Tag Archives: ანარქიზმი

ინტერვიუ ნოამ ჩომსკისთან – ანარქიზმზე

1.    რას გვეტყვით ანარქისტული იდეების ჩამოყალიბების შესახებ? რომელი ანარქისტული მიმდინარეობები წარმოიშვა დროთა განმავლობაში?

 ანარქისტული აზროვნების საფუძვლები, ჩემი აზრით, უნდა ვეძებოთ განმანათლებლობის და კლასიკური ლიბერალიზმის ხანაში. შეიძლება უფრო შორსაც წავიდეთ – მე17 საუკუნის მეცნიერული რევოლუციის პერიოდში, რომელმაც მოიცვა სხვადასხვა ასპექტები, მაგალითად ავიღოთ კარტესისეული რაციონალიზმი. ამ თემაზე არის საკმაოდ ბევრი ლიტერატურა (მაგ: ისტორიკოს ჰარი ბრაკენის შრომები, მეც მაქვს დაწერილი რამდენიმე წიგნი ამის შესახებ ). აქ, ცხადია, ვერ შევძლებთ ამ წიგნების შეჯამებას, მაგრამ ვიტყვი რომ ვეთანხმები ანარქო-სინდიკალისტ რუდოლფ როკერს, რომელიც ფიქრობდა, რომ კლასიკური ლიბერალური იდეები იმსხვერპლა ინდუსტრიულმა კაპიტალიზმმა. შემდგომში იდეები თანდათანობით ისევ ვითარდებოდა, რისი მიზეზიც, ჩემი აზრით ისაა, რომ ისინი კარგად ერგება ადამიანის რეალურ მოთხოვნილებებს. ესპანეთის სამოქალაქო ომი ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტი იყო ანარქიის ისტორიაში – როგორც იცით, 1936 წელს ესპანეთის დიდ ნაწილში იფეთქა ანარქისტულმა რევოლუციამ, რასაც სულაც არ ჰქონია სპონტანური აფეთქების სახე – პირიქით, მისი საფუძვლები იქმნებოდა საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში. თუმცა, სამწუხაროდ, ანარქიზმს დაუპირისპირდა თითქმის ყველა სისტემა – სტალინიზმი, ფაშიზმი, დასავლური ლიბერალიზმი – ისინი გაერთიანდნენ ანარქიის წინააღმდეგ და შეძლეს ანარქისტული რევოლუციის დამარცხება. ეს გაერთიანება, ჩემი აზრით, ანარქიზმის დიდ მნიშვნელობაზე მეტყველებს. Continue reading ინტერვიუ ნოამ ჩომსკისთან – ანარქიზმზე

რა არის პირდაპირი მოქმედება?

“პირდაპირი მოქმედება” ანარქისტების გაერთიანებაა, რომელიც პროპაგანდას უწევს ანარქიას და ხელს უწყობს ანარქისტული საზოგადოების ჩამოყალიბებას. “პირდაპირი მოქმედება” იბრძვის ისეთი საზოგადოების შესაქმნელად, რომელიც კაპიტალიზმის, სახელმწიფოსა და ყოველგვარი იერარქიის გარეშე შეძლებს მართოს საკუთარი ცხოვრება. ეს უდავოდ რევოლუციური მიზანი საჭიროებს ორგანიზებულობას და მჭიდრო თანამშრომლობას. ანარქისტების ერთ-ერთი მთავარი მიზანია საზოგადოებისთვის ანარქიის ცოცხალი მაგალითის ჩვენება, “პირდაპირი მოქმედება” კი ამის საშუალებას რეალურად გვაძლევს.

 

Continue reading რა არის პირდაპირი მოქმედება?

მიხეილ ბაკუნინი – ღმერთი და სახელმწიფო

ნაწილი 1

ვინ არიან მართლები – იდეალისტები თუ მატერიალისტები?  ამ შეკითხვაზე პასუხის გაცემას ბევრი ფიქრი არ სჭირდება. ეჭვგარეშეა, რომ იდეალისტები ცდებიან. დიახ, ფაქტები იდეაზე წინ დგანან. იდეალი, როგორც პრუდონმა თქვა, არის მხოლოდ ყვავილი, რომელიც მატერიალურ პირობებშია ფესვგადგმული. დიახ, კაცობრიობის მთელი ისტორია – ინტელექტუალური და მორალური, პოლიტიკური და სოციალური, არაფერია, თუ არა ეკონომიკური ისტორიის ანარეკლი.

თანამედროვე მიუკერძოებელი და ნამდვილი მეცნიერების ყველა მიმართულება თანხმდება ერთ ფუნდამენტურ საკითხზე : სოციალური სამყარო, უფრო ზუსტად, კაცობრიობა, არის ცხოველთა ჯერჯერობით ყველაზე განვითარებული ცხოველთა სახეობა. თუმცა, ეს განვითარება გულისხმობს უარყოფასაც – ადამიანები უარყოფენ მათში ცხოველური საწყისის არსებობას. სწორედ ეს უარყოფა, რომელიც გარდაუვალი იქნებოდა, წარმოშობს გარკვეულ იდეალებს, ინტელექტუალური და მორალური სამყაროს რწმენებს და იდეებს .

დიახ, ჩვენი უძველესი წინაპრები, ადამები და ევები, თუ გორილები არა, გორილების ახლო ნათესავები მაინც იყვნენ, წარმოადგენდნენ ყველაზე ძლიერ, ჭკვიან მხეცებს, რომლებიც სხვა ცხოველებზე მაღლა იდგნენ და გამოირჩეოდნენ ორი მთავარ თვისებით – აზროვნების უნარით და აჯანყების მოთხოვნილებით. Continue reading მიხეილ ბაკუნინი – ღმერთი და სახელმწიფო

ნაწყვეტი რუდოლფ როკერის შრომიდან “ანარქიზმი და ანარქო სინდიკალიზმი”

RudolfRocker1915

ყველა სახის პოლიტიკური ძალაუფლება იმანენტურად გულისხმობს მონობის კონკრეტულ ფორმებს, რათა შენარჩუნდეს, როგორც არსებული წესრიგის გამომხატველი. როგორც გარეგნულადაც ჩანს, ამა თუ იმ სახელმწიფოს სხვა სუვერენულ ქვეყნებთან ურთიერთობისას სჭირდება ხელოვნურად წარმოქმნას წინააღმდეგობები, რათა ლეგიტიმაცია მიანიჭოს მის შიგნით პოლიტიკური თამაშის წესებს – საზოგადოებები დაყოს კასტებად, წოდებებად, კლასებად და ასეთი ფორმის სოციო-ეკონომიკური რეალობა გამოაცხადოს სახელმწიფოს არსებობისათვის აუცილებელ, საჭირო და გამართლებულ მდგომარეობად. ბოლშევიკური ბიუროკრატიის აღზევება, რომელიც  რუსეთში პროლეტარიატის დიქტატურის ნიღბისქვეშ ხდებოდა (სინამდვილეში ეს დიქტატურა მცირე ელიტური ჯგუფების ძალადობა იყო რუს ხალხზე) ახალი ინსტანციაა იმ ისტორიული გამოცდილებისა, რომელიც რამდენჯერმე იქამდეც გამეორდა: მაღალი კლასი, რომელიც დღეს გარკვეული ტიპის არისტოკრატიადაც ყალიბდება, რუსი გლეხებისა და მუშებისაგან განცალკევებულად ინიჭებდა პრივილეგიებს “სახალხო მმართველობის უფლებაზე”. ეს სიტუაცია კიდევ უფრო გაუსაძლისი გახდა მას შემდეგ რაც დესპოტურმა სახელმწიფო აპარატმა მთლიანად ჩამოართვა მშრომელთა კლასს უფლება, უკმაყოფილება გამოეხატა არსებული წესრიგისადმი და ებრძოლა საკუთარი უფლებებისათვის. თუნდაც სრულმა ეკონომიკური თანასწორობამ ვერ დაიცვა მასები პოლიტიკური და სოციალური რეპრესიისაგან. მხოლოდ ეკონომიკური თანასწორობა ვერ მოგვცემს თავისუფალ საზოგადოებას. ეს ის გაკვეთილია, რომელიც ავტორიტარული სოციალიზმის დამცველებს არასდროს სურდათ ესწავლათ – ციხეებში, მონასტერებში და ყაზარმებში ეკონომიკური თანასწორობაა, – ერთნაირად აჭმევენ, ერთნაირად აცმევენ, ერთნაირ დავალებებს ასრულებენ. უძველესი ინკების სახემწიფო პერუში და იეზუიტთა სახელმწიფო პარაგვაიში სრული ეკონომიკური თანასწორობით ხასიათდებოდა, თუმცა ამის მიუხედავად იქ საშინელი ავტორიტარული რეჟიმი დამყარდა, სადაც ინდივიდები იარაღებს წარმოადგენდნენ პოლიტიკური იერარქიის მაღალ საფეხურზე მყოფი ჯგუფებისათვის. პრუდონი პირველია, ვინც ასეთი ტიპის წესრიგს აკრიტიკებს, მისთვის “სოციალიზმი” თავისუფლების გარეშე მონობის ერთ-ერთი ფორმაა. სოციალური სამართლიანობის იდეა მხოლოდ მაშინ რეალიზდება, როცა ერთდროულად ზრდის პიროვნების თავისუფლებასა და პასუხისმგებლობის განცდას. თავის მხრივ ჰეგელისთვისაც თავისუფლება სხვა არაფერია, თუ არა გაცნობიერებული პასუხისმგებლობა. სოციალიზმი შესაძლებელია სრულიადაც არ იყოს თავისუფლებაზე დაფუძნებული საზოგადოებრივი ფორმაცია თუკი პოლიტიკური ვერტიკალი მუდმივად ძალაუფლების ლეგიტიმაციის მცდელობაშია. ამ გარემოების მნიშვნელობის ამოცნობამ აქცია ანარქიზმი ანტისახელმწიფოებრივ იდეოლოგიად.

____________________
სოსოს თარგმანებიდან

ელიზე რეკლიუ – ანარქია

გაზ. „მუშის“ ჯგუფის გამოცემა. ელექტრომბეჭდავი ”გუტენბერგი”. თბილისი, 1906

_____________
* ეს ბროშურა წარმოადგენს შინაარს იმ მოხსენებისას, რომელიც უნდა წაკითხულიყო ერთ მასონურ ლოჟაში 1894 წელს.

1011

ანარქია არ არის ახალი თეორია. თვით სიტყვა „მთავრობის უარყოფის“ „უუფროსოდ არსებული საზოგადოების“ აზრით ძველია და პრუდონზე ადრე იყო ხმარებაში.

სიტყვის მომდინარეობის კითხვა არც ისე საყურადღებოა. არსებობდა „აკრატები“ (მმართველობის უარის მყოფელნი) ანარქისტებამდეც, და თვით აკრატებმა თავიანთი მეცნიერული სახელი გამოიგონეს მხოლოდ მას შემდეგ, როდესაც მრავალი მათი მოდგმა ერთი მეორეს მოჰყვნენ. ყოველთვის იყვნენ თავისუფალი კაცები, რომელთაც კანონები ეზიზღებოდათ, რომელთაც არავითარი უფლობა არ სწამდათ და რომლებიც სცხოვრობენ მხოლოდ თავისი არსებობის უფლებით, თავის გონების ბრძანებით. ის კი არა პირველ-ყოფილ ხანებშიც კი ყველგან ვხედავთ გვარებს, რომლებიც შესდგებიან თვითმართველ კაცებისაგან, რომლებსაც არ ჰქონდათ არავითარი დაძალებული კანონები, არავითარი სამართი ყოფაქცევისა, გარდა „თავისი სურვილისა და კეთილი ნებისა“, რაბლესი არ იყოს.

მაგრამ თუმცაღა ანარქია ისეთი ძველია, როგორც თვით კაცობრიობა, მიუხედავად ამისა მის თანამედროვე წარმომადგენლებს შემოაქვთ სამყაროში რაღაც ახალი. ამათ კარგად აქვთ შეგნებული მიზანი, რომელსაც უნდა მიაღწიონ, და სადაც კი არიან, ისინი ყველა ერთსულოვნად მიისწრაფვიან თავისი იდეალისაკენ, რომელიც შესდგება მთავრობის უარის ყოფაში, რაგვარი ფორმისაც უნდა იყოს ის. ოცნება მსოფლიო თავისუფლებაზე აღარ არის უკვე წმინდად ფილოსოფიური და ლიტერატურული უტოპია, როგორც ის იყო მზის ქალაქის და იერუსალიმის ძველი დამაარსებლებისათვის; ის გახდა მოქმედი ძიება ცოცხალი სინამდვილისა მრავალ კაცებისათვის, რომლებიც ერთგულად, მწყობრად და მედგრად მუშაობენ ასეთი საზოგადოებრივი წყობილების წარმოსაშობად, რომელშიაც აღარ იქმნება მეტი არავითარი უფროსები, არ იქმნება ოფიციალური დამცველები ზნეობისა, არ იქმნება საპყრობილეების ზედამხედველები, არც ჯალათები, არც მდიდრები, არც ღარიბები, არამედ მხოლოდ ადამიანები, სწორი თავიანთი უფლებებით, ძმები, რომლებსაც თითოეულად ექნება თავისი ყოველდღიური წილი საარსებო პურისა და რომლებიც იცხოვრებენ მშვიდობაში და თანხმობაში არა კანონების ეგრედ წოდებულ მორჩილებაში, რომელსაც საშინელი სასჯელი მოჰყვება ურჩთათვის, არამედ სხვისი ინტერესების საყოველთაო პატივისცემაში ბუნების კანონების მეცნიერული საფუძველით. Continue reading ელიზე რეკლიუ – ანარქია

პეტრე კროპოტკინი – რევოლუციური უმცირესობა

Peter_Kropotkin_circa_1900

ტექსტი წარმოადგენს 1906 წელს გამოცემული წიგნის ელექტრონულ ვერსიას

  „ყველაფერი, რასაც თქვენ ამბობთ, სრულიად სამართლიანია“, ხშირად გვიპასუხებენ ხოლმე ჩვენი მოწინააღმდეგენი. “თქვენი იდეალი ანარქიულ კომუნიზმისა მშვენიერია და იმის განხორციელება მართლაც ბედნიერებასა და მშვიდობიანობას დაამყარებდა ქვეყნად. მაგრამ როგორ ცოტაა ამის მსურველთა რიცხვი! როგორ ცოტაა ამის შემგნებთა რიცხვი, როგორ ცოტაა ისეთნი, რომელთაც ჰყოფნიდეთ საქმის ერთგულება, რომ იმუშაონ ამის მისაღწევად! თქვენ, – არც მეტი, არც ნაკლები, უმნიშვნელო რიცხვი, უგრძნობელ მასაში აქა–იქ გაფანტული სუსტი ჯგუფი ხართ, თქვენს წინ–კი ძლიერი მტერი სდგას, კარგად მოწყობილი, არმიის მყოლე, შეიარაღებული კაპიტალით, განათლებით. თქვენ საძნელო საქმეს შეუდექით“. ყოველთვის გვესმის ეს პასუხი ზოგიერთ მოწინააღმდეგეთაგან, და ხშირად მეგობართაგანაც. ვნახოთ რამდენად სამართლიანია ესა.

რომ ანარქისტების ჯგუფი–მხოლოდ უმნიშვნელო უმცირესობაა შედარებით ათ მილიონთან, რომლითაც დასახლებულია საფრანგეთი, ისპანია, იტალია და გერმანია, ეს სრული სიმართლეა. ჯგუფები, რომელნიც რაიმე ახალ იდეას წარმოადგენენ, დასაწყისში ყოველთვის ცოტანი იყვნენ. ადვილად შესაძლებელია, რომ ფუტკრის გროვასავით ჩვენც ცოტა უმცირესობად დავრჩეთ თვით რევოლიუციის წამამდე, მაგრამ განა ეს საბუთია ჩვენს წინააღმდეგ? ამ წამში უმეტესობა ოპორტიუნისტები არიან, თანდათანობის მიმდევარნი და ნუ თუ ჩვენც უნდა ოპორტიუნისტები გავხდეთ? 1790 წლამდე საფრანგეთში უმრავლესობა მეფის მთავრობის მომხრე, ან და კონსტიტუციონალისტები იყვნენ. მერე აქედან ის გამოდის, რომ იმ დროის რესპუბლიკელებს უარი უნდა ეთქვათ თავიანთ რესპუბლიკანურ იდეებისაგან და როიალისტები (მეფის მომხრეები) უნდა გამხდარიყვნენ იმ დროს, როცა საფრანგეთი ჩქარის ნაბიჯით მიდიოდა მეფის მთავრობის გასაუქმებლად. Continue reading პეტრე კროპოტკინი – რევოლუციური უმცირესობა

ემა გოლდმანი – ქორწინება და სიყვარული

გავრცელებული წარმოდგენების თანახმად ქორწინება და სიყვარული სინონიმებად გვევლინებიან,  ერთი წყაროდან გამომდინარეობენ და ერთი და იგივე ადამიანურ მოთხოვნილებებს პასუხობენ. მაგრამ, როგორც  უმეტესობა  წარმოდგენებისა, ქორწინება არა რეალურ ფაქტებს, არამედ ცრუ შეხედულებებს ეფუძნება.

ქორწინებასა და სიყვარულს შორის არაფერია საერთო, ისინი პოლუსებივით ეწინააღმდეგებიან ერთმანეთს და სინამდვილეში ანტაგონისტურად არიან ერთმანეთისადმი განწყობილნი. ეჭვს გარეშეა, რომ ზოგიერთი ქორწინება სიყვარულისაგან არის წარმოშობილი.  მაგრამ ეს არა იმიტომ, რომ სიყვარულს შეუძლია  მხოლოდ ქორწინებით განმტკიცდეს.  პირიქით, ეს უფრო იმით იხსნება, რომ მხოლოდ ადამიანთა მცირე ნაწილმა შეძლო გასცდენოდა წესჩვეულებების საზღვრებს.  დღეისათვის უამრავი ქალი და მამაკაცი თვლის, რომ ქორწინება არის ფარსი,  თუმცა ისინი  ამ დადგენილებას მხოლოდ და მხოლოდ საზოგადოებრივი აზრის გავლენის გამო ემორჩილებიან. Continue reading ემა გოლდმანი – ქორწინება და სიყვარული

პეტრე კროპოტკინი – მართლმსაჯულება

წიგნის გამომცემლობა ”თანასწორობა”
____________________________

პეტრე კროპოტკინი

მართლმსაჯულება

თარგმანი ა.ფ-ვასი.

თფილისი

სტამბა ”იდეალი” (მ.დ. კიკნაძისა), ნიკოლოზის ქუჩა № 6

1906

 მართლმსაჯულება

კროპოტკინი

ადოლფ ბლანკიმ [1], სენ-სიმონის მიმდევარმა, თავის პოლიტიკური ეკონომიის ისტორიაში, რომელიც გამოსცა 1837 წელს, სრულის სისწორით აღნიშნა  ეკონომიკური ფაქტორის მნიშვნელობა კაცობრიობის ცხოვრებაში. მან აღნიშნა, რომ ეკონომიკური ფაქტორები განსაზღვრავენ საზოგადოების პოლიტიკურ ფორმებს და ძლიერი გავლენა აქვთ, როგორც უფლებისა და ზნეობის ცნებაზე, აგრეთვე ფილოსოფიაზედაც საერთოდ. იმ დროში საზოგადოებრივი ყურადღება მიპყრობილი იყო უმთავრესად ცხოვრების პოლიტიკურ ფორმებზე; სამეურნეო პირობებს კი ჯეროვან ყურადღებას არ აქცევდნენ; ამის გამო შესაფერის ანგარიშს არ უწევდნენ ბურჟუაზიული მეურნეობის შედეგებს, რომელიც საფრანგეთში დამყარდა პირველი რესპუბლიკის ნანგრევებზე.

სრულიად ბუნებრივია, რომ ბლანკიმ, წამოაყენა რა ცხოვრების ეკონომიკურ პირობათა მნიშვნელობა და სურდა რა მოაზრე ხალხის ყურადღება მიექცია ამ საკითხისათვის, რომელსაც მცირე მნიშვნელობას აძლევდნენ, და აგრეთვე სოციალისტური მოძრაობისთვის, რომელიც ის-ის იყო იბადებოდა ამ წლებში, – რამდენადმე გაადიდა ეკონომიკურ პირობათა მნიშვნელობა და ამტკიცებდა, რომ შეიძლება  მთელი ისტორია განხილულ იქნას, როგორც ეკონომიკურ ურთიერთობათა ზედნაშენიო. ეს საჭირო იყო, ყოველ შემთხვევაში კი – აუცილებელი. მეცნიერებათა ისტორიაში ეს მუდმივ გვხვდება. ხოლმე “დაე სხვებმა, ფიქრობდა იგი, წამოაყენონ საზოგადოებრივი ცხოვრების სხვა ფაქტორები: მართველობის პოლიტიკური ფორმები, სამართლიანობისა და სასამართლოს ცნებანი, სარწმუნოებრივი და ზნეობრივი შეხედულებანი. ჩემთვის კი, აუცილებელია ჩემი მსოფლმხედველობის სიდიადე წამოვაყენო,  ცხოვრების სხვა ფაქტორებს უჩემოდაც უკვე დიდი მნიშვნელობა მისცესო”.

ცნობილია, თუ როგორ განადიდეს ბლანკისა და სენ-სიმონისტების საფუძვლები გერმანიის სოციალ-დემოკრატებმა [2]. ანარქისტები, თავის ყურადღებას აქცევენ, მეორე მძლავრ ფაქტორს საზოგადოების ცხოვრებაში – სახელმწიფოებრივი იდეის განვითარებას და მის ფუნქციათა გამრავლებას. Continue reading პეტრე კროპოტკინი – მართლმსაჯულება

ბურშე – საყოველთაო გაფიცვის მეორე დღეს

collective

ტექსტი წარმოადგენს 1906 წელს გამოცემული წიგნის ელექტრონულ ვერსიას

მომავალი საზოგადოება

( ა. ბურშესი, სპილენძის მუშათა ფედერაციის სეკრეტარისა მოხსენება, წარდგენილი სპილენძის მუშათა ფედერაციის სახელით, მონპელიეს კონგრესზედ.)

დიდი სოციალური დრამა აღსრულდა. შეერთებულმა მუშებმა, გაბედული უმცირესობის მეთაურობით, რომელმაც გაიყოლია თან მუშათა მთელი მასსა, ძალით გაანთავისუფლა შრომა.

გაქცეულმა ან შერიგებულმა ექსპლოატატორებმა დაინახეს, რომ კაპიტალისტური საზოგადოება დაიმსხვრა ხალხის საშინელი შეჯახების დროს, და ამ საზოგადოებას არც ჯარმა გაუწია არავითარი მფარველობა.

ახალი საზოგადოება დაიბადა და წარმოვიდგინოთ მისი საზოგადო სურათი. მაგრამ მსჯელობა ამ საგანზედ ძლიერ ძნელია, გამოსარკვეველი საგანი ძლიერ ამაღელვებელი, მშვენიერი და თანაც საშინელია და ამიტომ ცოტათი ფრთხილად უნდა მოვიქცეთ.

ჩვენ ძლიერ გვესიამოვნება ხოლმე ჩვენი იდეალის მოგონება და ეს გვინათებს ხოლმე აზრს, მაგრამ ისიც მართალია აგრეთვე, რომ ყველა ის ჰიპოტეზები, რომლებსაც ჩვენ აქედანვე ვადგენთ, უმჯობესდებიან და იცვლებიან. ისინი არ არიან ჩაბორკვილნი ერთ ვიწრო ფარგალში და ყოველდღე საჭიროა მათი უფრო ნათლად და მკაფიოდ გამოხატვა. ჩვენ კი ყოველთვის იმის მომხრე ვიქნებით რაც უმჯობესდება, და ამასთანავე წინააღმდეგობას გაუწევთ ყოველივე იმას, რაც უკან დახევა და დაძაბუნება იქმნება.

მაშ რა საჭიროა, იტყვიან, ეს წინდაწინ გათვალისწინება იმ ბუნდოვანი მომავლისა, რატომ არ უნდა მოვუცადოთ, რომ გაიწმინდოს ბარემ მომავლის ჰორიზონტი და დავინახოთ პირდაპირ საერთო სურათი სიმართლის, თავისუფლებისა და ბედნიერების საზოგადოებისა? Continue reading ბურშე – საყოველთაო გაფიცვის მეორე დღეს

პეტრე კროპოტკინი – ციხე და მორალური გავლენა პატიმრებზე

ეკონომიკასთან და სახელმწიფო აპარატთან დაკავშირებული პრობლემების შემდეგ, აქტუალურობითა და მნიშვნელობით, შესაძლოა ყველაზე მწვავე იყოს ანტი-სოციალური ქმედებების კონტროლის მექანიზმის პრობლემა.

სამართლიანობის ცნება ყოველთვის წარმოადგენდა ძირითად ინსტრუმენტს უფლებებისა და სოციალური პრივილეგიების ჩამოყალიბებისას, იქიდან გამომდინარე, რომ ეს პრინციპი დაფუძნებული იყო უკვე განსაზღვრულ უფლებებზე.

პრობლემა – რა უნდა ვუყოთ ინდივიდს, რომელიც ანტი-სოციალურ ქმედებას სჩადის, თავად შეიცავს წინააღმდეგობას სახელმწიფოს ცნებასთან.

დროა დავსვათ შეკითხვა, რამდენად სამართლიანია სიკვდილით ან სამუდამო თავისუფლების აღკვეთით დასჯა? აქვს კი ციხეს ორმაგი ფუნქცია – ერთი მხრივ მსგავსი ტიპის დანაშაულის პრევენციის, მეორე მხრივ კი პატიმრის გამოსწორების?

ეს საყურადღებო კითხვებია. მათზე გაცემულ პასუხებზე არა მარტო ათასობით თავისუფლებააღკვეთილი პატიმრის, მათი მეუღლეების, შვილების, მშობლებისა და ნათესავების, არამედ მთლიანად, კაცობრიობის ბედია დამოკიდებული. ყოველი უსამართლობა, ჩადენილი ინდივიდის მიმართ, საბოლოო ანგარიშით კაცობრიობის წინაშე ჩადენილი უსამართლობაა.
მქონია ერთმანეთის მსგავსი სიტუაციები საფრანგეთისა ორ და რუსეთის რამდენიმე ციხეში. სხვადასხვა გარემოებებმა მაიძულეს დავუბრუნდე სამართლებრივი საკითხების შესწავლას და ვფიქრობ, ჩემი მოვალეობაა, მკაფიოდ ვაჩვენო ციხის ნამდვილი ბუნება და ამგვარად დაკვირვებათა შედეგები ჩემს ღირებულებებს დავუკავშირო. Continue reading პეტრე კროპოტკინი – ციხე და მორალური გავლენა პატიმრებზე