Tag Archives: პროფკავშირები

მუშათა მოძრაობა მუშების გარეშე

კვირა არ გავა ისე, რომ არ გავრცელდეს მედიაში ცნობა საქართველოში სამშენებლო ობიექტზე დაღუპული მუშის შესახებ. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ათასზე მეტი მუშა დაიღუპა ან დასახიჩრდა სამშენებლო ობიექტებზე, მათ შორის შახტებში, ტყიბულსა და ჭიათურაში.  წინამდებარე ტექსტი არის ანარქისტული ბიბლიოთეკის კოლექტივის მიერ Facebook გვერდზე გამოქვეყნებული ორი წერილის კრებული, რომლის პირველი ნაწილი ეხებოდა საზოგადოების ერთი ნაწილის რეაქციის კრიტიკას, მათ მოთხოვნებს,  ხოლო მეორე ნაწილი, გამოქვეყნდა დისკუსიისა და სამწუხაროდ დრამატული სტატისტიკის ზრდის შემდეგ. 

I

დღეისათვის, ლიბერალებისა და ბევრი სოციალისტისთვის, მიმზიდველი თემაა მუშების უფლებების, უფრო სწორედ, შრომის უსაფრთხო პირობების დაცვა. მაგრამ გაოცებას იწვევს საპროტესტო მოძრაობა მუშათა უფლებების დაცვის ლოზუნგით, რომელშიც არ მონაწილეობენ მუშები და რომელიც ბრძოლის ერთადერთ იარაღად მიიჩნევს დავის გადაწყვეტის სახელწიფოსთვის მინდობას. რაც საერთო ჯამში საზიანოც კი არი ჩანასახის ეტაპზე მყოფი სოციალური მოძრაობისათვის.

იმის ნაცვლად, რომ მოძრაობის წევრებმა მოახდინონ მუშების გაერთიანება, შეუწყონ ხელი მათ ერთიან გამოსვლას, შექმნან სარეზერვო ფონდი, რომელიც მუშებს საშუალებას მისცემს გამართონ ხანგრძლივი გაფიცვა და აიძულოს „დამსაქმებელი“ რეალურ დათმობაზე წავიდეს, ისინი მართავენ აქციას ძირითადად სტუდენტებზე დაყრდნობით, რომელთა ეკონომიკური ინტერესები რეალურად ამ შემთხვევაში არ იბღალება, მაგრამ ისინი მოქმედებენ მუშათა სახელით, მცირერიცხოვანი განათლებული ელიტა, რომელიც მფარველობს გაუთვითცნობიერებელ მუშებს. ნაცვლად იმისა, რომ შეუწყონ ხელი მუშებში კლასობრივი იდენტობის გაღვივებას და საკუთარი ინტერესების დამოუკიდებლად გამოტანას საზოგადოებრივი ცხოვრების დღის წესრიგში. მაგრამ ასეთ შემთხვევაში გაქრება საჭიროება შუამავლისა მუშებსა და „დამსაქმებლებს“ შორის. რომლის ნიშის დაკავებისთვის რამდენიმე ჯგუფიც კი იბრძვის, მათ შორის პოლიტიკური პარტიები. პროტესტულ მოძრაობას აქვს მომავალი და დადებითი მუხტი მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის იწყება ქვემოდან, თუ მუშის უფლებების დაცვას პირველ რიგში მუშები ღებულობენ თავზე. სტუდენტებს, რათქმაუნდა აქვთ უფლება შეუერთდნენ მათ პროტესტს და სოლიდარობა გამოუცხადონ, მაგრამ მათ არ აქვთ უფლება მიითვისონ სხვისი უფლებების დამცველობა. სოციალური კლასის ბედი არ უნდა იყოს მიბარებული მცირერიცხოვან ჯგუფზე, რამდენადაც გულწრფელი არ უნდა იყოს ეს უკანასკნელი. მსგავსი სისტემა ჩვენთვის კარგადაა ნაცნობი, იგივე მუშები ყოველ ოთხ წელიწადში ერთხელ ხმის მიცემის საშუალებით მათთვის უცნობი პირებიდან, ირჩევენ ყველაზე სანდო გარეგნობის კანდიდატს, რომელიც წარადგენს მათ სახელმწიფოს წინაშე. რითი განსხვავდება ეს პროტესტი ამ სისტემიდან? მხოლოდ ფორმატით. მუშა ორივე შემთხვევაში თამაშს გარეთაა ხოლო მისი ხმით სხვა ლაპარაკობს. Continue reading მუშათა მოძრაობა მუშების გარეშე

ათი დოგმა შრომის შესახებ

CNT -ს საინტერესო მიმოხილვა, თანამედროვე შრომის სფეროში მიმდინარე პროცესების შესახებ, გამოქვეყნდა 2000 წელს. CNT (Confederacion National del Trabajo / ესპანეთის შრომის ეროვნული კონფედერაცია) არის ანარქო-სინდიკალისტური პროფკავშირების გაერთიანება. CNT – ასევე დაკავშირებულია მშრომელთა საერთაშორისო ასოციაციასთანაც (AIT- International Workers’ Association) და მათ შემდეგნაირად მოიხსენიებენ – CNT-AIT.

ათი დოგმა შრომის შესახებ

რატომ ხდება, რომ მიუხედავად დასაქმების სფეროში არსებული მზარდი უსამართლობისა და არასტაბილურობისა, მშრომელების სოციალური წინააღმდეგობა არ იზრდება? პირიქით, გავრცელებულია კონფორმიზმი და მორჩილება. მთავარი მიზეზი უნდა ვეძებოთ არსებულ სისტემაში, რომელიც დაინტერესებულია თავს მოგვახვიოს, მთელი რიგი უპირობო დოგმებისა, რაც პასიურობას განაპირობებს.

ნებისმიერ რელიგიაში დაწესებულ დოგმას აუცილებელი არ არის რაიმე მტკიცებულება გააჩნდეს. იგი თავს მოხვეულია ავტორიტეტის ძალით, მისი სწამთ ყოველგვარი დისკუსიის გარეშე. დოგმის უარყოფა ნიშნავს იქცე ერეტიკოსად, მარგინალად ან ადამიანად რომელსაც აიძულებენ გაჩუმდეს. ნეოლიბერალურ კაპიტალისტურ სისტემას, ზუსტად ასევე გააჩნია დოგმები. მათი ძალა იმაში მდგომარეობს, რომ თვითონ მშრომელები იზიარებენ. სიმართლის თქმა ნიშნავს, ფარდა აეხადოს ამ დოგმების სიცრუეს, რაც სისტემის აქილევსის ქუსლის მიგნების ტოლფასია. გთავაზობთ, რამდენიმე მათგანს: Continue reading ათი დოგმა შრომის შესახებ

კლასობრივი ბრძოლა დასავლეთ ვირჯინიის მაღაროებში

მაღაროელები იღებენ იარაღს

მოკლე ისტორიული ანგარიში ძალადობრივი კონფლიქტისა მუშებსა და დასავლეთ ვირჯინიის მაღაროების მფლობელებს შორის IXX საუკუნის მიწურულსა და XX საუკუნის დასაწყისში, სადაც მუშებს უწევდათ ბრძოლა კერძო პოლიციასთან. პ.ს. ამ ისტორიულ ფაქტებზე გადაღებულია მხატვრული ფილმი Matewan (1987) რეჟისორი და სცენარისტი John Sayles.

1883 წლის 12 მარტს პოკაჰონტასიდან (თეიზველის ოლქი, ვირჯინია) ნორფოლკის და დასავლეთის რკინიგზის მიმართულებით გაგზავნეს ქვანახშირით დატვირთული პირველი ვაგონი. ამ ახალმა რკინიგზამ ხელმისაწვდომი გახადა დასავლეთ ვირჯინიის ხელშეუხებელი ქვანახშირის საბადოები და დააჩქარა მოსახლეობის ზრდის ტემპი ამ ტერიტორიაზე. რეგიონის აგრიკულტურული ეკონომიკა გადაიქცა ინდუსტრიულად და პრაქტიკულად ერთ ღამეში აშენდა ორი ახალი ქალაქი. მაღალმა ხელფასებმა და იაფფასიანმა საცხოვრებელმა დასავლეთ ვირჯინიაში მიიზიდა ათასობით ევროპელი იმიგრანტი. მათთან ერთად, აფრო-ამერიკელების დიდი რაოდენობა გადმოვიდა აქ სამხრეთი შტატებიდან. მაკდოველის ოლქის შავკანიანთა მოსახლეობა 1880-1910 წლებში 0.1 პროცენტიდან 30.7 პროცენტამდე გაიზარდა.

დასავლეთ ვირჯინიის ახალ მკვიდრთა უმეტესობა მალევე იქცა ქვანახშირის ინდუსტრიის მიერ კონტროლირებადი ეკონომიკური სისტემის ნაწილად. მაღაროელები მუშაობდნენ კომპანიის მაღაროებში, კომპანიის ინსტრუმენტებითა და აღჭურვილობით, რომლებსაც კომპანია იჯარით აძლევდა მუშებს. კომპანიის სახლების ქირა და კომპანიის მაღაზიაში ნაყიდი საქონის ფასი იქვითებოდა მაღაროელების ხელფასს. მაღაზიები, თავის მხრივ, თავის საქონელს ადებდნენ ძალიან დიდ ფასებს, რადგან საქონლის ყიდვის სხვა ალტერნატივა არ არსებობდა. ქვანახშირის კომპანიებმა, რათა დარწმუნებულნი ყოფილიყვნენ, რომ მაღაროელები მთელ ხელფასს მათ მაღაზიებში დახარჯავდნენ, შემოიღეს საკუთარი მონეტარული სისტემა. მაღაროელებს უხდიდნენ ტალონებით, რომლების გამოყენება შესაძლებელი იყო მხოლოდ კომპანიის მაღაზიებში. მაშინაც კი, თუ ხელფასი მოიმატებდა, ქვანახშირის კომპანიები უბრალოდ ზრდიდნენ ფასებს საკუთარ მაღაზიებში და ამით ინაზღაურებდნენ დანაკარგს. Continue reading კლასობრივი ბრძოლა დასავლეთ ვირჯინიის მაღაროებში

მუშათა ძალა და ესპანეთის რევოლუცია

547398_10150758746726023_1766635136_n

ტომ უეტზელის (Tom Wetzel) ისტორიული სტატია და ანალიზი  ესპანეთის სამოქალაქო ომსა და რევოლუციაზე, აგრეთვე, მასში ანარქისტების განსაკუთრებულ როლზე.

PDF ვერსია mushata-dzala-da-espanetis-revolucia  (383.9 KB)

მუშათა ძალა და ესპანეთის რევოლუცია

1936 წლის ესპანეთის ეროვნულ არჩევნებში, მემარჯვენე მთავრობა დაამარცხა ლიბერალებისა და სოციალისტებისგან შემდგარმა კოალიციამ. მუშებმა ისარგებლეს ამ გარემოებით და ესპანეთს თავს დაატეხეს ქვეყნის ისტორიაში გაფიცვათა ყველაზე დიდი ტალღა. იგულისხმება როგორც ათობით ქალაქს მოდებული საჯარო გაფიცვა, ასევე ასობით გაფიცვა ცალკეულ საწარმოებში.

არჩევნებიდან ერთი თვის შემდეგ, «მიწათმოქმედთა ფედერაციამ» 80 000 უსახლკარო მშრომელის თაოსნობით ხელში ჩაიგდო „ესპანურ ციმბირში“ – რეგიონ ესტემადურაში მდებარე სამი ათასი ფერმა1. მთელი ესპანეთი მოცული იყო ცხარე დებატებით ქვეყნის მომავლის შესახებ, მემარცხენე და მერარჯვენე აქტივისტების პერიოდული მკვლელობები კი უფრო და უფრო აჩქარებდა ქვეყნის პოლიტიკური პოლარიზაციის პროცესს. მემარჯვენე პოლიტიკოსები უკვე დიდი ხნის განმავლობაში მოითხოვდნენ სახელმწიფო ხელიუფლების ძალადობრივ აღებას ესპანური ჯარის მიერ. 1936 წლის 19 ივლისს ესპანეთის არმიამ დაიწყო სახელმწიფო გადატრიალება.

პირველად ესპანეთის ისტორიაში, ჩვეულებრივი მოქალაქეები წინ აღუდგნენ ჯარს. სამხედრო აჯანყება დამარცხდა ესპანეთის ორ მესამედ ნაწილში. პროფკავშირები დაეუფლნენ კაპიტალისტების ქონების უმეტეს ნაწილს, რის შედეგადაც ესპანეთის ეკონომიკის უდიდესი ნაწილი მუშათა კონტროლის ქვეშ მოექცა. პროფკავშირებმა შექმნეს საკუთარი რევოლუციური მშრომელთა არმია, ესპანეთის სამხედრო ძალებთან საბრძოლველად. ესპანური სამხედროების მცდელობას გაენადგურებინათ მშრომელთა მოძრაობა, შედეგად მოჰყვა მუშათა კლასის რევოლუცია, რომელსაც ესპანური ელიტები დიდი ხანი უფრთხოდნენ. კლასობრივი ბრძოლა, სამოქალაქო ომად გარდაიქმნა.

ამ დრამის მთავარი გმირები იყვნენ ქვეყნის უდიდესი შრომითი ფედერაციები. შრომის ნაციონალურ კონფედერაციაში (Confederación Nacional del Trabajo — CNT) 1936 წლის დამდეგს 1.6 მილიონი ადამიანი იყო გაწევრიანებული (სახელმწიფოს მონაცემების თანახმად). CNT წარმოადგენდა ანარქისტების მიერ შრომის სამოცდაათწლიანი ორგანიზაციის პროდუქტს. 1919 წლიდან მოყოლებული, CNT-ს საყრდენს წარმოადგენდა მრავალი sindicato unico (“საერთო პროფკავშირი”) – ადგილობრივი ავტონომიური პროფკავშირი. 1936 წლის დასაწყისში, ბარსელონაში, CNT-ს სამშენებლო და მეტალურგიული sindicato unico-ებს სათითაოდ 30 000 წევრი ჰყავდათ.

ყოველი sindicato unico იყოფოდა „სექციებად“, რომლებიც საბჭოზე ირჩევდნენ საკუთარ წარმომადგენლებს (delegados). ისეთ მსხვილ ინდუსტრიებში, როგორებიცაა მეტალურგია ან ტექსტილის მრეწველობა, თითო ფირმა ან საწარმო წარმოადგენდა ცალკეულ „სექციას“. მშენებლობაში თითო სექცია შეესაბამებოდა გარკვეული სახის საქმიანობას. ერთი ქალაქის ან რეგიონის (comarca) ყველა ავტონომიური პროფკავშირი ერთიანდებოდა ადგილოგრივ შრომით ფედერაციაში (federación local).

პროფკავშირები ანარქისტული მოძრაობის ინსტიტუტების მხოლოდ ნაწილს წარმოადგენდნენ. ესპანელ ლიბერტარულ მემარცხენეებს მოწყობილი ჰქონდათ მრავალი ალტერნატიული სკოლა და საზოგადოებრივი ცენტრი (ateneos). Ateneos-ებში იმართებოდა დებატები და სხვადასხვა კულტურული ღონისძიებები, ისწავლებოდა წერა-კითხვა (30-იან წლებში მოსახლეობის 30-50 პროცენმა წერა-კითხვა არ იცოდა) და ა.შ. ესპანური ანარქიზმისთვის მთავარი დამახასიათებელი ნიშანი იყო ჩვეულებრივი ხალხის ჩართვა საზოგადო საკითხების გადაჭრაში, რაც მათ ამზადებდა საზოგადოებრივი ტრანსფორმაციისთვის ბრძოლაში მუდმივი მონაწილეობის მისაღებად.

CNT-ს ლიბერტარული სინდიკალიზმის პოლიტიკა ატარებდა “პრეფიგურატიულ” სახეს. CNT-ს მებრძოლეები თვლიდნენ, რომ საბჭოებისა და მათი წარმომადგენლების მეშვეობით პროფკავშირის მართვაში მონაწილეობის მიღება წარმოადგენდა ორგანიზების ისეთ ფორმას, რომელიც თავის თავში ატარებდა ახალი საზოგადოების ჩანასახს, რომელშიც მთელ წარმოებას განაგებენ მუშები და საზოგადოების მართვა მონაწილეობითი დემოკრატიის პრინციპებზეა დამყარებული.

ხმელთაშუა ზღვის სანაპიროს გასწვრივ გადაჭიმული ტერიტორია, ქალაქ მურსიიდან კატალონიამდე და არაგონამდე, მეტ-ნაკლებად შეესაბამება არაგონის და კატალონიის სამეფოებს, რომლებიც მე-15 საუკუნეში შეუერთდნენ კასტილიას, თანამედროვე ესპანური სახელმწიფოს შექმნის მიზნით. 1930-იანებში ეს რეგიონი წარმოადგენდა CNT-ს მთავარ დასაყრდენს. არაგონსა და მურსიაში პროფკავშირების წევრების 80 პროცენტი მიეკუთვნებოდა CNT-ს. ვალენციაში-70 პროცენტი. კატალონიის ინდუსტრიულ ნაწილებში 900 000 მშრომელის 60 პროცენტი იყო CNT-ს წევრი.

ესპანეთის მეორე ძირითადი შრომითი ორგანიზაცია იყო მუშათა გენერალური კავშირი (Union General de Trabajadores — UGT) რომელსაც 1936 წლის დასაწყისში ჰყავდა 1.4 მილიონი წევრი. UGT მხარს უჭერდა ესპანეთის სოციალისტურ მუშათა პარტიას (Partido Socialista Obrero Español — PSOE), თუმცა კომუნისტური პარტიაც სარგებლობდა გარკვეული პოპულარობით. ესპანეთის ცენტრალურ რეგიონებში, მათ შორის მადრიდსა და ქვანახშირის საბადოებით მდიდარ ასტურიის ჩრდილოეთ სანაპიროზე პროფკავშირთა უმეტესობა ეკუთვნოდა UGT-ს. UGT-ს მიწის მუშათა ფედერაცია (Federación Nacional de Trabajadores de la Tierra — FNTT) 1936 წლის გაზაფხულში ნახევარი მილიონი წევრისაგან შედგებოდა. FNTT-მ წამოაყენა მოთხოვნა აგრარული რეფორმის შესახებ და მალევე გადაიზარდა ესპანური სოფლების მასობრივ რევოლუციურ მოძრაობაში. Continue reading მუშათა ძალა და ესპანეთის რევოლუცია