თანამედროვე ცხოვრების წესის წინააღმდეგ

დღესდღეობით, სრულიად ჯანსაღად ითვლება სწრაფვა – თავიდან მოვიშოროთ და შევცვალოთ ჩვენი ჩვეული ცხოვრების წესი. არ აქვს მნიშვნელობა, თუ რა გვსურს: სხვისი ცხოვრების წესის მიბაძვა, თუ სრულიად ახალი სტილის შემოღება. კომერციალიზებული კაცობრიობა მარცხდება, როდესაც ის პასიურად ეგუება არსებულ წესრიგს, რაც კონფილქტში მოდის ყოვლისმომცველ უკმაყოფილებასთან.
ტექსტი ჩილედან. ავტორი: გაზეთი ‘Anarquía y comunismo’. გამოსცა El Radical Libre-მესპანურ ენაზე. ინგლისურად თარგმნა ediciones inéditos-მა.

ყოველდღიური აქტივობა, რომლისგანაც შედგება ჩვენი თანამედროვე ცხოვრება, შეიძლება შეჯამდეს, როგორც ჩვენს სახლებს, სამეწრამეო ცენტრებსა და სამომხმარებლო ცენტრებს შორის მიმოსვლა. ეს ადგილები, რომლებშიც მოძრაობს თანამედროვე პროლეტარიატი, კარგად განასახიერებს ჩვენი ცხოვრების კომპარტმენტალიზაციას: ჩვენი სახლები თანდათან იქცა ხალხით გადავსებულ კუბებად, დასვენებისთვის განკუთვნილ ციხეებად. როდესაც ადამიანი მუშაობს არა საკუთარი მოთხოვნილებების, არამედ სასაქონლო წარმოების აპარატის საჭიროებების დასაკმაყოფილებლად; სამუშაო კი გაჭირვებით თუ უზრუნველყოფს მის საყოფაცხოვრებო მინიმუმს, რომელიც, ასევე, კომოდიფიცირებულია; ამ ადამიანის თავისუფალი დრო, რომელიც შესაძლებელია მიუძღვნას საკუთარ თავს ან სხვა ადამიანებს, რომლებისგანაც მუდმივად გვანცალკევებენ კაპიტალიზმის მიერ წარმოებული ვალდებულებებისა და საჭიროებების გამო, უმეტესად იხარჯება ეკრანის წინ, ან სხვა საქონლის მოხმარებაში. ეს ხდება იმავე აუტანელი წნეხის ქვეშ, როგორც ყველა დანარჩენი სოციალური მოვალეობა. ჩვენ ვალდებულნი ვართ, გავართოთ საკუთარი თავი, ისევე, როგორც ვართ ვალდებულნი, ვაწარმოოთ, შეზღუდული დროისა და ენერგიის იმავე პირობებში. ასევე, არ დაგავიწყდეთ ის დრო, რომელიც იხარჯება სხვადასხვა ადგილებს შორის მიმოსვლაში კაპიტალის მიერ წარმოებული, დაქირავებული მონების გადაადგილებისთვის განკუთვნილი მანქანებით. საზოგადო ტრანსპორტი ხალხითაა გადაჭედილი, თუმცა ეს ხალხი, ფიზიკური სიახლოვის მიუხედავად, იზოლირებულია ერთმანეთისგან. გარემო, რომელიც აიძულებს ადამიანებს გადავსებულ სივრცეში ყოფნას, ამავდროულად ხელს უწყობს მათ გაუცხოებას.  ყველაფერი ეს გამოწვეულია ერთი ფაქტით: ადამიანი დაყვანილია სამუშაო ძალის უბრალო მატარებლამდე. ჩვენი ცხოვრების მართვის შეუძლებლობა, ასევე, გამოიხატება ემოციურ სიღარიბეშიც: აპათიასა და ჩვენს ახლოს მყოფ ადამიანებთან კომუნიკაციის შეუძლებლობაში; სამუშაო ადგილზე, სადაც ყველა კოლეგა პოტენციური ჩამშვებია, გამეფებულ მეტოქეობასა და უნდობლობაში; ნევროზსა და მიჯაჭვულებაში, რომლებიც თან სდევენ ჩვენს რომანტიულ ურთიერთობებს; იზოლაციის დარღვევის უშედეგო მცდელობების უსასრულო რიგსა და ჭეშმარიტი ამხანაგობისა და გულღია კომუნიკაციის იაფ ჩამანაცვლებლებში. ის, რაც აერთიანებს თანამედროვე მონებს, მათი გაუცხოებაა, რომელიც მათში იწვევს ისეთ ემოციებს, რომლებიც კიდევ უფრო ამწვავებენ ამ გაუცხოებას.

ჩვენს ეპოქაში მოწყენილობა, მობეზრება და მოქანქცულობის მუდმივი გრძნობა საკმაოდ ფართოდ გავრცელებული სიმპტომებია მშვიდობისა და კომფორტის კაპიტალისტურ ზონებში. დანარჩენ მსოფლიოს კი უწევს ექსპლუატაციის, შიმშილისა და ომის საშინელ პირობებში ცხოვრება.
ამ უაზრობის განზოგადებული ხასიათის მიუხედავად,მაინც შესაძლებელია ამ საყოველთაო უკმაყოფილების შესახებ კერძო ანგარიშების მოსმენა: როდესაც ადამიანი უჩივის მოწყენილობას, რომელსაც ყოველდღე გრძნობს სამსახურში; როდესაც ვინმე გეკითხება, თუ როგორ გაატარე კვირა; როდესაც ადამიანი იხსენებს საკუთარ ახალგაზრდობას, რომელმაც ასე ჩქარა ჩაიქროლა და რომლისგანაც მეხსიერებაში შემორჩა მხოლოდ რამდენიმე მომენტი „ნამდვილი“ ცხოვრებისა. პრობლემა ისაა, რომ, როდესაც ხალხი ხედავს საკუთარ, ან სხვების უბედურებას, ისინი, დომინანტური იდეოლოგიის – წარმატებისა და კომფორტის ლოგიკას მიჯაჭვულნი, ხშირად ამას აბრალებენ რაიმე პირად შეცდომასა ან უბედურ შემთხვევას, ან როგორც ადამიანად ყოფნის გარდაუვალ შედეგს.

მაგრამ არსებობს ისეთი ხალხიც, ვინც არ ფიქრობს, რომ ჩვენი ტანჯვის მიზეზი წინასწარ განსაზღვრული ბედისწერაა. ჩვენ ვიცით, რომ ის, რასაც ეს საზოგდოება გვთავაზობს (წარმატება, ბედნიერება, „სიყვარული“ და ა.შ.) შეიცავს იმავე ეგზისტენციალურ უბედურებას. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ჩვენი ყველა უბედურების მთავარი მიზეზები შემდეგია: სამუშაოს, ფულის, ბაზრის, კლასობრივი საზოგადოების, სახელმწიფოსა და ა.შ. არსებობა. ვასკვნით, რომ ჩვენი ცხოვრების სიცარიელე პირდაპირი შედეგია იმ ეგზისტენციალური პირობებისა, რომლებიც ხელს გვიშლის იმაში, რომ საკუთარი ცხოვრება ჩვენვე ვმართოთ. ამიტომაც, თუ გვსურს საკუთარი ცხოვრების ხელში ჩაგდება და ჩვენი უბედურების დასრულება, აუცილებელია არსებული წესრიგის ტოტალობის შემადგენელი მატერიალური ბაზისის განადგურება.

აქ ფუნდამენტურად მნიშვნელოვანი ხდება ჩვენი აღქმა, როგორც არსებული წესრიგისა, ასევე რევოლუციისა, რომელიც ამ ყველაფერს დაასრულებს: მებრძოლთა წინა თაობებს უმტყუნა იმან, რომ ისინი არ უყურებდნენ კაპიტალს, როგორც ამ ყველაფრის ბირთვს და ისწრაფვოდნენ კაპიტალის მენეჯმენტის რევოლუციონიზირებისკენ. ჩვენ ვერ უარვყოფთ მათი განზრახვების კეთილშობილებას, მაგრამ მიგვაჩნია, რომ კაპიტალის და მისი დაძლევის შესახებ მათი გაგება ძალიან ვიწრო და ზედაპირულია. მათი რევოლუციური თეორიები ცოტათი თუ ეხება კაპიტალისტური ცივილიზაციის ფუნდამენტს.

ორგანიზებისას, ჩვენ არ ვისახავთ მიზნად ნიშების შექმნას, რომლებშიც დავემალებით საკუთარ უბედურებას. ჩვენ ვმოქმედებთ, რადგან ვიცით, რომ მხოლოდ ორი არჩევანი გვაქს: ორგანიზაცია კაცობრიობის განვითარების ამ გაურკვეველი ეტაპის დასაძლევად, ან უმოქმედობა, რომელსაც მოჰყვება ამ ეპოქისთვის დამახასიათებელი ყველა უბედურება. ჩვენი აზრით, რადგან კაპიტალიზმში გაბატონებულია გაუცხოება, რომელიც იწვევს ჩვენი ცხოვრების კომპარტმენტალიზაციას, მაშინ კომუნიზმმა და ანარქიზმმა უნდა დაძლიონ ყოველგვარი გაუცხოება და დაგვიბრუნონ ჩვენი საკუთარი ცხოვრების მართვის შესაძლებლობა. მათ უნდა უზრუნველყონ ჩვენი, როგორც ინდივიდების, სრული რეალიზაცია კოლექტივში.

კომუნიზაცია ან ტანჯვა!

შენიშვნა:

რაც შეეხება ულტრა-მემარცხენეებს, იდეა, რომ პროლეტარიატს კლასობრივი თვითშეგნება, რომლის გარეშეც იგი ვერაფერს გაიგებს, „ზემოდან“ უნდა მოვახვიოთ, უსჯის მას მომენტალურობას, ერთჯერადობას, რომელიც შეიძლება ესწრაფვოდეს მხოლოდ არსებულის გამოსწორებას, თუნდაც მისი ყველაზე დამანგრეველი გამოვლინებით. იგივე რამ, უბრალოდ ოდანავ სახეშეცვლილი, გვხვდება ანარქიზმის ზოგ მიმდინარეობაშიც, რომლებიც ითხოვენ თვითმართველობას, მაგრამ ივიწყებენ, რომ კაპიტალიზმი არ არის მხოლოდ ისინი, ვინც მას ანსახიერებს (უფროსები, ბურჟუაზია), არამედ იგი არის საზოგადოებრივი ურთიერთობების წყება, რომლის აღმოფხვრა შეუძლებელია მხოლოდ და მხოლოდ უფროსების თავიდან მოშორებითა და სისტემის ხელუხლებლად, მისი თვითმართველობაზე გადაყვანით. ანარქიზმის დანარჩენი მიმდინარეობები უფრო მეტად არიან ახლოს პრობლემის საფუძვლის გაცნობიერებასთან. ისინი აკრიტიკებენ მთელს კაპიტალისტურ ცივილიზაციას, თუმცა ბოლომდე მაინც ვერ აღწევენ თავს მასში შობილ იდეებსა და პრაქტიკას. იდეამ, რომლის მიხედვითაც, ერთადერთი, რისი გაკეთებაც შეგვიძლია, მთელი სუძულვილისა და ბრაზის, რომელიც ჩვენში დღითი დღე მატულობს, კაპიტალიზმის წინააღმდეგ ამონთხევაა, წარმოქმნა გარკვეული ნიჰილიზმი, რომელიც თავის მხრივ ამართლებს აზრს, რომ კაპიტალიზმი ერთადერთი შესაძლებელი მომავალია კაცობრიობისთვის.

დამატება: ჩვენ შევეკითხეთ ‘Anarquía y comunismo’-ს მათ მიერ ტერმინ „ულტრა-მემარცხენეს“ გამოყენების შესახებ და მივიღეთ საკმაოდ უცნაური პასუხი, რომელიც გვიჩვენებს, რომ სამხრეთ ამერიკაში ამ ტერმინს სულ სხვა დატვირთვა ჰქონია:
ტერმინი „ულტრა-მემარცხენე“ საკმაოდ ორაზროვანია. ჩილესა და, ალბათ, დანარჩენ სამხრეთ ამერიკაში ეს ტერმინი გამოიყენება არსებული „ლენინიზმების“ სხვადასხვა ვარიაციებს, ანუ ფსევდო-რადიკალური სოციალ-დემოკრატების აღსანიშნავად. ხშირ შემთხვევაში ამ ტერმინს უარყოფით კონტექსტში იყენებენ ცენტრისტები. თუმცა არსებობენ ჯგუფები, რომლებიც საკუთარ თავს ახასიათებენ ამ ტერმინით. ესენი არიან ტროცკისტები, მაოისტები, გევარისტები და ზოგი მემარცხენე ლიბერტარიანელიც კი. თუმცა, ‘Anarquía y comunismo’-ს რედაქციას ესმის, რომ „ულტრა-მემარცხენე“ მოიცავს ევროპულ კომუნისტურ მოძრაობებს, რომლებმაც უარი თქვეს სოციალ-დემოკრატიაზე და რომლებიც გააკრიტიკა ლენინმა საკუთარ ნაშრომში “მემარცხენეობის ინფანტილური დაავადება კომუნისტურ მოძრაობაში“. ამ მოძრაობებში შედიან გერმანელი და დანიელი კომუნალისტები და იტალიელი ლიბერტარიანელი კომუნისტები. გაზეთი ‘Anarquía y comunismo’ ხშირად წერს ამ მიმდინარეობების შესახებ. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ამ მოძრაობების შესწავლას შეუძლია, მოგვცეს მყარი არგუმენტები ვანგარდიზმის წინააღმდეგ.

წყარო: ავტონომიური კოლექტივი (საქართველო)

Facebook Comments