ნაწყვეტი რუდოლფ როკერის შრომიდან “ანარქიზმი და ანარქო სინდიკალიზმი”

RudolfRocker1915

ყველა სახის პოლიტიკური ძალაუფლება იმანენტურად გულისხმობს მონობის კონკრეტულ ფორმებს, რათა შენარჩუნდეს, როგორც არსებული წესრიგის გამომხატველი. როგორც გარეგნულადაც ჩანს, ამა თუ იმ სახელმწიფოს სხვა სუვერენულ ქვეყნებთან ურთიერთობისას სჭირდება ხელოვნურად წარმოქმნას წინააღმდეგობები, რათა ლეგიტიმაცია მიანიჭოს მის შიგნით პოლიტიკური თამაშის წესებს – საზოგადოებები დაყოს კასტებად, წოდებებად, კლასებად და ასეთი ფორმის სოციო-ეკონომიკური რეალობა გამოაცხადოს სახელმწიფოს არსებობისათვის აუცილებელ, საჭირო და გამართლებულ მდგომარეობად. ბოლშევიკური ბიუროკრატიის აღზევება, რომელიც  რუსეთში პროლეტარიატის დიქტატურის ნიღბისქვეშ ხდებოდა (სინამდვილეში ეს დიქტატურა მცირე ელიტური ჯგუფების ძალადობა იყო რუს ხალხზე) ახალი ინსტანციაა იმ ისტორიული გამოცდილებისა, რომელიც რამდენჯერმე იქამდეც გამეორდა: მაღალი კლასი, რომელიც დღეს გარკვეული ტიპის არისტოკრატიადაც ყალიბდება, რუსი გლეხებისა და მუშებისაგან განცალკევებულად ინიჭებდა პრივილეგიებს “სახალხო მმართველობის უფლებაზე”. ეს სიტუაცია კიდევ უფრო გაუსაძლისი გახდა მას შემდეგ რაც დესპოტურმა სახელმწიფო აპარატმა მთლიანად ჩამოართვა მშრომელთა კლასს უფლება, უკმაყოფილება გამოეხატა არსებული წესრიგისადმი და ებრძოლა საკუთარი უფლებებისათვის. თუნდაც სრულმა ეკონომიკური თანასწორობამ ვერ დაიცვა მასები პოლიტიკური და სოციალური რეპრესიისაგან. მხოლოდ ეკონომიკური თანასწორობა ვერ მოგვცემს თავისუფალ საზოგადოებას. ეს ის გაკვეთილია, რომელიც ავტორიტარული სოციალიზმის დამცველებს არასდროს სურდათ ესწავლათ – ციხეებში, მონასტერებში და ყაზარმებში ეკონომიკური თანასწორობაა, – ერთნაირად აჭმევენ, ერთნაირად აცმევენ, ერთნაირ დავალებებს ასრულებენ. უძველესი ინკების სახემწიფო პერუში და იეზუიტთა სახელმწიფო პარაგვაიში სრული ეკონომიკური თანასწორობით ხასიათდებოდა, თუმცა ამის მიუხედავად იქ საშინელი ავტორიტარული რეჟიმი დამყარდა, სადაც ინდივიდები იარაღებს წარმოადგენდნენ პოლიტიკური იერარქიის მაღალ საფეხურზე მყოფი ჯგუფებისათვის. პრუდონი პირველია, ვინც ასეთი ტიპის წესრიგს აკრიტიკებს, მისთვის “სოციალიზმი” თავისუფლების გარეშე მონობის ერთ-ერთი ფორმაა. სოციალური სამართლიანობის იდეა მხოლოდ მაშინ რეალიზდება, როცა ერთდროულად ზრდის პიროვნების თავისუფლებასა და პასუხისმგებლობის განცდას. თავის მხრივ ჰეგელისთვისაც თავისუფლება სხვა არაფერია, თუ არა გაცნობიერებული პასუხისმგებლობა. სოციალიზმი შესაძლებელია სრულიადაც არ იყოს თავისუფლებაზე დაფუძნებული საზოგადოებრივი ფორმაცია თუკი პოლიტიკური ვერტიკალი მუდმივად ძალაუფლების ლეგიტიმაციის მცდელობაშია. ამ გარემოების მნიშვნელობის ამოცნობამ აქცია ანარქიზმი ანტისახელმწიფოებრივ იდეოლოგიად.

____________________
სოსოს თარგმანებიდან

Facebook Comments

Leave a Reply

Your email address will not be published.