შუქად. სწორედ ამიტომ გადავწყვიტე შემემოწმებინა ჩემი მსჯელობის შედეგები. და აი როგორი პუნქტები მოვნიშნე ჩემი მომავალი ნაშრომისათვის; შესაძლებელია კი რომ მთელი კაცობრიობა ასე დიდხანს და ასე ერთსულოვნად ცდებოდეს კეთილსინდისიერების პრინციპების ხორცშესხმასთან მიმართებაში? როგორი სახით და რატომ ცდებოდა ის? არის თუ არა ეს საყოველთაო შეცდომა გამოუსწორებელი?

ამ კითხვებმა, რომელთა გადაჭრაზეც იყო დამოკიდებული ჩემი დასკვნების სისწორე, ვერც ისე დიდხანს გაუწიეს წინააღმდეგობა ანალიზს. ამ ნაწარმოების მეხუთე თავში მკითხველი დაინახავს რომ მორალის სფეროში, ისევე როგორც შეცნობის სხვა ნებისმიერ სფეროშიც, უდიდესი შეცდომები წარმოადგენენ ჩვენთვის საფეხურებს მეცნიერებისაკენ. რომ თვით უნარი დაუშვა შეცდომა ჭეშმარიტების გამოვლენაში, არის პრივილეგია, რომელიც აკეთილშობილებს ადამიანს და ისიც, რომ საბოლოოდ ჩემი წვლილი ფილოსოფიის სფეროში არის სრულიად უმნიშვნელო. საგნებისათვის სათანადო სახელის შერჩევას არც ისე დიდი სიბრძნე სჭირდება. ბევრად უფრო მნიშვნელოვანია მათი ცოდნა მათ წარმოქმნამდე. გამოვხატავ რა იდეას, რომელმაც მიაღწია სრულ განვითარებას, იდეას, რომელმაც მოიცვა ყველას გონება, და რომელსაც ხვალ ვინმე-სხვა გამოაცხადებს. თუ დღეს მას არ გამოვაცხადებ მე. მე მაქვს მხოლოდ მისი პირველი ფორმულირების ღვაწლი.

დიახ, ყველა ადამიანს სჯერა და იმეორებს, რომ პირობათა თანასწორობა იდენტურია თანასწორუფლებიანობის, რომ საკუთრება და ძარცვა – სინონიმებია. რომ ყოველგვარი სოციალური უპირატესობა, მიღებული, უფრო სწორედ კი უზურპირებული ტალანტის ან ღვაწლის უპირატესობის საბაბით არის არათანასწორობა და ძალადობა. ყველა ადამიანი, ვიმეორებ, გულის სიღრმეში გრძნობს ამ ჭეშმარიტებებს, საჭიროა მხოლოდ აიძულო ისინი გააცნობიერონ ის.

ვიდრე შევუდგები საქმეს, მე უნდა ვთქვა რამოდენიმე სიტყვა იმ გზის შესახებ რომელსაც გავყვები. როდესაც პასკალი ხელს კიდებდა რომელიმე გეომეტრიული ამოცანის გადაჭრას, ის იგონებდა მისი ამოხსნის მეთოდს. ფილოსოფიური პრობლემის გადაჭრისათვის ასევე საჭიროა მეთოდი. ვინაიდან პრობლემები, რომლებითაც ინტერესდება ფილოსოფია თავისი დასკვნებით ბევრად უფრო რთულია გეომეტრიის პრობლემატიკაზე. მითუმეტეს რომ მათი გადაჭრისათვის საჭიროა სიღრმისეული და მკაცრი ანალიზი.

თანამედროვე ფსიქოლოგია გვეუბნება, რომ ამიერიდან არ არსებობს არანაირი ეჭვი იმაში, რომ ყველა სახის აღქმა განიმარტება მის მიერ იმავე გონების გარკვეული, დადგენილი წესებით; მასში აირეკლება, ასე ვთქვათ, ცნობილი სახეებით, რომლებიც წინ უძღვიან ჩვენს გონებას და წარმოადგენენ მის ფორმალურ თვისებას. ამრიგად, ამბობენ ისინი, თუ “სულს” არ გააჩნია თანდაყოლილი გარკვეული იდეა, ყოველ შემთხვევაში მას გააჩნია თანდაყოლილი გარკვეული სტრუქტურები. ასე მაგალითად, ყოველგვარი მოვლენა საჭიროებისამებრ ჩვენს მიერ აღიქმება, როგორც არსებული დროსა და სივრცეში; ყველაფერი არსებული გვიბიძგებს ვიგულისხმოთ მის არსებობაში რაიმე მიზეზი; ყველაფერი არსებული მოიცავს საკუთარ თავში სუბსტანციის, ფორმის, რიცხვის, ზემოქმედების და მრავალ სხვა იდეებს- ერთი სიტყვით ჩვენ არ გვძალუძს შევქმნათ რაიმე აზრი რომელიც არ იქნებოდა კავშირში გონების საერთო პრინციპებიდან ერთ-ერთთან მაინც, ვინაიდან ამ პრინციპების მიღმა არაფერი არ არსებობს.

შეცნობის ეს აქსიომები, განაგრძობენ ფსიქოლოგები, ყველა ჩვენი მსჯელობა, და ყველა ჩვენი იდეა, რომლებსაც ჩვენი გრძნობები მხოლოდ აღმოაჩენენ, უცილობლად ამ ძირითად ტიპებამდე მიდის, როლებიც კატეგორიების სახელითაა ცნობილი. მათი პირვანდელი არსებობა ჩვენს გონებაში დღეისათვის დადასტურებულია, დარჩენილია მხოლოდ მათი სისტემატიზირება და აღრიცხვა. არისტოტელე ათ მათგანს ითვლიდა, კანტმა მათი რაოდენობა თხუთმეტამდე გაზარდა, ბატონმა კუზენმა მათი რიცხვი სამით, ორით, ერთით შეზღუდა. ამ პროფესორის უეჭველ დამსახურებად შეიძლება ჩაითვალოს ის, რომ მან თუ არ აღმოაჩინა კატეგორიების ჭეშმარიტი თეორია ყოველ შემთხვევაში ყველა სხვა ნებისმიერზე უკეთ გააცნობიერა ამ საკითხის მნიშვნელობა.

გამოგიტყდებით და არ მჯერა არც თანდაყოლილი იდეების და თანდაყოლილი ფორმებისაც კი. ან ჩვენი შეცნობის კანონების არსებობისა და ვთვლი რომ რიდისა და კანტის მეტაფიზიკა კიდევ უფრო შორსაა ჭეშმარიტებისგან, ვიდრე არისტოტელეს მეტაფიზიკა. მაგრამ ვინაიდან აქ არ მაქვს გამიზნული გონის კრიტიკა, რომლის საკითხიც მოითხოვდა შრომის გაგრძელებას და რომელიც საერთოდ არ აინტერესებს პუბლიკას, ჰიპოთეთიკურად ვუშვებ რომ ჩვენი ყველაზე უფრო ზოგადი და ყველაზე მეტად აუცილებელი ცნებები როგორებიცაა მაგალითად დროის, სივრცის, სუბსტანციის და სხვა ცნებების აღქმა იმთავითვე არსებობენ გონებაში ან ყოველ შემთხვევაში, გამომდინარეობენ მისი ორგანიზაციიდან.

ამასთანავე ფსიქოლოგიაში არსებობს არა ნაკლებ სანდო ფაქტი, რომელსაც ფილოსოფოსები აქამდე ზედმეტად უგულებელყოფდნენ; საქმე იმაშია რომ ჩვევას, როგორც მეორე ნატურას შეუძლია შთააგონოს შეცნობის კატეგორიის ახალი ფორმები, რომლებიც ნასესხებია გარეგანი ნიშნებისაგან, რომლებიც იპყრობენ ჩვენს ყურადღებას და ჩვეულებრივ მოკლებული არიან ობიექტურ რეალობას. ამის მიუხედავად მათი ზეგავლენა არანაკლებ განსაზღვრავენ ჩვენს წარმოდგენას, ვიდრე პირველი კატეგორიის ფაქტორები. აქედან გამომდინარე ჩვენ ერთდროულად მსჯელობისას ვეყრდნობით როგორც ჩვენი გონების აბსოლუტურ და მარადიულ კანონებს ასევე მეორეხარისხოვან წესებს, რომლებიც უმთავრესად მცდარია და შთაგონებულნი არიან არასაკმარისად ზუსტი დაკვირვების მიერ. ამგვარია მცდარი დებულებების უხვი წყარო. მუდმივი და ხშირად გადაულახავი მიზეზი მრავალი შეცდომისა. ამ მცდარი დებულებების ზეგავლენა იმდენად დიდია, რომ ხშირად, როდესაც თავსაც კი ვესხმით თვით პრინციპს, რომელსაც ჩვენი გონება აღიქვამს მცდარად, გონი და სინდისი უარყოფენ მას, ჩვენ თვითონ ვერ ვამჩნევთ რა ვხდებით მისი დამცველები. ვმსჯელობთ მისი გავლენით და ვემორჩილებით მას. ჩვენი გონება როგორც ჯადოსნურ წრეში მოძრაობს საკუთარი თავის გარშემო, მანამდე, სანამ ახალი დაკვირვება არ გააღვიძებს ჩვენში ახალ იდეებს და არ გვაიძულებს აღმოვაჩინოთ გარეგანი პრინციპი, რომელიც გაგვანთავისუფლებს ფანტომისაგან, რომლითაც შებყრობილია ჩვენი გონება.

მაგალითად ამჟამად ჩვენთვის ცნობილია, რომ უნივერსალური მაგნეტიზმის ძალის წყალობით, რომლის წარმოქმნის მიზეზიც ჩვენთვის უცნობია, ორი სხეული, რომლებიც არ ხვდებიან თავის გზაზე წინაღობას, მიისწრაფიან შეერთებისაკენ, იმავე ძალის გამო სხეულები რომლებიც მოკლებული არიან საყრდენს ეცემიან მიწაზე. აიძულებს მათ წარმოქმნან ზეწოლა სასწორზე და გვაძლევს ჩვენ საშუალებას დავიმაგროთ თავი დედამიწაზე, რომელზეც ჩვენ ვარსებობთ. ამ ძალის არცოდნა იყო ერთადერთი მიზეზი რომელიც უშლიდა ძველებს ერწმუნათ ანტიპოდების არსებობა. “როგორ არ გესმით – ამბობდა ლაკტანტიუსის გადმოცემით წმ. ავგუსტინე – რომ იმ შემთხვევაში, თუ ჩვენი ფეხების ქვეშ იარსებებდნენ ადამიანები, ისინი თავდაყირა ივლიდნენ და ცაში ჩავარდებოდნენ.” გიპონიის ეპისკოპოსი თვლიდა რომ დედამიწა ბრტყელი იყო, ვინაიდან ის მას ასეთად ეჩვენებოდა, საკმაოდ თანმიმდვრულად თვლიდა რომ თუ ზენიტიდან ნადირამდე ( სხვადასხვა პუნქტებია) გავატარებდით სწორ ხაზებს მაშინ ეს ხაზები იქნებოდნენ ერთმანეთის პარალელურნი. ამასთანავე ის თვლიდა, რომ ყოველგვარი მოძრაობა ზემოდან ქვემოთ ხორციელდება ამ ხაზების მიმართულებით. აქედან მას ბუნებრივია უნდა დაესკვნა, რომ ვარსკვლავები, მოძრავი ჩირაღდნების მსგავსად, მიმაგრებული არიან ცაზე. ხოლო თუ ისინი მინდობილნი იქნებოდნენ საკუთარ თავს უეჭველად ცეცხლოვანი წვიმის სახით დედამიწაზე ჩამოვარდებოდნენ. ასე რომ დედამიწა მათთვის წარმოადგენდა უზარმაზარ სიბრტყეს, სამყაროს ცენტრს და ა.შ. მისთვის რომ დაესვათ კითხვა თუ რაზე დგას თავად დედამიწა ის უპასუხებდა რომ არ იცის, მაგრამ ღმერთისათვის არ არსებობს რაიმე შეუძლებელი. ასეთი იყო წმ. ავგუსტინეს წარმოდგენები სივრცესა და დროზე. წარმოდგენა, რომელიც შთაგონებულ იქნა ცრუ დებულების მიერ, წარმოქმნილი პორველადი შთაბეჭდილების მიერ, რომელმაც მისთვის მსჯელობის საერთო და კატეგორიული წესის სახე მიიღო. ხოლო რაც შეეხება თავად სხეულების დაცემის მიზეზებს, ამ საკითხთან დაკავშირებით წმ. ავგუსტინეს გონება დუმდა. ის შეძლებდა მხოლოდ ეთქვა რომ სხეული ეცემა რადგანაც ის ეცემა.

ჩვენთვის სხეულის დაცემის ცნება უფრო რთულია. სივრცისა და მოძრაობის საერთო ცნებებს, რომლებსაც წარმოქმნის ჩვენში დაცემის ცნება, ჩვენ ვუმატებთ მიზიდულობას ანუ გარკვეული ცენტრისაკენ ლტოლვას. რომელიც გამოწვეულია გამომწვევი მიზეზის საერთო აღქმით. თუმცა ფიზიკამ სრულიად შეცვალა ჩვენი წარმოდგენები ამ საკითხში, მაგრამ ყოფით ცხოვრებაში ჩვენ მაინც ვინარჩუნებთ წმ. ავგუსტინეს ცრუწმენას, და როდესაც ვამბობთ რომ ნივთი დავარდა ჩვენ ვგულისხმობთ არა, მიზიდულობის მოვლენას საერთოდ, არამედ სხეულის მოძრაობას მიწის მიმართულებით, ზემოდან ქვემოთ. მიუხედავად ჩვენი განათლებულობისა, წარმოსახვა მაინც გვიტაცებს და ჩვენი ენა რჩება გამოუსწორებელი. ციდან ჩამოვარდნა ისევე არასწორი გამოთქმაა როგორც ცაში ასვლა. და ამასობაში ეს გამოთქმა იარსებებს მანამ, სანამ იარსებებს ადამიანის ენა ამ ფორმით.

ყველა ეს სიტყვათშეხამება როგორებიცაა ზემოდან ქვემოთ, ციდან ჩამოვარდნა და ა.შ. უკვე აღარაა საშიში, ვინაიდან ჩვენ პრაქტიკაზე ვიცით მათი ფასი, მაგრამ ისინი დიდწილად აფერხებდნენ მეცნიერების პროგრესს. სინამდვილეში სტატიკისათვის, მექანიკისათვის, ჰიდროდინამიკისათვის, ბალისტიკისათვის სულერთია იქნება თუ არა ცნობილი სხეულების ვარდნის ჭეშმარიტი მიზეზი და იქნება თუ არა დადგენილი ზუსტი ცნებები სივრცის მთავარ მიმართულებებზე. სხვაგვარად მდგომარეობს საქმე როდესაც საუბარია სამყაროს სისტემის განმარტებაზე, საზღვაო მოქცევის მიზეზებზე, დედამიწის ფორმასა და მის ადგილზე კოსმოსში. ყველა ამ კითხვის გადასაჭრელად უნდა გავიდეთ პირველადი შთაბეჭდილების წრიდან. ჯერ კიდევ შორეულ წარსულში გაჩდნენ გენიალური მექანიკოსები, არქიტექტორები, არტილერისტები. მათი ცრუ წარმოდგენები დედამიწის ფორმაზე ან მიზიდულობის ძალაზე არ აფერხებდა მათი ხელოვნების დახვეწას. შენობების სიმყარე ან სროლის სიზუსტე ამით არ ზიანდებოდა. მაგრამ ადრე თუ გვიან უნდა მიექცია ადამიანს ყურადღება მოვლენებზე, რომლებიც აუხსნელნი იყვნენ. იმ დაშვების წყალობით რომ დედამიწის სიბრტყისაკენ დაშვებული ყველა პერპენდიკულარი ერთმანეთის პარალელურია, მაშინ უნდა დაწყებულიყო ბრძოლა ცრუწმენებს, რომლებიც ასწლეულობის მანძილზე აკმაყოფილებდნენ საყოფაცხოვრებო მოთხოვნილებებს და ახალ შეხედულებებს შორის. რომლებიც წინააღმდეგობაში მოდიოდნენ ცხადთან.

Facebook Comments