უმუშევრობასთან ბრძოლა: სამუშაო ადგილების რეკუპერაცია

მიმდინარე ეკონომიკურ კრიზისსა და “ქამრების შემოჭერის” პოლიტიკას ადამიანები მსოფლიოს გარშემო სხვადასხვა გამოსავლებს უპირისპირებენ. როდესაც მთავრობა უარს აცხადებს უმუშევრად დარჩენილთა დახმარებაზე, ამ უკანასკნელთა თვითორგანიზება ერთ-ერთი ყველაზე რთული საქმეა. თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ მიუხედავად სირთულეებისა, ეს სფერო ინოვაციური გამოსავლებით გამოირჩევა.

უმუშევრობასთან დასაპირისპირებლად ერთი ასეთი ახალი გზაა სამუშაო ადგილების რეკუპერაცია (აღდგენა). ეს ნიშნავს იმას, რომ მუშები მთავრობისთვის მოთხოვნების წაყენების ნაცვლად, ერთმანეთს ეყრდნობიან – იკავებენ მიტოვებულ სამუშაო ადგილებს და იწყებენ მუშაობას ბოსებისა და იერარქიის გარეშე; ავითარებენ და ამკვიდრებენ დემოკრატიულ ასამბლეებს, თანაბარ ანაზღაურებას, სამუშაო პოზიციათა როტაციას და უფრო ეკოლოგიურ წარმოებას.

რეკუპერაციის პროცესი მუშებმა არგენტინაში, 2001 წლის ეკონომიკური კოლაფსის შემდეგ დაიწყეს, უფრო მოგვიანებით კი ეს პრაქტიკა ევროპაშიც გავრცელდა. ამჟამად ლათინურ ამერიკასა და ევროპაში ათობით ასეთი სამუშაო ადგილია, არგენტინაში კი – 350-ზე მეტი. მუშათა დემოკრატიული მენეჯმენტის პირობებში არსებული სამუშაო ადგილების მაგალითებია Vio.Me საბერძნეთში, Ri-Maflow, Officine Zero იტალიაში, La Fabrique du Sud საფრანგეთში.

დაიკავე, იბრძოლე, აწარმოე!

რეკუპერაცია განსხვავდება სამუშაო ადგილის ტრადიციული ოკუპაციისგან, როდესაც მუშები უყენებენ მოთხოვნებს მესაკუთრეებს. რეკუპერაციის დროს მუშები ახორციელებენ ფორმულას, რომელიც არგენტინულ მოძრაობებში გამოიყენებოდა: “დაიკავე, იბრძოლე, აწარმოე”.

რეკუპერაცია თავისთავად ნიშნავს იმ ადგილის დაკავებასა და ამუშავებას, რომელსაც მუშები ისედაც თავიანთ კოლექტიურ კუთვნილებად მოიაზრებენ. ბრძოლის საჭიროება თავისთავად ცხადია, რადგან ოკუპაციას როგორც წესი, მთავრობისა და ყოფილი მფლობელების წინააღმდეგობა მოყვება ხოლმე. ამ ეტაპზე ყველაზე მნიშვნელოვანია სოლიდარობა და აქტიური მხარდაჭერა საზოგადოების მხრიდან. ყველა ზემოთ ჩამოთვლილ შემთხვევაში მუშებმა ასეთი მხარდაჭერა მიიღეს, რადგან პოლიტიკურ საზოგადოებასაც და განსაკუთრებით, ადგილობრივ მოსახლეობას კარგად ესმოდა, თუ რა ცუდი შედეგები შეიძლება ჰქონოდა უმუშევრობას.

თუკი ბრძოლა წარმატებული აღმოჩნდება, შემდეგ იწყება წარმოების პროცესი. ეს ერთ-ერთი ყველაზე რთული ეტაპია, მიუხედავად იმისა, რომ მუშებისთვის ყველაზე ნაცნობია. პრობლემები შეიძლება წარმოქმნას იმან, რომ ხშირად მფლობელებს სამუშაო ადგილების მიტოვებისას რჩებათ ვალები არა მხოლოდ მუშების ხელფასების სახით, არამედ მომმარაგებლებთან და ენერგო-კომპანიებთანაც. ხანდახან მფლობელები საწარმოო დანადგარების გაყიდვასაც ასწრებენ. მსგავსი არასრულფასოვანი ან/და ვალებიანი საწარმოს რეკუპერაციის დროს მნიშვნელოვანი ისევ საზოგადოებრივი სოლიდარობაა. სოლიდარობისა და მუშების ინოვაციური აზროვნების წყალობით შესაძლებელი ხდება დანადგარების შევსება ან წარმოებული საქონლის ტიპის შეცვლა.

ვეროპაშიც და ლათინურ ამერიკაშიც ყოველ რეკუპერაციას მოჰყვა მუშების მიერ ასამბლეების ორგანიზება ჰორიზონტალური პრინციპით და მართვის ისეთი სტილის შემოღება, სადაც ყოველი ხმა და აზრი გათვალისწინებულია. გარდა მართვის დემოკრატიული წესის შემოღებისა, მუშები ხშირად ცვლიან წარმოების წესს და წარმოებულ საქონელსაც. შედეგად, წარმოება ხდება უფრო ეკოლოგიური. ამის მაგალითია Vio.Me-ს ქარხანა საბერძნეთში, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში აწარმოებდა ინდუსტრიულ წებოებს და საწმენდ საშუალებებს. რეკუპერაციის შემდეგ მუშებმა თავიანთ ოჯახებთან და მხარდამჭერებთან ერთად გადაწყვიტეს, რომ აღარ სურდათ ტოქსიკური მასალის არც წარმოება და არც მოხმარება. ახლა ისინი აწარმოებენ საპნებსა და საწმენდ საშუალებებს ისეთი ორგანული (და ადგილობრივად მოპოვებადი) მასალის გამოყენებით, როგორიცაა ლავანდა და ზეითუნის ზეთი.

Vio.Me-ს მაგალითი საინტერესოა იმითაც, რომ რეკუპერაცია შედგა საერთაშორისო თანამშრომლობის შედეგად. 2012 წელს ბოსებისგან 1.5 მილიონი ევროს სახელფასო დავალიანებისა და მთავრობისგან სრული უგულებელყოფის პირობებში მუშებმა სამუშაო ადგილი დაიკავეს. თუმცა მუშებს მაშინ ჯერ კიდევ არ ჰქონდათ გადაწყვეტილი წარმოების დამოუკიდებლად დაწყება; ამის წარმოდგენა უჭირდათ, რადგან საბერძნეთში მსგავსი პრეცედენტი იქამდე არ ყოფილა. მათ იცოდნენ, რომ მთავრობა და ბოსები მათი მოთხოვნების დაკმაყოფილებას არ აპირებდნენ, არგენტინელი მუშების გამოცდილებაზეც სმენოდათ, მაგრამ მათივე თქმით, ყველაფერი ძალიან შორეული ეჩვენებოდათ. საბედნიეროდ, გლობალური და ბერძნული სოლიდარობის ქსელების დახმარებით Vio.Me-ს მუშებმა ფული შეაგროვეს და არგენტინიდან ჩამოიყვანეს მუშა, რომელსაც წარმატებული რეკუპერაციის გამოცდილება ჰქონდა. მასთან შეხვედრისა და მისი გამოცდილების მოსმენის შემდეგ Vio.Me-ს მუშებმა შეძლეს მიეღოთ გადაწყვეტილება და ოკუპაცია რეკუპერაციად გარდაექმნათ.

აღსანიშნავია, რომ Vio.Me-ს მუშების მოქმედებებს პროფკავშირებმა და მემარცხენე პოლიტიკურმა პარტიებმა თავიდან მხარი არ დაუჭირეს. პროფკავშირები იმეორებდნენ ტრადიციული მემარცხენეებისთვის დამახასიათებელ არგუმენტს, რომ სამუშაო ადგილის ოკუპაცია ანტიპროფკავშირული ქმედება იყო, რადგან მათთან შეთანხმების გარეშე განხორციელდა. კომუნისტური პარტია და “სირიზას” წევრების ნაწილი აცხადებდა, რომ რეკუპერაცია მუშებს წვრილ ბურჟუაზიად, მაშასადამე კაპიტალისტებად, აქცევდა და ამიტომ ამ პროცესს მხარს ვერ დაუჭერდნენ. თუმცა პროფკავშირებისა და პარტიების მხრიდან მსგავსი დამოკიდებულება კარგიც კი გამოდგა, რადგან ამან სამოქმედოდ გზა გაუხსნა ისეთ სოლიდარულ ჯგუფებს, რომლებიც ლიდერობას არ ესწრაფვოდნენ. მუშებს შეუერთდა ადგილობრივი მოსახლეობა და სოციალური მოძრაობები. მათი დახმარების წყალობით შესაძლებელი გახდა რეკუპერაციის მხარდასაჭერად მასობრივი აქციებისა და კონცერტების გამართვა, აგრეთვე შეიქმნა დაჯგუფება “სოლიდარობის ინიციატივა”, რომელიც ახლაც ეხმარება მუშებს თავიანთი ბრძოლისა და მოქმედების დაცვაში, გავრცელებასა და გაღრმავებაში. “სოლიდარობის ინიციატივაში” ჩართულნი არიან სხვადასხვა პოლიტიკური იდეოლოგიების წარმომადგენლები – ანარქისტები, სოციალისტები, კომუნისტები, რადიკალი მემარცხენეები და სხვა. საბერძნეთის სექტარიანული რადიკალური პოლიტიკის პირობებში საერთო მიზნის ირგვლივ მსგავსი გაერთიანება არც ისე ხშირია.

რეკუპერაციის წინააღმდეგ გაისმის არგუმენტები, რომ ეს პროცესი კაპიტალიზმის ალტერნატივას არ წარმოადგენს. თუმცა რეკუპერაციის მნიშვნელობისა და პოზიტიური შედეგების დაკნინება შეუძლებელია. პირველ რიგში, რეკუპერაცია ერთგვარად უმკლავდება ეკონომიკური კრიზისის შედეგებს და იხსნის მუშებს უმუშევრობისგან. უფრო მეტიც, რეკუპერაცია საშუალებას აძლევს მუშებს, დაამყარონ კონტროლი საკუთარ ცხოვრებაზე, აღადგინონ და შეიძინონ მეტი ღირსება, პატივი და თავდაჯერებულობა. გარდა ამისა, რეკუპერაციის პროცესი ავითარებს სოციალური ურთიერთობების ახალ ფორმებს. როგორც მაკისი, Vio.Me-ს ასამბლეის წარმომადგენელი ამბობს, ცალკეული სამუშაო ადგილის რეკუპერაცია კაპიტალიზმს არ დაასრულებს, მაგრამ ერთგვარად კოლექტიური ანტიკაპიტალისტური კუნთის შეთამაშებაა და ქმნის მოდელს მუშათა უფრო გაფართოებული თვითმენეჯმენტისა და თვითმმართველი საზოგადოებისთვის.

ტექსტი მომზადებულია მარინა სიტრინის სტატიის Recuperating Work and Life მიხედვით. https://roarmag.org/magazine/marina-sitrin-recuperated-workplaces/

By GNIDA

Facebook Comments