პეტრე კროპოტკინი – უტილიტარიზმის კრიტიკა

წინამდებარე ტექსტი არის პეტრე კროპოტკინის მიერ ცხოვრების ბოლოს გაკეთებული უკანასკნელი ჩანაწერების ერთ-ერთი ფრაგმენტის (სავარაუდოდ არასრული) თარგმანი. ის ცდილობდა დაეწერა “ეთიკის” მეორე ტომი, რომელიც საწმუხაროდ ვერ მოასწრო.

არსებითად, მ. გუიო1 მართალია, როცა ამბობს, რომ დისკუსია ზნეობისა და საზოგადოებრიობის საკითხებზე მიმდინარეობდა პირადი სარგებელის მომხრეებსა და ჭეშმარიტი სათნოების დამცველებს შორის. მაგრამ, ის არაა მართალი, როცა ამბობს რომ მთელი ეს დავა შეიძლება დაყვანილ იქნას ამაზე, რადგან ამ დავის მიზეზები უფრო ღრმადაა დაფლული.

არ შეიძლება ერთის მხრივ გამორჩენა და მეორეს მხრივ გულკეთილობა ასე შეაერთო. ერთი რამ უკვე ცხადია, მოაზროვნე ადამიანი ვერ დაეთანხმება საკითხის ასეთ გამარტივებულად დასმას და ეცდება მოძებნოს რამე სხვა, უფრო საფუძვლიანი. ხოლო გუიოს დასკვნა, რომელსაც ის წინასიტყვაობაში აჟღერებს, რომ ცხოვრების ერთადერთი მიზანი ხეირია, შეიძლება წარმოადგენდეს ჭეშმარიტების მნიშვნელოვან წილს, მის მხოლოდ ერთ მხარეს, და არა სრულიად ჭეშმარიტებას.

მტკიცება, რომ ადამიანი მიილტვის კეთილდღეობისკენ, არაა საკმარისი. ცხოვრების მიზანი, ეპიკურეს აზრით, სიამოვნებაა. უეჭველია, ამ მიზნისკენ მიისწრაფვის ადამიანი დაბადებიდან. და აქ ეპიკურე და მისი მიმდევრები მართლები არიან.

მაგრამ – მოაზროვნე არსებისთვის სიამოვნების მიღება გონებრივი კმაყოფილების გარეშე შეუძლებელია. გონება კი არ კმაყოფილდება უსამართლობებით. სწორედ ისე, როგორც ჩვენში არსებული თანდაყოლილი თანაზიარობის ინსტინქტების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში ვერ განვიცდით სიამოვნებას და რაც აჩვენა უკვე დარვინმა. 18712 წელს, ალყაშემორტყმულ და მოშიმშილე პარიზში, მწერლებისა და ინტელექტუალების მცირერიცხოვან ჯგუფს შეეძლო დამტკბარიყო კარგი სადილით ერთ რესტორანში, მაგრამ გემზე, სადაც მგზავრები ერთმანეთთან ახლოს და მჭიდროდ ცხოვრობენ, ცოტა თუ შეძლებდა ესიამოვნა ნოყიერი საჭმელით მოშიმშილე თანამგზავრებს შორის: გემრიელი საკვები დაკარგავდა თავის გემოს. ტყუილუბრალოდ კი არ ცდილობენ მდიდრები ყველგან თავი დაიჭირონ რაც შეიძლება შორს ღატაკებისგან.

რაღაც ფორმით ზნეობრივი კმაყოფილების გარეშე არავის არ შეუძლია ცხოვრება: არც პირველყოფილ ველურს, არც ყველაზე შეშლილ ეგოისტს. რატომაა მაინცდამაინც ასე? იქნებ ცურწმენაა, შეძენილი აღზრდით, ან რაიმე სამხილი ადამიანის ზეციური წარმოშობის, როგორადაც მორწმუნეები ამბობენ. ან, მართლაც ბუნებრივი, ფიზიკური ფუნქციაა, გამომუშავებული ევოლუციის განმავლობაში, როგორც ადამიანების, ისევე სხვა სახეობების არსებებში. ვინ შეძლებს მადიანად მიირთვას ნაირნაირი კერძი, თუ მაგიდასთან ზის მშიერი, რომელიც ნერწყვმომდგარი უყურებს საჭმელს.

გუიო ამბობდა, რომ “საერთოდ არ შეგვიძლია გავაკეთოთ რაიმე და არაფრის გვეშინოდეს, ისე რომ არ გვაკავშირებდეს სიამოვნების ან ტანჯვის წარმოდგენასთან”. სრულიად მართალია, მაგრამ ეს სავსებით არ გვაახლოებს ახსნასთან, რადგან ჩვენ ხომ ვიცით, რომ ახლობლის ტანჯვა, ან თუნდაც სხვისი მონაყოლი, გვაიძულებს ისე განვიცადოთ, როგორც ვიგრძნობდით ჭრილობას საკუთარ სხეულზე. უბრალოდ განხილვაც კი სხვის ტრამვის მიზეზებზე, რაც არ უნდა შორეული მოვლენა იყოს ჩვენგან, განა არ აღგვაშფოთებს და არ განგავცდევნებს, ისე თითქოს ჩვენი სხეული იტანჯებოდეს?

სწორედ თანაგანცდის უნარში მდგომარეობს მთელი არსი ზნეობის საკითხზე.

რათქმაუნდა ადამიანები ეძებენ იმ სიამოვნებას, ბედნიერებას, ტკბობას, რომელზეც ეპიკურე ლაპარაკობს: ადამიანები გაურბიან ტანჯვას. მაგრამ თუ ეს ბედნიერების ძიება გარდაქმნის ზოგიერთს ექსპლუატატორებად, ზოჯერ მხეცებადაც კი, ხოლო ზოგიერთს ქრისტიან მოწამეებად, რომლებიც კოცონზე კვდებოდნენ, ან რევოლუციონერებს, რომლებიც ციხეებში იღუპებიან, მაშინ არასწორია უბრალოდ ეს ორი ტიპი ადამიანებისა ერთ ქვაბში მოვხარშოთ, ისე გავაერთიანოთ, რომ არ მივაქციოთ ყრადღება მათ შორის განსხვავებას, რომელიც იმდენად დიდია, რომ ერთს უბიძგებს ტირანიისკენ, ხოლო მეორეს განმანთავისუფლებლებად ყოფნისკენ, როცა სინამდვილეში ეს წარმოადგენს მორალისა და ამორალურობის საგანს. შესაბამისად, ამ ორი კატეგორიის ადამიანების აღრევა არამარტო უსამართლოა და მიყვავართ რელიგიური ძალადობისა და ტირანის გამართლებისკენ, არამედ უბრალოდ არამეცნიერულია. ზუსტად ისევე არამეცნერული და ზედაპირული იქნებოდა განზოგადოება, რომ ერთ ყალიბში მოგვექცია ქრისტიანი მოწამეები, რევოლუციონერები, ათასობით ჩვეულებრივი ადამიანი, რომლებიც უბრალოდ ცდილობენ ნორმალურად იცხოვრონ, და ის ადამიანები, რომლებიც სხვებს კოცონზე და კატორღაში აგზავნის. რათქმაუნდა, ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ მაგალითად, პესტალოცი3, იეზუიტური სკოლის მმართველი, ციხის ზედამხედველი და ჯალათი, – ოთხივე მათგანი აღზრდით არიან დაკავებულნი. მაგრამ თუ ამგვარ განზოგადოებას დავჯერდებით, ახლავე უნდა ვაღიაროთ, რომ ეს არათუ უსარგებლოა, არამედ არაფერს გვეუბნება იმაზე, თუ საერთოდ რაში მდგომარეობს აღზრდის არსი. მეტიც, ლოგიკურად დაგვაშვებინებდა, რომ დაშინება და იეზუიტური ტყუილები აუცილებელი ელემენტია აღზრდისა და განათლებისთვის. ამრიგად, პესტალოცისა და ჯალათის ერთ რანგზე დაყვანა, შეიძლება ვინმეს აამოს, მაგრამ ხელს შევუშლიდით იმათ, ვინც იკვლევს აღზრდის უფრო ეფექტურ მეთოდებს.

იგივეა ამტკიცო, როგორც ეპიკურე ამბობდა, რომ “ადამიანის ბუნება განაპირობებს რა არის მისთვის მისაღები და რა მიუღებელიო” – ნიშნავს რომ არაფერი თქვა. ამას ჯობია თქვა: “ქრისტიანული მოწამეობრივი ბუნება აძლევს ქრისტიანს სტიმულს რომ ეწამოს”. თუმცა ეს უფრო სწორი ახსნა იქნება, ვიდრე თქვა ღმერთი იყო მამოძრავებელიო. სწორედ ასეთივე დონის მტკიცებებია “ბუნება” აძლევს ბიძგს კეთილ ადამიანს სიკეთეში, ყაჩაღს – ქურდობაში, მკვლელს – მკვლელობაში და ქრისტიან ინკვიზიტორს კოცონზე აიყვანოს მტრები: მათი ბუნება და ცნობიერება, რომელიც ფორმირდა გადატანილი ცხოვრებით.

მაგრამ ჩვენ ხომ არ ველოდებით ამგვარ ბანალურ მტკიცებულებებს მორალის საფუძვლების სერიოზული მკვლევარისგან. ჩვენ ველით რომ ახსნილ იქნას, რატომაა რომ უბრალო ქრისტიანი, არა ეპისკოპოსი და ინკვიზიტორი, ან თანამედროვე რევოლუციონერი, ესწრაფვის სოლიდარობას, და არა, მაგალითად როგორც პლატონი, მონობის მხარდაჭერას. თქმა, რომ ასეთი იყო მათი ნატურა, შეიძლება წინ გადადგმული ნაბიჯია რელიგიური პასუხების მოშველიებისგან განთავისუფლებაში, მაგრამ ნუთუ ეს საკმარისია? ხომ საჭიროა იმის ჩვენება, რომ ეპიკურეს სიამოვნება, ბედნიერება, ვერ მიიღწევა, თუ არ ვაღიარებთ საყოველთაო თანასწორობას და საერთო სოლიდარობას.

ეს მოთხოვნილება არსებობს ადამიანში, ისევე როგორც ცხოველთა სამყაროს მნიშვნელოვან წილში და მხოლოდ ემპათიის კიდევ უფრო განვითარებით მოახერხა კაცობრიობამ გამკლავებოდა არსებობისათვის ბრძოლაში რთულ კლიმატურ პირობებსა და ბიოტურ ფაქტორებს.

შენიშვნები:

1. ჟან-მარი გუიო (Jean-Marie Guyau 1854 – 1888) ფრანგი ფილოსოფოსი და პოეტი. ძირითადად იკვლევდა ეთიკის პრობლემებს. 17 წლის ასაკში თარგმნა ძველბერძენი ფილოსოფოსის, ეპიკტეტის ნაწარმოები. 19 წლის ასაკში დაწერა 1300 გვერდიანი ნაშრომი და გამოქვეყნებიდან ერთი წლის შემდეგ მოიგო საფრანგეთის აკადემიის ჯილდო. გარდაიცვალა 33 წლის ასაკში. გავლენა მოახდინა სოციოლოგიის დამაარსებელ, ემილ დიურკემზე.

2. პარიზის ალყა პრუსიელი ჯარის მიერ საფრანგეთ-პრუსიის ომის დროს, რომლის დროს მოხდა სოციალური აჯანყება და ცნობილი პარიზის კომუნის ფორმირება.

3. იოჰან ჰაინრიხ პესტალოცი (1746-1827) — შვეიცარიელი პედაგოგი. სოციალური აქტივისტი, თავისუფალი განათლების მომხრე, რომელმაც პირველმა შეიმუშავა დაწყებითი განათლების ზოგადი მეთოდები და საფუძვლები.

Created with Mobirise