Tag Archives: მიხაელ ჰანეკე

გია ეძგვერაძე – მხიარული თამაშები ანუ ხელოვნური სამოთხის კატასტროფა

რეცენზია მიხაელ ჰანეკეს ფილმზე

Funny Games (1997 film) Directed by Michael Haneke
Funny Games (1997 film)
Directed by Michael Haneke

მოდი პირდაპირ ვთქვათ – გავაკეთოთ ერთმნიშვნელოვანი და გაშიშვლებული განაცხადი მრავალშრიანი სტრუქტურის მქონე (ანუ სტრატეგიულად ბრძნულად აგებულ) „შოკისმომგვრელ“ ფილმზე. ფილმი, რომელზეც მინდა გესაუბროთ, „შოკურად“ მხოლოდ გამოუცდელი მაყურებლისთვის აღიქმება, რომელიც ფსიქოლოგიურ ხრიკებზე აწყობილი ფილმის გავლენის ქვეშ ექცევა, სინამდვილეში კი ფილმი მიუტევებლად კორექტულია – მასში არც ძალადობის სცენებია წინ წამოწეული, არც სექსი, და არც შიშველი სხეულები. იგი სინამდვილეში არც თრილერის კატეგორიას მიეკუთვნება და არც საშინელებათა ფილმებისა – ეს მკაცრად იდეოლოგიური ფილმია.

ფილმი იწყება იმით, რომ ჩვენს სამყაროს მოევლინება თეთრებში გამოწყობილი ორი ანგელოზი, დიდი, წყლიანი თვალებით და არაამქვეყნიური გამომეტყველებით. ფილმში მათ ანგელოზობას, ანუ ბედის მარეგულირებელ ფუნქციას, ამტკიცებს ის, რომ მათ შესწევთ ძალა იბატონონ დროზე— აბრუნებენ მას უკან, სრულიად აუჩქარებლად მოქმედებენ — რადგან მსხვერპლი მათ ვერსად გაექცევა და ვერსად ემალება. ისინი დამსჯელი ანგელოზები არიან ღმერთის ელიტარული SS-ის ბრიგადიდან. კლასიკური ანგელოზებისგან ისინი მხოლოდ იმით განსხვავდებიან, რომ კლასიკური დამსჯელი ცეცხლოვანი მახვილის ნაცვლად ცნობილი ფირმის დახვეწილი დიზაინის გოლფის ჯოხებით არიან შეიარაღებული.

და აი, ასეთი მრისხანე ზეციური სტუმრები ეწვევიან აგარაკზე ახალგაზრდა სიმპათიურ ოჯახს — იდეალურს თავისი წესიერებით, გარეგნობით, განათლებით, კულტურით და სიკეთით – უაღრესად გამორჩეულს მეგობრობით და ერთგულებით ერთმანეთისა და, საერთოდ, საზოგადოების მიმართ. მაგრამ, მიუხედავად ასეთი პოზიტიურობისა, ფილმის ავტორი არ ცდილობს, ისე დაგვაახლოვოს ამ გმირებთან, რომ შეგვაყვაროს ისინი. ეს მხოლოდ ახალგაზრდა, შეძლებული ოჯახის კრებითი სახეა, ასე ვთქვათ, ბურჟუაზიული იდეოლოგიის იდეალური სეგმენტი. ამ ოჯახის სახით ჩვენ გვაცნობენ და გვიხასიათებენ გარკვეული სოციალური კლასის ფუნდამენტურ და საყოველთაო ოცნებას – იმ სოციალური კლასისა, რომელიც დასავლეთის ცივილიზაციის იდეალებისა და ფასეულობების მთავარი გამტარია. ასეთი საყოველთაო ოცნების სახელია „პრივატული ბედნიერება“. Continue reading გია ეძგვერაძე – მხიარული თამაშები ანუ ხელოვნური სამოთხის კატასტროფა