ტოდ მეი – ანარქიზმი ფუკოდან რანსიერამდე

 

A4_OnlineExclusiveAnarchyEvent_DanielSmith

როგორც წესი, არავინ თვლის, რომ ანარქიზმსა და თანამედროვე ფრანგულ ფილოსოფიას შორის რაიმე სახის ბუნებრივი მსგავსებაა. ფრანგული ფილოსოფიის წამყვანი მოაზროვნეებიდან, რომლებიც პოლიტიკურ საკითხებს შეეხნენ – დერიდა, დელიოზი, ფუკო, ბადიუ, რანსიერი – არც ერთს გამოუხატავს ღიად სიმპათიები ანარქიზმისადმი. ამ მოაზროვნეებსა და მარქსისტულ ტრადიციას შორის დიალოგს ყოველთვის ჰქონდა ადგილი. ხშირად დიალოგები მოიცავდა მარქისტული იდეების სხვადასხვაგვარ ინტერპრეტაციებსა თუ მოდიფიკაციებს. თუმცა მარქსის და მათი ნააზრევის დასაკავშირებლად გამოყენებული “დამახინჯებების” გათვალისწინებით, ჩნდება კითხვა, რატომ არ ქმნიან ახალ მიმდინარეობას, რომელიც მათი იდეებით იქნება ხორცშესხმული.

ეს ეხება ფუკოსა და რანსიერის ნააზრევების ანარქისტული პერსპექტივიდან შეფასებას. არგუმენტი არის ის, რომ ორივე მოაზროვნე, განსაკუთრებით კომბინაციაში, გვთავაზობს მნიშვნელოვან ხედვას, რომელიც გამომდინარეობს ანარქისტული ტრადიციიდან და აგრძელებს მას. რათქმაუნდა, ისინი ამ გამომდინარეობას პირდაპირ არ განიხილავენ. მაგრამ ვისაც წაუკითხავს ანარქიზმზე ან მის რაიმე სახით პრაქტიკაში გატარების მცდელობაში მიუღია მონაწილეობა, მათი ესეების წაკითხვისას თავს სახლში იგრძნობს – მიუხედავად იმისა, რომ ავეჯი ცოტათი გადაადგილებული დახვდება.

დავიწყოთ მარტივად. ერთ-ერთი გზა მარქსიზმსა და ანარქიზმს შორის განსხვავების აღსანიშნავად, ორი ტერმინის – ექპლოატაციისა და დომინაციის – შედარებაა. ექპლოატაცია მარქსისტული ტერმინია, და მიუხედავად იმისა, რომ ეკონომიკურია, ასევე პოლიტიკური დატვირთვაც აქვს. (თავის დროზე მარქსი წერდა, რომ ეკონომიკასა და პოლიტიკას შორის არ არსებობდა რაიმე გამყოფი; იყო მხოლოდ პოლიტიკური ეკონომიკა). ექსპლოატაცია ნიშნავს მშრომელისგან ჭარბი ღირებულების ამოღებას. უფრო ზუსტად, რადგან პროდუქტის ფასი განისაზღვრება იმის მიხედვით თუ რა შრომა ჩაიდო მის წარმოებაში, და რადგანაც მშრომელი არ იღებს ამ პროდუქტის მთელ ღირებულებას, რჩება თანხა, რომელიც კაპიტალისტების მიერ ხდება აკუმულირებული. ამ თანხას ეწოდება ჭარბი ღირებულება. კაპიტალისტური სისტემის დასრულების გარეშე არ დასრულდება ჭარბი ღირებულების მითვისება, ანუ ექსპლოატაცია.

დომინაცია არის ანარქისტების “ექვივალენტი” ექსპლოატაციისა, ის მხოლოდ განსხვავებული ტერმინი არაა. ის განსხვავებული ტიპის ტერმინია. ბევრი ადამიანი, ვისაც მხოლოდ ზედაპირული შეხება ჰქონია ანარქიზმთან, ამ სიტყვას მხოლოდ სახელმწიფოს კრიტიკასთან აკავშირებს, რაც საკმაოდ მოქნილი ტერმინის არასწორი გაგებაა. ჩვენ შეგვიძლია განვსაზღვროთ დომინაცია, როგორც უფრო ფართოდ მოქმედ მჩაგვრელ ძალთა ურთიერთქმედება. რადგან ზოგიერთი ძალაუფლებასა და ჩაგვრას ურთიერთმომცველად თვლის, შესაძლებელია ცდუნებამ გვძლიოს და დომინაცია ძალაუფლების ურთიერთობებზე მიმთითებლად განვმარტოდ. თუმცა, ასე არ გამოვა. როცა ფუკოს მივუბრუნდებით, ვნახავთ, რომ ძალაუფლების არსებობა, თავისთავად ჩაგვრის გარანტი არაა.

თუ პირველ განმარტებას ავიღებთ, ჩანს თუ რატომ აქვს ამ სიტყვას ექპლოატაციისგან განსხვავებული ტიპის კონცეპტი. პირველ რიგში, ექპლოატაცია ფუნდამენტურად ეკონომიკური ტერმინია, დომინაცია – პოლიტიკური. ის ეხება ძალაუფლებათა ურთიერთქმედებებს. მეორე და ჩვენთვის უფრო მნიშვნელოვანი მიზეზი – დომინაცია ბევრად უფრო ელასტიური კონცეპტია ვიდრე ექპლოატაცია და შეიძლება მოერგოს სხვადასხვა სოციალურ არენებს. არსებობს ეკონომიკური დომინაცია, რათქმაუნდა, მაგრამ ასევე არსებობს რასობრივი, გენდერული, სქესობრივი, საგანმანათლებლო, ოჯახური დომინაციები და სხვა. დომინაცია, ექპლოატაციისგან განსხვავებით, შეიძლება არსებობდეს სოციალური ურთიერთობების ნებისმიერ სფეროში, როცა ექსპლოატაცია, მიუხედავად მისი ზემოქმედებისა მთელ სოციალურ სპექტრზე, მხოლოდ ერთ კონკრეტულ სოციალურ სივრცეში – სამუშაო სივრცეში არსებობს.

ნება მომეცით განვაცხადო, რომ თუ ადამიანური ურთიერთობების ფუნდამენტური პრობლემა მდგომარეობს ექპლოატაციაში, მაშინ ამ პრობლემის გადაჭრის გზა ეკონომიკურ სფეროზე ორიენტირებულ ინტერვენციაზე გადის. ბოლოს და ბოლოს, თუ ყველა ჩაგვრა ეკონომიკური ჩაგვრაა, აზრიანი იქნება დავასკვნათ, რომ მისთვის წინააღმდეგობის გასაწევად აუცილებელნი არიან ეკონომიკის ექსპერტები. ეს სპეციალურ სტატუსს აძლევს ამ სფეროში ჩახედულ ადამიანებს. ვიღაცამ, ამაში შეიძლება დაინახოს იდეა ავანგარდული პარტიის, ექსპერტების პარტიისა, რომელსაც წამყვანი როლი უკავია ნებისმიერ პოლიტიკურ ბრძოლაში და რომლის ანალიზები და ინტერვენცია წინ უძღვის პოლიტიკურ წინააღმდეგობას. ალტერნატიულად, თუ ადამიანური ურთიერთობების ფუნდამენტური პრობლემა დომინაციაა, მაშინ ვერ იარსებებს ავანგარდული პარტია, რადგან პოლიტიკური ბრძოლის საჭიროება იქნება ძალიან ბევრ ფლანგზე. შეიძლება იარსებონ ექსპერტებმა ამა თუ იმ დომინაციის ფორმებში, მაგრამ ვერ იარსებებენ თავად დომინაცის ექსპერტები. მარქსისტული ავანგარდიზმის ანარქისტული წინააღმდეგობა ორივე მათგანის ფუნდამენტურ კონცეპტებშია ჩადებული.

ახლა მინდა დომინაციის განსხვავებულ, თუმცა არა შეუსაბამო, ასპექტზე გავაკეთო აქცენტი. თუ დომინაცია ელასტიურია, მაშინ მისი განსხვავებული გარეგნობები დომინაციის ერთ სპეციფიურ ფორმამდე არ დაიყვანება. მაგალითად, გენდერული დომინაცია შეიძლება კავშირში იყოს ექპლოატაციასთან, თუმცა ექსპლოატაციამდე ვერ შევკუმშავთ. ისინი შეიძლება მნიშვნელოვნად თანაკვეთენ ერთმანეთს, და ასეც არის, მაგრამ ორივეს აქვს დამახასიათებელი ნიშნები, რომლებიც საჭიროებს თავ-თავის ანალიზსა და ჩარევას. ლოკალური და ურთიერთთანაკვეთი სოციალური და პოლიტიკური ფენომენის ანალიზები ანაცვლებს ერთ, ყოვლისმომცველ ანალიზს, რომელიც მთელ სოციალურ სივრცეს გარს ერტყმის. უნდა გვესმოდეს ისტორია და ხასიათი თითოეული დომინაციის ფორმისა, როგორ მუშაობს და როგორ ენათესავება სხვა ფორმებს, როგორ აძლიერებს და ძლიერდება მათი დახმარებით.

აქვე დავამატოთ კიდევ ერთი იდეა, რომელიც დომინაციის განმარტებაში არსებული ჩვეული ძალაუფლების იდეას უფრო ართულებს. ძალაუფლებას ხშირად განვიხილავთ მარტივად – როცა A-ს შეუძლია აიძულოს B, გააკეთოს ის, რაც A-ს სურს, B-ს სურვილის ან ინტერესების წინააღმდეგ. ამ კუთხით ფიქრისას ძალაუფლებაზე ორი დასკვნის გაკეთება შეიძლება: პირველი, რომ ის აუცილებლად გააზრებულად გამოიყენება და მეორე, რომ ის აუცილებლად მოიცავს პიროვნების, ან პიროვნებათა ჯგუფისგან სხვისი, ან სხვების შეჩერებას გააკეთონ ის, რასაც სხვა შემთხვევაში გააკეთებდნენ. ზუსტად ამ ორი დასკვნის ძირის გამოთხრა წარმოადგენს ფუკოს კონტრიბუციას ანარქისტულ აზროვნებაში.

ფუკოს სწავლებები, კონკრეტულად ციხეზე (Discipline and Punish) და სექსუალობაზე (The History of Sexuality), გვიჩვენებს, რომ ძალაუფლებას შეუძლია იმოქმედოს არამარტო შეგნებულად, არამედ გაუაზრებლად და ანონიმურად, და რომ ძალაუფლება არამხოლოდ ამკრძალავი, ასევე შემოქმედებითიცაა. ის ადამიანებს ასე მარტივად არ უშლის კონკრეტული რაღაცების გაკეთებას და შეუძლია ადამიანები აქციოს გარკვეული ტიპის არსებებად. მის წიგნში დასჯაზე, ფუკო წერს:

“არასწორია ვთქვათ, რომ სული ილუზია ან იდეოლოგიური ეფექტია. პირიქით, ის არსებობს, მუდმივად წარმოიქმნება სხეულის გარშემო და მის შიგნით იმ ძალაუფლების ფუნქციონირებით, რომელსაც დასჯილებზე გამოსცდიან.”

რათქმაუნდა ახლა არ შეგვიძლია მოვყვეთ იმ ისტორიულ კვლევებზე, რომელსაც ფუკო გვთავაზობს, თუმცა შეგვიძლია ერთ-ერთ მათგანს დავაკვირდეთ, იმის უკეთ გასაგებად თუ რაზე აქვს ფუკოს საუბარი. მის სექსუალობის ისტორიაში, ფუკო უპირისპირდება 1960-1970 წლების სექსუალურ რევოლუციას იმ მიზეზით, რომ არც ისეთი ემანსიპატორულია, როგორც ერთი შეხედვით ჩანს. სექსუალობა არ განთავისუფლებულა, რადგან უკანასკნელი ასეულობით წლების მანძილზე, ზუსტად ის იყო რაც განსაზღვრავდა ადამიანებს. ფუკო მიუყვება ცვლილებებს კათოლიკურ აღმსარებლობაში (აქტების აღიარებიდან სურვილების აღიარებამდე), სხვა ცვლილებებთან ერთად, რომ გვაჩვენოს სექსის მიმართ გაზრდილი ინტერესი უკანასკნელი რამდენიმე ასეული წლის განმავლობაში. იმის მაგივრად, რომ სექსუალობის ვიქტორიანული რეპრესიებისთვის გაგვეძლო, რომლისგანაც მხოლოდ მეოცე საუკუნის ბოლო წლებში დავაღწიეთ თავი, თანდათანობით სექსუალობის არსებები გავხდით. სექსუალური რევოლუცია, ისევე როგორც ფსიქოანალიზი მანამდე, სიმპტომია ჩვენი ისტორიული მემკვიდრეობის, და არა მის წინააღმდეგ აჯანყებისა.

რათქმაუნდა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ხალხს არ ჰქონდა სექსი მეჩვიდმეტე-მეთვრამეტე საუკუნეებამდე. უბრალოდ, განსხვავებული პრაქტიკების შეერთება მოხდა დროის ერთ კონკრეტულ მონაკვეთში, რაც გვაიძულებს ვიფიქროთ საკუთარ თავზე, როგორც სექსუალობის ქმნილებებზე. ჩვენი სურვილები, კერძოდ სექსუალური სურვილები, დიდ საიდუმლოს ინახავენ იმაზე, თუ ვინ ვართ სინამდვილეში. ამიტომაა, მაგალითად, რომ ჰომოსექსუალობა დადგა დღის წესრიგში, განსაკუთრებით მათთვის ვინც რელიგიურია. იმის მაგივრად, რომ საქმე ეხებოდეს ვინ ვისთან რას აკეთებს, საკითხი დგას იდენტობებზე – ვინ ვინაა.

ამ ისტორიულ სწავლებებში, ფუკო გამოკვეთს ორ იდეას: ძალაუფლება შეიძლება მოქმედებდეს გაცილებით მოქნილი გზებით ვიდრე ზევით აღნიშნული A-ს მიერ B-ს იძულების მოდელი და ძალაუფლებას შეუძლია გააჩინოს ისეთი რაღაცები, რაც მანამდე არ არსებობდა. ამ ორი იდეის კომბინაციის ვიღებთ ორ დასკვნას. პირველი, რომ ძალაუფლება შეიძლება იყოს შემოქმედებითი იმ კუთხით, როგორც ფუკო აღწერს, და თუ ის ჩნდება მოქმედებათა გროვაში, რომელშიც ვმონაწილეობთ, მაშინ ჩაგვრა შეიძლება არსებობდეს მჩაგვრელის გარეშე. ვინაიდან ძალაუფლება არ ეხება იმას, თუ რას უკეთებს A B-ს, მაგრამ შეიძლება ეხებოდეს იმას, თუ რად, როგორ, ჩამოყალიბდა A იმ მოვლენებში, რომლებშიც ჩართულია თავად, მაშინ შესაძლებელია A იყოს ჩაგრული იმ შემთხვევაშიც, როცა მჩაგვრელი B საერთოდ არ არსებობს. ჰომოსექსუალები, მაგალითად, როგორც ჰომოსექსუალები, არ წარმოადგენენ იმ ხალხთა კონსპირაციის პროდუქტს, რომლებსაც სძულთ ისინი, ვისაც იგივე სქესის ადამიანთან სძინავს. ისინი უფრო მეტად იმ გაცილებით კომპლექსური, პრაქტიკათა ერთობლიობის პროდუქტი არიან, რომელმაც ჩვენი იდენტობის განმსაზღვრელი ცნობიერების ცენტრში სექსი მოათავსა . საკითხი შეიძლება შედარებით ორთოდოქსულად დავსვათ: ჰომოსექსუალები არიან ჩაგრულნი, რადგან ჰომოსექსუალად ყოფნა ჩვენს საზოგადოებაში ჩაგვრის ქვეშ მყოფი პოზიციაა.

მეორე დასკვნა, რაც პირველის დამატებად შეიძლება მივიჩნიოთ, არის ის, რომ შეიძლება არსებობდეს ძალაუფლებათა ურთიერთობები, რომლებიც არ არის მჩაგვრელი. თუ ფუკოს ხედვა სწორია, მაშინ არსებობს ძალაუფლებათა ურთიერთობები, რომლებიც მოიცავს ჩვენი ქცევების უმეტესობას, ყველას თუ არა. ეს ქცევები, ინდივიდუალურად თუ სხვებთან კომბინაციაში, გვაქცევს გარკვეული ტიპის არსებებად. და რადგან ძალაუფლება ყოვლისმომცველია, თავს ვერ ავარიდებთ კითხვას, თუ რომელი ძალაუფლებათა ურთიერთობაა მჩაგვრელი და რომელი არა. ძალაუფლების წესრიგის შემხედვარე, უნდა ვიკითხოთ ქმნის თუ არა ის ისეთ რამეს, რაც მის გავლენის ქვეშ მყოფთათვის მავნებელია. და ამ კითხვაზე პასუხის გაცემისას, ვერ ვიტყვით, რომ ის ცუდია, მხოლოდ იმიტომ, რომ ძალაუფლებათა ურთიერთობაა.

ფუკოს მიერ ძალაუფლების გადააზრება დომინაციის კონცეპტს ახალ განზომილებას მატებს. როგორც ვნახეთ, დომინაცია ელასტიურია და ფართოდაა მოდებული სოციალური ცხოვრების უამრავ სფეროზე. ახლა აშკარად ჩანს, თუ რატომაა დომინაცია გაცილებით გამოსადეგი პოლიტიკური კონცეპტი ვიდრე მხოლოდ ექსპლოატაცია. ექპლოატაცია, ითვალისწინებს რა “არქიმედეს წერტილის” (Punctum Archimedis – გარე, მიუკერძოებელი პოზიცია, საიდანაც დამკვირვებელს შეუძლია ობიექტურად შეისწავლოს დაკვირვების საგანი) არსებობას პოლიტიკური ბრძოლაში, ის უარყოფს ნორმათა დიდ ერთობლიობას, რომელიც ჩვენს ყოფიერებას ქმნის. ეს ნორმები გვაქცევს იმად, ვინც ვართ და ეს პროცესი შეიძლება ისეთივე მჩაგვრელი იყოს როგორც ექსპლოატაცია. მიუხედავად იმისა, რომ ფუკო არასდროს თვლიდა თავს ანარქისტად ან ანარქისტული ტრადიციის გამტარებლად, მისი ისტორიული ანალიზი და კონცეპტური სტრუქტურა იმ ორიენტაციის ნაწილია, რომელიც პოლიტიკას მიიჩნევს არა ექსპლოატაციის, არამედ დომინაციის საკითხად. ამასთანავე, ძალაუფლების გაგების გაფართოებით, ფუკო განავრცობს ხედვას თუ როგორ ოპერირებს დომინაცია. როგორც ზევით ავღნიშნეთ, დომინაცია მოიცავს ძალაუფლებათა ურთიერთობებს სხვადასხვა სოციალურ არენაზე. რასაც ფუკოს ანალიზები გვთავაზობს, არის ისტორიული ანგარიში იმისა, თუ როგორ ხდება ამ ურთიერთობების, და ამასთან ერთად, თანამედროვე ძალაუფლების მოქმედების უფრო დეტალური კონცეპტის წარმოქმნა. შემოქმედებითი ძალაუფლების იდეაც ამ კონცეპტს მიეკუთვნება, რადგან, როგორც ფუკოს ისტორიები გვიჩვენებს, ასეთი ტიპის ძალაუფლების არსებობა საჭიროებს განვითარებულ ტექნოლოგიებსა და უფრო დიდ მოსახლეობას ვიდრე აქამდე არსებობდა.

ჩნდება კითხვა, თუ როგორ უნდა გავწიოთ წინააღმდეგობა. თუ ძალაუფლება არსებობს ყველგან და ჩვენი ჩამოყალიბების ყველა ასპექტში იღებს მონაწილეობას, მაშ როგორ უნდა შედგეს პოლიტიკური წინააღმდეგობა? ფუკო ყოველთვის თავშეკავებული იყო ამ საკითხთან დაკავშირებით. ის თავისთავს ხედავდა, როგორც ბრძოლისთვის ინტელექტუალური ინსტრუმენტების “მიმწოდებლად”, თუმცა ყოველთვის თაკილობდა ნორმატიულ ან სტრატეგიულ დისკუსიებში ჩაბმას. ეს გამომდინარეობდა მისი რწმენიდან, რომ ბრძოლის წესები უნდა გადაწყვიტონ ადამიანებმა, რომლებიც უშუალოდ მონაწილეობენ წინააღმდეგობაში, და არა ინტელექტუალებმა, რომლებიც ძალიან ხშირად მხოლოდ თავიანთი სახელის გამო ლაპარაკობენ. თუმცა არსებობს გზები, წინააღმდეგობრივ ჯგუფში გაწევრიანების გარეშე, ბრძოლის ნორმატივების დახასიათებისა. ერთი ასეთი გზა სათავეს იღებს ფრანგი მოაზროვნის – ჟაკ რანსიერის იდეებისგან, რომელიც სიმპათიითაა განწყობილი ფუკოს ისტორიულ ნაშრომებზე და სენსიტიურია მის სხვების ნაცვლად ლაპარაკის სიძულვილზე.

რანსიერის ინტელექტუალური მოგზაურობა დაიწყო მაშინ, როცა ის ლუი ალთუსერის სტუდენტი იყო და თავისი მიმართულება აიღო ფრანგი სტუდენტებისა და მუშების წინააღმდეგობრივი მოძრაობების გამოღვიძებისას 1968 წლის მაისში. ამ დროს, როდესაც ალთუსერი აკრიტიკებდა ამ მოძრაობებს, რანსიერმა დისტანცირება გადაწყვიტა მარქსიზმისგან, რომელიც ძალიან ხშირად ითხოვდა შრომის დაყოფას ინტელექტუალებს, როგორც პოლიტიკური წინააღმდეგობის მთავარ მოაზროვნეებსა და წარმმართავებსა და მის უბრალო გამტარებლებს – მუშებს შორის. რანსიერი წლები იკვლევდა მარქსიზმამდელი მეცხრამეტე საუკუნის მუშების მოძრაობებს და 1990იან წლებში ჩამოაყალიბა პოლიტიკური ხედვა, რომელიც ამ კვლევას ასახავდა.

რანსიერისთვის, პოლიტიკა, რომელიც “დემოკრატიულის” სახელს ატარებს, არის რადიკალურად ეგალიტარული (თანასწორი) გარკვეული კუთხით. ეს არის პოლიტიკა, რომელიც წინასწარ ნაგულისხმები თანასწორობიდან (presupposition of equality) წარმოიშვება. სხვა სიტყვებით, დემოკრატიული პოლიტიკა თავისთავად უნდა გულისხმობდეს, რომ ადამიანები რომლებიც იბრძვიან, არიან თანასწორნი ერთმანეთთან და იმათთანაც, ვინც მათ ჩაგრავს და თანასწორად არ მიიჩნევს. უპირველესად, დემოკრატიული პოლიტიკა არის წინააღმდეგობა იმ წესრიგის მექანიზმებისა, რომელიც წინასწარ ნაგულისხმებ იერარქიულ საფუძვლებზე ანაწილებს როლებს.

“პოლიტიკას ადგილი აქვს მხოლოდ მაშინ, როცა ეს მექანიზმები შეჩერებულია წინასწარი გულისხმობის ეფექტით, რომელიც სრულიად უცხოა მათთვის, თუმცა რომლის გარეშეც არც ერთი მათგანი არ იფუნქციონირებდა: ყველას და ყველაფრის თანასწორობის წინასწარი მოაზრება.”

წესრიგს, რომლის წინააღმდეგაც დემოკრატიულმა პოლიტიკამ უნდა იმოქმედოს, რანსიერი პოლიციას უწოდებს:

“პოლიტიკა, ზოგადად, დანახულია, როგორც პროცედურათა ერთობლიობა, სადაც კოლექტივთა გაერთიანება და სურვილების თანხვედრა, ძალაუფლებათა ორგანიზება, ადგილებისა და როლების გადანაწილება მიიღწევა, და იქმნება სისტემა, რომელიც ამ გადანაწილებას ლეგიტიმაციას აძლევს. გთავაზობთ ამ სისტემას სხვა სახელი დავარქვათ, მაგალითად – “პოლიცია”.”

 

პოლიცია, ცნება, რომელსაც რანსიერი იყენებს ფუკოს სწავლებებზე დაყრდნობით XVII-XVIII საუკუნეებში მოსახლეობის წესრიგის კონტროლზე, შეიძლება უფრო ფართოდ იქნას წაკითხული ფუკოიანურ ყაიდაზე. პოლიციური წესრიგი არის როლებისა და ნორმატიული სტრუქტურის ნაკრები, რომელიც უზრუნველყოფს დომინაციის გარკვეულ ფორმებს. ის აყალიბებს ხალხს  გარკვეული გზით, უკავშირებს ამ ჩამოყალიბებას არსებობის სხვა ფორმებს, ნებას აძლევს ადამიანთა ნაწილს განსაჯონ სხვები კონკრეტული კუთხით და სხვა. ძალიან მარტივად რომ ავხსნათ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ პოლიციური წესრიგი ქმნის სტრუქტურას ძალაუფლების ცირკულაციისთვის, რომელსაც ფუკო აღწერს.

დემოკრატიული პოლიტიკა ჩნდება მაშინ, როცა არსებობს სპეციფიური წინააღმდეგობა პოლიციური წესრიგის მიმართ. ამ წინააღმდეგობების დამახასიათებელი ნიშანია მათი არსებობა იმ ხალხის სახელით, რომლებიც წინააღმდეგობას სწევენ. ჩვენ შეგვიძლია მივუთითოთ ა.შ.შ-ში ადამიანის უფლებების მოძრაობებზე, საფრანგეთის 1968 წელზე და უფრო თანამედროვე მაგალითად მოვიყვანოთ მექსიკაში ზაპატისტების მოძრაობა. რანსიერის ხედვა რომ კარგად გავიგოთ უნდა დავიჭიროთ როლი, რომელსაც თანსწორობის კონცეპტი თამაშობს. თავდაპირველად, ეს არ არის მოთხოვნა, არამედ წინასწარი გულისხმობა. დემოკრატიულ პოლიტიკასთან ძირითადად მოთხოვნები ასოცირდება. თუმცა, რაც პოლიტიკურ მოძრაობას დემოკრატიულს ხდის არის არა მოთხოვნები, რომელსაც ის აყენებს, არამედ წინასწარი მოაზრება, რისგანაც ეს მოძრაობა იღებს სათავეს.

უბრალოდ მოითხოვო თანასწორობა, ნიშნავს, პოლიტიკური ძალაუფლების უდიდესი ნაწილი მათ გადასცე, ვისაც ეს მოთხოვნები მიემართება. შესაბამისად, ეს საკუთარი თავის პასიურ პოზიციაში დაყენებაა. მოითხოვო თანასწორობა, ნიშნავს იყო მსხვერპლი, თუნდაც გაბრაზებული და ორგანიზებული. ამის სანაცვლოდ, წინასწარ იგულისხმო თანასწორობა, ნიშნავს იყო აქტიური. ეს ნიშნავს, რომ პირველ რიგში თავი მათ სწორად მოიაზრო, ვინც სხვას ჩაგრავს ან ამ ჩაგვრის მიმღებია. მოთხოვნები მხოლოდ ამის შემდეგ იბადება. მაგრამ ისინი იბადება არა დანაკლისისგან, რომელიც ჩაგრულებს აქვთ, არამედ თავიანთი თანასწორობის გააზრებიდან. ეს ძლიერია ვიდრე სუსტი, აქტიური ვიდრე პასიური.

რანსიერის ხედვაში ის, რაც დემოკრატიული პოლიტიკადან წამოიზრდება პოლიტიკური სუბიექტია. სინამდვილეში, ის დემოკრატიული პოლიტიკის გამოცხადებას სუბიექტივიზაციას უწოდებს. სადაც პოლიტიკური წესრიგის მიერ დომინირებული, ერთ დროს მიმოფანტული, ინდივიდები არსებობდნენ, დემოკრატიული პოლიტიკის გაჩენით იქმნება წინააღმდეგობის კოლექტიური სუბიექტები: პროლეტარიატი, ქალები, პალესტინელები, აფრო ამერიკელები და სხვა. და როგორც ფუკო გვიჩვენებს როგორ იბადება გარკვეული ისტორიული ტრაექტორიისას დომინაციის გარკვეული ფორმები, რანსიერიც წარმოგვიდგენს, როგორ შეიძლება გაეწიოს წინააღმდეგობა ამ ფორმებს, იდენტობის პოლიტიკის გამოყენების გარეშე. ფუკო ხშირად შეცდომით ასოცირდებოდა იდენტობის პოლიტიკასთან, რაც გამოწვეული იყო ისტორიული ანალიზების სფეციფიკით. რასაც რანსიერი გვიჩვენებს არის ის, რომ სრულიად შესაძლებელია ფუკოს ანალიზების განხილვა ასეთ რადიკალურად თვითდესტრუქციულ პოლიტიკურ პოზიციაზე ყოფნის გარეშე.

დამატებით, რანსიერის პოლიტიკა შეწყობადია ანარქიზმის სიღრმისეულ პრინციპებთან. თუ თანასწორობას დემოკრატიული პოლიტიკის საზომ ერთეულად მივიჩნევთ, მაშინ არ იარსებებს avant-garde, არ იქნება დაყოფა მათ შორის ვინც ფიქრობს და ვინც მოქმედებს. ეს ასევე ნიშნავს, რომ პოლიტიკური პროცესი ისევე მნიშვნელოვანია, როგორც შედეგი. ეს არის ის, რასაც ანარქისტები ხშირად უსვამენ ხაზს. როგორ ვიბრძვით და ვწევთ წინააღმდეგობას აისახება ჩვენს ხედვაზე, თუ რა სახით გვინდა საზოგადოებამ იარსებოს. შეუძლებელია სისტემას შევეწინააღმდეგოთ ახლა, და თანასწორობა მოვითხოვოთ შემდეგ. მეოცე საუკუნის რევოლუციური მოძრაობების გამოცდილებათა გათვალისწინებით სიმართლე ახლა აშკარა უნდა იყოს. ეს არის ჭეშმარიტება, რომელსაც ანარქისტები აღიარებენ, თეორიულად ჩამოყალიბებულია რანსიერის მიერ და კარგადაა მომზადებული ფუკოს ისტორიული ანალიზით. თუ ვაპირებთ წარსულის გაკვეთილების მიღებას, მაშინ უნდა ვიფიქროთ და ვიბრძოლოთ დემოკრატიულად საფუძველშივე და არა უბრალოდ მიზნით, რომ საბოლოოდ დემოკრატია დამყარდება.

Facebook Comments