სექცია B: რატომ ეწინააღმდეგებიან ანარქისტები არსებულ სისტემას?

ანარქიზმი იდეურად არის ანტი-კაპიტალისტური. პოლიტიკურ თეორიად ის ჩამოყალიბდა იმავე პერიოდში, რომელშიც კაპიტალიზმი. როგორც საზოგადოებრივი მოძრაობა, ის ზრდიდა თავის ძალებსა და გავლენის სფეროს, მაშინ როდესაც კაპიტალიზმი იმორჩილებდა საზოგადოებას. ანარქიზმი არამხოლოდ სახელმწიფოს ეწინააღმდეგება (როგორც ამას ზოგიერთი ეგრეთ წოდებული ექსპერტი აცხადებს), არამედ ის ყოველთვის გამოდიოდა ნებისმიერი სახის ძალაუფლებისა და ჩაგვრის წინააღმდეგ, განსაკუთრებით კაპიტალიზმისა და მისი ისეთი ფორმის, როგორიცაა კერძო საკუთრება. შემთხვევითი არაა ის, რომ პრუდონმა, რომელმაც პირველმა უწოდა თავს ანარქისტი, ამის შესახებ საუბარი დაიწყო წიგნში “რა არის საკუთრება?” (და გასცა პასუხი: ”ეს ძარცვაა!”). აქედან გამომდინარე, ანარქიზმი ყოველთვის გამოდიოდა, როგორც სახელმწიფოს, ისე კაპიტალიზმის წინააღმდეგ. პრუდონის შემდეგ ანარქისტული კრიტიკა გავრცელდა არა მარტო ამ ორ სოციალურ ბოროტებაზე, ანარქისტები ასევე უარყოფენ ისეთი სახის სოციალურ იერარქიებს, როგორებიცაა სექსიზმი, ჰომოფობია და რასიზმი, იმდენად, რამდენადაც ეს ხელს უშლის თავისუფლებასა და თანასწორობას. ყველაფერი ეს, არ ნიშნავს იმას, რომ ანარქისტული იდეები არ არსებობდა კაპიტალიზმამდე. მოაზროვნეები, რომელთა იდეებსაც შეიძლება ეწოდოთ ანარქისტული, ცხოვრობდნენ ათასობით წლის წინათ, და ისინი იყვნენ სხვადასხვა კულტურათა წარმომადგენლები. არ გადავაჭარბებთ, თუ ვიტყვით რომ ანარქიზმი დაიბადა იმ მომენტში, როდესაც გაჩნდა სახელმწიფო და კერძო საკუთრება. როგორც კროპოტკინი შენიშნავდა, ყოველთვის იყვნენ ანარქისტები და სახელმწიფოს მომხრეები. ჩვენს დროში კი ანარქიზმი წარმოქმნა იმავე კრიტიკულმა და რევოლუციურმა მოძრაობამ, რომელმაც საერთოდ სოციალიზმი, მაგრამ სხვა სოციალისტებისაგან განსხვავებით, ანარქისტები არ დაჯერდნენ მხოლოდ “კაპიტალიზმისა და კაპიტალისტურ შრომაზე დამყარებული საზოგადოების კრიტიკას”, ისინი წავიდნენ უფრო შორს: “გამოაცხადეს თავი იმის მოწინააღმდეგეებად, რაც წარმოადგენს კაპიტალიზმის ნამდვილ ძალას. ესენია: სახელმწიფო და მისი ფუნდამენტური პრინციპები, ცენტრალიზებული ძალაუფლება და კანონები, რომლებიც ემსახურებიან მხოლოდ ერთ მიზანს – დაიცვას ძალაუფლება და კაპიტალიზმი.” აქედან გამომდინარე, ანარქიზმი გამოდის როგორც კაპიტალიზმის, ისე მისი ბურჯების: კანონების, ძალაუფლებისა და სახელმწიფოს წინააღმდეგ, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ანარქიზმი, საზოგადოებრივი მოძრაობა, ხანგრძლივი ბრძოლის ისტორიით, როგორც პოლიტიკური თეორია და იდეების კომპლექსი, არის პროდუქტი იმ საზოგადოებრივი ტრანსფორმირებისა, რომელიც წინ უძღოდა თანამედროვე სახელმწიფოს შექმნას. არსებითად, ამ თავში წარმოდგენილი ანალიზი და კრიტიკა შეეხება თანამედროვე კაპიტალისტურ საზოგადოებას.

ანარქისტებს ესმით, რომ მთავრობისა და სხვა ფორმის იერარქიების ძალა დამოკიდებულია მართულთა თანხმობაზე. მაგრამ, საქმე მხოლოდ შიშში არ არის… “ვინაიდან მათ აქვთ იგივე ფასეულობები, რაც მათ ხელმძღვანელებს. ძალაუფლების მქონესაც და მას დაქვემდებარებულსაც, სჯერათ კანონისა და იერარქიის ყოვლისშემძლეობის” (კოლინ ვარდი “ანარქია და მოქმედებები”). ამის გათვალისწინებით, ჩვენ წარმოგიდგენთ ჩვენს არგუმენტებს, ამ “კონსენსუსის” საწინააღმდეგოდ, რათა დავასაბუთოთ რატომ ვართ ანარქისტები და რატომ არ გვაინტერესებს სოციალური ურთიერთობანი, რომელიც დამყარებულია ძალაუფლებაზე. რა თქმა უნდა, ეს მიზანი მარტივად არ მიიღწევა. არც ერთ მმართველ კლასს არ შეუძლია გადარჩენა, თუ მათი მომხრეები არ იღებენ დიდ მხარდაჭერას დაქვემდებარებულთაგან. ეს კი მიიღწევა სხვადასხვა ხერხებით – პროპაგანდით, ე.წ. განათლების სისტემით, ტრადიციებით, მედია საშუალებებით, ფართოდ გავრცელებული აზრებით. აქედან გამომდინარე, საზოგადოებაში დომინირებადი იდეები, არის ისეთი როგორიც ელიტას სურს, ან ისეთი, როგორიც ელიტაშია დომინირებადი. ეს ნიშნავს, რომ ყველა საზოგადოებრივი მოძრაობა ვალდებულია ებრძოლოს ამ იდეებს.

 

“ხშირად ადამიანები ვერც კი აცნობიერებენ, რომ ჩაგვრისა და ბატონობის სისტემა არსებობს. მათ უწევთ თავიანთი უფლებებისათვის ბრძოლა იმ სისტემაში რომელშიც ცხოვრობენ, ჯერ კიდევ მანამ, სანამ გააცნობიერებენ რომ რაღაც სახის ზეწოლა რეალურად არსებობს. მოდით გავიხსენოთ ქალთა ბრძოლის ისტორია. თავდაპირველად, ისინი ცდილობდნენ ფართო მასებისთვის ეთქვათ, რომ ქალის დამცირებული, დეპრესიული ყოფა, არ არის ნორმალური და ბუნებრივი მდგომარეობა. ჩემი ბებია, მაგალითად, არ შეუერთდებოდა ქალთა უფლებებისათვის მებრძოლ მოძრაობას, რადგან ის ვერ გრძნობდა თავს დაჩაგრულად. მისი აზრით, ასეთი იყო ცხოვრება, და ეს ისეთივე ნორმალურად ეჩვენებოდა, როგორც დილით მზის ამოსვლა. შეუძლებელია რაიმეს გაკეთება, სანამ ხალხი არ გააცნობიერებს, რომ ჩაგვრა და ზეწოლა  არ არის მზის ამოსვლის მსგავსი, რომ მისგან შეიძლება გათავისუფლება, რომ არ არის აუცილებელი დავემორჩილოთ ბრძანებებს და მოვითმინოთ ძალადობა. შეუძლებელია რაიმეს გაკეთება მანამ, სანამ ადამიანები არ მიხვდებიან, რომ ამ ყველაფერში რაღაც არასწორია. ერთი გზა მიზნის მისაღწევად არის – მცდელობა რეფორმების განხორციელებისა თავად სისტემის შიგნით. შემდეგ კი, ადრე თუ გვიან, მისვლა იმ დასკვნამდე რომ თავად სისტემის შეცვლაა საჭირო.” (ნოამ ჩომსკი, ინტერვიუ ანარქიზმზე). როგორც მალატესტა ამბობდა, “პირველ რიგში ანარქისტებმა უნდა შეძლონ ხალხის დარწმუნება. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ ვალდებულები ვართ ვაცნობოთ ხალხს იმ პრობლემების შესახებ, რომლებიც მათ ტანჯავს და შეიძლება კიდეც ანადგურებს.  მათ ვისაც სცივათ და შიათ, ჩვენ უნდა ავუხსნათ და ვაჩვენოთ თუ რა მარტივი იქნება მათი მატერიალური მოთხოვნილებების დაკმაყოფილება. მათ ვისაც ამცირებენ და მათ ვინც სძულთ, უნდა ვაჩვენოთ როგორ შეიძლება ბედნიერად ცხოვრება თავისუფალ და თანასწორ ხალხთა სამყაროში. და მაშინ, როდესაც გავაღვიძებთ მათში აჯანყების სურვილს, საზოგადოების მტანჯველი უსამართლობისა და ბოროტების წინააღმდეგ, დავეხმარებით მათ იმაშიც, რომ გაიგონ როგორ შეიძლება გათავისუფლდნენ მისგან.     ქვემოთ თქმულიდან გასაგები გახდება, თუ რატომ არ აკმაყოფილებთ ანარქისტებს ძლიერ შეზღუდული “თავისუფლება” თანამედროვე საზოგადოებაში და რატომ სურთ მათ ნამდვილად თავისუფალი საზოგადოების შექმნა. ნოამ ჩომსკის აზრით ანარქისტული კრიტიკა თანამედროვე საზოგადოებრივი მოწყობისა ნიშნავს: საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა ასპექტში (პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობები, ქალებისა და კაცების, მშობლებისა და შვილების ურთიერთობანი და სხვა) უსამართლობის გამოვლენასა და მის წინააღმდეგ ბრძოლას. (მარქსიზმი, ანარქიზმი და ალტერნატიული მომავალი).

საბედნიეროდ, გაბატონებულმა კლასმა ვერ მოასწრო ყველა დაქვემდებარებული გარდაექმნა საკუთარი ინტერესების დამცველ, ცნობიერების არმქონე იარაღად. ეს ნიშნავს, რომ იქ, სადაც  ჩაგვრა და ექსპლოატაციაა, არის წინააღმდეგობაც – შესაბამისად იმედიც. მაშინაც კი, როდესაც იერარქიული საზოგადოების მიერ ექსპლუატირებული ხალხი, არ გამოთქვამს პროტესტს, სახელმწიფოებრივ ინსტიტუტებს არ შეუძლიათ ბოლომდე ჩაკლან მათში თავისუფლების სურვილი. ზოგჯერ ისინი თავადვე უწყობენ ხელს აჯანყებას თავიანთი ქმედებებით, და მაშინ ხალხი ამბობს “საკმარისია”, და იწყებს ბრძოლას. ამგვარად, იერარქიული საზოგადოება შეიცავს წინააღმდეგობრივ ელემენტებს, რომელნიც მას საბოლოოდ გაანადგურებენ. (ერიკო მალატესტა).ანარქისტები კრიტიკას იყენებენ უწყვეტ ბრძოლაში, არსებულ საზოგადოებასთან, რომელიც ყველა იერარქიულ საზოგადოებაში მიმდინარეობს. ჩვენ მოვუწოდებთ ხალხს მიიღონ მონაწილეობა ამგვარ ბრძოლებში ჩაგვრის წინააღმდეგ. ასეთი ბრძოლები ცვლის მასში მონაწილეებს, ამსხვრევს სტერეოტიპებს და შეთანხმებებს, რომელნიც აძლიერებენ იერარქიულ სისტემას, აძლევს ხალხს ინფორმაციას სხვა შესაძლებლობებზე, აგებინებს მათ, რომ ჩვენ არ ვართ ვალდებულნი ვიცხოვროთ ისე, როგორც ახლა ვცხოვრობთ. ბრძოლა, ეს ანარქიზმის სასიცოცხლო სკოლაა, საშუალება, რომელიც ქმნის პირობებს ანარქისტული საზოგადოებისთვის. ანარქისტები მსგავსი ბრძოლებისას სწავლობენ, ავრცელებენ თავიანთ იდეებს ფართო მასებზე და ხელს უწყობენ ამ ბრძოლის საზოგადოებრივ აჯანყებად გარდაქმნას, თავისუფლებისა და დიდი ცვლილებებისთვის. როგორც ზემოთ აღინიშნა, ამ პროცესის უმთავრესი ნაწილია ჩაგრულთა მხარდაჭერა მჩაგვრელთა წინააღმდეგ ბრძოლაში. ჩვენ ვიბრძვით იმისათვის, რომ ვაჩვენოთ ხალხს იმ პრობლემათა ფესვები, რომელთაც ისინი ყოველდღიურად ებრძვიან. ჩვენ ვცდილობთ დავეხმაროთ ხალხს იმის გაანალიზებაში, რომ ზეწოლასა და ჩაგვრასთან შეიძლება არა მარტო ბრძოლა, არამედ მათი დამთავრებაც, და რომ ბრძოლა უსამართლო სისტემასთან, ქმნის ახალ საზოგადოებას, რომელიც ჩაანაცვლებს მას.

Facebook Comments

Anarchist Library, ანარქისტული ბიბლიოთეკა

Visit Us On Facebook