რა არის პირდაპირი მოქმედება?

“პირდაპირი მოქმედება” ანარქისტების გაერთიანებაა, რომელიც პროპაგანდას უწევს ანარქიას და ხელს უწყობს ანარქისტული საზოგადოების ჩამოყალიბებას. “პირდაპირი მოქმედება” იბრძვის ისეთი საზოგადოების შესაქმნელად, რომელიც კაპიტალიზმის, სახელმწიფოსა და ყოველგვარი იერარქიის გარეშე შეძლებს მართოს საკუთარი ცხოვრება. ეს უდავოდ რევოლუციური მიზანი საჭიროებს ორგანიზებულობას და მჭიდრო თანამშრომლობას. ანარქისტების ერთ-ერთი მთავარი მიზანია საზოგადოებისთვის ანარქიის ცოცხალი მაგალითის ჩვენება, “პირდაპირი მოქმედება” კი ამის საშუალებას რეალურად გვაძლევს.image

 

გააკეთე შენით

პირდაპირი მოქმედების მთავარი პრინციპი ისაა, რომ ჩვენს მიზნებს ჩვენით უნდა მივაღწიოთ და არა – სხვების მოქმედების ხარჯზე. ჩვენ ვიღებთ ინიციატივას საკუთარ თავზე და არ ვცდილობთ პასუხისმგებლობა სხვას დავაკისროთ. ანარქიას სწორედ ეს განასხვავებს სხვა პოლიტიკური ფორმებისგან – სხვა პოლიტიკური სისტემები ეყრდნობა არჩევნებს, ლობირებას.. ყველა ეს მოქმედება დაფუძნებულია ტყუილზე, რომ ჩვენ არ შეგვიძლია ვმართოთ საკუთარი ცხოვრება და დამოკიდებულნი უნდა ვიყოთ სხვების მიღებულ გადაწყვეტილებებზე. მმართველი კლასი და მის სასარგებლოდ მომუშავე ინსტიტუტები ხელს გვიშლიან სტატუს-ქვოს შეცვლაში და ინიციატივის გამოჩენაში. პირდაპირი მოქმედება უარყოფს ამ არსებულ სისტემას და მიიჩნევს, რომ ჩვენ გვაქვს მისი შეცვლის უფლება და ძალა, რაც მის მოქმედებებში ვლინდება. “პირდაპირი მოქმედების” მაგალითებია ბლოკადები, პიკეტები, საბოტაჟი, გაფიცვა, შეფერხებების მოწყობა.. გარდა ამისა, პირდაპირი მოქმედების ფარგლებში არსდება ადგილობრივი ორგანიზაციები, როგორებიცაა, მაგალითად, საკვების კოოპერატივები, ადგილობრივი რადიო/ტელევიზიები.. საწარმოებში მოწყობილი აქციები მიმართულია მუშათა თვითმმართველობის გაძლიერებისკენ და დამქირავებლების მოგების შემცირებისკენ,რომელიც მუშათა კლასის მონური მუშაობის შედეგადაა გაზრდილი. ამავე მიზანს ემსახურება საბოტაჟი.

უნდა აღვნიშნოთ, რომ სახელმწიფოსგან და კაპიტალისტური სისტემისგან მომდინარე უსამართლობასთან ბრძოლის გარდა, პირდაპირ მოქმედებას სხვა დანიშნულებაც აქვს. ის მოიცავს არა მხოლოდ პროტესტს, არამედ არის მომავლის აშენების გზა. ყოველი სიტუაცია, რომელშიც ხალხი ინიციატივას საკუთარ თავზე იღებს და სახელმწიფოსგან დამოუკიდებლად წარმართავს საკუთარ ცხოვრებას – პირდაპირი მოქმედების მაგალითია. პირდაპირი მოქმედების დევიზია “გავაკეთოთ ჩვენით” და მნიშვნელობა არ აქვს, რა იქნება დამოუკიდებლად გაკეთებული საქმე – უსამართლობასთან ბრძოლა თუ ახალი სამყაროს შექმნა, რომელიც უკეთესად დააკმაყოფილებს ჩვენს მოთხოვნებს. პირდაპირი მოქმედებისთვის მთავარია, ჩვენ ჩვენით განვსაზღვროთ მიზანი და შემდეგ ჩვენივე ძალებით ვიბრძოლოთ მის მისაღწევად. რაც მთავარია, პირდაპირი მოქმედება არის ორგანიზაცია იერარქიის გარეშე, და მისი ყოველი წარმატება არის იმის დადასტურება, რომ შესაძლებელია ანარქისტული იდეების რეალურ ცხოვრებაში განხორციელება. პირდაპირი მოქმედება და ანარქისტული იდეები ერთი მონეტის ორი მხარეა – ერთის წარმატება მეორის რეალურობაზე მეტყველებს.

მიზანი და საშუალება

ანარქისტები არასოდეს კითხულობენ, ამართლებს თუ არა მიზანი საშუალებას. ჩვენ გვჯერა, რომ ის საშუალებები, რომლებსაც ჩვენ ვიყენებთ, აუცილებლად განაპირობებს სასურველი შედეგის დადგომას. ჩვენი მეთოდები და მიზნები ურთიერთშესაბამისია. ისტორია გვიჩვენებს, რომ თავისუფალი საზოგადოების აშენება შეუძლებელია ავტორიტატული მეთოდების გამოყენებით. სწორედ ამიტომ ვეწინააღმდეგებით ტერორიზმსა და ძალადობის ყველანაირი გამოვლინებას, თუმცა, მედია-საშუალებები ხშირად ტერორისტების იარლიყს გვაკერებენ. ანარქია ხალხს სთავაზობს  გაერთიანებას და საკუთარი მომავლისთვის ბრძოლას, პირდაპირი მოქმედება კი ანარქისტული იდეების ხორცშესხმაა. ჩვენ არ გვსურს წინ გავუძღვეთ რევოლუციას, ჩვენ გვსურს რომ ყველამ ერთად შევქმნათ იგი. ჩვენ საზოგადოებას ვუჩვენებთ, რისი გაკეთება და რისი მიღწევაა შესაძლებელი საკუთარი ძალებით.

პროტესტი

პირდაპირი მოქმედების აქციები განსხვავდება სიმბოლური აქციებისგან. პირდაპირი მოქმედების ფარგლებში ჩვენ კონკრეტულ ნაბიჯებს ვდგამთ იმის წინააღმდეგ, რაც არ მოგვწონს,სიმბოლური აქციები კი მხოლოდ მათ გამოაშკარავებას ემსახურება. პირდაპირი მოქმედების აქტივისტს ურჩევნია კარი შეამტვრიოს, ვიდრე ამ კარის წინ ტრანსფარენტით იდგეს რამდენიმე დღის განმავლობაში. ზოგადად, სიმბოლური აქციები არანაირი სარგებლობის მომტანი არაა – ისინი კი არ ებრძვიან, არამედ აშუქებენ უსამართლობას, შემდეგ კი ცდილობენ, მმართველ კლასს აიძულონ რაიმე დათმობაზე წასვლა. პროტესტის ასეთი ფორმით გამოხატვა ხშირად სასაცილო მდგომარეობაში აყენებს პროტესტანტებს – ისინი, ფაქტობრივად, ძვლის გადმოგდებას ეხვეწებიან მმართველ კლასს. პირდაპირი მოქმედება ემიჯნება მორალურ პროტესტს. მორალურ პროტესტად მივიჩნევთ ისეთი სახის პროტესტს, სადაც ხდება მხოლოდ პრობლემის გაშუქება და შემდეგ იწყება მმართველი კლასის დაყოლიების მცდელობა ამ პრობლემის გადასაჭრელად. ასეთი ტიპის პროტესტებს საფუძვლად უდევს მითი, რომ მთავრობას შეიძლება რაიმე ვაიძულოთ მშვიდობიანი პროტესტით. ანარქისტები ვაცნობიერებთ, რომ ასეთი პროტესტი ვერაფერს ცვლის და თუ რაიმეს შეცვლა გვინდა, ჩვენ თვითონ უნდა გავანძრიოთ ხელი. პირდაპირი მოქმედება პირდაპირ პრობლემას ებრძვის, იმისგან დამოუკიდებლად, შეიცვლის თუ არა მმართველი კლასი აზრს.

სამართალდამცავი ორგანოები”

პირდაპირი მოქმედების მთავარი პრინციპი პოლიციასთან ურთიერთობისას არის ის, რომ შეძლებისდაგვარად უნდა უგულებელვყოთ მათი ძალაუფლება. თუ ჩვენ დავემორჩილებით პოლიციის მითითებებს და შევასრულებთ მათ ნებას, გამოვა რომ ჩვენ უარს ვამბობთ ვიმოქმედოთ ისე, როგორც ჩვენ გვსურს. პირდაპირი მოქმედების ერთ-ერთი მთავარი პრინციპია, არ მივცეთ პოლიციას საშუალება, შეზღუდოს ჩვენი მოქმედებები. რასაკვირველია, ხშირად შეიძლება დაგვჭირდეს იმის გაცნობიერება,თუ რა მოყვება სახელმწიფოს კანონების წინააღმდეგ წასვლას და ამის გამო დროებით უკანაც დავიხიოთ, რათა პოლიციასთან პირდაპირ შეტაკება არ მოგვიწიოს, მაგრამ ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ პოლიციას არ აქვს ჩვენი თავისუფლების შეზღუდვის უფლება. ჩვენ პოლიცია უნდა აღვიქვათ როგორც პოლიტიკური ორგანო, რომელიც იცავს მმართველი კლასის ინტერესებს. როგორც კი ჩვენი მოქმედებები საფრთხეს შეუქმნის ამ ფულის ტომრების შემოსავლებს, პოლიცია საქმეში ჩაერევა და შეეცდება შეგვაჩეროს. ეს არც უნდა გაგვიკვირდეს – ისინი სწორედ იმას იცავენ, რისი განადგურებაც ჩვენ გვსურს. მათ უკან დგას სახელმწიფოს შეიარაღებული ძალები. ისტორია გვიჩვენებს, რომ პოლიციის უკან მდგარი სამხედრო ძალები თითქმის ყოველთვის ერეოდნენ საზოგადოებრივ ცხოვრებაში, როდესაც მთავრობას საფრთხე ექმნებოდა.

აქვე უნდა აღვნიშნოთ ის, რომ, რამდენადაც პოლიციას ზურგს უმაგრებს უზარმაზარი შეიარაღება, პირდაპირი შეტაკების შედეგად მისი დამარცხება, ფაქტობრივად, შეუძლებელია. ეს არაა პაციფისტური პოზიცია. ჩვენ გვაქვს უფლება, თავი დავიცვათ სახელმწიფოსგან ყველანაირი ფორმით, მაგრამ თუ შესაძლებელია ამის მიღწევა მშვიდობიანი გზით, მაშინ არ ღირს სახელმწიფოს სადარაჯოზე დაბმული ქოფაკების გაღვიძება. ხშირად პოლიციასთან დაპირისპირებას ჯობია, თავი ავარიდოთ შეტაკებას – რაც ჩვენთვისვე იქნება სასარგებლო. თუმცა, ყოველთვის უნდა გვახსოვდეს ისიც, რომ ძალადობის და კონფრონტაციის წყარო ხშირად სწორედ პოლიციაა, რომელიც მმართველი კლასის ინტერესებს, შესაბამისად – უსამართლობას  იცავს.

___________
სიდი

Facebook Comments

Leave a Reply

Your email address will not be published.