ელიზე რეკლიუ – არჩევნები

ყველაფერი, რისი თქმაც შეიძლება არჩევნების შესახებ, შეგვიძლია შევაჯამოთ ერთი წინადადებით – ხმის მიცემა საკუთარი უფლებების და ძალის დათმობაა. ერთი ან მეტი მმართველის არჩევა, ცოტა თუ დიდი ხნით, თავისუფლებაზე უარის თქმაა.

არ აქვს მნიშვნელობა, ვის ირჩევ – აბსოლუტურ თუ კონსტიტუციურ მონარქს, პრეზიდენტს თუ პარლამენტის წევრს – ვინც არ უნდა დასვა ტახტსა თუ სავარძელში, ყოველთვის შენი მმართველი იქნება. მმართველები არიან ის ადამიანები, რომლებსაც კანონზე მაღლა აყენებ, რადგან სწორედ ისინი ქმნიან კანონებს და შემდეგ ზრუნავენ იმაზე, რომ ჩვენ დავემორჩილოთ მათ.

ხმის მიცემა – იდიოტებისთვის პრივილეგიის მინიჭებაა .

სისულელეა იმის მტკიცება, რომ ადამიანს შეუძლია იცოდეს ყველაფერი ყველაფერზე. როდესაც ვირჩევთ მმართველს, მას შეუძლია გადაწყვიტოს ყველაფერი – როგორ უნდა აწარმოოს ომი, როგორ მოაგვაროს სოფლის მეურნეობის პრობლემები, როგორ უნდა გამოიყურებოდეს ასანთის კოლოფი და ა.შ. შეიძლება გჯერა, რომ მმართველის გონებრივი შესაძლებლობები იმისდა მიხედვით გაიზრდება, თუ რამდენი საკითხის გადაწყვეტასაც დავაკისრებთ, მაგრამ ისტორია და გამოცდილება სხვა რამეს გვიჩვენებს – ძალაუფლება აგიჟებს ყველა მმართველს. პარლამენტი ყოველთვის უბედურების სამჭედლო იყო და არა – პრობლემების მომგვარებელი.

მმართველ წრეებში ძალაუფლებას ყოველთვის არცთუ მაღალი ინტელექტის და ზნეობის მქონე ადამიანები იგდებდნენ ხელში, ასე რომ, არჩევნები – მხოლოდ და მხოლოდ სამარცხვინო ტირანებისა და მჩაგვრელებისთვის მწვანე შუქის ანთებაა.

ამომრჩეველს ყოველთვის სჯერა თავისი რჩეულის პატიოსნების. რჩეულიც ამართლებს მის იმედებს გარკვეულ მომენტამდე. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ყოველ დღეს მეორე მოსდევს და ადამიანებიც გარემოებებისდა მიხედვით იცვლებიან, ასე რომ, თუ დღეს შენი კანდიდატი ქედს იხრის შენ წინაშე, ხვალ , როდესაც შენი დახმარებით პოზიციებს გაიმყარებს – ზურგს მოგაქცევს. სწორედ ასე იქცევიან ხოლმე ხალხის წარმომადგენლები ხალხის მბრძანებლებად.

როგორ შეიძლება, მუშამ, რომელიც მმართველ წრეებში მოხვდა, იდგეს ადრინდელივით ილაპარაკოს თანასწორობაზე? ის ხომ მჩაგვრელთა გვერდით დგას?! შეხედეთ ”რჩეულთა” თვითკმაყოფილ სახეებს, როდესაც მათ ”ინდუსტრიის ფლაგმანებს” უწოდებენ ან სამეფო წვეულებაზე ეპატიჟებიან!

პარლამენტის ჰაერი დაბინძურებულია და ჯანსაღად მოაზროვნეებს ვნებს – ამაში თავად დარწმუნდებით, თუ ნებისმიერ ჩაგრული ფენის წარმომადგენელს მისცემთ საშუალებას, გახდეს პრივილეგირებული და შემდეგ მის ქცევას დააკვირდებით.

ნუ დათმობ თავისუფლებას! ნუ აირჩევ მმართველებს!

საკუთარი უფლებების დაცვის სხვისთვის გადაბარებას ჯობია, თვითონ დაიცვა თავი! მოკარნახეების არჩევას, რომლებიც მიგითითებენ, რა და როგორ უნდა გააკეთო და ამავდროულად, წარმოდგენა არ აქვთ იმაზე, რასაც ლაპარაკობენ, ჯობია, თავად აკეთო საქმე! შენს მოქმედებაზე და მის შედეგებზე პასუხისმგებლობის სხვისთვის დაკისრება, სხვა არაფერია, თუ არა – ლაჩრობა.

ნუ აირჩევ მმართველებს!