რავაშოლის მიერ სასამართლოზე წარმოთქმული სიტყვა

ფრანგ ანარქისტთა წრეში XIX საუკუნის ოთხმოცდაათიან წლებში პოპულარული გახდა ე.წ. “დინამიტით პროპაგანდის” იდეა. ყველაზე რეზონანსული იყო 1892 წ. მოწყობილი თავდასხმების სერია, რომელიც მიზნად ისახავდა კლიშის ქუჩაზე მომხდარი ინციდენტის საქმეში მონაწილე სამი ანარქისტის დაპატიმრებისა და სასტიკად წამებისათვის, სახელმწიფოს სადამსჯელო აპარატისათვის, სათანადო პასუხის გაცემას. 1892 წლის 12 მარტიდან 27 მარტის ჩათვლით პარიზში ანარქისტებმა სამი ტერაქტის ორგანიზება მოახდინეს. ტერაქტების სულისჩამდგმელი და ყველაზე აქტიური მონაწილე რავაშოლი 30 მარტს დაპატიმრებულ იქნა.აქ მოყვანილია მის მიერ სასამართლოზე წარმოთქმული სიტყვა, სადაც ის „დამნაშავის“ პოზიციიდან, დანაშაულის ნამდვილ მიზეზებსა და სასამართლო სისტემის უვარგისობაზე საუბრობს. ვინაიდან სახელმწიფოს სადამსჯელო აპარატი,რომელიც გაბატონებული კლასის ინსტრუმენტია, მიმართულია საზოგადოების მიერ გარიყული და ცხოვრების მიერ უკიდურეს მდგომარეობაში ჩაყენებული ადამიანების ნების დათრგუნვისაკენ.

სასამართლომ რავაშოლს სიკვდილით დასჯა გამოუტანა. მისი ბოლო სიტყვები იყო A mort la société bourgeoise et vive l’anarchie!(სიკვდილი ბურჟუაზიულ საზოგადოებას, გაუმარჯოსანარქიას).

***

მე ვიღებ სიტყვას არა თავის გამართლებისათვის, ვინაიდან ჩემს დანაშაულებზე პასუხს აგებს საზოგადოება, რომელიც ადამიანებს ბრძოლისაკენ უბიძგებს. განა ჩვენს ეპოქაში ყველა კლასის წარმომადგენლები არ ოცნებობენ – არ ვიტყვი სიკვდილს, ეს სიტყვა არასასიამოვნოდ ჟღერს, სხვების უბედურებას, თუ ის მოემსახურება მათ სარგებელს? განა მეწარმე არ ოცნებობს თავისი კონკურენტის სიკვდილზე? და განა ყველა კომერსანტი არ ოცნებობს იყოს ერთადერთი თავის დარგში? განა უმუშევარი სამუშაო ადგილის იმედით არ ელოდება როდის გაანთავისუფლებს მეწარმე მუშას ამა თუ იმ მიზეზის გამო სამსახურიდან?

ამგვარად საზოგადოებაში, რომელშიც ხდება აღნიშნული მოვლენები, არავის არ უნდა გაუკვირდეს ჩემს მიერ ჩადენილი ქმედებები. ვინაიდან ასეთი ქმედებები არის მხოლოდ თვითგადარჩენისათვის ბრძოლის ლოგიკური შედეგი, რისთვისაც ადამიანები ყველა ხერხს ხმარობენ.ყველა ჩვენგანი მარტოხელაა; სიღატაკის უღლის ქვეშ, მას არ სურს დიდხანს ფიქრი; და მე შიმშილით შეპყრობილი, დაუფიქრებლად ვსარგებლობდი იმ ხერხებით, რომელიც ჩემს ხელთ იყო, და სიცოცხლესაც ვრისკავდი.

განა მეპატრონე მუშის სამსახურიდან განთავისუფლებისას ფიქრობს იმაზე, რომ ის შეიძლება შიმშილით მოკვდეს? განა ფიქრობენ იმათზე, ვისაც არ აქვს აუცილებელიც კი, ისინი ვინც ფლობენ ჭარბს? არსებობენ ადამიანები რომლებიც სხვებს ეხმარებიან, მაგრამ მათ არ შესწევთ ძალა დაეხმარონ მათ ვინც კვდება ყოველგვარი სიდუხჭირიდან ან თვითმკვლელობით ასრულებს სიცოცხლეს რათა აღარ განაგრძოს საბრალო არსებობა და არ იტანჯოს შიმშილისაგან, გაუმჯობესების ყოველგვარი მოლოდინის გარეშე.

ამგვარად მოიქცა გაიემების ოჯახი და ქალბატონი ზუბეი, რომელმაც მოკლა თავისი ორი შვილი რათა აღარ ენახა მათი ტანჯვა. და ასე სჩადის მრავალი ქალი, იმ შიშით, რომ ისინი ვერ გამოკვებავენ შვილებს. ისინი ყოყმანის გარეშე კლავენ მათი სიყვარულის ნაყოფს, ჯანმრთელობისა და სიცოცხლის რისკის ფასად.

და ყველაფერი ეს ხდება საფრანგეთში სადაც ყველაფერი უხვადაა, სადაც ხორცის დახლები სავსეა ხორცით, საფუნთუშეები კი პურით, სადაც მაღაზიები გატენილია ტანსაცმლითა და ფეხსაცმლით, სადაც უამრავი ბინებია.როგორ უნდა დავეთანხმოთ იმას, რომ ყველაფერი საზოგადოებაში წესრიგშია, როდესაც ცხადია საწინააღმდეგო?

მოიძებნება ადამიანები, რომლებიც შეიცოდებენ თანამედროვე წყობის მსხვერპლებს, მაგრამ შემდეგ იტყვიან,„ჩვენ ხომ არ ვართ დამნაშავენი მათ უბედურებაში, ყველა ზრუნავს საკუთარ თავზე როგორც შეუძლია“, მაგრამ რა ჰქნან იმათ, ვისაც არ აქვთ აუცილებელიც კი, ვისაც არ აქვს სამსახური, ვისაც დარჩენია მხოლოდ შიმშილისაგან სიკვდილი? საზოგადოება გაიმეტებს მათი გვამებისათვის თანაგრძნობის რამოდენიმე სიტყვას, და ამით დასრულდება ყველაფერი. მე ეს წილი სხვებს დავუთმე და ვარჩიე გავმხდარიყავი კონტრაბანდისტი, ფულის გამყალბებელი, ქურდი, მკვლელი. მე შემეძლო ქუჩაში შეწყალება მეთხოვა, მაგრამ ეს ვულგარულობაა და აიძულებს ადამიანს დაეცეს; ამასთანავე თქვენს კანონებში არის პუნქტი, რომელიც მათხოვრობასაც დანაშაულად ცნობს.

თუ ყველა შევიწროებული, იმის ნაცვლად, რომ ეთმინა, აიღებდა იმას, რაზეც აქვს მოთხოვნილება, ყველგან სადაც შესძლებდა, ნებისმიერი გზით, შესაძლოა მაძღარი და კეთილდღეობაში მყოფი ფენა, უფრო ადრე მიმხვდარიყო, თუ როგორი საშიშია თანამედროვე სოციალური წყობის შენარჩუნება, რომელშიც ბატონობს ხიფათის მოლოდინი. ისინი სავარაუდოდ აღიარებდნენ ანარქისტების მოსაზრებას, რომ სულიერი და ფიზიკური მშვიდობის დამყარება მოითხოვს იმ მიზეზების განადგურებას, რომლებიც იწვევენ დანაშაულსდა არა იმათ ამოწყვეტას, ვინც შიმშილისაგან ნელ-ნელა სიკვდილს ამჯობინა, ცხოვრებისათვის აუცილებელი ძალით მოეპოვებინა, სიცოცხლის ფასადაც კი.

აი რატომ ჩავიდინე ის, რაშიც თქვენ მე მადანაშაულებთ. ეს არის მხოლოდ საზოგადოების ბარბაროსული მდგომარეობის შედეგი, რომელიც კანონების სიმკაცრით ამრავლებს მისივე მსხვერპლთა რაოდენობას. ეს კანონები სჯიან შედეგებს, მაგრამ არასდროს არ ეხებიან მიზეზებს.

ამბობენ, რომ საჭიროა იყო სასტიკი რათა მოკლა ადამიანი.მაგრამ ამის მთქმელებს ავიწყდებათ რომ მსგავს ქმედებებს ბედავენ მხოლოდ საკუთარი სიცოცხლის გადასარჩენად. და თქვენ თვითონ ბატონო ნაფიცმსაჯულებო, დარწმუნებულები ჩემი მოკვლის აუცილებლობაში, თქვენ, რომლებიც რათქმაუნდა გამომიტანთ სასიკვდილო განაჩენს, ვინაიდან ისდაგაკმაყოფილებთ, თქვენ, რომლებსაც ელვას გცემთ დაღვრილი სისხლი, როდესაც გამოგაქვთ რა ჩემთვის სასიკვდილო განაჩენი, მერყეობთ არა უმეტესად, ვიდრე მე!სხვაობა მხოლოდ იმაშია, რომ მე ჩემი სიცოცხლით ვრისკავდი, თქვენ კი არ გემუქრებათ არანაირი ხიფათი.

ამგვარად ძვირფასო ბატონებო, საქმე არა იმაშია, რომ გაასამართლოთ დამნაშავენი, არამედ იმაში, რომ მოსპოთ დანაშაულის მიზეზები. კანონების კოდექსების შემქმნისას,კანონმდებლებს დაავიწყდათ, რომ ისინი მათ მიმართავდნენ არა დანაშაულის მიზეზების წინააღმდეგ, არამედ მხოლოდ მათი შედეგების წინააღმდეგ, ხოლო ვინაიდან მიზეზები განაგრძობენ არსებობას, არსებობს შედეგებიც და დამნაშავენი იქნებიან მუდამ; თქვენ მოკლავთ ერთს და ხვალ მის ადგილას გაჩნდება ათი.

რა ვქნათ? გავანადგუროთ სიღატაკე. დანაშაულის ეს ჩანასახი, უზრუნველვყოთ ყველას მოთხოვნილებების დაკმაყოფილება, და როგორი ადვილია ამის განხორციელება! საკმარისია საზოგადოება დაფუძნდეს ახალ საწყისებზე, სადაც ყველაფერი იქნებოდა საერთო, სადაც ყველას ექნებოდა უნარების შესაბამისი სამსახური და ყველა მოიხმარდა ზუსტად იმდენს, რამდენიც მისთვისაა აუცილებელი.

მაშინ ვეღარ დავინახავდით ადამიანებს, რომლებიც დაკავებულნი არიან ფულის დაგროვებით, რათა გაგვხადონ მათი მონები, ქალებს, რომლებიც ყიდიან თავის სილამაზეს, ვეღარ დავინახავდით ადამიანებს, რომლებიც ფულისათვის სიკვდილზეც მიდიან. ცხადია რომ ყველა დანაშაულის მიზეზი ერთია და ბრიყვი უნდა იყო, ამას რომ ვერ ხედავდე.

ეს მართალია. ვიმეორებ; საზოგადოება ქმნის ბოროტმოქმედებს: და თქვენ ბატონო ნაფიცმსაჯულებო იმის ნაცვლად, რომ თქვენი ძალები საზოგადოების გარდაქმნისაკენ იყოს მიმართული, დასჯით ხართ დაკავებული. თქვენი შრომა მიმართული დანაშაულის ფესვებისაკენ იქნებოდა ბევრად უფრო გრანდიოზული, ვიდრე თქვენი მართლმსაჯულება, რომლის შედეგებიც ასე უმნიშვნელოა.

მე – გაუნათლებელი მუშა ვარ, მაგრამ მე ვცხოვრობდი ღატაკების ცხოვრებით და საკუთარ თავზე ვიწვნიე თქვენი დამსჯელი კანონების უსამართლობა. ვინ მოგცათ თქვენ უფლება მოკლათ ან ციხეში გამოკეტოთ ადამიანი, რომელიც ცხოვრების ბრძოლის არენაზე გაგდებული იძულებული შეიქმნა აეღო ის, რაშიც უკიდურეს მოთხოვნილებას განიცდიდა?

მე ვმუშაობდი რათა მეცხოვრა და ჩემი ოჯახის სიცოცხლე უზრუნველმეყო, სანამ მე თვითონ და ჩემი ოჯახი ჯერ კიდევ იმდენად არ ვიტანჯებოდით მე ვრჩებოდი ის, რასაც თქვენ უწოდებთ პატიოსან ადამიანს. შემდეგ გაქრა სამსახური და დადგა შიმშილის ჟამი. და მაშინ, ბუნების კანონმა, ძლევამოსილმა შიმშილმა, რომელიც არ იტანს წინააღმდეგობას – თვითგადარჩენის ინსტინქტმა მიბიძგა – მიბიძგა დანაშაულისაკენ, რომელშიც ბრალს მდებთ და რომელსაც ვაღიარებ კიდეც.

გამომიტანეთ განაჩენი ბატონო ნაფიცმსაჯულნო, მაგრამ თუ სწორად გამიგეთ, ასევე გაასამართლეთ ყველა უბედური, რომელთაგანაც სიღატაკემ და ბუნებრივმა სიამაყემ შექმნა დამნაშავე, უბრალო კეთილდღეობა შექმნიდა პატიოსან ადამიანს, ხოლო გონიერი საზოგადოება- ისეთივე ადამიანებს როგორიცაა, სხვა ყველა.

Built with Mobirise site creator