უნივერსიტეტი და ავტონომია

 

456275_414456098576400_2124919585_o

სანამ უნივერსიტეტის,როგორც დამოუკიდებელი სოციალური ინსტიტუტის საზოგადოებრივ პასუხისმგებლობებს, უფლებებსა და თავისუფლებებს განვიხილავთ, მოკლედ განვმარტოთ რას გულისხმობს ავტონომიურობის იდეა. კლასიკური განსაზღვრებით ავტონომია „თვითმმართველობაა“ – რესურსების, უფლებებისა და პასუხისმგებლობების გადანაწილების სისტემა, რომელიც სახელმწიფო ინსტიტუციების კონტროლისგან თავისუფალია.(Autonomy  – αὐτονομία  auto- ”self” + νόμος nomos, “law”)

სახელმწიფოში ავტონომიური ერთეულები აბსოლუტური დამოუკიდებლობისა და აბსოლუტური კონტროლის ნიშნულებს შორის შეგვიძლია მოვიაზროთ – მაღალი ავტონომიურობა სახელმწიფოს მხრიდან მინიმალური კონტროლით ხასიათდება, დამოუკიდებლობის დაბალ მაჩვენებელს კი  კონტროლის კომპლექსურ ხასიათი განაპირობებს.

რას ნიშნავს ავტონომიურობა?

უნივერსიტეტს სრული უფლება აქვს დამოუკიდებლად განსაზღვროს: პრიორიტეტები , ფინანსური პოლიტიკა და განვითარების სტრატეგიაამ უფლებათა უსაფრთხო რეალიზაციისათვის ნებისმიერი ავტონომიური ინსტიტუცია,მათ შორის უნივერსიტეტი თავისუფალი უნდა იყოს : ცენტრალიზებული სახელმწიფო აპარატის, ბიზნესის და რელიგიის   გავლენისაგან.
 „თვითმმართველობის“, ანუ მაკონტროლებელი ან მარეპრესირებელი ინსტიტუციებისა და გარე სტრუქტურებისაგან დამოუკიდებლობის იდეა პირდაპირი დემოკრატიის პრინციპებს ეფუძნება, რაც ნიშნავს აკადემიური პერსონალისა და სტუდენტების მაქსიმალურ წვდომას შიდა რესურსებზე და უფლებას მართვის პროცესში მონაწილეობაზე. ამისათვის საჭიროა:

  • სტუდენტებისა და ლექტორების თანამშრომლობა – რაც მუდმივ დიალოგურ რეჟიმში(მათ შორის უშუალოდ სწავლებისა და გადაწყვეტილებების მიღებისას) გამოიხატება.
  • თანასწორუფლებიანობა – რაც პრივილეგირებული ბიუროკრატიული აპარატის ნაცვლად ინდივიდზე მაქსიმალურად ორიენტირებულ დეცენტრალიზებულ სისტემას გვთავაზობს
  • კონსენსუსზე დამყარებული ურთიერთობები – რაც საერთო მიზნების რეალიზებისათვის ფუნდამენტურ მორალურ პრინციპებზე შეთანხმებას, სტრატეგიული გეგმებისა და პრიორიტეტების განსაზღვრაში კი სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის მაქსიმალურ ჩართულობას გულისხმობს.

სოციუმის განვითარება დამოკიდებულია უნივერსიტეტში აკუმულირებულ ინტელექტუალურ რესურსზე. უნივერსიტეტი პასუხისმგებელია საზოგადოების წინაშე და მისი ფუნქციაა სტუდენტებში მაღალი სოციალური პასუხისმგებლობისა  და სამოქალაქო თვითშეგნების უზრუნველყოფა. ამისთვის კი ფორმალური ავტონომია რეალურ ავტონომიად უნდა იქცეს. ერთი მხრივ უნივერსიტეტის აკადემიურ პერსონალსა და სტუდენტებს უნდა დაეკისროთ პასუხისმგებლობები ერთმანეთისა და საზოგადოების წინაშე. მეორე მხრივ, საზოგადოება განათლების სისტემის პროგრესული ცვლილებებისაკენ, პოზიტიური ტრანსფორმაციისკენ უნდა იყოს მიდრეკილი.

 ავტონომიურობა პრაქტიკაში

ხშირად ფორმალურად დამოუკიდებელი ინსტიტუციების  პრაქტიკული საქმიანობა მათივე თეორიულ ბაზისს სცილდება,ან პირდაპირ მისი საწინააღმდეგოა. ამიტომ,  საჭიროა განვსაზღვროთ ფორმალური და პრაქტიკული ავტონომიების მახასიათებლები – რამდენად უზრუნველყოფს დამოუკიდებლობა თავისუფლებას ,დეცენტრალიზაცია – თანასწორუფლებიანობას, კონსენსუსი – ჯანსაღ ურთიერთობებს სტუდენტებსა და ლექტორებს შორის და ა.შ.  შეგვიძლია გამოვყოთ უნივერსიტეტზე დამოკიდებული ან მისგან დამოუკიდებელი რამდენიმე ფაქტორი:

  • მინიმუმამდე შემცირებული იდეოლოგიური გავლენა კონტროლი სახელმწიფოს,ბიზნესის, ან რომელიმე რელიგიის მხრიდან – რაც უნივერსიტეტის დეცენტრალიზებული მმართველობით, განსხვავებული რელიგიური და პოლიტიკური შეხედულებების მქონე სტუდენტებისა და ლექტორების უერთიერთანამშრომლობით გამოიხატება.(shared governance)
  • აკადემიური თავისუფლება – რაც კვლევების ინტენსივობასა და ხარისხზე აისახება
  • თავისუფალი პედაგოგიურმეთოდოლოგიური პრინციპები – რაც სტუდენტების კრიტიკული და ანალიტიკური აზროვნების ფორმირებას უწყობს ხელს, საბოლოო ჯამში კი პლურალისტული საზოგადოების ჩამოყალიბებას ემსახურება

რამდენად მნიშვნელოვანია ავტონომიურობა?

პრაქტიკა მსოფლიო მასშტაბით გვიჩვენებს, რომ ყოველთვის, როცა სახელმწიფო ამკაცრებდა კონტროლისა და ზეგავლენის მექანიზმებს უნივერსიტეტებზე, რითაც პირდაპირ ეწინააღმდეგებოდა ავტონომიის იდეას, საზოგადოებაში დგებოდა ინტელექტუალური სტაგნაციის პერიოდი, რომელსაც უნივერსიტეტი აირეკლავდა სამეცნიერო-აკადემიური საქმიანობის შეჩერებითა და სწავლების ხარისხის გაუარესებით.
ცენტრალური ხელისუფლების იდეოლოგიური გავლენის ქვეშ უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალი იძულებულია უნივერსიტეტში „ზემოდან“ ნაკარნახევი,სამთავრობო აპარატისათვის მომგებიანი პედაგოგიური პოლიტიკა  გაატაროს. ადმინისტრაციის ფუნქციები უსაშველოდ იზრდება იმ შემთხვევაში,თუკი ეს ორგანო ხელისუფლების  მიმართ ლოიალურია,ხოლო უსაშველოდ მცირდება მაშინ,როცა დეცენტრალიზაციისა და დემოკრატიული სასწავლო პროცესის დანერგვისაკენ მიისწრაფვის. ავტონომია შესაძლებლობაა, უნივერსიტეტი მმართველი აპარატის კეთილ ნებაზე აღარ იყოს დამოკიდებული.

საკმარისია თუ არა ფორმალური ავტონომია?

ავტონომია აუცილებელი, მაგრამ არასაკმარისი პირობაა უნივერსიტეტში სასწავლო პროცესის მაქსიმალური ეფექტურობისა და თავისუფალი პედაგოგიკური მეთოდების დანერგვისათვის. მას აქვს დიდი მნიშვნელობა ,როგორც საშუალებას და არა -როგორც  მიზანს. ავტონომიური უნივერსიტეტი ქმნის კონკრეტულ წინაპირობებს სტრუქტურის დეცენტრალიზაციის, ინდივიდზე ორიენტირებულობისა და ჯანსაღი სასწავლო გარემოსათვის. ამავე დროს , პასუხისმგებლობას აკისრებს უნივერსიტეტს,როგორც მთლიან ორგანიზმს, მისი შემადგენელი ელემენტების – სტუდენტებისა და ლექტორების ჩათვლით. სრული ავტონომია პრაქტიკულად მხოლოდ მაშინ მიიღწევა, როდესაც პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე ასაღებად მზადყოფნას როგორც სტუდენტები, ისე აკადემიური პერსონალი გამოხატავს და ორივე ნაწილს მწყობრი, ჩამოყალიბებული პოზიცია აქვს ურთიერთობის პრინციპებზე, შიდასტრუქტურულ მოწყობასა და სწავლის პროცესის შინაარსზე.

883418_543014212410123_1720417641_o

 

სტუდენტური მოქმედება

1 მაისი, 2012

Facebook Comments

Leave a Reply

Your email address will not be published.