შალვა გოგელია – ჩვენი მტრები და მეგობრები

originalტექსტი წარმოადგენს 1906 წელს საქართველოში გამოცემული წიგნის ელექტრონულ ვერსიას

ვინ არის ჩვენი მტერი?

ადამიანი არის მსოფლიოს კონსპექტი.
ანარხია არის კაცისაგან შეგნებული ისტორიული, ევოლიუციონური პროცესსი მსოფლიოსი.
ამიტომ ანარქია შეეფერება კაცის ბუნებას და მის მუდმივ ძიებას ნების და ბედნიერების.
ანარხია არის ბუნება კაცური თავისუფლების – არხია კი ხვედრი ბუნებაა ყველა მხეცების და სოციალური უზურპატორების.
ანარხია მუდმივი სიყვარულია, მუდმივი მრავალფეროვნება, მუდმივი მოძრაობა (მსოფლიოს კინეტიკა), ბრძოლა და თავისუფლება.
ანარხია – თავისუფლება – არის გადაწყვეტა ყველა სოციალური კითხვებისა და დასმა სიციალიზმის კითხვებისა.

ვინ არის ჩვენი მტერი?
ყველა ის, ვინც თავისუფლების მტერია.
ვინ არის თავისუფლების მტერი?
რა მოგახსენოთ, ერთად ვერ ვიტყვით.
სად არის ის?
ყველგან.
რა სახისაა?
რა მოგახსენოთ, გვიჭირს თქმა იმიტომ, რომ დღეს ყველაფერს მისი ან მას ყველაფრის სახე აქვს.
მაინც ვინ არის ჩვენი მტერი?
– ჩვენი მეტრი ის ჭირვეული ცის ბატონი, რომელიც ვითომ ჰქმნის…. მაგრამ მასხარად იგდებს ადამიანს….. – ჯერ ჰქმნის და შემდეგ სცდის ადამიანს!
ის, ვისიც ჭირვეულობა, მადლი, ჩვენთვის სამართლად გამხდარა.
ის, ვისიც კულტი, თაყვანისცემა ყველა სიქველისა და სათნოების სინონიმია,
ის, ვისიც სიკეთე კაცს აძლევს სიბოროტის თავისუფლებას.
ის, ვისი შურის ძიება დაატყდება კაცს, რომელსაც უარს უყოფს მადლში.
ის ვინც უკვდავია, მაგრამ მოკვდა-კი.
ის, ვინც მომაკვდავ კაცად იქცა და იმავე დრო ზეციურ მამასთან ერთად მუდმივად თანაარსებდა.
ის, ვინც, შეერთებულია თავის შვილთან სული წმიდის საშვალებით, იმ სული წმიდით, რომელიც მამაა ზეციურ მამის შვილის.
ის ქიმერიული სამება ერთ_არსება.
რომლებიც არიან სრულიად განსხვავებულნი, განსხვავებულათ თაყვანცემულნი, მაგრამ ამავე დროს წარმოადგენენ ერთს, ერთ და იმავე დროს, მამას შვილს და შუამავალს.
ვინ არიან ჩვენი მტრები!?
ისინი, ვისიც ქრისტიანული დაპირებანი უდღეოთ შობილნი გამოდგენ.
ის, ვინც ვეღარ მოსულა ღრუბელზე ჭექაქუხილით, როგორც თვით მპყრობელი მსაჯული
ის, ვინც ვერ შესძლო აღედგინა, როგორც სხეული, ისე სული… _ მოწმე სასაფლაოა.
ის, ვის ბატონობის, მეუფების მიუხედავად სიკეთე და ბოროტება განაგრძობენ მორიგეობას……
მონობა _ მძვინვარებას,
მოყვასი მოყვასის სიძულვილს!
ისინი, _ ვინც შეიმოსენ საზოგადოებრივი ცხოვრების მმართველებად და ცივილიზაციის, პროგრესის დამქცევლებათ: ჭეშმარიტების და სინდისის თავისუფლების შეურაცმყოფელათ, თავისუფლების ჯალათებათ და ადამიანურ ღირსებათა მესაფლავეებათ.
ისინი, რომლებმაც დაისახეს პრაკტიკულ სამართლად და წესად ინდივიდუალურ, ოჯახობრივ, ერევნულ ცხოვრებაში თავიანთი ყოველგვარ ბუნებრივობის დამამახინჯებული და ანტისოციალური პრინციპები,
ის, ვინც გამოიჩინა მოუთმენლობა და გაუტანლობა, ფანატიზმი და უგუნური პატივ_მოყვარეობა.
ისინი, ვინც იქადაგა სიყვარული და განახორციელა უმსგავსო დევნა, იქადაგა სიმართლე და შემოიღო პირ_მოთნეობა, ორპირობა, იკისრა ღატაკთა ქომაგობა და მიითვისა არა მხოლოთ ღატაკთა ნაფლეთები, არამედ მისი გვამიც _ მკვდარი და ცოცხალიც, მისი სულიც_საღი და გარყვნილიც.
ისინი, საღი კაცობრიობა თავისი გაიძვერული ექსპლოატაციით ჩააგდო სირეგვნეში, ბავშობა, ვინც საყვარლისაგან სიძულვილი შვა, ვინც შეჰქმნა ხანგრძლივი მწარე ქაოსი და მოახვია კაცობრიობას უბადრუკ, მისგანვე გამოლაყებულ თავზე…, ვინც ადამიანი ჩააგდო გონებრივ სიბნელის ჭაში, ზნეობრივი გათახსირების მოუშორებელ ტალახში და მოქმედების არარაობის ბნელ, უკუნ სამარეში.
ვინ არიან ჩვენი მტრები?! ის სარწმუნოება, რომელიც თავმჯდომარეობდა შობას თანამედროვე საზოგადოების.
ის, ვინც თავის დოკტრინებით, თავის პატივმოყვარეობით, მტარვალობით, თავის საზიზღარ ჩამომავლობით იყო და არის აღმზრდელი კაცობრიობის_უგლახესი აღმზრდელი, რომელიც ზრდიდა მძლეველთ და ძლეულთ, ვინც მტარვალთ ასწავლიდ მტარვალობას და დამონებულთ მორჩილებას, დამცირებას…, ვინც მტარვალებს უმორჩილებდა მონათა სულს და რომელსაც მტარვალები უმორჩილებდნენ მონების სხეულს.
ვინ არის ჩვენი მტერი?
ეკლესია, რომელსაც იმოდენი ცრემლი მაშვრალთა არ შეუშვრია, რამოდენიც დააღვრევინა; რომელსაც დამონებულთა იმოდენი სისხლი და ცრემლი დაუღვრია, რამოდენი შეუშვრია დამონებულთათვის.
ის, რომელსაც ქვეყნად იმოდენი სინათლე არ გაუვრცელებია, რამოდენიც სიბნელე და წყვდიადი, ის, რომელიც მუდმივ წყვდიადში ემსახურებოდა თავის მართლა წყვდიადს, მახინჯ ეგოიზმს.
ის, ვინც თავს იქებს იმით, რომ ამბობს მე ზნე-ჩვეულებანი გავაფაქიზე და გავარბილეო, გული ადამიანის მოვარბილე გავანაზეო, ვნება დავაცხრე და ვასწავლე ხალხსა უთვალავი სიკეთეო, მაშინ როდესაც არასოდეს არ გაუქურდავს აღმრზდელი აღრზდილი ისე, როგორც ამათ და იმათ ვისაც მორჩილებას უიმედობას ასწავლიდა, მიჰყიდა საშინელ ძვირად ნუგეში… – მიუთითებდა, უჩვენებდა ცას და თვითონ კი ეპატრონებოდა მიწას.
ვინ არის ჩვენი მტერი?
ვინ და ის, ვინც ამბობს, რომ შეინახა დედანები, გუჯრები და სხვა გონებრივი ძეგლები, მაგრამ ამის მაგიერ კი ამოფხიკა მეტი ხელნაწერი, ვინემ, მისცა ვისმეს წასაკითხად, ვინც იმის მაგიერად, რომ აზროვნება და მეცნიერება აეგულიანებია აკრძალა ისინი რწმენის და ავტორიტეტის უმსგავსო სახელით… ის, ვისი სურვილის წინააღმდეგ გონებამ ივარჯიშა და აჯანყდა.
ის, ვინც იმ თანასწორობისათვის, რომელსაც ცათაშინა ამყარებდა, ხელი არ გაანძრია მიწაზე მის დასამყარებლად და მის განხორციელებას, ისეთ უადგილო ალაგას, როგორიც დედამიწაა, ყველაფრით ხელს უშლიდა.
ის, ვინც ყოველთვის და ყოველგან მოურიგდა პრივილეგიას, შეთანხმდა მტარვალებთან, გაწვრთნა დამონებული, დასცა ადამიანის სული, ბუნება, ოჯახი. დაახშო ყველა ჭუჭრუტანა, საიდგანაც შესაძლებელი იყო საზოგადოებრივ ცხოვრებაში სინათლის შუქის შეპარვა… სამაგიეროთ გაწვრთნა დაახელოვნა და აკურთხა მიწიერი მონების მკაცრი და შეუბრალებელი ბატონი ზეციერი ბატონის მკაცრი და შეუბრალებელი ბატონი ზეციერი ბატონის დახმარებით, სახელით.
ვინ არის ჩვენი მტერი?! ვინა და ზეციერი ბატონი.
ვინ არის ჩვენი მტერი?
ის, ვინც თუმცაღა უსულოა, მაგრამ ამასთანავე არის ცოცხალ ადამიანის სისხლის მწოველი პიროვნების შემმუსვრელი, პოლიტიკურად მისი გამცარცველი, პიროვნებისაგან ბევრის მომთხოვნელი, ყველაფრის ერთ ყალიბში ჩამომსხმელი, ყველაფრის ერთ სარქველის ქვეშ მომქცევი…
_ პიროვნების უპიროვნება, საზოგადოებრივ ძალთა მფლანგველი_სახელმწიფო.
ვინა არის ჩვენი მტერი?
ის, რომლითაც ისტორია მუდამ იძულებითი, ძალ_მომრეობის ორგანიზაციის განხორციელება იყო.
ის, რომლის არსებობა _ იძულების განხორციელება იყო, არის და იქნება შეუძლებელი, თუ ძალადობის ორგანოები ჯარი, პილიცია, ჟანდარმები, ჯაშუშები და “ჩინოვნიკება” არ ეყოლება.
ის, რასაც სახელმწიფო ჰქვია და რომელიც შეუძლებელია ჩამოთვლილ ორგანოებს მოკლებული ისე, როგორც ადამიანი უხელოდ, უფეხოთ, უთავოდ, უთვალოდ.
ის, რაც უსულოა და უგუნური, მაგრამ აქვს თავი _ სასულიერო წოდება, თვალი _ მთავრობა _ ჯაშუშები და პოლიცია, ხელები _ ჯარი, ფეხები “ჩინოვნიკობა”, ბიუროკრატია.
ვინ არის ჩვენი მტერი?
ის, რომელიც ჯარის, პოლიციის და სხვა თავისი მაიძულებული, და დასახიჩრებულ ორგანოების მოსპობასთან ერთად ისპობა თვით; რომელიც სხვასთან ერთად ჰკარგავს მნიშვნელობას ტერიტორიალურ პრინციპისას და საფუძველს სახელმწიფოებრივობისას….
_ ჭირი კაცობრიობის, რომელიც ირღვევა თავისი უარყოფითი ორგანოების საერთო ურთიერთობით _ ელემენტების დარღვევასთან ერთად.
ის, რომელიც განახორციელებს თავისი უარყოფითი ძალებს ხალხის დაჩაგვრით, პროგრესის დაბრკოლებით და თავისუფლების გათელვით; რომელიც საზოგადოებრივობის წინააღმდეგ დაწესებულებას წარმოადგენს…
_ საზოგადოების უმცირესობის ბატონობას მთავრობაში უმრავლესობის საშუალებით.
ვინ არის ჩვენი მტერი?
ვინ და სახელმწიფო მიწიერი – ბატონი.
ვინ არის ჩვენი მტერი ისინი, ვინც სხედან პარლამენტის დამნაშავეთა სკამზე ისინი, ვინც ბევრს და ლამაზად ლაპარაკობენ ხალხის გაჭირვებაზე, მაგრამ არაფერს მეცადინეობენ ხალხის განთავისუფლებითვის.
ისინი, ვინც არჩევის დრომდე ფიქრობენ და ლაპარაკობენ ხალხისთვის _ არჩევის შემდეგ თავის თავისთვის, თავის პატივმოყვარეობისათვის.
ისინი, ვინც ხალხს სთვლიან უვიცად მოქმედებისათვის და ამიტომ ართმევენ თაოსნობას საზოგადოებრივ მოქმედებისას; ისინი, ვინც, თუ რამე განსახორციელებული შეიქმნა ისევ ხალხის ძალას მოსთხოვენ მათზე მინდობილ ხალხის უფლებების დაცვის დაცვას; ისინი, ვინც შემდეგ ამისა ხალხს ურცხვად ეუბნებიან რომ, რაც სიკეთე მოგივიდა, მე მოგანიჭეო და რაც უფლებები მოიპოვე, მე მოგიპოვეო, თითქოს უფლების ზომა ძალა არ იყოს _ სწორედ ის ძალა, რომელიც პარლამენტის ვაჭართ არ აქვთ.
ვინ არის ჩვენი მტრებიო!?
ვინ და ისინი, ვინც ლაზღანდარობაში, თავიანთ პატივ_მოყვარეობაში და კარიერის შექმნაში გართულნი არიან, აბობოქრებენ პარლამენტარულ უაზრო, გაბერილ სიტყვების და ცარიელი აზრების ზღვას… პოლიტიკურ სისუსტის ტალღებს.
ვინ და ის ბატონები, რომლებიც იმოდენ იმედებს აძლევენ ხალხს, რომ ხალხი უნებლიეთ ეძლევა ტკბილ ოცნებებს, იძინებს ვარდის ფერ იმედების მოლოდინში, იმიტომ რომ გამოიღვიძოს საშინელ სინამდვილეში, საზოგადოებრივ ტკივილებში და იმ ჯაჭვებში, რომელიც მისი ძილის წინ მას გაუკეთეს პარლამენტის მეარღნეებმა და რომელიც საშინლად გაზდილი ეჩვენება გაღვიძების დროს.
აი, ვინ არის ჩვენი მტრები!
ჩვენი მტრები არიან, ის პარლამენტის სიტყვის გმირები და აკტიორები, რომლებსაც უნდათ მსოფლიო სცენა პარლამენტის სცენაში დაატიონ, სოციალური დრამა პარლამენტის თეატრულ პიესაში მოამწყვდიონ, მსოფლიო ისტორია პარლამენტარულ ჯამბაზების გოგრაში გადაიტანონ და სოციალური ბრძოლა მინდვრიდგან, ტყიდგან, სოფლიდგან, ქალაქიდგან და ქუჩიდგან პარლამენტის ჯამბაზების სკამზედ.
ვინ არის ჩვენი მტრები?
ის მრევლის წევრები, რომელთაც თავისთვის პარლამენტი თავისუფლების ტაძრად გაუხდიათ ხალხის თვალში და თავის თვალში პოლიტიკურ ბაზრად, სავაჭროდ – სიტყვის საროსკიპოთ,
რა არის ჩვენი მტერი?
ის დაწესაბულება, სადაც საქმე ხმის უმრავლესობით სწყდება; სადაც იჩაგრება უმცირესობა და ხშირად პროგრესიული უმცირესობა;
სადაც სიმართლის სასწორი სიმრუდის საწონია, სადაც უმრავლესობა ჭეშმარიტების ქუდით ჩამქოლელია;
სადაც ჯოგური უმრავლესობა, შეურაცჰყოფს და ჰქელავს სამართლიან უმცირესობას, სთხზავს სიცრუეს და სილას არტყმევს ჭეშმარიტების და თავისუფლების მშვენიერ სახეს
აი რა არის ჩვენი მტერი?
ის დაწესაბულება, რომელიც მით უფრო გამძლე და გარყვნილი გამხდარა, რამოდენადაც გარეგნობით შემსუბუქებული სოციალური ბუნაგი პოლიტიკო_ეკონომიური მძარცველების და რომელიც წარმოადგენს ვარიაციას სოციალური ღვთის განგებისას, ვინაიდგან წარმომადგენელი და გამგებელია ხალხის სვებედისა.
ვინ არიან ჩვენი მტრები?
ისინი, ვინც თავს სოციალურ ბრძოლის გოლიათად აღიარებენ, ხალხს კი ნაცარ-ქექიად, მაგრამ დადგება თუ არა დრო განხორციელებისა, მიმართავენ ხალხის უწინდელ ნაცარქექიის და ეხლა გოლიათურ მკლავს.
ისინი, ვინც ხალხმა თავის მფარველად ამოირჩია, მაგრამ ხალხის მუდმივ დახმარებას და მფარველოვას საჭიროებს.
ისინი, ვინც ხალხში ქადაგებენ შეურიგებელ ბრძოლას მტარვალების წინააღმდეგ, მაგრამ პარლამენტის ბირჟაზე პოლიტიკურ ვაჭრობას და კანონების მრეწველობას ეწევიან კაპიტალის მაგნატებთან და პოლოტოკურ აფერისტებთან…
_ აკეთებენ რგოლებს იმ ჯაჭვისას, რომლითაც უნდათ შეჰბოჭონ გაქურდული მებრძოლნი…
_ ხალხი, რომელთაც სამსონივით ჩაძინებია, მარგამ, მოვა დრო…
ხალხის შეგნება გაიზრდება სამსონის თმასავით. სვეტები, რომელზედაც ის მიბმულია დაიწყებენ რყევას და შენობა, რომელიც მაზე დაშენებულია დაინგრევა საშინელი ხმაურობით, რომელიც მით უფრო მძლავრი და ქარიშხლოვანი იქმნება რამოდენათაც ხანგრძლივი მეუფება პარლამენტის მეარღნებისა.
ვინ არის ჩვენი მტრები?
ვინ და
ბატონები პარლამენტში _ პარლამენტი.
ვინ არის ჩვენი მტერი?
ვინ და ისინი, ვინც ჩასდგომიან სათავეში ადამიანების გონების განვითარებას იმიტომ, რომ დაუკარგონ ადამიანის ტვინს განვითარების ყველა თვისება, ვინც ასწავლის კაცობრიობის ახალთაობას ყველაფერს გარდა ადამიანური ცხოვრებისა, გარდა ამხანაგური ცხოვრებისა, გარდა მოქალაქეობრივი ცხოვრებისა, გარდა ამხანაგური ცხოვრებისა.
ისინი, ვინც ამახინჯებენ ბავშვების ტვინს და აზროვნებას დაბალ და საშუალო სასწავლებელში _ ჭაბუკთა, მოზრდილთა გონებას მაღალ სასწავლებელში…
ისინი, ვინც უხშობენ ჭუჭუტანას იმ დიად იარაღს ადამიანისას, რომელიც ადამიანის გვირგვინია…. და რომელიც აღზრდილის დამაიხინჯებულ აღმზრდელებს გაუხდიათ სანაგვე ყუთად, რომელიშიდაც ჰყრიან, მეცნიერების და მოქალაქეობრიობის შეგნების მაგიერად, სარწმუნოებრივ ნაგავს, პოლიტიკურ სიმყრალეს, ზნეობრივ გარყვნილების მატლებს და ჯაშუშობას, საზგადოებრივი მოღვაწეობის მაგიერ.
ისინი, ვიც უსპობენ ახალგაზრდობას ნიჭს თავისუფალ აზროვნებისას, თვით მოქმედებისას, ისინი ვინც აკლებენ თაოსნობითვის გაჩენილთ ნიჭ თავოსნობისა:
ისინი, ვინც ყრმებს უნერგავენ სიძულვილს თავისფლებისას, ვინც არიან მოტრფიალენი ყაზარმული კეთილ მოქმედების, ვინც სიმართლის ჭეშმარიტების, უხვობის ნაცვლად ასწავლიან ურცხვ სიცრუეს, ცილის წამებას, ჩაგვრას და ფიქრის ადგილას ლაყბობას.
აი, ვინ არიან ჩვენი მტრები!
ჩვენი მტრებია
ისინი ვინც ახალგაზრდობას ეუბნება, რომ ადრეა აზროვნებაო, ხანში შესულთ კი_გვიან არის ფიქრები, აზროვნებაო;
ისინი, ვინც წვრთნიან ახალთაობის გონებას მკვლელობისათვის, ამზადებენ ჭაბუკთ მხედრობისათვის, მკვლელობის უნივერსიტეტის სტუდენტებათ.
ისინი ვინც ამზადებენ არ არსებული არსებობის, ღვთის_მსახურებისათვის.
ისინი, ვინც ადამიანთა მაგიერ ამზადებენ სახელმწიფო, ოფიციალურ სკოლებში, გონებრივ წარმოების ფაბრიკაში რაღაც ადამიანურ ნაწარმოებს, რომელიც “კაცის” გარდა ყველაფერს უფრო ჰგავს, იმ ერთ_ერთ პატარა ”ვინტს” უზარ-მაზარი მანქანისა რომელსაც სახელწიფო ჰქვია.
ვინ არის ჩვენი მტერი?
ვინ და ისინი, ვინც სკოლაში მოაზრე ადამიანების მაგიერ მანქანების საწარმოებლად, ფილოსოფიაში ძველი დროის სქოლასტიკისებურ და ახალი დროის მარქსიზმის მსგავს ვიწრო გაყინული და გაკრისტალებულ აზროვნების საწარმოებლად სწერენ ზოგი სახარებას და ზოგიც ამ სახარების დამატებებს სახელმძღვანელოდ გონიერთა, რომლებსაც სურთ გახდნენ გონებით ღატაკნი….
ვინ არიან ჩვენი მტრები?
ვინ და ბატონები მეცნიერებაში,
ბატონები სკოლაში.
ვინ არიან ჩვენი მტრები?
ვინ და ისინი, ვინც სიყვარულის გრძნობით შებყრობილნი ეთაყვანებიან ქალს, პოლიტიკური მახინჯობის სენით შეპყრობილნი იმონებენ ქალს; ისინი, ვინც ზნეობაზე ჰყვირიან, ვინც ზნეობას დარაჯად უდგიან და თვით ცხოვრობენ იმ უზნეობაში რომელსაც ოჯახი ჰქვია….
ისინი, ვინც ლაპარაკს, სიტყვა ზნეობით იწყებენ და ათავებენ იმ უზნეობის ქებით, რომელსაც თანამედროვე ოჯახი ჰქვია ე. ი. ისეთი ურთიერთობა, სადაც ორი ერთი მეორის უკუღმართი ადამიანი შეერთებულია ან ეკლესის ან სახელმწიფოს, ან კანონის სახელით, სადაც ხელოვნური ცემენტით შეერთებული არიან შეუერთებელნი…..
ჩვენი მტერია ის კავშირი, სადაც ორი ადამიანი შეერთებულან არა ბუნებრივი კავშირით, არა გრძნობათა ნაკლები ხარჯვით უმეტეს სიტკბოებათა მოსაპოებლად, არამედ იძულებითი, ეკონომიური, საანგარო მოსაზრებით….
ის კავშირი, რომელიც ითვლება ზნეობის წმინდათა წმინდათ და ნამდვილათ კი ზნეობრივი უწმინდურებაა, ის კავშრი, რომელიც სხვა კავშირს, დამყარებულს ანგარიშზე, სხეულით ვაჭრობაზე, როსკიპობას უძახის და თვით კი წარმოადგენს საუკუნოებით გამოცდლილ, მთავრობით დაკანონებულს და სარწმუნოებით ნაკურთხ ვაჭრულ მორიგებას, რომლითაც გაყიდულია, როგორც თავისუფლება, ისე უფლება, როგორც სხეული, ისე სული, არა დროებით, არამედ სამუდამიდ; ის კავშირი, რომელიც თავისი ამაგვარ მუდმივობით, მეტად თუ ნაკლებად ხანგრძლივობით უფრო დაბლა სდგას იმ კავშირზე, რომელსაც ოფიციალურად როსკიპობა ქვია…
ის კავშირი, სადაც “კანონიერი” როსკიპი სამუდამოდ დამორჩილებულია თავის უზნეო ხვედრს მთავრობის მიერ და ნაკურთხია ღვთის და მისი მინისტრების მიერ, რომელსაც გამათავისუფლებელ ბრძოლისთვის სჭირია არა მარტო შეგნება, რომელიც საკმარისია არა “კანონიერ” როსკიპისთვს, არამედ აჯანყებაც იმ კავშირის წინაღმდეგ, სადაც დაკავშირებულია ოჯახის ბატონი თავის მონასთან, ე. ი. სადაც კავშირი არ არსებობს, არამედ იძულება,
ვინ არის ჩვენი მტერი?
ვინ და ბატონი ოჯაში.
ვინ არის ჩვენი მოსისხლე უმძლავრესი მტერი?
ვინ და ისინი, ვისაც თავისი კერძო მესაკუთრის ბედნიერება სხვის უბედურებაზე დაუმყარებია, ვისაც თავისი სიმდიდრე სხვისი სიღატაკით შეუქმნია, ვისაც განცხრომით მოსვენება სხვისი ოფლით და შრომით მოუპოვებია, ვისაც არასოდეს არაფერი არ უწარმოებია და ყველა ნაწარმოები მიუთვისებია…..
ისინი, ვისაც სხვისი ზანგისებურ შრომით და თავისი გაიძვერობით, უმცირესი შრომით სხვისი ნაწარმოების უმეტეს ნაყოფი მიუღია…..
ვისაც თვის პრაქტიკულ დევიზად გაუხდია მცნება, რომლითაც კარგია, როდესაც სხვას პარავს და ავია, როდესაც მას ჰპარავენ.
ისინი, ვინც მშრომელ მუშა ხალხს ჰქურდავს სცარცვავს უთვალავ საუკუნეობის განმავლობაში, ვისიც მთელი სიმდიდრე ნაცარცვი და ნაქურდალია და ვინც მიუხედავად ამისა, თუ მასთან ექსპროპრიაცია, ნაქურდალ_ნაცარცვის უკან მუშის მწარმოებლის ხელში დაბრუნება ახსენე, ამყრალდება ლანძღვაგინებით და მორთვას ღრიალს: ყარაულ!… ვინ არის მისი მცველი ყარაულები?
ვინ და ჯარი, არტილერია, კავალერია, პოლიცია, ჟანდარმერია და ჯაშუშთა სამარცხვინო რაზმი…
– სწორედ ისინი, ვისი დახმარებითა ჩადის ის იმ ქურდობას, რომელსაც კერძო საკუთრება ჰქვია, რომელსაც ეკონომიური ექსპლოატაცია ჰქვია რომელიც შესაძლებელია ფიზიკურ ან გონებრივ იძულებით და არა ნებიერად
ვინ არის ჩვენი მტერი?
ის უზარმაზარი, ზღაპრული წურბელა კაცობრიობის და წარმოებისა, რომლის თავისუფლება ჟანდარმია, სათნოება_ჩაგვრა, სული_ფული, გონება_მღვდელი, სარწმუნოება_ქურდობა და ცარცვა, ზნეობა_მკვლელობა_ომი შინ და გარეთ, პატიოსნება_ტყუილი და ორპირობა, კავშირი და საზოგადოებრივობა,_ყიდვა, გაყიდვა, სამართალი_სახრჩობელა პატიოსან მწარმოებელ და მებრძოლთათვის, და ბედნიერება მისი უხამსი სიბინძურით სავსე თავი და გულისთვის, იმ გულისთვის, რომელიც უნდა შემუსროს, გააპოს ჩვენმა მკლავმა, უნდა მოხრაკოს სოციალური რევოლიუცია შეუბრალებელმა ცეცხლმა, რომლისგან ტანჯული და დევნილი კაცობრიობას გასწმენდს ის სოციალური ვულკანი, რომელზედაც თავხედად შესკუპებულია ვენეციის ვაჭარი.
ვინ არის ჩვენი მტერი?
ვინა და კერძო მესაკუთრე_ეკონომიური ბატონი.
უკანასკნელად და საბოლოვოთ
ვინ არიან ჩვენი მტრები?
ჩვენი მტრებია:
საზოგადოების ბატონი_სახელმწიფო.
ბატონი ოჯახიში,
ბატონი სკოლაში,
ბატონი მეცნიერებაში,
ბატონი წარმოებაში,
ბატონი ზნეობაში,
ბატონი კავშირის_მთავრობა,
ბატონი ცაზე,
ბატონი დედა_მიწაზე,
ბატონი ყოველგან,
ბატონი ყოველთვის,
რომლებიდგანაც განათავისუფლებს ჩაგრულთ და გასწმენდს წამებული საზოგადოებრივი ცხოვრების ატმოსფეროს
სოციალური რევოლუციის გამწმენდელი,
განმათავისუფლებელი ცეცხლი და ალი.

***

ვინ არიან ხალხის მეგობრები
და ამხანაგები?

ჩაგრულთ მეგობრები არიან ისინი, ვისაც მიაჩნია, რომ ყველა საუკუნის და ყველა ქვეყნის ისტორია გვასწავლის ისეთ გაკვეთილს, რომლითაც ყველა დროის და ქვეყნის ხალხთა ისტორია, ევოლუცია, განვითარება არ შეიძლება იწარმოვოს, თუ არა ინდივიდუალური, პიროვნული ძალის ხმარებით; რომ მხოლოდ და მხოლოდ ამ ძირითად საზოგადოების პირვანდელ ელემენტში უნდა მოინახოს მამოძრავებელი ძალა საზოგადოებრივი ცხოვრებისა, ძალა, რომელიც თავის გარეშე წრეში გადამუშავდება ნებითი გამოჩინებათ, მოქმედებათ, რომელიც არის პირობა იდეათა გავრცელებისა და მონაწილეობის მიმღები საზოგადოებრივი განვითარების მსვლელობის შემცვლელ მოქმედებაში.
ხალხის მეგობრებია ისინი, ვისაც შეუგნია მნიშვნელობა პიროვნების ცვალებად ბუნების, შემდეგ კავშირი, საზოგადოებრივობა, რომელიც გამომდინარეობს პიროვნების ბუნების მნიშვნელობისაგან, შემდეგ ბრძოლა კავშირების შორის, საზოგადოებათა შორის, შემდეგ გაბატონება ერთი კავშირის მეორეზედ და თავისუფალი კავშირების უსინდისოდ დამონება-სახელმწიფო და მისი მომხრეებისაგან თავისუფალი კავშირების, საზოგადოებრივი ცხოვრების გარყვნა და დაჩლუნგვა _ წარმოშობა მჩაგვრელ მთავრობისა…
ხალხის მეგობრებია ისინი, ვისაც ამიტომ და ამის შემდეგ მიაჩნია ბრძოლა დამონებულების და დაჩაგრულების მჩაგვრელთა და მთავრობის წინააღმდეგ _ რევოლიუცია….
ისინი ვინც იცის, რომ ისტორია არის დღემდე მუდმივი ბრძოლა არხიის და ანარხიის შორის; ვინც იცის, რომ საზოგადოების ორ მებრძოლ ბანაკად გაყოფას_ ერთი მხრით მართულები და მეორე მხრით მმართველები, ერთი მხრით თავისუფლება და მის მაძიებელნი, მეორე მხრით ბატონობა და თავისუფლების მტრები _ მოსდევს ბრძოლა, სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლა, რომელშიდაც სამართლის სასწორი გადიხრება ხან აქეთ ხან იქით ან პიროვნებათა ან ჯგუფთა, ან ეგრედ წოდებულ კლასსთა სასარგებლოდ, რასაც სამართლიანობის, თავისუფლების შეურაცხება და გაქელვა მოსდევს_გაქელვა სიმართლის, რომელიც ღაღადებს აჯანყებათა და რევოლიუციის ტიტანთა მოუდრეკელი სულის წინაშე სოციალურ შურის ძიებას, სოციალური რევოლიუციის ქარ_ცეცხლით მონათვლის იმათისას, ვინც მტარვალობის, მყვლეფელობის წუმპეში ინათვლება და ინათლებოდა……
ხალხის მეგობრებია ისინი, ვინც სუნთქვამენ, სცხოვრობენ მხოლოდ განმათავისუფლებელ ბრძოლისათვის სიტყვით და საქმით, გონებრივად და ზნეობრივად.
ვინ არიან ხალხის მეგობრები? ისინი, ვინც გამწმენდელ, განმათავისუფლებელ საზოგადოებრივ ქარიშხლის შემდეგ თავისუფლებას ხედავენ არა მონობაში, არამედ საზოგადოების სასაფუძვლ ელემენტების, მასალის_პიროვნება, ინდივიდები_ადამიანურ პიროვნებათა გაზრდა, განვითარებაში, მის ინდივიდუალურ ძალთა ისეთ ხმარებაში, რომლითაც ის აწარმოებს თავისთვის, მაგრამ ამით და ამასთანავე ხელს შეუწყობს სხვათა ბედნიერებასაც, აწარმოებს ნაკლები შრომის ხარჯით უმეტეს ნაყოფების მისაღებათ; ადამიანი თვით თავისუფალი უიძულებოდ შევა თავისუფალ კავშირში, საზოგადოებაში, რადგან ასეთი ურთიერთობა მას და თავისუფალ კავშირს შორის იქნება კავშირისთვის ისე, როგორც მისთვის ნაკლები ძალთა ხარჯვით მეტი ნაყოფების მიღება, მაშინ როდესაც იძულებით შესვლა პიროვნების კავშირში, არის მეტი ხარჯი ინდივიდუალური ძალების და ნაკლები ნაყოფის მიღება, როგორც პიროვნებისთვის, ისე კავშირისათვის, რადგან ზარალი იქნება კავშირისათვ ის – მოხმარებულ ძალების საერთო ჯამისთვის_სადაც ბრძოლაა იქ ძალების გამოკლებაა. მაშასადამე ძალების მეტი ხარჯი.

ხალხის მეგობრები არიან ისინი, ვინც ადამიანურ ცხოვრებას ხედავენ არა საქონლების ყიდვა გაყიდვაში, არა იძულებითი წარმოებაში, არა სახელმწიფოებრივ წარმოებაში, არა სახელმწიფო მონოპოლიაში, არა დღევანდელ უწმინდურ ოჯახის გარეგანთ გაწმინდებაში, არა აზროვნების დაუძლურებაში სიმდიდრის გაძლიერებით, არა სინდისის გათხელებაში ქისის გასქელებით, არა ამავე მიზეზით ნიჭის, გენიალობის გათახსირებაში, არა მცირე წლოვანთა ნამუსის ახდაში, არა ცხოვრების წვრილმან კითხვებში ჩაფლვაში და გონების დანამცეცებაში, არა შურში, არა ზნეობრივ სიმურტლეში _ ქველმოქმედებაში, რომელიც შესდგება მხოლოდ იმაში, რომ ღარიბ_ღატაკს დაუბრუნონ მოწყალების სახელით მეასედი იმის, რაც მასვე წაართვეს, არა სასამართლოებში, სადაც უდიდესი უსამართლოებანი სწარმოებს, სადაც სამართალი იწონება და რიგდება მისხლობით, უნციებით, დრახმობით, გირვანქობით, სადაც სამართალი და თვით და მოსამართლის სინდისი იყიდება, როგორც მწვანილი, სადაც სამართლის საუკეთესო სასწორად სახრჩობელა ითვლება, სადაც ცხოვრებას სიკვდილით ასწავლიან, სადაც უსამართლო და უვიცი მართალს და მეცნიერს ასამართლებს, სადაც ათასჯერ მკვლელი ერთ-ჯერ მკვლელს ასამართლებს, სადაც მკვლელს ჰკლავენ და ეუბნებიან, რომ მკვლელობა დანაშაულიაო, სადაც სამართალს რყვნიან, აროსკიპებენ და მოსამართლის სახელს-კი ატარებენ….
ისინი, ვინც ადამიანურ ცხოვრებას ხედავენ არა ისეთ საზოგადოებრივ ცხოვრებაში, სადაც კანონოთ ნებართულია ღარიბ_ღატაკთა ნელნელა სიკვდილი და აკრძალულია ამათ მტარვალების სწრაფი სიკვდილი, სადაც კანონით ნებადართულია ათი_ათასობით ომში ახალგაზრდობის ერთად დახოცვა და აკრძალულია ერთი ბებერი ძაღლთაპირის, კაცი_ჭამიას მოკვლა, სადაც კანონი უთვალავ საპყრობილეებში ათასობით ახმობს და კლავს სიცოცხლით სავსე ჭაბუკებს და ამ დროს კრძალავს თავისუფლებისთვის თავისუფალ სიკვდილს, სადაც სამშობლოსთვის, სარწმუნოებისთვის, მმართველობისთვის სიკვდილი არა თუ ნება დართულია, არამედ დაჯილდოვებულია როსკიპი კანონით და აკრძალულია ამავე კანონით თავისუფლებისათვის სიკვდილი….
ჩვენი ამხანაგები არიან ისინი, ვინც ადამიანურ თავისუფლებას ჰხედავს არა იქ, სადაც
ცარცვავენ და ჰკლავენ დიდ გზაზედ და ქარხანებში.
ცარცვავენ და ჰკლავენ თვითოეულ ან ავაზაკთა თაბუნები მრეწველობაში,
ცარცვავენ და ჰკლავენ კლიტის დამტვრევით, დაცემით
ცარცვავენ და ჰკლავენ მოტაცების დროს.
ცარცვავენ და ჰკლავენ განზრახ გაკოტრებით,
ცარცვავენ და ჰკლავენ “პადლოგებით”.
ცარცვავენ და ჰკლავენ ყალბი ფულებით, ნამდვილი ფულებით
ცარცვავენ და ჰკლავენ ვერაგობით.
ცარცვავენ და ჰკლავენ გაიძვერაობით,
ცარცვავენ და ჰკლავენ მოტყუებით,
ცარცვავენ და ჰკლავენ კარტის თამაშით.
ცარცვავენ და ჰკლავენ ლატარეებით,
ცარცვავენ და ჰკლავენ მევახშეობით,
ცარცვავენ რენტით,
ცარცვავენ საარენდო გადასახადით,
ცარცვავენ ქირით,
ცარცვავენ მრეწველობაში,
ცარცვავენ მუშას გონებრივად სკოლაში, შემდეგ სპეციალიზმით მანქანურ წარმოებაში, შემდეგ მოსყიდულ პრესის საშუალებით.
ცარცვავენ ამავე მუშას ფიზიკურათ ქარხნებში,
ცარცვავენ მუშას ზნეობრივად, ქველმოქმედებით, ლუდხანაში, საროსკიპოებში, არჩევნებში.

***

ვინ არის მუშა ხალხის მეგობარი?

ისინი, ვისაც არა სწამს მარქსიზმი, სოცილური თეოლოგია, საზოგადოებრივი ღვთისმეტყველება, არ მიაჩნია სოციალურ_დემოკრატიული პარტია, ეს აწმყოში საზოგადოებრივი კათოლიციზმი მისგან განუყოფელი პოლიტიკური იეზუიტიზმით და უკიდურესი სოციალური კლერიკალიზმით მომავალში….

მაშასადამე ისინი, ვისაც არა სწამს და არ მიაჩნია, რომ სოციალური და სოციალისტური, დემოკრატია და პოლიტიკური თავისუფლება ერთი და იგივეა, არამედ მუშა ხალხის, ყველა ჩაგრულის და აჯანყებულების მეგობარი არიან, ისინი, ვისაც სურს და ვინც ისწრაფის სოციალური ცხოვრება დაანგრიოს და მის ადგილას დაამყაროს სოციალიზმი, ისინი ვისაც შეუგნია, რომ ‘თვით_მართველობა” და “სახალხო თვითმართველობა” არ არის ჭეშმარიტების და ნამდვილი მდგომარეობის უტყუარი გამოთქმა_გამოსახულება, რომ “ხალხი” რომელიც თავის თავს მოვალედ სთვლის იკისროს მთავრობა, მმართველობა და “ხალხი”, რომელიც უნდა დაემორჩილოს მთავრობას, მმართველობას ერთ და იმავეს არ შეადგენენ, რომ ეგრედ წოდებული “თვით_მართველობა” არ ნიშნავს თვითოეული პირის უფლებას, რომლითაც იმან უნდა მართოს თავისი საკუთარი პიროვნება, რომ სახალხო სურვილი ნამდვილად წარმოადგენს მხოლოდ ნებას ან უმრავლესობისას, ან ხალხის ისეთი ნაწილისას, რომელიც ახერხებს თავისი თავი უმრავლესობად მიაჩნევიოს დანარჩენ ნაწილს, რომ ამიტომ ხალხური მთავრობა (власть), დემოკრატია არის მიმართული თავისივე რამოდენიმე წევრების ჩაგვრისაკენ, დამონებისაკენ, რომ ამნაირი მისი თვისება მოითხოვს ბრძოლას დემოკრატიის წინააღმდეგ ისე, როგორც ყველა, “კრატიის” უფლობის მპყრობელობის წინააღმდეგ ისე, როგორც ყველა „კრატიის“ უფლობის, მპყრობელობის წინააღმდეგ მიუხედავად იმისა იქნება ეს სოციალური დემოკრატია, სოციალ_დემოკრატია, თუ დემოკრატ_სოციალისტი, რომ ამნაირი შეხედლება არის ერთად_ერთი პროლეტარული შეხედულება, ნამდვილი მისწრაფება, როგორც ქალაქის, ისე სოფლის მუშა ხალხის, გლეხობის, რომლებიც თავისი მდგომარეობით ბუნებრივი მისწრაფებით ეწინააღმდეგება ”უმრავლესობის ტირანიას“ ისე, როგორც “უმცირესობის ტირანიას”.
ვინ არის მუშის და კაცის მეგობარი?
ის ვისაც შეუგნია და იბრძვის იმ შეგნების წინააღმდეგ, რომლითაც სოციალ_დემოკრატია არის ისეთი პარტია, რომელიც ცდილობს შეარიგოს სოციალიზმის და დემოკრატიზმის წინააღმდეგური უკუღმართული ხასიათები; ისინი რომლებსაც სოციალ_დემოკრატია მიაჩნია ისეთ პარტიად, რომელიც უქადაგებს ხალხს იესო ქრისტეს ძველ “გალობას და მსგავს მუსაიფს”, რომლითაც პროლეტარიატი და ყველა გაყვლეფილნი ისე ვერ შევლენ სოციალიზმში, თუ კიდევ უფრო არ გაიყვლიფენ; ისე როგორც მდიდარი ვერ შევა სამოთხეში და აქლემი ვერ გაძვრება ნემსის ყურში, რომელიც ქადაგობს უკიდურეს გაღატაკებას სოციალიზმის განსახორციელებლად და ამით შეურაცჰყოფს იმ დიად იდეალს სოციალიზმისას, რომელიც თვით არის მცნება ისეთ ორგანიზაციის სადაც უარყოფილია, როგორც ღატაკობა ისე სიმდიდრე, რომელიც საუბედუროთ ყველა ჩაგრულთა, ჩააგონებს მათ, რომ მომავალი სოციალიზმის დასამყარებლათ, აწმყოში არა სოციალისტური წესი გავამეფოთ და ანტისოციალისტური საშუალება ვიხმაროთო, რომელიც ეკონომიურ პროლეტარიზაციასთან ერთად ქადაგებს პოლიტიკურ პროლეტარიზაციას_ცენტრალიზმს, რომლის გამართლება შეიძლება მხოლოდ იმით, რომ მუშა თავისი ბუნებით ვერ შესძლებს წარმოების მოწყობას და გაგრძელებას, რომლითაც მუშა და ყველა საზოგადოებრივი მშრომელი ვერ შეიძლებს სიმართლის და თავისუფლების დაცვას, რომლითაც ერთი სიტყვით გაყვლეფილი და დაჩაგრული ხალხი ცნობილია როგორც ბუნებით ავი და ბნელ, მეორე მხრით კი ეს პარტია ეთაყვანება მასსას, უმრავლესობას და სთვლის პროლეტარიატს ბუნებრივ სოციალისტად.
ვინ არიან მუშა_კაცის მეგობრები?
არა ისინი, ვინც ატარებენ ს._დემოკრატების სახელს, ვინც თავის თავს ცრუდ თვით უწოდებენ სოციალისტს, ვინც სახელმწიფოს ეთაყვანება, ვისაც ბურჟუაზიული კაპიტალიზმი, მცარცველობა უნდა შესცვალოს და მის ადგილზე სოციალიზმის სახელით დაამყაროს კიდევ უარესი სახელწიფოებრივი კაპიტალიზმი, მცარცველობა, ვისაც სურს საზოგადოება გადააქციოს მრავალ საზოგადოებრივ, საერო ბერთა მონასტრებათ სოციალ_დემოკრატ იგუმენების მეთაურობით და ყველა ერთად დაუქვემდებაროს სოციალ_დემოკრატიულ კათოლიციზმის მმართველ სახელმწიფოს….
არა ისინი, ვისაც სურს სოციალისტურ “სოუსით” მიართვან ხალხს ზნეობრივ, გონებრივი, პოლიტიკური კრეტინიზაცია, რომელიც შესდგება იძულებითი, სამხედრო სისტემის სამოქალაქო ცხოვრებაში და მრეწველობაში გადატანისაგან….
არა ისინი, ვისაც სწამს აღმზრდელი მნიშვნელობა საყოველთაო საარჩევნო უფლება_გარყვნილებისა, რომელსაც მათი სიტყვით აგიტაციისთვის ეწევიან.
არა ისინი ვინც პროლეტარიატს და წვრილგლეხობას აჩვევს სიტყვების აკუსტიკას, მრავალსიტყვიანობას, ტიტყინს მოქმედების მაგიერად და რომელიც ამზადებს საფლავს ენაჭარტალობაში….
რა ისინი, ვინც მუშაობენ პარლამენტში თავის მტრებთან ერთად, ვინც ამიტომ შედიან მათ მტრებთან მოლაპარაკებაში და ამ მოლაპარაკებიდგან კი გადადიან ზავზე, ზავიდგან კავშირზე, იმათან, ვისიც დაუძინებელი მტრები უნდა ყოფილიყვნენ.
არა ისინი, ვისაც ჰგონია რომ სოციალური კითხვის განხორციელება შეიძლება მომზადდდეს პარლამენტში, იქ, სადაც სხედან პოლიტიკური „ოტკუპშჩიკები“, პოლიტიკური შუამავლები, არა ისინი ვისაც სწამს, რომ თვით სოციალური კითხვა გადაწყდება არა ბრძოლის ველზე, ქუჩაში, იარაღით ხელში, არამედ პარლამენტის კულუარებში და თვით პარლამენტში.
არა ისინი, ვისაც ჰგონია, რომ სოციალურ ევოლუციას თავის თავად მოჰყვება სოციალიზმი, რომ ევოლიუცია და რევოლიუცია ერთი და იგივეა, არა ისინი, ვისაც ჰგონია, რომ მათი “რეჩები” იქონიებენ ან პირდაპირს ან არა პირდაპირ გავლენას კანონმდებლობაზე, იმ კანონმდებლობაზე, რომლის გაუმჯობესებასაც ცდილობენ და რომელიც მხოლოდ მაშინ გაუმჯობესდება, როდესაც ყველა კანონი და კანონმდებლები მოისპობიან….
არა ისინი, ვინც თავის თავს ხალხის წარმომადგენლად სთვლიან და იმას კი არა ჰკითხულობენ, თუ ვის წინაშე! თუ ეს ვაჟბატონები ხალხის წარმომადგენლებია მთავრობის წინაშე, მაშინ თავისი ადგილი ვერ უნახავთ, რადგან ხალხს მთავრობის წინაშე, მაშინ თავისი ადგილი ვერ უნახავთ, რადგან ხალხს მთავრობის წინაშე წარმომადგენლები კი არა, არამედ მთავრობის წინააღმდეგ მებრძოლნი სჭირია. და თუ თავის თავს სთვლიან ხალხის წარმომადგენლებათ, ისევ ხალხის წინაშე, მაშინ ან სულელებია და ან პოლიტიკური შარლატანები.
არა ისინი, ვისაც ჰგონია, რომ რევოლუცია სწარმოებს ზევიდან ქვევით, რომ სოციალიზმის განხორციელება შეუძლია კომიტეტებს და მის დეკრეტებს და არ კმარობს ამასაც და ბებელის პირით ამბობს, რომ „შემცდარია ის ვარაუდობა, რომლითაც ვითომ სოციალ_დემოკრატია მუშაობდეს რევოლიუციის მოსამზადებლად“.
არა ისინი ვინც კაუცკის სიტყვებით ამბობს, რომ საერთო გაფიცვა საერთო სისულელეაო და ამავე დროს ბებელის სიტყვით ამბობს რომ “თუ თქვენ (მთავრობამ) გაბედეთ და შეახეთ ხელი საყოველთაო საარჩევნო უფლებას, მაშინ პროფესიონალურ კავშირებში მოწყობილი მუშები ისარგებლებენ მთელი თვიანთი ეკონომიური ძალით ამ ნაირ დანაშაულობის ასაცდენათ”.
არა ისინი ვინც მუდამ ინტერნაციონალიზმზე ჰყვირიან და ნამდვილად კი მათი აზროვნება შოვინიზმის ნადუღი და უკიდურესი განვითარება არის, არა ისინი, ვინც სხვას ნაციონალისტებს უწოდებენ და ჰგონიათ, რომ ინტერნაციონალიზმი და ანტინაციონალიზმი ერთია და თავიანთი პაპის (ბებელის) პირით ამბობენ, რომ გერმანელები არა თუ ფილოსოფიურ (?) ხალხად ითვლებიან, არამედ, “აგრეთვე ჩვენ (გერმანელებს) გვაქვს ისეთი ნიჭი ორგანიზაციისა, როგორც არავითარ სხვა ნაციას არ აქვს, “მხოლოდ ამ ნემეცურ_პრუსიულ ნიჭის წყალობით, გერმანული სამხედრო ძალა, რომელსაც ჩვენ ვებრძვით, წარმოადგენს ორგანიზაციონულ შედევრს”.
ვინ არიან ეკონომიური და პილიტიკური თავისუფლების და მუშა_კაცობრიობის მეგობრები?
არა ისინი, ვინც სოციალ_დემოკრატიის სახელით
სცარცვავენ და ჰკლავენ პიროვნებას საზოგადოებრივობის მოტივით.
სცარცვავენ და ჰკლავენ ინიციატივას, თავოსნობას სახელმწიფოს საშუალებით.
სცარცვავენ და ჰკლავენ ადამიანის ბუნებას, თავისუფლებას “დისციპლინით” ყაზარმული სათნოების გავრცელებით, რეგლამენტაციით.
სცარცვავენ და ჰკავენ ბირჟუაზიული რეჟიმი გაუმჯობესებისთვის სოციალისტურ იმედების საშუალებით.
სცარცვავენ და ჰკლავენ ბურჟუაზიული რეჟიმის გაუმჯობესებისათვის სოციალისტური იმედების საშუალებით.
სცარცვავენ და ჰკლავენ ეკონომიურად პროლეტარიზაციის აუცილებლობის ქადაგებით.
სცარცვავენ და ჰკლავენ პოლიტიკურად ენტრალიზმის ქადაგების და ხმარების საშუალებით.
სცარცვავენ და ჰკლავენ რევოლუციონერებს და რევოლიუციონურ სულს აჯანყებულისას საყოველთაო გაფიცვას, რევოლიუციის არ საჭიროების, შეუძლებლობის და პარლამენტარული სიტყვის როსკიპობის ქადაგებით.
მწარმოებლის, მუშის, თავისუფლების და ნამდვილი სოციალიზმის_ანარხიზმის მომხრე და მეგობრები არიან ისინი,
ვინც ხედავენ რომ არ არის არავითარი წინააღმდეგობა პიროვნების და საზოგადოებრივობის შორის, და წინააღმდეგ ამისა ხედავს, რომ “ჩვენ” არის “მეს” განვითარება, გაფართოება, გაზრდა, რომ საზოგადოებრივობა, კომუნიზმი, გარანტია და ხელის შემწყობი პირობა არის პიროვნების განთავისუფლების, რომ საზოგადოებრივობა წინააღმდეგ სახელმწიფოებრივობისა არის თავისუფალ პიროვნებათა თავისუფალი ნებიერი კავშირი ნაკლები ძალების, ენერგიის ხარჯვით მეტ ნაყოფის მოსაპოებლად, როგორც საზრდო_საბადებელთა წარმოებაში, ისე პოლიტიკურ, გონებრივ და ესთეტიურ წარმოებაში; რომ ბიოლოგიურად დიფერენციაცია და ინტეგრაცია იგივეა, რაც სოციალოგიური ავტონომია და ფედერაცია, რომ ყველა დარგი ბუნების და მეცნიერების ეწინააღმდეგება ცენტრალიზმს და განხორციელება და გამოთქმაა თავისუფალ, ავტონომიურ ინდივიდთა, პიროვნებათა თავისუფალ კავშირის ფედერაციისა, რომ სახალხთა შორისობა არ ეწინააღმდეგება ეროვნულ პრინციპს, რომ წინააღმდეგ ამისა ეროვნული პრინციპის, შემდეგი და უშორესი განვითარება, ზრდა ინტერნაციონალიზმია, რომ საზოგადოებრივი ფორმები, ჯიშები ცვალებადნი არიან ისე, როგორც ბიოლოგიური, ზოოლოგიური ჯიშები, რომ როგორც ბიოლოგიურ ჯიშთა, მოდგმათა ცვალებადობა (დარვინიზმი) სწარმოებს ინდივიდთა ცვალებადობით, ისე მსგავსად იმისა, საზოგადოებრივი ცვლილებების წარმოებაში ინიციატივა, თაოსნობა იწყება ინდივიდიდგან პიროვნებისგან.
ისინი, ვინც იცის, რომ ადამიანის პიროვნება უნდა იყოს არა თუ დაცული მთავრობის და სახელმწიფოსაგან, ბურჟუაზიული კაპიტალიზმის და სოცილ_დემოკრატიული სახელწიფოებრივ კაპიტალიზმისაგან, არამედ ის უნდა იყოს სრულებით ავტონომიური არა თუ პოლიტიკურად და ეკონომიურად, არამედ ზნეობრივადაც.
ისინი ვინც იცის, რომ თავისუფლება არის მოძრაობა ნაკლები დაბრკოლების აღმომჩენი გეოგრაფიული წრეში ბიოლოგიური სულდგმულისათვის და უსახელმწიფოებრივო, უმთავრობო, თავისუფალ საზოგადოებრივ, ნაკლებად დამაბრკოლებელ წრე საზოგადოებრივი არსებობის წრეში პიროვნებისათვის.
ვინც იცის, რომ პროგრესი არის ზრდა, განვითარება ექსტენსიური და ინტენსიური ისეთი არსებობისა, რომელიც არ უშლის ხელს სხვა განვითარებას, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში გამოიწვევდა მოძრაობას თავის წინააღმდეგ და მაშასადამე ძალთა გამოკლებას, დამცირებას და ამიტომ პროგრესი არის შემოკლება დროისი და სივრცის, ეკონომია დროის და სივრცის, ე. ი. დროის და სივრცის ბატონობისაგან, შეუგნებლობისაგან განთავისუფლებაა….
ისინიც, ვინც იცის, რომ ეკონომია არის ძალთა ნაკლები ხარჯით უმეტესად სასურველ რამეების მოპოება, უმეტეს ნაყოფის მიღება და მაშასადამე მისით ყველაფერი მოძრაობს ნაკლები და დაბრკოლებისკენ, თავისუფლებისკენ_ის თავისუფლებაა.
ისინი, ვინც ამ პრინციპების განხორციელებას ხედავს კერძო საკუთრების მოსპობაში და ყველა საწარმოვო იარაღების განსაზოგადოებრივებას_კომმუნიზმში.
ისინი, ვინც ცდილობს არსებულ და აგრეთვე მომავალ სახელწიფოებრივის მონობის დამსხვრევას და დამყარებას თავისუფალ მწარმოებელთა თავისუფალ საწარმოვო ასსოციაციებისას.
ისინი, ვინც ხელს უწყობენ პროლეტარიატის და ყოველგვარ მონობის წინააღმდეგ აჯანყებულთა სრულ ემანსიპიაციას.
ისინი, ვინც იცის, რომ ანარხია, როგორც უარისყოფა ყოველგვარ არხიის, ბატონობის, მთავრობის, არის ამავე დროს დადგინება სრული პოლიტიკური, ეკონომიური, ზნეობრივი, გონებრივი, ინდივიდუალური, საზოგადოებრივი თავისუფლების. ისინი მაშასადამე, ვინც ხედავს, რომ თავისფლება, პროგრესი, საზოგადოებრივობა, ნებიერი ასოციაცია, თავისუფალი წარმოება, ეროვნული თავისუფალი მისწრაფება საერთაშორისობისაკენ და ანარქია არიან ნაკლები ძალის ხარჯით მეტი ნაყოფის მოპოება და ერთი მეორესაგან დაუშორებელნი.
უკანასნელად ისინი, ვინც თავგამოდებით და გულწრფელად იბრძვიან თავისუფლებათა განსახორციელებლად შესაფერი საშუალებით: ვინც ხედავს, რომ რევოლიუცია არის დროს და სივრცის ეკონომია სოციალურ ევოლუციაში, რომ ამიტომ როდესაც ევოლიუციაში პროგრესი თავისუფალი განვითარება სამთავრო მტარვალთა გამო პოლიტიკურ გაიძვერთა, ეკონომიურ მყვლეფელთა, ზნეობრივად და გონებრივად გამთახსირებელ სარწმუნოებათა მეოხებით იქმნება დაბრკოლებული შეჩერებული თავის ბუნებრივ მსვლელობაში, მაშინ სწორედ იფეთქებს მოგროვებული ძალები დროებით შეჩერებულ სოციალური ვულკანის გულში და ამოხეთქს ის ქარიშხალი, რომელსაც რევოლიუცია ეწოდება, ამასთანავე რადგან იდეა ძალის გადაწყდება დაძალების და გაძალების, იძულების და აჯანყების ურთიერთობაში (въ отношенiи давленiя къ опротивленiю), ამიტომ საზოგადოებრივი ნიაღვარი იმოდენად მძლავრი იქნება თავისი მსვლელობაში, რამოდენადაც დაბრკოლება ხანგრძლივი და ვაი მათი ბარლი, ვინც იმ ნიაღვარში მოყვება.
ისინი, ვინც ცხოვრების მრავალ მაგალითებიდგან ხედავს პარლამენტარიზმის სრულ უნაყოფობას, პოლიტიკურ სიდამბლეს, რომელშიდაც ჩააგდეს ბევრ ხნობით პროლეტარიატი; პოლიტიკურ სიშტერის მიზეზს რევოლიუციონურ მებრძოლთა….
ისინი, ვინც შრომის და თანხის, მესაკუთრის და მისი დაქირავებული მონების, მთავრობის და აჯანყებულთა შორის გაჩაღებულ სამკვდრო სასიცოცხლო ტიტანიურ ხანგრძლივი ბრძოლის მაგალითიდგან ხედავენ, რომ მონობისაგან განსათავისუფლებელ პირდაპირი საშუალებისთვის _ რევოლიუციისთვის მოსამზადებლად არსებობს მეორე პირდაპირი საშუალება, საყოველთაო, საერთო გაფიცვა, რომელიც არის მწარმოებლის მხრით უარის თქმა აწარმოვოს არა მწარმოებელთა სასიამოვნოთ და განსაცხრომელად თავის შრომის ნაყოფი, საყოველთაო გაფიცვა, რომელიც წარმოადგენს შეგნებულ მოქმედებას საწარმოვო ცოცხალ ძალებისას, რომლებიც მიმართული არიან სოციალური ცვლილებებისაკენ, (перевароть), რომელიც აერთიანებს დაყოფილ, განცალკევებულ აფეთქებას პროლეტარიატის ბრძოლისას მეპატრონეთა წინააღმდეგ.
ისინი, ვისაც შეგნებული აქვს, რომ მუშა პირდაპირის მოქმედებთ თვით ჰქმნის თავის ბრძოლას, თვით მიჰყავს ის და ამასთანავე თვით იღებს გადაწყვეტილებას თვითვე გადასწყვიტოს ეს ბრძოლა, ვისაც შეგნებული აქვს, რომ ეს ყოველდღიური ბრძოლის პრაქტიკა დღითი დღე იზრდება და მიაღწევს იმ უმწვერვალეს თავის განვითარებას, რომელსაც “საერთო გაფიცვა” ჰქვიან და რომელიც დასაწყისია იმ გამწვავებული ტიტანიური ბრძოლისა, რომელსაც რევოლიუცია ჰქვია…
ვისაც შეუგნია ან ცდილობს შეიგნოს, რომ საყოველთაო გაფიცვის “ხერხემალი” რევოლიუციონური სინდიკალიზმი და პროფესიონალური კავშირებია.
ვინც ხედავს, რომ საყოველთაო გაფიცვა სოციალური რევოლიუციის მძლავრი ფერმენტი, ხაში (дрожди) არის;
რომ თანხების და საწარმოვო იარაღების მონოპოლიზაცია მეპატრონეთა ხელში აძლევს კაპიტალისტებს ისეთ ძალას, რომელიც ასუსტებს მუშების თვალში კერძო გაფიცვების მნიშვნელობას;
რომ, თუ მუშაობა არაა, თანხაც არაფერი არაა;
და მაშასადამე
როდესაც მუშები წარმოებაზედ უარს იტყვიან, მაშინ ერთი დაკვრით მოუსპობენ ძალას თავის მყვლეფელებს და მასაზრდოებელ წყაროს კაპიტალს;
რომ ყველა ამისთვის კერძო გაფიცვები აგიტაციონური ორგანიზაციონური საშუალებაა
ვინ არიან კაცობრიულ თავისუფლების მეგობრები?
ისინი, ვისაც მიაჩნია, რომ უნდა მოისპოს ყველა ჯურის მჩაგვრელობა და დამყარდეს მკვლელობის ცარცვა-გლეჯის მაგიერად:
თავისუფალი ასოციაციები, რომლებიც შესდგებიან და დაიშლებიან ყოველ წუთში, როდესაც წევრები ამის საჭიროებას დაინახავენ:
თავისუფალი ასოციაციები, კავშირები საზრდო საბადებელთა საწარმოებლად,
თავისუფალი კავშირები ესტეტიურ წარმოებისთვის,
თავისუფალი უსანქციო და უიძულებო ზნეობა.
თავისუფალი, ბუნებრივი და მართლა ზნეობრივი კავშირი ქალსა და ვაჟს შორის.
ერთი სიტყვით ნამდვილი “კრატიას” და “არხიას” მოკლებული სოციალიზმი _ ანარხია.
ვინ არიან კაცობრიული ცხოვრების და ჩაგრულთა ნამდვილი მეგობრები?
ისინი ვისაც მიაჩნია, რომ ანარქია არის საბოლოო გადაწყვეტა ყველა სოციალური კითხვების, რომლის შემდეგადაც დაიწყება ანკარა მუდამ მოზარდი ნაკადული სოციალისტური ცხოვრებისა…
ის ვისაც უღვივის გულში ამ გვარი ცხოვრებისთვის და თავისუფლებისთვის პირდაპირი და გაბედული ბრძოლის დაუშრეტელი, მუდმივი, უკვდავი და თავისუფლების მტერთა დამწველი ალი.

Facebook Comments