უნგრეთი 1956 – ნიკ ჰიტი

ტექსტი აღწერს უნგრელ მუშათა რევოლუციის ისტორიას კომუნისტური დიქტატურის წინააღმდეგ, რომლის დროსაც გამოცხადებული იყო საყოველთაო გაფიცვა და მთელი ქვეყნის მასშტაბით ჩამოყალიბდა მუშათა საბჭოები. ქალაქებში მუშები შეიარაღდნენ და შეუერთდნენ ჯარისკაცებს, თუმცა საბოლოოდ დამარცხდნენ საბჭოთა ტანკების მიერ.

ჩვენ არ ვიხსენებთ 1956 წლის აჯანყებას ნოსტალგიის გამო: 1956 წლის უნგრეთი წარმოადგენს ჩინებულ მაგალითს, თუ როგორ შეუძლია თვითორგანიზებულ მუშათა კლასს ძალაუფლებისთვის ბრძოლა. ამ მოვლენას ორმაგად მნიშვნელოვანს ხდის ის გარემოება, რომ მოხდა სწორედ ერთ-ერთ მითიურ „მუშათა სახელმწიფოში“.  ამ აჯანყებამ ბევრს უჩვენა კაპიტალიზმისა და საბჭოთა კომუნიზმის – [იგივე სახელმწიფო კაპიტალიზმის] ალტერნატივა და წააქეზა ნამდვილი რევოლუციური პოლიტიკის მატარებელი მოძრაობები.

„ფაშისტები“

მეორე მსოფლიო ომის დასასრულს, როდესაც საბჭოთა არმია შევიდა აღმოსავლეთ ევროპაში, მას რეალურად არ გაუთავისუფლებია მუშები და გლეხები. გაბატონებული სისტემა აგრძელებდა არებობას, სტალინი კი მხარს უჭერდა რეაქციულ მთავრობებს. 1919 წლიდან მეორე მსოფლიო ომის დასასრულამდე უნგრეთი იტანჯებოდა ადმირალ ჰორტის ფაშისტური რეჟიმის ქვეშ, რომელმაც დახოცა ათასობით ადამიანი და გააგზავნა 400 000 ებრაელი ნაცისტურ კონცენტრაციულ ბანაკებში. 1944 წელს წითელმა არმიამ „გაანთავისუფლა“ უნგრეთი და დანიშნა ახალი მთავრობა, რომელსაც სათავეში ჩაუდგა უნგრეთის არმიის მთავარსარდალი ბელა მილკოსი, კაცი, რომელიც დაჯილდოებული იყო რკინის ჯვრით ადოლფ ჰიტლერის მიერ. კომუნისტურმა პარტიამ მალევე დაიწყო უნგრეთის მთავრობაში შეღწევა. მან ხელში ჩაიგდო შინაგან საქმეთა სამინისტრო და უნგრეთის საიდუმლო პოლიცია – AVO. უნგრეთის მუშათა კლასს ყოველთვის სძულდა AVO მკვლელობებისა და წამების არცთუ იშვიათი პრეცენდენტების და უნგრულ საზოგადოებაში პრივილეგიური პოზიციის გამო. AVO-ს თანამშრომლის ხელფასი 12-13-ჯერ აღემატებოდა რიგითი მუშის საშუალო ხელფასს.

ამასობაში კი საბჭოთა არმია ძარცვავდა უნგრეთს. მან მიჰქონდათ ხორბლის, ხორცის, ბოსტნეულისა და რძის პროდუქტების დიდი ოდენობა. საბჭოთა კავშირმა დააკისრა უნგრეთს უზარმაზარი რეპარაციების გადახდა. ეს კი ნიშნავდა, რომ გადახდა მოუწევდა მუშათა კლასს, საკვების უკმარისობისა და დაბალი ხელფასების ხარჯზე. 1948 წელს საბჭოთა ხელისუფლებას აჯანყების შიშით, მოუწია გაეუქმებინა რეპარაციების ნახევარი. თუმცა მოსკოვი აგრძელებდა უნგრეთის ექსპლუატაციას სხვა გაგებით: იგი ყიდდა უნგრეთში თავის საქონელს მსოფლიო სტანდარტებთან შედარებით მაღალ ფასებად, ხოლო უნგრულ საქონელს ყიდულობდა მსოფლიო სტანდარტებზე ბევრად იაფად. 1950 წლისთვის უნგრეთი უკვე მთლიანად იყო ინტეგრირებული სსრკ-ს პლიტიკურ და ეკონომიკურ სისტემაში, სახელმწიფოს მიერ განხორციელებული აგრიკულტურული კოლექტივიზაციითა და ნაციონალიზებური ინდუსტრიით. თუმცა უკმაყოფილება სულ უფრო და უფრო იზრდებოდა. მუშები ახალ სისტემას აპროტესტებდნენ სამუშაოს შესრულების ცუდი ხარისხით, გაცდენებითა და მუშაობის ნელი ტემპით. უკმაყოფილება ძალიან სწრაფად გავრცელდა. ასევე, გახშირდა უთანხმოებები კომუნისტურ პარტიაში, რის გამოც დაიწყო რეპრესიები. უნგრეთში პარტიიდან გარიცხეს 483 000 წევრი, ხოლო რამდენიმე ასეული წევრი სიკვდილით დასაჯეს.

ახალი იმედი

იოსებ სტალინი მოკვდა 1953 წლის 6 მარტს. მუშათა კლასს იმედი მიეცა: მათ ეგონათ, რომ გამოჩნდა დიქტატურის დასრულების შესაძლებლობა. იმავე წელს ჩეხოსლოვაკიასა და აღმოსავლეთ გერმანიაში მოხდა აჯანყებები, რომლებიც მაშინვე ჩაახშეს. სსრკ-ში 20 ივლისს სამუშაო ბანაკებში მომუშავე 250 000-მა ტუსაღმა ჩამოაყალიბა საკუთარი მოძრაობა. სტალინისტებმა ამის საპასუხიდ 120 მათგანი სიკვდილით დასაჯეს. მუშათა ამ აჯანყებებმა აიძულა პარტიის მეთაურები, უფრო რბილი გეზი აეღოთ. 1956 წლის თებერვალში, რუსეთის კომუნისტური პარტიის მე-20 ყრილობაზე ხრუშოვმა დაგმო სტალინიზმი. ამას მაშინვე მოჰყვა პოზნანის აჯანყება პოლონეთში.  ტანკებმა ჩაახშეს იგი.

პეტოფი

მსგავსი სიტუაცია განვითარდა უნგრეთშიც. 1956 წლის აპრილში ახალგაზრდა კომუნისტებმა ჩამოაყალიბეს პეტოფის წრე. შანდორ პეტოფი იყო ცნობილი ეროვნული პოეტი, რომელიც 1848 წელს იბრძოდა ავსტრიის იმპერიის წინააღმდეგ უგრეთის დამოუკიდებლობისთვის, და სარგებლობდა მწერალთა საბჭოს მხარდაჭერით. მალე წრის შეხვედრებს მოაწყდა ათასობით ადამიანი, ხოლო სტატიებმა, რომლებსაც ისინი წერდნენ თავიანთი ლიტარტურული გაზეთისთვის, დაიწყო გავრცელება მუშათა კლასში. ივლისისთვის გახშირდა დისკუსიები უნგრეთის მდგომარეობასა და AVO-ს შესახებ. ზოგი მომხსენებელი წრის შეხვედრებზე პარტიის მეთაურის, იმრე ნადის, გადადგომსაც კი მოითხოვდა.

ეს კრიტიკული განწყობა გადაედოთ მუშებსაც, რომლებიც ახლა ითხოვდნენ მეტ ძალაუფლებას თავიანთ სამუშაო ადგილებზე. მათ სურდათ პროფკავშირული დემოკრატია, მუშების მონაწილეობა მენეჯმენტსა და პროფკავშირულ კომიტეტების შორის მოლაპარაკებებში ხელფასებისა და კეთილდღეობის შესახებ. პეტეფის წრე მხარს უჭერდა ამ მოთხოვნებს. მან მოსთხოვა კიდევაც სახელმწიფოს ფაბრიკების ადმინისტრაციის გადაცემა მუშათა ხელში.
სანამ უნგრეთის კომუნისტური პარტიის პირველი მდივანი, გერო, ბელგრადში ხვდებოდა ტიტოს, პეტეფის წრე მოუწოდებდა მოსახლეობას პოზნანის აჯანყების შედეგად დაკავებულ მუშებისთვის სოლიდარობის დემონსტრაცის ჩატარებისკენ. მთავრობამ, რომელსაც სურდა კონფლიქტის თავიდან არიდება, დაუშვა პროტესტის ჩატარება. პეტეფის წრე შეხვდა სხვა სადისკუსიო ჯგუფებსა და დისიდენტურ ორგანიზაციებს, რომელთა შორის იყო კომუნისტური პარტიის ოფიციალური ახალგაზრდული ჯგუფიც, და გადაწყვიტა მსვლელობის ჩატარება ბუდაპეშტში 23 ოქტომბერს. მსვლელობის საბოლოო პუნქტი იქნებოდა 1848-9 წლების რევოლუციის დროს უნგრეთის მხარეს მებრძოლი პოლონელის, იოსებ ბერნის, ქანდაკება.

დემონსტრაციები

კომუნისტური პარტია პანიკაში ჩავარდა. შინაგან საქმეთა მინისტრმა კანონგარეშედ გამოაცხადა მსვლელობა, მაგრამ ხალხმა უკვე დაიწყო შეკრება ქალაქის სხვადახვა ნაწილში, რის გამოც აკრძალვა გააუქმეს. დემონსტრაცია უმეტესად შედგებოდა ახალგაზრდებისგან, ასევე, მუშების მცირე რაოდენობამ მიატოვა სამუშაო ადგილი გამოსვლაში მონაწილეობისთვის. პარლამენტის შენობის წინ დემონსტრანტები სკანდირებდნენ იმრე ნადის სახელს, რომელიც გააძევეს პარტიიდან „დევიაციისთვის“. ნადი ერთგულად ატარებდა სტალინის პოლიტიკას, თუმცა როდესაც იგი შეცვალეს უარესი სტალინისტით, რაკოსით, მან დაუმსახურებლად მოიპოვა მოსახლეობის სიმპათია. ამასობაში, გერომ თავის რადიოგამოსვლაში დაგმო დემონსტრანტები და უწოდა მათ კონტრ-რევოლუციონერები.
საღამოსთვის დემონსტრაციაზე შეიკრიბა 100 000 ადამიანი. დემონსტრანტებმა გადაწყვიტეს რადიოსადგურისკენ მსვლელობა, რათა იქ გაეჟღერებინათ საკუთარი მოთხოვნები. გზაში მათ ჩამოაგდეს სტალინის ძეგლი. რადიოსადგურის შენობას იცავდა AVO, თუმცა ბოლოს დემონსტრანტების დელეგაციას მაინც დართეს შენობაში შესვლის ნება. გავიდა ორი საათი, დელეგაცია კი არ ბრუნდებოდა. ხალხს მოთმინება გადაეწურა, ისინი ითხოვდნენ დელეგაციის შენობიდან გამოშვებას. მოულოდნელად, დემონსტრანტების ხაზი წინ წაიწია. AVO-ს თანამშრომლებმა ავტომატებით ცეცხლი გაუხსნეს შეუიარაღებელ ხალხს. ბევრი ადამიანი დაიღუპა, მაგრამ დარჩენილი მასა აგრძელებდა წინ სვლას და ბოლოს და ბოლოს მიაღწია პოლიციელებს, წაართვა იარაღი და ცეცხლი გაუხსნა რადიოსადგურს.

ცნობები სანდორის ქუჩაზე დატრიალებული მოვლენების შესახებ სწრაფად გავრცელდა. მუშები დაბრუნდნენ იარაღის ფაბრიკებში და ღამის ცვლაში მომუშავეებთან ერთად დატვირთეს მანქანები იარაღით, მიიტანეს იგი სანდორის ქუჩაზე და დაურიგეს ხალხს. გარშემო მდებარე ქუჩებზე მუშებმა და სტუდენტებმა დაიწყეს ბარიკადების მოწყობა.
ამ დროს მთავრობასა და პარტიის შიგნით განხორციელდა რამდენიმე პროცედურა. გერომ პრემიერის პოზიციაზე ჰეგედუსის ნაცვლად დანიშნა ნადი. ოთხშაბათს, დილის 8 საათზე გამოაცხადეს, რომ მთავრობამ „წესრიგის აღსადგენად“ დახმარება სთხოვა უნგრეთში განთავსებულ რუსულ არმიას.

საბჭოების დაარსება

ოთხშაბათის დილით ბუდაპეშტის მუშებმა და სტუდენტებმა ჩამოაყალიბეს რევოლუციური საბჭო. ეს იყო პირველი საბჭო 1918 წლის აჯანყების შემდეგ. რადიოს შენობასთან გრძელდებოდა ხელჩართული ბრძოლა, ამასობაში კომუნისტური პარტიის პირველი მდივნის პოზიციაზე გერო ჩაანაცვლეს იანოშ კადარით. კადარი მოდიოდა მუშათა კლასიდან. იგი იყო „ტიტოისტი“, რის გამოც იგი ბევრჯერ ჩაუსვამთ ციხეში და უწამებიათ. ბიუროკრატებს ეგონათ, რომ ეს ჭკვიანური სვლა იყო, უებარი წამალი ზრდადი უკმაყოფილების ჩასახშობად. 9 საათზე ნადი სიტყვით გამოვიდა რადიოთი, მოითხოვა ბრძოლის შეწყვეტა და მუშებს დაპირდა ფართომასშტაბიან დემოკრატიზაციას.

ამის საპასუხოთ, მუშათა და სტუდენტთა რევოლუციურმა საბჭომ გაავრცელა ბროშურები, რომლებშიც მუშებს მოუწოდებდა საყოველთაო გაფიცვისკენ. იმავე დღეს ქალაქში შევიდნენ რუსული ტანკები, და გაჩაღდა სასტიკი ბრძოლა. ბარიკადებს აშენებდნენ კასრებით, შემდეგ კი ამაგრებდნენ რელსებითა და საწყობებიდან გამოტანილი იარაღებით. მუშები და სტუდენტები საბრძოლველად ხმარობდნენ მოლოტოვის კოქტეილებს, ხელში ჩაგდებულ იარაღსა და პატარა ზარბაზანსაც კი, რომელსაც იყენებდნენ ტანკების წინააღმდეგ.

საყოველთაო გაფიცვა

მუშებისა და სტუდენტების რევოლუციურ საბჭოს მიერ გამოცხადებული გაფიცვამ მოიცვა მთელი ბუდაპეშტი და ქვეყნის მთავარი ინდუსტრიული ქალაქები – მიშკოლცი, დიორი, სოლნოკი, პეჩი, დებრეცენი. რევოლუციური საბჭოები და კომიტეტები დაარსდა მთელს უნგრეთში. ყოველი მუშა შეიარაღდა. ზოგ ქალაქში რადიოსადგურები გამოდიოდნენ სტალინისტების წინააღმდეგ და მოუწოდებდნენ ხალხს, არ მოესმინათ მთავრობისთვის და არ ჩაებარებინათ თავიანთი იარაღი.

საბჭოებმა მალევე გამოსცეს თავიანთი პროგრამები, რომლებშიც მოითხოვდნენ პოლიტიკურ და სოციალურ თავისუფლებას, რუსი სამხედროების უკან დახევას, სამუშაო ადგილებისა და ინდუსტრიის მენეჯმენტის გადასვლას მუშების ხელში, AVO-ს აკრძალვასა და თავისუფლებას პროფკავშირებისა და პოლიტიკური პარტიებისთვის. ზოგი პროგრამა მოითხოვდა „პარლამენტარული დემოკრატიის“ აღდგენას, ზოგიც კი მხარს უჭერდა ნადის.

გლეხებმა და ფერმერებმა ორგანიზება გაუკეთეს საკვების მიწოდებას ქალაქელი მუშებისთვის. მათ გადააყენეს კოლმეურნეობების ბრიგადირები. ზოგ ადგილებში მოხდა მიწების გადანაწილება, ზოგში კი კოლექტივებმა განაგრძეს არსებობა თვითმმართველობის ქვეშ.

თვითმხილველის მონათხრობიდან: „იმის მიუხედავად, რომ საყოველთაო გაფიცვა გრძელდება და არ არსებობს ცენტრალიზებური ინდუსტრია, მუშებმა საკუთარ თავზე აიღეს იმ აუცილებელი მომსახურეობის უზრუნველყოფა, რომელიც საჭიროდ მიაჩნიათ. მუშათა საბჭოები მოსახლეობას აწვდის აუცილებელ საქონელსა და საკვებს, რითაც მის სიცოცხლისუნარიანობას ინარჩუნებს. ” ეს ანარქისტულ მოცემულობაში თვითდახმარებაა.“

ბრძოლა გრძელდება

აჯანყებულებსა და რუსულ არმიას შორის ბრძოლა უფრო ინტენსიური გახდა. შაბათ ღამეს აჯანყებულებმა აიღეს ბუდაპეშტის ციხე და გაათავისუფლეს ყველა პოლიტპატიმარი. მათგან ხალხმა მოისმინა ისტორიები საშინელი პირობების, წამებისა და ცემის შესახებ. ბუდაპეშტის რადიო აგრძელებდა ბრძოლის შეწყვეტის მოთხოვნას, ხალხს პირდებოდა ხელფასების მომატებასა და რუსეთ-უნგრეთის პოლიტიკურ და ეკონომიკურ თანასწორობაზე მოლაპარაკებების გამართვას.
ნადიმ სცადა სიტუაციის გამოსწორება. მან აღუთქვა ხალხს AVO-ს გაუქმება და მთავრობის რეორგანიზაცია. იმის მიუხედავად, რომ აჯანყებულთა რამდენიმე ჯგუფი დანებდა ტყვიების უკმარისობის გამო, სზენას მოედანსა და კილიანის ბარაკებთან ბრძოლები მაინც გრძელდებოდა.
დიორში გამართულ შეხვედრისას საბჭოთა დელეგატებმა შეახსენეს ნადის მათი მოთხოვნები. ხუთშაბათ დილას ბუდაპეშტის რადიომ გამოსცა ცნობა რუსული სამხედროების უკან დახევის შესახებ. ნადიმ ხალხს სთხოვა, მშვიდად ყოფილიყვნენ და დაბრუნებულიყვნენ სამუშაო ადგილებზე, სანამ ჯარისკაცები უკან იხევდნენ. წითელმა არმიამ დაიწყო ბუდაპეშტიდან გასვლა. ბუდაპეშტში და ქვეყნის სხვა ნაწილებში მუშები მაინც მზადყოფნაში რჩებოდნენ.
მუშებს გაუმართლათ, რომ შეინარჩუნეს სიფხიზლე. რუსები ქალაქიდან გავიდნენ მხოლოდ იმისთვის, რომ ტანკებით ალყაში მოექციათ იგი. რუსი ჯარისკაცები ჩრდილო-აღმოსავლეთიდან ხელახლა შევიდნენ ქალაქში. ადგილობრივმა საბჭოებმა გაავრცელეს ინფორმაცია და გააფრთხილეს ნადი, რომ, თუ წითელარმიელები უკან არ დაიხევდნენ, საბჭოები შეეცდებოდნენ მათ შეჩერებას. გაფიცვა არ დამთავრდებოდა, სანამ ჯარისკაცები ქალაქს არ დატოვებდნენ. 3 ნოემბრისთვის წითელ არმიას ეკავა ქვეყნის თითქმის ყველა სტრატეგიული წერტილი, გარდა აჯანყებულთა ხელში მყოფ ქალაქებისა.

ნადის მთავრობა ცდილობდა დაერწმუნებინა ხალხი, რომ რუსეთი თავს აღარ დაესხმებოდა. თუმცა მუშათა კლასმა ამას არ დაუჯერა. შემდეგ დილას რუსებმა ტანკებითა და არტილერიით ცეცხლი გაუხსნეს ყველა მნიშვნელოვან ქალაქს. რუსული ტანკები შევიდნენ ბუდაპეშტში, ისინი იყენებდნენ როგორც ჩვეულებრივ, ისე ცეცხლგამჩენ ჭურვებს.

იანოშ კადარმა, ნადის მთავრობის წევრმა, ჩამოაყალიბა „მუშათა და გლეხთა მთავრობა“. ნადიმ, 15 სხვა პოლიტიკოსთან და მათ ოჯახებთან ერთად, თავი შეაფარა იუგოსლავიის საელჩოს. ახალმა მთავრობამ დახმარება სთხოვა რუსეთს „კონტრ-რევოლუციური“ ძალების დასამარცხებლად.

ბრძოლა 1 კვირას გაგრძელდა. 4 ნოემბრის შუადღეს მოსკოვის რადიომ გამოაცხადა „კონტრ-რევოლუციის“ სრული დამარცხება. თუმცა უნგრეთის მუშათა კლასის ორგანიზებული წინააღმდეგობა გაგრძელდა 14 ნოემბრამდე.

დასასრული

როგორც კი ომი დამთავრდა, AVO ამოძვრა ხვრელიდან, რომელშიც იმალებოდა. მან დაიწყო აჯანყებულთა ჯგუფების ჩამოხრჩობა ხიდებსა და ქუჩებში. ქალაქგარეთ ბრძოლა გრძელდებოდა 1957 წელსაც, თუმცა იგი არარეგულარული და იზოლირებული იყო. იმის მიუხედავად, რომ ბევრი ადამიანი დაუბრუნდა სამსახურს, ინდუსტრიათა უმეტესობაში გაფიცვები ჯერ კიდევ გრძელდებოდა. კადარი მუშაობდა საბჭოების ძალაუფლების დაკნინებაზე. მან დააპატიმრა საბჭოთა კომიტეტების რამდენიმე წევრი. ამას საბჭოები არ შეუშინებია. შემდეგ იგი დაპირდა AVO-ს გაუქმებას, რუსული ჯარების გაყვანასა და პარტიიდან სტალინისტების გაგდებას. მუშების ნაწილმა მას დაუჯერა და დაუბრუნდა სამსახურს. მაგრამ გაფიცვა მაინც გრძელდებოდა. 16 ნოემბერს კადარი იძულებული გახდა, დაეწყო მოლაპარაკებები საბჭოების დელეგატებთან. მათ მოითხოვეს ნაციონალური მუშათა საბჭოს დაარსება. კადარმა ამაზე უარი უთხრა, იმ არგუმენტით, რომ უკვე ეს ისედაც „მუშათა სახელმწიფო“ იყო. თუმცა ბოლოს იგი მაინც დათანხმდა ცალკეული საბჭოებისთვის ოფიციალური სტატუსის მინიჭებასა და ფაბრიკების მილიციების ჩამოყალიბებას. კადარმა თქვა, რომ, თუ მუშაობა გაგრძელდებოდა, იგი გაიყვანდა რუსულ ჯარებს. დელეგატებმა მოსთხოვეს, რომ ეს დაპირებები ჩამოეწერა, რაზეც კადარმა უარი განაცხადა. მან მიმართა სხვა მეთოდებს. წითელი არმიის დახმარებით მან შეაწყვეტინა გლეხებს საკვების მიწოდება ქალაქებში. კადარმა დაიწყო საკვებზე ტალონების გაცემა, მაგრამ მხოლოდ იმ მუშებისთვის, რომლებიც დაუბრუნდნენ სამსახურს. გაფიცვა მაინც გრძელდებოდა. კადარი და მისი რუსი ზემდგომები მოთმინებას კარგავდნენ. უკმაყოფილობა გავრცელდა წითელ არმიაშიც. ზოგი ჯარისკაცი შეუერთდა პარტიზანებს. მათი უმეტესობა კი განაიარაღეს და დააბრუნეს სახლში, რადგან ისინი უარს ამბობდნენ ბრძანებების შესრულებაზე. ამაზე საპასუხოდ, უნგრეთის მთავრობამ მიმართა ახალ ტაქტიკას. დაიწყეს მუშათა დელეგატების დაპატიმრება.

საბჭოებისა და სტუდენტური ორგანიზაციების მრავალი დელეგატი დააპატიმრეს. მაგრამ მათ ადგილას სხვები მოვიდნენ. როდესაც მთავრობამ ეს გაიაზრა, მან დაიწყო რიგითი წევრების დაპატიმრებაც. საბჭოები რამდენიმე თვის განმავლობაში უძლებდნენ “მუშათა სახელმწიფოს“ თავდასხმებს. გრძელდებოდა მასობრივი დემონსტრაციებიც და მუშები ხშირად ებრძოდნენ AVO-სა და ჯარისკაცებს, როდესაც ისინი ცდილობდნენ მათი დელეგატების დაპატიმრებას. პატიმრობები და სიკვდილით დასჯები გრძელდებოდა მთელი 1957 წლის მანძილზე. საბჭოების იმ წევრებმა, რომლებიც არ დაუპატიმრებიათ, დაიწყეს თავიანთი პოზიციებს დატოვება. ყველა დარჩენილი წევრი კი დაიჭირეს იმავე წლის 17 ნოემბრამდე.

არ მოიპოვება ოფიციალური ინფორმაცია იმაზე, თუ რამდენი ადამიანი დაიხოცა 1956-1957 წლებში უნგრეთში. ვარაუდობენ, რომ 20 000 – 50 000 უნგრელი და 3000-7000 რუსი. დაჭრილთა რიცხვი ბევრად უფრო დიდია. 100 000 ადამიანი კი საზღვარგარეთ გაიქცა. გაფიცვები და დემონსტრაციები გაგრძელდა 1959 წლამდე, ხოლო მუშების ბრძოლა ძალაუფლებისთვის დღესაც გრძელდება.

ნიკ ჰიტი, A history of the Hungarian uprising of 1956, published as a special supplement of Anarchist Worker on the 20th anniversary in 1976

წყარო: ავტონომიური კოლექტივი (საქართველო)

Facebook Comments