Tag Archives: ანარქისტული რევოლუცია

მუშათა ძალა და ესპანეთის რევოლუცია

547398_10150758746726023_1766635136_n

ტომ უეტზელის (Tom Wetzel) ისტორიული სტატია და ანალიზი  ესპანეთის სამოქალაქო ომსა და რევოლუციაზე, აგრეთვე, მასში ანარქისტების განსაკუთრებულ როლზე.

PDF ვერსია mushata-dzala-da-espanetis-revolucia  (383.9 KB)

მუშათა ძალა და ესპანეთის რევოლუცია

1936 წლის ესპანეთის ეროვნულ არჩევნებში, მემარჯვენე მთავრობა დაამარცხა ლიბერალებისა და სოციალისტებისგან შემდგარმა კოალიციამ. მუშებმა ისარგებლეს ამ გარემოებით და ესპანეთს თავს დაატეხეს ქვეყნის ისტორიაში გაფიცვათა ყველაზე დიდი ტალღა. იგულისხმება როგორც ათობით ქალაქს მოდებული საჯარო გაფიცვა, ასევე ასობით გაფიცვა ცალკეულ საწარმოებში.

არჩევნებიდან ერთი თვის შემდეგ, «მიწათმოქმედთა ფედერაციამ» 80 000 უსახლკარო მშრომელის თაოსნობით ხელში ჩაიგდო „ესპანურ ციმბირში“ – რეგიონ ესტემადურაში მდებარე სამი ათასი ფერმა1. მთელი ესპანეთი მოცული იყო ცხარე დებატებით ქვეყნის მომავლის შესახებ, მემარცხენე და მერარჯვენე აქტივისტების პერიოდული მკვლელობები კი უფრო და უფრო აჩქარებდა ქვეყნის პოლიტიკური პოლარიზაციის პროცესს. მემარჯვენე პოლიტიკოსები უკვე დიდი ხნის განმავლობაში მოითხოვდნენ სახელმწიფო ხელიუფლების ძალადობრივ აღებას ესპანური ჯარის მიერ. 1936 წლის 19 ივლისს ესპანეთის არმიამ დაიწყო სახელმწიფო გადატრიალება.

პირველად ესპანეთის ისტორიაში, ჩვეულებრივი მოქალაქეები წინ აღუდგნენ ჯარს. სამხედრო აჯანყება დამარცხდა ესპანეთის ორ მესამედ ნაწილში. პროფკავშირები დაეუფლნენ კაპიტალისტების ქონების უმეტეს ნაწილს, რის შედეგადაც ესპანეთის ეკონომიკის უდიდესი ნაწილი მუშათა კონტროლის ქვეშ მოექცა. პროფკავშირებმა შექმნეს საკუთარი რევოლუციური მშრომელთა არმია, ესპანეთის სამხედრო ძალებთან საბრძოლველად. ესპანური სამხედროების მცდელობას გაენადგურებინათ მშრომელთა მოძრაობა, შედეგად მოჰყვა მუშათა კლასის რევოლუცია, რომელსაც ესპანური ელიტები დიდი ხანი უფრთხოდნენ. კლასობრივი ბრძოლა, სამოქალაქო ომად გარდაიქმნა.

ამ დრამის მთავარი გმირები იყვნენ ქვეყნის უდიდესი შრომითი ფედერაციები. შრომის ნაციონალურ კონფედერაციაში (Confederación Nacional del Trabajo — CNT) 1936 წლის დამდეგს 1.6 მილიონი ადამიანი იყო გაწევრიანებული (სახელმწიფოს მონაცემების თანახმად). CNT წარმოადგენდა ანარქისტების მიერ შრომის სამოცდაათწლიანი ორგანიზაციის პროდუქტს. 1919 წლიდან მოყოლებული, CNT-ს საყრდენს წარმოადგენდა მრავალი sindicato unico (“საერთო პროფკავშირი”) – ადგილობრივი ავტონომიური პროფკავშირი. 1936 წლის დასაწყისში, ბარსელონაში, CNT-ს სამშენებლო და მეტალურგიული sindicato unico-ებს სათითაოდ 30 000 წევრი ჰყავდათ.

ყოველი sindicato unico იყოფოდა „სექციებად“, რომლებიც საბჭოზე ირჩევდნენ საკუთარ წარმომადგენლებს (delegados). ისეთ მსხვილ ინდუსტრიებში, როგორებიცაა მეტალურგია ან ტექსტილის მრეწველობა, თითო ფირმა ან საწარმო წარმოადგენდა ცალკეულ „სექციას“. მშენებლობაში თითო სექცია შეესაბამებოდა გარკვეული სახის საქმიანობას. ერთი ქალაქის ან რეგიონის (comarca) ყველა ავტონომიური პროფკავშირი ერთიანდებოდა ადგილოგრივ შრომით ფედერაციაში (federación local).

პროფკავშირები ანარქისტული მოძრაობის ინსტიტუტების მხოლოდ ნაწილს წარმოადგენდნენ. ესპანელ ლიბერტარულ მემარცხენეებს მოწყობილი ჰქონდათ მრავალი ალტერნატიული სკოლა და საზოგადოებრივი ცენტრი (ateneos). Ateneos-ებში იმართებოდა დებატები და სხვადასხვა კულტურული ღონისძიებები, ისწავლებოდა წერა-კითხვა (30-იან წლებში მოსახლეობის 30-50 პროცენმა წერა-კითხვა არ იცოდა) და ა.შ. ესპანური ანარქიზმისთვის მთავარი დამახასიათებელი ნიშანი იყო ჩვეულებრივი ხალხის ჩართვა საზოგადო საკითხების გადაჭრაში, რაც მათ ამზადებდა საზოგადოებრივი ტრანსფორმაციისთვის ბრძოლაში მუდმივი მონაწილეობის მისაღებად.

CNT-ს ლიბერტარული სინდიკალიზმის პოლიტიკა ატარებდა “პრეფიგურატიულ” სახეს. CNT-ს მებრძოლეები თვლიდნენ, რომ საბჭოებისა და მათი წარმომადგენლების მეშვეობით პროფკავშირის მართვაში მონაწილეობის მიღება წარმოადგენდა ორგანიზების ისეთ ფორმას, რომელიც თავის თავში ატარებდა ახალი საზოგადოების ჩანასახს, რომელშიც მთელ წარმოებას განაგებენ მუშები და საზოგადოების მართვა მონაწილეობითი დემოკრატიის პრინციპებზეა დამყარებული.

ხმელთაშუა ზღვის სანაპიროს გასწვრივ გადაჭიმული ტერიტორია, ქალაქ მურსიიდან კატალონიამდე და არაგონამდე, მეტ-ნაკლებად შეესაბამება არაგონის და კატალონიის სამეფოებს, რომლებიც მე-15 საუკუნეში შეუერთდნენ კასტილიას, თანამედროვე ესპანური სახელმწიფოს შექმნის მიზნით. 1930-იანებში ეს რეგიონი წარმოადგენდა CNT-ს მთავარ დასაყრდენს. არაგონსა და მურსიაში პროფკავშირების წევრების 80 პროცენტი მიეკუთვნებოდა CNT-ს. ვალენციაში-70 პროცენტი. კატალონიის ინდუსტრიულ ნაწილებში 900 000 მშრომელის 60 პროცენტი იყო CNT-ს წევრი.

ესპანეთის მეორე ძირითადი შრომითი ორგანიზაცია იყო მუშათა გენერალური კავშირი (Union General de Trabajadores — UGT) რომელსაც 1936 წლის დასაწყისში ჰყავდა 1.4 მილიონი წევრი. UGT მხარს უჭერდა ესპანეთის სოციალისტურ მუშათა პარტიას (Partido Socialista Obrero Español — PSOE), თუმცა კომუნისტური პარტიაც სარგებლობდა გარკვეული პოპულარობით. ესპანეთის ცენტრალურ რეგიონებში, მათ შორის მადრიდსა და ქვანახშირის საბადოებით მდიდარ ასტურიის ჩრდილოეთ სანაპიროზე პროფკავშირთა უმეტესობა ეკუთვნოდა UGT-ს. UGT-ს მიწის მუშათა ფედერაცია (Federación Nacional de Trabajadores de la Tierra — FNTT) 1936 წლის გაზაფხულში ნახევარი მილიონი წევრისაგან შედგებოდა. FNTT-მ წამოაყენა მოთხოვნა აგრარული რეფორმის შესახებ და მალევე გადაიზარდა ესპანური სოფლების მასობრივ რევოლუციურ მოძრაობაში. Continue reading მუშათა ძალა და ესპანეთის რევოლუცია