სოციალ-დემოკრატია – კაპიტალიზმის უკანასკნელი იმედი

social_democracyჯერ კიდევ 1911 წელს ჩერჩილი ამტკიცებდა, რომ მინიმალური კეთილდღეობის უზრუნველყოფა მუშებს ჩამოაცილებდა “რევოლუციურ სოციალიზმს”. 1930-იანი წლების დასაწყისში მისი ვარაუდები დადასტურდა, მეტიც, მისი სიტყვები დღესაც ეხმაურება თანამედროვეობას. სოციალ-დემოკრატია ერთდროულად საფლავიც და მესაფლავეცაა ყველა სოციალური მოძრაობისა. “პროგრესივიზმის” ნიღაბს ამოფარებული, იგი ართმევს მასებს ყოველ შანსს, მისწრაფებას, მოიპოვონ თავისუფლება. სოციალური და ეკონომიკური განვითარების სხვადასხვა ეტაპზე სოციალ-დემოკრატები კომპრომისზე მიდიოდნენ, მაგრამ როცა მონაპოვარი თვალშისაცემი და ხელშესახები იყო, ისინი სწრაფადვე ცდილობდნენ მის მონოპოლიზაციას. ეს “მომგებიანი კომპრომისის” პოლიტიკა წამიერად ტრანსფორმირდებოდა თანამედროვე კაპიტალიზმის ქვაკუთხედად, ამდენად, სოციალ-დემოკრატია თვითონვე იქცა კაპიტალიზმის ბოლო ციხესიმაგრედ. ამავე ტრანსფორმაციის შედეგს შეგვიძლია ირონიულად ვუწოდოთ “კაპიტალიზმი ადამიანური სახით” – მეცხრამეტე საუკუნის მიწურულისა და მეოცე საუკუნის საწყის ორ დეკადაში გაბატონებულ კაპიტალიზმთან შედარებით – იმდენად, რამდენადაც ისინი ხასიათდებოდნენ, როგორც “ველური კაპიტალიზმი”. კაპიტალიზმის “ჰუმანიზაცია”, ან, უკეთ რომ ვთქვათ, გადარჩენის მცდელობა, ერთდროულად ტრაგედია და ბედის ირონიაა ძველი სოციალისტებისა, რომლებიც მონაწილეობას იღებდნენ პირველ ინტერნაციონალში.

ფაქტობრივად, ტრაგედიაა ისიც, როცა მარქსი, – მისი შეხედულებების გვიანდელი მხარდამჭერების თანახმად, – “აჭიანურებდა კაპიტალიზმის განადგურების გენერალურ იდეას, რომელსაც მისი მოწოდებები ქაღალდზე დაუყოვნებლივ მოითხოვდნენ.” სიტუაციის დრამატიზება მაშინ მოხდა, როცა, ამ სახის სოციალ-დემოკრატიისაგან ლენინიზმი წარმოიშვა. სანამ მათ მიერვე  უკვდავყოფილი კაპიტალიზმის რეფორმირებას თვითონვე შეეცდებოდნენ – ეს პროცესი კი მნიშვნელოვანწილად სტატიკურობით, ფასადურობითა და კომპრომისის პოლიტიკით ხასიათდებოდა. საუბედუროდ, ფაქტია, ლენინიზმმა, “დესპოტური მთავრობის” ინსტიტუტის დამკვიდრებით დაასამარა სოციალური მოძრაობები. ასეთივე სახის მმართველობა ბაკუნინმა იწინასწარმეტყველა საუკუნის წინ. ამ მაგალითით მარტივია დასკვნის გამოტანა – თავად თესლია უნაყოფო, თუკი ნაყოფი მიწაშივე ლპება. 1918 წლიდან მოყოლებული, როცა “სახელმწიფო სოციალიზმის შვილი” – ლენინი თავისუფალ საბჭოებისა და ქარხნული კომიტეტების დემონტაჟით იყო გართული, პარალელურად გერმანიაში “სახელმწიფო სოციალიზმის” მამის, კაპიტალიზმის სახელით რევოლუცია მზადდებოდა. ორივე მოვლენით გულგატეხილი ზოგიერთი მარქსისტი ცდილობდა თავი დაეღწია ამ ტრაგიკული დილემისაგან, კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებდნენ ლენინიზმის “სოციალისტურ” ბუნებას და რაც უფრო მნიშვნელოვანია, ეჩვენებინათ მმართველობის კაპიტალისტური ასპექტები რუსეთში. ეს ასპექტები უეჭველად იყვნენ სოციალ-დემოკრატიის მემკვიდრეობის ნარჩენები, იმიტომ, რომ იმ დროს, როცა სოციალ-დემოკრატია ითვლება მემარცხენე ცენტრისტულ ძალად, ლენინიზმი წმინდა მემარცხენეა, თუ არა ცენტრისტულობისა და მემარცხენეობის უარყოფა ერთად.  სოციალ დემოკრატიისა და კაპიტალიზმის ეს ქორწინება რეალობაში ქორწინებაა სახელმწიფოსა და კაპიტალიზმს შორის. სოციალ-დემოკრატია “პროგრესული” სახეა დღევანდელი სახელმწიფო აპარატისა. ეს აპარატი, როგორც მარქსი განმარტავდა, “ბურჟუაზიის აღმასრულებელი კომიტეტია”. მოდით, გვერდზე გადავდოთ “ძალაუფლება რყვნის” კონცეპტი (რომელიც აბსოლუტურად ჭეშმარიტი დებულებაა ჩვენს შემთხვევაში) და გადავხედოთ სახელმწიფოს ისტორიულ მნიშვნელობას ბურჟუაზიასთან ურთიერთობაში. თანამედროვე “ნაციონალური სახელმწიფო” კლასობრივი ანტაგონიზმისა და ძველი ფეოდალური წესრიგის პროდუქტია. მერკანტილისტური კლასი ნაციონალურ სახელმწიფოში თავისთავად წარმოადგენს მულტინაციონალურ არისტოკრატულ კლასს – მულტინაციონალური იმპერიების მფლობელთა ფენას. “ნაციონალური გამოფხიზლებები”, რომლებიც 19 საუკუნის პირველ ნახევარში დაიწყო, სწორედ ამ კლასობრივი ანტაგონიზმის შედეგი იყო სხვადასხვა მულტინაციონალური იმპერიების მიმართ. ეს მოვლენები და იდეები ინსპირირებული იყო თავად ყოფილი მერკანტილისტებისაგან, რომლებიც შემდეგ ნაციონალურ ბურჟუაზიად იქცნენ. მათი ინტერესები რადიკალურად განსხვავდებოდა  პრიმიტიული არისტოკრატული პრივილეგიებისაგან. ისტორიული პროცესი დახასიათდა როგორც “რევოლუციური” მარქსის მიერ – თუ როგორ გაანადგურა ბურჟუაზიამ ძველი ფეოდალური მმართველობის სისტემა და მოახდინა ძალთა კონსოლიდირება თანამედროვე “ნაციონალური სახელმწიფოს” დამკვიდრებით, თან იმ პირობით, თუკი ეს სტრუქტურა კაპიტალისტური საქმიანობის ლეგალიზაციას უზრუნველყოფდა. უფრო მარტივად, თანამედროვე სახელმწიფო მანქანა იყო თავდაპირველად ლეგალიზებული კაპიტალიზმი.

ზემოთ მოყვანილი ისტორიის დეტალების გათვალისწინებით, სოციალ-დემოკრატია კაპიტალიზმის ბოლო დამცველია, ასევე, ერთგვარი შეცდომა, რომელსაც ლენინიზმთან მივყავართ. სახელმწიფოს ცნების გაბუნდოვნების მცდელობით, ლენინისტები შეეცადნენ რამდენიმე ალტერნატიული განსაზღვრება ჩამოეყალიბებინათ, როგორც, ვთქვათ, “მუშათა სახელმწიფო”, “სოციალისტური რესპუბლიკა”, და ა.შ. მაგრამ როგორ შეიძლია ვინმეს ამუშავოს სტრუქტურა რომელიც უცხოა მუშათა კლასისთვის? სახელმწიფო, როგორც კონცეპტი და სტრუქტურა, ხომ თავისთავად ბურჟუაზიის პროდუქტია. ერთი მეორის გარეშე ვერ გადარჩება – და პირიქით.  ამაზე რომ არ შევჩერდეთ, ვფიქრობ, ყველაზე მნიშვნელოვანი დასკვნა ისაა, რომ სოციალ-დემოკრატია კომპრომისია, რომელსაც კაპიტალიზმი თავის გადასარჩენად გვთავაზობს – “კეთილდღეობის სახელმწიფოს” ფორმირებით. ის, რომ ჩერჩილი ლოთი იყო და უამრავს ეწეოდა, არ ნიშნავს იმას, რომ იგი სულელიც იყო.

წყარო: libcom.org

Facebook Comments

Leave a Reply

Your email address will not be published.